მწვანე კიტრი, მწიფე მსხალი და აცქა-ცუცქა მთავრობაში

m3

ხალხს უყვარს, როცა მინისტრებს ხსნიან. დიახ, ხალხს უყვარს, როცა მინისტრი, რომელიც გუშინ ცაში ხელებს ასავსავებდა და თავი მწვანე კიტრად მოჰქონდა, დღეს რომ მიწაზე ეზღნერთება მწიფე მსხალივით. უყვარს იმიტომ, რომ სწორედ ამ მინისტრების კისერზეა მისი ცხოვრების დონის დაქვეითება. სხვისა რა ვთქვა და ჩვენს ხელისუფალთ რომ ვუყურებ, ვფიქრობ, _ რა კარგია, რომ ყველაფერი და, მათ შორის, ძალაუფლებაც, წარმავალია.

სხვა რა დარჩენია მოსახლეობას, რომ გული ამით მაინცღა მოიოხოს? სხვათა შორის, შევარდნაძეს კარგად ჰქონდა დამუღამებული მინისტრების მოხსნა-გადაყენება, პოლიტიკურ ტემპერატურას რომ ცოტა აგრილებდა და არცთუ იშვიათად მიმართავდა კარუსელებს. ცვლიდა მინისტრებს, აქვეითებდა და ა. შ. მინისტრების ცვლას სააკაშვილიც ხშირად მიმართავდა, მეტიც, მის ხელში კიდევ უფრო გემოს ატანდა მოსახლეობა მინისტრების ცვლას. დიახ, სულ სხვაა, როცა მინისტრს უშვებენ და თან ემადლიერებიან და სულ სხვაა, როცა მას ღიად და საჯაროდ აპანღურებენ.

სწორედ ასე გააპანღურა მიხეილმა დღევანდელი ფინანსთა მინისტრი ხადური მთავრობიდან. დიახ, კი არ მიკიბა და მოკიბა, თანდაყოლილი სენი კი არ აღმოუჩინა გვიან ასაკში, გამოვიდა და გვამცნო: „დღეს გავაპანღურეთ მისი მოადგილე ხადური“.

ახლა რა ხდება? იწერება სკანდალური სტატიები „ქრონიკა+“-ში, სკანდალური სიუჟეტი გადის „ფრეშნიუსზე“, ხსნიან შავლიაშვილს და რას ვისმენთ? რომ, თურმე, ავად ყოფილა. საკმაოდ სერიოზული დაავადება აღმოუჩენიათ მისთვის. ამაში გასაკვირი არც არაფერი იქნებოდა და იქნებ, გვერწმუნა კიდეც ღარიბაშვილის ფიცის, მაგრამ თვითონვე გამოყო „ბოლო“, _ თურმე, ნუ იტყვით და ეს სენი თანდაყოლი ყოფილა. და ვინ დანიშნეს მის ადგილას? _ ნოდარ ჯავახიშვილი. არადა, ჟურნალისტებმა სწორედ 4 თვის წინ ჰკითხეს მას, იგეგმებოდა თუ არა ნოდარ ჯავახიშვილის დანიშვნა რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრად? მაშინ ღარიბაშვილმა ჟურნალისტები სკანდალების ძებნაში დაადანაშაულა. გამოხდა ხანი და ინფრასტრუქტურის მინისტრად სწორედ ჯავახიშვილი მოგვევლინა. მედიას მოელანდა 4 თვით ადრე ჯავახიშვილი მინისტრად? თუ სწორედ მაშინ, დეკემბრის ბოლოს დაიწყო ღარიბაშვილის გუნდის ოლიმპოდან მოსრიალების ეპოპეა? ბიძინამ ღარიბაშვილს შავლიაშვილი მოუხსნა, თუმც კი „ნა შჩოტ სტაროი დრუჟბი“ შავლიაშვილის წასვლა „გაუპრავა“ _ შავლიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და არ სჭირდება ამას ინსინუაციებიო, წარმატებული მინისტრი იყო და მის წინააღმდეგ ხელში არაფერი გვაქვს ჭორების მეტიო. თუ რამე რეალური ინფორმაცია გაქვთ, დარეკეთ GDS-ში და მე პირადად გავუძღვები ყველაფერს, ჩავყვები ბოლომდეო.

GDS-ში დარეკვა მართვის ახალი სტილია ევროპასა შინა…

არ გავიდა ერთი კვირაც და ახლა გარემოს დაცვის მინისტრი ხოკრიშვილი გადადგა. ესეც იგივე სკანდალებში გახვეული და ესეც ღარიბაშვილ-ჯანყარაშვილის ფრთის ლეგიონერი. მაგრამ რა გინდა, _ თქვა ვინმემ, რატომ მოხსნეს? თავად გადადგა და მიზეზად მონატრება დაასახელა, ოჯახის მონატრება. იმ ბრძენმა კაცმა სულ გენიალური პიროვნება და „მისთვის ყველაზე სიმპათიური მინისტრი“ ეძახა. ისევ ჟურნალისტები ჯირყვნა, _ რა აჟიოტაჟი ატეხეთ, რატომ შფოთავთ ასე, ერთი ავად გახდა, მეორეს ოჯახთან გაერთიანება მოუნდაო.

ვაჰ, მე, მიტუასა! ან კი როგორ გვიდგას პირში სული ამ მთავრობის ამხელა მსხვერპლით? ამ კაცს ოჯახი დაუთმია და წამოსულა, თეა წულუკიანს _ უზრუნველი სიბერე… ბარემ ისიც გადამდგარიყო და შეერთებოდა თავის უზრუნველ სიბერეს სტრასბურგში, მეშვიდე შეცვლილი მინისტრიც ის იქნებოდა და ყიფიანს გადადგომა აღარ მოუწევდა, მაგრამ მოუწია. მეშვიდე ყიფიანი გამოდგა და ჩამოიშალა ღარიბაშვილის მთავრობა. ბიძინამ აქაც შეაშველა ხელი და მოჰყვა ვიშვიშს, თუ როგორ ვერ შეარიგა ყიფიანი და სპორტის საპარლამენტო კომიტეტი. ახლა აღიარა, რომ ჩარევაც ვცადეო. არადა, წინასააღდგომოდ რომ შუშის სასახლეში   შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე და ვალერი გელაშვილი ეახლნენ და ინფორმაცია გავრცელდა, რომ მათ ყიფიანის გადაყენებაზე შეხვდა, იუარა, _ რას ამბობთ?! ჩემი მეგობრები არიან, დამდეგი აღდგომა მომილოცეს და კარგი წიგნი მაჩუქესო.

მოკლედ, ღარიბაშვილს წითელი აუნთო, „კეპკა“ უკუღმა დაახურა და კახური ანეკდოტისა არ იყოს, ვეღარ გაიგებდი, ეს ღარიბაშვილი მიდიოდა თუ მოდიოდა?

თვითონ კი იმუქრებოდა, არაფერიც არ ხდება, ამ ორ მინისტრს გამოვცვლი, სხვა ცვლილებები არ იგეგმება და ისევ გამოგვიცხადებენ ნდობასო. დიახ, ჯიუტად აცხადებდა, რომ მხოლოდ ამ ორ გადამდგარ მინისტრს შეცვლიდა. დიახ, მხოლოდ გარემოს დაცვისას და სპორტისას. როგორც ჩანს, ბატონმა ღარიბაშვილმა ლარი რომ გარბის, სპორტად ჩათვალა და სპორტის მინისტრის შეცვლით გადაწყვიტა ლარის პრობლემის მოგვარება. ხადურს ცივი ნიავიც არ მიაკარეს.

მაშ, ასე! სანახაობას „ერთი კაციც და გავდივართ“, _ ფრიად მოსაწყენი პირი უჩანდა. ღარიბაშვილი რიხით ამტკიცებდა, რომ 2 მინისტრის მეტს არ შეცვლიდა, გამოვიდა ბრიფინგზე და რა აღმოჩნდა? რომ 3 მინისტრს ცვლის. მათ შორის, თავდაცვის მინისტრს, რომელზედაც ამ ცოტა ხნის წინათ ომახიანად გვიმტკიცებდა, რომ შესანიშნავად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას და „ნაცების“ მოწოდებას მინისტრის გადადგომაზე სულ შეუსაბამოსა და უადგილოს ეძახდა.

არადა, მართლაც რა ქნას, როცა თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა მასზე ადრე მედიამ გაიგო? რა ქნას, თუკი მასაც ათი წუთით ადრე შეატყობინეს და დაანიშნინეს? ან იმ ბრძენმა კაცმა რა ქნას, იქნებ, არც იმას უნდოდა თინას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა, მაგრამ მთავრობას რომ 76 ხმა სჭირდება ნდობის ხელახლა გამოსაცხადებლად? როგორ გინდა მოაგროვო ეს 76 ხმა უალასანიოდ, „უნაცებოდ“ და ახლა კიდე „რესპუბლიკელების“ გარეშე? „რესპუბლიკელების“ ხმას ოქროს ფასი დაედო… დაედო და აღმოჩნდა ირაკლი ფრიად უხერხულ ვითარებასა შინა, მაგრამ განა შეიმჩნია? თავი ამაყად ასწია და დააბრიფინგა მთავრობის ახალი შემადგენლობა. გაზს მიაწვნენ და ქუთაისისკენაც გასწიეს, მაგრამ… მარგველაშვილმა „მიუტორმუზა“. კონსტიტუცია გამოიყენა და 1 კვირით გადაუდო ხელმოწერა და ისინიც კუდამოძუებულნი გამოემართნენ უკან, მაგრამ განა გატყდნენ? ცალკე წულუკიანია ქადაგად დავარდნილი, _ რა სიაც უდევს პრეზიდენტს, ის სია ექნება 7 დღის შემდეგაც და არაფერი შეიცვლებაო და ცალკე თვითონ ღარიბაშვილი გვიმტკიცებს, ახლად დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტი აღარ შეიცვლებაო.

მაგრამ ან წულუკიანი რას მოვა, ან ღარიბაშვილი ქალბატონ ხიდაშელის მიერ მოხსნილ რეკორდთან? რა ამაყად უთხრა ჟურნალისტებს, _ მე უკვე დანიშნული ვარ და პარლამენტის დამტკიცება აღარ მჭირდებაო? ნუთუ, გამინისტრებამ ისე დაახვია თავბრუ, რომ კონსტიტუცია, ყველა კანონი, რაც აქამდე სცოდნია, ერთად დაავიწყა? არა, ბატონებო. სიტყვებით ებურთავება მედიას. საქმე ის გახლავთ, რომ 1-ლ მაისს ის მართლაც დანიშნა ღარიბაშვილმა მინისტრად, ანუ დანიშნული იყო. და რაკი მთავრობაში 7 წევრი გამოიცვალა, მთავრობა საჭიროებს ნდობის გამოცხადებას პარლამენტის მიერ. ჟურნალისტმა კი დამტკიცება უთხრა და მანაც ეს დაიხვია ხელთ, რომ მას დამტკიცება არ სჭირდება, რამე რომ იყოს, მოგიტრიალდება და აქეთ ვალს დაგადებს, _ ისწავლეთ განსხვავება დამტკიცებასა და ნდობის გამოცხადებას შორისო.

და ის სულ არ აღელვებს, რომ ეს სიტყვებით თამაშია და მას არც ნდობაგამოუცხადებლად შეეძლო იმ შეხვედრების ჩატარება, რაც ჩაატარა გენშტაბის უფროსთან. და კიდევ: თუკი უკვე მინისტრი იყო, რაღას იჯდა პარლამენტში, როგორც პარლამენტის წევრი? ეს სადაური კანონია, თან პარლამენტარი იყო და თან მინისტრი?

ისე, ჩვენში დარჩეს და რას ვერჩით თინას? სიტყვებით მანიპულირებასაც რომ მოვეშვათ, ტყუილი რა თქვა? იგი უკვე დანიშნულიცაა და დამტკიცებულიც და ნდობაგამოცხადებულიც. რომელი კანონის ძალით? რომელიც მოქმედებს ბიძინას ჯამაჰირიაში! დიახ, ასეთია იმ ბრძენი კაცის ნება და დემოკრატია და პროცედურული მიეთ-მოეთი რა აინუნში ჩასაგდებია? აბა, რა ჰქვია იმას, რომ თვითონ პრემიერს ატყობინებენ მთავრობის შემადგენლობას, პრეზიდენტთან კონსულტაციას არ გადიან და უბრალოდ ამბად აგებინებენ და არც პარლამენტს ელოდებიან, რომ ნდობას გამოუცხადებს თუ არა? ესაა მთავარი უბედურება, მთავარი შოკი, თორემ ის მართლაც შოკუნიაა ამასთან შედარებით, როგორც დაწინაურდა ხიდაშელი თავადცვის მინისტრად. როგორ? გამოვიდა და თქვა: „ჩემი და ივანიშვილის ღირებულებათა სისტემა ერთმანეთს ემთხვევა“… ამასთან ერთად, შეადარა ის ბრძენი კაცი ბენ აფლეკს და მიიღო სახელო. როგორც ჩანს, ძალიან ეამა იმ ბრძენ კაცს. რა საინტერესოა, რა პოსტს მიიღებდა ქალბატონი თინა, ბიძინა რომ მარლონ ბრანდოდ გამოეცხადებინა? ასევე შოკუნიაა და არა შოკი ისიც, პოსტს რომ ხმების სანაცვლოდ იღებენ მთავრობაში. მთავარი შოკი მართვის სტილია. ესაა თვისობრივად ახალი გამოწვევა საქართველოს დამოუკიდებლობის 25-წლიან ისტორიაში. იყო გამსახურდია? მართავდა, დაამხეს და მორჩა მისი მმართველობა. მოვიდა ხელისუფლებაში შევარდნაძე და მართავდა. განდევნეს რევოლუციით და იქ დაესვა წერტილი მის მმართველობას. სააკაშვილმა ამოწურა ვადა და იქ დაესვა წერტილი მის მმართველობას. ეს? წავიდა სამოქალაქო სექტორში და იქიდან გვმართავს? ქვეყანა ვართ, თუ კომპანია, რომელსაც დაქირავებულ მენეჯერს ამართინებს და როცა უნდა, ახალისებს, როცა უნდა, ტუქსავს? მეტყვით, პრემიერიც, მინისტრებიც დაქირავებული მენეჯერები არიანო. კი, ოღონდ ხალხისგან და არა ერთი მოქალაქისგან. და როცა ეს ყველაფერი ასეა, როგორცაა, მართლა რა მნიშვნელობა აქვს, ან პრემიერი ვინ იქნება, ან თავდაცვის, ან გაღმა შედავების მინისტრი? ესაა, თორემ ჯანელიძე რომ მოსახსნელი იყო, ამას ნიცშეში ჩაღრმავება არ სჭირდება. სულ რამდენიმე თვე იყო მინისტრად და ორად-ორი რამ მოახერხა _ შეურაცხყოფა მიაყენა იქ, უკრაინაში დაღუპულ გმირს და მერე აქ ყველა გმირს, როცა მათ ცხედრებს „დნმ-ის ანალიზისთვის აღებული ნიმუშები“ უწოდა.

მოხსნეს, მაგრამ ვერც მის მოხსნას ჩავატანეთ გემო. ისევ მთავრობაში დატოვეს, იმ პოსტზე, რა პოსტზეც გამინისტრებამდე იყო.

რა ფასი აქვს ახლა მთელ ამ აცქა-ცუცქას?

ჰო, მართლა, არ დამავიწყდეს, ხადური არსად დაგეკარგოთ, ხელახლა ენდეთ და ერთი კარგად შებრაწული ზაქიც მიართვით ფეშქაშად. აბა, ციკანი რაღას ეყოფა ამდენჯერ ნდობა გამოცხადებულს?..

 

                                                                                                             რეზო შატაკიშვილი