ლაშა კილაძე: „ნარკომანის ქცევის რაციონალური ახსნა ძალიან ძნელია“

wqw

რაც უფრო წინ მიდის ქვეყანა, სახელმწიფოსთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება სოციალური საკითხები. ნარკომანია, როგორც პრობლემა, საქართველოს კარგა ხანია, აწუხებს, დროთა განმავლობაში იცვლება სენის სიმძიმეც. ამ დროისთვის საქმე ისეა მოწყობილი, რომ ნარკოტიკზე დამოკიდებული მოქალაქე არ არის მარტო პრობლემასთან, რადგან სახელმწიფოს დახმარებას გრძნობს.

ნარკომანებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია მეტადონის პროგრამა და ცხადია, საყურადღებოა, თუ რას წარმოადგენს ეს პროგრამა, რამდენად ხელმისაწვდომი და ეფექტურია იგი?

„ქრონიკა+“-ის რესპონდენტი გახლავთ ფსიქიკურ დაავადებათა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა კილაძე, რომელსაც მეტადონის პროგრამის გარდა სხვა საკითხებზეც ვესაუბრეთ:

 _ რას ითვალისწინებს მეტადონის პროგრამა და რამდენად ეფექტურად მუშაობს იგი?

_ მეტადონის თერაპიით სარგებლობენ მხოლოდ ოპიოდებზე დამოკიდებულები. ოპიოდები არის ნარკოტიკების ჯგუფი, რომელშიც შედის ჰეროინი, სუბუტექსი, მორფინი… ყველაზე მეტი მომხმარებელი საქართველოში სწორედ ნარკოტიკების ამ ჯგუფს ჰყავს. პაციენტებს ჯერ უტარდებათ გამოკვლევა, რათა დადგინდეს დამოკიდებულება ამ ჯგუფის ნარკოტიკზე და ამის შემდეგ ერთვებიან პროგრამაში. მეტადონის პროგრამის დაფინანსება საქართველოში 2005 წელს დაიწყო „გლობალ ფონდმა“, 2009 წლიდან კი ამ პროგრამას ანხორციელებს სახელმწიფო. დღეს პროგრამისთვის ჩვენი ცენტრის 17 განყოფილება მუშაობს. გამოიყენება მეტადონი თხევადი სახით. თუ ბენეფიციარს სურს თავი დააღწიოს ნარკოტიკზე დამოკიდებულებას, ხანმოკლე კურსი ენიშნება მეტადონის დოზის თანდათან შემცირებით. სამწუხაროდ, ბენეფიციართა უმრავლესობას ეს არ სურს და პროგრამაში მონაწილეობას ახანგრძლივებს. თუ 2013 წელს მეტადონის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობის ზღვარი 1800 იყო, 2014 წლის პროგრამის განახლებულმა დიზაინმა, რომელიც არ ითვალისწინებს პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობის შეზღუდვას, შესაძლებელი გახადა დღეს სერვისი მიეღო 2 300 –ზე მეტ ადამიანს.

_ ნარკოტიკზე დამოკიდებულს მეტადონის პროგრამაში ჩართვა თუ სურს, ხომ არ ეშინია, რომ სამართალდამცველ ორგანოებთან ექნება საქმე?

_ არა, პროგრამაში ჩართვით სამართალდამცველებთან არანაირი უსიამოვნება არ უჩნდება ბენეფიციარს, თუ რამე დანაშაულს არ ჩაიდენს.

_ რამდენად უსაფრთხოა ეს პრეპარატი? რა გვერდითი მოვლენები აქვს მეტადონს და როგორ მოქმედებს ის ნარკომანის ღვიძლზე?

_ იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთა ჯანმრთელობაზე მეტადონი უარყოფითად მოქმედებს, გათვალისწინებულია სუბოქსონით მკურნალობა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მეტადონი მსოფლიოში კარგად აპრობირებული პრეპარატია და გვერდითი მოვლენების რისკი მინიმუმამდეა დასული. მეტადონი ღვიძლისთვის განსაკუთრებულად ტოქსიკური არ არის. მეტადონი ამ მხრივ ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა.

_ რამდენად არის იმის შესაძლებლობა, რომ მეტადონის საშუალებით ნარკოტიკზე დამოკიდებულმა მოახერხოს ამ სენთან ბოლომდე გამკლავება?

_ უმეტეს შემთხვევაში მეტადონის მომხმარებელი უკვე ერიდება კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკს და აღარ სჩადის დანაშაულს ნარკოტიკის საშოვნელად. თუ ადრე შიდსის გავრცელების მთავარი წყარო ჩვენთან ინტრავენური ნარკომანია იყო, მეტადონის პროგრამის ამუშავების შემდეგ ეს სურათი შეიცვალა. მეტადონის პროგრამაში ჩართული ადამიანი არის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, მუშაობს, აქვს სოციალური ცხოვრება, აქტიურია საზოგადოებრივად. სახელმწიფოს პრაგმატული თვალსაზრისითაც ხელს აძლევს მეტადონის პროგრამა, რადგან ეს უფრო იაფი უჯდება, ვიდრე ნარკოტიკის მოსაძიებლად დანაშაულის ჩამდენი ხალხის ციხეში შენახვა.

_ იყო ისეთი პერიოდი, როცა ჰეროინი და ხაშხაშისგან დამზადებული ოპიუმი ნარკომანებისთვის ძნელად შესაძენი გახდა და დაიწყო „ვინტისა“ და „ჯეფის“ აქტიური მოხმარება. დღეს რა ვითარებაა?

_ ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანის ქცევის რაციონალური ახსნა ძალიან ძნელია. მეტადონის პროგრამაში ჩართვას ზოგს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკის მიღება ურჩევნია და აქ გასათვალისწინებელია ის, რომ სამკურნალო დოზებით არ გააჩნია ნარკოტიკული თრობის ეფექტი. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ნარკოტიკია ყველაზე მოხმარებადი, არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებით ასეთი ისევ ოპიოდების ჯგუფია. პირველ ადგილზეა ჰეროინი. ხშირად გამოყენებადია ასევე დეზომორფინი, იგივე „კრაკადილი“. „კრაკადილი“ მალე გამოდის ორგანიზმიდან და მას დღეში სამ-ოთხჯერ იღებენ. „კრაკადილის“ ინექციის დროს კანის ქსოვილი ნეკროზდება და იღებს ნიანგის ტყავის ფორმას, აქედან მოდის ამ ნარკოტიკის სახელწოდებაც. ხომ წარმოგიდგენიათ, კანზე ასე რომ მოქმედებს „კრაკადილი“, რას უზამს მთლიანად ორგანიზმს?! „ვინტი“ და „ჯეფი“ კი ამ დროისთვის მეექვსე ადგილზეა მოხმარების მხრივ.

_ ახლა ბევრს ლაპარაკობენ მარიხუანის ლეგალიზაციაზე _ რამდენად აქტუალურად მიგაჩნიათ ეს?

_ მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ვერ მოვისმინე სერიოზული, მეცნიერულ დონეზე წარმოდგენილი არგუმენტები. არა მგონია, რომ მძიმე ნარკოტიკთან შედარებით მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაცია სწორი ნაბიჯი იყოს. მარიხუანა ნარკოტიკების კანაბოიდების ჯგუფს განეკუთვნება და ხშირად იწვევს დამოკიდებულებას, სერიოზულ ფსიქოზს.

ევროპაში მარიხუანა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, მოხმარების მხრივ ის კვლავ პოპულარულია. მარიხუანა რომ ვითომდა უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ეს არის მითი. სხვა საქმეა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი ციხეში არ უნდა ხვდებოდეს და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია და დეკრიმინალიზაცია.

_ კლუბური გართობის მოყვარულებში უკვე წლებია, რაც პოპულარობით სარგებლოს ექსტაზი, განსაკუთრებით თინეიჯერებში _ ამ შემთხვევაში რა საფრთხესთან გვაქვს საქმე?

_ ექსტაზი ფსიქოსტიმულატორია, კლუბებში ნარკოტიკების ყიდვა და მოხმარება სერიოზულ რისკს უკავშირდება, რადგან გაურკვეველი თვისებების ნარკოტიკის მიღება შესაძლოა, კატასტროფული შედეგით დასრულდეს, ამიტომაც ეს უკიდურესად მტკივნეული თემაა.

_ რამდენად მწვავედ დგას ჩვენთან ალკოჰოლიზმის საკითხი?

_ სამწუხაროდ, ალკოჰოლზე დამოკიდებულთა რიცხვი ცოტა არ არის და ეს უკვე ცალკე თემაა. ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ალბათ, ფსიქოსოციალური ფაქტორითაა გამოწვეული. დღეს ალკოჰოლზე დამოკიდებული ბევრი პაციენტი მოგვმართავს, არანაკლები ვიდრე ოპიოდებზე დამოკიდებულები, ამიტომაც ალკოჰოლიზმის მკურნალობა ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. გავხსენით დღის სტაციონარი როგორც ნარკოტიკებზე, ისე ალკოჰოლზე დამოკიდებულთათვის, პაციენტებს შეუძლიათ, საღამომდე დარჩნენ იქ.

 

                                                                                დავით თავართქილაძე