„რაღა კალიგულას ცხენი სენატში და რაღა თინა ქალბატონი თავდაცვის სამინისტროში!“

edrt

მთავრობა ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვას საკადრო ცვლილებებით ცდილობს. თუმცა გაუგებარი რჩება, ამ ეტაპზე პასუხისმგებლობა სპორტის, გარემოსა და თავდაცვის მინისტრებზე რატომ გადადის? მეორე მხრივ, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები ისეთივე ხელშეუხებლები არიან, როგორიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტია. განხორციელებულ ცვლილებებში ექსპერტები ლოგიკას ვერ ხედავენ და ხელისუფლებას საკუთარ რეცეპტებს სთავაზობენ არსებული მდგომარეობისთვის თავის დასაღწევად.

„ქრონიკა+“-მა თავდაპირველად პოზიციის დაფიქსირება პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს სთხოვა:

_ საკმარისია თუ არა მთავრობაში ეს ცვლილებები კრიზისის განსამუხტავად:

_ გააჩნია, ეს ნაბიჯები რისთვის არის საკმარისი. ამ ყველაფრით ქვეყნისთვის დიდად არაფერი იცვლება, მოსახლეობისთვის საერთოდ არაფერი, ზედმეტი გაღიზიანების გარდა; ხოლო „რესპუბლიკური პარტიისთვის“ ამით ვარსკვლავის საათმა ჩამოჰკრა. ერთადერთი, ვინც კმაყოფილია და ამ კარუსელით სარგებელს ნახავს, „რესპუბლიკური პარტია“, კერძოდ, მისი კენწერო, ხელმძღვანელობაა.

როგორ ჩანს, თვითონ ბიძინა ივანიშვილსაც თავისი გათვლები აქვს. ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ს ელჩის ვიზიტის შემდეგ, რის დაფარვასაც ისინი არც კი ცდილობენ. რაც კალიგულამ თავისი ცხენი რომის სენატში შეიყვანა, მას შემდეგ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ყველაზე უცნაური გადაწყვეტილებაა. ამას არავინ ელოდა.

სხვა რა შეიძლება ითქვას, დღეს ივანიშვილი სხვა ამოცანებს ჭრის, ის უკვე შორეული მომავლისკენ იყურება. ელოდება ახალი თაობის გამოჩენას, რომელიც თვითონვე უნდა აღზარდოს და მოამზადოს. მისი გადაცემებიდან და საუბრებიდან ეს კარგად ჩანს. ინერციით მიდის და მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს, რომ ეს მთავრობა ძალიან კარგიაო. აქ უკვე ივანიშვილისა და ხალხის აზრი ერთმანეთთან სრულ კონტრასტშია. დიდი ხნის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის უკვე ხალხს დაუპირისპირდა, რომ საქმე გვაქვს კარგ მთავრობასთან. მან ეს შეიძლება იმით ახსნას, რომ ერთ-ერთი „ნაციონალური“ ტელეარხი სიცრუეს ავრცელებს, საზოგადოებრივ აზრზე დომინირებსო. ამ ტელევიზიამ ხალხი დააჯერა, რომ ცუდი მთავრობაა, თორემ ძალიან კარგი ხელისუფლება გვყავსო. კი მაგრამ, ხალხს ამის სჯერა? ჩემი აზრით, მოსახლეობას ამის აღარ სწამს.

_ ხიდაშელის დანიშვნა რატომ არის უცნაური?

_ ჯერ ერთი, საქართველო მზად არ არის იმისთვის, რომ თავდაცვის მინისტრად ქალბატონი იხილოს. ამას გარდა, გამართლდა მოსაზრება, რომ ხიდაშელი ძალიან ჩქარობს. ჯერ არ დაუმტკიცებიათ და უკვე აცხადებს, რომ მინისტრია, მივიდა სამინისტროში. მთავრობის წევრების გარდა, პრესაში ვერავინ ვნახე, ვინც ამ არჩევანს იწონებდეს. `ნაციონალებს~ თავი დავანებოთ, „ქართულ ოცნებაშიც“ რამდენი გულწრფელი მომხრე ჰყავს და რამდენს არ მოსწონს, მაგრამ ჩუმად არის, ეს კიდევ სხვა საკითხია. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არ არის კანდიდატურა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება თავდაცვის მინისტრად მიიღებდა.

_ ბრძანეთ, რომ ხალხთან პოზიციები კონტრასტში მოდის. მაშინ რა ნაბიჯები გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან?

_ ხალხი ყველაფერზე თვალს დახუჭავს, ყველაფერს გაატარებს, როცა უმთავრესი ეკონომიკური მდგომარეობაა. დაპირისპირება სწორედ ამ ფონზე ხდება. როდესაც ცხოვრების დონე, ფასები, ლარი ამ დღეშია, თურმე უმთავრესი პრიორიტეტი ყოფილა ბუნების დაცვა, სპორტი და თავდაცვა, თავდაცვის მინისტრი, რომლის თანამდებობაც მხოლოდ პრესტიჟის საქმეა და არა რეალურად საქმის მკეთებელი ინსტიტუცია.

_ რამდენად არის ხელისუფლების ნება, რომ რადიკალური ნაბიჯები გადაიდგას მდგომარეობის გამოსასწორებლად?

_ ამ მთავრობაში და მთლიანად ხელისუფლებაში ასეთ პოლიტიკურ ნებას ვერ ვხედავ. ყოველთვის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო არის პრიორიტეტები. ჩვენ თუ ქმედების მიხედვით ვიმსჯელებთ, რა არის მათთვის პრიორიტეტი? ეს არის მეორეხარისხოვანი მინისტრების ცვლა. თავდაცვის მინისტრზე აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული ხალხის ცხოვრების დონე _ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნა, ლარის გამყარება და სხვ., ამიტომ ხალხს, მაინცდამაინც, არ აინტერესებს, ვინ იქნება თავდაცის მინისტრი. ეს უფრო აინტერესებს საზოგადოების ინტელიგენციის ფენას, პოლიტიკასთან ახლოს მყოფ წრეებს. თორემ რეგიონებში ხალხს სულ არ ენაღვლება, ვინ იქნება სპორტის მინისტრი. ორწიგნწაუკითხავმა ქსენია დიასახლისმაც მშვენივრად იცის, რომ თავდაცვის მინისტრად ახლა გინდ დავით აღმაშენებელი, გინდ ალექსანდრე მაკედონელი გააცოცხლო და დანიშნო, ცხოვრების დონე არ გაუმჯობესდება. არც სპორტისა და და ეკოლოგიის მინისტრის შეცვლით ეს არ მოხდება. ამიტომ ეს არავის აინტერესებს,

ამიტომ ვერ ვხედავ პოლიტიკურ ნებას, რომ პრიორიტეტები მაინც სწორად იყოს განსაზღვრული. ამას გარდა, ჩვენი ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი განცხადებებს კითხულობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ რატომ იქნება ყველაფერი კარგად, ეს ვერაფრით გავიგე.

_ გამოსავალი სად არის, მორიგი არჩევნები?

_ არჩევნები გამოსავალი არ არის, რადგან ამ საარჩევნო კანონით ისევ დაგეგმილი რაოდენობით გავლენ პარლამენტში პარტიების წარმომადგენლები. ეკონომისტებმა უნდა ისაუბრონ, თუ რა არის შექმნილ მდგომარეობაში რეალური გამოსავალი.

ვადამდელი არჩევნები ცოტა შვება იქნებოდა, მაგრამ ახლა ამაზე არავინ წავა. ვადამდელ არჩევნებზე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ მაშინ მიდის, როცა 95%-ით მაინც დარწმუნებულია გამარჯვებაში. როდესაც ქვეყანაში ასეთი საშინელი მდგომარეობაა, მმართველი პარტია არასოდეს მიდის თავისი კეთილი ნებით არჩევნებზე, მას ყოველთვის აიძულებენ. მაგრამ დღეს ვინც „ქართულ ოცნებას“ აიძულებს, რომ ვადამდელ არჩევნებზე წავიდეს, ასეთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში არ არსებობს.

იგივე კითხვებით ქართული პოლიტიკის ვეტერანს, ნოდარ ნათაძეს მივმართეთ:

_ მთავრობაში ეს ცვლილებები იმდენად არის საკმარისი, რამდენადაც ტუჩსაცხი იმისთვის, რომ კუდიანი დედაბერი მერლინ მონროდ გადააქციო. თინა ხიდაშელს რაც შეეხება, მისი თავდაცვის მინისტრად დანიშვნა მაინც კარგად მენიშნა. პოლიტიკის სფეროში მის თვისებებზე დაბალი წარმოდგენის ვარ: გავიცანი სადღაც 1992 თუ 93 წელს; იმდროინდელმა ომბუდსმენმა, სანდრო კავსაძემ, საგარეო სამინისტროში მიმიყვანა და იქ ცხინვალის თემაზე შეხვედრა მოაწყო. რამდენიმე ცნობილი ინტელექტუალი დაიბარა, მიგვიყვანა პარლამენტარები და ქვეყანაში მცხოვრები ინტელექტუალური ოსები. ასევე, ერთადერთი დიპლომატიური ერთეული, რამდენიმე კაცი იყო რუსეთის საელჩოდან. მაშინ მოვიდა ახალგაზრდა, თუ არ ვცდები, მესამეკურსელი თინა და სამ თუ ოთხ გვერდზე, ხელით დაწერილი, კონფლიქტის დარეგულირების პროექტი მომიტანა _ იქ რეგიონის 50-50-ზე გაყოფა იყო გათვალისწინებული. ვუთხარი, _ რას აკეთებ-მეთქი?! ჯერ ერთი, სიმართლე და სიცრუე ამ კონფლიქტში ისევე გამიჯნულია, როგორც წყალი და ზეთი: ეს არის აგრესია, უსამართლობა, ისტორიული თავხედობა და ა. შ. _ უხერხულია, ნახევარი ჩვენი, ნახევარი მათი უნდა იყოსო. _ ასე არაფერი გამოგვივა-მეთქი, _ ვუთხარი.

იმის შემდეგ მაინც სიმპათიით ვიყავი განწყობილი თინა ხიდაშელის მიმართ, მაგრამ მერე მისი მიუღებელი პუბლიკაციები ვნახე ლონდონში ბაზირებული შერიგების რესურსის ორგანიზაციაში; მხოლოდ ის ამოცანა აქვს, რომ ვიღაცებთან, დიპლომატიურ საქმეებში გართულ ადამიანებთან, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს, რითაც „რესპუბლიკური პარტია“ წლების განმავლობაში საზრდოობს; ქართულ გვარებს აქირავებს ანტიქართული დოკუმენტების ხელმოსაწერად, მაგრამ ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა დადებითად მიმაჩნია და რატომ: ეს თინას არ ეხება და ზოგადი მოვლენაა. დღეს ვინც უპრინციპოა, პოტენციურად საქართველოში ნებისმიერი ძალის ამყოლია და რუსეთის სამსახურშია, ის რუსეთს ზურგს აქცევს და დასავლეთისკენ აბრუნებს პირს. ანუ ამ საშუალო კარიერისტმა, როგორც ტიპმა, დაინახა, რომ რუსეთი მარცხდება და მასთან პერსპექტივა აღარ არებობს. ამით არის კარგი ეს დანიშვნა. თინა ხიდაშელი რუსებისკენ არასოდეს ყოფილა.

სამხედრო საქმეში, რასაკვირველია, არაფერი ესმის და შეუძლებელია, რამე იცოდეს, მაგრამ არ არის პრორუსი, ამიტომ გამიხარდა მისი დანიშვნა. მანამდე, ჯანელიძეს არ ვიცნობდი, მაგრამ მისმა საუბარმა ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. მისი წასვლა დადებითი მომენტია. მოვიდა ხიდაშელი, რომელიც ნამდვილად არ არის რუსების აგენტი. მარტო ეს არ კმარა: ჯერ ერთი, არავის აგენტი არ უნდა იყო და მეორე, ქართული ძარღვი უნდა გქონდეს, შენი ქვეყნის ერთგული, ასევე კვალიფიციური უნდა იყო. ხიდაშელი კვალიფიკაციითაც სათანადო დონეზე არ არის და ერთგულებითაც. საქართველოს წინააღმდეგ ნებისმიერ პროგრამაზე ხელმოწერისთვის მზადყოფნაშია, მაგრამ რუსის აგენტი არ არის და ჯამურად დადებითისკენ წონის.

ამ მოვლენის ფონი ის არის, რომ საშუალო გამყიდველი, კარიერისტი, რომელიც საქართველოს დასახურდავებლად მზად არის, რუსს ზურგს აქცევს და პირს დასავლეთისკენ აბრუნებს. ეს ტენდენცია მახარებს და დადებით მოვლენად მიმაჩნია.

_ რა ნაბიჯები განმუხტავს ქვეყანაში არსებულ კრიზისულ მდგომარეობას?

_ მთავარი და ერთადერთი ამოცანა განმუხტვა არ არის, რეანიმაციაა. ვახტანგ ხმალაძე გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ ეს და ეს უნდა გავაკეთოთ (საუბარია პრეზიდენტის უფლებამოსილების კვეცაზე) იმისთვის, რომ გუნდს სული არ წასძლიოს და ზედმეტ ხელისუფლებას არ წაეპოტინოსო. სამი გაუთხოვარი დეიდა მყავდა, სამივე ანგელოზი, არც ერთს არაფერზე სული არ წასძლევია, მაგრამ ეს კმარა, რომ ადამიანი პრეზიდენტი იყოს? პრეზიდენტის ფუნქცია საზოგადოების, სახელმწიფოს მობილიზების უნარია. ის, რომ სულმა არ წასძლიოს, ეს მეორე რიგისაა და არა პირველის. ამ ნიშნით საქართველოს მმართველი კადრების ძირფესვიანი შეცლა სჭირდება. არც ერთი არ ვარგა, ერთადერთი ვანო კიღურაძეა, რომელმაც მართლა იცის თავისი საქმე _ მათემატიკა და მეცნიერების ორგანიზაცია კარგად მოეხსენება, სხვას მე იქ ვერავის ვხედავ.

_ გამოსავალი?

_ გამოსავალი შეიძლება არჩევნები იყოს, მაგრამ მანამდე სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა ვიბრძოლოთ საარჩევნო კანონის რაციონალიზაციისთვის და საარჩევნო კომისიის გადაკომპლექტებისთვის. ამ საარჩევნო სისტემაში პირდაპირ უწიგნური შეცდომები არის დაშვებული. მარტო ერთს გეტყვით: რომ მონაწილე სუბიექტების სასტარტო პირობები აბსოლუტურად განსხვავებული აქვთ. ვისაც შარშანდელი და იმისწინანდელი წარმატებები აქვს, ანუ რაღაც შედეგი აქვს მოპოვებული, სრული უპირატესობა ეძლევა. ეს იგივეა, რომ ფეხბურთში შარშანდელ ჩემპიონს თითო თამაშში მის სასარგებლოდ თითო პენალტი დაუნიშნო. ეს ხომ აბსურდია, რაც არანაირ ლოგიკაში არ ეტევა. ბევრი სხვა პრობლემაა, მაგრამ მთავარი მაინც ეს არის. თუ რაღაცის მიმღწევი ვართ და ჩვენი საზოგადოება მთლად იმპოტენტებისგან არ შევდგებით, ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, თორემ არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს.

 

                                                                                    გელა მამულაშვილი