რა კავშირი აქვს ხორცის ბიზნესთან ზვიად ჯანყარაშვილსა და ოთარ დანელიას?

monichebul

2015 წლის მარტში ქართულ და აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ხორცისთვის აზერბაიჯანის ბაზარი საერთოდ ჩაიკეტა. ფერმერების ცნობით, აზერბაიჯანელ იმპორტიორებს ხორცს მინიმალურ ფასად, _ 1 კგ-ს 4,5 ლარად სთავაზობდნენ, თუმცა ამ ქვეყნიდან მოთხოვნა საერთოდ არ იყო. ეკონომიკის სამინისტრომ მედიას აზერბაიჯანში ხორცის ექსპორტის შეფერხება დაუდასტურა და მთავარ მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ მეზობლებმა უფრო ხელსაყრელი ბაზარი მოძებნეს; ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ კი გაზეთ „რეზონანსთან“ განაცხადა, რომ იგი ესაუბრა აზერბაიჯანელ ბიზნესმენებს, რომელთა თქმით, მათ ქვეყანაში დიდი რაოდენობით ხორცი შედის უკრაინიდან და მათთვის საქართველოს ბაზარი საინტერესო საერთოდ აღარაა. ეს ხდება იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანელები თავად ჩამოდიოდნენ და ადგილზე ყიდულობდნენ პირუტყვს: ბუღა უნდა ყოფილიყო, მინიმუმ, სამი წლის და მისი ღირებულება, წონის მიხედვით, 1700 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წელს ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი 18,2 მილიონი დოლარი იყო, 2012 წელს ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა და 39 მილიონი დოლარი შეადგინა, 2013 წელს კი 47 მილიონ დოლარს გაუტოლდა. ეს ის პერიოდია, როცა აზერბაიჯანში ექსპორტმა მკვეთრად მოიმატა, რამაც ქართველ ფერმერებს მესაქონლეობის ბიზნესის გაფართოების სტიმული მისცა. 2014 წელს ექსპორტი 30 მილიონ ლარამდე შემცირდა. ფერმერები 2015 წელს ბევრად დრამატულ სურათს ელიან.

რა დგას აზერბაიჯანის მიერ ქართული ხორცის ექსპორტის აკრძალვის უკან?

ვინ იყო პირი, რომელიც საქართველოში ამ ბიზნესს ეწეოდა?

ვინ და ვის მიერაა დაფუძნებული შპს „ტორი“? რა კავშირი აქვთ ბიზნესთან ზვიად ჯანყარაშვილს, რომან ჩხენკელსა და ოთარ დანელიას? რა ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში და რატომ დარჩნენ თანამდებობებზე დავით კირვალიძის კადრები?

„ქრონიკა+“-ის ჟურნალისტური გამოძიების პირველი ნაწილი.

120-მილიონიანი კახური ხაშლამა და ხორცის ბიზნესი

დასაწყისში, ალბათ, მკითხველი უნდა გავარკვიოთ, თუ რას წარმოადგენს საქართველოში ხორცის ბიზნესი, რა ფუნქციები და ბერკეტები აქვთ მაკონტროლებელ სახელმწიფო სტრუქტურებს ბიზნესის დასამუხრუჭებლად.

აღნიშნული ბიზნესი არის საქართველოს მასშტაბით ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეგროვება-შესყიდვა, ერთ ადგილზე კონცეტრირება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, საკვების მომარაგება და ექსპორტამდე მათი გამოკვება, საკარანტინე ზონის შექმნა, ექსპორტზე გაყვანა და რეალიზაცია. პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადია, შესაბამისად, ბაზარზე მოთამაშეები ბევრი არ არის. წლებია, ქართულ ბაზარზე, ძირითადად, მონოპოლისტები მუშაობენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ქვესტრუქტურა _ სურსათის ეროვნული სააგენტო და, პარალელურად, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი _ ეს ის სახელმწიფო ორგანოებია, რომელთაც შეხება აქვთ ხორცის ბიზნესთან. საბაჟო დეპარტამენტი, როგორც მაკონტროლებელი, ნაკლებად ერევა, რადგან აღნიშნული ბიზნესი განთავისუფლებულია გადასახადებისგან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი რეალური ბერკეტი აქვს ბიზნესისთვის პრობლემების შესაქმნელად. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარს ნებისმიერი მიზეზით შეუძლია, არ გამოწეროს ვეტერინარიული სერტიფიკატი, რომლის გარეშეც, ფაქტობრივად, ექსპორტი შეუძლებელია.

2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე აღნიშნული საექსპორტო ბაზრის ძირითადი მოთამაშე იყო აზერბაიჯანული ფირმა „სურხაი ჰუსეინოვი“. ამ ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ შეისწავლა ადგილობრივი ბაზარი, მოძებნა საქონლის შემგროვებლები და სისტემატური მომწოდებელი, მოაწყო საკარანტინო ზონა და შექმნა რთული ინფრასტრუქტურა სოფელ მარტყოფში, სადაც მუდმივად შეეძლო, დაახლოებით, 3-4 ათასი მსხვილფეხა პირუტყვის დაყენება, გამოკვება და საექსპორტოდ მომზადება. მოძებნა რეალიზაციის ბაზარი, ასევე გეგმავდა, საქონელი შეეძინა უკრაინასა და რუსეთში, საქართველოს გავლით შეეტანა აზერბაიჯანში, რაც ქვეყნის ბიუჯეტს ტრანზიტით დამატებით სოლიდურ შემოსავალს მოუტანდა. ამას გარდა, „სურხაი ჰუსეინოვის“ მეპატრონე აზერბაიჯანის მთავრობასთან და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახთან დაახლოებული პირია, რომელიც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს აზერბაიჯანის ეკონომიკასა და სამთავრობო წრეებზე, ასევე აზერბაიჯანის სხვა ქვეყნებთან ეკონომიკურ თუ სავაჭრო ურთიერთობებზე. საქართველოში გავლენიანი აზერბაიჯანელი ინვესტორის ბიზნესის მასშტაბები ციფრებში ასე გამოიყურება:

2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე „სურხაი ჰუსეინოვის“ მხრიდან აზერბაიჯანში ექსპორტზე გაყვანილია, დაახლოებით, 100 000 ერთეული მსხვილფეხა საქონელი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს, დაახლოებით, 72 000 000 ლარს. თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებობენ შედარებით მცირე მასშტაბების იმპორტიორებიც, აღნიშნული ბიზნესიდან საქართველოს ბიუჯეტში, საკმაოდ სოლიდური თანხა შედიოდა.

2014 წლის ოქტომბერს, მოულოდნელად, „სურხაი ჰუსეინოვი“ ექსპორტს წყვეტს და საქართველოს მასშტაბით მის მიერ შეგროვილ საქონელს ყიდის შპს „ტორზე“. რატომ გახდა იძულებული აზერბაიჯანული კომპანია, 70-მილიონიანი ბიზნესი სხვისთვის დაეთმო? სქემა შემდეგი ფორმით ჩამოყალიბდა: ამ პერიოდში „სურხაი ჰუსეინოვი“ ყიდულობს და აგროვებს საცალოდ საქონელს საქართველოში, შემდგომ ყიდის შპს „ტორზე“, რომელიც იყენებს მარტყოფში კომპანიის ინფრასტრუქტურას, აწარმოებს ექსპორტს აზერბაიჯანში და… მსხვილფეხა პირუტყვს ყიდის ისევ „სურხაი ჰუსეინოვზე“. ეს გრძელდება, დაახლოებით, ხუთი თვის განმავლობაში, 2015 წლის მარტის ჩათვლით, ხოლო აპრილში „სურხაი ჰუსეინოვი“ საერთოდ წყვეტს საქმიანობას საქართველოში და ხსნის აზერბაიჯანის მომარაგების ახალ ბაზარს რუსეთიდან და უკრაინიდან, რომელიც მას, თავის დროზე, სწორედ საქართველოს გავლით უნდა აეწყო. შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტი რჩება მილიონობით ლარის გარეშე, მეტიც, აზერბაიჯანმა ქართული პირუტყვის ექსპორტი საერთოდ აკრძალა.

ვინ დგას შპს „ტორის“ უკან და რატომ წავიდა საქართველოდან „სურხაი ჰუსეინოვი“?

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ტორი“ რეგისტრაციაში გატარდა 2013 წლის 4 ივლისს. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ვლადიმერ გეგეჭკორია.

გეგეჭკორის სახელზე საქართველოში არც საცხოვრებელი ბინა ირიცხება და არც სხვა ტიპის უძრავი ქონება. რეალურად კი, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ვლადიმერ გეგეჭკორი „პადსტავნოი“ ფიგურაა. სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებული, კარგად ინფორმირებული წყარო „ქრონიკა+“-ს ეუბნება, რომ ვლადიმერ გეგეჭკორი ნიკოლოზ ჩიქოვანის ახლო ნათესავია და წლების განმავლობაში მუშაობდა ჩიქოვანის კომპანია „ფილიმასკა.ჯი“-ში. შპს 2009 წლის 27 მარტსაა დაფუძნებული და საჯარო რეესტრის 2014 წლის მონაცემებით მისი დამფუძნებლები იყვნენ:

გიორგი გეგეშიძე _ 12,5%;

ვახტანგ ნიკოლეიშვილი _ 25%;

დავით კურცხალია _ 12,5%;

ნიკოლოზ ჩიქოვანი _ 25%;

შპს „ტიმენკო“ (იტალია) 25%.

2015 წელს შპს „ფილიმასკა.ჯი“-ში ცვლილებებია, _ გიორგი გეგეშიძის ნაცვლად, 12,5%-იანი წილის მფლობელი, მისი მეუღლე ნინო ნიჟარაძე ხდება. სხვათა შორის, დავით კურცხალია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ვერა ქობალიას მეუღლეა.

ვინ არის ნიკოლოზ ჩიქოვანი?

ის წლების განმავლობაში იყო „ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის“ გენერალური დირექტორი ილია კოკაიასთან და გიორგი კაპანაძესთან ერთად, ასევე იყო „ფეროსთან“ დაკავშირებული ყველა იურიდიული პირის დამფუძნებელი. სხვათა შორის, მკითხველს უნდა შევახსენოთ: გიორგი კაპანაძე („რიჟა“) ის პირია, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ფეშქაშად მიიღო აღმაშენებლის გამზირის (პლეხანოვი) რეაბილიტაციის ტენდერი, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ პირველმა „გააიასნა“ ზვიად ჯანყარაშვილთან. იმის მაგიერ, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისა და, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით „ატკატების“ გაცემის გამო მასზე გამოძიება დაწყებულიყო, „რიჟამ“ კამერა მიიმაგრა და მისივე ბიზნესპარტნიორი, გიორგი ღონიაშვილი დააჭერინა. დღეს გიგი უგულავას ქვისლი უკვე თავისუფალია.

გიორგი გეგეშიძე ასევე იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი და 9%-იანი წილის მფლობელი. დღეის მდგომარეობით, მისი წილი აქაც ნინო ნიჟარაძის სახელზეა გადაფორმებული და მართვის უფლებით გადაცემული აქვს გიორგი კაპანაძეს _ „რიჟას“.

ასევე ოფიციალურად დასტურდება ნიკოლოზ ჩიქოვანისა და ლაშა ჩხენკელის ბიზნესკავშირები. მათ 2013 წლის 8 აპრილს დააფუძნეს შპს „ნიუ ტექნოლოჯი“, რომლის დირექტორი და 60%-იანი წილის მფლობელი ნიკოლოზ ჩიქოვანია, ხოლო 40%-იანი წილის მფლობელი დღემდე ლაშა ჩხენკელია. ლაშა ჩხენკელი გახლავთ რომან ჩხენკელის უმცროსი ძმა, რომან ჩხენკელი კი „ქართუს“ გაკოტრების სქემის ერთ-ერთი ავტორი და ამ საქმეში ბრალდებული პირია, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილის რეკომენდაციით სახელმწიფო კანცელარიაში აღმოჩნდა. ლაშა ჩხენკელი დღემდე კახა ბაინდურაშვილის მოადგილეა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. მათ საერთო ინტერესები ჰქონდათ „ტვ 3“-ში, მოგვიანებით კი წილი დაუთმეს დავით შავლიაშვილის კლასელს და ბიზნესპარტნიორს დავით მჟავიას.

ზემოთ ხსენებული კავშირების გათვალისწინებით, მგონი, მარტივი წარმოსადგენია, რომ შპს „ტორის“ უკან სწორედ პრემიერ ღარიბაშვილის ახლო გარემოცვასთან დაკავშირებული პირები დგანან.

2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით შპს „ტორმა“ „სურხაი ჰუსეინოვისგან“ საქონლის ყიდვით და ისევ მასზე გაყიდვით ექსპორტზე გაიყვანა, დაახლოებით, 15000 ერთეული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და მიიღო ჯამური შემოსავალი _ 12 000 000 ლარი. ეს მოხდა, სულ რაღაც, ხუთი თვის განმავლობაში. რა შემოსავალი მიიღო პერსონალურად ვლადიმერ გეგეჭკორმა? „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მას „ტორიდან“ დივიდენდის სახით გატანილი აქვს 2 მილიონი, ხოლო ხელფასის სახით მიღებული აქვს 25 000 ლარი.

როგორც „ქრონიკა+“-ს კარგად ინფორმირებული წყარო უყვება: რომან ჩხენკელი პრემიერ ღარიბაშვილს ზვიად ჯანყარაშვილმა დაანიშნინა ეკონომიკურ საბჭოში. მოგვიანებით, ჩხენკელის მეორე ძმა, აკაკი, რეგიონული სამსახურის უფროსი გახდა. იმ პერიოდში ექსპერტები წერდნენ, რომ ძმები ჩხენკელები იმდენად გავლენიანი ადამიანები იყვნენ, მათთან შეუთანხმებლად მინისტრებიც კი ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებებს. სწორედ რომან ჩხენკელი აწვდიდა სრულ ინფორმაციას ზვიად ჯანყარაშვილს წარმატებული ბიზნესების შესახებ, ხოლო ზვიად ჯანყარაშვილი ადგენდა ამ ბიზნესში წილის მიღებისა და გადაცემის სქემებს. ერთ-ერთ „შავ სიაში“ სწორედ აზერბაიჯანული კომპანია „სურხაი ჰუსეინოვი“ მოხვდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, რომელიც, თავის დროზე, „სილქნეტის“ დირექტორთა საბჭოს წევრისა და მონიტორინგისა და სტანდარტიზაციის უფროსის პოსტიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სავარძელში გადაინაცვლა. „სურხაი ჰუსეინოვის“ ბიზნესს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, პრობლემები შეუქმნა და სიტუაციის გასარკვევად ზვიად ჯანყარაშვილთან გააგზავნა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ზვიად ჯანყარაშვილთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ რომან ჩხენკელი და ოთარ დანელია. ამ „რაზბორკაზე“ კომპანიის ხელმძღვანელი აიძულეს, აზერბაიჯანში საქონლის ექსპორტის შუამავლად შპს „ტორი“ გაეხადა, მასზე განხორციელდა კონკრეტული მუქარებიც და ხუთი თვის შემდეგ, რაკი ჰუსეინოვმა სამართალი ვერ იპოვა, საქართველოდან საერთოდ წავიდა. ზემოთ დავწერეთ და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ: „სურხაი ჰუსეინოვის“ უკან იდგა აზერბაიჯანის პოლიტიკურ და ფინანსურ წრეებში ფრიად გავლენიანი ადამიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან დაახლოებული პირი, რომელმაც საქართველოდან მისი კომპანიის წასვლის შემდეგ მოახერხა ის, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ საერთოდ უარი თქვა ქართული მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე. გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად ეს ფაქტი ქვეყნისთვის მომგებიანი არ არის, ეკონომიკურად კიდევ უფრო მძიმე შედეგი დადგა _ საქართველოს ბიუჯეტმა წელიწადში მილიონობით ლარი დაკარგა. მგონი, ზემოთ მოყვანილი სქემის მერე გასაკვირი არაა, რატომ ამბობს შვეიცარიის ელჩი, რომ საქართველოში ბიზნესს პრობლემები აქვს და სახელისუფლებო ორგანოებში კორუფციაა. საინტერესოა ასევე ისიც, სად წავიდა ორი მილიონი ლარი, რომელიც ვლადიმერ გეგეჭკორმა შპს `ტორიდან~ დივიდენდის სახით მიიღო?

აღნიშნულ საკითხზე „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტური გამოძიება მომდევნო ნომერში გაგრძელდება.

 

                                                                                   ელისო კილაძე