რას ყიდულობს ნატანებში პირველი მოქალაქე?!

dr56

 

ოზურგეთის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“, ნათია შარაშენიძე, „ქრონიკა+“-ს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დანაშაულებრივ ტენდერებზე ფაქტებითა და დოკუმენტებით ესაუბრა. მან ასევე იმ შენობა-ნაგებობების ამბავი მოგვითხრო, რომლის ხელში ჩაგდებაც, თურმე, მეოცნებე ხელისუფლებასა და მის თავკაცს, ბიძინა ივანიშვილს სდომებია.

ნათია შარაშენიძე:

_ ადგილობრივ ხელისუფლებას პირველივე სხდომაზე დავპირდი, მთლიანად გავაკონტროლებ თქვენს საქმიანობას, განსაკურებით ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში-მეთქი და ამ დაპირებას ვასრულებ. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ იმ დანაშაულზე, რომელიც ახლახან ჩაიდინა ქალაქ ოზურგეთის მერიამ.

წელს, 25 მარტს, ტენდერი ჩაატარეს ამწე და გადასაზიდი მოწყობილობების შესყიდვაზე. საუბარია გარე განათების კალათიან ამწეზე. ერთი ერთეული ასეთი ტექნიკის სავარაუდო ღირებულება 50 ათასი ლარი იყო. ჩემი ყურადღება მიიპყრო სატენდერო დოკუმენტაციამ, სადაც პირველი პუნქტის მეორე ნაწილით მოთხოვნილი იყო ასეთი რამ: ტექნიკის შესყიდვის დოკუმენტაცია თუ იქნებოდა უცხოურ ენაზე, აუცილებლად უნდა ეთარგმნა ტენდერში მონაწილე პირს, ნოტარიულად დაემტკიცებინა და ისე წარმოედგინა. ტენდერის პირობებში მე-5 პუნქტის მესამე ქვეპუნქტში ასევე ტენდერში მონაწილე პირს სთხოვდნენ ტექნიკის საგარანტიო ვადების წარმოდგენასაც. მოკლედ, ამ ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კომპანია, „აწყური+“ და მას შემცილე არ ჰყავდა. საჯარო რეესტრის მიხედვით, ეს კომპანია 2010 წელს დაარეგისტრირა კაპანაძემ, ამჯერად კი კალათიანი ამწის შეძენისთვის 49 ათასი ლარი შეიტანა, თუმცა დოკუმენტაცია, რასაც კომისია დებულებით ითხოვდა, არ წარმოუდგენია.

_ რა დოკუმენტაციაზე საუბრობთ?

_ კალათიან ამწეზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსად ჩანს, არის თუ არა ის მუშა მდგომარეობაში. ბიუჯეტმა 48 ათასი ლარი კი გადაიხადა ტექნიკაში, მაგრამ დოკუმენტურად უცნობია, ის გამართულია თუ არა. ვრცელდება ინფორმაციები, რომ შეძენილი ამწე არ იყო გამართული. რეალურად ეს როგორ არის, უნდა მითხრას საგარანტიო დოკუმენტმა და ტექნიკურმა პასპორტმა, მაგრამ ამით სინამდვილეს ვერ გაარკვევთ. „აწყური+“-ს საგარანტიო დოკუმენტი წარმოდგენილი არ აქვს, ტექნიკური პასპორტი კი უცხო ენაზე არის შედგენილი და ნოტარიულ დამოწმებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ქართული თარგმანი საერთოდ არ აქვს. ტექნიკური პასპორტი იტალიურად არის დაწერილი და რადგან ეს ენა არ ვიცი, ვერ გავარკვიე, რა წერია. არ ვიცი, სატენდერო კომისიამ დოკუმენტი როგორ წაიკითხა. არა მგონია, კომისიის წევრებმა იტალიური იცოდნენ. თარჯიმანიც რომ მოეწვიათ და ზეპირად ეთარგმნა, ესეც დანაშაულია. ბოლომდე ისიც არ არის ცნობილი, ეს დოკუმენტი არის თუ არა ტექნიკური პასპორტი და ასეთმა კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა!

_ ეს დოკუმენტი ახლა ვის აქვს?

_ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უდევს ტენდერის დოკუმენტებში და ვებგვერდზეც ატვირთა. უარესსაც გეტყვით: როცა სატენდერო კომისიამ „აწყური+“ გამარჯვებულად გამოაცხადა, დაწერა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება მოთხოვნებსო. სატენდერო კომსიის თავმჯდომარე არის ოზურგეთის მერი, ბატონი ბეგლარ სიორიძე და წევრებიც მერიის წარმომადგენლები არიან. ეს ფაქტი ნიშნავს იმას, რომ ოზურგეთის მერია უგულისყუროდ აფრიალებს საბიუჯეტო თანხებს. ქვედინებებს რომ არ ჰქონოდა ადგილი, ასეთი დოკუმენტის შემომტან კომპანიასთან ხელშეკრულებას არ გააფორმებდნენ, დისკვალიფიკაციას მისცემდნენ და ხელახლა დანიშნავდნენ კონკურსს, მათ კი ტენდერი ჩატარებულად გამოაცხადეს. ფაქტია, რომ ასეთი რამეები „ლამაზი თვალების“ გამო არ კეთდება. რატომ მიიღო მცდარი დოკუმენტაცია კომისიამ, ამის გარკვევა შესაბამისი სტრუქტურების საქმეა და იმედია, ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ დაინტერესდებიან. ხვალ რომ ეს ამწე  ჯართად დაფიქსირდეს, ბიუჯეტი მისი გამართვისთვის ხომ კიდევ გადაიხდის თანხებს და ეს ხომ ვინმეს უნდა ადარდებდეს? ბიუჯეტის ფულის ასეთი გაუგონარი ფანტვა ხდება მაშინ, როცა ოზურგეთში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს, დახმარებებს უხსნიან, ავადმყოფებს კი, წელიწადში ერთხელ 150 ლარი რომ მისცენ, ცრემლიანი თვალებით დაატარებენ მერიის შენობაში.

აქვე უნდა შევეხო ჯანდაცვის თემასაც. ძალიან მიკვირს, დავით სერგეენკოს რატომ ჰქვია წარმატებული მინისტრი, როცა მისი სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამები წარუმატებელია?

_ გეტყვით, რატომ არის წარმატებული დავით სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, რომელიც მან შემოიღო, ხელმისაწვდომი გახადა ადამიანებისთვის წამალი და ექიმი, მანამდე კი ეს ასე არ იყო. ვინც მიმართავს ამ სამინისტროს, შეძლებისდაგვარად ეხმარებიან კიდეც და ეს ცოტაა?

_ საყოველთაო ჯანდაცვაშიც არის სერიოზული ხარვეზები, რომელიც ჩემს ოჯახსაც შეეხო. მამაჩემს თიაქრის გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს და თიაქარი ჩაუბრუნეს, მერე კი გვითხრეს, თუ ამოვაჭრიდით, მაშინ დააფინანსებდა სახელმწიფო და ჩაბრუნების დროს თანხა თქვენ უნდა გადაიხადოთო. ე. ი. უნდა დაელოდო, როდის დაგეჯახება მანქანა, როდის დაგეცემა აგური თავში, უფასო მკურნალობა რომ ჩაგიტარონ. გეთანხმებით, რომ ბევრს დაუფინანსეს ოპერაციები, მაგრამ უფრო მეტს ვერ დაეხმარნენ, არადა მათ აქვთ ქრონიკული დაავადებები და ასევე სტკივათ, აწუხებთ, ამის გამო მოძრაობა უჭირთ, ცუდად არიან და ფული არ გააჩნიათ, რომ იმკურნალონ. ისინი შესაცოდები რატომ არ არიან, ეს ვერ გავიგე. თბილისში, თემქაზე ცხოვრობს პირველი ჯგუფის ინვალიდი ლიანა ოქროპირიძე, რომელსაც აქვს კოქსართროზი და მარტოხელაა. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტრომ უარი უთხრა ოპერაციის დაფინანსებაზე, რომელიც 6 ათასი ლარი ჯდება. ის ახლა სიკვდილს ებრძვის და ყოველდღე ითმენს ჯოჯოხეთურ ტკივილებს.

_ დაფინანსებაზე უარი რა მიზეზით უთხრეს? 

_ მე ვნახე სამინისტროს პასუხი და იქ მხოლოდ კანონის მუხლებია ციტირებული. ცხადია, ამ ქალბატონმა ვერ გაიგო, ეს რას ნიშნავს და რეალურად რა მიზეზებით ეუბნებიან უარს. მხოლოდ ბოლოშია გასაგებად მიწერილი: თქვენ გეთქვათ უარიო. ოქროპირიძის მსგავსი ადამიანები ბევრნი არიან. ისინი ყოველდღე ელოდებიან სიკვდილს და მათ ჯანდაცვის სამინისტრო არ აფინანსებს. არადა, ჩვენი მინისტრების კვება 10 ათასი ლარიდან იწყება და კოლოსალურ თანხებზე ადის. აღარაფერს ვამბობ ძვირადღირებულ ავტომანქანებზე და ავეჯზე. წინა ხელისუფლებიდან საკმაოდ ძვირფასი ავეჯიც გადმოჰყვათ და ტექნიკაც. ახლა მაინც რატომ არ შეიძლება, ბიუჯეტი ვისიც არის მას, ანუ ხალხს მოახმარონ? ქამრების შემოჭერის პოლიტიკა შემოიღეს და, ფაქტობრივად, ქამრებს ხალხს უჭერენ და უჭერენ.

კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გეტყვით: ქალაქ ოზურგეთში, ყოფილი რაიცენტრალური საავადმყოფოს შენობაში, წლების განმავლობაში შესახლებული არიან უსახლკაროები. მათ მომმართეს და ახლახან ადგილზე მოვინახულე კიდევაც. ინფორმაცია მქონდა, რომ ისინი გადაჰყავდათ ყოფილი საავადმყოფოს გვერდითა კორპუსში, რადგან ამ კორპუსის გარემონტებას აპირებდნენ. რომ ნახოთ, ჯერ რა პირობებში ცხოვრობდნენ და ახლა სად გადაჰყავთ, ცუდად გახდებით. 21-ე საუკუნეში ბავშვებს არ აქვთ წყალი, გაზი, მათ ირგვლივ არის საშინელი ანტისანიტარია. ჩემი თვალით ვნახე 14-15 წლის მოზარდები, ოთახებს როგორ ცლიდნენ და როგორ იქექებოდნენ ანტისანიტარიასა და ჭუჭყში. იმის ნაცვლად, რომ მერიას დაესუფთავებინა შენობა, სადაც ეს ადამიანები გადაჰყავდა, ფანჯრები ჩაესვა მათთვის, ასეთ სიბინძურესა და საშინელებაში შეყარა. რატომ არ შეიძლებოდა, რომ დასუფთავების სამსახურს გაეკეთებინა ეს საქმე, მას ხომ მერია ბიუჯეტიდან უხდის ფულს? ახლა ხმამაღლა ვაცხადებ: სადაც ეს ადამიანები გადაჰყავთ, იქ არის ინფექციური დაავადების კერა! არასრულწლოვნები იქ აუცილებლად დაავადდებიან. მათ ჰპირდებიან, რომ ძველ შენობას გაარემონტებენ და უკან დააბრუნებენ, თუმცა ხმები დადის, რომ გარემონტების შემდეგ გაყიდვას უპირებენ. თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს, ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია „იუნისეფს“ და ვთხოვ, რომ ყურადღებით შეისწავლონ ეს საკითხები, რადგან საუბარია ბავშვებზე, რომლებიც ისედაც სოციალურად დაუცველები არიან. ახლა კი მათი პარტრონი ამქვეყნად აღარავინ არის.

ოზურგეთის სოფელ ნატანებში არის ყოფილი კოლმეურნეობის ისტორიული შენობა, რომელიც, თავის დროზე, სოფლის მოსახლეობამ ააშენა. ახლა იქ სოფლის რწმუნებული და მისი აპარატია მოწყობილი, პირველ სართულზე კი განთავსებულია ბანკი. ახლახან, რამდენიმე მეტრში, დაჩქარებული ტემპით დაიწყეს პატარა, კოშკურის ტიპის შენობის მშენებლობა, სადაც ნატანების რწმუნებული და მისი თანამშრომლები უნდა გადმოიყვანონ. ალბათ, ამ ისტორიულ შენობასაც გაყიდიან. სოფელში აქტუალურად მიდის იმაზე ლაპარაკი, რომ ამ შენობით დაინტერესებული არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და როგორც ყველას და ყველაფერს ყიდულობს, მისი შესყიდვაც გადაუწყვეტია. სოფელი ამბობს, რომ ის მათი მამა-პაპის აშენებულია და მის გაყიდვას არავის აპატიებს. „ნაციონალებსაც“ კი არ გაუფიქრებიათ ამ შენობის გასხვისება და ამას ახლა ხალხის დასაცავად მოსული მთავრობა და მისი თავკაცი აკეთებს. სხვანაირად გაუგებარია, რატომ ცლიან შენობას, როცა ის ავარიული არ არის? მის წინ მოწყობილია ულამაზესი ეზო პალმებით და საუკეთესო, ძვირფასი ნარგავებით, მოვლილი ბაღით. როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილი სწორედ სოფელ ნატანებშია ჩაწერილი და იქ აქვს რეგისტრაცია გავლილი. თვითმმართველობის არჩევნებზე სწორედ ნატანებში მისცა ხმა. შეკვეთილის გზაზე მას რეზიდენცია აქვს, ასევე აშენებს დიდ საკონცერტო დარბაზს და როგორც ჩანს, ეს ისტორიული შენობაც მისი დიდებული კომპლექსის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. მოსახლეობა ამბობს, რომ მას უნდა, ამ შენობაში „ქართუ ბანკი“ განათავსოს, მაგრამ სოფელი ამაზე აუცილებლად გამოხატავს აღშფოთებას და ზუსტად ვიცი, რომ დიდი ვნებათაღელვაც მოჰყვება.

„ქრონიკა+“ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა და მათ კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

„ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს _ შპს „აწყური+“-ს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები ელექტრონულ სისტემაში განთავსებული აქვს ქართულ ენაზე, რაც სრულად შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს. რაც შეეხება ავტომანქანის ტექნიკურ პასპორტს, რადგან შესასყიდი ტექნიკა ამჟამად არ იმყოფება საქართველოში, მისი ქართულ ენაზე წარმოდგენა მოხდება ამწე-კოშკურის განბაჟების შემდეგ. საგარანტიო პირობების შესახებ ინფორმაცია მოთხოვნილია სატენდერო დოკუმენტაციის მე-6 მუხლის 6.1. პუნქტით და პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების წარმოდგენა სატენდერო დოკუმენტაციის პირველი მუხლის 1.6 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს, რომ ის სრულად ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.

რაც შეეხება სამშობიაროს ყოფილ შენობას, მისი გაყიდვა არ იგეგმება. აღნიშნული შენობა სწორედ იმიტომ რემონტდება, რომ ე. წ. უსახლკაროებს ცხოვრებისთვის ნორმალური პირობები მიეცეთ. უსახლკაროებმა შენობა მანამ დაიკავეს, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდებოდა და ქალაქის მერია ფუნქციონირებას შეუდგებოდა. მოსვლის დღიდან მერია უსახლკაროთა დასაბინავებლად ყველაფერს აკეთებს. ამ მიმართულებით ჩატარდა უამრავი შეხვედრა, შედგა კომისია, მოკვლეულ იქნა მათი ქონებრივი მდგომარეობა. ქალაქის მერია დღემდე უხდის მათ ელექტროენერგიის საფასურს. ასევე მობინადრეების ნაწილს სოციალური პროგრამების ფარგლებში გაეწია დახმარება, ხოლო ნაწილი ზამთრის თვეებში შეშით უზრუნველვყავით. ამ ეტაპზე ისინი შენობის რემონტის დასრულებას ელოდებიან, რათა უკვე რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართში დაბრუნდნენ“.

სოფელ ნატანების ყოფილი კოლმეურნეობის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით კი კომენტარი გააკეთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების უფროსმა, ეკატერინე მგელაძემ:

„გაცნობებთ, რომ სოფელ ნატანებში მდებარე ყოფილი კოლმეურნეობის შენობა სააქციო საზოგადოება „ნატანებს“ ეკუთვნის. ის არ არის მუნიციპალური საკუთრება და მისი გასხვისების საკითხიც აღნიშნული სააქციო საზოგადოების გადასაწყვეტია. რაც შეეხება თქვენ მიერ აღნიშნულ მშენებარე ობიექტს (საზოგადოებრივი ცენტრი), მას იუსტიციის სამინისტრო აშენებს. საზოგადოებრივ ცენტრებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ისარგებლოს საჯარო და კერძო სერვისებით, უფასო ინტერნეტითა და წიგნებით. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა. საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს“.

                                                                                                 ნელი ვარდიაშვილი

11127690_10205725488431867_482842487_n

501

502