ნანა კაკაბაძე: „ხელისუფლებამ მოწმეთა სასამართლოში დაკითხვაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“

qqqqqqqwwww

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა მოწმეთა დაკითხვის წესზე იმსჯელა. მისი მონაწილეები იმ კვლევების შედეგებს გაეცნენ, რომლებშიც 15 ქვეყნის კანონმდებლობა იყო გაანალიზებული. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობდნენ დეპუტატები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, მოწმეთა დაკითხვის მოქმედი წესი იცვლება და 2016 წლის 1-ლი იანვრიდან სხვა რეგულაცია შევა ძალაში: „ორივე წესის მიმართ არაერთი პრეტენზია გამოითქვა. ვფიქრობთ, რომ ამ პრეტენზიებს საფუძველი აქვს, ამიტომ გვინდა, ოპტიმალური წესი შევიმუშაოთ. ოპტიმალურში ვგულისხმობთ სამართლიან წესსაც და იმასაც, რომ გავითვალისწინოთ ჩვენი რეალობა. უნდა შევეცადოთ, შევიმუშაოთ ისეთი წესი, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება მთლიანად საზოგადოებისთვის, როგორც პოტენციური ბრალდების მხარისთვის, ასევე პოტენციური მოწმეებისთვის, გამოძიებისთვის და დაცვის მხარისთვის. უნდა შევძლოთ და მოვძებნოთ ოქროს შუალედი“, _ აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

როგორც ცნობილია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ჩადებულია მუხლი მოწმეთა პირდაპირ სასამართლოში დაკითხვის წესთან დაკავშირებით, თუმცა მთავრობის მოთხოვნით აღნიშნულ მუხლს ჯერ არ უმუშავია და მისი ამოქმედების ვადა 2016 წლამდეა გადადებული. სამუშაო ჯგუფი განიხილავს, უნდა შენარჩუნდეს თუ არა აღნიშნული მუხლი, ან რა ალტერნატიული მოდელი შეიძლება შემუშავდეს ამ მიმართულებით?

აღნიშნულ წესთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი შეფასებები არსებობს როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში.

პროკურატურის შეფასებით, საჭიროა შემუშავდეს მოწმეთა დაკითხვის ისეთი წესი და მოდელი, რომელიც განავითარებს ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიებს და იმავდროულად არ ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. აღნიშნულ საკითხზე პროკურატურის პოზიცია მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ დააფიქსირა.

„არსებული მოდელი არ გულისხმობს მოწმეთა მაინცდამაინც სასამართლოში დაკითხვას, ამაზე მსჯელობა გრძელდება. პროკურატურის პოზიციაა, რომ უნდა შემუშავდეს მოწმეთა დაკითხვის ისეთი მოდელი, რომელიც უფრო მეტად განავითარებს ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიებს და ამასთან არ ხელყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, საბოლოო გადაწყვეტილება კი პარლამენტმა უნდა მიიღოს“, _ განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კვლევების შედეგების წარმოდგენის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უახლოეს ხანში გაიმართება.

 

„ქრონიკა+“ ამ პრობლემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია `„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ნანა კაკაბაძეს ესაუბრება:

_ ჩვენ ვსაუბრობთ მოსამართლის თანდასწრებით მოწმეთა დაკითხვის წესზე, რომელიც თითქმის ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მუშაობს.

_ რატომ არ ამოქმედდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ჩადებული პუნქტი?

_ ეს ნორმა მიღებულია, მაგრამ ამოქმედება გადაიდო. ახლა ვადა 2016 წლამდე გახანგრძლივდა.

_ რამდენად გამართლებულია გადატანა?

_ აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ უნდა ამოქმედებულიყო ეს წესი? რა პრობლემა არსებობდა, რაც ხელს შეუშლიდა მის ხორცშესხმას? ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებას ამის დამაჯერებელი დასაბუთება არ ჰქონია, ისეთი არგუმენტაცია, რომელსაც საზოგადოება გაიზიარებდა, გარდა იმაზე საუბრისა, რომ ამისთვის ჯერ მზად არ არიან. არასოდეს მზად არ იქნებიან, თუ მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის წესზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული; რომ ეს ის გზაა, რასაც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას ვუწოდებთ.

თუ გვინდა, რომ სასამართლო, გამოძიება იყოს დამოუკიდებელი და რაც მთავარია, მოპოვებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით მუდმივი ეჭვი არ არსებობდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოწმის დაკითხვები სასამართლოში ყველანაირი ზეწოლისა და მითქმა-მოთქმის გარეშე ჩატარდეს.

_ სადღეისოდ რა პრობლემებს ქმნის ის, რომ სასამართლოში მოწმეები არ დაიკითხებიან?

_ უპირველესად, ხელისუფლებისთვის ქმნის პრობლემებს, რადგან ნებისმიერ პირს (ვინც ეს დაკითხვები გაიარა) შეუძლია თქვას, რომ ჩემგან აღებული ჩვენებები ზეწოლის შედეგად იყო მიღებულიო. წესით, ხელისუფლებას ეს მდგომარეობა არ უნდა აწყობდეს, თუკი ამისთანა რამეს ადგილი არ აქვს მოწმეთა დაკითხვის დროს.

პირიქით, როდესაც დაკითხვას კეთილსინდისიერად და კანონის შესაბამისად ახორციელებ, პროცესის გამჭვირვალობა და საჯაროობა შენს ინტერესებში უნდა იყოს, რათა ამ ადამიანს საშუალება არ მიეცეს, გამოძიებას ხელი შეუშალოს, ამით ივაჭროს და განაცხადოს, რომ  გაუმჭვირვალე გამოძიების პროცესში ჩვენებისას მასზე ზეწოლა განახორციელეს. ამის აღმოფხვრა თვითონ ხელისუფლების ინტერესებში უნდა იყოს, მაგრამ ჩანს, ამგვარად განწყობილი არ არიან.

_ პროკურატურის შეფასებით, `საჭიროა შემუშავდეს მოწმეთა დაკითხვის ისეთი წესი და მოდელი, რომელიც განავითარებს ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიებს და, იმავდროულად, არ ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას~; ასეთ დამოკიდებულებას როგორ შეაფასებთ?

_ გაუგებარია, საზოგადოებრივი უსაფრთხოება როგორ შეიძლება იყოს დამოკიდებული სასამართლოში მოწმეთა ჩვენების მიცემაზე. სასამართლო პირობებში ადამიანი კიდევ უფრო დაცულად გრძნობს თავს, რადგან იქვე არის ადვოკატი და ყველა დანარჩენი. ჩვენი საერთო ინტერესი სწორედ ეს უნდა იყოს, რომ პირმა ინფორმაცია და ჩვენება შიშის ფაქტორის გარეშე მისცეს. თუ იმას გულისხმობენ, რომ ადამიანები გამოძიებას არ ენდობიან და შეიძლება არ ითანამშრომლონ, სიმართლე არ უთხრან და ა. შ., ეს უკვე ხელისუფლებისა და გამოძიების პრობლემაა. მათ ისეთი სანდოობა უნდა ჰქონდეთ, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს.

რეალურად, გვაქვს სიტუაცია, როდესაც საზოგადოება შიშის ქვეშ აძლევს ჩვენებას წინასწარი გამოძიების დროს, იმის შიშით, რომ მასზე სხვაგვარი ზეწოლა არ განხორციელდეს, ამიტომ არ არის მსგავსი ჩვენებები საზოგადოებისთვის სარწმუნო. მით უმეტეს, არ არის ბოლომდე დამაჯერებელი სასამართლოს განაჩენი.

თუ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა გვინდა, ეს სტანდარტი უნდა მოვირგოთ და აქ სასამართლოზე მიცემული ჩვენება საზოგადოებრივი უსაფრთხოების პრობლემასთან არაფერ შუაშია. და თუ ჩვენ ისევ სხვა გზით ვიმოქმედებთ, არ შევცვლით და დავტოვებთ აქამდე მოქმედ წესს (ეს არის მოწმეებზე ზეწოლა, დაშინება, ცემა, წამება და ღირსების შემლახველი მოპყრობა), ისევ მოჯადოებულ წრეზე ვიტრიალებთ იქ, სადაც ახლა ვიმყოფებით, რაც პერსპექტივაში არანაირ წინსვლას არ განაპირობებს.

ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, საზოგადოებაში იყოს აზრი, რომ გამოძიება, სასამართლო არის დამოუკიდებელი და თავისუფალი. მოწმეთა საჯაროდ, სასამართლოს წინაშე დაკითხვა სწორედ ამას, გამოძიებისა და სასამართლოს მიმართ მეტ სანდოობას უზრუნველყოფს; ეს ნაბიჯები უცილობლად უნდა გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ ვერანაირად ვერ ვხსნი, რატომ ხდება ისევ გადატანა, რასაც არანაირი გამამართლებელი საფუძველი არ გააჩნია.

_ ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ მოდელი, რომელიც არსებობს, არ გულისხმობს მოწმეთა მაინცდამაინც სასამართლოში დაკითხვას…

_ გადადებული მოდელი სწორედაც რომ სასამართლოში დაკითხვას გულისხმობს. წინასწარ გამოძიებაში დაკითხვას მოიცავს მეორე მოდელი, რომელიც დღეს მუშაობს.

_ სასამართლო ხელისუფლება რამდენად მზად არის ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად?

_ სასამართლო ნელ-ნელა ამ რელსებზე გადადის და ასე უნდა იყოს კიდეც. ყველაფერი ახალი ცოტა საძნელოა და შეგუება სასამართლოსაც მოუწევს, პროკურატურასაც, საზოგადოებასაც. პირველი ნაბიჯი ყოვეთვის სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს თუ არ გადადგი, სიარულს საერთოდ ვერ ისწავლი. ამიტომ მძიმე ნაბიჯებით სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყნისკენ სიარული ვისწავლოთ.

_ არის თუ არა ეს მოთხოვნა ევროპელების მხრიდან, იგივე ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე?

_ რასაკვირველია, ერთ-ერთი უპირველესი მოთხოვნაა, რომ მოწმეები სასამართლოში დაიკითხონ.

_ ვადები თუ არის დაწესებული?

_ კონკრეტულად განსაზღვრული არ არის. ეს ყველაფერი გონივრულ ვადებში უნდა მოხდეს. უკვე მერამდენედ ვადის გადაწევა, თავისთავად, კითხვებს ბადებს, მათ შორის, ჩვენს უცხოელ პარტნიორებშიც. ამით ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხსაც დაბლა სწევს, რადგან გაუგებარი და აუხსნელია, რატომ არ უღირს ხელისუფლებას ამ ნაბიჯზე წასვლა?

 

                                                                               გელა მამულაშვილი