სახალხო დამცველი საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს

r45tuo

საბავშვო ბაღებში ბავშვთა მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, _ ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობისა და სკოლამდელი აღსაზრდელი დაწესებულებების მდგომარეობის შესახებ მომზადდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მრავალმხრივ პრობლემებს შორის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებია სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებზე. ამასთან, ომბუდსმენის თქმით, პრობლემურია ინფრასტრუქტურა, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები. სახალხო დამცველი საუბრობს ასევე აღმზრდელებისა და პედაგოგების კვალიფიკაციის პრობლემაზე.

რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას, ომბუდსმენის თქმით, პრობლემებს შორის მთავარი რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვერ ახდენენ სოციალური პროექტების ეფექტურ განხორციელებას; მაღალმთიან რეგიონებში ბავშვთა მიმართ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემაც დგას, ისევე როგორც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა.

„ცალკე პრობლემაა ასევე ბავშვთა სიღატაკის პრობლემა“, _ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. მისივე თქმით, ძალადობის ფაქტები ფიქსირდება სასკოლო ასაკის ბავშვთა მიმართ. ამ შემთხვევაში ომბუდსმენი ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემდეგ არ არსებობს ფსიქო-სოციალური პროგრამა, რომელშიც ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გაივლიან ძალადობის მსხვერპლნი.

სახალხო დამცველი გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს არაერთი რეკომენდაციით მიმართავს. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც ომბუდსმენი ორ უწყებას აძლევს, აღსაზრდელებისა და პედაგოგების გადამზადებაა.

„ქრონიკა+“ საბავშვო ბაღებში არსებულ პრობლემატიკაზე, ა/ო „ანტიკორუფციული კავშირის“ სკოლამდელი სექტორის ხელმძღვანელს, მზია ფაილოძეს ესაუბრება:

_ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ამ საკითხზე საუბარი მქონდა და ფაქტები დაასახელონ, სად და როდის მოხდა აღნიშნული ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები. ასე ზედაპირულად ამ თემაზე ვერ ვისაუბრებთ. დღეს ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა. თუკი სახელმწიფო საბავშვო ბაღში ასეთი ფაქტი არის, ანუ ზეწოლა ბავშვზე (თუნდაც პედაგოგზე), ეს ყველაფერი კონკრეტულად უნდა დასახელდეს. ასე ზეპირად მეც ვიტყვი, რომ ვიღაცამ ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა, მაგრამ სად არის ფაქტი? სად, რომელ ბაღში მოხდა, რომელ აღსაზრდელზე განხორციელდა ან რომელ პედაგოგზე? ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეა.

ამის გარეშე შეიძლება მხოლოდ ინტერპრეტაციები იყოს, სადღაც რაღაც ყოფილა და მე ასე გავიგეო. თუ არადა, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ რომელიღაც ბაღში გარკვეული ზეწოლა მოხდა, რის გამოც ბავშვს ბაღში სიარული აღარ სურს. მსგავსი ამბები ადრეც ხდებოდა, როცა განებივრებული ბავშვი ბაღში მიდის, პირველად მას უჭირს გარემოსთან შეგუება, ნერვიულობს, ტირის, ჭირვეულობს. ამას პლუს, წარმოიდგინეთ, ბაღში ერთი აღმზრდელია, ერთი მისი თანაშემწე, ჯგუფში სულ ორი ადამიანი და 140 ბავშვია, მაგრამ, როგორც წესი, მსგავსი უფლება, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს ბავშვზე ან მას ეჩხუბოს, ნებადართული არ არის.

ბავშვები სხვადასხვა კატეგორიისაა, ზოგზე მოფერება ჭრის, მეორეზე მცირე დატუქსვა და სხვაზე გაბრაზებაც. ამიტომ საჭიროა, საბავშვო ბაღში კვალიფიციური კადრი მუშაობდეს და არა შემთხვევით მოსული. ვინ მოიწვია, რა კვალიფიკაციის პედაგოგია, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

21 წელი საბავშვო ბაღის დირექტორი ვიყავი, მანამდე პედაგოგი, მეთოდისტი და ყველა არსებული კვალიფიკაცია გამოვიარე. იყვნენ ბავშვები, დაუყვავებდი, მოეფერებოდი და იმწამსვე გაჩერდებოდნენ, სადაც მოფერება არ შველოდა, იქ ცოტა დატუქსვა ჭრიდა, მაგრამ ამის შემდეგ ბავშვთან ისევ შინაურული საუბარი უნდა იყოს.

ამისთვის აუცილებელია საბავშვო ბაღებში სკოლამდელი აღზრდის ფსიქოლოგის მუშაობა. ასეთი პროფესიონალი კადრებით არა მარტო რაიონების, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებიც არ არის უზრუნველყოფილი. არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან, სტრესული გარემოდან გამომდინარე, როდესაც ბავშვი ბაღში მიდის, მას კვალიფიციური ფსიქოლოგი უნდა დახვდეს, რომელიც მასთან იმუშავებს, მაგრამ ასეთი ფსიქოლოგებიც უნდა ინიშნებოდნენ პროფესიული და არა ნეპოტიზმის ნიშნით.

პედაგოგი კვალიფიციური უნდა იყოს, არა ქუჩიდან მოსული, რომელსაც საბავშვო ბაღისთვის თავის შეფარება სურს. სამწუხაროდ, დღეს ასეთი ტენდენცია გვაქვს _ ვინც თავის საქმიანობაში ხელმოცარულია (პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს), ზუსტად ამისთანა კადრები ინიშნებიან, როდესაც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აღრიცხვაზე ძალიან ბევრი კვალიფიციური პედაგოგია. მათ მხარი ვერ აუბეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას დანიშნულ დირექტორებს და მათი მოთხოვნები არ შეასრულეს, წამოვიდნენ და სადღეისოდ აღრიცხვაზე დგანან, მაგრამ მათ დღესაც სამსახურში არ ნიშნავენ და არ აწინაურებენ. ნეპოტიზმის პირდაპირ გამოვლინებებს აქვს ადგილი დედაქალაქის ბაღების მართვის სააგენტოში. იქ საკადრო საკითხებს კურირებს უფროსის თანაშემწე შორენა ქურდაძე, 24 წლის გოგო, რომელიც თორდინავას ცოლის მეჯვარეა, ეს ნეპოტიზმია, აბა, რა არის?!!

მეორე მხრივ, მივიდნენ ამ სამსახურში და სთხოვეს, _ აღრიცხვაზე ვართ და იქნებ, დაგვნიშნოთო. _ იცით, რა, ტესტირება უნდა გაიაროთო, _ უპასუხეს. ვინც უკვე დაინიშნა, მათაც ტესტირება და კონკურსები გაიარეს? დამთავრდა კონკურსომანია, რადგან ააიპ-ის კონკურსი არ ეკუთვნის, გასაუბრება შეიძლება, მაგრამ მას ვინ ჩაიბარებს, ესეც საკითხავია. დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში არც ერთი კვალიფიციური კადრი არ მუშაობს. რაიონულ გაერთიანებებშიც კვალიფიციური კადრები საერთოდ არ არიან.

ძალიან ბევრ საბავშვო ბაღში დირექტორის მოადგილის ვაკანტური ადგილია, მაგრამ არავის არ ნიშნავენ. ალბათ ხვდებით, რასაც უყურებენ _ ვისაც მეტი ნაცნობი გამოუჩნდება, კადრებს იმის მიხედვით არჩევენ. ძალიან კარგად ჩანს, რა მახინჯი კუთხითაც მიმდინარეობს ეს პროცესი.

_ კადრების პრობლემა ნეპოტიზმის გარდა კიდევ რას უკავშირდება?

_ კვალიფიკაციის პრობლემა თვალშისაცემია. ილიას უნივერსიტეტში რაღაც ექვსთვიანი კურსები გაიხსნა, 900 ლარს იხდიან და მისცემენ სერტიფიკატს, რომ სკოლამდელი აღზრდის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარა, მაგრამ აუცილებლად უნდა გაიხსნას ფაკულტეტი, რომელიც მომავალ პედაგოგებს ბაკალავრიატის ცენზით დაამათავრებინებს, ან უმაღლესი კოლეჯი უნდა გვქონდეს, რომელიც კადრებს ასევე ბაკალავრის სტატუსით გამოუშვებს. გოგებაშვილის სპეცსასწავლებელი რომ იყო, ანალოგიური უნდა გაიხსნას, ორწლიანი ან სამწლიანი, სადაც ნორმალურ კვალიფიკაციას მიიღებენ.

ფაქტობრივად, ძველი სკოლამდელი სპეციალისტები ვინც არიან, წავლენ და მომავალში რა იქნება, არავინ იცის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ილიას უნივერსიტეტში მეორადის სახითაა სკოლამდელი ფაკულტეტი, მაგრამ რამდენად კვალიფიციურ კადრს უშვებს, ამაზე ვერაფერს გეტყვით.

ადრე კვალიფიკაციის ასამაღლებელი სახელმწიფო კურსები არსებობდა დახელოვნების ინსტიტუტში, მერე გააუქმეს. იქ როგორც თეორიულ კურსს გადიოდნენ, ასევე პრაქტიკულად ბაღებშიც მიდიოდნენ და მეცადინეობას ესწრებოდნენ. ყოველ ხუთ წელიწადში აბსოლუტურად ყველა პედაგოგი კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს გადიოდა. ხუთი წლის შემდეგ ეს უკვე სავალდებულო იყო, გრაფიკი დგებოდა და ამის მიხედვით დირექტორმა იცოდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის შესახებ, მაგრამ ეს ყოველივე სამუშაოს, ხელფასის შენარჩუნებით ხდებოდა. ერთთვიანი კურსებით ბაღში ბევრი სიახლე მოჰქონდათ. ეს სისტემა ახლა თვითდინებაზეა მიშვებული.

გარკვეული პროგრამა კეთდება, კანონი უნდა შემოვიდეს სკოლამდელთა აღზრდის შესახებ და საკითხი პარლამენტში უნდა გავიდეს, მაგრამ სანამ იქ გავა, საკითხი კვალიფიციურ კადრებთან ერთად უნდა განიხილონ.

_ ასე კეთდება თუ არა?

_ არანაირად! რამდენიმე ადამიანმა გააკეთა ეს პროგრამა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ისინი სკოლამდელ სისტემაში დიდი კვალიფიკაციისა და სტაჟის მქონენი არ არიან. ამ თემაზე ზედა ეშელონებში კომპეტენტურ პირებთან საუბარი მქონდა, რომ ეს საკითხი ფართო განხილვის საგანი უნდა იყოს. პროექტის პარლამენტში დასამტკიცებლად შეტანამდე  თვითონ სისტემაში უნდა განიხილონ, რამდენიმე საბავშვო ბაღში საპილოტედ დაინეგოს, 6 თვის განმავლობაში პროგრამა როგორ იმუშავებს და ამის შემდეგ დამტკიცდეს. მაგრამ ჩვენთან ხომ იცით, როგორც ხდება? _ ვიღაც რაღაცას დაწერს (საგრანტო პროგრამას მოიგებს) და მერე ამას პარლამენტი ამტკიცებს. ვინც პრაქტიკაში უნდა განახორციელოს და დანერგოს, მათთან ურთიერთობაში ნაკლებად არიან. ვწერთ სწრაფ კანონებს, რომლებიც შემდეგ უკუშედეგს გვაძლევს.

_ ომბუდსმენის თქმით, საბავშვო ბაღებში პრობლემურია ინფრასტრუქტურა, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები…

_ რაც შეეხება თბილისს, კარგი უნდა ითქვას _ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სკოლამდელი სისტემის ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად, 90%-ით მაინც მოწესრიგდა. რაღაც მინიმალური დარჩა და იმის კეთებაც დასასრულს უახლოვდებოდა. ამაზე ვერაფერს ვიტყვი, როცა მათი ხოტბის შემსხმელი არასოდეს ვიყავი, მაგრამ რაიონებში, სოფლებში ამ მხრივაც კატასტროფული მდგომარეობაა… ამიტომ ანგარიშში ესეც უნდა გამოიკვეთოს, რადგან თბილისში ინფრასტრუქტურა თითქმის ყველგან მოწესრიგებულია.

ასევე, როცა საუბარია ბავშვთა მიმართ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე, აქაც რაიონებია ნაგულისხმები და მართლაც კატასტროფული მდგომარეობაა. ახლა ჩვენ მივდივართ სიღნაღში (ზარი შემოვიდა), მასალებს ჩამოვიტანთ და აუცილებლად მოგაწვდით. ამ თვალსაზრისით, ასევე, ბათუმში სასწაული ამბები ხდება.

მთავარია, რომ რაიონულმა თვითმმართველობებმა პირველ რიგში ყურადღება გაამახვილონ და მიხედონ საბავშვო ბაღებს, თუნდაც ერთჯგუფიანი და ორჯგუფიანი იყოს. ამ დროს იქაც კვალიფიკაციისა და ნეპოტიზმის პრობლემებია. ვიღაც გამგებლის მოადგილის ნათესავია, ცოლისდაა და მაინც და მაინც საბავშვო ბაღში დაინიშნა. გაუგებარია, რატომ ჰგონიათ საბავშვო ბაღი ვიღაცისთვის ხელის მოსათბობ ადგილად?! რატომ აქვს სურვილი არაკვალიფიციურ ხალხს, რომ საბავშვო ბაღში იმუშაოს, გნებავთ დირექტორად, პედაგოგად, სხვადასხვა თანამდებობაზე?! თუ მოწოდებით არ ხარ, ძალიან ძნელია ბავშვებთან მუშაობა, მით უმეტეს, თუ არ ხარ კვალიფიციური სპეციალისტი. სკოლამდელი პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კურსი მაინც უნდა ჰქონდეს თეორიულად შესწავლილი, ან დიდი ხნის პრაქტიკა გავლილი, რომ ბავშვთან იმუშაოს. ჰგონია, რახან დირექტორად დაჯდება, რაღაცას მოიპარავს და სახლში წაიღებს. ის დრო აღარ არის. საერთო ქართული პრობლემაა, რომ ნათესაურ-კლანური არხებით არის სავსე ეს სისტემა და საშველი არ ჩანს!

 

                                                                                   გელა მამულაშვილი