სკანდალური პროცესი ევროსასამართლოში – წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დადანაშაულებულ საქართველოს ხელისუფლებას 12 ათასი ევრო გადაახდევინეს!

tilo

საქმეს, რომელზედაც ჭეშმარიტი სამართლიანობის აღდგენის დროს ივანიშვილი და ღარიბაშვილიც აგებენ პასუხს, „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ჰქვია. იგი ევროსასამართლომ განიხილა და საქართველოს ხელისუფლება წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულა, თუმცა მაღალჩინოსნები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებენ.

რა ხდება, ვინ აფარებს ხელს დამნაშავეს, დეტალებს „ქრონიკა+“-ს

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი უმხელს.

ზაზა ხატიაშვილი:

_ საქართველის უახლეს ისტორიაში ბევრი ისეთი ანომალიური ფაქტი მომხდარა, რომელიც სამართლის ჩარჩოებს სცილდება, მაგრამ რაზედაც ახლა უნდა მოგიყვეთ, ასეთს ვერასდროს გაიგონებდით: ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რომ მოდიოდა, მისი წარმომადგენლები გირგვლიანის მკვლელობით აპელირებდნენ. ამჟამინდელი ხელისუფლების პირველი პირები გირგვლიანის დედის საფლავზე დადიოდნენ და იქ იკეთებდნენ კარიერას. ჟურნალისტებიც აშუქებდით და ამბობდით, აი, ესენი გმობენ ტერორსო. მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში „გირგვლიანი-2“ მოხდებოდა. გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილმა დამნაშავე ადამიანები რაღაც დონეზე დასაჯა. მანაც ვერ გაბედა იმის გაკეთება, რომ პოლიციის განყოფილებაში ეწამებინათ ვინმე და შემდეგ, დანაშაულში მხილებული ხალხი, უმაღლეს თანამდებობებზე დაენიშნა.

ყველაფერი დაიწყო ასე: რევაზ დვალიშვილი 2005 წლიდან ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ იგი გახდა წამების მსხვერპლი წყალტუბოს რაიონის პოლიციელების მხრიდან. ის დაზიანებები, რომლებიც მას აღმოაჩნდა სამედიცინო დასკვნის შედეგად, მიღებული ჰქონდა უშუალოდ პოლიციაში, წამებით. დვალიშვილის დანაშაული ის იყო, რომ მან ტაქსის მძღოლს ფული არ გადაუხადა და ამის გამო მათ შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მას აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდეს და 72 საათის განმავლობაში ჰყავდათ წყალტუბოს პოლციაში, სადაც პოლიციელებმა: რევაზ ქობულიამ, მალხაზ მჟავიამ, ბადრი ღაჭავამ, ზვიად აფციაურმა და გამომძიებელმა მერაბ ქორიძემ იგი დააგდეს პოლიციის განყოფილებაში, შედგნენ ფეხებით, წიხლებით სცემდნენ და უჭეჭყავდნენ ხელის თითებს. შემდეგ ფეხებით დაკიდეს ზევიდან ქვევით, იატაკზე „კოკა-კოლა“ დაასხეს და ენით აალოკინეს. როგორც საქართველოს სინამდვილეში ხდება ხოლმე, პროკურატურამ გაამართლა მოძალადე პოლიციელები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ რევაზ დვალიშვილმა დაზიანებები მიიღო დაკავების პროცესში მიწაზე ერთჯერადი დაცემით, მაგრამ დვალიშვილი საავადმყოფოში ერთი თვე იწვა და იმ დაზიანებებზე მკურნალობდა, რომელიც პოლიციაში მიიღო. დვალიშვილს ჩავუტარეთ ექსპერტიზაც, რომელმაც დაასკვნა – შეუძლებელი იყო, მას ასეთი დაზიანებები ერთჯერადი დაცემით მიეღო. თანაც ჩვენებებში ეს პოლიციელები არ ამბობდნენ, რომ ის შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მათი თქმითაც და რეალურადაც, დვალიშვილი დააკავეს ადგილზე. რადგან ამ ყველაფრის მიუხედავად პროკურატურამ საქმე შეწყვიტა, იძულებული გავხდით, ევროპის სასამართლოსთვის მიგვემართა.

6 წელზე მეტხანს მიმდინარეობდა „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის შესწავლა. 2012 წლის 18 დეკემბერს კი ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება წყალტუბოს პოლიციის დაწესებულებაში, ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს, რევაზ დვალიშვილთან მიმართებით პოლიციელების მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე და დაწერა, რომ დვალიშვილი მათგან გახდა არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი. ეს არის ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევა _ წამება, არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობა. გადაწყვეტილებაში ასევე წერია, რომ ერთჯერადი დაცემით არ შეიძლება ამგვარი დაზიანებების მიღებაო.

ევროპულმა სასამართლომ ერთსულოვნად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი რევაზ დვალიშვილთან მიმართებით. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია:

„აპლიკანტისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებების გათვალისწინებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო აღნიშნულს მიიჩნევს, როგორც მძიმე დაზიანებებს, კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება, გააკეთოს დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტება დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა ვერ შეძლეს, დაწვრილებით შეესწავლათ სამედიცინო დასკვნები და შემოიფარგლნენ მხოლოდ იმით, რომ აღნიშნული დასკვნები არ ადასტურებდა არაადამიანურ მოპყრობას. მთავრობას არც ის საკითხი განუხილავს, რომ აპლიკანტისთვის მიყენებული დაზიანებები შეუძლებელია, გამოწვეულიყო მხოლოდ ერთხელ წაქცევით. ამას გარდა, სასამართლო ასკვნის, რომ ვერ გაიზიარებს მთავრობის არგუმენტს მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით. საქმის მასალების მიხედვით, მოწმეთა ჩვენებები მიუთითებს, რომ განმცხადებელი ადგილზევე დააპატიმრეს პოლიციელებმა და მას არ უცდია გაქცევა. შესაბამისად, განმცხადებელი ვერ მიიღებდა ფიზიკურ დაზიანებებს დაპატიმრებისას, გაქცევის მცდელობის დროს. ამას თვითმხილველი მოწმეებიც ადასტურებენ, რომ აპლიკანტს დაკავებისას არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

ყოველივე ზემოთ ხსენებულისა და საქართველოს პოლიციის წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ჩადენის სამწუხარო ფაქტებიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ აპლიკანტის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი, რადგან იგი იყო პოლიციელთა მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი“. დვალიშვილის სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს 12 ათასი ევრო გადაახდევინეს. ფული გადაიხადეს და გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს, რაც ნიშნავს, რომ ქართული მხარეც დაეთანხმა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს. 2012 წლის 18 დეკემბრის ამ გადაწყვეტილებით, რევაზ დვალიშვილმა 2012 წლის 19 თებერვალს მიმართა იმ პერიოდში მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს და მოსთხოვა პოლიციის მუშაკების _ რევაზ ქობულიას, მალხაზ მჟავიას, ბადრი ღაჭავას, ზვიად აფციაურის, მერაბ ქორიძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მისი წამების, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ფაქტი, _ წყალტუბოს პოლიციაში რევაზ დვალიშვილი გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, არჩილ კბილაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის უწყება ისევე მოიქცა, როგორც ეს ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში და 5 თვე უშედეგოდ იძიებდა საქმეს, რომლის გამოძიებასაც, მაქსიმუმ, 10 დღე სჭირდებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დადასტურებული ჰქონდა ის ფაქტი, რომ პოლიციელები ამბობდნენ სიცრუეს, თითქოს რევაზ დვალიშვილმა დაზიანებები მიიღო ერთჯერადი დაცემის შედეგად. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დადგენილი ჰქონდა ისიც, რომ წყალტუბოს პოლიციაში რევაზ დვალიშვილი გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. საქართველოს სახელმწიფომ აღიარა გადაწყვეტილება და მომჩივანს გადაუხადა მიყენებული ზიანის სანაცვლოდ 12 ათასი ევრო. ისმის კითხვა: 5 თვე რაღას იძიებდა არჩილ კბილაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის უწყება?! აქვე ვიტყვი: მე შევხვდი ყოფილ მთავარ პროკურორ კბილაშვილს და ავუხსენი, რომ ამ საქმეში კონცვენციის მხოლოდ მესამე მუხლი კი არ დაირღვა, სასამართლომ ისიც თქვა, ჩატარდა არაეფექტური გამოძიება და შენ უნდა ჩაატარო ეფექტური გამოძიება-მეთქი. თავიდან დამპირდა, მაგ პოლიციელებს რას ვუზამ, ნახავო! მაგრამ შეხვედრიდან ერთ თვეში რომ დავურეკე, შევატყვე, უკვე სხვანაირად ლაპარაკობდა და კბილაშვილი აშკარად შეცვლილი იყო. მითხრა, _ არც ისეა საქმე, შენ რომ ამბობო. იმ დროს ვერ მივხვდი, ასე რატომ იქცეოდა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ იმ პერიოდში შს მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, დვალიშვილის წამების საქმეში მონაწილე პოლიციელების დაწინაურება ჰქონდა გადაწყვეტილი და კბილაშვილი მის წინააღმდეგ არ და ვერ წავიდა. 2013 წლის 16 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილს წერილი მივწერე და ვთხოვე, ეს ყველაფერი შეესწავლა. ისიც დავუწერე, ასეთი მინისტრი არ უნდა გყავდეს შსს-ში-მეთქი. ამის შემდეგ, ორ თვეში, ივანიშვილმა ღარიბაშვილი დააწინაურა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა.

_ ევროპის სასამართლოს მიერ წამებაში მხილებული პოლიციელები ღარიბაშვილმა მართლა დააწინაურა?

_ თუ რატომ არ მისცა პასუხისგებაში არჩილ კბილაშვილის უწყებამ რევაზ დვალიშვილის წამების გამო პოლიციის მუშაკები: რევაზ ქობულია, მალხაზ მჟავია, ბადრი ღაჭავა, ზვიად აფციაური და მერაბ ქორიძე, გამოჩნდა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განახორციელა „ოპერაცია გირგვლიანი-2“ და რევაზ დვალიშვილის მთავარი მწამებელი, რევაზ ქობულია, 2013 წლის ივლისს დანიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსად. დიახ, ქობულია დღეს არის სამმართველოს უფროსი, მჟავია კი ამ სამმართველოს დაქვემდებარებული პოლიციის განყოფილების უფროსი. „რუსთავი 2“ იყო მათთან ჩასული და არც ერთმა ამაზე კომენტარი არ გააკეთა. ახლა თქვენ მითხარით, რომელი უფრო დიდი დანაშაულია, ადამიანის წამება, თუ მწამებლების, დამნაშავეების დაწინაურება და მათთვის საშუალების მიცემა, კიდევ უფრო უარესი ჩაიდინონ?!

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ ამ ფაქტის გამო ბოდიში მოეხადა, სამოქალაქო საზოგადოებას დაუმტკიცა თავისი უუნარობა და უცოდინარობა. როდესაც პრესკონფერენცია ჩავატარე და საზოგადოებას გავაცანი ახალი „ვანო მერაბიშვილი“ ირაკლი ღარიბაშვილის სახით, რომელმაც გაიმეორა „გირგვლიანი-2“, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ოფიციალური კომენტარი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 18 დეკემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და ერთსულოვნად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი; რომ რევაზ დვალიშვილი გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პოლიციის დაწესებულებაში, მაგრამ ევროპულმა სასამართლომ არ მიუთითა კონკრეტულ პოლიციელებზე, რომელთაც აწამეს რევაზ დვალიშვილიო. დაახლოებით 40 ათასი ადამიანი ხომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ერთი მცოდნე ადამიანი მაინც ნუთუ არ არის მათ რიგებში, რომელიც აუხსნიდა ღარიბაშვილს შემდეგს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არც ერთ გადაწყვეტილებაში არ ასახელებს კონკრეტული პირების გვარ-სახელებს; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს მხოლოდ წამების ფაქტს, ანუ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას და მიუთითებს სახელმწიფოს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ ჩატარდა ეფექტური გამოძიება. ნებისმიერმა იურისტმა, ვისაც შეხება აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან, ან წაკითხული აქვს ბროშურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესახებ, იცის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ არის მე-4 ინსტანცია და კონკრეტულ სასჯელებს პირებთან მიმართებით არ აწესებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთი არაკვალიფიციური ოფიციალური განცხადების შემდეგ როგორ შეიძლება, მათ მიღებულ გადაწყვეტილებას ვინმე ენდოს?! მათი განცხადება იყო ნამდვილი სკანდალი!

რამდენიმე დღის წინათ პირველად მომეცა საშუალება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის პირადად მეთქვა ამ საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი. მან მიპასუხა, რომ ის, თურმე, არაფერ შუაშია და შს მინისტრის მოადგილემ, თალაკვაძემ უთხრა, დვალიშვილმა ტაქსი დააყაჩაღაო. დაახლოებით სამი კვირის წინათ „რუსთავი 2“-მაც გააშუქა ეს თემა და თალაკვაძე პირდაპირ ეთერში ალაპარაკეს. ამის მერე დავრეკე და მეც მოვითხოვე პირდაპირი ეთერით პასუხის გაცემა, მაგრამ უარი მითხრეს. გადაცემაში თალაკვაძემ ამჯერადაც იგივე თქვა, თითქოს დვალიშვილი გარბოდა და მაშინ მიიღო დაზიანებები. ეს არის სუპერსენსაცია. ევროსასამართლოში რის გამოც ვიჩივლეთ და სასამართლომ რაზედაც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის არგუმენტები იყო არასწორი (ანუ სააკაშვილის მთვრობის გადაწყვეტილებები) და ამის გამო დვალიშვილის სასარგებლოდ 12 ათასი ევრო უნდა გადაიხადოთო და გადაახდევინა, თალაკვაძე და ჩვენი ხელისუფლება კვლავ იგივეს ამტკიცებს. „რუსთავი 2“-ს რომ მეც ჩავერთე პირდაპირ ეთერში, თალაკვაძეს საკადრისად ვუპასუხებდი.

_ ჩვენი გაზეთით რომ უპასუხოთ, შეიძლება?

_ საქმე ის არის, ევროპულ სასამართლოში მთავრობის არგუმენტებად რაც წარადგინა სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა, რომ თქვეს, ხატიაშვილი იგონებს და დვალიშვილი პოლიციაში არ უწამებიათ, დაკავების დროს გარბოდა, დაეცა და ისე მიიღო დაზიანებებიო, თალაკვაძე და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილიც იგივეს იმეორებენ. როგორ შეიძლება, ისეთი არაკვალიფიციური ადამიანი იყოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელსაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ აქვს წაკითხული, ისე ლაპარაკობდეს და იგივეს ამტკიცებდეს, რასაც მერაბიშვილი გვეუბნებოდა?

გირგვლიანის საქმის ადვოკატი, ბატონი ჯანდიერი, ამ ხელისუფლების დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. „ოცნების“ ხელისუფლებიდან ერთადერთმა მან თქვა სიმართლე. როცა პირდაპირ ეთერში ორივე ჩაგვრთეს, ვკითხე, _ მართალი ვარ თუ არა-მეთქი? და _ დიახ, მართალი ხართ, ბატონო ზაზაო. ეს ადამიანი არის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი აქტიური დამცველი და მხოლოდ მას ეყო სინდისი, სიმართლე ეთქვა. ამის გამო ძალიან ვაფასებ. მან აღიარა, რომ ეს საქმე იყო „გირგვლიანი-2“. შეხვედრაზე ღარიბაშვილს ვუთხარი, რომ თალაკვაძე დვალიშვილთან დაკავშირებით ატყუებდა და ის ყაჩაღი არ ყოფილა. ყველამ ვიცით, ახალაიას ბრალად რაც წაუყენეს, მან გირგვლიანის მკვლელებს შეუქმნა სასათბურე პირობებიო და ამის გამო დადგა მასზე განაჩენი. ყოფილ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს ვუთხარი, _ შენმა მინისტრმა, ღარიბაშვილმა ასეთი რამ ჩაიდინა, ადამიანის წამებაში ევროსასამართლოს მიერ მხილებული ადამიანები თანამდებობებზე დააწინაურა და შენ მაინც მოახდინე რეაგირება-მეთქი. ერთი ჭკვიანი ადამიანი არ აღმოჩნდა ყოფილი პრემიერის გარშემო, რომ მისთვის ეთქვა, ხატიაშვილი სიმართლეს გეუბნება, რადგან დადგება დრო და ასეთი ქმედება-უმოქმედობისთვის ახალაიას მიმართ წაყენებულ ბრალს თქვენც წარგიდგენენო. მე მჯერა, რომ ეს დრო მართლაც დადგება. დიახ, კანონის წინაშე იგივე სახით აგებენ პასუხს ივანიშვილი, ღარიბაშვილი და თალაკვაძე, როგორც თავად აგებინებენ ახალაიას, რადგან დვალიშვილის საქმესთან მიმართებით ისინიც ახალაიას მსგავსად მოიქცნენ. როცა ღარიბაშვილს ველაპარაკე, წარმოიდგინეთ, ეს კაცი გულწრფელად შემეცოდა და გამიკვირდა კიდეც. მას საერთოდ არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყანაში. მასთან საუბრისას გავარკვიე ისიც, რომ თალაკვაძე პრემირ-მინისტრს აწვდის ცრუ ინფორმაციას.

შს ახალ მინისტრს, ბატონ გომელაურსაც მოვუყევი ეს ამბავი. მითხრა, ამის შესახებ არ ვიცი, ამიტომ, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვიო. ამ პიროვნების მსჯელობა მომეწონა. ახლა ღარიბაშვილს ვეკითხები: კარგი, ვთქვათ, თავად არ წაუკითხავს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, თალაკვაძემ ხომ შს მინისტრს, გომელაურსაც უთხრა ისე, როგორც მას უნდოდა, მაგრამ ის არ დაეყრდნო მის ნათქვამს და თქვა, თავად წავიკითხავ ყველაფერს და პასუხს ისე გაგცემთო. ბატონი ირაკლი ბრმად რატომ ენდობა თალაკვაძეს?! პრემიერ-მინისტრი რომ სიტყვა სიტყვით, გადაუმოწმებლად იმეორებს, შს მინისტრის მოადგილე რასაც ეტყვის, ეს ტრაგედია არ არის?! ისიც ხომ ირკვევა, თალაკვაძე მას ეუბნება იმას, რასაც სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილი ამბობდნენ და უხერხულ მდგომარეობაში რატომ უნდა იყენებდეს თავს? ღარიბაშვილი იმიტომ დაინიშნა ამ პოსტზე, რომ საკუთარი აზრით, გონებით მართოს ხელისუფლება, ქვეყანა და არა ჩინოვნიკების ბრმად ნდობით, ან გადაუმოწმებელი აზრების გაზიარებით.

იური ვაზაგაშვილი ჭიკაიძეზე ამბობდა, მფარველობს სავარაუდო მკვლელებსო. გომელაურმა ამის შემდეგ დაიწყო პოლიციის წმენდა ასეთი ადამიანებისგან. ფაქტებით ვლაპარაკობ სიმართლეს და არავის ვწამებ ცილს. ევროსასამართლოს დადგენილების აღიარება ამ ხალხს ჯიუტად არ უნდა და უკვე ისიც აღარ ვიცი, მათ ქმედებას რა სახელი ვუწოდო?! სანამ ვაზაგაშვილი არ ააფეთქეს, ვერავინ მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინათ. მეც უნდა ამაფეთქონ, ეს მთავრობა რომ მიხვდეს, სასწრაფოდ უნდა დასაჯოს დამნაშავეები?! როცა ევროსასამართლო გეუბნება, მოხდა წამების ფაქტი, მასზე ჩატარდა არასრული გამოძიება და ვალდებული ხარ, გამოიძიოო, ეს ხომ უნდა გააკეთო? ღარიბაშვილმა მითხრა, პროკურატურა იძიებსო, მაგრამ არ იძიებენ და პრემიერ-მინისტრს ამასაც ატყუებენ.

_ პრემიერ-მინისტრი რომ ასე ადვილად ტყუვდება, ეს ნონსენსი არ არის?

_ რა თქმა უნდა, ესეც მისი ბრალია. მან მითხრა, შევხვდეთო, მაგრამ ღარიბაშვილს ამ საქმეზე ჩემთან შეხვედრა არ სჭირდება. მას და ივანიშვილს ყველა საჭირო დოკუმენტი თავის დროზე წარვუდგინე. ახლა მხოლოდ უნდა გაეცნოს ყველაფერს, იუსტიციის სამინისტროს საიტზე ნახოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და იმედია, ყველაფერს მიხვდება. როცა მისკენ არის ხელი გაშვერილი, ამ დროს მაინც ხომ პირადად უნდა გაეცნოს და წაიკითხოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება?! ღარიბაშვილმა, ფაქტობრივად, ივანიშვილიც დააზარალა, რადგან როცა ქვეყანაში რეალური სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყება, ამ საქმეზე დამკითხავენ და რაც მოხდა, ყველაფერს ვიტყვი. ამის შემდეგ მათ ხომ კარგი არაფერი ელით და ამაზე რატომ არ ფიქრობენ?!

აღნიშნულ საკითხზე, „ქრონიკა+“-მა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის კომენტარი მოიპოვა:

_ სინამდვილეში, აი, რა მოხდა: 2005 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 21:50 საათზე, მოქალაქე დვალიშვილი დააკავა სამმა პოლიციელმა ქ. წყალტუბოში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტაქსის მძღოლის (რომელიც ერთადერთი ფეხით მართავდა მანქანას და ასე ირჩენდა თავს) ცემისთვის. 2005 წლის 30 დეკემბერს კი დვალიშვილმა მიმართა ქ. ქუთაისის საავადმყოფოს და განაცხადა, რომ პოლიციამ მის მიმართ ძალას გადაამეტა. არსებობს სამედიცინო დასკვნა, სადაც დეტალურად აღწერილია დვალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: ეს შემთხვევა მოხდა 2005 წლის დეკემბერში. ზემოაღნიშნულ საქმეზე, მოგვიანებით, დვალიშვილმა და მისმა ადვოკატმა მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა 2012 წლის 18 დეკემბერს, სადაც სასამართლო ასკვნის, რომ 2005 წელს მომხდარი შემთხვევისას დვალიშვილის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი, ანუ დაადგინა, რომ მომჩივანისადმი ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. ასევე, დაადგინა, რომ გამოძიება იმ ეტაპზე არ იყო ჩატარებული ეფექტიანად და დარღვეული იყო პროცედურული ნაწილი.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ გადაწყვეტილების გამო:

 

•             დვალიშვილს სახელმწიფოს სახელით 2013 წლის 15 მაისს გადავუხადეთ კომპენსაცია 12 000 ევროს ოდენობით;

•             განვაახლეთ გამოძიება და 2013 წლის 5 ივნისს გაუქმდა ქუთაისის რაიონული პროკურორის 2005 წლის 24 მაისის დადგენილება საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. განახლდა გამოძიება და საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. ხელახლა დაიკითხნენ მოწმეები, პოლიციელები და დაზარალებულიც აქტიურად ჩაერთო გამოძიების პროცესში;

•             2014 წელს გატარდა რეფორმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იმ ნაწილში, რომელიც ეხება დაზარალებულის სტატუსს გამოძიების მიმდინარეობისას. ახალი რეგულაციების მიხედვით, მნიშვნელოვნად გაიზარდა დაზარალებულის სტატუსი გამოძიების ფარგლებში, როგორც ამას ევროპული კონვენცია და ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მოითხოვს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ტელეეთერით ვთქვი:

 

•             წლის განმავლობაში პოლიცია 15-17000-მდე დაკავებას ახორციელებს, რომლის დროსაც, რა თქმა უნდა, ადგილი აქვს ფიზიკურ კონტაქტს მოქალაქეებსა და პოლიციას შორის და ხშირად ხდება წინააღმდეგობის გაწევაც პოლიციის მიმართ _ ვერავინ და ვერც მე ვერ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ამდენი დაკავების დროს პოლიციელები არასოდეს უშვებენ შეცდომებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ შსს-ს გენერალურ ინსპექციის მიერ 1900-ზე მეტი პოლიციელი მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში, მაგალითად, 2013 წელს. პოლიციელები ებრძვიან კრიმინალს, ხშირად სწირავენ საკუთარ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და, რა თქმა უნდა, შეცდომების გამო, მათ ხელები რომ ჩამოუშვან და საზოგადოება კრიმინალის პირისპირ მიატოვონ, არც ბატონ ხატიაშვილს მოეწონება. პოლიციას სჭირდება მხარდაჭერა!

•             ადამიანის უფლებების დარღვევა არ შერჩება არავის და ყველა პოლიციელმა უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში. ჩვენ გადავუხადეთ დვალიშვილს კომპენსაცია და განვაახლეთ გამოძიებაც, ვინაიდან სტრასბურგის გადაწყვეტილებებში, რა თქმა უნდა, არ არის მითითებული ესა თუ ის პირი და არ არის დირექტივა, რომ კონკრეტული ადამიანი დაისაჯოს ამ გადაწყვეტილების გამო (ვინც სტრასბურგის სასამართლოს მუშაობის პრინციპებს იცნობს, იმისთვის ეს დღესავით ნათელია).

•             ჩემთვის, როგორც საზოგადოების ერთი ჩვეულებრივი წევრისთვის, გაუგებარია ზაზა ხატიაშვილის განცხადებების ადამიანური ასპექტი: მას გული აქვს აჩუყებული პირზე, რომლის მიმართაც პოლიციამ, როგორც ნათქვამია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ძალას გადაამეტა, მაგრამ თუ უმოწყალოდ ნაცემია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ტაქსის მძღოლი, რომელიც ერთადერთი ფეხით მართავდა ავტომობილს და ემსახურებოდა მგზავრებს და რომელიც დღეს აღარ არის ცოცხალი _ პრობლემა არ არის, რადგან მას ადვოკატი არ აუყვანია და არც მაღალი ტრიბუნიდან გამოუთქვამს საყვედური სახელმწიფოს მისამართით.

ბატონი ხატიაშვილი არის პროფესიონალი იურისტი, მან ბევრი იშრომა, რათა შედეგისთვის მიეღწია და ეს უდავოდ დასაფასებელია. თუმცა რაც არ უნდა გამომწვევი განცხადებები აკეთოს ადვოკატმა, ეს საქმე ვერ გახდება ვერც „გირგვლიანი 2“ და ვერც „სტეტნერი პოლონეთის წინააღმდეგ“. ეს საქმე არის დამოუკიდებელი შემთხვევის შესახებ, რომელიც მოხდა 2005 წელს.

„ქრონიკა+“-ს ასევე უნდოდა მოესმინა კომენტარი იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, დავით ჯანდიერისგანაც, მაგრამ მან ჩვენს ზარს არც ესემესის გაგზავნის შემდეგ უპასუხა.

 

                                                                                                      ნელი ვარდიაშვილი