„ღირსეული მემკვიდრე“ თუ „ზარალიანი აქტივი?!“

11157029_10205673450650955_1078549098_n

მოღერებული ყელი. აწეული თავი _ საცაა, ჭერს ასცხებს, თუ მთლად ცას არა. ლაპარაკი ჩქარ-ჩქარი. ტრაბახი, ტრაბახი, ტრაბახი. შემართება იმ ყურშასი, რომელიც გაყოყოჩდა. ტყუილი _ ბლომად. უტიფრობა _ არანაკლებ. თავხედობა _ აგრეთვე.

მე ვწერ კაცზე, რომელიც „იმ ბრძენმა კაცმა“ პრემიერ-მინისტრად დაგვიტოვა. დაგვიტოვა და მერე დაგვაყვედრა კიდეც, _ ღირსეული მემკვიდრე დაგიტოვეთო.

იმ ბრძენ კაცს ეს თავისი დანატოვარი „ღირსეული მემკვიდრე“ თავის ახალგაზრდობას აგონებს. აი, ზურაბ ჯაფარიძეს კი „ზარალიან აქტივს“. ჰკითხა კიდეც ფეისბუკით: „ერთხელ მაინც არ გიფიქრია, _ იქნებ, „ამ ბრძენი კაცის“ ხელში ერთი მორიგი ზარალიანი აქტივი ხარ, რომელიც მან მოიცილა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე გადასვა? ისე, როგორც საჩხერის საავადმყოფო ან წილკნის ინ ვიტრო ლაბორატორია?“

იმ ბრძენ კაცს ირაკლი მაშინ გაუცნია, როცა თავისი პირველი „ვერტალიოტი“ უყიდია.

„ფრანგები ისეთ დღეში ჩააგდო, რომ ასე არ გაეყიდათ არასდროს „ვერტალიოტი“ და ამით გავიცანი… ირაკლი გავიცანი მაშინ, როდესაც ფრანგებს, კომპანიას, ვინც მომყიდა „ვერტალიოტი“, ვინ არის ეს კაცი, გვაჩვენეთო, და, იქნებ, ჩამოვიდეს საფრანგეთშიო, ჯერ ასეთი ფრანგული საიდან იცისო და მერე ასეთი ვაჭრობა როგორ ისწავლაო?“ _ ყვებოდა ის ბრძენი კაცი, როცა ირაკლის გვიტოვებდა მემკვიდრედ. თუმცა ისე არ იფიქროთ, რომ ირაკლიმ მარტო ვაჭრობა და ფრანციცული იცის. არა, რას ამბობთ? როგორც მისი სიმამრი ამბობს, პიანინოზე დაკვრაც სცოდნია, გიტარაზეც და კარგადაც მღერის, თურმე…

რამდენად სამღერალდ აქვს საქმე?

იმ ბრძენი კაცისთვის რომ გვეკითხა, წესით, უნდა ჰქონდეს, რადგან მესამე წელი უნდა ყოფილიყო ძალიან კარგი და ეს მოსახლეობას თავის ჯიბეზე უნდა ეგრძნო. ახლა? ახლა კი ლარის კურსის შემხედვარემ თავადაც ყურები ჩამოჰყარა და ამოღერღა, რომ ეს წელი ვერ იქნება დალხენილი. როცა ივანიშვილის განცხადება შეახსენეს, შეხტა და შემოტრიალდა, ვინ წარმოიდგენდა, რომ უკრაინაში ომი, რუსეთში კრიზისი იქნებოდაო. ყველაფერი გარეფაქტორებს გადააბრალა, არადა, სულ ორიოდე კვირის წინ გაიძახოდა, _ რა მოხდა, კურსის ცვლილება ხდება ხან ერთი ხან მეორე მიმართულებით, გაუფასურებას გამყარება მოჰყვება და პირიქით. გაუფასურებული ვნახეთ, გამყარებული ჯერ ვერა. ხან ხელოვნურ კრიზისზე ლაპარაკობდა, _ მენეჯერების შესამოწმებლად კარგიაო, ხანაც ყველაფერს „ნაცების“ ისტერიკას აბრალებდა. ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში გაიძახოდა, არანაირი საფუძველი არაა ლარის კრიზისზე სალაპარაკოდო. მერე გვიმტკიცებდა, ლარის კურსს ვაკონტროლებთო და როგორც აკონტროლებს, კი ხედავთ. ბოლოს ისღა შემოგვთავაზა, ქამრებს შემოვიჭრთო და… ბატუტიანი „კრაოტი“ იყიდა 24 ათასად…

საერთოდ, არც ეკონომიკის გაეგება რამე და არც ლარის. რაც არ უნდა ამტკიცოს ივანიშვილმა, რომ ღარიბაშვილს სანაქებოდ ესმის ეკონომიკა, ეს არც ქვეყანას ეტყობა და მეტიც _ არც მის განცხადებებს. დიახ, კაცს, რომელსაც ეკონომიკა ესმის, არაფრის დიდებით არ იტყვის, რომ სოფლის მეურნეობა ეკონომიკის წინსვლას უნდა დაეხმაროს, რომ სოფლის მეურნეობამ დიდი როლი უნდა ითამაშოს ქვყნის ეკონომიკის წინსვლაში. არ იტყვის იმიტომ, რომ არც ერთი წამყვანი ქვეყნის ეკონომიკა აუშენებია სოფლის მეურნეობას და არც ერთი წამყვანი ქვეყნის ეკონომიკაში არ უკავია მას დიდი ადგილი. მაგრამ ღარიბაშვილს უნდა, სოფლის მეურნეობით ააშენოს ქვეყნის ეკონომიკა. მეტიც, მას რომ ჰკითხო, ქვეყანაში დღემდე არც არსებულა თურმე ეკონომიკა, დანგრეული ყოფილა სოფლის მეურნეობა და ახლა თურმე სოფლის მეურნეობის განვითარება ყოფილა ქვეყნის ეკონომიკის ერთხელ და სამუდამოდ ფეხზე დასაყენებლად.

მას რომ ჰკითხო, უკვე მესამე წელია, 800 ათასი ფერმერი სახელმწიფოსგან იღებს დახმარებას. არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობს და ვის ეძახის ფერმერებს, „ფეისბუკში“ ვინც თამაშობს „ფერმას“?

გაუთავებლად გვესაუბრება გახსნილ საწარმოებზე, როცა ჰკითხავ, _ სადაა ასი საწარმოო? ლამისაა კომბალი გადმოიღის და თავში გდრუზოს, _ ასი არა, 105, მერამდენედ უნდა გითხრათ, რომ 105 ახალი საწარმო გავხსენითო. და სადაა ეს გახსნილი საწარმოები? მას რომ ჰკითხო _ ყველგან, მთელ რეგიონებში…

2013 წლის შეფასებისას ტურიზმის მაჩვენებლებით ამაყობდა და წულუკიანთან ერთად თვითონ მოჭრა ეს ტოტი _ მათმა მავნებლურმა სავიზო პოლიტიკამ ბოლო მოუღო ტურიზმს.

ის შინ და გარეთ, უაპელაციოდ ირწმუნება, რომ მათ ხელში ბიზნესი თავისუფალია. ფადი ასლის თქმით კი „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესები თავისუფალია, არის არაკომპეტენტური, იდიოტი ან მატყუარა“. ამათგან რომელია ღარიბაშვილი?

მისი კომპეტენცია მხოლოდ ივანიშვილს ხიბლავს, მხოლოდ მას აღაფრთოვანებს. თუმცა ნათესავთა წყალობით, ნდობის ბატარეები ნელ-ნელა ჯდება… და სადაცაა, საბოლოოდ დაასტუკებს ნდობის მოტორი… აკი, ბრძანა ივანიშვილმა: „ღარიბაშვილს  არაერთხელ ვუთხარი, რომ ნათესავები შენი პრობლემა იქნება“. კი დაამატა იქვე, ღარიბაშვილმა ნეპოტიზმის პრობლემა სწრაფად და გენიალურად გადაჭრაო. კი, თქმით თქვა, მაგრამ თქმას წინ რა უდგას? მასე თქმით, მთელ საქართველოს უფასო ფული ჩამოურიგა და ახლა თუ ირაკლის „გენიალურს“ უფეშქაშებდა, რა უჭირს?

ირაკლის ტყუილი ქებაც უყვარს და ტყუილების ბრახუნიც. ტყუილი და ტრაბახი მისი სტიქიაა, შეუძლია გამოვიდეს და დაახეთქოს, რომ მერკელი პირველად ჩამოვა საქართველოში, არადა მერკელი 2008 წლის აგვისტოში იყო თბილისში… მას შეუძლია ღუსსია თოდაყ-ს გაემარიაჟოს, _ ჩემს მინისტრობაში შსს-ს მიმართ ნდობა გაორმაგდა 86-87%-აო. მერე რა, რომ ბოლო წლების ნდობა 80-90% მერყეობდა და ვერანაირად ვეღარ გაორმაგდებოდა? ხომ თქვა და „გაიბლატავა“?

ხან ისეთ რამეს დააბრახუნებს, აღარც იცი, სად დაიმალო. დიახ, ისევ შენ სად დაიმალო სირცხვილისგან _ მსმენელი, თორემ თავად არც რცხვენია და არც სადმე აპირებს დამალვას. გამოვა და ყინჩად გეტყვის: იუნკრები გმირულად დაეცნენ მიწაზეო. დიახ, დაგვიკონკრეტა, მიწაზე დაეცნენო. გაგვანათლა. ჩვენ ხომ აქამდე გვეგონა, რომ ყინულზე დაეცნენ.

მას შეუძლია ნასამართლები ფარცხალაძე პროკურორად დაგინიშნოს და ხმაური რომ ატყდება, მოგიტრიალდეს და გითხრას, _ ხო, ნასამართლებია, მოიხადა სასჯელი და რა წიოკი ატეხეთ, აღარ იმუშაოსო? იმუშაოს, მაგრამ მაინცდამაინც პროკურორად?

მექოთნესავითაა _ ყურს საიდანაც უნდა, იქიდან აბამს. მეტიც, ლაფი რომ მოხვდეს, შეუძლია მოიწმინდოს და თქვას: ვიშ, რა ჟუჟუნა წვიმა მოდისო. აბა, სხვა რა უნდა უწოდო იმ ფაქტს, როცა ადგილობრივი არჩევნების მერე, რომელზედაც საოცრად დაბალი აქტივობა იყო, გამოვიდა და ეს დაბალი აქტივობა იმით ახსნა, ხალხი გვენდობა და ამიტომ არ მოვიდა არჩევნებზეო. დიახ, იმის ბრალი კი არ ყოფილა, რომ ხალხმა ხელი ჩაიქნია, ნიჰილიზმმა მოიცვა, იმის ბრალი ყოფილა, რომ მთავრობას ენდობიან.

მას შეუძლია, ერთ დღეს ერთი თქვას და იმ ნათქვამს მეორე დღეს ისეთი კუდი გამოაბას, როგორც აწყობს. ასე მაგალითად, 15 ივნისს „იმედის“ ეგზიტპოლებით გულმოცემულმა საჯაროდ გამოაცხადა ნარმანიას გამარჯვება პირველსავე ტურში. შამპანურებიც გახსნეს, აცუნდრუკდნენ და… ცესკომ რომ სხვა შედეგი დადო, ხელად გადატალღა, _ ხომ ვამბობდი, ცესკოს შედეგებს უნდა დაველოდოთო. ის აღარ დააკონკრეტა, რად მოაძრეს „პრობკა“ შამპანურს, თუკი ცესკოს შედეგებს უნდა დალოდებოდნენ?

კატასავით ზურგზე არ დაეცნენ და ისიც კი გვითხრა, რომ მეორე ტური ყოფილა უნიკალური შანსი დემოკრატიის განსამტკიცებლად. გვითხრა, მაგრამ ის აღარ გვითხრა, რატომ ზეიმობდა ამ შანსის მოსპობას წინა დღეს შამპანურით?

ასევე იყო შს მინისტრობის დროსაც, მას შეეძლო პატრულებისთვის ეთქვა, რომ ამაყობს მათით, იმ მიღწევებით და წარმატებებით, რომელიც მათ ჰქონდათ ამ წლების განმავლობაში და ეს მაშინ, როცა 2 კვირით ადრე სტუდენტებთან ამბობდა, რომ სისტემა დაჭაობებული იყო და გაჯანსაღება სჭირდება…

საერთოდ, ლექსიკონი აქვს  _ თათხვითი და ლანძღვითი. არასამთავრობოებს შეუძლია უწოდოს ძირგამომთხრელი, მიტინგზე მისულ ხალხს მოსყიდული და ცუდი იდეის გარშემო შეკრებილი. „ნაცმოძრაობას“ და მის მომხრეებს _ სექტა… „ნაციონალების“ მიმართ მისი პოლიტიკა მეტად „შთამბეჭდავია“ და პარადოქსული. ერთი მხრივ, გაუთავებლად ამტკიცებს, რომ ისინი რადარებიდან გაქრნენ, მეორე მხრივ, ამ გამქრალ ხალხს პლანტაციებში სამუშაოდ ერეკება, ამას კიდევ ვინ ჩივის? _ ყველა უბედურებას, რაც კი ქვეყნად ხდება, „ნაციონალებს“ აბრალებს. ჩნდება კითხვა, _ თუ რადარებიდან გაქრნენ, რანაირადღა ახერხებენ ამ ყველაფერს? ამ კითხვაზე მას პასუხი არ აქვს და თუ დასვამ, ან ამ ან სხვა კითხვას, მიიჯირყვნები _ ის ხომ არც მალავს, რომ ბიძინა ივანიშვილის სტილს აგრძელებს. ბიძინა ივანიშვილი კიდევ რაი არს თვინიერ ჯირყვნისა?

რაც შეეხება მის „შორსმჭვრეტელობას“, თუ სიბეცეს, გასახსენებლად ერთი განცხადება კმარა: ადგილობრივი არჩევნების წინ ამბობდა, რომ „ნაციონალებს“ სულ რამდენიმე დღე დარჩათ, რომ საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან~…

როგორც ხედავთ, პოლიტიკური სივრციდან „ნაციონალები“ არ გამქრალან…

არათუ არ გაქრნენ, კაცს, რომელსაც ის ხან პლანტაციაში ამწესებდა სამუშაოდ, ხან წარსულის ექსპონატად მოიხსენიებდა და ხან კომიკურ პერსონაჟად, დღეს უკრაინის ხელისუფლებაშია, არათუ მარტო თვითონ, ლამის მთელი კოჰორტით. სწორედ ესაა, რომ წონასწორობას აკარგვინებს ბატონ ღარიბაშვილს, რომელსაც ჰაკიმ ფაშად იხსენიებენ _ ატვირთული ვიდეოს გამო და რომლადაც მე პირადად არ ვიხსენიებ, არა იმიტომ, რომ ამ ეპითეტს ვიწუნებ, არამედ იმიტომ, რომ ინსტიტუტს ვცემ პატივს. პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს.

„ნაციონალების“ დაწინაურების გამო სრული ისტერია მოაწყვეს, ქოცაგონიაში ჩაცვივდნენ ღარიბაშვილიც, მთელი „ქოცობაც“. მეგობრობაზე ალაპარაკდნენ და მაინც საინტერესოა, რომელ მეგობრობაზე? „ფაინენშალ ტაიმსს“ რომ ინტერვიუ მისცა და დასავლეთს მოუწოდებდა, თავდაცვითი იარაღი არ მიეწოდებინათ უკრაინისთვის? ეს იყო მეგობრობა? თუ ის, რუსეთთან დიალოგისკენ რომ მოუწოდებდა? თვითონ ხომ დაიჭირა მამალი კურდღელი რუსეთთან ალერსით, ბოლოს რომ გამოვიდა და აღიარა, რომ ეს სიყვარული ცალმხრივია და რუსეთი არ პასუხობს სათანადოდ…

თუ იმას ეძახდა მეგობრობას, სასწრაფოდ რომ გაემიჯნა უკრაინაში ქართველების ბრძოლას უკრაინის მხარდამხარ? ჩვენ ამას ვემიჯნებითო, ჩვენ მხოლოდ ჰუმანიტარულად დავეხმარეთო. აკი, შემდეგ ეს ჰუმანიტარული დახმარებაც წააყვედრეს უკრაინას?

ვერ ინელებს მიხეილს, ვერ უმკლავდება მის ქარიზმას, ვერც დასავლურ ავტორიტეტს და ამიტომ რა ქნას? დგას და გაიძახის, რომ დასავლურ პრესაში, იგივე „ვაშინგტონ პოსტში“ შეკვეთილი სტატიების დაბეჭდვას რა უნდაო. არადა, მას და მის ბატონ ივანიშვილს სარედაქციო სტატიებში აკრიტიკებენ და არა სარეკლამო გვერდებზე. აი, იმ სარეკლამო გვერდებზე, რომელსაც თავად ყიდულობენ ხან უსუფაშვილის სტატიის დასაბეჭდად, ხანაც 8-გვერდიანი ჩანართის გასაკეთებლად, სადაც მთელ დასავლეთს ატყუებენ, რომ მათ ხელში პენსია 50%-ით გაიზარდა…

ვერ ინელებს სააკაშვილს და ვერ ინელებს ალასანიას. რა ვერ გაიყო და რა ვერ აპატია ალასანიას? რა დიდი მიხვედრა უნდა _ შთამბეჭდავი სივი და ახლა თუ ალასანიას მისამართით გაკეთებულ მის ერთ ღვარძლიან განცხადებასაც გავიხსენებთ („პოლიტიკა არ არის პოდიუმზე სიარული, რაღაც კეკლუცობა და გაპრანჭული საუბარი“),  აშკარაა, რომ ვერც შთამბეჭდავ გარეგნობას პატიობს და, რაღა თქმა უნდა, რეიტინგებს…

ჯერ კიდევ 2013 წლის სექტემბერში „ენდიაის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევებით, მინისტრებს შორის ყველაზე რეიტინგული ალასანია იყო. მას მოსდევდა ღარიბაშვილი. იმ პერიოდში მალევე იჩინა თავი მათ შორის დაპირისპირების ნიშნებმა. საქმე ჯიჰადის ვიდეოებს ეხებოდა. ალასანიამ ტელევიზიით გამოსვლისას აღნიშნა, შსს-ს იმ დღემდე ვერ გამოიძია ჯიჰადის ვიდეოს საქმეო, რაზედაც შსს-მ უპასუხა, რომ საქმე 1 თვის წინ იყო გამოძიებული და არ ხმაურდებოდა, ალასანიას კი უნდა გაერკვია თურმე. ალასანიამ მარტივად დასვა საკითხი, _ როცა ბინის ქურდს აკავებენ, დაზარალებულსაც ეუბნებიან, რომ საქმე გაიხსნა… ვერა და ვერ გაუსწრო რეიტინგებში ალასანიას, რა არ ქნა, რა არ მოიმოქმედა და ვერ გადაასწრო. ვერც ერთ რეიტინგში ვერ დაეწია. ვერ დაეწია რეიტინგებში და კულისებში გამოსდო სარმა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ალასანიამ ის ცნობილი განცხადება გააკეთა, რასაც სასწრაფოდ მოაყოლა ღარიბაშვილმა მისი გადაყენება და დაიწყო ახალი ტალღა ალასანიას წინააღმდეგ ბრძოლისა, იდგა და „პრავებს აკაჩავებდა“ (გეგონება და არ უხაროდა ალასანიასა და მისი გუნდის წასვლა ხელისუფლებიდან), _ ბატონ ბიძინასთან ერთად მიღწეულ გამარჯვებას როგორ ეუბნებიან უარსო. ისიც დაახეთქა, რომ „რეალურად, არაფერი ხდება _ ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას, ამით ცუდიც არაფერი მომხდარა“. ეს დილით ბრძანა, რამდენიმე საათში დიპლომატებს შეხვდა და გამოაცხადა, რომ თავისუფალი დემოკრატები კარგი და წესიერი ადამიანები არიან… აი, მერე კი, როცა ბიძინა ივანიშვილმა ღიად დატუქსა _ გამობრძანდა და თქვა, მეც არ მომეწონა, რაც ვთქვიო… არ უნდა მეთქვა, არა, განა ტყუილი ვთქვი, მაგრამ მე არ უნდა მეთქვაო… არ მოეწონა. რადიო 105… არ გავიდა რამდენიმე დღე და თუ მანამდე ალასანიას, უგულავასა და ბოკერიას მფარველობაში ადანაშაულებდა, ახლა საერთოდ ყველაფერი გადააბრალა, სულ ალასანიას და მისი ცოლისდის ბრალია, უცხოეთში შერჩევითი სამართლის განცდა რომ არ მოიხსნაო _ დადიოდნენ ევროპაში, ამერიკაში და გაიძახოდნენ, სააკაშვილის გატარებული რეფორმები სამაგალითო იყო და უნდა გაეგრძელებინათო. ფანჯიკიძეს რამდენიმე დღის წინ თუ მხოლოდ ოჯახის წევრის სოლიდარულობაში ადანაშაულებდა, ახლა უკვე სხვა ბრალდებებიც აჰკიდა. ისე, როცა თავის ნათესაობას ეხება, გეტყვის, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არაა, მაგრამ თუ ალასანიას ეხება _ ცოლისდა ნათესავი კი არა, ოჯახის წევრია…

ალასანია გასაგებია და რა ვერ გაიყო მარგველაშვილთან? პირველკაცობა და `პაეზდკები~. პირველკაცობაზე „ჩორტი“ თვით იმ ბრძენმა კაცმა ჩამოაგდო, როდესაც ბრძანა, რომ ირაკლის ჰყავს ძალიან კარგი მეუღლე და საქართველოს ღირსეული პირველი ლედი ეყოლება… კონსტიტუცია ამბობს, რომ ქვეყნის პირველი პირი პრეზიდენტია და, შესაბამისად, პირველი ლედიც მისი მეუღლე გამოდის, ივანიშვილი ამბობს, რომ პირველი ლედი ნუნუკაა და შესაბამისად პირველი კაციც მისი მეუღლე ირაკლია…

ეს შუღლი და ჯიბრი მერეც გაგრძელდება და გადაიზრდება ქრონიკულ ჯირყვნა-იგნორსა და „პაეზდკების“ ახევაში. ყველაგნ თვითონ წავა, სადაც მოუნდება და პრეზიდენტს აიძულებს, უარი თქვას. ასე მოხვდება ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზეც. მათი ძიძგილაობა ყელში ამოუვა არათუ ხალხს, თეა წულუკიანსაც. ბოლოს, გამოვა ღარიბაშვილი და ყინჩად გამოაცხადებს: „ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრი, ანუ მე…“

არ იფიქროთ, რომ  „ჩვენში“ _ მასსა და პრეზიდენტს გულისხმობდა, არა, მთავრობას, გუნდს და არც მალავდა, რომ პრეზიდენტთან ამ თემაზე არც უმსჯელიათ. არადა, წესით, სწორედ პრეზიდენტს უნდა მოეწერა ხელი, მაგრამ… მარგველაშვილს რაღა ექნა? ადგა და გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილებას ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს გადასცემს.

და რა ქნა ღარიბაშვილმა? ჭირვეული ბალღვით შეხტა და შეკუნტრუშდა: „არავითარი კონტრასიგნაცია მე არ მჭირდება. დამატებითი უფლება მე არ მჭირდება. კონსტიტუციაში რაც წერია, იმას ვაკეთებთ. არავითარი დამატებითი უფლებამოსილება მე არ მჭირდება. მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე მე მოვაწერო ხელი“…

„პაეზდკებისა“ და უფლებების ახევა არც მერე შეწყვეტილა, ადგებოდა და წავიდოდა ნიუ-იორკში და იძულებულს გახდიდა, რომ მარგველაშვილი აღარც წასულიყო. ადგებოდა და წავიდოდა თურქეთში _ შენ ხომ უკვე იყავიო…

ამ ცოტა ხნის წინათ კი ორივე გამოხტა და ხვიჩა და გოჩასავით გადაეხვია ერთმანეთს. სახელებიც გაცვალეს, არ გავიდა ერთი კვირა და ისევ დაეტაკნენ. პრეზიდენტი პარლამენტში გამოდიოდა და ღარიბაშვილი არც მიბრძანდა, _ რა საჭიროა მისვლა, ტელევიზიით მოვუსმენო. მარგველაშვუილმა მთავრობა გააკრიტიკა და ახლა ამაზე ამოხტა „ტუფლებიდან“, _ ხალხს იმისთვის არ ავურჩევივართ, რომ პრეზიდენტის მიერ მთავრობის კრიტიკა, ან ჩემი პასუხები ისმინოსო, სირცხვილია ესაო.

ეს სირცხვილი ყოფილა და ხალხს ამისთვის არ აურჩევიათ ისინი, მაგრამ აი, ბატუტიანი „კრაოტების“ საყიდლად კი აურჩევიათ. აკი, გამობრძანდა კიდეც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მოგვახსენა, _ საწოლი პირველი პირისთვისაა გათვალისწინებული, რომელსაც დილის 4 საათამდე უწევს მუშაობაო. ეგ კითხვა მაშინ დაგესვათ, როცა ძალიან ბევრი საწოლის შეძენაო ხდებოდა. აგანგალა-განგალა…

პირველი პირიო _ ისევ იმ ჩვენებას აწვებიან…

თუ მუშაობს _ საწოლი რად უნდა? რა, 4 საათზე რომ ამთავრებს მუშაობას _ სახლში ვეღარ მიდის? იქვე წვება და დილით მეტროს ამუშავებას ელოდება? კარგი, საწოლი საწოლი, მაგრამ ეს ბატუტი რაღა საჭიროა? აუცილებელია, ახტეს და დახტეს? ბატუტიანი საწოლი, თანაც 24 132 ლარიანი? და რა უბედურებაა 181 401 ლარის ავეჯის ყიდვა, მაშინ როდესაც ქამრების შემოჭერაზე საუბრობ?

ქამრები და ბატუტი იქით იყოს, მას მომავალი ხელისუფლება თუ არა,  შთამომავლობა ნამდვილად მოსთხოვს პასუხს იმის გამო, რაც მოიმოქმედა საყდრისთან დაკავშირებით და იმის გამოც, რა განცხადებებსაც აკეთებს. ხან საყდარი ეძახა, ხან ბორცვი, თან სტერილური ბორცვი, რომელსაც არანაირი კულტურული ღირებულება არ გააჩნია, საყდრისის დამცველები კი დივერსანტებად გამოიყვანა. მას რომ ჰკითხო,  საყდრისის დაცვა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დივერსიაა და ამით სამართალდამცველი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ…

საერთოდ, მისი სტილია, თვალებში ნაცრის შეყრა და რაიმეს ისე თქმა, აღშფოთებული რომ შეისუნთქავ და ვეღარ ამოისუნთქავ. არა, თუ დასჭირდა, უკანაც კარგად დაიხევს და სხვანაირადაც აჭიკჭიკდება. საერთოდ, უყვარს „პლასტინკის“ გადაბრუნება, ნათქვამის უკან წაღება, მობოდიშების უკან წაღებაც. ასე მოხდა მაშინ, როცა ჯანელიძის უწყებამ ყოვლად უმსგავსი განცხადება გაავრცელა უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცზე. გამობრძანდა ღარიბაშვილი და ბრძანა, _ მეც არ მომეწონა თავდაცვის სამინისტროს გაკეთებული განცხადება და მინისტრიც შეწუხებულია, ესაა შეცდომა და მინისტრს ამ შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა არ გაუჭირდებაო. ეს თქვა 21 დეკემბერს. ბოდიში არავის მოუხდია, მეტიც, გავიდა ზუსტად სამი დღე და რა ბრძანა თვითონ ღარიბაშვილმა? _ გეყოთ ისტერიკა, მორჩით, გადადგეს არა, პინგვინის ყაურმაო. და უარესი: „მინდია ჯანელიძესთან საუბარი მქონდა, მას არც ეუხერხულება და არც არაფერი“.

თავზე ხელი გადაუსვეს და სწორედ ამიტომ იგივე მინდია ჯანელიძე ამ რამდენიმე დღის წინათ ახლა აგვისტოს გმირებს მისდგა… თავდაცვის მინისტრი გმირებზე თავდასხმის მინისტრად ჩამოყალიბდა… ეს სწორედ ღარიბაშვილის დამსახურებაა და რა უნდა გიკვირდეს მისგან, როცა საკუთარი ხელით გააზიარა რაფალიანცზე სიუჟეტი, მიაწერა, რომ ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის სახე და შემდეგ? ჯერ გამოძიებას ჰპირდებოდა, მერე ყველაფერი ისევ „ნაცებს“ გადააბრალა და ამ თემით სპეკულანტებადაც გამოიყვანა.

მას რომ ჰკითხო, ყველა გახმაურებული საქმე გამოიძიეს, ამას ისე უტიფრად გეტყვის, შეიძლება დაიჯერო კიდეც.

მაგრამ რა გინდა ელაპარკო? აგერ, „ტაბულას“ ჟურნალისტმა ინფლაციაზე ჰკითხა, იმაზე, რომ საქსტატის ცნობით მარტში სურსათზე ფასები 3.7%-ით გაიზარდა,  თამბაქოსა და ალკოჰოლზე _ 9.9%-ით, სამედიცინო მომსახურებაზე _ 6%-ით. მიუტრიალდა და უთხრა, _ ნუღარ მოწევთ სიგარეტსო.

აგანგალა, განგალა, აღარც ვჭამოთ? აღარც სამედიცინო მომსახურებით ვისარგებლოთ? ჰოოო? შენ ბატუტზე იხტუნაო და ჩვენ მშივრებმა გიყუროთ? ეს იყო ქართველი ხალხის „მეჩტა“?

 

                                                                                         რეზო შატაკიშვილი