ვინ აპირებს „ოცნების“ დროშის სახალხოდ დაწვას ცენტრალური ოფისის წინ?

desiat

ხაშურის „ოცნების“ აქტივისტი პარტიის ცენტრალური ოფისის წინ „ოცნების“ დროშის დაწვას აპირებს!!! დიახ, ასეთი უკიდურესი ნაბიჯის გადადგმა სურს ადამიანს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ამ დროშით ხელში „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძოდა. საკითხავია, რამ მიიყვანა ამ ზომამდე? _ რამ და მთელ ქვეყანაში სენად მოდებულმა პრობლემამ: „ოცნების“ წევრებმა ყველაფერი კი გაიღეს და გააკეთეს იმისთვის, რომ „ნაცებთან“ ბრძოლაში გაემარჯვათ, მაგრამ გამარჯვების ნაყოფი „ნაციონალებმა“ მოიმკეს _ ხელისუფლების ყველა რგოლში, განსაკუთრებით შუა და ადგილობრივ დონეზე, „ნაცები“ ისეთი რაოდენობით არიან წარმოდგენილი, გეგონებათ, ქვეყანას ისევ მიხეილ სააკაშვილი მართავს და არც 1-ლი ოქტომბერი ყოფილა ოდესმე. ერთი სიტყვით, ინტერვიუ, რომელსაც ახლა გაეცნობით, პირველ რიგში, იმათთვის არის, ვინც არანაირ კრიტიკას არ იღებს, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში ყველაფერი რიგზეა და ვისაც სიმართლის მთქმელი ხალხი პირად მტრად მიაჩნია. ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ _ განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ვგულისხმობ. პირადულში კრიტიკის იგნორირება კიდევ მესმის, მაგრამ პოლიტიკოსის შემთხვევაში, _ ისევ პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდზეა საუბარი, _ მსგავსი პოზიცია სახიფათოა: მწარე ნაყოფს ქვეყანა და ხალხი იმკის. შედეგი კი ყოველთვის ერთია: ასეთი ქვეყანა ვერასოდეს განვითარდება და ამიტომაც არის, რომ მოჯადოებულებივით სულ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ. უკვე ის დროა, რეალობას თვალი გაუსწოროს ჩვენმა ხელისუფლებამ. კრიტიკას არ ვგულისხმობ. ვინმეს კრიტიკა თუ ქება ჟურნალისტების საქმე არ არის. ჩვენი საქმე სიმართლის თქმაა. სიმართლე კი ასეთია…

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ხაშურის „ოცნების“ აქტივისტი, ენგურ ნინიაშვილი:

_ დიახ, მე გახლავართ ის ადამიანი, რომელიც თბილისში „ოცნების“ მთავარი ოფისის წინ პარტიის დროშის საჯაროდ დაწვას აპირებს. მინდა, დაინახოს მთელმა ქვეყანამ, თუ რას წარმოადგენს დღეს „ქართული ოცნება“ _ ძალა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინათ სრულიად სხვა გეგმები და დაპირებები ჰქონდა.

_ ბატონო ენგურ, თანმიმდევრულად მოვუყვეთ მკითხველს, თუ რამ გაფიქრებინათ ასეთი აქციის მოწყობა?

_ კარგად მოგეხსენებათ და არაერთხელ დაგიწერიათ კიდეც, თუ რა მოხდა ხაშურში საპარლამენტო არჩევნების დროს. რამდენიმე წინადადებით მეც აღვნიშნავ, რომ ეს არჩევნები ხაშურში სისხლისა და ტყვიის ქვეშ ჩავატარეთ. მარტო „ნაციონალების“ ზონდერ-ბრიგადებს კი არა, ოფიციალურად ჩვენთან საბრძოლველად გამოგზავნილ სპეცრაზმებსაც არ შევეპუეთ, წინ გადავუდექით, უკან არაფერში დავიხიეთ და ასე მოვიპოვეთ გამარჯვება. სამაგიეროდ რა მივიღეთ? _ დეპუტატი ვალერი გელაშვილი, ვისთვისაც ეს ყველაფერი მოხდა და თავი გავწირეთ, არაფრის მაქნისია და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს! ხაშურში კი ხელისუფლებაში დღეს სახელად თუ არის „ოცნება“, თორემ, რაიონს ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს.

_ ფაქტებით ვისაუბროთ, ვინმემ ბრალი რომ არ დაგვდოს, ჰაერზე ლაპარაკობს და ჩირქს გვცხებსო.

_ კი ბატონო. მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა დრო მოვიდა, ასევე ჩატარდა ადგილობრივი არჩევნებიც. პირადად ხაშურში, მაგალითად, ადგილობრივი არჩევნები გაყალბდა. ამ გაყალბებაში მონაწილეობდა რაიონის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, მისი მოადგილე ზურა ჩხიტუნიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი როინ მახარობლიძე. ეს გაყალბება მოხდა ხუთ უბანზე, რომლის საბუთებიც მაქვს და დავამტკიცებ, როცა მინდა. ეს ხუთი უბანი ყველაზე დაგვიანებით შემოვიდა საოლქოში, მაგრამ ახლა გაყალბების ფაქტი არ მაინტერესებს. საქართველოში არჩევნების გაყალბებაზე საუბრით ვის გააკვირვებ? საინტერესო ის არის, თუ ვის სასარგებლოდ გაყალბდა ეს არჩევნები.

_ ვის სასარგებლოდ?

_ შეგნებულად დააგვიანეს, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო. სამაგიეროდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუმატეს საკრებულოში ერთი კაცი და შეაქმნევინეს ფრაქცია, რომ დაენიშნათ დიდი ხელფასები. ეს არ არის პოლიტიკური საბოტაჟი?

ამ გაყალბებაში მონაწილეობდა იმედო ლაცაბიძეც, რომელიც საოლქოს თავმჯდომარეა. ეს არის რეალობა და მტკიცებულებებიც მაქვს, რომელსაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წარვუდგენ. ასე რომ, არანაირი „ოცნების“ მმართველობა, გურასპაშვილი და ჩხიტუნიძე „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეს აკეთებენ _ გამგეობა თუ სხვადასხვა სამსახური „ნაცებით“, თავანთი მეგობრებითა და ახლობლებით გაავსეს. ფაქტობრივად, დღეს ხაშურს მართავს სამი კაცი: გურასპაშვილი ჩხიტუნიძე და შუბითიძე. ვაჟა შუბითიძე საკრებულოს თავმჯდომარეა, იგი ერთადერთი კაცია, რომელიც ხაშურში არაფერს აფუჭებს, თუმცა არც არაფერს აკეთებს, თუ არ აკეთებინებენ. მარტო ხელფასს იღებს და ვალებს იხდის.

_ ხაშურს სამი კაცი მართავსო. დეპუტატი რაღას აკეთებს?

_ ვალერი გელაშვილი? ეგ იმის საქმეს აკეთებს, ვინც ყველაზე უფრო უყვარს _ საკუთარ თავზეა გადამკვდარი. გელაშვილზე ცალკე გეტყვით, მანამდე მინდა, გია გურასპაშვილის თემა ამოვწუროთ. ხაშურის გამგებელი გურასპაშვილი როცა საგადასახადოს უფროსი იყო, მაშინ კოოპერატივის დირექტორი ვიყავი და კარგად მომეხსენება მისი „მოღვაწეობა“. მან მრავალი სახელმწიფო ქონება გაანიავა და კორუფციაში იყო გახვეული. ეს მე დანამდვილებით ვიცი, იმიტომ რომ შეხება მქონდა სოფლებში კოოპერატივებთან. აი, ასეთი წარსულის მქონე კაცი წარმოგვიდგინა ღარიბაშვილმა და აგვარჩევინა გამგებლად. ამის მერე რატომღა უკვირთ, როცა პროფესიონალი კადრების დეფიციტზეა საუბარი? პროფესიონალი და პატიოსანი ვინც იყო, ყველა უმუშევარია, ძალაუფლება კი ისევ იმათ აქვთ, ვინც ადრე ქვეყანას აქცევდა. ეგ კი არა, გურასპაშვილზე ისეთ რამეს გეტყვით, გაგიკვირდებათ. საქმე ის არის, რომ ეს ჩვენი გამგებელი ადრე ქურდობისთვის დააკავეს გერმანიაში, რის გამოც დეპორტი გაუკეთეს.

_ როგორც ბადაშვილი, ყოფილი მთავარი პროკურორი?

_ ასე გამოდის. როცა ამის თაობაზე ვკითხეთ, სამი კაცი ვიყავით, არც დაფარა და გვიპასუხა, რომ დაკავებული იყო ქურდობისთვის.

_ დაუჯერებელ ამბავს ყვებით.

_ რა არის დაუჯერებელი? როცა უნდა და სადაც იტყვის, იქ დავუმტკიცებ. ახლა რაც შეეხება ხაშურის დეპუტატს _ ვალერი გელაშვილი სულ წავიდა ხაშურიდან. ფაქტობრივად, აღარ ჩამოდის. მიატოვა და ამათ მიუგდო ყველაფერი. სხვათა შორის, ახლა ვასკვნი, რომ ვალერი გელაშვილი გარიგებულია გურასპაშვილთან. ხალხს ანახვებენ, რომ ვითომ იჩხუბეს და ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არიან, სინამდვილეში კი ერთად ყვლეფენ ხაშურს. თუ ასე არაა და გარიგებულები არ არიან, მაშინ რატომ არ იღებს ხმას ამ უსამართლობებზე? ჩვენ 2012 წელს ერთად შევცვალეთ ხელისუფლება, მაგრამ ახლა დუმს, თუ როგორ ნადგურდება „ოცნება“ ხაშურში. დიახ, პარტახდება „ოცნება“, რეიტინგი საერთოდ აღარ აქვს! ხალხი გვაგინებს და ამ ყველაფერზე რეაგირებაა საჭირო. სხვათა შორის, დღესაც ვიყავი ვალერისთან, მინდოდა ამ საკითხებზე მესაუბრა, მაგრამ მითხრეს, უცხოეთშიაო.

_ კი მაგრამ, „ოცნების“ აქტივისტები ვინც ხართ, არ შეგიძლიათ ზომების მიღება?

_ მინდოდა ბიუროს მოწვევა, რისთვისაც შევხვდი პარტიის წევრებს, თუმცა ბიუროს არ იწვევენ. მე თუ სიმართლეს არ ვამბობ, მოიწვიონ ბიურო და განვიხილოთ ეს საკითხები. თუ გამამტყუნებს ბიურო, ბოდიშსაც მოვიხდი, თუმცა იციან, რომ ტყუიან, მე კი სიმართლეს ვამბობ და ბიუროს ვინ მოიწვევს? გუშინწინ კი, როგორც იქნა, მოვახერხე, რომ მოეწვიათ. გურასპაშვილი პარტიიდან გარიცხვით და ცემით დამემუქრა. მითხრა, ხვალ რომ გცემონ, ამასაც მე დამაბრალებო? თანაც ისიც დაამატა, „ქრონიკა+“-ს რატომ ელაპარაკები, არ იცი, „ნაცისტების“ გაზეთი რომ არისო?

_ ანუ „ნაციონალების“ გაზეთად გამოგვიყვანა?

_ ამათ რას გაუგებ? სხვას აბრალებენ და თვითონ ჩახუტებულები არიან. „ნაციონალური მოძრაობა“ ამათი ხელით აკეთებს ყველაფერს, რომლის ამოცანაა, „ოცნების“ რეიტინგი დაეცეს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისევ თვითონ გაიმარჯვოს. გურასპაშვილი და ჩხიტუნიძე იმდენ სისაძაგლეს სჩადიან, რომ უკვე მეტისმეტია. „თაფლამ“, _ ასე ეძახიან ხაშურში გურასპაშვილს, _ სიბნელე და უიმედობა მოიტანა ხაშურში. სხვანაირად რაღა ვთქვა?! არ კეთდება არაფერი ხაშურის რაიონში, მოყარეს „ნაცები“, თავიანთი უცოდინარი მეგობრები, ყავის სმასა და ლაზღანდარობას უნდებიან მარტო. ჩამობრძანდით და ნახეთ, რა დღეშია ხალხი. გამოჰკითხეთ, თუ რა ხდება რაიონში.

რაც შეეხება გამოცდებზე ჩემს გასვლას, 41 ქულა ავიღე და არ დამასაქმეს. სამაგიეროდ, ნაკლებქულიანები ხელშეკრულებით აიყვანეს, ვინც აწყობდათ, რა თქმა უნდა. მოკლედ, თუ არ მოგვხედეს ცენტრალური ოფისიდან ხაშურის „ოცნებას“, ეს ბრძოლა წყალში გადაყრილი იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდა ხაშურში გურასპაშვილის ხელმძღვანელობით. სასწრაფოდაა მოსახედი, თორემ ცუდ შედეგს დადებს ხაშური არჩევნებზე, ეს ხალხი მოსაცილებელი და რაიონი გასაწმენდია ჩანერგილებისგან.

წინააღმდეგ შემთხვევაში, „ოცნების“ დროშას ჩავიტან და საჯაროდ დავწვავ ოფისის წინ!

ასეთია სიმართლე და პრობლემა ის არის, რომ რაც ხაშურის რაიონში ხდება, ისეთივე სიტუაციაა მთელ ქვეყანაში. ფაქტობრივად, სიტუაციას ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აკონტროლებენ, ხოლო ხელისუფლებას ამის თაობაზე არაფრის გაგონება არ სურს. იქნებ, იმიტომაც, რომ „ქოცებისა“ და „ნაცების“ ასეთი სიმბიოზი ორივესთვის ხელსაყრელია?!. „ქოცებს“ ძალაუფლება აქვთ, „ნაცებს“ _ ბიზნესები და გავლენები. შეუძლიათ, გაერთიანდნენ და საერთო ინტერესები დაიცვან. სამაგიეროდ, ასეთ სიტუაციაში აღარავინ ფიქრობს ხალხზე.

რაც შეეხება ხაშურსა და იქ მიმდინარე პროცესებს, ენგურ ნინიაშვილთან საუბრის შემდეგ „ქრონიკა+“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებლობა და ევროინტეგრაციის“ ხაშურის განყოფილების წარმომადგენელს, ზაზა მეხრიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოცნების“ შეწყვილება რაიონში მართლაც წარმატებით დაგვირგვინდა:

_ ბევრჯერ მითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, როინ მახარობლიძემ, გაყიდა ხალხის ხმები, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ თემაზე დუმან. იგი გარიგებაში შევიდა გამგებელ გურასპაშვილთან და დეპუტატ გელაშვილთან, რომ ხმებს მისცემდა, თუ მის ბიზნესებს და ქონებას არ შეეხებოდნენ. შეთანხმება შედგა და დღეს მახარობლიძე კარგად ასრულებს „ოცნებისა“ და გელაშვილის დავალებებს, ხოლო „ნაციონალების“ ცენტრალურ ოფისში ყველას აცურებს. მან პარტიიდან მოიშორა ისეთი პატიოსანი და წესიერი ხალხი, ვისაც საქმის გაკეთება შეეძლო. სამაგიეროდ აქეთ „ნაცებს“ ატყუებს, იქით _ „ქოცებს“ და ამ ყველაფერში ვალერი გელაშვილი მფარველობს, რომ არავინ შეეხოს. სპორტსკოლა და დანარჩენი ქონება, რომელიც მიითვისა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, დააზღვია და ვალერი გელაშვილი ჰყავს „კრიშად“.

_ დიდი ამბებია ხაშურში…

_ კი, ასეა, ვეღარ გავიგე, ამ ხაშურში რა ხდება, ან როდემდე უნდა ატყუონ ხალხი? პატრონი არსაიდან ჩანს, ბრმა-ყრუობაა. ხალხი ნელ-ნელა მოდის გონზე და ხვდება ამათ თაღლითობებს. ერთი სიტყვით, ესენი ყველა „პროპკას“ ერგებიან, საიდანაც ფული იშოვება, ხალხი კი გაჭედილია…

ხაშურის ხელმძღვანელობას სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ. თავისი მხრივ კი ხაშურის ხელმძღვანელობა ყველაფერს უარყოფს. ყოველ შემთხვევაში, როცა „ქრონიკა+“ კომენტარისთვის რაიონის გამგებელს, გია გურასპაშვილს დაუკავშირდა და აღმოაჩინა, რომ იგი ხსენებულ საკითხებს სრულიად სხვა კუთხით უყურებს.

გია გურასპაშვილი:

_ რა კომენტარი უნდა გავაკეთო მატყუარა ენგურ ნინიაშვილის საუბარზე, ან თქვენ მინდა გკითხოთ, მასე უაპელაციოდ შეიძლება ყველაფრის წერა?

_ უაპელაციოდ რომ არ ვწერთ, ბატონო გია, ამიტომაც გირეკავთ და თქვენს აზრს ვაფიქსირებთ. ენგურ ნინიაშვილი ამბობს, რომ ბიუროს სხდომაზე მას ცემით და პარტიიდან გარიცხვით დაემუქრეთ.

_ არავის დავმუქრებივარ ცემით. იქ იყო ხალხი და ამას დაადასტურებს. რაც შეეხება პარტიიდან გარიცხვას, ეს ბიუროს გადასაწყვეტია. კიდევ ვიმეორებ: ეგ კაცი არის ჭორიკანა და მატყუარა, თქვენ კი მაგას უსმენთ და წერთ, რომ თითქოს გერმანიაში რაღაც მოვიპარე და გამომაგდეს იქიდან.

_ თქვენ რა იცით, მე რაზე ვწერ?.. გერმანიის თაობაზე ჯერ ხომ არ მიკითხავს?..

_ ვიცი, რომ მკითხავთ. დადის და ხაშურში ამბობს, ამაზე ჟურნალისტებს ვაცნობებო. არასოდეს არაფერი მომიპარავს და ეს არის ბინძური ცილისწამება, რაზეც კანონის ფარგლებში ვაგებინებ პასუხს! თვითონ ჰკითხეთ, ერთი, ვალერი გელაშვილს ბენზინის ტალონებს რომ ჰპარავდა, ის საქმე როგორ იყო?!

_ ბატონო, გია, გულწრფელად ფიქრობთ, რომ „ნაციონალების“ გაზეთი ვართ?

_ ესეც მან გითხრათ? მე ასე არ მითქვამს. ელისო კილაძესაც დიდ პატივს ვცემ, პირადად თქვენც და „ქრონიკა+“-საც. მე, უბრალოდ, ვთქვი, რომ „ნაციონალებმა“ უბიძგეს ამ ადამიანს, თქვენამდე მოსულიყო. ზაზა მეხრიშვილი არის „ნაციონალი“.

_ ზაზა მეხრიშვილი ამხელს „ნაციონალებსაც“ და პრობლემებზე საუბრობს. პრობლემები კი ნამდვილად არის და ამაზე ბევრი ლაპარაკობს ნინიაშვილისა და მეხრიშვილის გარდა. თუნდაც თქვენი საკრებულოს თავმჯდომარეც კი.

_ პრობლემებზე საუბარი სხვაა, ხოლო დეზინფორმაციის გავრცელება _ მეორე. ვიღაც იაგო გურასპაშვილი ნახეს საპარლამენტო არჩევნების სიაში „ნაციონალების“ მხრიდან და თავიც არავინ შეიწუხა იმაზე ფიქრით, რომ იაგო და გია ერთი და იგივე არ არის. მე მომაწერეს „ნაციონალობა“. ასეთ საკითხებზე და ბინძურ ცილისწამებებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, თორემ პრობლემებზე საუბარს არასოდეს გავქცევივარ.

_ მომცემთ ვრცელ ინტერვიუს ამ პრობლემებთან დაკავშირებით?

_ სიამოვნებით, ჩამობრძანდით ხაშურში და ვისაუბროთ. ვიმეორებ, დასამალი არაფერი მაქვს და მზად ვარ, ყველა კითხვაზე გიპასუხოთ…

 

                                                                                                დავით დევიძე