რატომ არ სურს ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ცვლილებების განხორციელება?

knkligil

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, დავით პატარაია, გიორგი მარგველაშვილისა და ინტერპარტიული ჯგუფის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ პრეზიდენტის ეგიდით საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით მასშტაბური კონფერენცია გაიმართება. როგორც პატარაიამ აღნიშნა, საზოგადოებისთვის, ქართული დემოკრატიისთვის საკვანძოა პოლიტიკური პლურალიზმის განვითარება საქართველოში. ასევე მეტი ძლიერი პარტიის არსებობა ქვეყანაში და მეტი პოლიტიკური მოთამაშე საქართველოს პარლამენტში.

„სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს ქართული კანონმდებლობა, საარჩევნო კანონმდებლობა, საარჩევნო სისტემაც უნდა შეიცვალოს ისე, რომ პოლიტიკური პლურალიზმი პარლამენტში იყოს უკეთ უზრუნველყოფილი. ეს პრეზიდენტის პოზიციაა. ამასთან დაკავშირებით მიღწეულ იქნა გარკვეული შეთანხმებები იმ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმს. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი უზრუნველყოფს კონფერენციის გამართვას, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებისა და პოლიტიკური მოთამაშეების კონსოლიდაციას მოემსახურება“, _ ამბობს პატარაია.

მისივე თქმით, კონფერენციაზე მიწვეული იქნება ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა, საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორს, უმრავლესობაც: „ამ კონფერენციის ფარგლებში საბოლოოდ შეჯერდება პოზიციები, თუმცა იმ პოზიციას, რომ უნდა შეიცვალოს საქართველოში საარჩევნო სისტემა, ჩვენ მხარს ვუჭერთ“.

თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მაჟორიტარული სისტემა კი არ უნდა გაუქმდეს, არამედ, პირველ რიგში, წარმომადგენლობითობის პრობლემა უნდა აღმოიფხვრას. როგორც წულუკიანი აცხადებს, არ შეიძლება საქართველოს პარლამენტში მესტიასაც და ნაძალადევსაც თითო წარმომადგენელი ჰყავდეს.

„ქრონიკა+“ საარჩევნო პერიპეტიებთან დაკავშირებით „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელს, ყოფილ პარლამენტარ გიორგი ახვლედიანს ესაუბრება:

_ ჯერჯერობით იმ ეტაპზე ვართ, რომელზედაც შვიდ წელიწადზე მეტია, ვიმყოფებით. იქიდან მოყოლებული, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატი იქმნება, ხან „ენდიაის“, ხან „აიფიესის“ ეგიდით და ა. შ. ეს ყველაფერი 2007 წლიდან დაიწყო, როდესაც საარჩევნო სისტემაზე მომუშავე ჯგუფი პირველად შეიქმნა. ის ხელისუფლებასთან მიმართებით საკითხს ერთმნიშვნელოვნად აყენებდა, რომ მაჟორიტარული სისტემა პროპორციულით შეცვლილიყო, მაგრამ დღეს ცოტა კურიოზული მდგომარეობა გვაქვს. პრაქტიკულად, საარჩევნო სისტემის ცვლილებას იმ პოლიტიკური ძალისგან ველით, რომელთან ერთადაც რამდენიმე წლის წინათ იგივეს ვითხოვდით. ხან „ენდიაის“, ხან რვიანის ფორმატში ამ სისტემის რეალური ცვლილებისთვის ერთობლივად გამოვდიოდით და ამას „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოვითხოვდით. „ნაცმოძრაობა“ თავის სისტემას ერთმნიშვნელოვნად იცავდა და ამბობდა, რომ არაფერი მასში მანკიერი არ არის, ძალიან ობიექტური და კარგი სისტემააო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ეუბნებოდა, აღნიშნული სისტემა მიუღებელი, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის შექმნილ სიტემას მაინც იცავდა. დღევანდელმა ხელისუფლებამ კი კურიოზულ სიტუაციაში ჩაიგდო თავი. პრაქტიკულად, იცავს იმას, რასაც ხმალამოღებული ებრძოდა სამი-ოთხი წლის წინათ. თან იცავს არა მის მიერ შექმნილს, არამედ „ნაცმოძრაობის“ ჩამოყალიბებულ სისტემას, რომელსაც „ოცნება“ ყოველთვის აფასებდა, როგორც უარყოფითსა და უსამართლოს. თუ არ ვცდები, მათი საარჩევნო პროგრამის მეოთხე თავის პირველივე პუნქტში წერია, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე „ქართული ოცნება“ იღებს ვალდებულებას, შეცვალოს ეს დანაშაულებრივი სისტემა.

მაგრამ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩაატარა ორი არჩევნები (საპრეზიდენტო და ადგილობრივი) და საარჩევნო მიმართულებით არაფერი შეუცვლია. ისევ დატოვა ძველი, მაჟორიტარული სისტემა, რასაც ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები ჰქვია.

კარგად გვესმის, თუ რა არის ამ სისტემის მთავარი პრობლემა: პირველი, რასაც მთელი მსოფლიო ითხოვს და დემოკრატიული სისტემა უნდა პასუხობდეს, არის კრიტერიუმი, რომ პარტია რამდენ პროცენტსაც აიღებს არჩევნებზე, სწორედ იმ რაოდენობის დეპუტატი უნდა შეიყვანოს პარლამენტში, თუ საკრებულოში. მაგალითად, ავიღე 10% და ჩემი ნდობა საზოგადოებაში ამდენია, შესაბამისი რაოდენობის დეპუტატი უნდა შევიყვანო საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ ჩვენთან რა ხდება? _ იმის გამო, რომ ეს სისტემა მაჟორიტარებზე არის აგებული, პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული სიით ირჩევა, 73 მაჟორიტარულით (ახალგორისა და კოდორის დაკარგვის შემდეგ ორი მაჟორიტარული ოლქი გაგვიუქმდა და პროპორციულს დაემატა), გამომდინარე შედეგებით. კონკრეტულ მაგალითებს წარმოგიდგენთ: 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაცმოძრაობამ“ სულ 54% აიღო, არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების ხმებიდან. მოიგო რა მაჟორიტარების აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის ყველა რაიონში (თუ არ ვცდები, 73-დან 70-ში), 54%-იანი ნდობის პირობებში, პარლამენტში მისი დეპუტატების რაოდენობა 89%-ს გაუტოლდა; 150-კაციან პარლამენტში 109 დეპუტატი ჰყავდა, რადგან ყველა მაჟორიტარული ადგილი მოიგო. მაჟორიტარი კი ყოველთვის იოლი მოსაგებია ხელისუფლების მხრიდან, რადგან მის კანდიდატს ეხმარება პოლიცია, გუბერნატორის ინსტიტუტი, გამგეობა, ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომელიც კი არის მუნიციპალიტეტში, სკოლა და ა. შ. მთელი სახელისუფლებო რესურსი მობილიზებულია ხელისუფლების მაჟორიტარი დეპუტატის გასაყვანად. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლება, ძირითადად (შეგნებულად), ბიზნესმენებს არჩევს, რომლებსაც არჩევნების წინ დიდი ფულის ხარჯვა შუძლიათ (გადახურავენ სახურავებს, ოპერაციებს დააფინანსებენ, უბრალოდ იყიდიან ადამიანების ხმებს), რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებას გამარჯვების 99%-იანი გარანტია აქვს. ძალიან რთულია, ამ არათანაბარ სიტუაციაში რამის იმედი გქონდეს, თუნდაც საზოგადოებაში მეტად მხარდაჭერილ ოპოზიციურ ძალას.

 

ქვეყანაში უნდა მოხდეს ისეთი რადიკალიზაცია, რაც 2012-ში მოხდა, როდესაც საქართველოში მილიონ ორასი ათასი ადამიანი დაირაზმა, ოღონდ ხელისუფლებიდან „ნაცმოძრაობა“ გაეშვა _ მივიდა და მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ამ შემთხვევაში, ყველაზე ძლიერ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ასეთი რადიკალიზაცია საქართველოში კიდევ კარგა ხანს არ მოხდება და ეს კარგიც იქნება, რადგან მისაღები არ არის, როდესაც ჩვენ მუდმივად ვირჩევთ ერთ პოლიტიკურ ძალას მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის საწინააღმდეგოდ ვაძლევთ ხმას. შესაბამისად, ასეთი რადიკალიზაციის იმედი შეიძლება ნაკლებად გვქონდეს და დღევანდელი სისტემიდან გამომდინარე, ხელისუფლება ისევ ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომ ნაკლები რეიტინგის პირობებში გაცილებით მეტ მანდატს აიღებს.

კიდევ ერთი მაგალითი შარშანდელი ადგილობრივი არჩევნებია, როდესაც თბილისში „ქართულმა ოცნებამ“, სულ რაღაც, მოსახლეობის ნდობის 44% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობაც კი ვერ უნდა დაეკომპლექტებინათ საკუთარი ძალებით; ეს იყო თბილისელების ნება-სურვილი, რომელიც მათ არჩევნებზე გამოხატეს. მაგრამ ისევ და ისევ მაჟორიტარული კორპუსიდან გამომდინარე (საკრებულოში 25 პროპორციული სიითაა და 25 ერთმანდატიანი მაჟორიტარულით), ამ მაჟორიტარებიდან 24 მოიგო. საზოგადოების 44%-ით მხარდაჭერილმა „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოში უცებ დეპუტატების 75% თავის ყულაბაში აღმოაჩინა. _ მანდატის თანაბარ წონასთან დაკავშირებული პრობლემა რას გულისხმობს?

_ ეს მეორე ძალიან სერიოზული პრობლემაა: როდესაც ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების სისტემაა, წარმოიდგინეთ უზარმაზარი ქუთაისი (164 ათასი ამომრჩეველი) ერთ კონკრეტულ მაჟორიტარს ირჩევს, ხოლო ყაზბეგში იგივე უფლებებით მაჟორიტარს ვირჩევთ, ოღონდ ამას 2 ათასი ამომრჩევლის ხმით ვაკეთებთ. ამხელა დისბალანსია, არ შეიძლება ერთი და იგივე უფლებამოსილების მქონე მაჟორიტარ დეპუტატს მანდატში ასეთი განსხვავებული ხმათა წონადობა ჰქონდეს. მე ქუთაისში კენჭს ვიყრიდი, ერთხელ მეორე ადგილზე გავედი და ავიღე 12 ათასი ხმა, რომელიც ექვსჯერ მეტი იყო ყაზბეგში გამარჯვებული მაჟორიტარის ხმებზე. ამ არასამართლიანი სისტემის შეცვლას მოითხოვს დასავლეთი და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჭკუა მოეკითხება: ეს არის ვენეციის კომისია, ეუთო, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი და ა. შ. ევროსაბჭომ პირდაპირ რეზოლუციაშიც კი ჩაგვიწერა. ამგვარი რამ არსად მახსოვს, _ არ შეიძლება მანკიერი სისტემა გქონდეთ და შეცვალეთო, ისიც გვითხრეს, იქნებ, რეგიონულ-პროპორციულ სისტემაზე გეფიქრათო.

ამიტომ სერიოზული პრობლემების წინაშე ვდაგვართ. ყველა ხელისუფლება ამაზე ამბობდა, _ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების სისტემა კონსტიტუციაში დაფიქსირებულია, ამიტომ ნებისმიერი ცვლილება კონსტიტუციურ ცვილებას საჭიროებსო. მოგეხსენებათ, ამას სჭირდება პარლამენტის ორი სესიის (საგაზაფხულო და საშემოდგომო) მოწვევა, ასევე 114 დეპუტატის ხმა. შესაბამისად, როგორც კი ახალი ხელისუფლება სათავეში მოვიდა, არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიებმა საკითხი დავუყენეთ, რომ მოდით, შევასრულოთ ის დაპირება, რომელიც ყველას გვქონდა მოსახლეობის წინაშე, რომ ამ მანკიერ სისტემას შევცვლიდით და გამართულ სისტემას ჩამოვაყალიბებდით. ხელისუფლებამ, _ ვაიმე, ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ ამას ახლა ვერ მოვასწრებთ, რადგან ორი სესია გვჭირდებაო, ამისთვის ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობა მოგვიწევსო; საპრეზიდენტო არჩევნები ჩაგვატარებინეთ, იქ მაჟორიტარები მაინც არ არიან და შემდეგ უმალვე ამ საკითხს მივხედოთ, პარლამენტში გავიტანოთო. ჩვენ დავეთანხმეთ. საპრეზიდენტოს შემდეგ დაიწყო მუშაობა, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის ცვლილება მომხდარიყო, მაგრამ ხელისუფლებამ ისევ  მოიმიზეზა, _ ახლა საკმარისი დრო არ გვაქვს, ამიტომ ადგილობრივის მერე დავიწყოთ მუშაობაო. მანამდე ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნა, მაგრამ მან კონკრეტულად ვერაფერი გადაწყვიტა, მხოლოდ ისეთი რამ შეცვალეს, რასაც კონსტიტუცია არ სჭირდებოდა და ეს იყო 50%-იანი ბარიერი მერობისა და გამგებლობის კანდიდატებისთვის.

ესეც ჩვენი მოთხოვნა იყო და ხელისუფლებამ დააკმაყოფილა, მაგრამ ზღვაში წვეთი იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში ობიექტური საარჩევნო გარემო დამკვიდრებულიყო.

ამიტომ დღეს სხვა არაფერზე ვსაუბრობთ, გარდა საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და როდესაც ეს პრობლემა მოგვარდება, მერე ვისაუბროთ ცესკოს დაკომპლექტებაზე, ბიომეტრიულ სიებზე, კონკურენტულ გარემოზე, დავების საკითხზე და ა. შ. თავი და თავი ყველა პრობლემისა თვითონ საარჩევნო სისტემაა.

როგორც კი ადგილობრივი არჩევნები დასრულდა, ინტერპატიული ჯგუფი შევქმენით, რომელიც 11 არასაპარლამენტო პარტიისგან დაკომპლექტდა. შევიმუშავეთ კონკრეტული მემორანდუმი და პროცესში მთელი არასამთავრობო სპექტრი ჩავრთეთ. ჩვენ გვერდით არის ექსპერტთა კლუბი და ყველა ადამიანი, ვისაც ამ კუთხით აზრი მოეკითხება. მას სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმი ჰქვია და ჩამოყალიბებულია პრინციპები, რომელიც ობიექტური სისტემის მისაღებად აუცილებელია.

_ თქვენ ამ დღეეში პრეზიდენტს შეხვდით. როგორია პრეზიდენტის ინსტიტუტის პოზიცია და ასევე პარლამენტში რა დამოკიდებულება შეინიშნება?

_ რასაკვირველია, მემორანდუმი, უპირველესად, პარლამენტში წავიღეთ და უმრავლესობის წევრებს ვთხოვეთ, რომ გააქტიურებულიყვნენ იმ მიმართულებით, რა დანაპირებსაც არჩევნებამდე იძლეოდნენ. სხვათა შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ღიად განაცხადა, რომ ერთგული რჩება იმ მოთხოვნებისა და პოზიციებისა, რომელსაც ის წინასაარჩევნო კამპანიისას აჟღერებდა. მემორანდუმს ხელი მოაწერა და შემოუერთდა. გვარწმუნებს, რომ კოალიციაში შემავალი „რესპუბლიკელებიც“ ამ პოზიციაზე არიან. ასეთი პოზიტიური დამოკიდებულებები სხვადასხვა კონფერენციაზე მოვისმინეთ ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებისგანაც. რამე ოფიციალური არ ყოფილა, მაგრამ მოვისმინეთ, რომ ისინიც ერთგული არიან იმ დანაპირებისა, რასაც არჩევნებამდე გასცემდნენ.

პროცესში აქტიურად ჩაერთო და თამასის აწევის კონტექსტში მონაწილეობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, უშუალოდ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. ჩვენ უკვე მეორედ შევხვდით პრეზიდენტს. პირველის შემდეგ ვიმუშავეთ იმაზე, რომ პრეზიდენტს კონკრეტული გზავნილი გაეკეთებინა დეპუტატებისთვის პარლამენტში მისვლისას; რომ მათი ვალდებულებაა, შეასრულონ ის, რასაც საზოგადოებას დაჰპირდნენ. პრეზიდენტმა ეს შეასრულა და ძალიან კარგადაც გააკეთა იმ თვალსაზრისით, რომ გამოკვეთილად განაცხადა, პროცესი სასწრაფოდ არის დასაწყებიო, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროება დგას და ეს კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მოესწროს, ანუ ორი სესია და ა. შ. პრეზიდენტის ინიციატივამ დებატები გამოიწვია ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ აქაც ისევ სასაცილო მდგომარეობა მივიღეთ: გამოვიდა ერთი მაჟორიტარი, რომელიც თავისი რაიონის ლენინად იქცა, როგორც მას უწოდებენ. სააფთიაქო ქსელ „პეესპეს“ მფლობელი ოქრიაშვილი ყოველი არჩევნების წინ, უბრალოდ, ყიდულობს ამომრჩევლების ხმებს. მან განაცხადა, რომ ჩვენ მასთან კონკურენციის არ უნდა გვეშინოდეს. სრული არასერიოზულობა და არაადეკვატურობაა, ადამიანებს არ ესმით, რომ პარლამენტის გარეშეც შეიძლება ცხოვრება. თუ არ იქნება მოქმედი მაჟორიტარული სისტემა და ხმების ყიდვის საშუალება, ეს ადამიანი ისევე ვერ იხლავს დეპუტატის სკამს, როგორც საკუთარ ყურებს, მაგრამ ეს არ უნდა, სურს, რომ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ამომრჩეველი იყიდოს და, შესაბამისად, ხელისუფლებაში მოსული ნებისმიერი ძალის მაჟორიტარი კანდიდატი იყოს. ადრე, წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი იყო. როგორც კი სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა, კალიასავით ერთი ადგილიდან მეორეზე გადახტა და წამში პორტირება განიცადა. შესაბამისად, ხვალ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ფულის დიდი ჩემოდნებით ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორმე ისევ მაჟორიტარად მოევლინოს პარლამენტს. თითქოს დაბადებულია იმისთვის, რომ პარლამენტში ერთი ადგილი ეკავოს.

ამიტომ ამ მარაზმის დასრულება გარდაუვალი აუცილებლობაა ჩვენი საკანონმდებლო ორგანოსა და ქვეყნის პოლიტიკური განვითარებისთვის.

_ გამოსავალს სად ხედავთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებები დროულად განხორციელდეს? იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც გააკეთა განცხადება, რომ მაჟორიტარული სისტემა ერთი ხელის მოსმით გასაუქმებელი არ არის…

_ თეა წულუკიანისგან ეს განცხადება ძალიან მოულოდნელი იყო. როდესაც ასეთ რამეს ამბობს ოქრიაშვილი, მისგან არაფერი მიკვირს და მესმის, რომ ამ ადამიანს არასოდეს ჰქონია პრეტენზია, სისტემას დაპირისპირებოდა, პირიქით, მას ყოველთვის კარგად ერგებოდა. მაგრამ წულუკიანის პოზიციამ განმაცვიფრა. ოღონდ, კარგი იქნება, თუ გაიხსენებს, რა განცხადებას აკეთებდა პოლიტიკური ძალა, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც იყო არჩევნებამდე, „თავისუფალ დემოკრატებს“ ვგულისხმობ. მგონი, პარტიის წევრი აღარ არის, მაგრამ ის ამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული. მახსოვს მისი პოზიცია მაჟორიტარებთან დაკავშირებითაც. დღეს კი საუბრობს რაღაც შრომატევად და რთულ პროცესზე, რომ პროპორციულზე გადავიდეთ. არასწორი პოზიციაა, მანდ არაფერი რთული არ არის, უმარატივესია და ძალიან ადვილად განხორციელდება. ერთადერთი რამ სჭირდება და ეს არის  ხელისუფლების პოლიტიკური პოზიცია.

პარლამენტში ეს პოზიცია დააფიქსირეს თავისუფალმა დემოკრატებმა; „ნაციონალურმა მოძრაობამაც“, რომელიც ხელისუფლების გარეთ დარჩა თუ არა, მიხვდა, რა უბედურება მოუტანა ქვეყანას თავის დროზე აღნიშნული სისტემის შექმნით. სისტემა მათ ბუმერანგივით გასანადგურებლად დაუბრუნდა. ამიტომ „ნაციონალებიც“ კი მზად არიან, 50 დეპუტატით მხარი დაუჭირონ სისტემის გაჯანსაღებასა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

დღეს ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზე არის გადაგდებული, კითხვებზე პასუხი მან უნდა გასცეს. თეა წულუკიანსაც არ უნდა დაავიწყდეს, რასაც საზოგადოებას წლების განმავლობაში უმტკიცებდა. ცვლილება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს და ეს იუსტიციის მინისტრმა მშვენივრად იცის. წელს გაზაფხულზე კენჭი ვუყაროთ, ამისთვის ორი თვე დაგვრჩა. შემდეგ შემოდგომაზე ვუყაროთ კენჭი ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს, წლის ბოლოს კანონში, კონსტიტუციაში ჩავწეროთ ახალი სისტემის შესახებ ფორმულირება. მერე მთელი 2016 წელი გვექნება, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, რომ ყველა იმ 40 ათასი ადამიანის მობილიზება მოვახდინოთ, რომელიც არჩევნების მომზადებაში ჩაერთვება.

ვენეციის კომისიის დასკვნასაც გავითვალისწინებთ, რომ ერთი წლით ადრე მივიღოთ ცვლილებები და ქვეყანას ამ კუთხით უმძიმესი კრიზისიდან გამოვიყვანთ. ნუ ქმნის ქალბატონი წულუკიანი აბსურდულ ილუზიას, რომ, დედა, როგორ რთულია ერთიდან მეორე სისტემაზე გადასვლაო. რთული მათთვის არის, რადგან ხვდებიან, რომ არა მაჟორიტარული სისტემა, რომ არა 73 მაჟორიტარი დეპუტატის პირწმინდად ჯიბეში ჩატენა, ისინი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ. ძალიან კარგად იციან, რომ პროპორციული სისტემის პირობებში 35%-იან მორალურ ბარიერსაც ვერ გადალახავენ. ერთადერთი იმედი, რომ უმრავლესობა ისევ შეინარჩუნონ, მაჟორიტარებია.

ახლა რა არის მათზე ზემოქმედების ყველაზე ძლიერი საშუალება? _ მთელი საქართველო, პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოება, პრეზიდენტის ინსტიტუტი, არასამთავრობოები, ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები ვთანხმდებით და ვდგავართ წყალგამყოფის ერთ მხარეს, ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას. ამხელა სამოქალაქო თანხმობის წინააღმდეგ ხელისუფლების წასვლა, მერწმუნეთ, ხელისუფლებასვე შეუქმნის უზარმაზარ პრობლემებს. ჩვენს ხელისუფლებას დღეს კიდევ დამატებითი პრობლემები თუ სჭირდება, ეს უკვე მათ აწონ-დაწონონ და გაიაზრონ. ჩემი აზრით, ეს მათთვის ძალიან დიდი პრობლემა იქნება, მით უმეტეს, რომ ეს არ არის მხოლოდ შიდაპოლიტიკური ისტებლიშმენტის მოთხოვნა, მთელი მსოფლიოს მოწოდებაა საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ. თუ ასე დინების საწინააღმდეგო ცურვა უნდათ, მერწმუნეთ, ისინი პოლიტიკურ უფსკრულში გადაიჩეხებიან.

ამ შემთხვევაში არჩევნები ყველანაირი კრიზისის განმუხტვის საშუალება უნდა იყოს. „ქართული ოცნება“ უნდა ხვდებოდეს, რომ ასეთი უსამართლო არჩევნებით კრიზისი არ განიმუხტება, ისევ გაყალბებული კენჭისყრის სახელი დაერქმევა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ეს „ქართულ ოცნებას“ ბოლოს მოუღებს. ისედაც უზარმაზარი პრობლემების წინაშეა. ამას არ ვუსურვებ, მაგრამ ამოსავალ წერტილად მიმაჩნია, რომ ხელისუფლება, რომელიც ამ მანკიერ სისტემას შეცვლის, ქვეყნის განვითარებისთვის ისეთ პოზიტიურ წინაპირობას შექმნის, რომ ეს აუცილებლად პოზიტივად ჩაეწერება საქართველოს ისტორიაში. თუ ეს უნდა ხელისუფლებას, გააკეთოს კიდეც, თუ არადა, ზუსტად ისე დაამთავრებენ, როგორც წინა ხელისუფლებამ დაამთავრა. ოღონდ არა არჩევნების გზით, არამედ ცოტა სხვა რადიკალური ფორმებით, რისი მსურველიც ნამდვილად არ ვარ.

 

                                                                                               გელა მამულაშვილი