რა ულტიმატუმს უყენებენ ახალციხის უნივერსიტეტის რექტორს და რატომ მფარველობს „ნაციონალებს“ ბიძინა გუჯაბიძე?!

gagabeashi

თელავის უნივერსიტეტის შემდეგ გაყალბებული დიპლომების თემით ამ დღეებში განხილვის საგნად იქცა ახალციხის უმაღლესი სასწავლებელი. აღნიშნულ საკითხს ახალციხის უნივერსიტეტის ყოფილმა პედაგოგებმა, ლალი მოროშკინამ და გიგლა გობეჩიამ  სპეციალური პრესკონფერენციაც მიუძღვნეს და რექტორს, მერაბ ბერიძეს, საკუთარი სურვილით გადასადგომად, ერთკვირიანი ვადა მისცეს. „ქრონიკა+“-ის წყარო აცხადებს, რომ ბერიძე ყოფილი თანამშრომლების რჩევას არ გაითვალისწინებს, რადგან მას ხელისუფლების მხარდაჭერა აქვს.

ჩვენი წყარო სკანდალურ ფაქტსაც ამხელს და აცხადებს, რომ „ოცნებაში“ პორტირებული „ნაციონალი“ მინდია ჯელია, რომელიც 2003-დან 2012 წლამდე ხე-ტყის გაზიდვით იყო დაკავებული, ადიგენის გამგებლის მოადგილედ დანიშნეს და ვინაიდან მას უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, დიპლომი ბერიძესთან გაუკეთეს.

ლალი მოროშკინა:

_ მოგეხსენებათ, ერთი თვეა, დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი _ ძლიერი სახელმწიფო“. წესდებით გათვალისწინებულია, რომ სტუდენტებთან ერთად მოვიაროთ სხვადასხვა რეგიონი, შევეცადოთ ავამაღლოთ სწავლის დონე, უფროსკლასელებს გავაცნოთ სასწავლებლები, აირჩიონ რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარებენ. ერთ-ერთი ასეთი გასვლა მოხდა სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ახალციხის უნივერსიტეტში, სადაც წლების განმავლობაში მეც გახლდით პედაგოგი. სამწუხაროდ, ამ უნივერსიტეტის რექტორმა არ უპასუხა ჩვენს ზარებს, პრაქტიკულად, აგვიჭედა კარი და აუკრძალა სტუდენტებს ჩვენთან ახლოს მოსვლა. უნივერსიტეტის რექტორი, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სტუდენტებს შეხვდეს, მან კი ასეთ მეთოდს მიმართა. როგორც ჩანს, ბატონ ბერიძეს გაახსენდა თავისი კომუნისტური წარსული, როდესაც პარტიულ სხდომებზე ხდებოდა გარჩევა და მოიწვია აკადემიური საბჭოს სხდომა. ამით მან შეურაცხყო აკადემიური საბჭო, რომელიც სულ სხვა თემებით უნდა იყოს დაკავებული. ვსვამ ორ შეკითხვას: რა აუცილებელი იყო პრობაციონერი ადამიანის, რომელიც კორუფციისთვის გაასამართლეს, რექტორად დანიშვნა? და მეორე: უნივერსიტეტის კანონი ითვალისწინებს, რომ 65 წელს მიახლოებული ადამიანი არ შეიძლება იყოს არჩეული რექტორად. ის კი ზუსტად ამ ასაკში აირჩიეს! რა აუცილებელი იყო ამ ადამიანის არჩევა, რომელიც ძალიან მძიმე დანაშაულისთვის გაასამართლეს და ძალიან ბევრ კრიმინალურ ფაქტშია მხილებული? რადგან პატივს ვცემთ მის ჭაღარას, არ გვინდა დარჩენილი წლები გაატაროს ციხეში, ამიტომ ვაძლევთ ერთკვირიან ვადას, რათა თავად დაწეროს განცხადება და გადადგეს! სხვა შემთხვევაში, მისთვის ძალიან მძიმედ და ტრაგიკულად დასრულდება ყველაფერი! აქედან გამომდინარე, დღეს თავს ვიკავებთ, რომ ეს განცხადება პროკურატურაში შევიტანოთ.

 

გიგლა გობეჩია:

_ ერთკვირიან ვადას ვაძლევთ პროფესორ ბერიძეს, რომ რაღაც დასკვნა გააკეთოს იქიდან მოყოლებული, რაც რექტორად დაინიშნა. მაშინვე ერთადერთმა გავაპროტესტე ეს ფაქტი და აღვნიშნე, რომ ვერ ვხედავდი აუცილებლობას, ახალციხის უნივერსიტეტის რექტორად დანიშნულიყო კორუფციასა და მექართამეობაში მხილებული მერაბ ბერიძე. ამ ადამიანმა დანიშვნისთანავე ეს უნივერსიტეტი ფულის საკეთებელ „ცეხად“ აქცია. ამაზე ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარე, დავბეჭდე, მაგრამ შესაბამისი სტრუქტურებიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია! ასევე მივმართე მთავარ პროკურატურას, ჩემი ყველა მოწმე მზად იყო, სასამართლოს კარამდე მიჰყოლოდა მერაბ ბერიძეს, თუკი ის გააგრძელებდა რექტორობისთვის ბრძოლას! ეს მასალა 2013 წლის შემოდგომიდან ასევე დევს განათლების სამინისტროში, მაგრამ არანაირი პასუხი არ გაუციათ! მეტიც, ამის თაობაზე შევხვდი სამინისტროს ერთ-ერთ ხელმძღვანელს, მინისტრის მოადგილეს, რომელმაც მიპასუხა, რომ ისინი აკადემიური საბჭოს მუშაობაში ვერ ჩაერეოდნენ. გასაგებია, მაგრამ აქვე მინდა ვიკითხო, _ ბერიძემდე ვინც იყო რექტორი, თინა გელაშვილი რომ გადააყენეს, ჰკითხა ვინმემ აკადემიურ საბჭოს? როცა სჭირდებათ, აკადემიურ საბჭოს ეკითხებიან, როცა არ სჭირდებათ _ არა! ზემოთ აღვნიშნე, რომ პროფესორ ბერიძეს „ცეხი“ ჰქონდა-მეთქი გახსნილი. „სტავკები“, დაახლოებით, 1500-2000 დოლარის ფარგლებში იყო. როდესაც დაიჭირეს და მოიხადა 7-წლიანი სასჯელი, ის კვლავ დააბრუნეს უნივერსიტეტში. არის აზრი, რომ ამის უკან დგას გარკვეული პოლიტიკური ძალა, რომელთაც შეცდომაში შეიყვანეს პრემიერ-მინისტრი და მეც, რა თქმა უნდა, ვეთანხმები! ვსვამ შეკითხვას, _ რა აუცილებლობას წარმოადგენდა კორუფციაში ბრალდებული და გასამართლებული პირის ასეთ სათუთ რეგიონში, ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის პოსტზე მიბრუნება?! ამიტომ მერაბ ბერიძეს ვაძლევთ ერთკვირიან ვადას, გააანალიზოს, დაწეროს განცხადება და დაემშვიდობოს სასწავლებელს!

ახალციხის უნივერსიტეტიდან 2012 წელს ადიგენის გამგებლის მოადგილისთვის გაცემულ გაყალბებულ დიპლომზე „ქრონიკა+“-ს კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა და „ქვეყნის ხერხემლის“ რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე სკანდალური ფაქტები გაუმხილა:

_ ძალიან კარგად იცით, ვანო მერაბიშვილის რეგიონში, „ნაციონალების“ შიშით, ჭიანჭველა ვერ დადიოდა დედამიწაზე და ფრინველი ვერ დაფრინავდა ცაში. საკმაოდ ჭკვიანები იყვნენ „ნაციონალები“, ბიძინა ივანიშვილი როგორც კი გამოჩნდა პოლიტიკურ არენაზე, თავიანთი ხალხის შეყვანა დაიწყეს „ქართულ ოცნებაში“. თან როგორი ხალხის! _ იოლად სამართავების, რომ იტყვიან ხოლმე, კუნთმაგარი და გონებაჩლუნგიო, რეპუტაციაშელახულების. ახალციხის ანალოგიურად მოხდა ადიგენისა და ასპინძის რაიონებში. „ოცნების“ სახეებად „ნაციონალებმა“ ისეთები შეუშვეს, ხალხში ზიზღს რომ იწვევდნენ. ზოგიერთი გაივლიდა და უკან აძახებდნენ, _ „ქართულ ოცნებას“ რა ვუთხარი, შენ რომ იმის სახე იქნებიო! ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ამ ჩანერგილების გამო ხალხში პარტიის მიმართ ნიჰილიზმი გაჩენილიყო. როგორი ბრძოლაც მიმდინარეობდა მართალი ხალხის მიმართ, კარგად იცით, მაგრამ ვანოს რეგიონში „ოცნებაში“ ასპინძის, ახალციხისა და ადიგენის მაგალითზე, 3-4-5 ძირითად სახეს დაეყრდნობოდი მხოლოდ. მათ ოჯახებს „ნაციონალები“ ანადგურებდნენ და ემუქრებოდნენ! დაიწყო საპარლამენტო არჩევნები და ეს მებრძოლი ხალხი რას გადაიტანდა და რა დღეში იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ?! ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, დაიწყო ნათესავების დაწიოკება, ოჯახში შევარდნა, დაშინება, _ თუ ამ პიროვნებასთან ახლოს გაივლი, ნათესაობას სამსახურიდან გავათავისუფლებთ და მერე თქვენს თავზე რა დატრიალდება, ხომ იცითო! მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც უშიშრად იდგა. ისინი „ოცნების“ ცენტრალური შტაბიდან დინიშნეს. „ნაციონალებმა“ მაშინვე დაიწყეს მათ წინააღმდეგ ტალახის სროლა. ავრცელებდნენ ჭორებს, თითქოს ეს ხალხი რეპუტაციაშელახული იყო და ათასი უბედურება. ადიგენისა და ახალციხის რაიონში ვინც „ოცნებას“ ებრძოდა, დღეს ისინი მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში!

მინდია ჯელია გახლავთ ადიგენის გამგებლის მოადგილე, რომელიც 2003-დან 2012 წლამდე ხე-ტყის გაზიდვით იყო დაკავებული, ასევე მისი ცოლისძმა, მუხრან ქურდაძეც. მაშინ „ოცნებაში“ კოორდინატორად აირჩიეს გია კარკაძე, ესეც ჩანერგილი „ნაციონალებიდან“, რეგიონს კურატორობდა და გამარჯვების შემდეგ თავისი „ნაციონალები“ წარადგინა კანდიდატებად. მინდია ჯელია გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე მოხვდა ავთო კაჭკაჭიშვილის მეშვეობით. ეს უკანასკნელი არის სამცხე-ჯავახეთის ვიცე-გუბერნატორი, რომლის ბებია და ბაბუა ვანო მერაბიშვილის ბებია-ბაბუის და-ძმათა შვილები არიან. არ მინდა ვთქვა, მაგრამ მეუფეების ხელშეწყობით მოხვდა ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე. აკაკი მაჭუტაძე, ყოფილი „ნაციონალი“, 17 მაისის ელგებეტეების აქციაზე ხალხს მუშტებს რომ უღერებდა, _ მოვბრუნდებით „ნაციონალები“ და დედას გიტირებთ ყველასო, დღეს ისიც „ოცნების“ სახეა. ავთო კაჭკაჭიშვილიც სულ „ნაციონალი“ იყო. ვანოს პერიოდში ბიზნესი არ არსებობდა, მასთან დაახლოებული პირი, ან ნათესავი თუ არ იყო, რიგითებს იქ აბსოლუტურად არაფერი ჰქონდათ, ტყიდან ფიჩხსაც არ ატანინებდა, იმ წუთშივე იჭერდნენ. 6000 პრობაციონერი იყო მარტო ადიგენის პატარა რაიონში. მინდია ჯელია მეუღლესთან ერთად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კომისიის წევრი იყო და „ნაციონალებს“ აქებდა, არჩევნების დამთავრების შემდეგ კი „ოცნების“ სახეებად წარმოგვიდგნენ! მანამდე, როცა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, აივანზე გადმოყუდებული აგინებდა ბიძინა ივანიშვილს, _ მაგ მახინჯს ხმას ვინც მისცემს, იმისი დედა ასე და ასეო!.. შემდეგ პარტია „ოცნების“ თავმჯდომარე გახდა, ახლა გამგებლის მოადგილეა. მოადგილედ დაჯდა თუ არა, გორგულის საკრებულოში თანამდებობაზე გაუშვა მისი დისშვილი, გიორგი სოფრომაძე, გაუნათლებელი, უწიგნური… ვიდეოკადრებიც არსებობს, სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას რომ ეუბნება: კოხი ცოტა მოგივიდა და ცოტა მოგივიდა „ტავარიო“… ეს გახლავთ მინდია ჯელიას დისშვილი… ჯელიას დისქმარი ქურდობაზე და ათას უბედურებაზეა ნასამართლები, ცუდი რეპუტაციის ადამიანია, ეს კაცი გაუშვა მძღოლად სკოლის მანქანაზე. ჯელიას და იცით, როგორი პედაგოგია? _ მწარე „ნაციონალები“ რომ იყვნენ და ხალხს თვალებს სთხრიდნენ! ჯელიას დის მულის ქმარი, ყოფილი „ნაციონალი“, საკრებულოს დეპუტატი, გია რობაქიძე, ცუდი რეპუტაციის ბიჭი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ „ნაციონალების“ გამო მთას გადადგამდა! მინდია ჯელიას ცოლისძმა მუხრანი, ისიც ნასამართლებია და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც რაღაც მაქინაციებში გაეხვია ხე-ტყის გატანის თაობაზე. მას მფარველობდნენ ახლანდელი პარლამენტის დეპუტატი ბიძინა გუჯაბიძე და ვიცე-გუბერნატორი კაჭკაჭიშვილი. მათ ჩაფარცხეს ეს საქმე. მინდია ჯელიამ შექმნა საკონკურსო კომისია, რომლის წევრად დანიშნა 10 კლასის განათლების მქონე ადამიანი. იგი „კონსერვატორების“ პარტიას ხელმძღვანელობს _ ნინო ჩოგოვაძე. მასაც მფარველობს ბიძინა გუჯაბიძე ათასი მაქინაციის გამო და ეს ქალი ატარებს გამოცდებს! ქალი ორჯერ ორს ვერ გიპასუხებთ, რამდენია და ანბანში რომ 33 ასოა, თუ იცის, არა მგონია! მინდია ჯელიას მუშაობის დასაწყებად დიპლომი სჭირდებოდა. ვიცი, რომ ჯელია უმაღლესში, დაახლოებით, 15 წლის წინათ სწავლობდა და მაშინ 2 თუ 3 კურსი დახურა. მას შემდეგ აღარ უსწავლია, ხე-ტყის გატანით იყო დაკავებული. ახლა მუშაობა რომ უნდა დაეწყო გამგებლის მოადგილედ, ახალციხის უნივერსიტეტის რექტორს, მერაბ ბერიძეს გააკეთებინეს დიპლომი. ამის შესახებ ინფორმირებული იყო ლაშა ამირეჯიბიც, რომელიც ახალციხეში ციხის დირექტორის თანაშემწედ მუშაობდა. ადრე მან ამის შესახებ სოციალური ქსელებიც ააჭრელა. ჯელიას შრომის წიგნაკიც გამოსაკვლევია, რადგან მას მანამდე არსად უმუშავია!

_ ბიძინა გუჯაბიძე ახსენეთ, რა ინტერესი ჰქონდა, რატომ მფარველობდა ამ ხალხს?

_ როცა ბიძინა გუჯაბიძე ადიგენში გამოუშვეს დეპუტატობის კანდიდატად, ხოლო შტაბის უფროსი დავით ბაციკაძე იყო, 10 დღის განმავლობაში მართლა სულითა და გულით იმუშავეს, ისე როგორც უნდა ემუშავა „ოცნების“ პარტიას, რა პათოსითაც იყვნენ წამოსულები. 10 დღის შემდეგ უკვე კულუარებიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ შეხვედრები დაიწყეს „ნაციონალების“ დეპუტატობის კანდიდატთან, ზურაბ ჩილინგარაშვილთან და წევრთან, დათო მერაბიშვილთან. ვანო მერაბიშვილი და ამირან მესხელი მაგას ვერ მოახერხებდნენ, რომ ბიძინა გუჯაბიძისთვის ვინმე შეეხვედრებინათ? ასპინძის გზაზე მდებარე რესტორანში დააფიქსირეს შეხვედრები და 10 დღის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა მათი მუშაობის სქემა. ეს ის არის, რაც შემიძლია ახლა გითხრათ, თორემ ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს და შესაძლებელია, შემდგომში ცალკე მასალაც კი მიუძღვნათ. ხალხმა უნდა გაიგოს, რას აკეთებდა იქ გუჯაბიძე. ახლა თავს შევიკავებ და ამის მეტს ვერაფერს გეტყვით. ერთი კვირა არ მეყოფა, ალბათ, რომ მოგიყვეთ, რა ხდება ადიგენის რაიონში, ახალციხეშიც ანალოგიური მდგომარეობაა და, საერთოდ, ხელისუფლება აიღო მერაბიშვილის ხალხმა და „ჩაცუცქულმა“ ბიჭებმა. ის „ნაციონალები“, ახლა რომ ვაჟკაცობენ და გურჯაანში არიან ჩასულები, თუ მართლა სამართლიანობას ეძებენ ეგ გადასაშენებლები, ვანოს რეგიონში ჩავიდნენ, შევიდნენ გამგეობაში, გუბერნიაში და იქ დაუწყონ ჩანერგილ, პორტირებულ „ნაციონალებს“ ბრძოლა! იქ რატომ არ ჩადიან? თუ შნო აქვთ, იქ ისროლონ წიწილებიანი კვერცხები!

P.S. აპირებს თუ არა ლალი მოროშკინასა და გიგლა გობეჩიას მიერ წაყენებული ულტიმატუმის დაკმაყოფილებას მერაბ ბერიძე, ამ კითხვით „ქრონიკა+“-მა ახალციხის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტის რექტორი ქალაქიდან გასულია და არც სატელეფონო ზარს პასუხობს, ამ ეტაპზე კომენტარი ვერ მოვიპოვეთ.

რაც შეეხება უნივერსიტეტის მიერ ადიგენის გამგებლის მოადგილის, მინდია ჯელიასადმი გაცემულ დიპლომს, ამაზე კომენტარი გააკეთა რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, ნიკოლოზ ახალკაცმა: „მინდია ჯელია იყო ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი 1991-1996 წლებში. სრულად დაამთავრა 5-წლიანი ეკონომიკის ფაკულტეტი, მხოლოდ არ ჰქონდა ჩაბარებული სახელმწიფო გამოცდები. ამიტომ, თავისთავად ცხადია, დიპლომს ვერ მიიღებდა. თუნდაც ერთი სემესტრი რომ ჰქონოდა დარჩენილი, აუცილებლად დაიწერებოდა ბრძანება გარიცხვის შესახებ, მაგრამ ასეთი ბრძანება არ არსებობს. ამ პიროვნებამ 2012 წელს მოგვმართა განცხადებით, რომ ნება დაგვერთო, დაეფარა აკადემიური დავალიანება და მიეღო დიპლომი. გასაგებია, რომ მაშინდელი და ახლანდელი სასწავლო პროგრამა ვერ დაემთხვეოდა ერთმანეთს, ამიტომ ფაკულტეტზე ამ განცხადების საფუძველზე შეიქმნა კომისია არსებული წესის შესაბამისად. ფაკულტეტის კომისიამ იმუშავა და 2012 წლის 28 სექტემბერს დაიწერა ბრძანება N2/91, სადაც აღნიშნულია: „ნება დაერთოს ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტს, მინდია ჯელიას, რომ 2012-2013 სასწავლო წელს დაფაროს აკადემიური დავალიანება“. ამ დავალიანების დასაფარად მან ჯერ გადაიხადა 55 კრედიტის თანხა ე. ი. 11 საგნის საფასური და 2012-2013 წლებში ეს დავალიანება დაფარა. ასე დაამთავრა მან უნივერსიტეტი და ასე მიიღო დიპლომი“.

„ქრონიკა+“ ასევე ცდილობდა დაკავშირებოდა პარლამენტის დეპუტატს, ბიძინა გუჯაბიძეს, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

 

                                                                                                 თამარ ბატიაშვილი