„საქსტატის“ მითი და კალკულატორის რეალობა?!

erfdsv

საქართველოში არსებობს სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური, რომლის კვლევებითა და მონაცემებით, ძირითადად, პოლიტიკოსები მანიპულირებენ და ისიც წინა და პოსტსაარჩევნო პერიოდებში. მართალია, საქართველოს მოსახლეობას (უბრალო მოკვდავთ) ნაკლებად სჯერა მათი გამოქვეყნებული ციფრების, მაგრამ ვინაიდან სხვა ორგანოს არ შესწევს უნარი (მათ შორის, ფინანსურიც) მსგავსი კვლევების ჩატარების, ჩვენც იძულებულნი ვართ, ზემოხსენებულ სამსახურს დავეყრდნოთ, მაგრამ არ ვენდოთ. მიზეზი მარტივია: არაოფიციალური მონაცემებით, მარტო რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში საქართველოს მილიონამდე მოქალაქეა გასული და იქიდან ინახავს ოჯახებს, ათეულათასობით ჩვენი თანამემამულე კი თურქეთში, საბერძნეთში, იტალიასა და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებშია ლუკმა-პურის მოსაპოვებლად მიმოფანტული. თუ ამ ფონზე „საქსტატის“ მონაცემებს ვირწმუნებთ, ბოლო (2014 წელი) აღწერით ჩვენ, 4 900 500 (ოთხი მილიონ ცხრაასი ათას ხუთასი), ანუ თითქმის, ხუთი მილიონი ვყოფილვართ და ეს ყველაფერი მართლაც მშვენივრად ჟღერს, სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს.

მოსახლეობის გაბერილი რაოდენობა ხომ ბეჭდაუდებელი „ჯოკერია“ მმართველი პარტიებისა და მათ მიერვე დანიშნული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებისთვის. ეს თემა რომ არახალია, ამას თვით „მოქკავშირის“ დროინდელი ცესკოს წარმომადგენლები და მისი შემდგომი „სამართალმემკვიდრენიც“ დაადასტურებენ, მაგრამ ამ წერილში (შემდგომ რუბრიკაში „საქართველოს პოლიტიკური პარტიების კალეიდოსკოპი“) სულ სხვა მიმართულებით მინდა მკითხველისა და, ზოგადად, ამომრჩეველთა აქცენტების გამახვილება.                         მაშ, ასე! ხელთ გვაქვს „საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის“ მონაცემები, ანუ სულ ვართ 4 900 500(?!). აქედან, 2 349 100 ქალბატონია, დანარჩენი მამაკაცი(?!) _ 2 141 400. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალიც: მოგეხსენებათ, უცხოეთში მამაკაცების სამუშაო ძნელად საშოვარია და, ძირითადად, ქალბატონები უვლიან იქ მოხუცებს, ბავშვებს, ავადმყოფებს (ან, სულაც, კარ-მიდამოს) და მაინც, პროცენტული მაჩვენებლები ასეთია: ქალები 52%, მამაკაცები 48%(?!).

ახლა, როგორც იმერეთში იტყვის სუფრის თამადა, „გევიწიოთ, ბატონებო, წინ“ და იმასაც ვიტყვით, რომ ამ 5 000 000-ს „მიკაკუნებული“ ერიდან, იგივე ოფიციალური მონაცემების თანახმად, თითქმის 80% სრულწლოვანია, ანუ საარჩევნო ხმის მქონე. „საქსტატს“ აქაც სქესებად ჰყავს დაყოფილი ამომრჩეველი და მითითებული აქვს მათი რაოდენობა: ქალები _ 1 844 314, მამაკაცები _ 1 585 434. „საქსტატი“ ამბობს, რომ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებულ ქალთა 40-მა და მამაკაცთა 47-მა %-მა.

არ მაქვს პრეტენზია, რომ ღვაწლმოსილი და ზეპროფესიონალი ჟურნალისტი ვარ, მაგრამ, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე, ვიტყვი, რომ, მგონი, წერა უკეთესად შემიძლია, ვიდრე მილიონების ფარგლებში მიმატება-გამოკლება, ან პროცენტის გამოანგარიშება და ამ ციფრების კორიანტელთან რომ ვერაფერი გავაწყვე, კალკულატორი მოვიხმარე, თან ორი. ორივემ იდენტური პასუხები რომ დააფიქსირა, ყოველი შემთხვევისთვის მესამე მეზობელსაც გამოვართვი. გამომთვლელი მანქანები არ ტყუოდნენ. არც „საქსტატი“ ტყუოდა, უბრალოდ, არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა და ვისაც არ გჯერათ, შეგიძლიათ, თქვენს (ანუ მეოთხე) კალკულატორზეც გადაამოწმოთ. მაშ, ასე: ამომრჩეველი ქალების (1 844 314) 40% სულაც არ არის მათ მიერ გამოქვეყნებული 745 604, არამედ, 737 725-ია და ცდომილება, „სულ რაღაც“, 7,879 ხმაა, მეტი არა!.. ამომრჩეველი მამაკაცების პროცენტულობაშიცაა „მცირე“ ხარვეზი, ანუ 1 585 434 მამაკაცის 47% ვერაფრით `დავასმევინე~ კალკულატორს 739 746-ზე. მანქანა არაერთგზის მცდელობის მიუხედავად ჯიუტად მიწერდა 745 153-ს. ცდომილება აქაც, „სულ რაღაც“, 5.407 მამაკაცურ საარჩევნო ხმაში იყო. მერე დავფიქრდი, ამ შეცდომების შემდეგ არავინ დასაჯონ-მეთქი „საქსტატში“ და ქალების სხვაობას გამოვაკელი მამაკაცების სხვაობა და, საბოლოო ჯამში, მივიღე, „სულ რაღაც“, 2472 გაყალბებული ხმა, მეტი არა!..

ახლა „კიდევ გევიწიოთ, ბატონებო, წინ“ და სანამ მთავარზე გადავალ, წინა საუკუნეშიც მინდა გადაგახედოთ. მე-19 საუკუნეში და უფრო მანამდე რა ხდებოდა საქართველოში, არ ვყოფილვარ მომსწრე, მაგრამ კარგად მახსოვს, 80-იანების დასასრულისკენ, კომუნისტური მარწუხები რომ მოუშვა მიხეილ გორბაჩოვმა 70 წლის თანასწორობით „გატანკულ“ საბჭოთა მოსახლეობას, ნელ-ნელა მკვიდრდებოდა ტერმინები: „გარდაქმნა“, „დემოკრატია“, „პლურალიზმი“, „საჯაროობა“. ათწლეულობით „რკინის ფარდის“ აქეთ მომწყვდეულ ხალხს არაფერი გაეგებოდა ამ სიტყვებისა და მათი მნიშვნელობის. მთელ საბჭოეთში ერთადერთი, პოლიტიკური კომუნისტური პარტია „გრიმიტობდა“ და 270 მილიონი ადამიანი, მკვდარი (ლენინი, სტალინი), ცოცხალ-მკვდარი (ბრეჟნევი, ჩერნენკო), და ცოცხალი (გორბაჩოვი) ბელადების მზეს იფიცებდა. დანარჩენ 14 რესპუბლიკაში არ ვიცი, მაგრამ საქართველოში „გარდაქმნამდე“ ბევრად ადრე, ქართველი პატრიოტები იატაკქვეშეთში არაფორმალურად მოღვაწეობდნენ და დიდი რისკის ფასად, სხვადასხვა საშუალებით, ილაშქრებდნენ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. სწორედ იმ პერიოდში ეყრებოდა საძირკველი დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიას. არაფორმალებად და ხალხის მტრებად შერაცხული ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია, ზურაბ ჭავჭავაძე დღეს ცოცხლები აღარ არიან. მათი თანამედროვენი და თანამებრძოლები იყვნენ: ირინა სარიშვილი, თამარ ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი, მამუკა გიორგაძე, ირაკლი ბათიაშვილი, ნოდარ ნათაძე და სხვები, რომლებიც აქტიურ პოლიტიკაში აღარ არიან. მაშინდელთაგან მხოლოდ რამდენიმეღა ჩანს პოლიტიკურ ასპარეზზე და ისინიც, შეიძლება ითქვას, რომ ძირძველი პოლიტპარტიის წარმომადგენლები _ 2 ძმა ბერძენიშვილი და ორი ვახტანგი (ძაბირაძე, ხმალაძე) არიან.

დავუბრუნდეთ ისევ 90-იანებს: ახალ წყობაზე გადასვლა კერძო საკუთრების ამუშავებასა და განვითარებასაც ისახავდა მიზნად და იმ საქმოსნებმაც ამოყვეს თავი, რომლებსაც შს სამინისტრო მანამდე დასაჭერად დასდევდა და შავი სამყაროს „ობშიაკშიც“ გვარიანი წილებიც შეჰქონდათ. ქართველებში წლობით ნაგროვებმა და განუხორციელებელმა ბიზნესის კეთების ნიჭმა იფეთქა და დღითი დღე სოკოებივით იწყეს მომრავლება კერძო ბანკებმა, კოოპერატივებად წოდებულმა საამქროებმა, საცხობებმა, პროფილაქტორიუმებმა და თბილისის (და არა მარტო) სავიზიტო ბარათებად შერაცხულმა „ბუტიკებმა“. მოკლედ, საქართველოში ყიდვა-გაყიდვის ბუმი იყო. ძირითადად, იმას კი არავინ დაგიდევდათ, მართლა ჰქონდათ თუ არა ბიზნესის კეთების ნიჭი… მაგრამ აქტიურად მუშაობდა სუფთა ქართული (ოღონდ ჩვენ დღესაც არ ვუმხელთ ერთმანეთს და არ ვაღიარებთ, რომ ქართულია) ფაქტორი შუ-რი!!! საწყის კაპიტალად სულაც არ იყო საჭირო კოლოსალური თანხები, საკმარისი გახლდათ, დაახლოებით, 200 დოლარი და ორიოდე მთავარი ლოზუნგი: „იმას, რომ აქვს?!“ „ჩემმა მეზობელმა ან ნათესავმა რომ გააკეთა?!“ მიმბაძველობა და შური არც დღეს გვაკლია (შეგიძლიათ დღევანდელობაში ერთმანეთის შურით, ან მიმბაძველობით ნაყიდი ტანსაცმლის ბრენდით, ტელეფონით, ან მანქანის უახლესი მარკით იმსჯელოთ) და არც მაშინ გვაკლდა.

ბიზნესის ელემენტებს შეიცავდა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბება. ერთი და იგივე მიმართულებით ათეულობით „ენჯეო“ მუშაობდა წესდებით, მაგრამ საქმე არ კეთდებოდა. ხელმძღვანელები და მათი გარემოცვა სარფიანად ითბობდნენ ხელს და არამიზნობრივად იჯიბავდნენ დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილ გრანტებს. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ დღეს საქართველოში 60-ზე მეტი ვეტერანთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული და თუ ვინმე მეტყვის, რომ ქართველი ვეტერანის უფლება, ელემენტარული, თუნდაც სოციალური, ჯანდაცვის, დასაქმების, ან სათანადო დაფასების კუთხით დაცულია, მაშინ მე… თუმცა ვერავინ მეტყვის და ნურც უტიფრობაში ჩამომართმევთ!

ამავე ხაზის გაგრძელებად შეგვიძლია საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებიც მოვიაზროთ. კოკაინი ჩვენში არ ხარობს და არც იმ რაოდენობის იარაღის მწარმოებელი ქვეყანა ვართ, რასაც წინა პრეზიდენტი იკვეხნიდა, ამიტომ რჩება პოლიტიკა, რომელიც ყველა გზას გიხსნის ნებისმიერი ბიზნესის საკეთებლად (მათ შორის, უკანონო) და ბევრი მიიჩქარის ამ სფეროში მიმბაძველობისა თუ მომხვეჭელობის მიზნით. აარსებენ პოლიტიკურ პარტიებს, მერე ზოგი გარიგებაში შედის მმართველ ძალასთან, ზოგი ხალხისთვის წამებული ოპოზიციონერის მანტიას ირგებს და ზოგსაც ტვინი და ნიჭიერება არ ჰყოფნის ამ წყალქვეშა დინებებიდან „მშრალად“ გამოსვლის… არის კატეგორია ხალხისა, ვისაც მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის სტატუსიც აკმაყოფილებს და კარის მეზობლების გარდა არავინ იცის მათ შესახებ. ზემოთქმულის დასტურად შევეცდები, „საქსტატისა“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები შევაჯერო და წარმოგიდგინოთ.

ამ უკანასკნელი უწყების ცნობით, მათ ბაზაში რეგისტრირებულია 224 პოლიტიკური პარტია. თუ „საქსტატის“ გამოქვეყნებულ ციფრებსაც დავეყრდნობით, თუ საქართველოს მოსახლეობა 4 490 500 არის, მაშინ, დაახლოებით, 20 047 მოსახლეზე თითო პარტია მოდის, ხოლო თუ ამომრჩევლებით გამოვთვლით (3 429 748), 15 312 ადამიანზე ერთი პარტიაა „გათვლილი“. მარტო რაოდენობით რომ ვიმსჯელოთ, პლუს მხედველობაში თუ მივიღებთ, რომ ყველა პარტიული ლიდერი არც კომუნისტებთან ბრძოლებში გამობრძმედილი არაფორმალი და არც სპეციალური პოლიტ-განათლებისა და სტატუსის მქონეა, სიტუაცია უკვე სახარხაროც ხდება, ვინაიდან მათ რიგებში პარიკმახერი, ზეინკალი და მძღოლიც მოიძევება…

ეს მხოლოდ დასაწყისია „საქართველოს პოლიტიკური პარტიების კალეიდოსკოპის“ საპილოტე გაცნობითი წერილისა. მომდევნო ნომრებში კი შემოგთავაზებთ ვრცელ მიმოხილვას თითოეულ პარტიაზე, მათი ლიდერების ინტერვიუებისა და რიგითი ამომრჩევლების შეფასებების თანხლებით. აქვე წინასწარ ბოდიშს მოვუხდი საგაზეთო მიმოხილვებისას პარტიულ მესვეურებს ირონიაშერეული იუმორისა და ხანდახან მკაცრი სიმართლისთვისაც.

P. S. წერილი კვლავაც ციფრებითა და უმადური კაცის პოზიციიდან ნათქვამით „შემომემთავრა“. დიდი მადლობა, ძვირფასო (პარტიულო) ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ რომ არსებობთ (თან, ამდენი). თქვენი მეშვეობით კვირაში ერთი გვერდიც რომ მოგიძღვნათ, ოთხ წელიწადზე მეტ ხანს შევინარჩუნებ სამსახურს…

P. P. S. ამჟამად, კალკულატორი არ გამომიყენებია. ქვეშმიწერით გამოვიანგარიშე.

 

                                                                                                                თეიმურაზ სირაძე