რატომ აჭიანურებს პროკურატურა თელავის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის საქმის გამოძიებას?!

11169017_10205711209434901_251146634_n

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბოლო 5 წლის განმავლობაში 4 რექტორი გამოიცვალა. 5 წელია, სასწავლებლის ყოფილი თანამშრომლები ყოფილ რექტორს, გია გოცირიძესა და მის თანამოაზრეებს კრიმინალში ადანაშაულებენ და პროკურატურაში უჩივიან. მიუხედავად იმისა, რომ საქმე კარგა ხნის გამოძიებულია და დამნაშავე პირებიც გამოკვეთილია, რატომღაც, მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არ დამდგარა. ის ადამიანები, რომლებიც გოცირიძის დანაშაულებებს ამხელენ, აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ბოლომდე სამართლის პოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან უწინ შევარდნაძის მეხოტბე ყოფილი რექტორი შემდგომ „ნაციონალებს“ შეეკრა და უფრო ფართოდ გაშალა ფრთები.

როგორ შედუღაბდა ერთმანეთთან ჯერ „თავისუფლების ინსტიტუტის“, შემდგომ „ნაციონალების“, იუმორისტული შოუების მიერ დასაცინი ობიექტის, ყვარლის გამგებლის მოადგილის, მალხაზ ხიზანიშვილისა და გია გოცირიძის სახელები? როგორ გაიცემოდა გოცირიძის დირექტორობის პერიოდში თელავის მე-4 სკოლაში ყალბი ატესტატები? _ ამაზე შემდგომში მოგიყვებით, ახლა კი გაგაცნობთ იმ განცხადების შინაარსის ფრაგმენტს, რომელიც უნივერსიტეტის თანამშრომლებმა პროკურატურაში, ჯერ კიდევ, 2010 წლის 6 აპრილს შეიტანეს. განცხადების ავტორები „ქრონიკა+“-სთან აღნიშნავენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ, თუ დღევანდელი ხელისუფლება უახლოეს პერიოდში გამოძიებას არ დაასრულებს, საქმის განხილვა ზემდგომ ინსტანციებში გადაინაცვლებს და შესაძლებელია, საქართველოს საზღვრებსაც გასცდეს.

„დადგა დრო, გადაგიშალოთ გული და გაგიმხილოთ წლების მანძილზე დაგროვილი სულიერი ტკივილი იმ აღმაშფოთებელ ფაქტებზე, რასაც ადგილი აქვს თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება გავატარეთ ამ უნივერსიტეტში, პატიოსნად ვემსახურებდოთ მომავალი თაობის აღზრდის საქმეს. ვფიქრობდით, მდგომარეობა შეიცვლებოდა. სამწუხაროდ, უარესი მოხდა. თელავის უნივერსიტეტმა საბოლოოდ დაკარგა თავისი სახე და დანიშნულება. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის რექტორად სხვადასხვა მაქინაციით დაინიშნა საეჭვო რეპუტაციისა და განათლების მქონე გია გოცირიძე, ყველა დროის „ყვარყვარე“, რომელმაც შემოიკრიბა თავისთვის სასურველი და საჭირო პირები: კომუნისტური პარტიის ერთგული წევრი, კორუმპირებული როინ ჭიკაძე, ძველი პარტიული ნომენკლატურული მუშაკი დავით მახაშვილი, ყოფილი პარტორგი ლამარა იანვარაშვილი, ყოფილი რაიკომის მდივანი ალექსანდრე ჯავახიშვილი, სტუდენტებში ქრთამის აღებით სახელგანთქმული ნუნუ გელდიაშვილი. შეიქმნა ბოროტმოქმედთა წრე, მას სათავეში უდგას რექტორის მეუღლე ქეთევან გიგაშვილი, რომელიც აკონტროლებს უნივერსიტეტის ყველა სფეროს. მოღვაწეობის არცთუ დიდი ხნის მანძილზე ამ ხალხმა მიაღწია არნახულ მატერიალურ კეთილდღეობას უნივერსიტეტში გამეფებული მექრთამეობისა და ანგარების ხარჯზე, რომლის დამადასტურებელ მაგალითებსაც ქვემოთ მოგახსენებთ.

საზოგადოების გაკვირვებას იწვევს ის, თუ რა საშუალებით შეიძინა რექტორმა გოცირიძემ ქ. თელავში სამსართულიანი სასახლე, რით შეიძინეს მან, მისმა მეუღლემ და ახლო ნათესავებმა ძვირადღირებული პრესტიჟული მარკის მანქანები, რით შეიძინეს როინ ჭიკაძემ, დავით მახაშვილმა თელავსა და თბილისში დიდი ბინები, ააშენეს სასახლეები, როგორ იცვლიან ძვირადღირებულ მანქანებს? საიდან და რა საშუალებით იძენენ ეს პირები ძვირადღირებულ ნივთებს? უნივერსიტეტში გამეფებულია საშინელი ნეპოტიზმი. უნივერსიტეტის მართვის სადავეები ნათესაური კლანის ხელშია. ამაში თავად დარწმუნდებით, როცა შეხედავთ თანამდებობების სიას: რექტორი _ გია გოცირიძე; სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი _ რექტორის მეუღლე ქეთევან გიგაშვილი; უნივერსიტეტის მთავარი იურისტი _ რექტორის ძმა პაატა გოცირიძე; უნივერსიტეტის მთავარი ბუღალტერი _ რექტორის ახლო ნათესავი მზია მაისურაძე; უნივერსიტეტის სამნეო ნაწილის უფროსი _ რექტორის ქვისლი ვახტანგ ზუროშვილი; უნივერსიტეტის პრორექტორი _ რექტორის ნათლიმამა დავით მახაშვილი; ქართული ენის კათედრის პროფესორ-ასისტენტი _ რექტორის ცოლისდა მზია გიგაშვილი; უფროსი სპეციალისტი _ რექტორის ახლო ნათესავი თამაზ თანდილაშვილი; კანცელარიის მუშაკი _ რექტორის ცოლის დეიდაშვილი თეა ზუროშვილი; ასევე რექტორისა და მისი ოჯახის ნათლიმამები, ნათლიდედები და სხვა ნათესავები, რომლებიც უსაფუძვლოდ განთავისუფლებული ამაგდარი თანამშრომლების მაგივრად მუშაობენ. ეს თავისთავად კორუფციული სქემაა.

გია გოცირიძის მიერ ანგარებით გაიცა ყალბი დიპლომები საზღვარგარეთ მყოფ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლების დროს ფიზიკურად არ იმყოფებოდნენ საქართველოში. ესენი არიან: ილია უთალიშვილი, ზაქრო ტატულიშვილი, ლია სარალიძე, ცირა ხიზანიშვილი, ბექა თალიაშვილი, რუსუდან ზურაბიშვილი, თინათინ ბარსკი, ნანა ჭავჭანიძე, მაია ბერთლანი.

2008-2009 წწ.-ებში საათობრივი ანაზღაურებით მოწვეულ პედაგოგებთან დადებული ხელშეკრულება დაირღვა და ივნისის ხელფასი არ გაიცა თანამშრომლებზე. ისმის კითხვა: რა იქნა ეს თანხა? თავისთავად იკვეთება კორუფციული სქემა, რომელიც სათანადო შემოწმებასა და რეაგირებას მოითხოვს. ვეჭვობთ, რომ 2008-2009 წწ.-ებში უნივერსიტეტის რექტორმა გოცირიძემ თავის ცოლს, ქეთევან გიგაშვილს დაუფინანსა პროექტი უნივერსიტეტის სახსრებით (დაახლოებით 100 000 ლარის ოდენობით), რაც შესაძლოა გახდა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მითვისების საფუძველი. 2007-2009 წწ.-ებში თელავის უნივერსიტეტი შეამოწმა ფინანსურმა პოლიციამ, აღმოჩნდა სერიოზული დარღვევები, რასაც უნდა მოჰყოლოდა გია გოცირიძეზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, მაგრამ, როგორც ჩანს, რექტორმა მოახერხა გარიგება და უნივერსიტეტს დაუწესეს ჯარიმა. გია გოცირიძემ გადაწყვიტა, ჯარიმა გადაეხადა თანამშრომელთა ხელფასებიდან. მან მოიწვია უნივერსიტეტის თანამშრომელთა საერთო კრება და აიძულა, ხმა მიეცათ იმისათვის, რომ ჯარიმის გადახდა მომხდარიყო თანამშრომელთათვის ხელფასების არმომატების ხარჯზე. ეს დანაშაულებრივი ფაქტია და სათანადო რეაგირებას საჭიროებს.

გვაქვს ეჭვი, რომ უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების შემოღებამდე, 1989 წელს გარიცხული ბევრი სტუდენტი შემდგომ წლებში აღადგინეს ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე (2008-2009 წწ.). გთხოვთ, შეამოწმოთ აღნიშნული საკითხი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მექრთამეობაში მხილებულნი იყვნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები: ნუნუ გელდიაშვილი, თამილა ნადირაძე და სხვები. მექრთამეობა შეეხებოდა ბოლო წლებში სასწავლო პროცესის დროს ნიშნების წერაში სტუდენტებისგან ფულადი თანხების გამოძალვის ფაქტებს. სტუდენტთა გამოკითხვის შედეგად აღნიშნული საკითხი დაფიქსირებულია უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ყოფილი უფროსის, თინათინ ზურაბიშვილის მიერ სპეციალურ სლაიდებზე, რომელიც ნაჩვენები იყო უნივერსიტეტის საერთო კრებაზე და რომლის დამადასტურებელი მასალები ინახება თინათინ ზურაბიშვილთან. ვფიქრობთ, ეს გახდა მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების მიზეზი. სამაგიეროდ, საუკეთესო თანამდებობებზე დაინიშნენ მექრთამეობაში მხილებული პირები: ნუნუ გელდიაშვილი _ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერად; თამილა ნადირაძე _ ბიოლოგიის კათედრის გამგედ და ა. შ. ეჭვს ბადებს უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს მუშაობა. აქ დაცული დისერტაციის რაოდენობა არარეალურად დიდია და ზოგიერთი დისერტაციის დონე საეჭვოდ დაბალია. სადისერტაციო საბჭოში შეჰყავთ პირები, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ ქეთევან გიგაშვილის მითითებებს. თავისთავად იკვეთება კორუფციული სქემა, რადგან ეჭვი გვაქვს, რომ დაცვები ტარდება მექრთამეობისა და ფულადი თანხების უკანონოდ დაუფლების გზით.

2009 წელს აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსი უნივერსიტეტში ჩატარდა სერიოზული დარღვევებით. თვით რეგლამენტი და დებულება შედგენილი იყო არაპროფესიონალურ დონეზე, რაც თავისთავად არ იძლეოდა კონკურსის სწორად ჩატარების საფუძველს. რექტორის ცოლის სიმპათიებისა და ანტიპათიების მიხედვით, ბევრი პროფესიონალი დარჩა სამსახურის გარეშე. ზოგიერთმა მათგანმა მიმართა სასამართლოს. აღძრულია სამი ადმინისტრაციული სამართლის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესები ჯერ დასრულებული არ არის, რექტორისა და მისი მეუღლის მიერ მართულმა აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოაქვეყნა მომჩივანი პირების წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადება, რითაც შებღალა ამ ადამიანთა ღირსება. ასეთი ქმედებისთვის აკადემიურმა საბჭომ პასუხი უნდა აგოს. ამ კონკურსში რექტორის ცოლმა მონაწილეობა მიიღო ტელეფონით, რაც დებულების უხეში დარღვევაა. კონკურსის ჩატარების დროს ქეთევან გიგაშვილი იმყოფებოდა თურქეთში. საკვირველია რექტორის მზაკვრული ხერხი, რომელიც მან გამოიყენა ხანში შესული, ღვაწლმოსილი პროფესორ-მასწავლებლების მიმართ, რომლებსაც ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ (მაგ.: ლეილა შალვაშვილი, ვალერიან ელანიძე, თეიმურაზ ვახტანგიშვილი, ელგუჯა მამუკელაშვილი, ანცი ფარსადანიშვილი და სხვ.). რექტორი სათითაოდ მოელაპარაკა მათ და აიძულა არ მიეღოთ მონაწილეობა კონკურსში (ზოგიერთს უკვე შეტანილი საბუთები უკან გამოატანინა), სამაგიეროდ, დაჰპირდა დროებით 400-ლარიან ხელფასს. ახლა მიიღეს ცვლილება კანონში, რომ 65 წელს მიღწეული სრული პროფესორები დარჩნენ საშინლად მოტყუებულნი, მათ სამუდამოდ დაკარგეს შანსი, მიეღოთ ემერიტუსის წოდება და მაღალი პენსია სიცოცხლის ბოლომდე. სამაგიეროდ, სრული პროფესორების აკადემიური თანამდებობები დაიკავეს რექტორთან დაახლოებულმა პირებმა. ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ მოხდა კორუფციული გარიგება რექტორთან. გთხოვთ, გამოიკვლიოთ აღნიშნული ფაქტი. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების გარეშე დარჩნენ ნამდვილი პროფესიონალები, არა ასაკოვანი მეცნიერები (მაგ.: ნუნუ მიქელაძე, ზიზი ლორია, მედეა მეტრეველი, დოდო ონიკაძე, ნინო როსტომაშვილი, ლალი საქუაშვილი და სხვ.), სამაგიეროდ, ასოცირებული პროფესორის თანამდებობები დაიკავეს ასაკოვანმა (70 წელს გადაცილებულმა), რექტორთან და მის ცოლთან დაახლოებულმა ლაქია ვაიმეცნიერებმა: ჭიკაძემ, იანვარაშვილმა, ბერთლანმა, ჯავახიშვილმა, მიქელაძემ და სხვებმა. თავისთავად იკვეთება კორუფციული სქემა, რადგან ყოველივე დაკავშირებულია ფინანსურ მაქინაციებთან.

ზოგიერთი კათედრის გამგე სისტემატურად წერდა ნიშნებს საგნის პედაგოგის მაგიერ, რაც სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევდა არაკორუმპირებულ ლექტორებში. მაგალითად, რუსული ენის კათედრის ყოფილ გამგეს, კორუმპირებულ არსენ ბერთლანს, ბევრი ნიშანი აქვს დაწერილი მედეა მეტრეველისა და სხვა ლექტორების მაგიერ ანგარების მიზნით. ეს თავისთავად კორუფციული სქემაა. ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი მდივნებს აიძულებდა, ჩაედინათ დანაშაულებრივი ქმედება. მაგალითად, ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა უნივერსიტეტის ამაგდარ მუშაკთან, ჯანეტო მუმლაურთან დაკავშირებით, რომელიც მდივნად მუშაობდა. მას უნივერსიტეტის პრორექტორი დავით მახაშვილი აიძულებდა, ჩაედინა დანაშაულებრივი ქმედებები. ბოლოს და ბოლოს მუმლაურმა მას უარი განუცხადა, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ მახაშვილი მას დემონსტრაციულად დაემუქრა, რომ უნივერსიტეტიდან მოაშორებდა, რაც სინამდვილეში, აუსრულა კიდეც. ქალბატონი მუმლაური არის მოწმე იმ ენით აუწერელი დანაშაულებრივი ქმედებებისა, რასაც ადგილი ჰქონდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტში მიმდინარე დაუმთავრებელი სარემონტო სამუშაოები უხარისოდ სრულდება, რაც იწვევს სერიოზულ ეჭვს, რომ რექტორი და მასთან დაახლოებული პირები დიდი რაოდენობის თანხებს უკანონოდ ითვისებენ. უნივერსიტეტის გათბობის დამონტაჟებისთვის სახსრების გამოყოფის საკითხი გადაწყდა უნივერსიტეტის საერთო კრებაზე, სადაც თანამშრომლები აიძულეს, ხელის აწევით ხმა მიეცათ, რომ დაფინანსება მომხდარიყო მათი ხელფასების არმომატების ხარჯზე. ეჭვი გვაქვს, რომ პარალელურად სახელმწიფო სახსრებით დამონტაჟდა გია გოცირიძის ახლად შეძენილ სამსართულიან ბინაში გათბობის სისტემა. სამარცხვინოა ის, რომ გია გოცირიძეს, უნივერსიტეტის რექტორს, არა მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომის, არამედ რეზოლუციის სწორად წერაც კი არ შეუძლია. რექტორი და მისი კლანის ერთი და იგივე წევრები ძალიან ხშირად დადიან საზღვარგარეთ, ვეჭვობთ, რომ უნივერსიტეტის ხარჯზე. სამაგიეროდ, სხვა ლექტორებს, ვინც მათ კლანში არ შედის, არსად გზავნიან და უარს უცხადებენ დაფინანსებაზე. მაგალითად, მედეა მეტრეველმა 2009 წელს მიიღო 9 მიწვევა საზღვარგარეთის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე, მაგრამ არ დააფინანსეს, რადგან არ იყო რექტორის ცოლის კლანის წევრი. უნდა აღინიშნოს, რომ რექტორი და მისი მეუღლე, უცოდინარობასთან ერთად, საშინელ უზრდელობას და უხეშობას იჩენენ მათთვის არასასურველი თანამშრომლების მიმართ. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ჩაშლილია სასწავლო პროცესი, საერთოდ არ ტარდება ლექციები, არ მიმდინარეობს სათანადო მუშაობა, რადგან მაგისტრანტებმა კარგად იციან, რომ დასწრების გარეშეც მიიღებენ დიპლომს. იკვეთება კორუფციული სქემა, რადგან ყოველივე დაკავშირებულია მექრთამეობასთან და ანგარებასთან. ეჭვი გვაქვს, მიზანმიმართულად მოხდა სამხედრო კათედრის თანამშრომლების განთავისუფლება სამსახურიდან, რათა დაატოვებინონ საუწყებო საცხოვრებელი ბინები, სადაც მათმა ოჯახებმა 16 წელი გაატარეს. რექტორი გოცირიძე ყველანაირად ავიწროებს მათ და არაფრად დაგიდევთ მათ გამოუვალ მდგომარეობას.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქცა ელიტარული კორუფციის ბუდედ, ყველაფერი გადასულია ფულზე. ნუთუ, ყოველივე ამის შესახებ არ იციან ადგილობრივმა და რეგიონულმა ორგანოებმა? რატომ არ იმაღლებენ ხმას ამ სიბოროტის აღმოსაფხვრელად? ეჭვი გვაქვს, თვითონაც ხომ არ არიან ამ დანაშაულებრივი ქმედების ხელის შემწყობნი? სხვა რით უნდა ავხსნათ მათი უმოქმედობა? ამის ანალიზი და პასუხის გაცემა თქვენთვის მოგვინდვია. მზად ვართ, პასუხი ვაგოთ ჩვენ მიერ დასახელებულ ყველა ფაქტზე“.

რატომ გაჭიანურდა ამ საქმის გამოძიება და ვინ ფარავს დანაშაულს? _ ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ თელავის უნივერსიტეტის ყოფილ პედაგოგს, თინათინ ბიჭოლაშვილს ესაუბრა, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც ზემოთ წარმოდგენილ განცხადებას ხელი მოაწერა და რომელმაც სასწავლებელში არსებული მდგომარეობის გამო, 18-წლიანი მუშაობის შემდეგ, საკუთარი სურვილით დატოვა სამსახური:

_ ამ საჩივარს დიდი ხნის ისტორია აქვს, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იყო გაგზავნილი და აქ დასახელებული ყალბი დიპლომების გარდა, პროკურატურამ კიდევ მოძებნა სხვები. როგორც ჩვენ გვითხრეს, ასეთი დიპლომების რიცხვმა 47-ს მიაღწია, თუმცა ეს საჩივარი შევიდა უნივერსიტეტში არსებული ყველა დანაშაულის შესახებ და ამ განცხადებაზე ერთ-ერთი ხელისმომწერი მეც ვარ. ჩემი მოთხოვნა ის იყო, რომ გამოეძიებინათ გაყალბებული ხელმოწერები. ის უწყისები, სადაც ჩემს ნაცვლად, სხვისი ხელმოწერაა გაკეთებული. არის თუ არა ეს დანაშაული? არაერთი ასეთი მაგალითი მაქვს. ამ პერიოდში რექტორი იყო გია გოცირიძე. ამ ყველაფრის შემდეგ მან დაკარგა რექტორის ადგილი, ეს საქმე ჯერ კიდევ მაშინ გახლდათ გამოძიებული, მაგრამ, რატომღაც, იმით შემოიფარგლნენ, რომ ეს ადამიანი რექტორობიდან გაათავისუფლეს, თუმცა დღეს ისევ უნივერსიტეტში ზის და პროფესორია. სამარცხვინოდ გაბედა და რექტორობა კიდევ მოინდომა, არჩევნებზე მივიდა. არ აქვს მას უფლება, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა! მიუხედავად იმისა, როგორ ამცირებდა, როგორ ყრიდა ქუჩაში და ულუკმაპუროდ ტოვებდა ხალხს, როგორ ანადგურებდა ადამიანებს, მაინც დავრჩით ისინი, ვინც ვერ გაანადგურა! ეს ადამიანი თავისი სითავხედით ბედავს, კიდევ იყაროს კენჭი რექტორის თანამდებობაზე! არ მინდა, ვინმე ციხეში წავიდეს, ოჯახი დაენგრეს და მისი შვილი მათხოვარივით ქუჩაში დადიოდეს, მინდა, რომ სამართალმა პური ჭამოს, ამიტომ ვიღებ ხმას! ამ ადამიანს სერიოზულად რომ არ მოეთხოვა პასუხი, მოხდა ის, რომ ახლა მისი ძმა დაჯდა საეჭვოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე. რატომ?! რა უფლებით?! გაგვცეს ამაზე პასუხი! ამ ადგილზე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და როგორ მოხვდა აქ ეს ადამიანი?! ესენი არიან მძარცველები, სხვა სიტყვას ვერ ვუწოდებ! ცრუ პროფესორები, რადგან არც ერთ მათგანს დიდ აუდიტორიაში ღია ლექცია არასოდეს ჩაუტარებია! ამათ შეუძლიათ მხოლოდ ძარცვა, შეუძლიათ ერთმანეთი ჩაუშვან, შეუძლიათ ყველა სიმდაბლე გააკეთონ და შეუძლიათ, ადამიანიც მოკლან!

_ რას გულისხმობთ?

_ ყველაზე მეტად მაწუხებს ის, რომ ჩემი მეგობარი, ლალი საქუაშვილი, მიიყვანეს თვითმკვლელობამდე იმ იდიოტური ე. წ. კონკურსების შედეგად! ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტი ღირს ეს კონკურსები?! ეს გოცირიძის რექტორობის პერიოდში მოხდა, გაგრძელდა და მივედით დღევანდელობამდე! მას შემდეგ კიდევ ორი რექტორი გამოიცვალა, დღითი დღე ეცემა უნივერსიტეტი. თინა ჯავახიშვილმა საერთოდ არ იცოდა, უმაღლესი სკოლა რა იყო, ვფიქრობ, მისთვის დღესაც საიდუმლოებად დარჩა! რაც შეეხება ავთანდილ ღელაღუტაშვილს, საერთოდ ამ გვარის ხსენების მრცხვენია, რადგან ის არანაირად არ არის ჩემთვის არც მასწავლებელი, არც მეცნიერი და არც არაფერი… მისი დიპლომის საქმეც ძიებაშია. თითქმის 2 წელი იჯდა ამ სკამზე და არავის გახსენებია, რომ მან თურმე დარღვევით მიიღო კანდიდატის დიპლომი და ახლა უცებ ვიღაცას გაახსენდა! არჩევნების დროს ის შემთხვევითი მოვლენა იყო. ვიყავი იმ არჩევნებზე, დიახ, გამოვედით მის წინააღმდეგ და მაშინ ეს დიპლომი პირველად იქ გაფრიალდა. მაშინაც ვითხოვდით, რომ არჩევნები უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, არ მოხდა ეს და შემთხვევითობამ მოიყვანა ღელაღუტაშვილი იმ სკამზე. მაშინ ახლანდელი რექტორი ირმა შიოშვილი მზად იყო, უკვე შეფუთული და ვერ დასვეს, რადგან ჩვენმა ყვირილმა შეაშინათ! თამარ ბაჩიაშვილმა მოიტანა ეს დიპლომი, მეც მის გვედით ვიდექი, წინააღმდეგობა გავუწიეთ და ჩავშალეთ ლამის ის არჩევნები. წესით, პოლიციას ხულიგნობისთვის უნდა დავეჭირეთ, მაგრამ ვერ გაბედეს! დღეს, როდესაც ღიად ვლაპარაკობ ამ ყველაფერზე და აცხადებენ, რომ თითქოს ცრუ დასმენას ვაკეთებ, რატომ არ მთხოვენ პასუხს?! რატომ არ მთხოვენ იმისთვის პასუხს, რომ რექტორს ვაბრალებ იმას, რაც მას არ ჩაუდენია?! ყოველი ჩემ მიერ ნათქვამი სიტყვა კარგად მაქვს აწონილი და ვიცი, რომ სიმართლეს ვამბობ! ამიტომ დამიძახონ, სადაც უნდათ იქ და შესაბამის პასუხს გავცემ! კონკურსის წესები ამათი შეთითხნილი საზიზღრობაა. ჩაიხედეთ, არავინ ცოცხალ საქმეს არ გთხოვს, არავინ კითხულობს იმ სტატიებს, რომელიც იქ არის დასახელებული! როგორ შეიძლება, ასეთი კონკურსები გააკეთო?! ეს არის ადგილობრივი, პროვინციული გამოცდილება, თორემ მსოფლიოს რომელ უნივერსიტეტში შეიძლება, ქაღალდებით შეაფასო ადამიანი?! ადამიანი ფასდება თავისი ცოდნით, საქმით და მოსწავლეებით! უნივერსიტეტი ეს არის და არა ქაღალდისა და მაკულატურის დაგროვება!

_ გამოძიებას დავუბრუნდეთ…

_ პროკურატურაში გამოძიება ისევ მიმდინარეობს 2010 წელს შესულ განცხადებაზე. შემდეგ ფინანსური პოლიციაც შევიდა და ასე გვითხრეს: იცით, რა, აქ იმდენი დამნაშავეა, მაშინ ნახევარი უნივერსიტეტი უნდა დავიჭიროთო! კიდევ ვიმეორებ: მე არ მაქვს მათი დაჭერის მიზანი, მათ ციხე არასოდეს გამოასწორებს, არ მაქვს გულში სიბოროტე, რომ ვიღაცას ანგარიში გავუსწორო პირადი საქმის გამო! არა! მე ვლაპარაკობ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უნივერსიტეტი ერთადერთი კერაა კახეთში, სირცხვილია, რომ თელავში არ იყოს ნორმალური საგანმანათლებლო დაწესებულება, მხოლოდ განათლებას კი არ მიადგება ზიანი, ეს რომ განადგურდება, მთელ რეგიონს მიადგება ზიანი იმიტომ, რომ ადამიანები ამით, ამ საშინელ დროში, ლუკმა-პურს ჭამენ, ეს არ უნდა მოხდეს!

არ გავჩერდებით, ვიყავი საოლქო პროკურორთან, გამცა პასუხი, რომ დიპლომების საქმე დამთავრებულია და დასკვნა დევს, საფინანსო პოლიციაშია გადაცემული დანარჩენი საქმეები და კიდევ მიდის გამოძიება. როგორ გაკეთდა უნივერსიტეტში რემონტი, ამ და უამრავ სხვა დარღვევაზე მიდის გამოძიება. ამიტომ ნება იბოძონ და შედეგი დადონ! როდესაც ტელევიზიით გამოვედით და ვთქვით, რომ ლალი საქუაშვილი მოკლეს, პასუხი მოგვთხოვეს, სასამართლოში გვატარეს. თუ ვიცრუეთ, ახლა ციხეში ხომ უნდა ვიყოთ?! მაგრამ აგერ, თქვენ წინაშე ვდგავარ და ვლაპარაკობ, ამიტომ, ნება იბოძონ, გამოიძიონ და დაასრულონ უნივერსიტეტის საქმე, პასუხი გასცენ საზოგადოებას! თუ ვერ გასცემენ და უნიათონი არიან, მაშინ იძულებული გავხდებით, ზემდგომ ორგანოებს მივმართოთ და სირცხვილი ჩვენი სახლისა გავიტანოთ საზღვარგარეთაც. ძალიან კარგად ვიცით, როგორ არის ეს სტრუქტურა მოწყობილი და ვერავინ დაგვიშლის, სტრასბურგის სასამართლოში იგივე საქმეზე მოვითხოვოთ პასუხი! ნუ გაგვაკეთებინებენ ამას, რადგან არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით!

_ ეს საჩივარი დაწერილია 5 წლის წინათ, შეიცვალა ხელისუფლება და რა გამოდის, ესენიც ხელს აფარებენ დანაშაულს? როგორ ფიქრობთ, ვინ მფარველობს ამ ხალხს?

_ რა თქმა უნდა, იბადება ეჭვი და ასეთი სულელი ხალხიც არ ვართ, რომ დავიჯეროთ, რასაც ამბობენ! ეს გოგონა (ირმა შიოშვილი, _ ავტ.) თავისი ხტუნაობით და არცთუ ისე ძლიერი მონაცემებით, ვერ წამოსკუპდებოდა ამ სკამზე. ბუნებრივია, მას მხარს უჭერენ, მაგრამ იმათთაგან ნაწილი უჭერს, ნაწილი _ ვერა. როდესაც ხმაური ატყდება ხოლმე, მერე გონს მოდიან, თურმე არსებობენ ადამიანები, რომელთაც ასე ადვილად ვერ გააჩუმებ და მიდის ეს საქმე, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამდე! ამას წინათ თელავში განათლების მინისტრი ჩამოვიდა და უნივერსიტეტში მასწავლებლებთან შეხვედრა დათქვა და არა უნივერსიტეტის რექტორთან მილოცვები და ზარზეიმი. მომეწონა, მინისტრმა ვერ გაბედა ის, რომ ასეთი ადამიანი ეკურთხებინა რექტორად. მშვენივრად იცის სამინისტრომ, რა ხდება ამ უნივერსიტეტში! ამიტომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და ჩვენ რომ ავირჩიეთ ხელისუფლება, ჩვენი დანაზოგიდან რომ ვაძლევთ ხელფასს, ნება იბოძონ და იმუშაონ! იმუშაონ სიმართლისთვის და არა სიყალბისთვის! აი, ამას ვითხოვთ ჩვენ! პროკურატურის იურისტები თვითონ ამბობენ, დაახლოებით 47 გაყალბებულ დიპლომზეა საუბარი, უამრავი გაყალბებული უწყისი… ჩვენდა სამარცხვინოდ, უნივერსიტეტიდან ტონობით გამოვიდა მასალა, რომელიც ახლა ცეცხლგამძლე სეიფებში დევს. წლების მანძილზე მთელ ქალაქში ლაპარაკობენ, რომ დიპლომის ყიდვა შეიძლება 5000 დოლარად, თუ სტუდენტი ზის ინგლისში, ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში და აქ ის დიპლომი გაიცემა, თუ ეს დანაშაული არ არის, მაშინ რა არის დანაშაული, გვიპასუხონ და გავჩუმდებით! თუ საზოგადოება ისეა მოწყობილი, რომ ეს ითვლება ნორმად, ჩემთვის არასოდეს იქნება ეს ნორმა! ჩემთვის არც გია გოცირიძე, არც ირმა შიოშვილი, არც მათი მსგავსნი არასოდეს იქნებიან რექტორები და მათთან არც ვიმუშავებ! დიდი არაფერი დააკლდებათ მათ, თუ ბიჭოლაშვილი იქ არ მივა, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და დანაშაული! ამიტომ, ნება იბოძონ, გამოიძიონ და საზოგადოებას გასცენ პასუხი! ამ უნივერსიტეტს აგერ უკვე ათეული წელია, მართავს კრიმინალური დაჯგუფება! როგორი კრიმინალებიც არიან ხელისუფლების სათავეში, ისეთი კრიმინალები არიან ესენიც!

P.S.  რას უპასუხებდა ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს გია გოცირიძე და როგორ აღმოჩნდა 2006 წელს გაცემულ დიპლომებზე ახლანდელი რექტორის, ირმა შიოშვილის ხელმოწერა? ამ კითხვაზე კომენტარის მოსაპოვებლად „ქრონიკა+“-მა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა, თუმცა ამ დრომდე მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ქრონიკა+“-მა ასევე მიმართა მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. როგორც ჩვენთან საუბრისას დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნათია სუხიაშვილმა განაცხადა, ეს საქმე აღარ არის პროკურატურის წარმოებაში და საქმეს იძიებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. აღნიშნულ სამსახურში კი აცხადებენ, რომ დანაშაული უკვე გამოკვეთილია და საქმე უახლოეს პერიოდში დასრულდება.

 

 

                                                                                       თამარ ბატიაშვილი