ზვიად ჯანყარაშვილის კომპანიები და ბიზნესწილები

222

ირაკლი ალასანიას გადადგომის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“, როგორ იქნა, აღიარა, რომ ცოლის ნათესავი ნათესავია (მაია ფანჯიკიძის თანამდებობიდან გადადგომა სწორედ ამ მოტივაციით აიხსნა და არა პოლიტიკური პროტესტით). უფრო ადრე მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი გვიმტკიცებდა, რომ პრემიერის მეუღლის მამიდაშვილი ახლო ნათესავების რანგში არ უნდა განგვეხილა. მართალია, ამ დროისთვის ზვიად ჯანყარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტი ეჭირა, მაგრამ სამინისტროზე უფრო ხშირად მისი სახელი და გვარი ბიზნესწილების კონტექსტში ისმოდა. მოგვიანებით, ჯანყარაშვილი თანამდებობიდან საკუთარი განცხადებით წავიდა, მაგრამ ამჯერად „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის პოსტი დაიკავა. მის ცხოვრებაში გარდა თანამდებობისა, არაფერი შეცვლილა. მიუხედავად პოლიტიკაში წასვლისა, ის კულუარულ ფიგურად რჩება, _ არ ჩნდება მედიასთან და, კვლავინდებურად, მის გვარს, პოლიტიკის ნაცვლად, ბიზნესს უკავშირებენ.

ზოგადად, „მბრუნავი კარის“ პრობლემა ბევრ ქვეყანაში არსებობს. აღნიშნული ტერმინი კერძო და საჯარო სექტორებს შორის სამსახურებრივ გადაადგილებას ნიშნავს, ეს პროცესი ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს და მას, ხშირად, სასარგებლო შედეგების მოტანაც შეუძლია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ამ პრობლემას ცალკე კვლევა მიუძღვნა. „მბრუნავი კარი“ პრობლემად იქცევა ყოველთვის, როცა კი საფრთხის წინაშე აყენებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების, პოლიტიკის ფორმირების, ან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესს. ამგვარი საფრთხეები ეხება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ ნებისმიერი თანამდებობისა და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეს, მათ შორის, მინისტრებსა და კანონმდებლებსაც. ეს საფრთხეები მუდმივია, მაგრამ ყველაზე უფრო მწვავედ დგას უშუალოდ მთავრობის ცვლილებამდე, ან ცვლილებისთანავე, _ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში.

ამ პრობლემის ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმებია:

1. გავლენისა და კავშირების გამოყენება;

2. შიდა ინფორმაციის გამოყენება;

3. ძველი ბიზნესინტერესების დაცვა თანამდებობის დაკავების შემდეგ;

4. სამომავლო დასაქმებაზე ზრუნვა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში;

5. ლობირება.

ჩვენ ჯერ არ ვიცით, ზემოთ ჩამოთვლილი „მბრუნავი კარის“ პრობლემური თეზისებიდან, რომელს იყენებს ზვიად ჯანყარაშვილი თავის საქმიანობაში, მაგრამ იმ კომპანიების ნუსხა, სადაც მას წილი ჰქონდა ან აქვს, მეტისმეტად შთამბეჭდავად გამოიყურება.

მაშ, ასე! _ მივყვეთ თანმიმდევრობით:

2008 წელს ზვიად ჯანყარაშვილმა დააფუძნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სთილ პაუერი“. აღნიშნული შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი თავად იყო, ხოლო დირექტორად გიორგი მელქაძე დანიშნა. დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი, რომელიც გზადაგზა კიდევ ბევრჯერ შეგვხვდება წილების გაფორმების პროცესში! აღნიშნული კომპანია გადამზიდავ საქმიანობას ეწეოდა, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც და მას რაიმე სახის პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არ შექმნია (მიუხედავად იმისა, რომ ახალაიას უწყებაში, სავარაუდოდ, ძალიან კარგად იცოდნენ, ვინ იყო ზვიად ჯანყარაშვილი).

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2012 წლის 23 ივნისს ჯანყარაშვილმა საკუთარი წილი „სთილ პაუერში“ დათმო და იგი კომპანიის დირექტორს, გიორგი მელქაძეს გადაუფორმა. ძნელი სათქმელია, რამდენად უნდა დაიჯეროს საქმეში ჩახედულმა ადამიანმა, რომ ზვიად ჯანყარაშვილი „სთილ პაუერის“ საქმიანობაში არ მონაწილეობს და მას ამ კომპანიასთან შეხება აღარ აქვს.

ერთი საყურადღებო ტენდენცია _ ზვიად ჯანყარაშვილის ყველა ბიზნესპარტნიორი სხვადასხვა კომპანიაში დღეს საჯარო სამსახურში გავლენიანი პერსონები არის, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, დავით შავლიაშვილი. ჯანყარაშვილის ბიზნესპარტნიორი მინისტრი 2008 წლიდანაა.

2008 წლის 9 ივლისს ზვიად ჯანყარაშვილმა და დავით შავლიაშვილმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კომპიქსი“ დააფუძნეს. საჯარო რეესტრის 2011 წლის მონაცემებით, ზვიად ჯანყარაშვილი და დავით შავლიაშვილი „კომპიქსში“ 50-50%-იანი წილის მფლობელები იყვნენ, ხოლო დირექტორის პოსტი ზვიად ჯანყარაშვილს ეჭირა.

საჯარო რეესტრის 2012 წლის 20 დეკემბრის ამონაწერის მიხედვით ირკვევა, რომ ორივე მათგანმა საკუთარი წილი დავით მჟავიას გადასცა, მანვე დაიჭირა საწარმოს დირექტორის პოსტი. მართალია, ოფიციალურად კომპანიიდან ორივე წავიდა, მაგრამ „კომპიქსის“ ელექტრონული ფოსტის შეცვლაზე არც უფიქრიათ და დღემდე მათი საკონტაქტო მეილის დასახელება ასე გამოიყურება:

[email protected]  ინფრასტრუქტურის ამჟამინდელმა მინისტრმა დავით შავლიაშვილმა 2012 წლის 16 მაისს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარტნიორი“ გაატარა რეგისტრაციაში, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თავად გახლდათ. საჯარო რეესტრის 2012 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, ინფრასტრუქტურის მინისტრს საკუთარი წილი და დირექტორის უფლებამოსილება დავით მჟავიასთვის გადაუცია.

შავლიაშვილ-ჯანყარაშვილის ახლო მეგობარი, დავით მჟავია, კიდევ ერთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება  „გლობალავტოსპეცტექნიკის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. 10%-იან წილს ფლობს შპს „კავკასუს თრედინგ ცენტრში“ (ამ კომპანიაში დირექტორი და 90%-იანი წილის მფლობელი ნიკოლოზ ბახტაძეა), 2014 წლის 31 ოქტომბერს დავით მჟავია ტელეკომპანია ტვ-3-ის 90%-იანი წილის მფლობელი გახდა. 2012 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით, ტვ-3-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ლალი ეგაძე იყო.

ზვიად ჯანყარაშვილი და დავით შავლიაშვილი კიდევ ერთ კომპანიაში იყვნენ ბიზნესპარტნიორები. შპს „სმართვეი გრუპის“ 30%-იანი წილის მფლობელი, 2010 წლის 10 მაისის მდგომარეობით, შალვა პავლიაშვილია, 35-35%-ს ამ კომპანიაში ფლობენ ზვიად ჯანყარაშვილი და დავით შავლიაშვილი. ამჟამად ამ კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ზაზა ხუნძაყიშვილი. ამ უკანასკნელს წილი სამივე კომპანიონმა აჩუქა თუ მიჰყიდა, ჯერჯერობით, ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ცნობით, ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები კიდევ ერთი კომპანიის, „Georgian Genesis“-ის გარშემო. 2012 წლის 3 სექტემბრის რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნული კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ზაქარია ხუნძაყიშვილი, ხოლო 2012 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით, კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი უკვე გიორგი ცხადიაშვილია.

 

ვინ არის ზაქარია ხუნძაყიშვილი?

 

თავის დროზე ის „ქართულ ოცნებაში“ და ბიძინა ივანიშვილის კარზე დაწინაურებული ფიგურა იყო, განათლება უცხოეთში მიიღო. წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, რადგან პირადად ბიძინა ივანიშვილი კარგ თვალზე უყურებდა. „ქართულ ოცნებაში“ ზაქარია ხუნძაყიშვილმა მოიყვანა ელგუჯა ხოკრიშვილი და ლომის წილი მიუძღვის ძმები ჩხენკელების პორტირებაში. მან გაუწია რეკომენდაცია ელგუჯა ხოკრიშვილს ჯერ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად, თავად კი დაინიშნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარედ. თანამდებობიდან გამომდინარე, ზაქარია ხუნძაყიშვილი ბიზნესსფეროშიც გააქტიურდა, მისი ყოფილი მეუღლე შვილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს და ამჟამად ჯოზეფ ქეის ცოლია. შვილის მოსანახულებლად ამერიკაში წასულ ზაქარია ხუნძაყიშვილს „ობშიაკიდან“ საკმაოზე მეტი ფული დაუხარჯავს. ამ და სხვა მიზეზების გამო, პრემიერის ცოლის ძმას, ლექსო თამაზაშვილს, საყვედური გამოუთქვამს, ფულის გაყოფა არ იცისო. ამ უნდობლობის გამო მის მოადგილედ დანიშნეს ოდიოზური და წარსულში კორუფციისთვის ნასამართლევი პირი _ იოსებ ქადაგიშვილი, რომელიც პრემიერის სიმამრის ახლო ნათესავია. მას შემდეგ, რაც ზაქარია ხუნძაყიშვილმა საკუთარ ქორწილში იოსებ ქადაგიშვილს საჯაროდ აგინა, სიტუაცია დაიძაბა და მას თანამდებობა დაატოვებინეს, მის ნაცვლად საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარედ უკვე ზვიად ჯანყარაშვილის ბიზნესპარტნიორი, დავით შავლიაშვილი დაინიშნა, ხოლო მისი მოადგილე გახდა ვაჟა ფანჩულიძე. ვინაიდან მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი, ელგუჯა ხოკრიშვილი, ზაქარია ხუნძაყიშვილთან დაახლოებული პირი იყო და ფულთან მიმართებით ბოლომდე არ ენდობოდნენ, გადაიყვანეს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროში, ხოლო დავით შავლიაშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრი ხდება, ხოლო საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე _ ვაჟა ფანჩულიძე. ეს უკანასკნელი 2006-2010 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი იყო.

საჯარო რეესტრის 2014 წლის 16 იანვრის მონაცემებით, ვაჟა ფანჩულიძე შპს „ლემანის“ 25%-იანი წილის მფლობელია, ამავე კომპანიაში 25%-იან წილს ფლობს ზვიად ასათიანი, 50%-იან წილს კი _ თეიმურაზ რამინაშვილი.

ამ კომპანიის დირექტორი არის ვაჟა ფანჩულიძის ძმა, ირაკლი ფანჩულიძე.

სხვა კომპანიებში ვაჟა ფანჩულიძის წილები ასე გამოიყურება:

შპს „ეი-ფი-ლეგალი“ _ 50%-იანი წილი _ ვაჟა ფანჩულიძე, 50%-იანი წილი _ ზვიად ასათიანი;

შპს „ბი-ეი-ფი ენთერფრაისიზ“ _25%-იანი წილი _ ვაჟა ფანჩულიძე, 25%-იანი _ ზვიად ასათიანი, 50%-იანი _ თეიმურაზ რამინაშვილი. ვაჟა ფანჩულიძის მეუღლე, ანა დევსურაშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანაშემწეა.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ირიბად უკავშირდება ზემოთ ჩამოთვლილ პირებს, არის შპს „ტერექს XXI“ (ამჟამად მისი სახელწოდებაა „ჯავა ჯგუფი“ (76% ვახტანგ ნათაძე, 24% გიორგი ჯინჭარაძე).

2014 წელს აღნიშნული კომპანია სასამართლო დავას აწარმოებდა შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმთან“ 420 000 ლარის დიზელის თანხის გადაუხდელობის გამო, რაც ადასტურებს ამ კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების მასშტაბს. თავის დროზე, აღნიშნული კომპანია „ნაციონალური მოძრაობის“ სპონსორი იყო. 2011 წელს „ნაცმოძრაობის“ შემომწირველი იყო. 2011 წელს საარჩევნო კამპანიისას მან პარტიის ანგარიშზე 100 000 ლარი გადარიცხა. დღემდე ამ კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერებში, რომელთა საერთო ღირებულებამ, დაუზუსტებელი მონაცემებით, 7200 950 ლარი შეადგინა. ამ თანხის 90% 2013-2014 წლებშია მიღებული.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ზვიად ჯანყარაშვილის სახელს უკავშირდება, არის შპს „ტოპ ტრანს სერვისი“, რომელიც 2005 წლის 14 ივნისსაა დაფუძნებული. 2011 წელს 5 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კომპანიის 50-50%-იანი წილის მფლობელია ზვიად ჯანყარაშვილი და ირაკლი წელაური, ხოლო დირექტორის პოსტს გიორგი ენუქიძე იკავებს (ეს ის გიორგი ენუქიძეა, რომლის სახელისა და გვარის დამახსოვრება ზემოთ გთხოვეთ). 2012 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით, შპს „ტოპ ტრანს სერვისის“ 50-50%-იანი წილის მფლობელები გიორგი ენუქიძე და თემურ გოზალიშვილი არიან, ანუ ზვიად ჯანყარაშვილმა საკუთარი წილი კომპანიის დირექტორს, გიორგი ენუქიძეს გადაუფორმა. „ტოპ ტრანს სერვისი“ გადამზიდავი კომპანიაა, რომელიც „ქართუ ჯგუფსაც“ ემსახურებოდა. ამ კომპანიაში გამავალი პირები არიან ალექსანდრე თამაზაშვილი, გიორგი ენუქიძე და გურამ მატუაშვილი. მისი ძმა გრიგოლ მატუაშვილი არის „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და „საქართველოს ფოსტის“ განვითარების საბჭოს მმართველი. გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე აქ უფრო სიმბოლური ფიგურაა, რეალურად, გრიგოლ მატუაშვილის მეშვეობით, რომელიც ზვიად ჯანყარაშვილის უახლოესი მეგობარია, კონტროლდება „საქართველოს ფოსტა“, _ უყვება „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო.

რაც შეეხება ამავე კომპანიაში ზვიად ჯანყარაშვილის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი წელაურს, იგი ჯერ დანიშნული იყო საჯარო რეესტრში ტექნიკური აღრიცხვის არქივის ასისტენტად, შემდგომ საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული აღრიცხვისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად. აღნიშნული სამმართველო მთლიანად აკონტროლებს ოპერატიული დამუშავების საქმეებს, აგენტურას და ა. შ., ანუ ირაკლი წელაურის მეშვეობით, ზვიად ჯანყარაშვილი დღემდე ინარჩუნებს წვდომას შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საინფორმაციო ბაზაზე.

ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი მთლიანად ზვიად ჯანყარაშვილისა და ალექსანდრე თამაზაშვილის გავლენის ქვეშ მუშაობს. მას დავალებული აქვს, ლობირება გაუწიოს შს მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანია „სერპანტინს“. მაგალითისთვის მოვიყვანთ მხოლოდ ერთ ტენდერს _ #სპა140006643. აღნიშნულ ტენდერზე შეთავაზება ჰქონდათ: შპს „ტბა“ _ 998000 ლარი; შპს „ჯეოგრუპი“-1 049ნ990 ლარი; შპს „სერპანტინი“ _ 1 050 000 ლარი, ანუ ყველაზე მაღალი. ტენდერი, ცხადია, მაინც „სერპანტინმა“ მოიგო.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ზვიად ჯანყარაშვილს, კიდევ ერთ კომპანიაში აქვს წილი _ შპს „სითში“ ჯანყარაშვილი 4,5%-ის მფლობელია, 2013 წლამდე ამ კომპანიის მოწილე იყო დავით შავლიაშვილიც.

რაც შეეხება ზვიად ჯანყარაშვილის სხვა გავლენებს, იგი სრულად აკონტროლებს საბაჟო დეპარტამენტს თავმჯდომარის, ვლადიმერ ხუნდაძის მეშვეობით. ხუნდაძის მეუღლე ხათუნა ფხალაძე „საქართველოს ფოსტაში“ მუშაობს და მათი თვალი და ყურია, სისტემატურად აკონტროლებს, რამდენი შემოვიდა ფული.

ასევე ცხადია, რომ ზვიად ჯანყარაშვილის უშუალო პატრონაჟით მუშაობს შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი, ირაკლი სამყურაშვილი, რომელიც ჩხენკელთან ერთად დაინიშნა გენინსპექციაში. მისი მეუღლე, თამარ დარჩია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა, რაც შეეხება თავად ირაკლი სამყურაშვილის ბიოგრაფიას, თუ მას ყურადღებით გადავხედავთ, ძნელი გამოსაცნობი არ იქნება, რეალურად ვინ ლობირებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგულ კადრებს. ირაკლი სამყურაშვილი 2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსის მოადგილედ, 2004-2005 წლებში გახლდათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, არის თადარიგის ოფიცერი. 2006 წლიდან მუშაობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში, მათ შორის, 2008-2012 წლებში მუშაობდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ თანამდებობაზე ირაკლი სამყურაშვილს არ ამუშავებდნენ, ის რომ `ნაციონალური მოძრაობის~ საიმედო კადრი არ ყოფილიყო. მისი სიმამრი, იოსებ დარჩია, შპს საკალათბურთო კლუბ „აკადემიის“ 50%-ის მფლობელია. მონაწილეობდა შპს „ოლიმპიური სახლის“ (დუშეთის ბაზა) მართვაში. გავრცელებული ინფორმაციით არის ბარამიძისა და ნამგალაურის მეგობარი, სპორტის სამინისტროში იყო მთავარი „კასირი“.

ეს არის იმ ინფორმაციების ნაწილი, რომლის მოპოვებაც „ქრონიკა+“-მა ამ ეტაპზე შეძლო. რაც შეეხება ზვიად ჯანყარაშვილის ქონებრივ დეკლარაციას, მან თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2014 წლის 16 იანვარს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, მას არ აქვს საცხოვრებელი სახლი, ფლობს მხოლოდ მიწის ორ ნაკვეთს _ ერთი მდებარეობს წყნეთის გზატკეცილზე (106,8 კვ.მ.) და მეორე თბილისში შატბერაშვილისა და კეკელიძის ქუჩის მიმდებარედ (500 კვ.მ.), ხელთ აქვს ნაღდი ფული 30 000 $ და 15 000 ლარი, სახელფასო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების მომენტში 6000 ლარი ერიცხებოდა. რაკი ქონებრივ დეკლარაციაში რაიმე სხვა შემოსავალი დაფიქსირებული არ არის, გამომდინარე აქედან, ყველა იმ კომპანიაში, სადაც ზვიად ჯანყარაშვილმა საკუთარი წილი სხვა პირებზე გადააფორმა, გადაფორმების პროცესი, როგორც ჩანს, ფორმალურ ხასიათს ატარებდა. გახდება თუ არა ზვიად ჯანყარაშვილი „ქართული ოცნების“ დავით კეზერაშვილი?

ვნახოთ!!!

 

                                                                                                       ელისო კილაძე