ზვიგენსტროფა

Capturezaq1

თუ სიმართლეს პირდაპირ ჩავხედავთ თვალებში, აღმოვაჩენთ, რომ რაღა დროს კატა და იმის მიაუ-მიაუა?! _ კატასტროფის წინაშე კი არა, ზგვიგენსტროფის წინაშე ვდგავართ: ქვეყანა უფსკრულში ეშვება, ეშვება უპარაშუტოთ! ამოიღებ ხმას და გეუბნებიან, _ გვაცადეთ, ჩავვარდეთო! თან ისე გიცაცხანებენ, გეგონება, თვითონ ხტებიან პირადად და შენ უშლი. გეგონება, თვითონ დაასკდებიან უფსკრულს თავისი პრემიებით ნასუქი ღიპ-ღაბაბ-გვერდებით და ყველას საკუთარი კისრით და ხერხემლით არ მოგვიწევს მათ ქმედებებზე პასუხისგება!

მაგრამ რას ვიზამთ, როცა ასე გადაწყვიტა ამომრჩეველმა 2012 წელს, უფრო სწორად, არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 54,97%-მა, ანუ 1 181 862 მოქალაქემ?

აი, ასე! მანანა კობახიძემ გააფრთხილა, _ „ნაცების“ „რუჩკებს“ არ ედნოთო და მათაც 1-ლ ოქტომბერს ამოიღლიავეს ზოგმა „რუჩკა“, ზოგმა ფარგალი, რომ უკეთესად შემოეხაზათ „ოცნება“ და მოგვიხაზეს ყველას ერთად. ფილტვები შეათამაშეს თავისუფალი სუნთქვისთვის, კაი ხანს ესეც ჰქონდათ არგუმენტად „სისხლიან 9 წელთან“ ერთად, რაც არ უნდა გეთქვა, ყველაფერზე ერთი პასუხი ჰქონდათ, _ სამაგიეროდ თავისუფლად ვსუნთქავთო. გეგონება, მანამდე ცხვირზე ხელს უჭერდა ვინმე! მათთვის რომ გეკითხათ, ბიზნესიც თავისუფლად სუნთქავდა ამ ქვეყანაში, მაგრამ ბინზესნები ალაპარაკდნენ ამ თავისუფალი სუნთქვის რაგვარობაზე. ინტერნეტტელევიზია `ფრეშნიუსმა~ სკანდალური რეპორტაჟი გაავცელა იმის თაობაზე, თუ როგორ გააქციეს საქართველოდან ბერძენი ბიზნესმენები, როგორ ცდილობდნენ ძალადობრივი მეთოდებით ბიზნესის ახევას და გზიდან ჩამოშორებას ამ ბერძნების ქართველი პარტნიორებისთვის. მაგრამ რა გინდა? _ გამოვა ის ბრძენი კაცი და იტყვის, რომ „ნაციონალური“ მოძრაობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოვიდეს. როგორ? როგორ და სიცრუით! დგანან და გაჰყვირიან რომ, თურმე, ეკონომიკა ინგრევა, ამ დროს, თურმე, მსგავსი არაფერი ხდება! დიახ, არც ეკონომიკა მიდის უკან-უკან და, თურმე, არც ლარი გაუფასურებულა, „ნაცები“ გვაბოლებენ, თურმე, რომ 1 დოლარი 2 ლარი და 25 თეთრია უკვე, არადა, თურმე, ისევ ლარ და 72 კაპეიკად შეიძლება მისი ყიდვა. დიახ, კაპეიკად… ასე უყვარს იმ ბრძენ კაცს, რა თეთრი და შავი და რა ზებრა აგიტყდათ? ჰო, კიდევ, თურმე, ამოჩემებული აქვთ, რომ კრიმინალი გაიზარდა, „რამეთუ იციან, რომ კრიმინალის ზრდა ინვესტორისთვის სახიფათოა“. ყველაფერს იმ ორ ტელევიზიას აბრალებს, რომელსაც ვერ აკონტროლებს. ვერ აკონტროლებს ამ ორ ტელევიზას და ვერ აკონტროლებს „ფეისბუკს“, ვერ აკონტროლებს და იწყებს მის გაკონტროლებას. 2-წლიანი პატიმრობით ემუქრებიან მათ, ვინც გაბედავს და ხმას აიმაღლებს მათ წინააღდეგ. არა, ოფიციალურად ეს ვითომ მხოლოდ ძალადობისკენ მოწოდებას და ისეთ პოსტებს ეხება, რომელიც შუბლს აღვივებს, მაგრამ ვინაა გარანტი, რომ ყველა პოსტში სწორედ ამას არ „დაინახავენ“ და ციხეში არ მიგაბრძანებენ? რას გამოიწვევს ეს? _ კრიტიკული აზრის შეზღუდვას, თვითცენზურას, ისევ დაიწყებს განვითარებას იგავური ენა, როგორც ეს ერთ დროს იმ საბჭოთა პერიოდში იყო. იგავურ ენასაც მოვეშვათ და მეტაფორებსაც, ხომ ცხადია, რაც უშლის ნერვებს ამ ხელისუფლებას? ისე უნდათ იყონ ხელისუფლებაში და ისე ჩაგვჩეხონ უფსკრულში, რომ არც არავინ შეაგინოს. „იოლკი პალკი“, გინება არაა, მაგრამ გინებაა… როცა მეფის რუსეთში გინებას ებრძოდნენ, გინებას სწორედ „იოლკი პალკი“ ჩაენაცვლა… ახლა გინებას კრძალავენ, რაც გამოიწვევს გინების ახალ-ახალი ფორმებისა და ვარიაციების წარმოქმნას, ასე მაგალითად: „შენ ჩაგიდე სტაფილო“. და რას უზამენ ამგვარად მაგინებელს? დაიჭერენ, ალბათ. როცა ჰკითხავენ, _ რაზე ზიხარო? უპასუხებს, _ პოსტზე ვზივარო… სხვა იტყვის, რომ დაშეარებაზე ზის, სხვას, ალბათ, დალაქიებაზე ჩასვამენ…

კარგი, ჩვენ, ვინც საქართველოში ვართ, კლავიატურას მუცლად ჩაგვაგდებინებენ, მაგრამ რას უზამენ მილიონამდე ქართველს, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს? ისინი რომ დაპოსტავენ იმფერ რაცხას, რაც ნერვებს უწიწკნით ამათ, რას იზამენ? მაგალითად, აშშ-ს მთავრობას მიმართავენ, გადმოგვეცი შენი მოქალაქეო?

ხვდებიან მაინც, რა შარში ყოფენ თავს? თურმე, ნუ იტყვით და, თუ ზაქარიას ჩევეკითხებით, ქუცნაშვილს, „ფეისბუკი“ უზრდელებისთვის აზრის გამოხატვის საშუალებად ქცეულა. თურმე, იმისთანას კადრულობენ, რაც არ ეკადრება ქართველ ადამიანს, ქართულ ჯიშს. „ფეისბუკი“ ჯიშს გვართმევს, ფიფოოოლ!.. რეალურად კი ეს ხელისუფლება გამოხატვის უფლებას გვართმევს! ესეც თქვენი თავისუფალი სუნთქვა, სქროლეთ ახლა „ფეისბუკი“ და გულში ჩაიკალით ბოღმა. აშეარეთ ბუნების სურათები, გულები კი ისევ „კუხნებში“ მოიოხეთ, როგორც იოხებდით საბჭოთა დროს.

რა თქმა უნდა, არავინ დაიჭერს მათ, ვინც ეწევა ტირაჟირებას იმ სიბინძურისა, რასაც ახლა რუსეთის სპეცსამსახურებისგან კონტროლირებადი რომელიღაც შავბნელი უკრაინული საიტი როშავს. მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო და სწორედ ასე მოჰყავთ მოწმედ ის ბინძური საიტი და გვამცნობენ, რომ, თურმე, სააკაშვილის ოჯახი ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესს ახლა უკრაინაში მისდევს. მეტიც, მონოპოლისტები გამხდარან. რა უნდა ეშველოს ამ ქვეყანას, სადაც ტვინბნელებს დღესაც სჯერათ, რომ სანდრა რულოვსი ორგანოებით ვაჭრობდა და ახლა უკრაინაში აგრძელებს ამ საქმეს?! სჯერათ, რომ თავად სანდრა დადიოდა და აცლიდა მკვდრებს თირკმლებს (გადასანერგად უკვე უვარგისს, მაგრამ მაინც…), დებდა მერე ამალია ჯიბლაძისგან ნათხოვარ „კლეჩატ“ „სუმკაში“ და ასე დაატარებდა… ასეთ ტვინბნელებს რა უნდა ელაპარაკო? ამ ზღაპრების დამჯერებლებს? და მათ გამავრცელებლებს?

ესაა ქვეყანა ზგვიგენსტროფის გარეშე, სადაც თოფაძე არხეინად გვაჭმევს ხინკალს ცხენის ხორცისა… დიახ, მე ნატო და საქონლის ხორცი მინდა და ის ევრაზიულ კავშირს და ცხენის ხორცს მტენის…

ესაა ქვეყანა, სადაც ძღებიან და ისვრიან ისევე „უპრაგონოდ“, როგორც 90-იანებში. ესაა ქვეყანა, სადაც კრიმინალები დათარეშობენ _ მარტო ერთ დღეს მუხიანში ერთ ქუჩაზე 7 მანქანა გატეხეს, მაგრამ რა? ეს მოუღებს განა ბოლოს ამ ხელისუფლების კეკლუცს? გამოვლენ და ისევ სტატისტიკით დაგვიწყებენ პრანჭვას. ახლა მაინც ხედავთ, ვინ სუნთქვს თავისუფლად ამ ქვეყანაში? არ გინდოდათ წყნარი ცხოვრება და დაეკიდეთ ახლა გაგების ხეს, რომელიც ივანიშვილმა დაგირგოთ მოსვლის დღესვე. ავანსად მოგიწოდათ, მოეკიდეთ გაგებითო და ახლაც, ამდენი შედეგის მერე გიმეორებთ, _ ადრეც ლამაზად ვთქვი და დღესაც ლამაზად განვმარტეო. ჰოდა, თქვენც ლამაზად ამოიღლიავეთ და ატარეთ მაგნიტოფონები, ცალი ბორბალიც მოაძრეთ და „ზალაში“ გედოთ _ „ბარაქა“ იცის… ბარაქა, თორემ, გგონიათ, ან ეს გიშველით? შევარდნაძის ხანაში სწორედ ასე აძრობდა ხოლმე ერთი ჩემი მეგობარი ბორბალს მანქანას და მე-7 სართულზე აჰქონდა, აჰქონდა ულიფტოდ. მაგრამ რა გინდა? ცინცხალი გონების პატრონმა ქურდმა და მამაძაღლმა გამოსავალი მაინც იპოვა, ბორბალი მიიტანა, დაუყენა და ჩემი მეგობრის „ნივა“ ცხინვალის გზას გაუყენა.

როგორც ჩანს, იმ დროის ნოსტალგია გაწუხებდათ… აგისრულდათ ოცნება და ეგაა…

ესაა ქვეყანა, სადაც კრიმინალები დათარეშობენ და ხოცავენ არათუ დაუცველ მოქალაქეებს, პოლიციელებსაც კი. აგერ „შალალომ“ 2 პოლიციელი გამოასალმა სიცოცხლეს. დააკავეს, ჯერ ყველაფერი, რატომღაც, მამუკა ხაზარაძეს გადააბრალა, რომ, თურმე, ნუ იტყვით, და ეს კეთილშობილი ადამიანი მამუკა ხაზარაძემ აქცია იმად, რადაც იქცა, მეტიც, თურმე, ლიტერატურულ კონკურსებსაც კი აწყობდა, თურმე. ახლა რა ხდება? შალალო და ვართალალო. 2 პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ არც ერთი პოლიციელი „შალალოს“ არ მოუკლავს. მოიცა და, თუ არ მოუკლავს, აბა, მამუკა ხაზარაძეს რაღას აბრალებდნენ, მაგან აქცია მკვლელადო?

და, საერთოდ, მამუკა ხაზარაძეს რომც გაემწარებინოს, ეს რა არგუმენტია პოლიციელების მკვლელობის „გასაპრავებლად“ და მეტიც, მისი ჰეროიზაციისთვის? რომ ავდგე და დაგერიოთ და დაგხოცოთ და მერე ყველაფერი შევარდნაძეს გადავაბრალო, მაგან გაგვიმწარა ჩვენს თაობას ახალგაზრდობა-მეთქი და კრწანისის რეზიდენციისკენ გადაგამისამართოთ, მოიხიბლებით?

ესაა ქვეყანა, სადაც კრიმინალები მოქმედ პოლიციელებს ხოცავენ, პოლიციის უფროსებიც ტოლს არ უდებენ და შენობებს ცხრილავენ და ესაა ქვეყანა, სადაც ყოფილი სპეცრაზმელები, რომლებიც კრიმინალებს საკუთარი სიცოცხლის ფასად ებრძოდნენ, ახლა ციხეში თვითმკვლელობამდე მიდიან.

ესაა ქვეყანა, სადაც პროკურორები ლამისაა მტკვარში გადახტნენ _ კერეს და კერეს საქმეები, აცხადეს ძებნა, შიდა ძებნა, წითელი ცირკულარი, რაღა აღარ და ჰა! _ ინტერპოლმა შეწყვიტა ძებნა ადეიშვილზეც, ქავთარაძეზეც. აღარ იციან, რა მოატყუონ იმ ბრძენ კაცს, ხან ის, რომ გავასაჩივრებთ, ამას ისე არ დავტოვებთ, შენმა ზებრის მზემაო; ხან ის, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების გამო შეწყდაო. კი ჩაიხვიეს ეს ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ის რომ ვერ გაარკვიეს, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა ეს სტატუსი? დგანან და გლობუსს ისე აბზრიალებენ გაწამებულები, როგორც მათე ბიჭი აბზრიალებდა გაოცებული ერეკლეს გლობუსს.

ესაა ქვეყანა, რომელსაც კულისებიდან მართავს ის ბრძენი კაცი. თან რა ლამაზად გამოვიდა იმ კულისებიდან? გამოვიდა და ახლა ტელეეთერიდან გვმართავს. მერე რა, რომ მის გადაცემას რეიტინგი არ აქვს, რეიტინგი რად უნდა? რეიტინი თქვენც რომელი სტაფილოს წვენი ნახეთ, დალიოს და აამოს? საამო გულის მოოხებაა, რომელსაც არ იკლებს, გამოვა და ამ ურეიტინგო ეთერიდან გასცემს პასუხს ალასანიას მიერ რეიტინგულ შოუში გაკეთებულ განცხადებებს. რაც მთავარია, ხომ გათათხავს? მარტო ალასანიას? მისდგება და ყველას მიჯირყვნის. ალეკო ელისაშვილით დაწყებული, მარგველაშვილით დამთავრებული. ელისაშვილს დიდ პატივს სცემდა, მაგრამ დაუნახავი ყოფილა ეს ელისაშვილი, გამოსულა და უხსენებია ეკონომიკური სტაგნაცია. ახლა გაიხსნებს ის ბრძენი კაცი, თუ როგორ უკითხავს, _ იცი, მაინც, რა არის სტაგნაციაო? დარწმუნებული ვარ, ელისაშვილს ეცოდინებოდა, რა არის სტაგნაცია, მაგრამ რომც არ სცოდნოდა, ახლა გაიგებდა _ ბიძინას ხელში. სტაგნაცია ისაა, რაც მძვინვარებს ახლა. ისე, იმაზე „ხოხმა“ რა უნდა იყოს, სტაგნაციის არცოდნაზე რომ ვინმეს დაამუნათებს კაცი, რომელმაც ეს-ესაა გაიგო გენდერულის მნიშვნელობა…

მაგრამ ხდება ხოლმე ასე, ასე იცის ნიცშესთან კამათმა… სტაგნაცია _ ეს ძველი გაუხსენა, ახლა „პანორამაზე“ ამუნათებს, _ მაგისი და „ნაცმოძრაობის“ განცხადებები თანხვედრაშიაო. ელისაშვილი აბსურდში შევიდაო. სამუელ ბეკეტი გოდოს აღარ ელოდება, ფიფოოოლ!..

მარტო ელისაშვილის განცხადებები კი არ ყოფილა „ნაცმოძრაობის“ განცხადებებთან თანხვედრაში, მარგველაშვილის განცხადებებიც თანხვედრაშია „ნაცმოძრაობის“ განცხადებებთან, რომან გოცირიძისაც, კახა კოჟორიძისაც. ალასანია ხომ არის და არის მისი ახალი მუზა, რომელმაც უკვე დაიკავა მთავარი საჯირყვნი სამიზნე „ნაციონალების“ გვერდით.

„ალასანიამაც გაიმეორა იგივე, რასაც ამბობენ გიგა ბოკერია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომ მე ქვეყნის მთავარი პრობლემა ვარ, მის ამ განცხადებას კი ჩემი გუნდიდან არავინ გამოეხმაურა, რამაც გამაოცა“, _ გაიოცა ასე… მე კი ის მაოცებს, რომ ყველა ერთად, ვინც თანხვედრაში არაა მასთან, რომ არ აპროტესტებს ღიად, საჯაროდ და პერმანენტულად იმას, რაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა _ საყდრისის აფეთქებაზე ვსაუბრობ. აფეთქება ერთი და დღეს ისიც და მისი დანატოვარი ღარიბაშვილიც იქით ამუნათებენ ყველას, ვინც ხმას იმაღლებს და ახსენებს საყრდრისს. თურმე, „ნაცები“ იმიტომ ბობოქრობენ საყდრისზე, რომ დიდი ინვესტიციის შეჩერება უნდათ.

რა თავში ვიხლი მაგ თქვენს ინვესტიციას, გინდაც თქვენი ზვიგენივით დიდს და თუნდაც პინგვინივით პატარას, თუ საყდრისს ამიფეთქებ? მაგრამ რა გინდა, ეს ის ქვეყანაა, სადაც ამის დატოვებული პრემიერი დაჭერით ემუქრება იმ რეინჯერებს, ვინც ტყეს უკანონოდ არ აჩეხინებს ხალხს. ეს ის ქვეყანაა და ეს ის მთავრობაა, რომელმაც წითელ ნუსხაში შეტანილი 63 წაბლის ხის მოჭრის ნებართვა მისცა სამშენებლო კომპანიას… ესეც თქვენ მილიონი ხის ავტორებისგან!..

 

რეზო შატაკიშვილი