„ნაციონალური“ ეგზეკუცია აჭარის ხელოვნების მუზეუმში

m1

დღეს, როდესაც ქართული კულტურა იაფფასიან გზაზე დადგა და „ბრავოს“ უადგილო წამოყვირებამ ოქროს ფასი დაიდო და ასევე საეჭვო „ხელოვნება“ მისაბაძი გახდა, ეს წერილი სწორედაც რომ დროული იქნება…

იმხანებში აჭარაში ქართული კულტურისადმი გაცილებით სხვა მიდგომები ჰქონდათ და ამიტომაც იყო, რომ ვისაც ერის მომავალზე გული შესტკიოდა, მაშინ არცთუ უსაფრთხო გზით ბათუმს მოემართებოდა…

საქართველოს უპირველეს ტელევიზიაში, ისევე როგორც „რუსთავი 2“-სა და სხვა დანარჩენ მედიასაშუალებებში, აჭარაში მიმდინარე პროცესები ნეგატიურ ჭრილში განიხილებოდა, რადგან ეს მაშინდელი ხელისუფლების დაკვეთა იყო და ჩემი კოლეგები ამ საქმეს საშურად ასრულებდნენ…

დაახლოებით 2000 წელია, ქართველ მაყურებელს კარგად ახსოვს პროგრამა „ალიონი“, რომელსაც ბატონი ოთარ შაორშაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო მთავარი რედაქტორი ბატონი ვახტანგ (გოჩა) ხუნდაძე გახლდათ. რამდენიმე დღის წინ სწორედ ბატონმა გოჩამ მიამბო ერთი ისტორია, რომელმაც არ შეიძლება, რომ ქართველი მკითხველი გულგრილი დატოვოს:

`აჭარაზე ნეგატიური სიუჟეტები გადიოდა, ჰოდა, ერთხელაც, ვთქვი, _ მოდით, გავაკეთოთ სიუჟეტები იმ კეთილ საქმეებზეც, რომელიც აჭარაში ხდება, მაგალითად, გემთმშენებელ ქარხანაზე, საავიაციოზე, ანდა, სულაც, ასლანის მიერ აშენებულ ძაღლსაშენზე, სადაც უნიკალური ჯიშის ძაღლები ბინადრობენ-მეთქი… მოეწონათ ჩემი იდეა და მართლაც, ბათუმში გავაგზავნეთ ახალგაზრდა ჟურნალისტი, ლაშა გაგოშიძე, რომელსაც კალამიც უჭრიდა და კარგი სიუჟეტების გაკეთებაც ხელეწიფებოდა.

ჩავიდა ჩვენი ჟურნალისტი ბათუმში, შეხვდა ასლან აბაშიძეს და მოხდა ასეთი რამ, _ ვიდრე სიუჟეტის მომზადებას დაიწყებდნენ, ასლან აბაშიძეს ლაშა გაგოშიძისთვის გამოუკითხავს, ვინ იყო, ვინ ჰყავდა მშობლები და ა. შ. როცა ბატონ ასლანს შეუტყვია, რომ ჩვენი ჟურნალისტი, ლაშა გაგოშიძე, ობოლი ყოფილა და მისი მამა კი ცნობილი მხატვარი, გურამ გაგოშიძე, უთქვამს, _ მე შენ გამოფენასაც გაგიკეთებ და კატალოგსაც გამოვცემ მამაშენის უკვდავსაყოფადო… სიხარულისგან გაგიჟდა ეს ჩვენი კორესპონდენტი და მართლაც, ისეთი თბილი სიუჟეტი მოამზადა, გულგრილი არავინ დაუტოვებია. ასლან აბაშიძემ, როგორც სიტყვის კაცმა, დანაპირები შეასრულა! ჰოდა, მოხდა ის, რომ ბათუმში მიგვიპატიჟა, შემდეგ ორი ავტობუსით ბათუმამდე ჩაგვიყვანა. ჩვენთან ერთად ლაშას მამის მეგობარი, მსახიობი ზურაბ ქაფიანიძეც წამოვიდა და ვთქვი კიდეც ბანკეტზე, _ ასლან აბაშიძეს გაუმარჯოს, ამ ობოლი ბავშვის გახარებისთვის-მეთქი!.. უყვარდა ბატონ ასლანს კულტურის ქომაგობა, თავადაც დახვეწილი გემოვნება ჰქონდა და რა გასაკვირია, რომ ისე მოქცეულიყო, როგორადაც „ალიონის“ ჟურნალისტს, ლაშა გაგოშიძეს მოექცა“.

ამ ისტორიის გადასამოწმებლად თავად ლაშა გაგოშიძეს დავუკავშირდით და მან არათუ დაადასტურა აღნიშნული ისტორია, არამედ უფრო მეტიც გვიამბო:

„დიახ, ასე იყო, ზუსტად ასე, ბატონმა ასლანმა მითხრა, ისეთი კარგი მხატვარი მამა გყავს, ისეთი ეროვნული სულის ნახატები უხატია, მის კატალოგს როგორ არ დავბეჭდავო?!. მაშინ ისეთი გაჭირვება იყო, არათუ კატალოგზე, გამოფენის მოწყობაზეც ზედმეტი იყო საუბარი, მაგრამ ამ დიდსულოვანმა ადამიანმა ქუთაისიდან ბათუმში ნამუშევრები ისე ციმციმ ჩაატანინა, ისე ფრთხილად შეფუთეს და წაიღეს ყველაფერი, აი, უდიდესი მხატვრების ნამუშევრების გადაადგილება რომ გვინახავს კინოფილმებში.

ჩვენი შეხვედრის დროს მაშინვე დაუძახა ბათუმის მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ ნინო ნიჟარაძეს, რომელიც, იმავდროულად, არაჩვეულებრივი მხატვარიცაა და უთხრა, რომ კატალოგის გამოცემაში აქტიურად ჩაერთეთ და მომახსენეთო!.. რაც შეეხება ჩემ მიერ გაკეთებულ სიუჟეტს, ვიცი, რომ ძალიან მოეწონა და ისიც ვიცი, რაც თქვა ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ. ბატონ ასლანს ასე უთქვამს: „თბილისიდან სულ ნეგატიური მასალები იბეჭდება ჩემ შესახებ, ტელევიზიით ათას სისაძაგლეს მაბრალებენ და ნამდვილად არ მოველოდი, საქართველოს ტელევიზიის „პირველი არხი“ ასეთ სიურპრიზს თუ მომიმზადებდაო… არადა, მართლაც ძალიან კარგი და თბილი სიუჟეტი გამოვიდა. ბატონ ასლანს უნდა უმადლოდეს საქართველო კავკასიური ჯიშის ნაგაზის პროპაგანდას და მისი გადარჩენისათვის პირობების შექმნას. გარდა კავკასიური ნაგაზებისა, ბათუმის ძაღლსაშენში უამრავი უნიკალური ჯიშის ძაღლი ბინადრობდა და სიუჟეტის მომზადება დიდ სირთულეს არც წარმოადგენდა, ყველაფერი ხელის გულზე იდო…“

ძვირფასო მკითხველო, რაც ზემოთ მოგახსენეთ, სულ მცირედია იმასთან დაკავშირებით, რასაც ქვემოთ დავწერ. მთელმა საქართველომ იცის, რომ გაჭირვების წლებში, ხელოვნების ნიმუშების გარდა, ათასი სხვა ღირებული ნივთი ბათუმში ჩამოჰქონდათ გასაყიდად ამ ნივთების პატრონებს თუ შუამავლებს… ისიც მოგახსენეთ, რომ მხატვრული ტილოების შესაძენად და შემდეგ მათი ბათუმის ხელოვნების მუზეუმისათვის გადასაცემად გამოფენა-გაყიდვები იმართებოდა. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ასლან აბაშიძესთან დაახლოებული ადამიანების წყალობით, ისეთი შედევრებიც კი ჩამოუტანიათ ბათუმში, რომლის არსებობას საქართველოში ძნელად თუ დაიჯერებდა ვინმე…

დღეს მინდა გესაუბროთ გენიალური ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ჟანრული პეიზაჟის ერთ-ერთ შედევრზე, რომელსაც ნიკალამ დაარქვა „ქალი წველის ძროხას“. დიახ, დიდი ფიროსმანის ეს ტილო სწორედ ასლან აბაშიძის მეშვეობით გადაეცა ბათუმის ხელოვნების მუზეუმს, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ 2004 წლის 6 მაისის აჭარის რევოლუციის შემდეგ ფიროსმანის შედევრს საფრთხე დაემუქრებოდა და სააკაშვილის „ოხრანკა“ გაბედავდა მისი მუზეუმიდან გატანის მცდელობასაც კი?!. ვისაც ეჭვი ეპარება ამ ისტორიის სიმართლეში, კარგად მოიკითხოს, ხოლო მე იმას გიყვებით, რაც თავად მუზეუმის დირექტორმა, ქართველმა მხატვარმა, უნიჭიერესმა ნინო ნიჟარაძემ მიამბო…

_ ქალბატონო ნინო, თუ გახსოვთ, მე იმ დღეებშიც შეგეხმიანეთ და გკითხეთ, ბათუმის ხელოვნების მუზეუმიდან რამე ნამუშევარი ხომ არ გაუტანიათ რევოლუციის „ბელადებს“-მეთქი?!. აღმოჩნდა, რომ აჭარის უზენაესი საბჭოდან არაერთი ცნობილი მხატვრის შედევრი გაქრა და როგორ დავიჯერო, ბათუმის ხელოვნების მუზეუმიდან არ მოისურვეს რომელიმე ნამუშევრის გატანა-მეთქი?!. გაგახსენდათ, ხომ?

_ იცით, რა, იყვნენ, როგორ არ იყვნენ, უნდოდათ კიდეც წაღება, მაგრამ მე დროულად მივიღე სწორი გადაწყვეტილება და დავრეკე იქ, სადაც არ ელოდებოდნენ…

_ ვინ მოვიდა, ქალბატონო ნინო, გახსოვთ?

_ როგორ არ მახსოვს, ბატონი გოკა გაბაშვილი იყო მოსული ჩემთვის უცნობ მამაკაცთან ერთად და როდესაც აქაურობას ათვალიერებდა, გაკვირვება ვერ დამალა, _ რა კარგი ნამუშევრების კოლექცია გქონიათო! ხოლო როდესაც ფიროსმანიც აღმოაჩინა ჩვენს მუზეუმში, აი, მაშინ კი თქვა, _ ჩვენ, ალბათ, თბილისში გადავიტანთ ამ ნახატსო… გადავირიე და შევეკამათე, _ როგორ, თუ წაიღებთ, ეს ხომ ამ მუზეუმის საკუთრებაა, ეს როგორ შეიძლება მოხდეს-მეთქი?!. გაოგნებული ვუსმენდი, მაგრამ მიუხედავად სიტუაციისა, მთელი ძალა მოვიკრიბე და მაგრად დავდექი. ისიც მახსოვს, ვუთხარი, _ ეს ნახატი ჩვენ ასლან აბაშიძის ფონდმა გვიყიდა, ჩვენს საკუთრებას წარმოადგენს და არავითარ შემთხვევაში არ გაგატანთ-მეთქი!.. შემდეგ მოვიდა ჩემთვის უცნობი ქალბატონი, ვინმე თათა, რომელმაც გამაოგნებელი რამ თქვა: „ჩვენი ინფორმაციით, ფიროსმანის ამ ნამუშევრის მფლობელისთვის ასლან აბაშიძეს ფული ბოლომდე არ გადაუხდია, ნახატს წავიღებთ, შევისწავლით ამ საქმეს და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, უკან დაგიბრუნებთო!..“

_ იმ ქალბატონის გვარი არ გახსოვთ?

_ არა, თათა რომ ერქვა ისიც მაშინ გავიგე, როდესაც გოკა გაბაშვილმა მიმართა, _ თათა, ნახე, ამათ ფიროსმანიც ჰქონიათო…

_ ქალბატონო ნინო, თქვენ არც შეიძლებოდა გცოდნოდათ, ვინ იყო ქალბატონი თათა, მაგრამ მე გეტყვით: ეს გახლდათ თათა ქვარიანი, რომელიც გოკა გაბაშვილთან მართლაც მუშაობდა, მაგრამ ამჟამად გარდაცვლილია…

_ არ ვიცი ეგ ისტორია, მე მხოლოდ იმას გეუბნებით, რაც ვიცი. როგორც გითხარით, ძალა მოვიკრიბე და თავს შეპასუხების უფლებაც კი მივეცი და სწორედ ქალბატონი თათას ამ ფრაზის შემდეგ ვთქვი, _ გამორიცხულია, ბატონ ასლან აბაშიძეს ასეთი უღირსი საქციელი ჩაედინა და ჩემი ინფორმაციით, ფიროსმანის ნახატში, რომელსაც ახლა თქვენ თბილისში წაღებას უპირებთ, მფლობელს იმაზე მეტი გადაუხადა, ვიდრე ითხოვდა-მეთქი. მართლაც, ჩემი ინფორმაციით, ის ოჯახი დღემდე ამ გაყიდული ნახატიდან მიღებული ჰონორარით ცხოვრობს. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ჩემმა და ჩემი კოლექტივის პრინციპულობამ თავისი ნაყოფი გამოიღო. შესაძლოა, თავადაც მიხვდნენ, რომ მათ ამ ქმედებას სკანდალი მოჰყვებოდა და როგორც მოვიდნენ, ისე წავიდნენ…

_ ქალბატონო ნინო, თქვენ შესანიშნავად მოგეხსენებათ, რომ აჭარის უზენაეს საბჭოში არაერთი ცნობილი მხატვრის შედევრი იყო დაცული ინტერიერის გასალამაზებლად. ეს ნამუშევრები სხვადასხვა დროს გასაყიდად ჩამოჰქონდათ. თქვენც ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი?..

_ (იღიმება) ირინა, გენაცვალე, როგორ არ მახსოვს, თითოეული ნამუშევარი მახსოვს, რადგან როდესაც ბატონი ასლანი რამე ნახატის შეძენას დააპირებდა, გვეძახდა და მეტიც, იმ კომისიაში განიხილებოდა რომელიმე ნამუშევრის შეძენა, რომელშიც მეც გახლდით…

_ ქალბატონო ნინო, ალბათ, აჭარის ხელოვნების მუზეუმს გადმოეცა ის ნამუშევრები, რომელიც იქ, აჭარის უზენაეს საბჭოში იყო დაცული, ხომ?..

_ რომ ვთქვა, სრულად გადმოგვცეს-თქო, მოვიტყუები. როდესაც 2004 წლის 6 მაისის მოვლენები მოხდა, რამდენიმე კვირაში დაგვიძახეს, აგვიყვანეს აჭარის უზენაესი საბჭოს სხვენში და შემოგვთავაზეს, რაც მოგეწონებათ, შეარჩიეთ და ოფიციალურად გადმოგეცემათო!.. რასაკვირველია, ეს შემოთავაზება ძალიან გაგვეხარდა და შევარჩიეთ რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც აჭარის ხელოვნების მუზეუმისათვის წამოვიღეთ კიდეც. აი, აქ მაქვს ჩამონათვალი იმ ავტორებისა, რომელთა ნამუშევრებიც გადმოგვცეს ოფიციალურად მიღება-ჩაბარების აქტით, თუმცა ვიმეორებ, რომ აჭარის უზენაეს საბჭოში გაცილებით ღირებული ნამუშევრები ინახებოდა…

_ რა ვიცი, „ნაციონალები“ გაჰყვიროდნენ, ასლან აბაშიძემ ყველაფერი თან წაიღოო და თქვენ ამბობთ, რომ აჭარის უზენაესი საბჭოს სხვენი სავსე იყო სხვადასხვა ნივთით, რომელიც, თავის დროზე, ასლან აბაშიძის ფონდმა შეიძინა, ბატონი ასლანისათვის საჩუქრად ჰქონდათ მირთმეული და ა.შ.

_ რას ბრძანებთ, არაფერიც არ წაუღია. ხომ გითხარით, როცა სხვენში ავედით, იქაურობა სავსე იყო და მეტიც, ერთმანეთზე ელაგა ნივთები, რომელიც, როგორც პირადად მისი, ასევე აჭარის საკუთრებას წარმოადგენდა. ჩემი ყურადღება მიიპყრო არაჩვეულებრივმა ალბომმა, რომელიც ლეონარდო და ვინჩის შემოქმედებას ასახავდა. ამას ხომ არ დავტოვებდი და კომისიის თავმჯდომარეს კიდეც ვკითხე, _ შეიძლება, ჩვენ წავიღოთ-მეთქი?!. მაშინვე მიპასუხა, _ რასაკვირველია, აბა, სხვა ამას ყურადღებას ხომ არ მიაქცევსო!.. ჰოდა, კიდეც წამოვიღეთ და აი, ახლა თქვენ პირდაპირ დევს გამოსაჩენ ადგილას. საერთოდ, ასლან აბაშიძეს დახვეწილი გემოვნება ჰქონდა და მინდა გითხრათ ისიც, რომ მე მომწონდა მის მიერ რეკომენდირებული და შესაძენად კომისიაზე გამოტანილი ნამუშევრები. ბევრმა არც ის იცის, რომ ბატონი ასლანი თავადაც მშვენივრად ხატავდა, როგორც გრაფიკაში, ისე აკვარელით…

_ მე მაქვს მისი ნამუშევრები ნანახი და მინდა გითხრათ, რომ მართლაც კარგად ხატავს… ქალბატონო ნინო, თუ შეიძლება მითხრათ, რა ნამუშევრები წამოიღეთ და შეარჩიეთ აჭარის უზენაესი საბჭოს სხვენში, როდესაც დაგიძახეს და შემოგთავაზეს, შეარჩიეთ და გადმოგცემთო?..

_ აი, აქ მაქვს, უკვე გაგიმზადეთ ის ჩამონათვალი, რომელიც ოფიციალურად გადმოგვეცა. ეს გახლავთ: კერამიკული ფილა „ქალი დაირით“; კერამიკული ფილა „ქალი წითელი მოსასხამით“; უცნობი ავტორის რეკონსტრუქცია „იდილია“; ლევი ბაიახჩევის „ძველი თბილისი“; ირაკლი ოჩიაურის „ქალიშვილი ბროწეულებით“; ვან სეერის „იალქნიანი ნავები“ (ასლი); დავით კაკაბაძის ნამუშევარი სერიიდან „პარიზი“; ნახშირსა და ფანქარში შესრულებული რუსუდან ფეტვიაშვილის კომპოზიცია; ეფრონტის „ქალის პორტრეტი“; უცნობი ავტორის „მამაკაცი აღმოსავლურ სამოსში“; სერგო ქობულაძის ტუშით შესრულებული „ქალიშვილის პორტრეტი“; ლადო გუდიაშვილის „ცეკვა“ (ესკიზია ფრესკისთვის); გიორგი ოჩიაურის „ცხენოსნები“; გიორგი ოჩიაურის „პეიჟაზი“; ვლადიმერ დარსაველიძის „ბათუმის პორტი“; ორი ნამუშევარი, ანრი მატისის რეპროდუქცია; გივი გულისაშვილის „ცხენების ბანაობა“; ლეიცკერტის „ზამთრის საღამ“, „ოდალისკა“ (ავტოგრაფი არ იკითხება); საკიტი „გაშიშვლებული“; გიგო გაბაშვილის „ცხენოსანი ქურთი“; ლადო ტატიშვილის „ქალი წითელი ბაფთებით“; გოჩა ყაჭეიშვილის „გოგონას პორტრეტი“; ნინო ნიჟარაძის, ანუ ჩემი ორი ნატურმორტი; ვახტანგ ბესელიას პასტელით შესრულებული „ბათუმი“, ანტონ მაურერის „მთვარიანი ღამე“ და რეპროდუქცია „იდილია“. აი, სულ ეს არის, რაც მივიღეთ, თუმცა ასევე ოფიციალურად, მიღება-ჩაბარების აქტით, გადმოგვეცა თემო გოცაძის ფერწერული ტილო „მზის ნარქენი“. მე თქვენ გადმოგცემთ ამ დოკუმენტებს და, კი ბატონო, რაც მივიღეთ, ყველაფერი წარმოგიდგინეთ. ამის მეტი არაფერი ვიცი, რა მოხდა და ვინ სად რა წაიღო. თუმცა ვიცი, რომ ბათუმში დასადგმელი მშვენიერი მცირე ზომის ქანდაკებები თბილისში რამდენიმე ჩინოვნიკის ეზო-გარემოს ამშვენებს და რა ვიცი, აბა, კარგია ასეთი საქციელი?!.

_ ქალბატონო ნინო, მინიატურული ქანდაკებები და ხელოვნების შედევრები კი არა, დიდძარიან მანქანებზე, აუარება ნადავლზე ზემოთ დადებული, ამოთხრილი პალმები არ გინახავთ, თორემ, ეს აღარ გაგიკვირდებოდათ. სხვათა შორის, ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს ზოგიერთი ჟურნალისტის არქივში. დიდი მადლობა თქვენ საინტერესო ისტორიის მოყოლისთვის.

აბა, „ნაცებო“, გვიპასუხეთ ახლა, ტყუილს ამბობს ქალბატონი ნინო ნიჟარაძე, ფიროსმანის ტილო, „ქალი წველის ძროხას“-თან დაკავშირებით?.. რასაკვირველია, თქვენ უარყოფთ, მაგრამ ფაქტი ხომ ჯიუტია?! აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შენობიდან როცა გაზიდეთ ის, რაც ღირებული იყო, მართლაც მიბრძანდით აჭარის ხელოვნების მუზეუმში და ამის მომსწრე არაერთი ადამიანია. დიახ, თქვენ გინდოდათ წამოგეღოთ ფიროსმანის შედევრი და შემდეგ რა გზასაც გაუყენებდით, ადვილი გამოსაცნობია, რადგან სწორედ ასე მოექეცით საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცულ არაერთ შედევრს და დღეს საქართველოს ეს სიმდიდრე რომ აღარ გააჩნია, სწორედ თქვენი მოღვაწეობის „დამსახურებაა“!.. ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, აჭარის უზენაესი საბჭოს სხვენიდან აჭარის ხელოვნების მუზეუმს შვიდი ერთეული მოლბერტი რომ გადაეცით, ის მოლბერტები რისთვის ჰქონდა ასლან აბაშიძეს შენახული, შემთხვევით? იქნებ სწორედ მაგ მოლბერტებზე იდო ის შედევრები, რომელიც თქვენ გააქრეთ იქიდან?!. როდის უნდა დაიწყოს თქვენი დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ არაერთი უნიკალური ხელოვნების ნიმუშის ქვეყნიდან გატანის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გამოძიება, არ ვიცი, მაგრამ ის, რაც თქვენ აჭარიდან გაზიდეთ, ხომ ხედავთ, რომ ნელ-ნელა სააშკარაოზე გამოდის?.. თქვენ რომ ხელოვნების სიყვარული გქონოდათ, თქვენ რომ მათი ქომაგი ყოფილიყავით, სხვენში კი არ აიტანდით ძვირფას ნივთებს, არამედ მართლაც დანიშნულებისამებრ გადაანაწილებდით და მინდა გითხრათ, რომ ის, რაც აჭარის ხელოვნების მუზეუმს გადაეცით, მხოლოდ ნარჩენი იყო იმ სიმდიდრისა, რაც სინამდვილეში წლების განმავლობაში გროვდებოდა ხელოვნების მუზეუმისათვის და ის წიგნებიც, რომლებიც იქიდან დაიტაცეთ, სწორედაც რომ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისთვის იყო გადასაცემად გამზადებული!!! მაგრამ ვერ ამოივსო თქვენი კუჭი და მადა, სახლებში წაიღეთ ყველაფერი, თუმცა გპირდებით, რომ არ შეგრჩებათ, დღეს იქნება თუ ხვალ, ნათელი მოეფინება თქვენ მიერ ჩადენილ დანაშაულებებს და სასამართლო, რომელიც ევროპაში აუცილებლად ასლან აბაშიძის სასარგებლოდ დამთავრდება, იმაზე მეტს იტყვის, ვიდრე დღეს აქ დაიწერა! ასლან აბაშიძეს საქართველოდან არაფერი წაუღია გულისტკივილის მეტი! გულისტკივილი იყო ის, რომ თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში და დაამკვიდრეთ ის მდარე გემოვნება, რომელსაც უადგილო „ბრავო“ და „ბისი“ მოჰყვებოდა. რა შეჰქმენით თქვენ ღირებული, „ქეთო და კოტე“, „ვერის უბნის მელოდიები“, თუ რა?!. ასლან აბაშიძის დროინდელი აჭარა ხელოვნების თავშესაფრად იყო ქცეული, არც ბიძინა ივანიშვილი იცოდა საქართველომ და არც ბადრი პატარკაციშვილი, ასლანი ქველმოქმედებდა, ასლანი ეხმარებოდა და ედგა გვერდით იმ ხელოვანებს, ვინც ჭეშმარიტ ხელოვნებას ქმნიდა და ვინც ღირსეულთა ჩამონათვალში ვერ მოხვდა. სწორედ, აი, ის ინტელიგენცია უპირისპირდებოდა და ილანძღებოდა, _ „რა საშინელებაა ბათუმში დადგმული „აბესალომი“, „რა გოიმობაა ბავშვთა ოპერა“, „სირცხვილი ჩვენს მომღერლებს, ბათუმის სცენაზე რომ დგანანო“ და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი ტალახი ესროლეს მას იმ წლებში. არადა, საქართველოში დიდი ხანია, ისეთი სპექტაკლები აღარ დადგმულა (როგორც სანახაობრივად, ისე პროფესიული თვალსაზრისით), როგორიც მაშინ ბათუმის თეატრის სცენაზე იდგმებოდა!!! ხომ გახსოვთ, როგორ წუხდით, რას უშვრება ასლან აბაშიძე ამ ბავშვებს, როგორ შეიძლება მათთვის ოპერის არიის სიმღერა, ხმები დაეკარგებათო და გაგქონდათ ვაი და ვიში… აბა, რომელს დაეკარგა, ნიკო ბერიძეს, თუ თამუნა ხალვაშს?!. ისინი ხომ დღეს წარმატებული მომღერლები არიან და დღეს ყველას მოგწონთ?!.

საგუნდო კაპელა, რომელიც საქართველოში საუკეთესოდ იყო აღიარებული, ვისი ხელშეწყობით შეიქმნა, იქნებ, ისიც გაგეხსენებინათ?!.. ვინ შეუწყო ხელი თამრიკო ჯავახიშვილს, თავისი უნიკალური ხმა და ნიჭი საქართველოს საზღვრებს გარეთ გაეტანა?!. იქნებ, ისიც მოგეკითხათ, სუხიშვილების საიუბილეო ალბომი „ქართული ბალეტი“ ვისი დაფინანსებით დაიბეჭდა?!. კინოფესტივალები,  ქართული თეატრის დღეები, პოეზიისა და ლიტერატურის საიუბილეო გამოცემები ვისი ხელშეწყობით იბეჭდებოდა და ხორციელდებოდა?!. და თქვენ, ყოველივე ამის შემდეგ, გამოდიხართ და გაჰყვირიხართ, ასლან აბაშიძემ საქართველო დააქცია და აჭარის საქართველოდან გამოყოფას ცდილობდაო?!. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასლან აბაშიძისნაირი პატრიოტი ბოლო 50 წელია, საქართველოს არ ჰყოლია! აი, ვინ შემოაქსოვა აბჯარი აჭარას იმისათვის, რომ ძლივს მობრუნებული კვლავაც დედასაქართველოსთან ყოფილიყო, ეს ყველაფერი კი, რაც ჩამოვთვალე, იოტისოდენაა იმ ღვაწლთან შედარებით, რაც მას გაუკეთებია!

მალე სტრასბურგის სასამართლო იმ საქმის განხილვას დაიწყებს, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის ხელისუფლებამ მას 16-წლიანი პატიმრობა და 60 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა… აქვე ერთ კითხვას დავსვამ, _ ქართველებო, ნუთუ, თქვენ გჯერათ იმ სიმართლის, რასაც სააკაშვილის დროინდელი საქართველოს სასამართლო მიზანში ამოღებულ ადამიანებს უსჯიდა?!. რატომ ამოიღო პოლიტპატიმართა სიიდან ასლან აბაშიძის სახელი და გვარი `ოცნების~ პარლამენტმა მაშინ, როცა დღევანდელი პარლამენტარებიდან არაერთი ადამიანი ასლან აბაშიძის კარზე ხელგაწვდილი და ჰონორარმიცემული მინახავს?!. მოვა დრო და მათ სახელსა და გვარებს ჩამოვთვლი, იმასაც ვიტყვი, ვინ რას ითხოვდა და ბოლოს იმასაც ვიტყვი, ზოგიერთი დეპუტატის ოჯახის წევრი ვისი წყალობით გადიოდა საზღვარგარეთ, რათა იქ ღირსეული კარიერა შეექმნა…

მოსაყოლის მეტი რა მაქვს? ეშინოდეთ მათ, ვინც იცის, რომ მეც ვიცი ის, რაც ჰგონიათ, რომ მარტო თვითონ იციან…

 

                                                                                            ირინა გოგოსაშვილი