ვინ არის კახეთის გუბერნატორი _ „ნაციონალური მოძრაობის“ უძღები შვილი, თუ ნუნუკა თამაზაშვილის კლასელი?

junjna

„წაიკითხეთ ჩემი ბიოგრაფია!“ _ ეს კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის მოწოდებაა. მართალია მისი ბიოგრაფიის წაკითხვა კახეთში არც უნდათ, ისედაც ზეპირად იციან, მაგრამ მაინც _ ზოგიერთი დეტალის დასაზუსტებლად მისი ბიოგრაფია საინტერესოა:

ირაკლი შიოლაშვილი

დაბადების თარიღი: 11.02.1983, თბილისი;

განათლება _ 2000-2005წწ. _ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; კვალიფიკაცია _ ბიზნესის სამართლის სპეციალისტი.

2003-2006 წწ. _ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. კვალიფიკაცია _ იურისტი.

სამუშაო:

2005 წ. ივლისი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო შპს;

2006 წ. აპრილი _ „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველო“ _ სისტემური ანალიზის ჯგუფის სპეციალისტი;

2006 წლის აპრილი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო შპს;

2007 წლის სექტემბერი _ „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველო“ _ გზებისა და ხაზოვანი კომუნიკაციების განყოფილების სპეციალისტი;

2007 წლის სექტემბერი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური;

2008 წლის ივლისი _ სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია _ იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსი ინსპექტორი;

2009 წლის თებერვალი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური;

2010 წლის ივნისი _ სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია _ იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე;

2010 წლის ივნისი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამსახური;

2012 წლის 26 ნოემბერი _ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

2012 წლის 28 ნოემბერი _ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი;

2013 წლის 13 დეკემბერს, კერძოდ კახეთში მისი ცნობილი ბიოგრაფიიდან ახსოვთ:

2012 წლის ჩათვლით მას არც ერთი არჩევნები არ გაუცდენია, პირიქით, არჩევნების დროს ყოველთვის იღებდა შვებულებას და ამ პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ კარზე აყუდებული, მშვიდად ელოდა, როდის დაუძახებდნენ კარს მიღმა და ეტყოდნენ, _ რას იზამ? ესეც მშვიდად უპასუხებდა, _ მიმსახურეთ… ამ მსახურს მოჰყვებოდა 200 მანეთი, საწვავის ტალონები და გრძელი გზა ქვემო ქედამდე… ქვემო ქედი დიდი სოფელი არ არის, აქ ბერძენთა ნახევარი გაიკრიფა უცხო ქვეყნებისკენ და სოფელში ფშავები და მოხევეებიღა დარჩნენ. სოფელში ზედმიწვენით კარგად ახსოვთ, რომ შიოლაშვილი „ნაცი“ იყო.

თელავში კი კარგად ახსოვთ შიოლაშვილის ძმა, საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი, ზურაბ შიოლაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ბიზნესს ავიწროებდა, გაზის გასამართ სადგურზე „უჩეკო“ 20 თეთრი რომ უპოვა მოლარეს. ამაზე დებოში ატეხა, შემდეგ დებოშს პატარა ჩხუბიც მოყვა, ბოლოს ზურაბი დაზარალებულად გამოცხადდა, ხოლო ადამიანს, ვინც დააპატიმრეს, სოლიდური თანხა გადაახდევინეს და საპროცესო გარიგების წყალობით გაათავისუფლეს.

მამა _ გენადი შიოლაშვილი _ წლების მანძილზე საგადასახადო ინსპექციაში მუშაობდა. ქრთამის აღებისთვის 2010 წელს დააკავეს, თუმცა საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს. 2012 წლის მერე სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით გენადი შიოლაშვილს სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავს!

ასე რომ, არც ისე წყალწაღებულად უცხოვრიათ შიოლაშვილებს პირსისხლიანი რეჟიმის დროს და მათი ბიოგრაფიაც ფრიად სასიამოვნო საკითხავია.

ხოშები და ცოდვები

სანამდე ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროს გამგებელი გახდებოდა, მანამდე მან 2006 წელს `მრეწველებიდან~ რაიონის საკრებულოც მოიარა, 2012 წლიდან კი ნუნუკას კლასელობა დაფასდა და რაიონის გამგებელი გახდა.

ცნობილი ფაქტი მისი გამგებლობის დროს სწორედ ის იყო, რომ სოფელ სამთაწყაროში მაჰმადიან აჭარლებს სამლოცველოს შენება არ მოუწონა და ფხაც მაშინ გამოიჩინა. 2013 წლის 13 დეკემბერს, როგორც ყველაზე წარმატებული რაიონის გამგებელი, პრემიერმა ღარიბაშვილმა გუბერნატორად გამოაცხადა და აი, მაშინ დაიწყო!

პირველი, რაც გუბერნატორობის დროს გააკეთა, ყველა გამგებელს თავისთან უხმო და კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ურთიერთობა აუკრძალა. მალევე მეორე მედიას მიადგა და „კახეთის ხმაც“ „ამოიბუა“ („კახეთის ხმაში“ მე არ მოვეწონე, ეს კარგად მახსოვს). რადგან ნეტარებამდე ჯერ კიდევ შორს იყო, იმ საჯარო მოხელეებს დაერია, რომლებიც ფოტოებს ჟურნალისტებთან იღებდნენ და ერთ-ერთ გამგებელს ისიც კი მოსთხოვა, რომ მის პრეს-სამსახურს „ფეისბუქის“ ქავერის ფოტოდან, მაგალითად, მე მოვეხსენი.

ამით არ დაუსრულებია შიოლაშვილს!

რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს არსად ჩარეულა, ყველა ამბობს, ერეოდა და კადრებს თავად ალაგებდა, თუმცა აქაც იყო გამონაკლისი რამდენიმე რაიონი, სადაც სხვებმა გადაწყვიტეს რაიონის მმართველების ბედი და იღბალი.

მაგალითად, ახმეტაში ზვიადაურმა, ლაგოდეხში კი კალაძემ, საგარეჯოში _ ხიდაშელმა…

ბოლოს და ბოლოს, არჩევნებიც დასრულდა და საჯარო მოხეელებზე  მიდგა ჯერი!

7 იანვარს შიოლაშვილის უშუალო ბრძანებით ხელშეკრულება არ გაუგრძელდა და სამსახურიდან უსაფუძვლოდ დაითხოვეს მარტოხელა დედა, ვერა კობიაშვილი, რადგან შიოლაშვილს ასე სურდა დაესაჯა ქალი, რომელიც ვერ დაიმორჩილა, ვერც `ფეისბუქის” კედლიდან შეაცვლევინა ფოტოები და არც მეგობრები ჩამოიშორა. ვერა კობიაშვილის განთავისუფლების მიზეზს ფარულ ჩანაწერში რაიონის გამგებელიც ადასტურებდა. ყველა წუხდა, დაწყებული საკრებულოთი, დასრულებული გუბერნიის თანამშრომლებით, თუმცა წუხილს აზრი არ ჰქონდა, რადგან „ირაკლი სკაზალ, ბოგ სკაზალ“… უსამსახუროდ, შემოსავლის გარეშე დარჩენილი დედა და 8 წლის შვილი დღეს ღვთის ანაბარა არიან…

შემდეგი გახმაურებული ცოდვა კახეთის გუბერნატორმა, სულ რაღაც, ერთ თვეში ჩაიდინა და შვიდი თვის ორსული თეონა ტაველიშვილი საგარეჯოს გამგეობაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსობიდან გამგებელს გააგდებინა, „რაზბორკაზე“ კი ტაველაშვილის ქმარი დაიბარა… უსამართლო ქვეყანაში ცხოვრება ტაველაშვილმა აღარ ისურვა და ამერიკაში გაემგზავრა.

ქალთმოძულე შიოლაშვილმა თავი დამნაშავედ არსად ცნო და მუშაობა მშვიდად განაგრძო.

 

ბორკილების აყრის ოცნებით შეპყრობილი კახელი საჯარო მოხელეები

საჯარო მოხელეების კულისებში ტემპერატურა პიკს აღწევს! 2015 წელსაც „ოცნება“ კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება კახეთში, ოღონდ ამ ოცნებას შიოლაშვილის წასვლის ოცნება ჰქვია!

იანვრიდან მოყოლებული ყოველ ორშაბათს პრემიერს ელოდებიან, როდის იტყვის, გუბერნატორი მიმყავსო, მაგრამ ამაოდ. ოცნებები ხანდახან გვიან ხდება, მანამდე კი შიოლაშვილმა, რაც ხოში ჰქონდა, აისრულა და ცოდვებიც დაიმძიმა…

 

 როცა „ადნაკლასნიკობაც“ ვერ შველის

ფინალური სურათი დღეს ასეთია: პოლიტსაბჭო მსჯელობს, რა ხდება კახეთში? რატომ ემდურიან კოალიციის წევრები რეგიონში გუბერნატორს? რა ხდება რეალურად? საბოლოოდ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული გამოძიება დიდი საფიქრალი აღმოჩნდა, რასაც განერვიულებული გუბერნატორიც დაემატა, ჯამში „რე-აქციის“ ეთერის შემდეგ გუბერნატორს ვიღაცამ აუკრძალა ტელევიზიით გამოსვლა და მთივლიშვილთან პოლემიკა.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კალაძემ უკვე ურჩია ღარიბაშვილს, კახეთის გუბერნატორის გამოცვლა, რაც მაისში მოხდება, ოღონდ ჯერ უნდა დამშვიდდეს, თურმე, სიტუაცია!

ასე რომ, კალაძის რჩევას „ადნაკლასნიკებიც“ ვეღარ შველიან!

 

P.S. დღეს ირაკლი შიოლაშვილის ძმა ქართლში საფინანსო პოლიციის უფროსის მოადგილეა; მამა, გენადი შიოლაშვილი, თითქმის ყველა საშუალო და მსხვილი საწარმოს აუდიტი და ბუღალტერია; დედა, მარიამ ღვინიაშვილი, კი შპს „ლაშარის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია.

 

                                                                                            მაკა მოსიაშვილი