„დანაშაულია, როცა არ შეასრულებ პირობას, რისთვისაც ხალხმა აგირჩია!“

m6

ილია ბარაბაძე ის ადამიანია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისთანავე მის მიერ დაფუძნებული სახალხო მოძრაობა _ „მესამე გზა“ გააუქმა და საკუთარი რესურსები კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას მოახმარა. „ქრონიკა+“-თან საუბარში ბარაბაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პერიოდში, მისი აქტიურობის გამო, უკანონოდ დააპატიმრეს, ამის შესახებ სიმართლის დადგენა ახლაც სურს, თუმცა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სურვილიც კი გაუქრა, სამართალდამცველებს მიმართოს. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება დანაშაულს სჩადის, რადგან არ ასრულებს იმ პირობას, რისთვისაც ხალხმა აირჩია.

ილია ბარაბაძე:

_ ადამიანის უფლებებისა და დაცვის საერთაშორისო კავშირის „ნდობის“ თავმჯდომარე ვარ და, შესაბამისად, ურთიერთობა მქონდა და მაქვს როგორც პატიმრებთან, ისე რიგით მოქალაქეებთან. 2010 წელს, ერთ დღეს, მოვიდა ჩემი მამიდაშვილი, ნუგზარ ქაროსანიძე და მითხრა, რომ ერთ-ერთი პოლიციელი თანამდებობის გადამეტებაზე გაასამართლეს, რადგან მას ემუქრებოდა დაპატიმრება, საქართველოდან გაიქცა და რუსეთს შეაფარა თავი. ნუგზარმა ამის გამო მთხოვა დახმარება, იქნებ, რამე ვუშველოთო. ადვოკატს, დისო ალანიას გადავეცი ეს საქმე. გაეცნო საქმის მასალებს და მითხრა, _ არაფერი გამოვა, ყველა პროცესი გავლილია, უზენაეს სასამართლოსაც კი განხილული აქვსო. ჩემს მამიდაშვილს გადავეცი ადვოკატის ნათქვამი. დაახლოებით 15 წუთში ოფისში მოვიდა მეორე ადვოკატი, თემურ მაისურაძე, რომელმაც თქვა: არ არსებობს საქმე, რომელშიც რამე ხელჩასაჭიდი არ იყოს და თუ თანხას გადაიხდის, ხელს მოვკიდებო. შეთანხმდნენ 300 დოლარზე. თემური წავიდა, უზენაესი სასამართლოდან გამოითხოვა საქმე და დაიწყო მუშაობა. როცა თემური ამ საქმის ძიებაში იყო, ვაფუძნებდი სახალხო მოძრაობა `მესამე გზას~ და ჩემთან უამრავი ხალხი მიდი-მოდიოდა. ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლება ბევრი ხალხი შემომეკრიბა.  ნუგზარი მპირდებოდა, თუ ეს საქმე გამოვა, მინიმუმ 1000 კაცი ჩვენი მომხრე გახდებაო. ოფისში ჩემი მეგობარი, ბეჟან უკლება იყო მოსული და ასეთი რამე მითხრა: ჩემი მეზობელია აფხაზეთის უზენაესი საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარის, თემურ მჟავიას ახლობელი და დაველაპარაკები, იქნებ დაგვეხმაროსო. ის პოლიციელი, რომლის დახმარებასაც ვცდილობდით, აფხაზეთიდან იყო დევნილი და მარტვილში ჩასახლებული. ნუგზარს და ბეჟანს ამაზე უკვე ულაპარაკიათ, მოვიდნენ და მითხრეს, ასე უფრო ადვილად მოგვარდება ეს საქმე და ვეტყვი იმ ჩემს მეზობელ ტარიელ ლომსაძეს, თუ დაეხმარებაო. მეორე დღეს უკვე ჩემთან ბეჟანი და ტარიელი მოვიდნენ, ვისაუბრეთ, წავიდნენ თემურ მჟავიასთან. მას უთქვამს, საქმე მომიტანეთო. თემურ მაისურაძეს დავურეკე და საბუთები გადასცა. თვენახევარიც არ გასულა და თემურ მჟავია თანამდებობიდან მოხსნეს. მჟავიას პირადად ჩემთვის ფული არ უთხოვია, ლომსაძე მოდიოდა, ხან 500, ხან 2000 დოლარი მიჰქონდა ნაწილ-ნაწილ, როცა ითხოვდა, ვურეკავდი ნუგზარს და მოჰქონდა.

თემურ მაისურაძეს რომ ჩავაბარეთ ეს საქმე, დაახლოებით 10 დღის შემდეგ ნუგზარ ქაროსანიძეს იმ პოლიციელის მეუღლისთვის, ვის საქმეზეც ვმუშაობდით, 20 000 დოლარი გამოურთმევია, თითქოს საქმეს აკეთებდა ჩემთან შეთანხმებით. მე ამ ქალბატონთან არანაირი ურთიერთობა არ მქონდა. როდესაც ტარიელი მოდიოდა და ამბობდა, რომ რაღაც თანხა იყო საჭირო, ვურეკავდი ნუგზარს და ფული ნაწილ-ნაწილ მოჰქონდა. ასე ვთქვათ, შუამავალი ვიყავი. მჟავია რომ მოხსნეს, ტარიელი ფულს კიდევ ითხოვდა და ამბობდა, 100%-იანი გაკეთდება ეს საქმეო. ეჭვი გამიჩნდა, ნუგზარი ჩამოვიყვანე, შენ თვითონ დაელაპარაკე, მე აღარ ვენდობი-მეთქი. ამ პერიოდში ჩემთან ოფისში დადიოდა ირაკლი ლებანიძე, მისი თანაკლასელია მამა დემეტრე დავითაშვილი, მეუბნებოდა, შინაურულად კეთდება, ეკლესიაში შეაქვთ თანხა ქველმოქმედებისთვის და ისინი შუამდგომლობას წერენ პატიმართა შეწყალებისთვისო. ხშირად მეუბნებოდა, მაგათგან არაფერი გამოვა და იქნებ, ამ გზას მიმართოო. შეძახილმა ხე გაახმოო, _ ნათქვამია, მეც ასე დამემართა, თან ამათგან საქმის გაკეთების იმედი უკვე აღარ მქონდა. ნუგზარი ჩამოვიყვანე, ტარიელთან დაილაპარაკა, მან 3000 დოლარი კიდევ მოითხოვა და თქვა: ერთ კვირაში ეს საქმე დამთავრდებაო. ნუგზარმა ეს თანხა ჩამოიტანა.

_ აღებული თანხა მიდიოდა თემურ მჟავიამდე?

_ ტარიელ ლომსაძეს მიჰქონდა თუ არა ეს თანხა მჟავიასთან, ამას ვერ დავადასტურებ. არ ვიცოდი, თურმე, ნუგზარს 20 000 დოლარი აუღია პოლიციელის მეუღლისგან და რაღაც ბიზნესში ჰქონია ჩადებული, ლომსაძესთან კი ნაწილ-ნაწილ მოჰქონდა, რა თანხასაც იტყოდა ხოლმე. გავიდა რამდენიმე თვე და ლომსაძე დაიკარგა. სხვათა შორის, ამ ფულიდან თემურ მჟავიამ 2000 დოლარი დააბრუნა, ლომსაძის ვალი მქონდაო. 6500 დოლარი დარჩა, მერე ლომსაძემ ნაწილ-ნაწილ 3000 დოლარი მოიტანა, 3000-ზე მეტი კიდევ დასაბრუნებელი აქვს. თანხა რომ არ დააბრუნა, ბანკიდან სესხი გამოვიტანე, მე გადავიხადე ის თანხა, რომელიც ტარიელის მხრიდან წავიდა ვითომ მჟავიასთან. ირაკლი ლებანიძეს მივეცი 3500 დოლარი, თითქოს ეკლესიიდან რომ უნდა გაეკეთებინა საქმე, ეს თანხაც მე გადავიხადე. ლებანიძე თაღლითი აღმოჩნდა, იმ პერიოდში პრობაციონერი ყოფილა, გამოძიებას კი სულ არ მოუკითხავს, რომ დაეკითხათ. აქ ერთი რამე იყო, _ ილია ბარაბაძე უნდა დაეჭირათ! ყველა ისარი ჩემკენ იყო მომართული, ჩემ სასარგებლოდ ვინც რამეს იტყოდა, ეუბნებოდნენ, _ გვერდით მიგისვამთო.

_ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა?

_ თავიდან არა, ბოლოს უნდოდათ ჩემი დაჭერა. 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, გავაუქმე სახალხო მოძრაობა „მესამე გზა“ და ვთქვი: ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ ივანიშვილს, თუ გადაარჩენს ქვეყანას, მხოლოდ ეს კაცია-მეთქი.   კოალიცია გავაკეთე, 10 პოლიტიკური პარტია გავაერთიანე და გია ბერძენიძეს ვუთხარი, გაძღოლოდა ამ საქმეს. პარალელურად, საპარლამენტო ფრაქციაში სიტყვით გამოვდიოდი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია ხშირად მიწვევდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა იყო, რომ 2-3 დღით ადრე გამოვიდა პრეზიდენტი სააკაშვილი და თქვა: საქართველოში უნდა ავაშენოთ სიდიდით მეორე ქალაქი ლაზიკა და დიდი ინვესტიციები ჩაიდებაო. ეს პერიოდი დაემთხვა საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტს. იმ საკითხზე რომ მოვრჩი ლაპარაკს, რაზედაც ვიყავი მიწვეული, ვთქვი, ლაზიკიდან ბოლოს დარჩება რაზმიკა, რადგან სომხეთის პრეზიდენტი იყო ჩამოსული და რა მოილაპარაკეს, კაცმა არ იცის, საქართველოს და ქართველებს მაგის ფული არ აქვთ, რომ კიდევ ერთი ქალაქი ააშენონ, მაშინ როცა მთაში სოფლები იცლება-მეთქი. ამ გამოსვლიდან 2-3 კვირაც არ გასულა, რომ დამიჭირეს. მარტვილიდან გამომძიებელი ჩამოვიდა და მეუბნება, _ დარიკო მეშველიანი გიჩივის, მისი ვალი გაქვსო. ვუთხარი, გადავუხადე-მეთქი თანხა. ამბობს, არ გადაუხდიაო. მეშველიანი იმ პოლიციელის მეუღლეა, ვის საქმესაც ვაკეთებდით. მივეცი ახსნა-განმარტება, წამოვედი და მეორედ დამიბარეს. დავეჭვდი, მაგრამ იმდენად ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში, რას წარმოვიდგენდი?! ამ ქალბატონმა მე და ნუგზარს გვიჩივლა. სასამართლოში ნუგზარისგან აიღეს გირაო 10 000 ლარი, როგორც ვიცი, ფული დღესაც არ გადაუხდია და გაუშვეს, მე 5000 შევთავაზე, მაგრამ არც კი განიხილეს ჩემი საკითხი. მომისაჯეს 1 წელი ციხე და 5 წელი პირობითი. სხვათა შორის, ჩემმა დაჭერამ თავისი შედეგი გამოიღო, კოალიცია რომ შევქმენი, დაიშალა, ბოლოს მე დავრჩი დაზარალებული. რომ ვეუბნებოდი გამომძიებელს, ბრალდებული კი არა, დაზარალებული ვარ-მეთქი… _ ეგ სასამართლოზე ილაპარაკეო. ამათი სასამართლო კიდევ რას გაითვალსიწინებდა?! სხვათა შორის, ციხეში ყოფნისას ჩემთან შემოვიდა თემურ მაისურაძე, რომელმაც განმიცხადა, _ ერთ-ერთ პარლამენტარს ველაპარაკე, მითხრა, ილიას იცნობ და იქნებ, მეორე საქმე იყოს მაგის წინააღმდეგ, ეს ერთი ვერ არის მყარიო, ამიტომ სანამ არჩევნები არ დამთავრდება, იცოდე, გარეთ არავინ გამოგიშვებსო.

_ ხელისუფლება ხომ შეიცვალა, არ სცადეთ სიმართლის დადგენა?

_ რაც ეს ხელისუფლება მოვიდა და რა ლოზუნგითაც მოვიდა, სამართლიანობის აღდგენას ვერ ვხედავ! 10-დან 9 ისევ ის პროკურორია, ისევ ის გამომძიებელია, ძალოვნები რჩებიან ისევ ხელისუფლებაში და ვის ვუჩივლო, საჩივარი სად შევიტანო?! ჟურნალისტების თანადგომა უფრო მჭირდება! ოქტომბერში ხომ მოვიდა ახალი ხელისუფლება, ნოემბერში გამოვედი ციხიდან, უდო შემეხო, მაგრამ ვერ შემაქვს ვერსად განცხადება სიმართლის დასადგენად. ვისი იმედი უნდა მქონდეს, ვერ ვხედავ! „ოცნება“ „ნაციონალებივით“ არ სჩადის ისეთ დანაშაულებს, მაგრამ ესეც დანაშაულია, როცა არ შეასრულებ პირობას, რისთვისაც ხალხმა აგირჩია!

 

                                                                                                     თამარ ბატიაშვილი