„თქვენი სტატიის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლემ შენიშვნა მიიღო!“

de3

„როდესაც ჩემზე ლაპარაკობენ და მაფასებენ, ჯერ ადრეა… ორი თვეა, რაც აქ მოვედი, ოთხი თვე კიდევ უნდა მაცადონ“, _ ასე დაიწყო „ქრონიკა+“-თან საუბარი უნივერსალური სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელმა, მამუკა მახათაძემ. მისივე თქმით, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც პრეტენზიებს გამოხატავენ, ძალიან მცირეა და ეს ბუნებრივიც არის, რადგან ყველა კმაყოფილი ვერ იქნება.

ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ონკოლოგიური ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელის თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლე დანიშნულიყო? რა რეაგირება მოჰყვა რემა ღვამიჩავას მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიაზე გაკეთებულ მინაწერს, რომელიც „ქრონიკა+“-მა გამოაქვეყნა?

ამ კითხვებს მამუკა მახათაძემ უპასუხა:

_ თუ რამე ინფორმაცია გჭირდებათ, შემიძლია დაგპატიჟოთ კოლექტივთან ნებისმიერ დღეს, როცა დილის კონფერენცია ტარდება. მესმის, რომ ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, შეიძლება ვიღაცებს რაღაც არ მოსწონდეთ. ჩემი აზრით, აქ საუბარია ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანზე. ზუსტად ამ ადამიანებს ჰქონდათ სასათბურე პირობები, რომლებიც დაკარგეს.

_ ე. ი. თქვენ ადასტურებთ ინფორმაციას, რომ ბატონი ღვამიჩავას სამედიცინო დირექტორად დანიშვნის შემდეგ თანამშრომლები დააქვეითეს?

_ არავინ დაუქვეითებიათ, მხოლოდ საკადრო გადაადგილება მოხდა. ალბათ, თქვენი რესპონდენტიც ის ქალბატონი იყო. თუ მე რამე დავარღვიე, ამისთვის არსებობს სასამართლო, კანონმდებლობა, კონტრაქტი დასრულდა და ქალბატონ ინეზა სულამანიძეს აღარ გაუგრძელდა ის ხელშეკრულება, რომელიც მას ჰქონდა, ამიტომ სხვა ადამიანი დაინიშნა განყოფილების გამგედ, ეს იყო და ეს. რაც შეეხება დანარჩენს, მოხდა ადმინისტრაციის ოპტიმიზაცია, ექიმებს არავინ შეხებია.

_ რა თქმა უნდა, არ ვაპირებ წყაროს დასახელებას, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თქვენ მიერ დასახელებული ქალბატონი არ გახლდათ ჩემი რესპონდენტი…  კითხვას დავუბრუნდეთ.

_ ეს მოხდა კანონის ფარგლებში. მენეჯერს აქვს უფლება, რაღაც გადაადგილებები მოახდინოს. თქვენ გაინტერესებდათ ინფორმაცია არჩევნებთან და სამედიცინო ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით.

_ ალბათ, ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ, რომ თქვენს მოსვლამდე ამ სამედიცინო ცენტრში წლების მანძილზე მიმდინარეობდა დაპირისპირება. რაღაცნაირად ეს პროცესი ჩაცხრა. ჩემი ინფორმაციით, ბატონმა მინისტრმა ცენტრის თანამშრომლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამედიცინო ხელმძღვანელის თანამდებობაზე არ დაინიშნებოდა არც ერთი დაპირისპირებული მხარის წარმომადგენელი კონფლიქტის გაღვივების პრევენციისთვის. როგორ მოხდა, რომ ამ თანამდებობაზე დაინიშნა ადამიანი, რომელიც მხარეს წარმოადგენდა? რატომ გადაწყდა მისი დანიშვნა? რატომ წახვედით რისკზე?

_ აქ ძალიან მარტივად არის ყველაფერი, ეს არჩევნები ფორმალური არ იყო იმიტომ, რომ მქონდა სრული უფლება, დამენიშნა სამედიცინო ხელმძღვანელი. რადგან ამ თანამდებობაზე ახალი მოსული ვიყავი, მივიჩნიე, რომ არჩევნების გზით გადაწყვეტილიყო, ვინ დაიკავებდა ამ ადგილს. შემოვიდა, ასე ვთქვათ, ოთხი ფავორიტის განცხადება. ეს შიდა არჩევნები იყო და როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეს ადგილი ჯერ ვაკანტური უნდა ყოფილიყო და მერე ისე ჩატარებულიყო არჩევნები, ასე არ არის. ეს არჩევნები ფორმალურად არ გამოცხადებულა, ასე რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მონაწილეობის მიღება, თუ მას კვალიფიკაცია ექნებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ქალბატონ ნატას უნდოდა წასვლა, მაგრამ ჯერ განცხადება არ ჰქონდა დაწერილი, უბრალოდ, გამოხატა სურვილი, რომ ჰქონდა პრობლემები და ვერ მუშაობდა გარკვეული მიზეზების გამო, დეტალები არ ვიცი. უნდა დანიშნულიყო ახალი სამედიცინო ხელმძღვანელი, მივიჩნიე, რომ არაფორმალური არჩევნები ჩატარებულიყო, თუმცა, შემეძლო, ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიმეღო. თუ არჩევნების ჩატარების ფორმატზე ჰქონდა ვინმეს პრეტენზია, აქ დარღვევა არ ყოფილა. ზუსტად ციფრები არ მახსოვს, მაგრამ, დაახლოებით, 2/3-ით გაიმარჯვა რემა ღვამიჩავამ. რეალურად, თვითონვე წარმოადგინა კოლექტივმა ეს ადამიანები. კოლექტივს არანაირი პრობლემები არ ჰქონია, რომ არჩევნები არასწორად ჩატარდა. არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ დაწერა ქალბატონმა ნატამ განცხადება და შემდეგ დავნიშნეთ ბატონი რემა.

_ სარისკო ხომ არ იყო ამ არჩევნების ჩატარება, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ დაპირისპირება კვლავ გაღვივებულიყო? მაქვს ინფორმაცია, რომ ამის ნიშნები უკვე არსებობს…

_ რაც შეეხება გაგუას მომხრეების დაჩაგვრას, ბატონ რეზოსთან შეგიძლიათ გაარკვიოთ. პირიქით, მაქსიმალურად ვეცადე, რომ კონფლიქტი არ გაღვივებულიყო. მას შემდეგ, რაც ბატონი რემა დაინიშნა სამედიცინო ხელმძღვანელად, ახალი სამეცნიერო საბჭო ჩამოვაყალიბეთ და ბატონი რევაზ გაგუა გახლავთ იმ საბჭოს ხელმძღვანელი.

_ „ქრონიკა+“-ში, ალბათ, იხილეთ დოკუმენტები, სადაც ბატონ ღვამიჩავას პაციენტის სამედიცინო ისტორიაზე საკმაოდ უცნაური ხელმოწერა აქვს გაკეთებული…

_ არ მგონია, კარგი ტონი იყოს პაციენტის ისტორიის გარეთ გატანა. მადლობა, რომ პაციენტის გვარი, სახელი და რაღაც დეტალები დაფარეთ, თუმცა იქ არის დარჩენილი ინფორმაცია, რომელიც მის იდენტიფიკაციას მოახდენს. თქვენ მაინც სწორად მოიქეცით და ძირითადი ინფორმაცია დამალეთ. ეს ფაქტი მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენ გამოაქვეყნეთ სტატია, რატომ არ უნდა ყოფილიყო დანიშნული ეს ადამიანი ამ თანამდებობაზე. ბატონი რემა მაშინ არ იყო სამედიცინო ხელმძღვანელი. ჩვენი განაწესის თანახმად, მითითება მიეცა, რომ ამ დოკუმენტებზე არ უნდა მოხდეს ზედმეტი ხელმოწერის გაკეთება, მან მიიღო სიტყვიერი შენიშვნა. ეს იყო იმ პერიოდში, როდესაც არჩევნების წინ, ნამდვილად გეთანხმებით, სიტუაცია ძალიან დაიძაბა. არჩევნები იქნებოდა, თუ დავნიშნავდი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ ეს არ გადაწყდებოდა, სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო. არჩევნების შემდეგ თვითონ დაბალანსდა მდგომარეობა და, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებსაც ეწყინათ, როდესაც ბატონი რეზო დავნიშნეთ სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელად. აქ ორივე მხარეს რაღაც სწყინს, ასეა ხოლმე. ვიღაც უკმაყოფილო სულ არის. ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. ამ შემთხვევაში, კოლექტივია მნიშვნელოვანი.

_ კიდევ ერთი დოკუმენტი გამოვაქვეყნეთ, სადაც საუბარია ექიმთა ჰონორარებზე. რამდენად კანონიერია, სამედიცინო ცენტრი, რომელიც, ძირითადად, საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე პაციენტებზე მუშაობს და დამატებით რაღაც ჰონორარს აწესებს?..

_ ამ ჰონორარებს რაც შეეხება, პაციენტები გაფრთხილებულნი არიან, სტატისტიკაც შეგვიძლია მოგაწოდოთ, რამდენი იყო ეს ჰონორარი, რამდენმა პროცენტმა გადაიხადა. ეს არის ნებაყოფლობითი და ნებისმიერ სხვა კლინიკაშიც ასეა.

_ მხოლოდ კომერციულ კლინიკებში…

_ ჩათვალეთ, ესეც კომერციული კლინიკაა, მე სახელმწიფო არაფერს მაძლევს, ჩვენ ვართ სააქციო საზოგადოება, რომელიც გამომუშავებაზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებაშია, მოქმედების სფერო კერძო სამართალია. აქ ჰონორარი დაინიშნა, მხოლოდ და მხოლოდ, იმ მიზნით, ლეგალიზებული ყოფილიყო პაციენტთან ურთიერთობა. 10%-ზე მეტს არ გამოუთქვამს სურვილი ამ ჰონორარის გადახდისა. თუ ადამიანს უნდა, რომ მაინცდამაინც მის მიერ შერჩეულმა ექიმმა გაუკეთოს ოპერაცია, მაშინ პაციენტი იხდის ჰონორარს. თუ პაციენტი უარს აცხადებს ჰონორარის გადახდაზე, კლინიკა მას აუცილებლად ამის გარეშე უკეთებს ოპერაციას და შეიძლება, შემთხვევითობის პრინციპით, მისთვის სასურველი ქირურგიც შეხვდეს. აქედან გამომდინარე, ჰონორარი ძალიან მცირეა და მიზანიც სწორედ ის იყო, რომ პაციენტებთან არ მომხდარიყო, ასე ვთქვათ, დახლქვეშა გარიგება. ამ თანხიდან კლინიკას რჩება მხოლოდ გეგმური მოგების 5-6%, ექიმის ჰონორარის ნაწილი სახელმწიფოს საშემოსავლო გადასახადში მიაქვს. პრაქტიკულად, ეს თანხა, ძირითადად, რჩება ექიმს. თქვენს სტატიაში იყო ისიც, რომ კლინიკაში შემცირდა პაციენტების რაოდენობა, გადამისამართებაზე იყო საუბარი. ეჭვი მაქვს, რომ ეს დღესაც არსებობს, ვცდილობთ, დავადგინოთ და ვებრძოლოთ, მაგრამ გადამისამართებები შემცირდა და სტატისტიკა შემიძლია მოგაწოდოთ, რომ კლინიკაში პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, შემოსავალიც შესაბამისად გაიზარდა. უბრალოდ, ეს გამოიწვია ფიქსირებული ხელფასებიდან საჰონორარო სისტემაზე გადასვლამ. ახლა აქტიურად ვიწყებთ პაციენტების გასვლით მომსახურებას. 16-17 მაისს გვინდა, რომ საჩხერის ჰოსპიტლის ბაზაზე ჭიათურისა და საჩხერის რაიონების მოსახლეობას უფასოდ ჩავუტაროთ გამოკვლევები. ამის გარდა, ვმუშაობთ, რომ დევნილთა დასახლებებში კვლევები ჩატარდეს, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთშიც გვინდა გასვლა. გვსურს, პაციენტი ბავშვების გარკვეულ რაოდენობას, საჭიროების შემთხევაში, ოპერაცია უფასოდ გავუკეთოთ.

                                                                                                             თამარ ბატიაშვილი