მთავრობა ახალი შემადგენლობის ფსიქოატიურ ნივთიერებათა კრიმინალიზებას მოითხოვს

gamzd

ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ჯგუფების გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემის დასაძლევად მათი კრიმინალიზება ხდება. მთავრობა იმ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვის კრიმინალიზებას გეგმავს, რომელიც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიაში დღესდღეობით შეტანილი არ არის. ამასთან დაკავშირებით პარლამენტს განსახილველად „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები წარედგინა.

პროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების სიაში და მას „სინთეზური ჰიბრიდული კანაბინოიდები“ ემატება. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ტერმინი „ანალოგი“ და მისი განმარტება ქიმიური სტრუქტურის დონეზე. გარდა აღნიშნულისა, „ფენეთილამინის ნაერთები“ ჩანაცვლდა „დოფამინერგულად მოქმედი ნაერთებით“. ეს უკანასკნელი ქიმიურ ნაერთთა უფრო ფართო კლასს წარმოადგენს და მათ შორის ფენეთილამინის სტრუქტურებსაც მოიცავს.

როგორც კანონპროექტის თანდართულ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ისეთი ნივთიერება დაფიქსირდა, რომელიც თავისი ქიმიური სტრუქტურით კანონით კრიმინალიზებულ ქიმიურ ნაერთთა კლასს არ შეესაბამება, თუმცა „კაიმანისა“ და „SWG-DRUG“-ის ბაზებში განთავსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ისინი ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს წარმოადგენს.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ეს ნივთიერებები და მათი სტრუქტურული ანალოგები აგრეთვე დაფიქსირებულია არაოფიციალურ საიტებზე, რომელთა მეშვეობითაც ე. წ. ბიონარკოტიკის რეკლამირება-გაყიდვა ხორციელდება.

„აღნიშნული ნივთიერებების სტრუქტურების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენცია: გარკვეული პირები კანონით კრიმინალიზებულ ქიმიურ ნაერთთა კლასის სტრუქტურებში ახორციელებენ ისეთი სახის ცვლილებას, რომელიც შემდგომში არ ცვლის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისათვის დამახასიათებელ ნარკოტიკულ თვისებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო კომისიის მიზანია, იმოქმედოს წინსწრებით და პრევენციულად ხელი შეუშალოს ისეთი ნივთიერებების გავრცელებას საქართველოში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აუცილებლობას წარმოადგენს კანონის დანართში შემდეგი ცვლილებების შეტანა:

დაფიქსირებული ახალი სტრუქტურების კრიმინალიზება და ახალი ტერმინების დამატება, როგორიცაა „სინთეზური ჰიბრიდული კანაბინოიდები“; ტერმინ „ანალოგის“ შემოღება და მისი განმარტება ქიმიური სტრუქტურის დონეზე“, _ ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

მანამდე ამის შესახებ იმსჯელეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. კერძოდ, ცვლილებები შედის კანონპროექტებში: „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

პროექტის შესაბამისად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა, ან საქართველოდან უკანონოდ გატანა. გამონაკლისს წარმოადგენს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობისთვის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა გამოყენება. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები და ფარმაცევტული ნივთიერებები ერთმანეთისგან არის გამიჯნული. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჯგუფების კრიმინალიზებით მოხდება დანახარჯების გარეშე ეფექტიანი და სწრაფი რეაგირება ახალი სახეობების არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ.

„ქრონიკა+“ მთავრობის წინადადებასა და მოსალოდნელ შედეგებზე ნარკოლოგ გელა ლეჟავას ესაუბრება:

_ ეს ნივთიერებები (რომელთა კრიმინალიზება უნდა მოხდეს) წამალდამოკიდებულების მიერ ნარკოტიკული თრობის მიღების მიზნით გამოიყენება.

_ რა შედეგებს იწვევს ასეთი ტიპის ნივთიერებების მოხმარება?

_ ეს ნივთიერებები, რასაც ადამიანები ექიმის დანიშნულების გარეშე იყენებენ, ჰეტერონერვულ სისტემას აზიანებს, ხოლო დაზიანების ხარისხი, ხასიათი, ხანგრძლივობა და პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ეს დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს, განსხვავდება იმით, თუ რა ასაკიდან იღებს ადამიანი, ასევე რა რაოდენობით, კონკრეტულად რა ნივთიერებას იღებს, რასთან შეხამებით და ა. შ.

_ ეს ნივთიერებები დღემდე კრიმინალიზებული რომ არ არის, რა უარყოფითი შედეგებით არის გამოხატული?

_ თქვენ იცით, რომ ჯანმრთელობის სამინისტრომ აქამდეც გადადგა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები. კრიმინალიზება მოხდა მთელი რიგი ნივთიერებების (მაგალითად, „კრაკადილი“ და მისთ.), რომელსაც აფთიაქებში ჩვეულებრივად ყიდულობდნენ; მერე ხდებოდა შინაურ პირობებში მათი გარდაქმნა, იკეთებდნენ და ამით უმძიმეს შედეგებს იღებდნენ. დღეს რეცეპტის გარეშე ადამიანები მას ვეღარ ყიდულობენ.

რეალურად, მსგავს ნაბიჯებს დიდი დატვირთვა აქვს და ამან მნიშვნელოვნად შეამცირა ამ ტიპის ნარკოტიკების მოხმარება.

მაგრამ ცხადია, ასეთი ნაბიჯით ნარკოდამოკიდებული და მისი მოთხოვნილებები არ გაქრებოდა. თავის დროზე, იმ ნივთიერებების შერევითაც ისინი ძალიან მძიმე შედეგების მომტან ნარკოტიკებს იღებდნენ. ახლა გადაწყვიტეს, რომ იგივე შედეგების მისაღებად სხვა ახალი და უფრო ხელმისაწვდომი ნივთიერებები გამოეყენებინათ. სწორედ ამ დამღუპველი პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული მთავრობის წინადადება.

_ კრიმინალიზების გარდა, კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ სფეროში სათანადო პრევენციისთვის?

_ აქ ღონისძიებების მთელი კომპლექსი არის გასატარებელი. რეალურად, პროცესი საბავშვო ბაღებიდან უნდა დავიწყოთ, მერე სკოლაში გავაგრძელოთ; ასევე, მშობლებს უნდა ვასწავლოთ, თუ რა უბედურებას უკავშირდება ყველაფერი. უწყვეტი და შრომატევადი პროცესია, რაშიც პროფესიონალებმა თავისი სიტყვა უნდა თქვან. ეს არის დანაშაული, რომელსაც პრესა, ტელევიზია სათანადო ყურადღებას უნდა უთმობდეს. მაღალ დონეზე განვითარებული უნდა გვქონდეს ფიზკულტურა, სპორტის სფერო, ასევე განათლების სამინისტროს აქტიური მუშაობა ჯამურად საჭირო პრევენციულ შედეგებს მოგვცემს.

_ აღნიშნულ ნივთიერებებს ინტერნეტით რომ იწერენ, ამას როგორ უნდა ეშველოს?

_ დაუშვებელია! რამდენადაც ვიცი, ამის წინააღმდეგ სერიოზული ზომები არის მიღებული; თუ რამე დააკლდა ამ ზომებს, სამწუხაროა, რადგან დანაშაული ასი პროცენტით აღმოსაფხვრელია. ამის შემოქმედი ისე უნდა დაისაჯოს, რომ მეორეჯერ ამ საქმეს ხელი აღარ მოჰკიდოს.

 

                                                                              გელა მამულაშვილი