სად არის „რუბენიჩი?“

11208919_10205771569343861_659973806_n

ერთი ქართული ანდაზა გამოდგებოდა დასაწყისისთვის: „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“. ჰოდა, ქიზიყში ამ ანდაზას თავისებური გაგრძელებაც აქვს: „ის ურჩევნია დედასა, რომ შვილი ჭამდეს დედალსა“.

დედლებისა რა მოგახსენოთ და დღეს კახეთში ჩოგნის ბურთივით იქნევენ წიწილებიან კვერცხებს და, შესაბამისად, შემოდგომას რამდენი წიწილა დაითვლება, ეს უკვე გასარკვევია… მაგრამ მაინც, ქიზიყურ ანდაზას რომ დავუბრუნდეთ, კი გავარკვევდით, რა ხდება დედოფლისწყაროში.

სექტემბერში სოფელ ხორნაბუჯის გამგებლის წარმომადგენელმა, ტარიელ ღარიბაშვილმა, თანამდებობა დატოვა. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ღარიბაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენისთანავე იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო 2012 წელს ღარიბაშვილმა დაკარგული სამსახური დაიბრუნა და 2014 წლის სექტემბრამდე დაჰყო თანამდებობაზე. მაგრამ უცებ, 2014 წლის სექტემბერში, ხორნაბუჯის გამგებლის წარმომადგენელმა გადაწყვეტილება შეიცვალა და საჯარო მოხელეობაზე ერთ მშვენიერ დღეს უარი განაცხადა.

შემოდგომის ჭირნახული დააბინავეს, ზამთარმაც გადაიარა და

დღეს ხორნაბუჯში ტარიელა ძია აღარ ცხოვრობს, როგორც მისი თანასოფლელები ამბობენ, პრემიერის მამა თბილისში გადასახლდა…

სოფლიდან მისი წასვლა კი ორ მიზეზს უკავშირდება…

პირველი მიზეზი:

რაც ერთხელ უკვე დავწერეთ „ქრონიკა+“-ში _ მძახლების დაპირისპირება უფრო რომ არ გაღრმავებულიყო, სიძემ ამჯობინა, სიმამრისთვის გული არ ეტკინა და მამა გაარიდა რაიონს, თან სიძე მაინც ნათესავებში არ ითვლება და…

მეორე მიზეზი:

სოფელ ხორნაბუჯის წარმომადგენლობით ორგანოში ვინმე სპეციალისტი კარინა, რომელიც 2012 წლის შემდეგ „რუბენიჩმა“ ქეთინოდ მონათლა, იტალიაში წავიდა, იტალიაში გადაღებული ფოტოები კი მოგვიანებით „ფეისბუქზე“ საკუთარ კედელზე გამოფინა, რაც არც ოჯახს მოეწონა, არც პრემიერის დედას და არც შვილ პრემიერს.

ასე რომ, შვილის მოწოდებით სექტემბერში კარინაც განთავისუფლდა სამსახურიდან და მამამაც მიატოვა საჯარო მოხელეობა.

წყარო მიყვება, რომ ირაკლის დედა განსაკუთრებით უყვარს და მამას დედის წყენას ნაკლებად პატიობსო.

ასე აღმოჩნდა დასჯილი „რუბენიჩი“ თბილისში და განთავისუფლებული კარინა _ სახლში.

ფაქტი ერთია, პრემიერი ოჯახის ხსენებას უფრთხილდება, არ უნდა, ალასანიასავით შენიშვნა მიიღოს ბატონი ბიძინასგან…

თუმცა კითხვა მაინც უპასუხოდ რჩება, თუ რატომ წავიდა ტარიელ ღარიბაშვილი თანამდებობიდან სექტემბერში და არა მაშინ, როცა მისი შვილი პრემიერი გახდა? ან რატომ გადაწყვიტა სოფლის წარმომადგენლად დაბრუნება, თუ მაინც წასვლას აპირებდა?

რა დააშავა მამამ ასეთი, რომ შვილის მრისხანება დაიმსახურა და ხორნაბუჯიდან თბილისში გადაბარგდა?

და მთავარი: იყო თუ არა თავად ტარიელა ძია იტალიაში?!

P.S. ერთხელ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ღარიბაშვილები საფრანგეთში გადასაბარგებლად უკვე დიდი ხანია, მზად არიან!

დაბოლოს, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ღარიბოვების გარებიძაშვილები ძალიანაც ამაყობენ საკუთარი ტარიელა ბიძით, მაგრამ `რუბენიჩს” ნათესავებთან ურთიერთობაც აკრძალული აქვს.

ახლა კი ბატონ პრემიერს მივმართავ:

ბატონო პრემიერო, სიტყვა ღარიბი ძველი ქართული სიტყვაა და ნუ მოგერიდებათ გვარის ბოლოსართის: ოვი, ევი იანი, შვილი, ძე და ია არ წყვეტს ადამიანობას, მთავარია, ქვეყანას ვემსახუროთ და არ დავივიწყოთ, ვისი გორისანი ვართ! დანარჩენი კი მაღლა წყდება, ზეცაში, ცათა სასუფეველში პარტბილეთებს არავინ მოგვთხოვს, არც ბატონი ბიძინათი ვიშოვით სასუფევლის აპარტამენტებს.

და კიდევ: არ ვიყიდები! ისევე როგორც თქვენ ვერ გახდებით ბაგრატიონი, ისე მე ვერ მიყიდის ვერავინ. ეს ისე, ქიზიყურად აგიხსენით.

დასასრულს კი, დაინდეთ მამა, დააბრუნეთ ხორნაბუჯში, თქვენს სიმამრზე მეტს მაინც ვერ გააფუჭებს ვერაფერს!

 

                                                                                            მაკა მოსიაშვილი