ვინ აკონტროლებს ციხეებს – სამინისტრო თუ „ავტორიტეტები?!“

nibol

სახალხო დამცველმა თავის ბოლო ანგარიშში ყურადღება გაამახვილა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო პირობებზე. ომბუდსმენმა ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა პატიმრების გარდაცვალების ფაქტების გამო. „საგანგაშო იყო რამდენი მეპატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, როდესაც ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი კონტროლის ქვეშ მყოფი პირების სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების ეფექტიანი დაცვა“, _ აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო „სრული პასუხისმგებლობით“ აცხადებს, რომ „დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ადმინისტრაცია აკონტროლებს“. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სისტემაში ნებისმიერი სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მყისიერად, ადეკვატურად და კანონის ფარგლებში რეაგირებს.

„მოგეხსენებათ, კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილი ადამიანები, როგორც წესი, სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხვდებიან და მათი მხრიდან ყოველთვის არის მცდელობა იმისა, რომ არალეგიტიმური მოთხოვნები დაიკმაყოფილონ. ამ შემთხვევაში არსებული რეალობის განმსაზღვრელია ის, თუ რას უპირისპირებს სამინისტრო მათ ამ სურვილებს. სამინისტროს, მინისტრის მიდგომა ცალსახაა _ ყველა, ვინც კანონს არ ემორჩილება, ისჯება სრული სიმკაცრით, ეს იქნება მსჯავრდადებული, ბრალდებული თუ სისტემის თანამშრომელი. ამის ნათელი მაგალითია N17 დაწესებულებაში ბოლო პერიოდში მომხდარი შემთხვევა, როცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ როგორც მსჯავრდადებულები, ისე დაწესებულების დირექტორი.

საგულისხმოა, რომ ლიდერობის მსურველები ნებისმიერ სოციუმში არსებობენ, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებშიც. ამ დროს მთავრია ის, რომ დღეს სამინისტროს პოლიტიკა არ ახდენს ასეთი ტიპის მსჯავრდადებულების წახალისებას და კანონით დადგენილი წესით იცავს სარეჟიმო პირობებს. გვსურს შეგახსენოთ, რომ სატელევიზიო ეთერით გაშუქებული სისტემაში არსებული შიმშილობებისა თუ თვითდაზიანებების შემთხვევები, უმეტესად, განპირობებული იყო იმით, რომ კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილი ადამიანები ცდილობდნენ, თავიანთი გავლენების დასაბრუნებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არეულობების ინსპირირებას და ამით ადმინისტრაციისთვის თავიანთი პირობების კარნახს, რაც არაერთხელ აღინიშნა სამინისტროს განცხადებებში. თუმცა სწორედ სამინისტროს შეუვალმა და პრინციპულმა პოზიციამ უზრუნველყო ის, რომ საბოლოოდ დავანგრიეთ წლების მანძილზე დაწესებულებებში დამკვიდრებული ანარქია, უკანონობა და ჩამოვაყალიბეთ ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ჯანსაღი სისტემა, სადაც პროცესებს უწყების ადმინისტრაცია მართავს.

კარგად გვესმის, რომ მომავალშიც არ ვართ დაზღვეული რიგი პროვოკაციებისგან და მსგავსი არალეგიტიმური ქმედებებისგან, თუმცა, კანონის ფარგლებში, მიზანმიმართულად ვაგრძელებთ შეურიგებელ პოლიტიკას, რომელიც კრიმინალური მენტალიტეტისა და სუბკულტურისკენ მიდრეკილი სუბიექტების წინააღმდეგაა მიმართული.

ამავდროულად, ჩვენ პატივს ვცემთ და ყურადღებით ვუსმენთ მედიას, გადამოწმებას ექვემდებარება ჟურნალისტების მიერ მოწოდებული აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ვმოქმედებთ კანონით დადგენილი წესით.

არსებული რეალობის ფონზე, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ სისტემას სრულად აკონტროლებს მინისტრი და, შესაბამისად, დაწესებულებებს _ ადმინისტრაცია“, _ ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

 

„ქრონიკა+“ სისტემაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ პოზიციით დაინტერესდა. მით უმეტეს, რომ ორგანიზაციამ ამ მიმართულებით გარკვეული კვლევის შედეგებიც გამოაქვეყნა:

_ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სისტემაში შემავალ სხვადასხვა დაწესებულებათა მართვის ახალ სტილზე გადადის. ეს, უწინარეს ყოვლისა, პატიმრებზე, მსჯავრდადებულებზე ორიენტირებული სისტემის შექმნას გულისხმობს, როგორც ამას დასავლეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა ითვალისწინებს.

საინფორმაციო ომის შედეგად, საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას, რომ თითქოსდა ციხეს ქურდული სამყაროს წარმომადგენლები აკონტროლებენ. ყველა ეს სიუჟეტი მყარ სამართლებრივ არგუმენტაციას მოითხოვს. რეალურად, ასეთი გადაცემების დანიშნულება საზოგადოებისთვის ცალმხრივი ინფორმაციის მიწოდებაა. ამ დროს მეტი კითხვა ჩნდება იურიდიულ საზოგადოებაში ავტორების მიმართ _ წარმოდგენილი ინფორმაციის სანდოობასთან, დაბალანსებულობასთან და წყაროსთან მიმართებით.

ზოგიერთი საინფორმაციო მანქანა ხელისუფლების დისკრედიტაციას სწორედ ციხეებში არსებული მდგომარეობის იმგვარად წარმოჩენით ცდილობს, რომ, თითქოსდა, იქ ყველაფერი 90-იანი წლების პერიოდისთვის დამახასიათებელ მმართველობას დაუბრუნდა; თითქოსდა, სასჯელაღსრულების სისტემა მთლიანად ჩამოიშალა და ძალაუფლება კრიმინალურმა ავტორიტეტება აიღეს ხელში. ცხადია, ასე არ არის.

სამინისტროს ახალი კონცეფციისა და სტრატეგიის მიხედვით, პატიმართა უფლებები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. პატიმართა შესახებ კანონი ბევრ ნოვაციურ და საინტერესო რეგულაციას უსაზღვრავს მსჯავრდადებულებს. სრული თავისუფლება აქვთ, სასჯელაღსრულების სისტემაში უზრუნველყონ საკუთარი უფლებები და თავისუფლებები იმ კანონის ფარგლებში, რომელიც პატიმრის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

ყველა სხვა ტენდენცია იქითკენ არის მიმართული, რომ ზოგიერთი წარმომადგენელი სისტემაში წესრიგის დამყარებისკენ მიმართულ ქმედებებს ვერ ეგუება. საზოგადოებაში დღესაც ანალოგიური განწყობების შექმნა სურთ, რომ თითქოს ციხეებში 2012 წლის ოქტომბრამდე არსებული მდგომარეობაა. ბუნებრივია, საქმის რეალური არსი სხვაგვარადაა.

სამინისტრო ციხეებს აკონტროლებს, მაგრამ ამ კონტროლის გაძლიერებისა და ეფექტურობის მექანიზმების შექმნა კიდევ უფრო აუცილებელია ასეთი საინფორმაციო პროპაგანდის ფონზე და მის საპირისპიროდ.

მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ უფრო მეტად საჯარო გახადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის, რათა ორგანიზაციებს მეტი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა გვქონდეს, ჩვენი სახით საზოგადოებამ პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიის პარალელურად ალტერნატიული ინფორმაცია მიიღოს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ციხეებში არსებული მდგომარეობის შეფასებას, ასევე პატიმართა მდგომარეობის შესახებ კონკრეტული დასკვნების მომზადებას.

პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად რომ გაუმჯობესდა ახალი ხელისუფლების პირობებში, ეს ფაქტია, რომელიც ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ სხვადასხვა დოკუმენტით შეაფასა. ცხადია, პრობლემები რჩება საყოფაცხოვრებო საკითხებიდან დაწყებული, ზოგადი პირობების გაუმჯობესებით დამთავრებული. ამიტომ ის პროპაგანდისტული სურათი, რომელიც საგანგებოდ არის წარმოჩენილი, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ციხეებში მდგომარეობის გამოსწორების მანიშნებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ პატიმრების სიკვდილიანობა შემცირდა. ამნისტიის კანონმა უზრუნველყო ის, რომ დაწესებულებები უკანონო პატიმრებისგან, პრაქტიკულად, განთავისუფლდა. ეს მიმდინარე პროცესებია და მთავარია, რომ არსებობს პოლიტიკური ნება და გზა არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს. სამინისტროს განცხადება, რომ ის აკონტროლებს სასჯელაღსრულების სისტემას, ფაქტი და რეალობაა, ხოლო თანმდევი ხარვეზების გამოსწორებისთვის არსებობს პოლიტიკური ნება. ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცესში, როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლები, მობილიზებული უნდა ვიყოთ, რათა პროცესების მიმართ წვდომა გვქონდეს, მეტი ინფორმაცია მივიღოთ და ჩვენი სახით საზოგადოებას ჰქონდეს დამოუკიდებელი, ალტერნატიული ცნობა სასჯელაღსრულების სიტემაში შექმნილ რეალურ მდგომარეობაზე.

_ მაგრამ რა უშლის ხელს იმას, რომ სისტემა, მათ შორის, არასამთავრობოებისთვის უფრო ღია და გამჭვირვალე იყოს? ამაზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ გვპასუხობს:

_ მესამე სექტორი, გარკვეულწილად, მონაწილეობს სასჯელაღსრულების სისტემის პროცესებში, მაგრამ საუბარია ფართომასშტაბიან მონიტორინგზე, რომელიც სრულად აფასებს არა მარტო პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ, თუნდაც, გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას. ასევე, სხვადასხვა აქტუალური მიმართულებით არსებულ მდგომარეობას _ დაწყებული ჰიგიენური ვითარების შესწავლით, დასრულებული მათი სამოქალაქო უფლებების რეალიზებით სასჯელაღსრულების სისტემაში.

რა უშლის ხელს მეტ საჯაროობას? ალბათ, თვითონ სისტემა, რომელიც გულისხმობს, რომ უნდა იყოს განსაკუთრებული კონტროლისა და მეთვალყურეობის ქვეშ. საზოგადოება უნდა ფლობდეს ინფორმაციას იქ მიმდინარე ვითარების შესახებ.

ახლა დგას მომენტი, როცა პროპაგანდისტული მანქანაყ ოველდღე უტევს ციხეს. სურთ, დღევანდელი მთავრობის დისკრედიტაცია სწორედ იქიდან დაიწყონ, საიდანაც დასრულდა წინა ხელისუფლება. ბუნებრივია, მსგავსი პროპაგანდისტული მანქანის ფონზე, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია გადასახედია. უწყებამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, თუნდაც აღნიშნული პროპაგანდისტული სიუჟეტების ფონზე. ახალმა სასჯელაღსრულების სისტემამ და სტრატეგიამ ის სტანდარტები უნდა დაამკვიდროს, რომელიც ევროპულ ციხეებშია მიღებული. ამ თვალსაზრისით ჩვენი კანონმდებლობა, კონკრეტულად პატიმართა შესახებ კანონი, ბევრ საინტერესო და ახალ რეგულაციას იძლევა. მაგრამ მნიშვნელოვანია ციხეებთან მიმართებით უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს კონკრეტული პატიმრების პრეტენზიებისა თუ საჩივრების შესწავლას. ციხე ძალადობრივი გარემოსგან მთლიანად დაცლილი უნდა იყოს, არ უნდა არსებობდეს დისკრიმინაციის შემცველი გარემოებები, რასაც ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს ხოლმე.

სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავ აგრძელებენ მუშაობას თანამშრომლები, რომლებიც წარსულში, 2003-2012 წლების მმართველობის პერიოდში, შემჩნეული იყვნენ ციხის ძალადობრივი გარემოს შექმნაში, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობაში. ისინი ცემასა და სხვა შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში მონაწილეობდნენ, რაც პატიმრის ღირსებასა და მის პიროვნებას შეურაცხყოფდა, ამიტომ ეს ადამიანები სისტემიდან უნდა წავიდნენ.

2012 წლის შემდეგ პოლიტიკური ცვლილება მხოლოდ სათავეებში ხელისუფლების წარმომადგენლების ცვლილებას არ ნიშნავს. ალბათ გახსოვთ ლოზუნგი: სისტემა უნდა დაინგრეს და ეს სისტემა ყველა მიმართულებით წარსულს უნდა ჩაბარდეს! ბევრი პროფესიონალი ახალი კადრი უნდა მოვიდეს, გუშაგადაც კი, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში ახალ მიდგომას, დამოკიდებულებას, ურთიერთობებს შემოიტანს.

არ ვამბობთ, რომ ყველასთან უნდა დასრულდეს შრომითი ურთიერთობა. ეს იმ ხალხთან უნდა დასრულდეს, რომლებიც რაიმე სახით შემხებლობაში იყვნენ იმ სასტიკ რეციდივებთან. ისინი, როგორც აღნიშნული სისტემის წარმომადგენლები, ახალ რეალობაში მუშაობას აღარ უნდა აგრძელებდნენ.

როგორც ერთი ძველი გამოთქმა ღაღადებს _ კადრები წყვეტენ ყველაფერს.

 

თავის მხრივ, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ზოგადად სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დაწესებულებებს აკონტროლებენ და სიმართლეს არ შეესაბამება მოსაზრება, რომ დღეს ციხეს კრიმინალური ავტორიტეტები მართავენ:

_ ვადასტურებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებები კონტროლდება და სიმართლეს არ შეესაბამება მოსაზრება, რომ დღევანდელ ციხეს კრიმინალური ავტორიტეტები აკონტროლებენ. რეალურად, არის ყოფითი პრობლემები, განსაკუთრებით სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში, რომლის პირობებსაც სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები აკრიტიკებენ. მეშვიდეში არსებული მდგომარეობა სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც მოხვდა. ეს იყო წინასწარი დაკავების დაწესებულება და სასჯელის აღსრულებისთვის განკუთვნილი არ ყოფილა.

მეშვიდეში პატიმრების რაოდენობა 40-50 შორის მერყეობს და ისინი წარმოადგენენ „კანონიერ ქურდებს“, კრიმინალურ ავტორიტეტებს, შავი სამყაროს წარმომადგენლებს. მათი იზოლირება ერთიანი სტრატეგიის ნაწილია და მათთვის ლაითურში სასჯელაღსრულების ახალ დაწესებულებას აშენებენ. ლაითურის ციხე ამ ტიპის „შავი სამყაროს“ წარმომადგენლების იზოლირებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ აქაც შესაბამისი პირობები უნდა იყოს შექმნილი ადამიანისთვის. ლაითურის დაწესებულებაც საერთაშორისო ნორმებისა და ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად უნდა აშენდეს.

პრობლემებია ასევე გრძელვადიან პაემნებთან დაკავშირებით, იგივე ქსნის, ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია რუსთავის მე-6 დაწესებულებაში, რომელიც ახლა რემონტდება და ეს პროცესი ძალიან გაჭიანურდა. ასევეა რუსთავთან ახლოს მე-16 დაწესებულება, რომელიც გრძელვადიანი პაემნებისთვის იქნება განკუთვნილი. აქაც დღეს-ხვალძახილით წლები გადის და სარემონტო საქმეები არ მთავრდება; გაჭიანურებული პროცესი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მეექვსეში ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულები მოთავსდებიან _ ეს იქნება შრომითი ზონა და ხელფასსაც აიღებენ, ხოლო მეთექვსმეტეში მძიმე დანაშაულის ჩამდენები მოხვდებიან, მკაცრი სასჯელით და შესაბამისი პირობებით.

„ქრონიკა+“ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებისთვის, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა და შემდეგი პასუხი მიიღო:

_ IDFI-ის მონაცემებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ორმა სსიპ- მა, პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით 100-პროცენტიანი შედეგი აჩვენა.

სისტემის ღიაობა ასევე აღიარა არასამათავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო „წლის ყველაზე კომუნიკაბელურ სამინისტროდ“ დაასახელა და შესაბამისი სიგელით დააჯილოდოვა.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ის გახლავთ საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტს IDFI- თან ჰქონდა სასამართლო პროცესი, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ადმინისტრაციას და მის მიერ განხორციელებულ ქმდებებს ეხებოდა, რასაც დღევანდელ რეალობას ვერ დავუკავშირებთ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით, 2014 წელს კანონით გათვალისწინებულ ვადებში დაკმაყოფილდა სამინისტროში შემოსული თითქმის ყველა განცხადება, გარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვლისწინებული ინფორმაციისა, რომლის გაცემაც უწყებას ეკრძალება.

მინისტრისა და მისი გუნდის ხედვაა, რომ სისტემის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, კანონის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია მინისტრთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, როგორც სისტემის გამჭვირვალობისა და საზოგადოებასთან მუდმივი დიალოგის გარანტი.

საზოგადოებისთვისაც აშკარაა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი უკვე სრულად აკონტროლებს და შესაბამისად, მართავს პენიტენციურ სისტემას. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ სამინისტროში მოსვლიდან დღემდე მისი ინციატივით,  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასა და დაწესებულებებში განხორციელდა ფართომასშტაბიანი საკადრო ცვლილებები, თანამდებობიდან განთავისუფლდა 11 ციხის დირქტორი, სამმართველოების უფროსები და ა. შ.

სამართლებრივად სად-ს აქვს ფართო ავტონომია, დელეგირებული სამსახურები,  სამინისტროსთან დუბლირებული უწყებები, რაც მართვის სიტემას ტლანქს ხდის. ესაა მოძველებული საბჭოური მოდელი, რომელიც დაუყოვნებლივ შესაცვლელია.

იმისთვის, რომ სისტემა გახდეს ფუნდამენტურად სტაბილური, პიროვნებებზე და სხვადასხვა გარე ფაქტორებზე არ იყოს დამოკიდებული, იყოს გამართული მექანიზმი, რომელიც არ დაექვემდბარება არც პოლიტიკურ და არც სხვა სახის რყევებს, საჭიროა საძირკვლის შექმნა. სწორედ ეს ქვაკუთხედია ის ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც სისტემაში გიორგი მღბერიშვილის ინიციატივით დაიწყო, მომზადდა საკანონმდებლო ცვლებების პაკეტი და ესუკანასკნელი უკვე საპარლამენტო განხილვის საგანია. შედეგად, უახლოეს მოავალში სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გაუუქმდება საქვეუწყებო სტატუსი და რიგითი დეპარტამენტის სახით ინტეგრირდება სამინისტროში.

კერძოდ, რეფორმის შედეგად:

_ სასჯელაღსრულების სისტემა თანამედროვე, ეფექტიანი, მოქნილი, ერთიანი მართვის მოდელზე გადავა, რაც გულისხმობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინტეგრირებას სამინისტროსთან და მინისტრისთვის სრულად დაქვემდებარებას;

_ გაიზრდება სისტემის თანამშრომელთა სოციალური და სამართლებრივი გარანტიები;

_ უსაფრთხოების სტანდარტისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით, 2017 წლის იანვრამდე სასჯელაღსრულების სისტემის მთელი პერსონალი სახელმწიფოს ხარჯზე გადამზადება, ხოლო კონკურსით შერჩეული ახალი კადრები მუშაობას მხოლოდ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ დაიწყებენ;

_ რეფორმა ითვალისწინებს სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის თანამედროვე მეთოდოლოგიასა და სტანდარტებზე გადასვლას;

_ იგეგმება სოციალური სამსახურის მოდერნიზაცია, მსჯავრდადებულთა რესოციალიზაციისა და რებილიტაციის ახალი პროგრამების დანერგვა და განვითარება.

რეფორმის შედეგად ჩვენ მივიღებთ ერთიან და ძლიერ უწყებას, რომელიც დაექვემდებარება სრულ სამოქალაქო და პოლიტიკურ კონტროლს. ჩვენი მიზანია კვალიფიციური პერსონალი, უსაფრთხო გარემო და რეაბილიტირებული მსჯავრდადებული.

 

                                                                                                    გელა მამულაშვილი