„ღია ცის ქვეშ დარჩენილია 118 ვეტერანი, უმისამართოდ გამქრალია 46 ვეტერანი – შიხიაშვილი და „ოცნება“ არ მუშაობენ!“

qeqe

საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელის, მიხეილ გერგაულის თქმით, ვეტერანთა დეპარტამენტის მხრიდან გარკვეული ორგანიზაციების მიმართ დისკრიმინაცია ხდება და თანამდებობებზე ისევ ის ხალხი დააბრუნეს, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დროს მუშაობდა.

რატომ არ ასრულებს ხელისუფლება ვეტერანებისთვის წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს? რატომ არ ითვალისწინებენ ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციის რეკომენდაციებს? რატომ ამბობს უარს თავდაცვის სამინისტრო ინვესტიციის განხორციელებაზე?

„ქრონიკა+“-ს მიხეილ გერგაული უსაუბრა:

_ როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ამ მთავრობამ ერთადერთი კარგი ნაბიჯი გადადგა, რომელიც ომში დაღუპული ოჯახის წევრებისთვის ფულად დახმარებას გულისხმობს, მაგრამ მარტო ეს ერთი საშველი არ არის! ვეტერანებისთვის გამოყოფილი 22-ლარიანი დახმარება სამარცხვინოა! ამის შესახებ ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციას, ჯერ კიდევ, 2010 წელს ვაცნობეთ. ვთხოვეთ, რომ საქართველოზე განსაკუთრებული ყურადღება გაემახვილებინათ. მეორეა ეს საბინაო პრობლემები. მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციის ჯარი რომ მიდიოდა, სამართალმემკვიდრე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გახდა. იქ არსებობდა ორი კომისია, რომელიც საბინაო საკითხებს წყვეტდა. კი ბატონო, რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამოქალაქო პირებზე ამ ბინების ჰაერში გადაყიდვა ხდებოდა, სამართალწარმოებაშიც ყოველთვის იყო რაღაც საშუალებები, სადაც შეიძლებოდა ძრომიალი, ამის სტატისტიკაც კი გვაქვს. ახლა საქართველოს მასშტაბით 218 ვეტერანი ცხოვრობს, რომელთა საცხოვრებელი გაფორმებულია თავდაცვის ფონდზე, ჩემი ჩათვლით, დღემდე არა გვაქვს ბინები დაკანონებული. 118 ვეტერანი საერთოდ უბინაოა; 46 უბინაო საერთოდ არ ვიცით, სად არის. ამის შესახებ მონიტორინგი ჩავატარეთ, დამეკარგნენ, ვერ ვპოულობ, მათ შორის არიან მარტოხელა ვეტერანებიც.

ძალიან მოვიკოჭლებთ ვეტერანთა კანონმდებლობასთან მიმართებით, ეს არის დასაქმების, სოციალურ-საგადასახადო შეღავათები, თუ ხელშეწყობა ინდმეწარმეობის შემთხვევაში. პირადი ურთიერთობებით სხვადასხვა საკითხის მოგვარება, ხელშეწყობა არ ხდება, ეს უნდა დაიწეროს ქაღალდზე! ესა თუ ის ადამიანი საქმის კურსშიაო… რომ წავიდეს იმ ადგილიდან, მერე რა ვქნა, საქმის კურსში კიდევ ვინ ვაყენო? ჩემმა კოლეგებმა ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენეს. უპასუხეს, ჩვენ პირადად არაფერს დაგპირებივართ და რაში მთხოვთო?! 20 წლით მოვიკოჭლებთ თუნდაც აზიის ქვეყნების ვეტერანთა კანონმდებლობასთან. ერთადერთი ტაივანია, სადაც 300 დოლარამდეა ვეტერანთა კომპენსაცია და ეს ქვეყანა თევზისა და ლოკოკინების რეწვითაა დაკავებული. საგარეო პოლიტიკითაც ვერ ვიამაყებთ! 2012 წელს მოლაპარაკება გვქონდა ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციის გენერალურ სამდივნოსთან, რომ 2015 წელს, რიგით 28-ე გენერალური ასამბლეა საქართველოში ჩატარებულიყო. ვის აღარ ვაცნობე, უნდა ჩამოსულიყო 70 ქვეყნის დელეგაცია, ეს ხომ ჩვენთვის სასიკეთო იქნებოდა?!. 6 თვის წინათ შემახსენეს. სხვა რა გზა მქონდა? დიპლომატიურად მოვუხადე ბოდიში და ვუთხარი, რომ შემდგომი ღონისძიებები დაგეგმილიყო საქართველოში. იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ვეტერანთა დეპარტამენტმა არანაირი ყურადღება არ მოგვაქცია. შენახული მაქვს ყველა დოკუმენტი, ფოსტით გაგზავნილი უამრავი წერილი, მიღება-ჩაბარების ხელმოწერები, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები, როგორც თქვენ მიიღეთ პასუხი, ისე მე! მერე შვედეთში უსაფრთხოების სამიტი იყო ვეტერანთა ორგანიზაციების ჩართულობის თვალსაზრისით. ყველას მივმართე, ვისაც ამ საკითხების მოგვარება ძალუძს, როგორც თქვენ მიიღეთ პასუხი, ისე _ მე! მივდივარ შესაბამის ორგანოებში და მეუბნებიან, _ იცით, რა, წასულია, მიფრინავს, მოფრინდა, გადაფრინდა, მეტი არაფერი… მეტსაც გეტყვით: ორი წელია, ვეტერანების პოლიტიკამ, გარკვეულწილად, უკან დაიხია და ეს სწორედ ამ ადამიანების „დამსახურებაა“.

_ ვის გულისხმობთ?

_ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ უწყებას, რომელიც ამ საკითხებს განაგებდა, სანამ ვეტერანთა დეპარტამენტი ცალკე შეიქმნებოდა. ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა სამინისტროს იმ პერიოდში. ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში, წავიკითხოთ და შევხედოთ ვეტერანთა შესახებ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებს, დადგენილებებს, საქართველო ბევრ საერთაშორისო ხელშეკრულებაზეა მიერთებული, ამიტომ იმით უნდა ვიხელმძღვანელოთ. საქართველოდან ტომები გავგზავნე და მოსულია რეკომენდაციების კრებული, სადაც მაგალითებია მოყვანილი, რომელ ქვეყანაში რა არის, რომ შევარჩიოთ და შეიქმნას ერთი ნორმალური კანონი ვეტერანების მიმართ. ისეც შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი უცებ ვერ განხორციელდება, თანმიმდევრობას და  სამართლებრივი პოლიტიკის კარგ შესწავლას საჭიროებს. ბევრი ინიციატივა უნდა წაიღოს ადგილობრივმა ტერიტორიულმა ორგანომ და ამით ბიუჯეტს დიდი ძალა აღარ დააწვება, მაგრამ ამათ მოსმენა არ უნდათ! ედუარდ შევარდნაძე იძულებული რომ გახდა, საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომელიც 2005 წელს მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა. აქამდე ვეძებდით ამ დოკუმენტს და შარშან მივიღეთ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციიდან. ამ საბჭოს გაუქმება და ვეტერანთა შესახებ კანონმდებლობის დაშლა ერთი იყო. ძალიან კარგია, რომ ვეტერანთა დეპარტამენტი ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა, ეს მოდელი ჩვენი წარდგენილია, მაგრამ წელიწადნახევარში სამი ხელმძღვანელი რომ გამოიცვალა, არ არის ლამაზი! სწორედ ამან განაპირობა, რომ 25-მა ორგანიზაციამ გავაფორმეთ მემორანდუმი და შეიქმნა საზოგადოებრივი წარმომადგენლობის პალატა. ვიყავით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და წარვადგინეთ პროექტი, რომ საკოორდინაციო საბჭო უნდა იყოს საქართველოს მთავრობასა და დეპარტამენტს შორის შუალედური რგოლი. კოლეგიალური ორგანო გააკონტროლებს, მაგალითად, ვის მიენიჭება ჯილდო, სად მიდის ფული, რაში უნდა დაიხარჯოს და ა. შ., მაგრამ არ მიექცა სათანადო ყურადღება, გაჩერებულია საკითხი, რაც თავისებურ განხეთქილებას იწვევს! ამასთანავე, მიმდინარეობს 2005 წელს შექმნილი ვეტერანთა ორგანიზაციების ხელახალი რეგისტრაცია. სახელები, პროფილები შეიცვალეს და ისევ ისინი ტივტივებენ! სიმართლე გითხრათ, ვეტერანთა დეპარტამენტში რამდენჯერმე მივედი და ასეთი სიტუაციის გამო აღარც ვაპირებ მისვლას! ისევ მიდის ერთმანეთში შუღლის ჩაგდება, ენების მიტანა _ იმან ეს თქვა შენს ორგანიზაციაზე, ამან ეს თქვა…

_ იმას ამბობთ, რომ ვეტერანთა გარკვეული ორგანიზაციების მიმართ დისკრიმინაციას აქვს ადგილი?

_ დიახ, შერჩევითი ფაქტორია. თავდაცვის სამინისტროზეც შემიძლია ვთქვა, 2004-2005 წლებიდან, ვინც სააკაშვილის დროს თანამდებობაზე იყო, სიხარულიძიდან კეზერაშვილამდე, რეზერვში გაუშვეს არჩევნებამდე და არჩევნების მერე ისევ უკან დააბრუნეს! ეს ხალხი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოდის და არაფერს აკეთებს, ახლა ისევ ისინი სხედან იმ თანამდებობებზე! ის ბრძოლისუნარიანი ოფიცრები, რომლებიც 2005 წელს გაათავისუფლეს, ისე დატოვეს! ანალოგიური მდგომარეობაა სოციალურ განყოფილებებში. ვეტერანთა დეპარტამენტში ირაკლი შიხიაშვილმა ისევ ის ხალხი დააბრუნა! არ მიყვარს ადამიანზე ზურგს უკან ლაპარაკი, მაგრამ ძალიან ცუდად მიმდინარეობს დეპარტამენტის საქმიანობა და ამას დაესმება წერტილი! ეს შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო!

_ როგორ აპირებთ წერტილის დასმას?

_ როგორ და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერევა! გაიგზავნება დასკვნები, სახელმწიფოს კი არა, ჩვენი საკუთარი საშუალებებით. ჩვენს ორგანიზაციას არც ერთხელ და არასოდეს უსარგებლია გრანტით, თუმცა იყო ამის შესაძლებლობა. სამი წინადადება შევთავაზე ვაზიანის საერთო საცხოვრებლის თაობაზე, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ არაფერი… ინვესტიციის მოზიდვას ვთავაზობ და არანაირად არ მეხმარებიან! ამ ყველაფრის დოკუმენტები მაქვს!

_ ასე რატომ იქცევიან?

_ არ ვიცი! როგორც ვაკვირდები, დღეს არიან და იციან, რომ ხვალ არ უნდა იყვნენ! ალბათ, წინასწარი შეთანხმებებით მოვიდნენ თანამდებობებზე, რაღაცის ბალანსს იჭერენ, მაგრამ ისიც იციან, რომ ხვალ აღარ იქნებიან! გადასულები არიან ახლობლების, ძმაკაცის, დაქალის, ბიძაშვილის, იმისი მამიდაშვილისა და ა. შ. დანიშვნებზე. გამოკვლევა ჩავატარეთ, ერთ-ერთ თანამდებობის პირს კონკრეტულ ადამიანებზე ჰკითხა ჩემმა მეგობარმა, რატომ მიიღე სამსახურშიო. პასუხი: დამირეკეს და მივიღეო! შე დალოცვილო, იმის დარეკილზე თუ იღებ, შენ არ შეგიძლია? ვეტერანთა დეპარტამენტზეა საუბარი და მის გარკვეულ ქვესტრუქტურებზე. სრული სტრუქტურაა შექმნილი, რომ სამხარეო და რაიონულ დონეზე წარმომადგენლები დანიშნონ. 3 თუ 4 კაცია დანიშნული, რატომ იკავებენ თავს, არ ვიცი! ამ ყველაფრის თავიდან აცილების მიზნით, შევთავაზეთ რაიონებში შეიქმნას საზოგადოებრივი გაერთიანებები, რომელიც უნდა დაარეგისტრიროს და მხარი დაუჭიროს ადგილობრივმა საკრებულომ. დეპარტამენტის წარმომადგენელი გამგეობაში იქნება და პარალელურ რეჟიმში მოხდება მუშაობა, რომ როგორმე იძულებული გავხადოთ, სახელმწიფომ ვეტერანებზე გაამახვილოს ყურადღება, მაგრამ ამაზეც არაფერი… 2007-2008 წლებში, როდესაც ვეტერანებთან დაიძაბა ურთიერთობა, შეჯიბრებები დაიწყეს ჭადრაკში, ფრენბურთში… იცით, რა? _ თხილამურებზე სრიალი ძალიან კარგია, მაგრამ რა დროს ჭადრაკის კონკურსები და სიგელების დარიგებაა, სად ვართ, რატომ ვაბრუებთ ამ მასას? _ ის საზოგადოება, რომელიც ღირსეულად ემსახურა თავის სამშობლოს! გასაგებია, ომს ძალიან დიდი ტრაგედია მოჰყვება, მაგრამ ამათ ჯერ ფსიქორეაბილიტაცია არ გაუვლიათ, ხვალვე შემიძლია, რომ 2003-2004 წლის სამედიცინო აპარატურა ჩამოვიტანო ჰოსპიტალში. რა ვქნა? მეტი რა გავაკეთო? ესენი ხელსაც არ მიწყობენ! წყალტუბო, ცხვარიჭამია, გრიგოლეთი _ ეს ადგილები სამკურნალო წყლებით არის მდიდარი. ნორვეგიაში პირადად წარვადინე პროექტი, რომ გაკეთებულიყო დიაგნოსტიკურ-პროფილაქტიკური დაწესებულება და მსოფლიო საზოგადოება მოგვეზიდა, ჩვენი ვეტერანებიც ისარგებლებდნენ. დავუდე ეს პროექტი, მოვიფიქროთ, ეს ხომ ქვეყნისთვის უნდა გაკეთდეს-მეთქი, მაგრამ არაფერი! _ მოდი, რა, ჯერ მაგისთვის არ გვცალია, ხომ ხედავო… ვეტერანებისთვის არ სცალიათ! ამიტომ ვეღარავინ მეტყვის ამის შემდეგ, ვის მივცე ხმა! დავიღალეთ უკვე, დაპირება კარგია, დასაწყისი კარგი ჰქონდა!.. ირაკლი სესიაშვილმაც იცოდა ამის შესახებ, წერილიც მაქვს გაგზავნილი, თქვა, _ მზადდება პოლიტიკა თავდაცვის შესახებო, მაგრამ სად არის?! ძალიან გულსატკენია ეს ყველაფერი!

„ქრონიკა +“ კომენტარისთვის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, რომელთაც განაცხადეს, რომ ვეტერანებთან დაკავშირებული საკითხები მათ აღარ ეკუთვნით, რაც ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, რაც ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი შიხიაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ადმინისტრაციასთან საქალაქო ტელეფონით ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ გასაიდუმლოებული აღმოჩნდა. ამ დრომდე, ვეტერანთა დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე თავდაცვის სამინისტროს ტელეფონის ნომრებია მითითებული – 2 54 35 35 და 2 72 35 35. ასევე ვცადეთ დაკავშირება  საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი სესიაშვითან, მაგრამ მთელი დღის მანძილზე მომსახურების ზონიდან იყო გასული.

 

                                                                                               თამარ ბატიაშვილი