ოლიმპიური სიმშვიდით ათვისებული 30 მილიონი ლარი!

we

არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრ მედიატორის“ ხელმძღვანელი, ლევან ხაბეიშვილი, ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში შასაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი ხუთ კომპანიაზე, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით გადანაწილდა _ ამ პროცესში 5 მილიონი ლარი მიიღო შპს „სპორტლაინმა“, რომლის ხელმძღვანელი, თავის დროზე, საბიუჯეტო თანხების მითვისებისთვის გასამართლდა.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „მონიტორინგის ცენტრ მედიატორის“ ხელმძღვანელი _ ლევან ხაბეიშვილი:

_ მოგეხსენებათ, წელს თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიადა უნდა გაიმართოს. ამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები გამოიყო _ დასაწყისში 38 მილიონი ლარი და ახლა მას 22 მილიონი დაემატა; ჯამში, დაახლოებით 60 მილიონი ლარი იხარჯება ღონისძიებისთვის. აქ არანორმალური არაფერია, რომ არა გარკვეული ფაქტები, რამაც ჩვენი ინტერესი გამოიწვია: ჩავიხედეთ, თუ როგორ მიმდინარეობდა ტენდერები, მოვიძიეთ შემსრულებელი კომპანიები და ა. შ.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ პრობლემა დროში ჩატევაა, საერთოდ, მოვასწრებთ თუ არა ოლიმპიადისთვის სათანადოდ მომზადებას. არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“ ამ საკითხითაც დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ მართლაც სერიოზულ პრობლემებთან გვაქვს საქმე. მასალებს გაწვდით დოკუმენტურად.

ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტით, 30 მილიონზე ცოტა მეტ თანხას პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ყოველგვარი ტენდერების გარეშე, უფორმებენ კომპანიებს გარკვეული სამუშაოსთვის. ასეთი ხელშეკრულება კორუფციის პირდაპირი წყაროა. კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშანი ისმის, თუ რა გამოცდილების გამო უფორმებენ კონკრეტულ კომპანიას ხელშეკრულებას? საიდან მოაქვთ ეს ფასი? არის თუ არა ეს საბაზრო ღირებულება? ხოლო თუ საბაზრო ღირებულებაა, ტენდერის პირობებში ბევრად ნაკლები იქნებოდა მისი საფასური და ა. შ.

ეს ხომ თბილისელების ფულია, ბიუჯეტის თანხაა, შესაბამისად, ტენდერიც იმიტომ არის კარგი საშუალება, რომ ყველა შპს-ს თანაბარი პირობები აქვს იმისთვის, რომ მასში მონაწილეობა მიიღოს და შესაბამისად _ გადაწყვეტილებაც.

შემიძლია გითხრათ 5 კომპანიის შესახებ, რომლებზეც ეს 30 მილიონზე მეტი თანხა არის გადანაწილებული. ესენია: შპს „აისი“, შპს „არტვანი“, შპს „სპორტლაინი“, შპს „გუმბათი“ და შპს „ვილარტი“. აღნიშნული თანხა კომპანიებმა სხვადასხვა სამუშაოში გადაინაწილეს.

ამ კომპანიების გამოცდილებაში ვერ გავერკვევით. საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაადგინონ, თუ რამდენად კეთილსინდისიერი ხალხია, რას აკეთებენ, კონკრეტულ სამუშაოებს რა ფასად და რანაირად აწარმოებენ. ჩვენ შეგვიძლია გარკვეული ნიშნები გამოვავლინოთ და ამისთვის გეტყვით კონკრეტულ ამბავს: შპს „სპორტლაინს“, რომელსაც ხუთ მილიონამდე ლარი აქვს მიღებული, ასევე პირდაპირი ხელშეკრულება გაუფორმდა. ერთ შემთხვევაში, სპორტული ინვენტარის შეძენა, მეორეში _ სტადიონზე საფარის დაგება. ხელშეკრულების მუხლი მშენებლობაზეა, მაგრამ იქვე წერია, რომ ეს სტადიონის საფარისთვის არის განკუთვნილი. ამ 5 მილიონიდან 3,5 მილიონი ლარი „სპორტლაინს“, ფაქტობრივად, მიღებული აქვს, რაზედაც დოკუმენტებიც მიუთითებს. ახლა დავინტერესდეთ, რას წარმოადგენს შპს „სპორტლაინი“? მისი დირექტორი გიორგი წასიძე გახლავთ. ამ სახელმა და გვარმა შეიძლება არაფერი გითხრათ, მაგრამ რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე? ჯერ ერთი, როცა ადამიანს ნასამართლობა გაუვიდა, ამაზე სათქმელი არაფერია. შეიძლება დანაშაული ჩადენილი გქონდეს, მერე დრო გავიდეს და საზოგადოებაში ადაპტირების პრობლემა არ იყოს, მაგრამ როდესაც ამდენი დამთხვევა ხდება, ყოველთვის კითხვის ნიშნები ჩნდება.

გიორგი წასიძე 2010 წლის 28 დეკემბერს, ნასამართლებია შემდეგ საქმეზე _ განათლების სამინისტრომ 2008 წელს გამოაცხადა ტენდერი სპორტული ინვენტარისთვის; საუბარია 9968 ცალ ფეხბურთის ბურთზე, რომელიც უნდა შეეძინა ტენდერში გამარჯვებულს. როგორც გამოძიებიდან ირკვევა, 119 616 ლარი გიორგი წასიძემ მიითვისა, ანუ ბიუჯეტის თანხა. ეს რომ ჩაიდინა, შემდეგ აღიარა კიდეც, კერძოდ: დანაშაულს ინანიებს (რაც განაჩენში წერია) და გაუფორმდა საპროცესო გარიგება _ 700 ათასი ლარი გადაიხადა ამ კონკრეტული დანაშაულისთვის.

ხაზს ვუსვამ, გიორგი წასიძესთან პიროვნულად საქმე არ გვაქვს, თავად საბიუჯეტო სახსრებთან საქმე რომ არ ჰქონდეს. საერთოდ არ მაინტერესებს, მისი კომპანია რას გააკეთებს კერძო სექტორში, რა სამუშაოს შეასრულებს; მაგრამ როცა საქმე ეხება თბილისელების ფულს, უკაცრავად, მაგრამ სწორედ ამიტომ ვაქცევ ყურადღებას ამ ამბავს, კონკრეტულ თემას, თავისი დეტალებით.

გიორგი წასიძე არის ირაკლი სამყურაშვილის ახლო მეგობარი, წლების განმავლობაში მეზობლად ცხოვრობენ და ოჯახებით ახლობლობენ. ამას, ალბათ, არც თვითონ უარყოფენ. ირაკლი სამყურაშვილი იყო ზვიად ჯანყარაშვილის მოადგილე, მის მიერვე დანიშნული. როდესაც ჯანყარაშვილი გენერალური ინსპექციიდან წავიდა, სწორედ ირაკლი სამყურაშვილი დატოვა, მისი რეკომენდაციით დარჩა თანამდებობაზე. სამყურაშვილი ადრეც თანამდებობაზე იყო, ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდეგ წლების განმავლობაში, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მუშაობდა. ფაქტობრივად, ირაკლი სამყურაშვილის „კასირია“ გიორგი წასიძე და სწორედ სამყურაშვილი, თავის დროზეც, ლობირებდა ამ ადამიანის კომპანიის მუშაობას, ხელს უწყობდა სახელმწიფოსთან ურთიერთობასა და ტენდერებში.

დღესაც იგივე გრძელდება, უბრალოდ, ხაზი შეიცვალა. ადრე არ ვიცი, ნამდვილად ვერ გეტყვით, სად მიდიოდა, მაგრამ დღეს ეს ხაზი ჯანყარაშვილამდე მიდის: იწყება მერიასთან, სადაც არის წასიძე, მერე სამყურაშვილი და შემდეგ უკვე ჯანყარაშვილია. ხუთმილიონიან პირდაპირ ხელშეკრულებას უფორმებენ ადამიანს, რომელსაც ასეთი წარსული აქვს. ეს ხომ კერძო სამუშაო არ არის, ბიუჯეტის თანხაა. თავის დროს წასიძეს დანაშაული აღიარებული და 700 ათასი საპროცესოთი გადახდილი აქვს. სწორედ ეს კონკრეტული ფაქტი გვიჩენს ეჭვებს.

_ დავაზუსტოთ: 2008 წელს ტენდერის შედეგად რა თანხა გამოიყო „სპორტლაინზე“?

_ 2008 წელს, ჯამში, გამოყოფილი იყო 2 მილიონ 159 ათას 473 ლარი. გიორგი წასიძემ სატენდერო პირობებით ბურთების შეძენა 32 ლარად მოიგო, როდესაც 10 ათასამდე ბურთი შეიძინა. ეს შემოწმდა, თითოს საბაზრო ღირებულება არ აღემატებოდა ოც ლარს. გონივრულია, ვთქვათ, რომ აქაც თანხები მიითვისა. გამოძიებამ მაშინ დაადგინა, რომ 119 ათას 616 ლარი ამ ადამიანმა ბიუჯეტიდან წაიღო, რასაც შემდგომში თვითონაც ადასტურებს.

_ რატომ გადაეცემა ტენდერების გარეშე კომპანიების თანხები? ამის აუცილებლობა რით არის გამოწვეული?

_ 2015 წელს ოლიმპიადა რომ უნდა ჩატარებულიყო, დედაქალაქის მთავრობამ ამის შესახებ უკვე საარჩევნო კამპანიის დროს იცოდა. 2014 წლის 6 დეკემბერს მერი შეუდგა საქმიანობას და დედაქალაქის მთავრობა დამტკიცდა. რეალურად, მათ გონივრული სამოქმედო ვადა ჰქონდათ, ანუ აგვისტო-სექტემბერშივე რომ გამოეცხადებინათ ეს ტენდერები (თუნდაც მოკლე, ერთთვიანი ან ორკვირიანი), რასაკვირველია, კონკურსით გადაწყვეტილების მიღების საშუალება არსებობდა. არ იყო სავალდებულო, რომ ერთ პირთან მოლაპარაკებით, ასე პირდაპირ გაეფორმებინათ ხელშეკრულებები,

მაგრამ მერიასა და მთავრობას პოლიტიკურად გამართლებისთვის სალაპარაკო მარტო ის აქვთ, რომ ხალხს როგორმე დააჯერონ _ ვერ ვასწრებთ, უკაცრავად, გვეჩქარება და არ გვინდა, შევრცხვეთო. მეც არ მინდა ოლიმპიადაზე შერცხვენა, გვსურს, ყველაფერი ვადებში მოესწროს. ერთადერთი არგუმენტი ისაა, რომ ვერ ასწრებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 30 მილიონზე მეტი ასე ჩამოარიგო ხუთ კომპანიაზე. რაღაც შენობა უნდა ააშენოს შპს „გუმბათმა“, რომელსაც 9 მილიონი ლარის პირდაპირი ხელშეკრულება გაუფორმდა. ეს გზა აბსოლუტურად ჩაიკეტა სხვა კომპანიებისთვის და კონკრეტულ ნაცნობ-მეგობრობაზე გესაუბრებით, რა ნიშნითაც ფორმდება ეს ხელშეკრულებები. ახსნას მერიამ, რა დამსახურებისთვის მისცა შპს „სპორტლაინს“ 5 მილიონი ლარი? როგორ დავიჯერო, დედაქალაქში არსებობს უამრავი სპორტული მაღაზია, რომელსაც, დარწუნებული ვარ, იგივენაირად შეეძლო ამ ინვენტარის შესყიდვა. „სპორტლაინი“ იმიტომ, რომ, ჩვენი ვარაუდით, აქ წასიძე-სამყურაშვილი-ჯანყარაშვილის ხაზი მოქმედებს. ვეჭვობთ, ანალოგიურად იხარჯება დანარჩენი თანხებიც.

_ სხვა შემთხვევებზეც ხომ არ დაგიწყიათ მუშაობა?

_ რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევებიც გვაქვს, უბრალოდ, ეს ყველაზე სასწრაფო საქმეა, რომელსაც ვიღაცამ ყურადღება უნდა მიაქციოს. ეს თბილისელების ფულია და ვერ დაველოდებით, ბოლომდე როდის გავალთ. კონკრეტული ეჭვები არსებობს და საზოგადოებას სიმართლე უნდა გავაგებინოთ.

და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ მინდა გითხრათ: ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თუ მერიას დასჭირდა, შეუძლია 10 მილიონი ლარი ოლიმპიადისთვის მისცეს. თუ მისივე კომპანიებს (ასეთად მოვიაზრებ იგივე ჯანყარაშვილთან და მსგავს კომპანიებთან დაახლოებულ ხალხს) პირდაპირ ჩამოურიგა 60 მილიონი ლარი, უკაცრავად, მაგრამ აქედან „ატკატით“ მილიონსაც ჩახსნიან, თხუთმეტსაც და ოცსაც. თან სამადლობელი გვექნება, რეალურად, ჩვენივე ჯიბიდან ამოღებულ ფულზე.

ეს დანარჩენი კომპანიებიც გამოსაძიებელია, ზოგი ვისთან არის დაკავშირებული და ზოგი _ ვისთან. ეს არის თბილისელების საბიუჯეტო ფულის გაფლანგვა და ღმერთმა არ ქნას, რომ ამის მიუხედავად, ოლიმპიადა ვერ მოესწროს. ეს პირდაპირი პასუხისმგებლობა იქნება ხელისუფლებისა და დედაქალაქის მერიის, პირველ რიგში.

_ რა გაფიქრებინებთ, რომ შეიძლება არ მოესწროს და რა ხდება წარმოებულ სამუშაოებთან დაკავშირებით?

_ ჩვენ ყოველდღიური, პირდაპირი კომუნიკაციები გვაქვს, უამრავ ადამიანს ვესაუბრებით. ოლიმპიური სოფლის ირგვლივ რომ გავიაროთ, ბვერი საქმე დაუსრულებელია და ზოგი ნახევრამდეც არ არის მიყვანილი. ამას შესაბამისი ადამიანური რესურსი სჭირდება, მეტი მობილიზება. ამაზე სხვა ორგანიზაციებიც საუბრობენ, საზოგადოებაში არახალი აზრია, მოესწრება ოლიმპიადა, თუ არა. სამწუხაროდ, ეს დილემა უკვე დგას და სერიოზული პრობლემები შეიქმნება ორგანიზების კუთხით. არ გავხდეთ ისე დასაცინი, როგორც სოჭის ოლიმპიადის დროს გახდა რუსეთი. გახსოვთ იქ გადაღებული კადრები, დაუმთავრებელი სასტუმროები და ა. შ. ნამდვილად არ მინდა, რომ ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩავვარდეთ, მაგრამ რა ვუყოთ რეალობას, როცა ფულს ასე ფლანგავენ?!

რატომ იხარჯება ეს ფული კორუფციული გარიგებით, კონკრეტული ადამიანების სასარგებლოდ და არა იმ საქმის გასაკეთებლად, რომელიც რეალურად უნდა შესრულდეს? როცა ადგილი აქვს გარიგებას, საქმე მეორე პლანზე გადადის, რადგან ეს ადამიანები, პირველ რიგში, ფულზე ფიქრობენ და არა კონკრეტულ ვალდებულებებზე.

_ გამოსავალს სად ხედავთ?

_ პირდაპირ გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში ჩიხში ვიმყოფებით და დრო აღარ იცდის. ოლიმპიადასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებს ძალიან სწრაფად უნდა ეშველოს. რეალურად გამკეთებელია თუ არა, ამას დედაქალაქის მერმა უნდა მიხედოს.

გამოსავალი ის არის, რომ ამ ადამიანებთან, კომპანიებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს და ეს ფული დაუბრუნდეს თბილისელებს, ქალაქის ბიუჯეტს. არ შეიძლება, ამდენი მილიონი ლარი რამდენიმე ადამიანის ჯიბეზე ნაწილდებოდეს, ბიუჯეტის თანხები ასე ჰაიჰარად იხარჯებოდეს. არავინ დაობს, რომ ერთ პირთან მოლაპარაკება კორუფციის წყაროა, ეს უკიდურეს, გამოუვალ შემთხვევაში ხდება ხოლმე. როცა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიისას იცი, რომ გაისად გიწევს ოლიმპიადის ჩატარება, შესაბამისი გეგმაც უნდა გქონდეს. ვიმეორებ: აგვისტოში რომ მომზადებულიყვნენ, გარწმუნებთ, სექტემბერ-ოქტობერში ყველა ტენდერი დამთავრებული იქნებოდა. კომპანიები გამოვლენილი და სამუშაოებიც ძალიან სწრაფად დაიწყებოდა.

 

                                                                               გელა მამულაშვილი