ქუთაისური ტენდერიადა – გზა , რომელიც ერთ ლარზე გადის?!

tv2

ბოლო დროს ბევრი რამ მოხდა ქვეყანაში. ახალმა ხელისუფლებამ ე. წ. რეჟიმი დაანგრია, რატიფიცირებული შალახოც უბადლოდ შეასრულა და აღვირახსნილი ლარიც ბეწვზე დაიჭირა. სამომხმარებლო კალათას ჩამოკიდებულმა „ბატუტმა“, „აზიურმა ოთახმა“ თუ „მღვდელკრუიზერებმა“ ხალხის ოცნებებს ცივი წყალი გადაასხა. ელექტორატი „ბუტკის“ ბინადარი აღმოჩნდა, პრემიერი – „სამოყვროს“ მძევალი, პრეზიდენტი – „ოპერის აჩრდილი“, პირველი მოქალაქე – სექტორში „ასული!“ სამაგიეროდ, პოლიტიკაშია ფერები ჭრელი, ეკონომიკაში რუხი მგელი დარბის, სტატისტიკა კრიმინალში „LOST“-ია… აქამდე, 9 წლის მანძილზე შეშფოთებული ევროპა, ახლა უკვე, ბოლო 3 წლით, მართლა გაოცებულია!!!

ამ ქვეყანაში დიდი, თანაც უმტკივნეულო ფულის შოვნის წყარო ყოველთვის იყო ტენდერები, კონკრეტულ კომპანიებსა თუ პერსონებს მორგებული სახელმწიფო შესყიდვები, რომლებსაც ლობისტური პოლიტიკა იცავდა. ცხადია, ამ მხრივ გამონაკლისი ქალაქი თუ რაიონი ვერც იარსებებდა და ამიტომ არც არავის გაჰკვირვებია, კონკრეტულ სეგმენტში ჩამორჩენა ჰქონოდა საპარლამენტო სტატუსის ქალაქსაც და პარლამენტამდე უსტატუსო ქუთაისსაც. თან, როცა ამ პატარა ქალაქს დიდი ამბიციები კლავდა სულ.

ქუთაისი სატენდერო პოლიტიკაში თავის სიტყვას ყოველთვის ამბობდა. მიზეზიც თუ საბაბიც ის „გურუები“ იყვნენ, „ნაციონალების“ დროს ფულს რომ ხვეტდნენ და ახლა უკვე „აოცნებებულები“ მასტერ-კლასებს ატარებენ. გემოვნებაც და მადაც ამ ქალაქში ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო. ეს, ალბათ, იმ იმერული კუდაბზიკობის დამსახურებაა, რომელიც გენეტიკურად ამ მხარის ერთგვარი ფასეულობაცაა. ამიტომ ქუთაისში არც ერთი ხელისუფალისა თუ პარტიული მმართველობის დროს არავის უკვირდა, რომ ყოველთვის `ბევრი ფულის~ შოვნა შეიძლებოდა. მიმართულებაც მუდამ განსაკუთრებული რჩებოდა _ კეთილმოწყობის სამუშაოები, ფასადური, თუმცა მაინც ინფრასტრუქტურული პროექტები, ზამთარში დაგებული და ზაფხულში გათეთრებული გზები და ა. შ. ფანტაზიასთან აკადემიური დამოკიდებულებაც სულ იყო ქუთაისის ეკონომიკური ცხოვრების ნიშა.

საოცნებო ხელისუფლების პირობებშიც იგივე წრეზე წავიდა ქალაქის მმართველობა. მხოლოდ ერთი განსხვავებით _ იმ უხსენებელი 9 წლის მანძილზე, ქუთაისის სათავეში, ისევე როგორც ეკონომიკურ გუნდშიც, დაახლოებით ის შემადგენლობა თამაშობდა საკუთარ მოედანზე, მადრიდის „რეალს“ რომ მიამსგავსებდა მომლოდინე გულშემატკივარი. ჯერ კიდევ ამ სახსენებელ სამ წელიწადში კი ფინანსურ ტატამზე გამოსული ოლეგასნაირი ფალავნების „ოსტატობით“ ტკბება მაყურებელი. სხვაობა დიდია, შედეგი კიდევ უფრო უზარმაზარი _ კომპიუტერის მონიტორთან ჩასაფრებული ლობისტები და ელექტრონულად თუ კონსოლიდირებულად გათეთრებული ტენდერები.

ის, რაც დღეს ხდება ქუთაისის სატენდერო პოლიტიკაში, გასაოცარი ნაკლებადაა. მშობლიურ ქალაქში „დესანტივით“ გადმოსხმული და გამერებული შოთა მურღულია იმ სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელია, რომლის პიონერი შემადგენლობაც დღეს თითქმის დაშლილია. თავის დროზე, დავით ნარმანიასა და მისი რამდენიმე თანაგუნდელის სხვადასხვა პოზიციაზე ჩაშლას კულუარებში იმით ხსნიდნენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში სოლიდური თანხები გატყდა… მტკიცებით ვერავინ დებდა თავს, მაგრამ ბევრს ლაპარაკობდნენ!

ისევე, როგორც დღეს მთელი ქალაქი საუბრობს იმერეთის ყოფილი გუბერნატორის, ზაზა მეფარიშვილისა და ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ფარულ დაპირისპირებასა და ბრძოლაზე. უფრო მეტიც, სამთავრობო სექტორის საკმაოდ წონიანი ფიგურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ მიიღო ღარიბაშვილის კლანის წარმომადგენელი გუბერნატორის თანამდებობიდან ჩამოშორების გადაწყვეტილება, რაც ქუთაისის მერმა დაასწრო ტენდერებსა და სხვადასხვა პროექტში ზაზა მეფარიშვილის ინტერესების გახმიანება. ქუთაისში კულუარებში იმაზეც საუბრობენ, დღეს შინ დამჯდარი იმერეთის გუბერნატორი ქუთაისის მოქმედი მერისთვის რევანშის აღებას გეგმავს და არანაკლები ბიზნესინტერესების შეხსენებას!

რა ვერ გაიყვეს ზაზა მეფარიშვილმა და შოთა მურღულიამ, ცოტა რთული სათქმელია, ფაქტია, რომ ეს დავაც და ხელის გადაგრეხის პოლიტიკა არც ქუთაისისა და არც იმერეთის მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას არ დასტყობია. უკავშირდება თუ არა ერთი გუნდის სხვადასხვა ფრთის დაპირისპირება სახელმწიფო შესყიდვებსა და სოლიდურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეს უკვე იმ უწყებების გასარკვევია, რომლებიც კანონს იცავენ.

„ქრონიკა+“ დღეს მხოლოდ იმ დეტალებზე შეჩერდება, რომელიც აუცილებელია, ყველამ იცოდეს. მეტი სიცხადისთვის თემას ქვეთავებად დავყოფთ, ცოტა იუმორსაც მოვიშველიებთ და მძიმე ტენდერების ქუთაისურ ვარიაციებსაც შევამსუბუქებთ.

 

გზა შენამდე… ლარზე გადის

ქუთაისში გამოცხადდა ტენდერი #150009416, თანხაზე 2 955 905 ლარი, რომელიც გელათის ქუჩის სანიაღვრე ქსელისა და ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებდა. ტექნიკურ დოკუმენტაციაში ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ ჩაწერილი იყო, რომ პრეტენდენტს გამოცდილება უნდა ჰქონოდა, არც მეტი, არც ნაკლები, ბოლო სამი წლის განმავლობაში 3 547 000 ლარის მოცულობის, მათ შორის _ ბეტონის სამუშაოების 2 956 000 ლარის და გრანიტის ფილების 591 000 ლარის შესრულების. 1 ლარით მეტი, ან ნაკლები თანხა რომ ჰქონოდა ფირმას ბრუნვა ბუღალტერიაში, უბრალოდ, დაიწუნებდნენ(?!) და ეს მაშინ, როცა სხვა ანალოგიურ სამუშაოებზე ქუთაისის მერიას ჰქონდა გამოცხადებული ტენდერები, მაგალითად, #150007034, #150006415, #150004236 და ა. შ. მუდმივად ერთი და იგივე ტექსტით პირობა _ ბოლო 3 წლის განმავლობაში შემსრულებელს უნდა ჰქონოდა გამოცხადებული სატენდერო თანხის არანაკლებ 120%-ისა.

ცოტა მეტი იუმორი და ნაკლები ანალიზი სჭირდება ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს #150008432 50 000  ლარზე, რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობისა და სათადარიგო ნაწილების შეძენას კოდით. უცნაური ის არის, რომ აღნიშნული თანხით დეკორატიული ნაგვის ურნები შეიძინეს. მეტიც: ტექნიკურ დოკუმენტაციაში სურათიც დევს _ როგორი ურნა უნდა დაემზადებინათ, რის შემდეგაც გაიმარჯვა შპს `ნიუ არტმა~. სასაცილოზე მეტად დამაფიქრებელია, როცა რკინა-კავეულსა და დეკორატიულ ურნებზე ორიენტირებული ორგანიზაცია სააღდგომო ნობათების დამზადების ტენდერშიც #150007324 მონაწილეობს. მართალია, „ურნებივით“ ვერ შეირგო და წააგო, მაგრამ კვების პროდუქტებში გამოცდილება ნამდვილად დააგროვა. სხვათა შორის, წინა წელს ამ ორგანიზაციამ „სპეციალური სერვისები“, საწვავის ეკონომიის მიზნით, ნაგვის მანქანები გაზზე გადაიყვანა, თუმცა ენერგომატარებლებზე ფასთა ცვლილებამ უკუშედეგი მისცა, ბენზინზე გაცილებით მეტი ეხარჯებათ დღეს გაზის მოხმარებაზე. ეს ორგანიზაცია შპს „ქუთსერვისჯგუფის“ სამართალმემკვიდრეა და მის სასარგებლოდ უნდა ითქვას ისიც, რომ წინა წელს ასევე შეიძინეს ტენდერით #130027372 ქალაქის ტროტუარებისთვის მტვერსასრუტები, თუმცა როგორც ქუთაისში ხუმრობენ, ეს „პილასოსები“ ქალიშვილს კი არა, კაციშვილს არ აქვს თვალით ნანახი! ქუთაისში იმას კი ნამდვილად არ ხუმრობენ, როცა ამ ორგანიზაციის ცნობილ და ტრადიციულ „ატკატებზე“ საუბრობენ, ეგაა, ადგილობრივი ჩინოსნების ლობის ქვეშ მყოფი „სპეციალური სერვისების“ ოცნება ხელშეუხებელია!

ქალაქის მერიაში, რომელსაც ადგილობრივები მურღულია-მიქიაშვილის „კანტორას“ ეძახიან, დღეს არავის უკვირს, თუ რა ძალა აქვს 1 ლარის ნაკლებობით მოგებულ ტენდრებს, ან იმავე 1 ლარის მეტობით წაგებულ ტენდერებს.

ტენდერი #150007360, რომელიც ქალაქ ქუთაისში კონკრეტული ქუჩების, სანიაღვრე ქსელისა და გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას ითვალისწინებდა, შპს „GEO CONSTRUCTION“-მა შპს „MJM”-ს, სულ რაღაც, 1 ლარით მოუგო. 399 999 ლარი ისე აღმოჩნდა მომხიბვლელი ქუთაისის მერიისთვის, შპს „MJM” 400 000-ლარიანი შეთავაზებისთვის, უბრალოდ, დაისაჯა. ერთი შეხედვით არაფერია, რაც ნაკლებ თანხას დახარჯავს მერია, მით მეტ მოგებას მიიღებს, მაგრამ ვინც იცის, რომ შპს „GEO CONSTRUCTION“, ისევე როგორც შპს „ტობე“, თენგიზ ჩირაძის საკუთრებაა, მისთვის ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. 1 ლარად მოგებული ტენდერიც იმ პერსონის ხვედრია, რომელიც „9-წლიან“ ეპოპეაშიც სახელმწიფო ტენდერების მსხვილი მოთამაშე იყო და მაშინდელი მმართველი გუნდის ერთ-ერთი „კასირი“. როცა ქვეყანაში პოლიტიკა იცვლება და იგივე თენგიზ ჩირაძე 2012 წლის ოქტომბერში ახალ შპს „GEO CONSTRUCTION“-ს არეგისტრირებს მისივე ფირმის, შპს „ტობეს“ ბლოკის ცეხის უფროსის, შალვა ჯანელიძის სახელზე და დირექტორადაც ნიშნავს, კი უნდა მოიგოს ნამდვილად 1 ლარის ნაკლებობით ქუთაისის მერიის ტენდერი. თან თუ ამ ყველაფერს იმასაც დავუმატებთ, რომ დღეს უკვე მმართველი გუნდის „კასირობასაც“ ითავსებს ახალი ფირმის ქვეშ, მურღულიას ქუთაისში კი უნდა იყოს ისევ მსხვილი მოთამაშე თენგიზ ჩირაძე ძველი შპს „ტობეთი“ და ახალი შპს „GEO CONSTRUCTION“-ით! თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ იციან ქუთაისში, მხოლოდ ამბობენ და რეაგირებას არ ჩქარობენ, ვის ჯიბეში რამდენი ილექება და ვინ ვის მფარველობს.

ისე, „მორგებულ“ პირობებზე გამახსენდა ერთი ფაქტიც, პრინციპში, უკვე ჩატარებული ტენდერი #140021662, რომელიც ითვალისწინებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების (თოვლის საწმენდების) შეძენას. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სატენდერო დოკუმენტაციაში ტექნიკური პირობები ერთი ერთში ჯდება გამარჯვებული ფირმის, შპს „ბიზნეს ჯგუფი 2010“-ის წარმოდგენილ პირობებთან _ მანქანები „კამაზის“ მარკისაა. მიწოდების ვადა განსაზღვრული იყო ერთი თვის შუალედით. ვისაც შეხება აქვს ამ საქმიანობასთან, ის ადვილად მიხვდება, რომ ამ კონკრეტულ ვადაში, მინიმუმ, ქუთაისის მერიის უკანა ეზოში უნდა გეყენოს მანქანები, რომ პირობა დააკმაყოფილო, რადგან ერთ თვეში ამ მონაცემების სატრანსპორტო საშუალებები ჩამოიყვანო _ შანსი ნულის ტოლია!!!

 

გზა შენამდე… ტურიზმზე გადის

ზოგადად, ქუთაისის მერიას, არც ერთ დროში რომ არ აკლდა როგორც სოფელს ერთი გიჟი, ისე „კაცი-ტურისტის“ ტიტულის მფლობელი საჯარო მოხელე, ესეც ფაქტია! მაგრამ… ტენდერი #150009050, რომელიც ავიაბილეთების შესყიდვაზე გამოაცხადა ქალაქის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ღირს დაფიქრებად _ ტენდერის პირობით, მაისში ადგილობრივი მთავრობიდან 14-კაციანი დელეგაციის გამგზავრება იგეგმება ვარშავაში. ქუთაისის მერიის კულუარებში ხუმრობენ უკვე, _ მურღულიამ რეორგანიზაცია ჩაატარა ისეთი, კადრები ისე შეამცირა, სულ 15 კაცი დატოვა სამსახურში და აქედან 14 მათგანი ვისთან და რატომ მიდის ვარშავაში, ეს ვერ გავიგეთო! ყველაზე მეტად იმაზე ქირქილებენ, აღნიშნულ დელეგაციაში შეყვანილი ხალხი ახალი დანიშნულია, მგონი, ჯერ ხელფასიც არ აუღიათ და ვარშავაში საკვალიფიკაციო ტურნე ალალიცაა მათთვისო! ისე, ცნობისთვის: ქუთაისი ცოტა ხნის წინათ უნგრეთის ქალაქ სომბათჰეისთან დამეგობრდა და პირველი გაჭრა „ძმობილებში“ ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ჰქონიათ ოჯახურ ატმოსფეროში, მერე უკვე დატესტილი რეისი საკრებულოს დეპუტატებს, ექიმებს _ თემურ ნადირაძესა და ზაზა ლომინაძეს _ აუთვისებიათ, რა თქმა უნდა, ქალაქის ხარჯზე, ოღონდ სამედიცინო შეკრებაზე პირადი საქმეებისთვის მოუცლიათ.  მერე, ეტყობა, შთაბეჭდილებით დატვირთულებმა იმდენი აქეს და ადიდეს დამეგობრებული ქალაქი, მგონი, მხოლოდ მე დავრჩი ქუთაისელებისგან  სომბათჰეისში სელფგადაუღებელი!

ისე, რა ამის პასუხია და, ტენდერებთან და, ზოგადად, ქუთაისის ეკონომიკური ცხოვრების „რუხ კარდინალთან“, ვიცე-მერ ნოდარ მიქიაშვილთან მიმართებითაც მოწყალეა ადგილობრივი ბიუჯეტი. ანტალიაში საწვრთნელ ვარჯიშებზე საფეხბურთო გუნდ „ტორპედოს“ ისე ამაყად წაჰყვა მურღულიას მარჯვენა ხელი, პირველად ვინანე, რომ აღარ ვარ ტელერეპორტიორი და „ფეოლას“ რემიქსის გადაღების შანსიც დავკარგე…

მანამდე ქუთაისის მერიას, იმ 9 წლის მანძილზე, მხოლოდ ერთი რეკორსდმენი ჰყავდა მოგზაური საჯარო მოხელის რანგში. ეს ეკონომიკური სამსახურის უფროსი, ალასანიას გუნდის წევრი, მალხაზ ჭრელაშვილი იყო, რომელიც სულ მივლინებებში ატარებდა სამუშაო საათებს. ენამახვილი ქუთაისელები მაშინაც ხუმრობდნენ, _ „კაცი-ტურისტის“ კაბინეტს კიდევ კარგი, დამლაგებელი მაინც რომ აღებს და ანიავებსო… ეს ერთი საჯარო მოხელე იყო იმ უხსენებელ წლებში ყველას სამიზნე და სალაპარაკო. ახლა „საოცნებო“ ქუთაისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების ვოიაჟებს რომ ვეცნობი, ისიც ტენდერების ხარჯზე უმეტესად, ერთი გაჯაზებული ფრაზა მახსენდება: „გამოდით, რამდენი ხართ, უნდა დაგთვალოთ!“

ისე, ესეც მხოლოდ ქუთაისში მოხდება _ ქალაქის მერია 2 მაისს, ძაღლების საერთაშორისო გამოფენისთვის, 15 348-ლარიან დაფინანსებას გასცემს და აღმასრულებელი ხელისუფლების ადმინისტრაციული უფროსი, ვინმე ზვიად ჯავახია, ამ ხარჯის აუცილებლობას ქუთაისის გულშემატკივრობით ახსნის, რომელიც, თურმე, 150 000-ლარიან მოგებას მოუტანს ძაღლების მასპინძელ ქალაქს! სხვისი არ ვიცი და ჩემთვის მათემატიკა „აქილევსის ქუსლი“ იყო მთელი ცხოვრება, მაგრამ ჯავახიამ ეს ბუღალტერია წმინდა მიხეილის რომელ სასწავლებელში ისწავლა და როგორ დაიანგარიშა, კი მაინტერესებს ძალიან. ტენდერი #150008831, რომელიც ქუთაისის მერიამ გამოაცხადა, მითითებულია _ ექსპერტების ჩამოყვანისთვის ბილეთების შეძენა რეისზე: პორტუგალია-თბილისი-პორტუგალია. არადა, ღონისძიება ქუთაისში ტარდება და დედაქალაქიდან დანიშნულების ადგილამდე დელეგაციის ჩამოყვანაზე არაფერია ნათქვამი. თუ წარსულ გამოცდილებას გადახედავს შოთა მურღულია პითაგორა-ჯავახიასთან ერთად, ამ საქმეში კონსულტაციას ნამდვილად არ დაამადლის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ ცამციშვილი. ამ უკანასკნელს „ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მარტო იმიტომ მოსთხოვა პასუხი სასამართლოში, ქუთაისის ოპერის ორკესტრი თეატრში რატომ მიიყვანე დამატებითი ხარჯით და „კარფურთან“ არ ჩამოსვი, ფეხით წასულიყვნენ კონცერტზეო(?!). თუ აღდგენილ სამართლიანობაზე მიდგება საქმე, ამ მხრივ თბილისიდან ქუთაისამდე უფრო დიდი გზაა, ვიდრე „კარფურიდან“ თბილისის ოპერის თეატრამდე… ეს „ქრონიკა+“-ის დაანგარიშებით, თორემ ქალაქის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, ზვიად ჯავახიას მათემატიკით შოთა მურღულია, იქნებ, სულაც მოგებაშიც კი დარჩეს!

ისე ერთიცაა, ნეტა, ქუთაისის მერიაში მართლა არ იციან, რომ პორტუგალია ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფოა და არა ქალაქი?!

 

გზა შენამდე… ვიქტორაზე გადის

ქუთაისის საკრებულოს წილად ხვდა და პატივიც ერგო, დღევანდელ შემადგენლობაში ერიცხებოდეს „მრეწველების“ კვოტიდან დეპუტატი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ასევე გზაგამტარ ხიდთან მდებარე „ატეკის“ უფროსიცაა. „მეწარმე“ და „ლიდერი“ რომ არის, ამას არც თავად მალავს, უბრალოდ, ექიმის დიპლომზე იწყვეტს თურმე გულს, თორემ ისე „მემარჯვენეებშიც“ მოვსინჯავდი ძალებსო, მეგობრებში მჯიღს ირტყამს გულზე! თან აქეთ კოალიციას ამადლის თავს _ „ბეზ პიწი მინუტ“ ფრაქციის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო, რომ არ დაეთმო პოზიციაც და თანამდებობრივი სარგოც დეპუტატ ლაშა გვენეტაძისთვის. ამ ვერსიასაც, ტრადიციულად, მეგობრებში თავად განიხილავს!

„ვიქტორას ფენომენი“ როგორც ქალაქის თვითმმართველ ორგანოში, ისე, ზოგადად, მთელ ქუთაისში, მისი „მარგალიტების“ დამსახურებაა. „ატეკის“ უფროსს რა გასაკვირია, სენსიტიური დამოკიდებულება ჰქონდეს განსაკუთრებით საკრებულოს კომისიის იმ სხდომებზე, ქალაქის მერია სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვების საკითხებს რომ განიხილავს. „მრეწველი“ დეპუტატის ფრაზა ამ დროს გაფუჭებული პატეფონივით სულ ერთ სიმღერას უკრავს: „ე, ბიჯო, რაის ტენდერი, მე მოგიტანთ უტენდეროდ, თუ ძმა ხარ!“

ლეგენდადქცეული ვიქტორას ფანტაზიაც სალაპარაკოა ქუთაისში. მერე რა თუ, საკრებულოს სხდომაზე მთელი სერიოზულობით განიხილავს ჭავჭავაძის სადგურის რკინიგზის სადგურზე გადატანის საკითხს, ან თუ არ აფერხებს რკინიგზის სადგურის მეპატრონის ქასრაშვილის ფაქტორი _ ჩასაფრებულ კოლეგებს მოსწრებულად პასუხობს: „ქასრაშვილია იიქ? უჰ, მე და ქასრაშვილი „პადელნიკები“ ვართ!“

ყველაფრისშემძლე ვიქტორასგან ამიტომ არავის უკვირს, ქუთაისის ვიცე-მერ ნოდარ მიქიაშვილთან „კაჩავიც“ _ ქალაქის სახსრებით ტრაქტორის ყიდვაზე, მისსავე „ატეკაში“ ღვარსადენი არხის გასაჭრელად. როგორც ამბობენ, მართალია, მურღულიას მოადგილეს შეშფოთებული წინააღმდეგობა გაუწევია, _ რას ამბობთ, ბატონო ვიქტორ, ტრაქტორი მერიამ თქვენი სამსახურისთვის რატომ უნდა შეიძინისო? მაგრამ პასუხით უკმაყოფილო ადრესატს მუქარაც დაუწევია გზაში: „მე, აქანა, საკრებულოს დეპუტატი ვარ თუ ვინ ვარ? დამაცადეთ, სადაც თქვენი თქვათ, ვიქტორა დოლიძეც გაიხსენეთო!“

ვიდრე ქუთაისის აღმასრულებელი ხელისუფლება მეხსიერების სავარჯიშოებს ასრულებს, „ქრონიკა+“ ლეგენდარული დეპუტატის კიდევ ერთ რეფრენს ასაჯაროებს, რომელიც ამ დრომდე არსებული საკრებულოების მოწვევის ისტორიაში საუკუნის ფრაზად დარჩება ქუთაისურ სინამდვილეში: „მეიცა, ჩეიაროს ამ ახალწლებმა და მერე ჩვენ დავჯდეთ, იმპიჩმენტზე დევიწყოთ ლაპარაკი!“

არავინ იცის, ვიქტორა კიდევ რაზე, ან ვისზე ჩამოყრის „მარგალიტებს“, მაგრამ „საოცნებო საკრებულოს“ რომ ვუყურებ საპარლამენტო ქალაქში, ასევე  ქუთაისის „გამოოცნებებული“ მერიით, უკვე ისტორიაში შესული პირველი გაიმპიჩმენტებული მერის, ბესიკ ბრეგაძის ფრაზა მახსენდება: „ცენტრალურ ხელისუფლებას მინდა შევახსენო, ქამარი წელზე კეთდება და არა კისერზე!“

ნანა თვალაბეიშვილი

n1

n2

n3