ლაშა კალანდაძე – ვადაამოწურული მოსამართლე და „ქუთაისური მაფიის“ წევრი?!

21sas

„დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება“, _ ეს ის ფრაზაა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვერდიქტებში. მოსამართლეთა პრივილეგირებული კასტა, სამწუხაროდ, ამ ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა გახდა. ამ სისტემას ჰყავდა მაღალი რანგის დამკვეთები და შემსრულებლები, რომლებიც წლების განმავლობაში სწორედ შემსრულებლის ამპლუაში გრძნობდნენ კარგად თავს. „ქრონიკა+“ ამჯერად ერთ-ერთ მათგანს, ლაშა კანალდაძეს წარმოგიდგენთ.

როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია იყო, ლაშა კალანდაძეს თავმჯდომარის ბიუროს უფროსის თანამდებობა ეკავა. მასთან შედიოდა მოსამართლეების დისციპლინურ დევნასთან დაკავშირებული საქმეები, მაგრამ კალანდაძე ყველას პასუხობდა, რომ მოსამართლისგან გადაცდომას ადგილი არ ჰქონდა. მომჩივანს თუ არ მიეცემოდა საშუალება, წარედგინა საკუთარი არგუმენტაცია, საქმის შესწავლა ისე როგორ მოხდებოდა? აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ მოსამართლეთა გადაცდომების საქმეებს არ სწავლობდნენ და მხოლოდ პასუხებს უგზავნიდნენ მომჩივან ადამიანებს.

შემდგომ კალანდაძე  სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ. დანიშნეს მისვლისთანავე, 2005 წელს, მას სისხლის სამართლის საქმეც დაეწერა. ეს იყო პაატა როსტომაშვილის, დათო და მიხეილ მაჭარაშვილების სისხლის სამართლის საქმე, რომელიც განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლით იყო დაკვალიფიცირებული. კალანდაძემ ყველაფერი იღონა, რომ სამივე ადამიანის მიმართ დამდგარიყო უკანონო, მძიმე განაჩენი. იმ დროს, როცა საქმეში არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, ამ ადამიანებს შეუფარდა ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა. პაატა როსტომაშვილმა ეს საქმე გაასაჩივრა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. სტრასბურგში საქართველოს მთავრობას პირდაპირ დაუსვეს კითხვები: რატომ მოხდა, რომ გამომძიებლის, პროკურორის მხრიდან ამ საქმეში ადგილი ჰქონდა მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, შეუსაბამობებს? ეს ყველაფერი საქართველოს სასამართლოებმა რატომ არ გამოიკვლიეს და სათანადო შეფასება რატომ არ მისცესო? ეს იყო მაგალითი იმისა, მტკიცებულებების გარეშე როგორ იკერებოდა საქმეები და ამის გამო დღესაც როგორ სხედან ადამიანები ციხეში. პაატა როსტომაშვილი ამჟამადაც პატიმარია. ეს ცოდვა და დანაშაული კი სწორედ კალანდაძის კისერზეა.

როცა თეა წულუკიანი ევროსასამართლოდან საქართველოში ჩამოვიდა და პირველი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „მაესტროს“, მან ევროსასამართლოში საქართველოდან წასული ორი მნიშვნელოვანი საქმე დაასახელა. ერთ-ერთი სწორედ პაატა როსტომაშვილის საქმე იყო. წულუკიანმა პირდაპირ განაცხადა, _ ეს არის საქმე მტკიცებულების გარეშე, სადაც დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება და ადამიანს, ყოველგვარი საფუძვლების გარეშე, ხანგრძლივი ვადით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთაო. თუმცა იუსტიციის მინისტრობის დროს როსტომაშვილის საქმე არც კი გახსენებია. ლაშა კალანდაძემ დავალება, როგორც ჩანს, შეასრულა და გულმოდგინედ, სრულფასოვნად არ განიხილა საქმე. დიდი დანაშაული და ცოდვაა, როცა მოსამართლე არღვევს ადამიანის უფლებებს, კანონს, სამართალსა და უსამართლოდ წყვეტს პატიმარი ადამიანის ბედს. მის მიერ საკმაოდ მნიშვნელოვან საქმეზე ზერელე მოპყრობამ უზრუნველყო ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევა. როსტომაშვილს არ აქვს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ დღეს ის სასჯელს მაინც იხდის. ცხადია, მოსამართლეს შეეძლო დაზარალებულის, ასევე საქმეში არსებული მოწმის გულდასმით მოსმენა, ასევე გაყალბებების ყურადღების მიქცევა და ა. შ. ევროპულმა სასამართლომ თუ დაინახა ეს ყველაფერი, შეამჩნია და აღმოაჩინა საკომუნიკაციო წერილებში, კალანდაძეს ხომ პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა ყველა მათგანთან და ეს ყველაფერი ყურადღების მიღმა რატომ უნდა დაეტოვებინა?

ეს საქმე სახელმწიფოს ძალიან ძვირი დაუჯდება, ამიტომაც როსტომაშვილის ადვოკატი, მამუკა ნოზაძე მიიჩნევს, რომ კალანდაძის მსგავსი მოსამართლეების სასამართლოში გაჩერება არ შეიძლება. ლაშა კალანდაძის მიერ ამ საქმეში ჩადენილი კონკრეტული უკანონობები დადასტურებულია, განხილვაც დასრულდა და დღე-დღეზე სტრასბურგში გადაწყვეტილებაც იქნება  გამოტანილი, იქ უფრო კონკრეტულად ჩამოყალიბდება თეზისები მოსამართლე ლაშა კალანდაძის  არაპროფესიონალიზმის შესახებ. ადვოკატ მამუკა ნოზაძის განმარტებით, როცა ასეთი გადაწყვეტილება გამოდის ევროსასამართლოს მიერ, ცხადია, მოსამართლეს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს შესაბამისი მუხლი _ უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ამ საქმეზე ევროსასამართლოს საბოლოო   გადაწყვეტილების შემდეგ აუცილებლად დადგება საქმის გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი.

სხვათა შორის, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს „გაბლატავებულები“ ჰყავდა. ისინი რეალურად არაფერს აკეთებდნენ და მცონარობაში იღებდნენ საკმაოდ მაღალ ხელფასს. პალატის თავმჯდომარეს პალატის მოსამართლეებზე გაცილებით დიდი ხელფასი აქვს. არადა, ისინიც  ჩვეულებრივი მოსამართლეები არიან და კონკრეტული საქმეების განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ. მით უფრო, როცა დღეს საქმეები ჭიანურდება და ერთი საქმის განხილვას მოსამართლე თითქმის წელიწადი უნდება. ამით ის საზოგადოებას აყენებს ზიანს. პალატის თავმჯდომარეები კი უსაქმოდ სხედან და ხალხის ტანჯვა სულაც არ ადარდებთ. სამართლიანი სასამართლოს პრინციპი  არის ის, რომ საქმეები რაც შეიძლება სწრაფად იხილებოდეს.

ლაშა კალანდაძეს ამოეწურა მოსამართლეობის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა. იგი 26 აპრილს გავიდა კონკურსში, მაგრამ მისი კანდიდატურა ჩავარდა., მას 1-ლ ნოემბრამდე აქვს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ მუშაობის უფლება.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ლაშა კალანდაძე ერთ-ერთ ადვოკატთან ერთად, ამჯერად, ბადრი პატარკაციშვილის დეიდაშვილის, ჯოზეფ ქეის საქმეებითაა დაკავებული და სწორედ მის სახელს უკავშირდება სასამართლოში ჯოზეფ ქეის კონკრეტული ქეისების ლობირება. ამ ტანდემს სასამართლოში „ქუთაისურ მაფიას“ ეძახიან. იურისტები ვარაუდობენ, რომ ლაშა კალანდაძის კანდიდატურა იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა მომავალ კონკურსზეც ჩავრდება, რადგან ასეთი ადამიანები სისტემას უნდა მოსცილდნენ. ლაშა კალანდაძის  მიერ ჩადენილი ეს კონკრეტული დანაშაული არ არის მხოლოდ ამ ოჯახის, ანდაც ამ პიროვნების ტრაგედია, ეს არის ქვეყნის უბედურება, რადგან სჯობია, დასაჯო 100 დამნაშავე, ვიდრე ერთი უდანაშაულო პირი გყავდეს ციხეში გამოკეტილი.

მისი მეუღლე, თამარ ჩიხლაძეც, საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

 

                                                                                              ნელი ვარდიაშვილი