რა ჩვენება მისცა შალვა აბულაძის საქმეზე მისმა დამ? (სრული ვერსია)

shalaloo

2015 წლის 10 აპრილს ბორჯომის რაიონის სოფ. არდაგანში, მიტოვებულ სახლში, ორი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა გაქცევა სცადა, მაგრამ მისი აყვანა პროფესიონალურად, დამატებითი მსხვერპლის გარეშე მოხერხდა. შალვა აბულაძის დაკავების წინა დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბულაძის მეგობარი, რამინ მამედოვი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვის ფაქტზე დააკავა. დაკავებულის მამის, გასან მამედოვის თქმით, პოლიცია მისი შვილისგან აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობდა. მოგვიანებით, რამინ მამედოვი თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
როგორ გაჩნდა შალვა აბულაძის საქმეში რამინ მამედოვის გვარი და რა ჩვენება მისცა გამოძიებას „შალალოს“ დამ, ადვოკატმა სალომე აბულაძემ? „ქრონიკა+“-მა ექსკლუზიურად მოიპოვა სალომე აბულაძის ჩვენება, რომელიც 2015 წლის 5 აპრილით თარიღდება.
სალომე აბულაძე ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა გამომძიებელმა ირაკლი ბრეგვაძემ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის შს სამმართველოს შენობაში დაკითხა.
რა წერია სალომე აბულაძის ჩვენებაში?
„ჩემი ძმა, შალვა აბულაძე, დაბ. 1977 წლის 29 ნოემბერს, რამდენჯერმე არის ნასამართლევი, კერძოდ, 1998 წელს გასამართლებულია ქურდობისათვის, რისთვისაც უკვე მოიხადა სასჯელი და აღნიშნული ნასამართლეობა გაქარწყლებული აქვს. მეორედ ჩემი ძმა დააკავეს 2006 წლის 4 აგვისტოს მკვლელობის მცდელობისათვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვისათვის და იარაღის უკანონო ტარებისათვის. 2007 წლის 16 ივლისის განაჩენით მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით „ამნისტიის შესახებ“ შალვა აბულაძეს სასჯელი შეუმცირდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით მოსახდელად განესაზღვრა 8 წელი, საიდანაც იმ დროისათვის მოსახდელი დარჩა 8-9 თვე. ამის შემდეგ პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით, 2013 წლის 23 ნოემბერს, განთავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან და მოსახდელი სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, ხოლო 2014 წლის 4 აგვისტოს ესეც მოიხადა.
თავისუფლების აღკვეთის პერიოდში მე, როგორც მისი ადვოკატი, ხშირად ვხვდებოდი ხოლმე ჩემს ძმას და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვრწმუნდებოდი, რომ შალვა ნამდვილად გამოსწორდა და იგი აღარ წარმოადგენდა საზოგადოებისათვის საშიშ პიროვნებას. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი თითქოს მოექცა სარწმუნოებაზე და ცდილობდა ეცხოვრა ეკლესიური ცხოვრების წესით. მისი გადმოცემით, მუდმივად ლოცულობდა და მოძღვარს აღსარებებს აბარებდა. მასში აღარ იყო აგრესია და მუდმივად შენდობასა და პატიოსანი ცხოვრების წესზე მესაუბრებოდა, გახდა ძალიან კანონმორჩილი და პატივისცემას გამოხატავდა, ზოგადად, კანონისა და მისი წარმომადგენლების მიმართ, მუდმივად მთხოვდა, ციხეში მისთვის შემეგზავნა სხვადასხვა სახის ფილოსოფიური ლიტერატურა, რომელთა ძირითადი შინაარსი იყო ლიდერობისა და ცხოვრებისეული წარმატების მიღწევის გზები და საშუალებები. სწორედ ამიტომ ძალიან ბევრს ვცდილობდი, რომ მომეხერხებინა სასჯელისგან მისი განთავისუფლება და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შევძელი კიდეც.
მიუხედავად ამისა, შალვას მიერ პირობითი მსჯავრის მოხდის შემდეგ, უფრო სწორად, რამდენიმე კვირით ადრე, 2014 წლის ივლისდან, იგი რადიკალურად შეიცვალა და კვლავ დაიწყო უკანონო ქმედებების ჩადენა, შეიცვალა ჩვენ მიმართაც, კერძოდ, ძალადობდა ოჯახის წევრებზე, რამდენჯერმე ფიზიკური ძალადობა განახორციელა ჩვენი მამის მიმართ. პირველი ასეთი შემთხვევის დროს ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ არ მიგვემართა სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ხოლო როდესაც იგივე მეორედ ჩაიდინა, მე მივიჩნიე, რომ იგი კვლავ საშიში იყო საზოგადოებისათვის, მივმართე ქ. ბორჯომის პოლიციას და განვაცხადე მისი დანაშაულის შესახებ (ჩემი მშობლები ცხოვრობენ ბორჯომში და შალვაც, ძირითადად, იქ იყო ხოლმე მათთან ერთად). პირობითი მსჯავრის დამთავრების შემდეგ მე მასთან აღარ მქონია ურთიერთობა, თუმცა მესმოდა, რომ იგი თან ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და დაუბრუნდა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასაც. ყოველივე ამის გამო მე ვცდილობდი უკვე იმას, რომ შალვა  დაეკავებინათ, რადგან მეშინოდა, რომ კიდევ ვინმესთვის არ შეექმნა საფრთხე. ამის გამო ჩემ მიმართ განსაკუთრებულ ნეგატიურ დამოკიდებულებას იჩენდა და მუდმივად მემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა თუ ქონების დაზიანებით. ჩემზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც და ცდილობდა, მუდმივად ვყოლოდი შიშში. ამის გამო მე უკვე ვერიდებოდი და შევიცვალე საცხოვრებელი ადგილიც. შალვამ ჩემზე ზეწოლის მოხდენის მიზნით დამიწვა საადვოკატო ბიურო, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში ონიაშვილის 69-ში და დამიზიანა ჩემი კუთვნილი ავტომანქანა. ეს მოხდა 2014 წლის 11 დეკემბერს, რის შესახებაც მივმართე სამართალდამცველ ორგანოებს და დაიწყო კიდეც გამოძიება, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცეს.
ასევე მოგახსენებთ, რომ 2015 წლის 23 იანვარს შალვა აბულაძე, როდესაც ის იმყოფებოდა ბორჯომში, გაუჩერებია პოლიციის თანამშრომლებს გადამოწმების მიზნით, ამ დროს კი შალვამ მათ ცეცხლი გაუხსნა და ესროლა, დაახლოებით, 9-10 ტყვია, სროლის შედეგად პოლიციის ორი თანამშრომელი დაიჭრა, რომელთაგან ერთ-ერთი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამ ფაქტის შემდეგ ის ძებნილია და იმყოფება მიმალვაში.
ჩემი ძმა, შალვა აბულაძე, ბავშვობიდან იყო საკმაოდ რთული და პრობლემური პიროვნება, მას ჰქონდა გარკვეული ფსიქიკური გადახრებიც, თუმცა როდესაც ექიმებთან მიჰყავდათ ჩემს მშობლებს, ისინი განსაკუთრებულს ვერაფერს ამჩნევდნენ და ფიქრობდნენ, რომ მკურნალობას არ საჭიროებდა. ექიმების დარწმუნებას იგი ახერხებდა იმით, რომ იყო ძალიან გონიერი და ჭკვიანი ადამიანი, რასაც, სამწუხაროდ, მუდმივად იყენებდა იმისთვის, რომ სხვისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც ზიანი მიეყენებინა.
2006 წლის ინციდენტამდე (რის შედეგადაც იგი დააკავეს და სასჯელი მოიხადა) შალვა იყო ძალიან უცნაური, ყველა საკითხზე ჰქონდა თავისი დამოკიდებულება და აბსოლუტურად არ აქცევდა ყურადღებას არც ოჯახის წევრებისა და არც, ზოგადად, საზოგადოებრივ აზრს, ასევე არ აინტერესებდა სხვადასხვა მიკროსოციუმში გავრცელებული შეხედულებები, პატივს არ სცემდა არც კრიმინალური ავტორიტეტების პოზიციებს, პირიქით, იგი იქით ახდენდა გავლენას მის გარშემომყოფებზე და მისი აზრი ყოველთვის ანგარიშგასაწევი იყო იმ ახალგაზრდებისათვის, ვინც მას იცნობდა. ყველაზე ახლოს მასთან იყო ჩვენი მამიდაშვილი ლევან ხუციშვილი და მეგობარი გასან მამედოვი. ეს უკანასკნელი ორი პიროვნება ჩემმა ძმამ გამოაგზავნა, დაახლოებით, ორი კვირის წინათ ბორჯომში. ისინი ჩემს მშობლებთან მივიდნენ და უთხრეს, რომ მისთვის ფული გაეგზავნათ, რადგან მიმალვაში მყოფს თანხა ესაჭიროებოდა. ჩვენ უარი შევუთვალეთ, რაზედაც ლევან ხუციშვილმა და გასან მამედოვმა მითხრეს, რომ ჩემი ძმა რაღაცებს გეგმავდა და მოკლე ხანში უნდა დავლოდებოდით `ტრუპებს~, მათ შორის, შესაძლოა, პირველი მეც ვყოფილიყავი. ამის გამო გასან მამედოვმა მირჩია, რომ რამდენიმე ხნით ქვეყნიდან წავსულიყავი და დავმალულიყავი. გასანის თქმით, თავადაც იგივეს აპირებდა, რადგან არ სურდა, შალვას დაგეგმილ მძიმე დანაშაულებში მიეღო მონაწილეობა და პირად საუბარში მითხრა, რომ ისიც დაიღალა მისი ქმედებებით.
ჩემს ძმას ჰყავდა ერთი ოფიციალური მეუღლე, მარიამ ყორანაშვილი, რომელთანაც 2000 წელს შეეძინა ერთი შვილი. ამის შემდეგ ჰყავდა ორი არაოფიციალური მეუღლე, რომელთაგან პირველთან, თამარ ედიშერაშვილთან, ჰყავს ორი შვილი, ხოლო მეორესთან, ლინდა გვალიასთან, შვილი არ ჰყავს. ამ უკანასკნელთან ცხოვრება დაიწყო 2013 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ. თუმცა ბოლო პერიოდში შევიტყვე, რომ მისგან ორსულად არის ბორჯომში მცხოვრები გოგონა ქრისტინა, რომლის გვარიც არ ვიცი.
გასან მამედოვი სარგებლობს ტელეფონის ნომრით 558 4646…, იგი ცხოვრობს ქ. თბილისში, ვერაზე, ყოფილი სემიონოვკის ქუჩაზე, რაც შეეხება ლევან ხუციშვილს, რამდენადაც ვიცი, იგი არ სარგებლობს მობილური ტელეფონის ნომრით და ცხოვრობს ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მისი სახლის ტელეფონის ნომერია  03229665…, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დარწმუნებული ვარ, რომ შალვა ბოლო პერიოდში და დღემდე მათთან აუცილებლად გავა კონტაქტზე.
რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, დღეს დილით, დაახლოებით, 12 საათზე, ტელეფონის საშუალებით დამიკავშირდნენ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები და მთხოვეს, გამოვცხადებულიყავი ქ. თბილისში, ისანი-სამგორის შს სამმართველოში, მოწმის სახით დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო ქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით. მითხრეს, რომ საქმე შეეხებოდა ჩემს ძმას, შალვა აბულაძეს. როდესაც დაბარებულ ადგილას გამოვცხადდი, შევიტყვე, რომ გასულ ღამეს ჩემს ძმას კიდევ დაუჭრია ორი პოლიციელი, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაცვლილა საავადმყოფოში, ასევე ცეცხლი გაუხსნია პოლიციის თანამშრომლებისათვის დღეს დილითაც.
თქვენ მიერ წარმომედგინა ერთ-ერთი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული და ექსპერტების მიერ დასურათებული ნივთების ფოტოები, კერძოდ, ფსალმუნებისა და ლოცვანის წიგნი, რომელიც გადაშლილ მდგომარეობაშია დასურათებული. ერთ-ერთი გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში ლურჯი ფერის საწერი საშუალებით შესრულებულია წარწერა 20.IX.2012 ძმას _ დისგან ციხეში. აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ წარწერა, რომელიც შესრულებულია სპეციფიკური ფორმით, ადრე ხშირად მინახავს მხოლოდ მის მიერ დაწერილ წერილებზე, განცხადებებსა და მიმართვებზე, რომელსაც ციხიდან ხშირად აგზავნიდა სხვადასხვა მიმართულებით. მისი სასჯელის მოხდის პერიოდში ჩემს ძმასთან წარმოდგენილი ლოცვანის წიგნი არ მახსენდება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ისიც ჩემი შეგზავნილი გახლდეს. ასეც რომ ყოფილიყო, მე მსგავს წარწერებს წიგნებზე არ ვაკეთებდი, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ წარწერას, დანამდვილებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ ის არის თავად ჩემი ძმის, შალვა აბულაძის შესრულებული, ამას კატეგორიულად ვადასტურებ, რადგან კარგად ვიცი და მახსოვს მისი კალიგრაფია და ხელწერა. ამჟამად ვერ ვხვდები, ეს წარწერა რატომ გააკეთა წიგნში, მაგრამ, სავარაუდოდ, ამას რაღაც მიზანი ექნება მისივე გათვლებით“.
ამის შემდეგ სალომე აბულაძე დაწვრილებით აღწერს შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებს, მათ შორის, მისი ძმის ტანსაცმელს. ჩვენების ბოლოს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ პირების შესახებ, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა შალვა აბულაძეს.
კონკრეტულად, სალომე აბულაძე წერს:
„შალვა, ძირითადად, ცხოვრობდა ბორჯომში, თუმცა თბილისშიც ხშირად ჩამოდიოდა, რადგან ჰყავს დიდი სანაცნობო წრე და სამეგობრო, მათგან ყველაზე ახლოს იყო ჩემ მიერ ხსენებულ ლევან ხუციშვილთან, რომელიც არის ჩვენი მამიდაშვილი და გასან მამედოვთან, რომელიც არის მისი მეგობარი. ამჟამად ვერ ვიხსენებ, ვის შეიძლება იცნობდეს ვარკეთილის, ან ვაზისუბნის დასახლებაში, შესაბამისად, არ ვიცი, რა მიზნით შეიძლებოდა ყოფილიყო ჯავახეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოგახსენებთ, რომ ამჟამად ჩვენებაზე დასამატებელი არაფერი მაქვს, თუმცა თუ საქმისათვის მნიშვნელოვანი რამე გავიხსენე, ან შევიტყვე, აუცილებლად მოვახსენებ ამის შესახებ გამოძიებას და გამოვთქვამ სრულ მზადყოფნას, ნებაყოფლობით ვითანამშრომლო გამოძიებასთან, რათა აღიკვეთოს ჩემი ძმის, შალვა აბულაძის შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები.
ჩვენება დაბეჭდილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვადასტურებ ხელმოწერით
სალომე აბულაძე“.

P.S. სალომე აბულაძის ჩვენებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მისი ძმის, შალვა აბულაძის მიმალვის სავარაუდო ადგილებზე გამოძიებას სწორედ მან მიუთითა. ამ ჩვენების მიღების შემდეგ დააკავა პოლიციამ გასან მამედოვის შვილი, რამინ მამედოვი, რომელიც შალვა აბულაძის დევნის ოპერაციის დასრულების შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თუ სალომე აბულაძეს სურვილი ექნება, მისი ძმის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების დეტალებზე დამატებით ისაუბროს, „ქრონიკა+“ მას ამის საშუალებას მომდევნო ნომერში აუცილებლად მისცემს.

ელისო კილაძე

alo1

alo2