რატომ არ გადმოსცა აზერბაიჯანმა ქართულ პროკურატურას ექსპრეზიდენტი სააკაშვილი?

aes

 

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბაქოში ვიზიტმა მსუბუქი ხმაური გამოიწვია. ქართული პროკურატურის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნას აზერბაიჯანმა უარით უპასუხა. შთაბეჭდილება დარჩა, რომ ამით თბილისში მოვალეობა შეასრულეს (ისე, რომ გადმოცემის იმედიც არ ჰქონიათ) და ხელებიც დაიბანეს. სააკაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში ექსპრეზიდენტებისა და მთავრობის მეთაურთა სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. მისი თქმით, ბაქოში უკრაინის ოფიციალური პირის სტატუსითაც იმყოფება.

იმით დავიწყოთ, რომ მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურაში გაგზავნილია მოთხოვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების შესახებ, თუმცა ქართულ მხარეს პასუხი არ მიუღია.

შოთაძის თქმით, „როგორც ჩანს, შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა“: „საქართველოს პროკურატურის მიერ აზერბაიჯანის პროკურატურაში გაგზავნილია მოთხოვნა ექსპრეზიდენტის დაკავების და ექსტრადირების შესახებ, რისი საფუძველიც არის აზერბაიჯანსა და საქართველოს პროკურატურას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი. თუმცა, ჯერჯერობით, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურიდან პასუხი არ მიგვიღია. კონკრეტული ვადა პასუხთან დაკავშირებით განსაზღვრული არ არის, როგორც ჩანს, შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა“.

შოთაძის განცხადებით, მიუხედავად ამისა, თქმა, რომ აზერბაიჯანმა საქართველოს უარი ან თანხმობა უთხრა ბრალდებულის ექსტრადირებაზე, შესაბამისი ოფიციალური წერილის მიღებამდე არ შეუძლია.

აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგებმა ოფიციალური ბაქოს მიერ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ექსტრადირება გამორიცხეს.

„საქართველოს პროკურატურის მხრიდან აზერბაიჯანისთვის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და გადაცემის თხოვნით მიმართვა შეუფერებელია“, _ აცხადებს ანალიტიკოსი ილგარ ველიზადე. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ იცოდა, რომ სააკაშვილი ბაქოში აპირებდა ჩასვლას. ამის შესახებ თავად სააკაშვილმაც არაერთხელ განაცხადა.

„ბაქოში არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ექსტრადირება მოხდეს. ამას გარდა, სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა არ გამოცხადებულა. იგი ბაქოს სტუმრის სტატუსით, ღია საზოგადოებების მესამე გლობალურ ფორუმზე დასასწრებად ეწვია“, _ განაცხადა აზერბაიჯანელმა ანალიტიკოსმა.

 

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ოთარ კახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა სრულიად არარეალისტურია:

„ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ ქრონიკას, 2012 წლის მიწურულიდან მოყოლებული, თუ რა განცხადებებს აკეთებს ცივილიზებული სამყარო, ევროკავშირი და აშშ, რა შეფასებებს აკეთებენ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. არანაირი პერსპექტივა ამ მხრივ საქართველოს საგამოძიებო სამსახურებს არ აქვთ, პირდაპირ გეტყვით.

შეგვიძლია, ელემენტარულად დავით კეზერაშვილის საქმე გავიხსენოთ, სადაც საფრანგეთის სასამართლომ ერთხელ უკვე თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს საკითხი, პრაქტიკულად, ჩემი აზრით, განსახილველიც არ გახლავთ“.

ადვოკატის თქმით, ამ საქმეში ნინო ბურჯანაძეა მთავარი მოწმე, თუმცა კურიოზულია ის, რომ პროკურატურამ ჯერ ბრალის დადგენილება შექმნა და შემდეგ დაიწყო მტკიცებულებების მის ირგვლივ აწყობა.

„ფაქტზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა რამე გადაწყვეტილება მიიღო, არც ერთი მოწმე ამაზე არ მიუთითებდა, მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის ჩვენებები იყო რაღაც განზრახვებზე, რომელიც, მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა“, _ ამბობს კახიძე.

„ქრონკა+“ ამ თემაზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრება:

_ ამ საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ პოლიტიკური შეფასება შეიძლება გაკეთდეს. ამ შემთხვევაში ბაქოში დაკავება და ექსტრადაცია მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. სხვა დროს, როცა საქმე ჩვეულებრივ რიგით დანაშაულს ეხებოდა, იქ დაუბრკოლებლად ხდებოდა გადაცემა, ჩვენც გადაგვიცია და მათაც იგივე გაუკეთებიათ.

_ რამდენად მყარი საფუძველი არსებობდა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს ჩვენი პროკურატურის მოთხოვნა შეესრულებინა?

_ ამაზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი, რა იყო წარდგენილი და რა შინაარსის.

_ ბაქოელმა პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ ქართული მხარიდან ასეთი მოთხოვნა მათთვის შეუფერებელია…

_ არანაირ შეფასებას არ გავაკეთებ. პოლიტოლოგები ყოველთვის აძლევენ თავს უფლებას, გააკეთონ ნებისმიერი, სამართლებრივად სწორი თუ არასწორი განცხადებები, შეფასებები და ა. შ.

_ მაშინ ის ვთქვათ, როგორ რეგულირდება მსგავსი მოთხოვნა-გადაცემის საკითხები?

_ ჩვეულებრივად, არსებობს სახელმწიფოთა შორის შეთანხმება სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ და ასეთი შეთანხმებებით არის განსაზღვრული, რა და როგორ ხდება, როგორი პროცედურებია და რა დონის დასაბუთება არის საჭირო. თუ დასაბუთების აუცილებლობა არ დგას და საჭიროა მხოლოდ მოთხოვნის წარდგენა, კონკრეტულად უნდა ინახოს საქართველო-აზერბაიჯანს, შორის როგორია ასეთი სამართლებრივი ურთიერთდახმარების შეთანხმება და მის საფუძველზე შეიძლება უფრო კონკრეტული საუბარი.

_ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ ღონისძიებაზე ოფიციალური სტატუსით იმყოფებოდა. ეს რამდენად გამორიცხავს გადაცემის ფაქტს?

_ ამ საქმესთან პირდაპირ კავშირში არ არის.

_ გამოიწვევს თუ არა აღნიშნული შემთხვევა რამე გართულებას თბილისი-ბაქოს ურთიერთობებში?

_ ყოველ შემთხვევაში, რომ არ დაათბობს, ეს აშკარაა. დანარჩენი, ჩვეულებრივად, როგორც ხდება ხოლმე. ყოველთვის არის რაღაც მოქმედებები, რომელიც ერთ მხარეს მოსწონს, ნაკლებად ან ძალიან არ მოსწონს. კონკრეტულად რა შედეგები მოჰყვება, ეს დამოკიდებულია ხოლმე მრავალ სხვა ფაქტორზეც, მათ შორის იმაზეც, რომ რაღაც საკითხისთვის ყურადღების მიქცევა თუ გამახვილება ხომ არ გამოიწვევს სხვა საკითხებში ურთიერთობების გაუარესებას? და თუ ეს სხვა საკითხები უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ სახელმწიფოები თავს იკავებენ ხოლმე რაღაცის დანახვისგან. ყოველ შემთხვევაში, მასზე რეაგირებისგან მაინც.

აზერბაიჯანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი სახელმწიფოები ბევრი რამით ერთმანეთზე დამოკიდებული ვართ. ამიტომ მგონია, რომ ეს შემთხვევა ურთიერთობის რამე სერიოზულ დაძაბვას, ან გაუარესებას არ გამოიწვევს.

შეგახსენებთ: ჯერ კიდევ სააკაშვილის ბაქოში გამგზავრებამდე ანალიტიკურ ცენტრ `ატლასის~ ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა ელჰან შაჰინოღლუმ, აღნიშნა, რომ ამ ფაქტმა არ უნდა გამოიწვიოს ოფიციალური თბილისის უკმაყოფილება:

„ეს ხომ სააკაშვილის ცალკე აღებული ვიზიტია აზერბაიჯანში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ნიზამის საერთაშორისო ცენტრის წევრია, რომელიც ბაქოში ყოველ წელს ატარებს ღონისძიებებს. ამასთან, როცა სააკაშვილი ამ კლუბის წევრი გახდა, საქართველოს პროკურატურას მის მიმართ ჯერ არ ჰქონდა აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

საქართველოს ექსპრეზიდენტის გარდა, ნიზამის კლუბში ათობით ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრია, რომლებიც ჩამოდიან ბაქოში და საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობენ.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია. დიახ, თბილისმა მოსთხოვა სააკაშვილის ექსტრადიცია კიევს და უარიც მიიღო, თუმცა სხვა ქვეყნებისგან საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გადაცემის მოთხოვნა არ ყოფილა.

მეტიც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბევრს მოგზაურობს ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში. ასე რომ, ვფიქრობთ, თბილისი არ მოითხოვს ბაქოსგან სააკაშვილის დაკავებას ანდა ექსტრადიციას.

ჯერ ერთი, საქართველოში მშვენივრად ესმით, რომ გინდაც მოითხოვონ სააკაშვილის დაკავება აზერბაიჯანში, ოფიციალური ბაქო ამას მაინც არ მოიმოქმედებს. ის აზერბაიჯანის ერთგული მეგობარია, სწორედ მისი პრეზიდენტობის ხანაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტრატეგიული გახდა. სააკაშვილი, პრეზიდენტობისას და მას შემდეგაც, ირწმუნებოდა, რომ საქართველოსთვის მძიმე დღეებში აზერბაიჯანის მხარდაჭერა რომ არა, ეს ქვეყანა, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა რუსეთის ეკონომიკურ ზეწოლას.

აზერბაიჯანი თავისი მეგობრების ერთგულია და მათ არავის გადასცემს.

ამასთან, სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში თბილისზე მეტად არ მოეწონებათ მოსკოვში, თუმცა მოსკოვსაც უნდა ესმოდეს, რომ აზერბაიჯანი დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს და ვისთან იმეგობრებს ან კონფლიქტი ექნება _ აზერბაიჯანის საშინაო საქმეა. ჩვენც არ მოგვწონს, როცა ყარაბაღის სეპარატისტთა ყოფილი ლიდერი, ხოჯალის სასაკლაოს რომ გეგმავდა, ამჟამად კი სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი მოსკოვში ჩადის და კრემლთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუმცა ჩვენ არ მოვითხოვთ მოსკოვისგან რუსეთში მისი ვიზიტების შეწყვეტას. ასევე კრემლს არ შეუძლია აგვიკრძალოს სააკაშვილის, ანდა ვინმე სხვის სტუმრად მოპატიჟება“, _ მიაჩნია ელჰან შაჰინოღლუს.

 

                                                                                              გელა მამულაშვილი