ხელისუფლებას შრომის ინსპექციის შექმნის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს

raxela

სახალხო დამცველი ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის ანგარიშში აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული მოხელეები მასობრივად გაათავისუფლეს. მისივე თქმით, შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების არარსებობა და სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საგანგაშო რიცხვი კვლავ სახეზეა.

„სამწუხაროდ, სახელმწიფო დონეზე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები შრომის უფლებების დაცვის მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანოს _ შრომის ინსპექციის შესაქმნელად. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა ვერ ჩაითვლება შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და სამუშაო პირობების ინსპექტირების მექანიზმად. შრომასთან დაკავშირებული უფლებები კვლავ რჩება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ სფეროდ, რასაც ადასტურებს საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის მიერ, შრომითი უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, განხილული განცხადებების სიმრავლე“, _ დასძენს ომბუდსმენი.

ამ ფონზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ შრომის ინსპექცია 1 თვეა, რაც შექმნილია და შესაბამისი სპეციალისტებისა და ინსპექტორების გადამზადება უახლოეს დღეებში დაიწყება.

„გვქონდა შეხვედრა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა უჩა ნანუაშვილი. მისი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ არ არის შექმნილი შრომის ინსპექცია. ჩვენ იქვე გავუზიარეთ ინფორმაცია. მე წუხილი გამოვთქვი, რომ ის ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ერთი თვეა, რაც შეიქმნა შრომის ინსპექცია. უახლოეს დღეებში დაიწყება შესაბამისი სპეციალისტების, ინსპექტორების გადამზადება და ის გეგმა, წლის განმავლობაში რაც განხორციელდება, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებთან ერთად გავწერეთ და მჯერა, რომ ეს გაკეთდება. ამ მიმართულების მართვა იქნება ეფექტური“, _ აცხადებს დავით სერგეენკო.

მისივე თქმით, დაჯარიმების ფუნქცია, შესაძლოა, მიმდინარე წლიდან შემოიღონ. რაც შეეხება ჯარიმებს, სერგეენკოს განმარტებით, გაწერილია დარღვევების სიმძიმის ხარისხი _ მსუბუქი ხარისხის დარღვევებზე პირველი ნაბიჯი სარეკომენდაციოა. რაც შეეხება საჯარიმო სანქციების რაოდენობას, სერგეენკოს თქმით, ეს შრომის კანონში უნდა ჩაიდოს, რაც პარლამენტის პრეროგატივაა.

„შრომის ინსპექციის წესდებაში ეს ყველაფერი გაწერილია. გაწერილია დარღვევების სიმძიმის ხარისხი. მსუბუქი ხარისხის დარღვევებზე პირველი ნაბიჯია სარეკომენდაციო, როდესაც შრომის ინსპექტორი რეკომენდაციას უწევს, თუ როგორ გამოასწოროს, დანარჩენი ყველაფერი გაწერილია. რაც შეეხება ჯარიმებს, საჯარიმო სანქციების რაოდენობას, ეს უკვე უნდა ჩაიდოს შრომის კანონში, შესაბამისად, ეს იქნება პარლამენტის პრეროგატივა“, _ აღნიშნავს დავით სერგეენკო.

ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა ენაზე რატომ საუბრობენ უფლებადამცველები და ჯანდაცვის უწყება, დეტალებში გასარკვევად „ქრონიკა+“-მა თავდაპირველად საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეს, გოჩა ალექსანდრიას მიმართა:

_ სახალხო დამცველს ვეთანხმები, რომ ხელისუფლებას შრომის ინსპექციის შექმნის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ნაბიჯის რაღაც მეასედი, შეიძლება მეათასედი გადაიდგა, რაც შედეგის მომტანი ნამდვილად არ არის. არც კი ვიცით, საერთოდ, ამას რა ჰქვია? ალბათ, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის რაღაცის ჩვენება, რომ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ და გვაქვს განზრახვა, რომ უფრო ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ. ამით სოციალურ პარტნიორებს, დამსაქმებელსა და პროფესიულ კავშირებს გარკვეულ სიგნალს უგზავნიან, ევროკავშირს აჩვენებენ, რომ აი, ჩვენ რაღაცას ვაპირებთ და ნუ იფიქრებთ, რომ აღებულ ვალდებულებებზე უარს ვამბობთო.

მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით. ნაბიჯის მეასედი კი იმით გამოიხატა, რომ მთავრობის 5 მარტის დადგენილებით შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. სამწუხაროდ, თვე გავიდა და თუნდაც ამ დეპარტამენტის ამოქმედება, მისთვის დებულების, ხელმძღვანელობის განსაზღვრა, სხვა აუცილებელი საკითხები არ გადაწყვეტილა და არ მოწესრიგებულა.

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი იმ მანდატით, რაც მას განსაზღვრული აქვს, არ წარმოადგენს და ვერ იქნება შრომის სახელმწიფო ინსპექციის ჩამნაცვლებელი, ან ანალოგი ორგანო. ეს არის მხოლოდ დეპარტამენტი და დადგენილებაში აღნიშნულია, რომ განახორციელებს რეაგირებას შრომის უსაფრთხოების საკითხებზე და დისკრიმინაციის თემებთან დაკავშირებით  სამუშაო ადგილებზე. უკვე აქედანვე ჩანს, რომ ეს დოკუმენტი და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი არათუ სრულყოფილია, ძალიან შორს დგას ამისგან. სრულყოფილება კი ჩვენი, ევროკავშირის, აშშ-ს მთავრობის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაგებით, არის საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტი, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენციაში არის გაწერილი. მართალია, ჩვენ რატიფიცირებული არ გვაქვს, მაგრამ საქართველოს მთავრობას ასოცირების ხელშეკრულებით და სხვა დოკუმენტებით აღებული აქვს ვალდებულება, რომ ამ კონვენციის მიხედვით შრომის სახელმწიფო ინსპექციას შექმნის.

შესაბამისად, პროფესიული კავშირების გაერთიანების პოზიცია შემდეგია _ მიგვაჩნია, რომ საერთოდ არაფრის შექმნას, შესაძლოა დავეთანხმოთ, რომ ჯერჯერობით შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი მაინც იყოს და ნელ-ნელა შეიძინოს ყველა ის ფუნქცია და თვისება, რაც საერთაშორისო სტანდარტით შრომის ინსპექციას უნდა ჰქონდეს. მაგრამ, მეორე მხრივ, გვიანდება აღნიშნული დეპარტამენტის დებულების შექმნა, ძალაში შესვლა, ანუ მისი ამოქმედება. ერთი თვეა, ეს გადაწყვეტილება ქაღალდზეა და საქმე წინ არანაირად არ იძვრის.

ახლა კიდევ მეორე თემა შემოდის _ საქართველოს მთავრობამ თებერვლის დასაწყისში შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. ეს არახალი, ძველი იდეაა. შარშან, დაახლოებით, ამ დროს გაააქტიურა მთავრობამ ეს თემა, როდესაც ჩვენი და  საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაიზარდა მთავრობაზე ზეწოლა, შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით.

_ რატომ დააბრუნა მთავრობამ ეს თემა?

_ 9-10-ათწლიანი ვაკუუმის შემდეგ, თითქოსდა, სახელმწიფო პილოტურად განახორციელებს რაღაც პროგრამას, რომელიც დამსაქმებლებს მიაჩვევდა შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას. მიაჩვევდა აზრს, რომ სახელმწიფო ამ კუთხით კვლავ დაიწყებდა კონტროლს კერძო და სახელმწიფო კომპანიებზე.

იმ სახელმწიფო პროგრამაში ჩაიწერა, რომ ნებაყოფლობით შერჩეული იქნებოდა (პრინციპში, ამ თებერვლის დადგენილებაშიც იგივე წერია) 50 კომპანია და მათთან დაკავშირებით, დაქირავებული მონიტორების მიერ შემოწმება განხორციელდებოდა. ეს მოხდებოდა ნებაყოფლობით და ისიც 7 დღით ადრე გაფრთხილების შემდეგ. ამავდროულად, ეს მონიტორები შეამოწმებდნენ მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნაწილს და არავითარ შემთხვევაში შრომითი უფლებების დაცვასა და კანონის შესაბამისად განხორციელებას სამუშაო ადგილებზე. ამ პროგრამის მონიტორებს არანაირი სანქციების გატარებაზე უფლება არ ექნებოდათ და ისინი მხოლოდ რეკომენდაციით უნდა შემოიფარგლონ. ეს ინფორმაცია, რეკომენდაციებისა თუ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ, იქნებოდა კონფიდენციალური და არა საჯარო.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შარშანაც გამოვთქვით პროტესტი და დაახლოებით, აგვისტო-სექტემბრის დასაწყისში ამაზე საუბარი შეწყდა. გასული წლის ბოლოს თემა კვლავ გააქტიურდა. მთავრობამ თებერვლის დასაწისში ეს დადგენილება მიიღო და პრემიერმა ხელი მოაწერა, მიუხედავად ჩვენი პროტესტისა, რომ ასეთი ტიპის სახელმწიფო პროგრამა ვერანაირად ადეკვატური ვერ იქნებოდა შექმნილი სიტუაციისა.

_ რატომ ვერ იქნებოდა ადეკვატური?

_ პირველი: კომპანიების მხრიდან ამ პროგრამაში ნებაყოფლობით მონაწილეობა სრული აბსურდია; მეორე: ისედაც ნებაყოფლობით მონაწილე კომპანიები 7 დღით ადრე კიდევ გააფრთხილო, _ მოვდივარ, უნდა შეგამოწმოო! დამატებითი აბსურდია; მესამე: არანაირი სანქციების გატარება არ მოხდება დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში; და მეოთხე: მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნაწილს გაუწევდა მონიტორინგს ეს პროგრამა და არ განხორციელდებოდა მონიტორინგი შრომის უფლებებთან მიმართებით _ განხორციელებისა და კანონის შესაბამისად აღსრულების თვალსაზრისით.

ამიტომ პროგრამაში მონაწილეობაზე უარი განვაცხადეთ. რასაკვირველია, შემოთავაზება იყო შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროდან, რომ პროგრამის განმახორციელებელ სამუშაო ჯგუფში პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელი ჩართულიყო. წერილობით უარი ვუთხარით მთავრობას, კერძოდ, მინისტრს, რომ ამ ტიპის პროგრამაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან ის არანაირ კორელაციაში არ მოდის არათუ საერთაშორისო სტანდარტებთან, არამედ საღ აზრთან, ლოგიკასთანაც სიახლოვეში არ არის. პროფკავშირების მხრიდან ამაში მონაწილეობა იქნებოდა გარკვეულწილად ღალატი პროფკავშირული პოზიციებისა, შრომითი უფლებების კუთხით ჩვენი წევრების მიმართ და, ზოგადად, დასაქმებულების, მშრომელების მიმართ.

მეორე მხრივ, ისიც არ ვიცით, რას იზამენ, ამ პროგრამას საერთოდ აამოქმედებენ თუ არა. უკვე ჩვენ გარეშე მიმდინარეობს ეს პროცესი, წარმოდგენა არ გვაქვს, რა ხდება, მაგრამ ჩვენ წერილობითაც მოვითხოვეთ შრომისა და ჯანმრთელობის მინისტრისგან, რომ მოუთმენლად ველით შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების პროექტს, მის შემუშავებას, განხილვაში მონაწილეობას და უახლოეს ხანებში მიღებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; და არა მხოლოდ ის, რომ ეს დეპარტამენტი მხოლოდ შრომის უსაფრთხოების პირობებს და დისკრიმინაციის შემთხვევებს შეამოწმებს სამუშაო ადგილებზე. დისკრიმინაციის შემთხვევების შემოწმება, ანუ, სიტყვაზე, ადამიანების დევნა პროფკავშირული ნიშნით, მათი შრომითი უფლებების აქტივიზმის კუთხით, საკუთარი თუ კოლეგების უფლებების აქტიურად დაცვის კუთხით, ეს გასაგები და მნიშვნელოვანია… მაგრამ ჩვენ კიდევ ვამბობთ და საერთაშორისო სტანდარტი მიუთიებს იმაზე, თუ როგორი კონტრაქტები უნდა იყოს სამუშაო ადგილებზე, რომელიც უნდა შემოწმდეს? დაცულია თუ არა სამუშაო დრო ადამიანების მიმართ? ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდება თუ არა ისე, როგორც ეს კანონშია? ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა შეუძლიათ თუ არა ადამიანებს კონკრეტულ საწარმოში, იქნება ეს საჯარო, თუ კერძო დაწესებულება? და ა. შ. ეს ყველაფერი უნდა შემოწმდეს. სხვა შემთხვევაში შრომის ინსპექცია კოჭლი, ყრუ და ბრუციანი იქნება. არადა, ასეთ სტრუქტურას შრომის ინსპექციას ვერ დავარქმევთ.

_ სრულფასოვანი შრომის სახელმწიფო ინსპექციის შექმნა მაინც, რა ეტაპზე არის მოსალოდნელი?

_ ამაზე არათუ გეგმური, გონივრული პროგნოზის გაკეთებაც კი შეუძლებელია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება, რომ შრომის ნაწილში, სამი წლის განმავლობაში, ანუ 2017 წლამდე, უნდა მოხდეს შრომის სახელმწიფო ინსპექციის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. რაც, სავარაუდოდ, იმას გულისხმობს, რომ 2017 წლისთვის საქართველოს უნდა ჰქონდეს გამართულად და ეფექტურად მომუშავე შრომის ინსპექცია. თუ ამ ინსპექციას ახლა არ ჩაეყარა საფუძველი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ცხადია, 2017 წლის ბოლოსთვის ამ სტრუქტურას ვერაფრით შექმნი. მას რამდენიმე წელიწადი სჭირდება, ჯერ უნდა შეიქმნას, მერე განვითარდეს… კადრები იქნება ასაყვანი და დასატრენინგებელი; უნდა შეიქმნას შრომის ინსპექტორების სამუშაო ინსტრუქციები, ჩამოსაყალიბებელია კითხვარი, სამუშაო დოკუმენტი, რომლითაც ინსპექტორებმა სამუშაო ადგილებზე უნდა შეამოწმონ როგორც შრომის უსაფრთხოება, ასევე შრომითი უფლებების განხორციელების საკითხი; ასევე, კანონმდებლობაში შესატანი იქნება ცვლილება, როგორც შრომის კოდექსში, ასევე სხვადასხვა კანონში, მათ შორის, საწარმოთა მაკონტროლებელი სააგენტოების შესახებ კანონში; სანქციები იქნება განსასაზღვრი _ ვთვქათ, მსუბუქ დარღვევებზე რა სანქცია იქნება, ვგულისხმობ, ფულად დაჯარიმებას; უფრო მსხვილმან, არსებით და კრიტიკულ  შეუსაბამობებთან დაკავშირებით რა სანქცია იქნება. ეს ყველაფერი რამდენიმეწლიან მუშაობას მოითხოვს, რათა სრულფასოვნად ამუშავდეს შრომის ინსპექცია.

ჩვენ კი რას ვხედავთ?! _ ასოცირების ხელმოწერის შემდეგ ერთი წელი, ფაქტობრივად, დაიკარგა. ახლა წლის პირველი კვარტალი დასრულდა და ისევ ფეხის ათრევისა და გაწელვის პროცესს თვალს ვადევნებთ.

„ქრონიკა+“ ამ პრობლემატიკაზე ასევე საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის პოზიციით დაინტერესდა: 

_ საბოლოო ჯამში, გადაწყვიტეს, რომ შრომის ინსპექცია წელს არ შეიქმნება. სანამ ის ჩამოყალიბდება, გადაწყვიტეს შეექმნათ შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა. მის ფარგლებში მთავრობის დადგენილებით შრომის პირობების ინპექტირების დეპარტამენტი შეიქმნა. პათოსი ასეთია, რომ დამსაქმებლების ყურებს უნდა შეაჩვიონ ეს ახალი რეგულაციები, უნდა მოეფერონ, რათა ინვესტიცია ჯიბეში არ ჩაიდოს და ქვეყნიდან არ გაიქცეს, ამიტომ თითქოსდა შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც რეალურად მხოლოდ ქაღალდზე არსებული დადგენილებაა. მას არც ხელმძღვანელობა ჰყავს, არც შემადგენლობაა ცნობილი, არც სტაფი, ბორდი და ა. შ. მოკლედ, აბსტრაქტული მოვლენაა. უბრალოდ, არსებობს დადგენილება, რომ სამსახური შექმნილია.

_ მინისტრი აცხადებს, რომ შრომის ინსპექცია შექმნილია და ექსპერტ-სპეციალისტების მოსამზადებლად ტრენინგები იწყება…

_ ამ პროგრამაში მონაწილეობაზე უარი ვთქვით იმიტომ, რომ საქართველოს პროფკავშირების აზრით ეს თვალებში ნაცრის შეყრაა როგორც დასაქმებულებისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. არ ვიცი, მინისტრი სერგეენკო ვის გულისხმობს, როცა ამბობს, რომ შრომის ინსპექცია შექმნილია. ჩვენ, ჯერჯერობით, ფიზიკურად ვერავის ვხედავთ ამ საქმეში.

ეს პროცესი პროფკავშირის გარეშე მიმდინარეობს იმიტომ, რომ პროგრამაში არ ვმონაწილეობთ. ჩვენი მოთხოვნა აბსოლუტურად სხვა იყო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნები. რეალურად, უნდა შექმნილიყო შრომის სახელმწიფო ინსპექცია და არა რაღაც სხვა, აბსტრაქტული დატვირთვის მქონე სამსახური, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ბიზნესი ადვილად ნახულობს საერთო ენას მთავრობის ჩინოვნიკებთან და, სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები ხდება.

ეს არ არის ის, რისთვისაც ჩვენ ამდენი ხანია, ვიბრძვით. ამასთან, უარი რომ ვთქვით ამ პროგრამაში მონაწილეობაზე, ჩვენთვის კალთები არ დაუხევიათ, მაგრამ უარი ვუთხარით, `გაეპრავებინათ~ ის საქმე, რომელიც რეალურად გასაკეთებელია და ინსპექცია შესაქმნელია.

_ რამდენად არის საჭიროება, რომ დამსაქმებლების ყურებს მოეფერონ და მიაჩვიონ ახალ მოთხოვნებს?

_ თაღლითია ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ შრომის ინსპექცია, ამ სფეროში დემოკრატიული რეგულაციები, ბიზნესს დააზარალებს და ცუდ დღეში ჩააგდებსო. ბიზნესს არანაირად არ დააფრთხობს კარგად, წესიერად ორგანიზებული და დარეგულირებული შრომის კანონმდებლობა. პირიქით, ჩვენ გამოცდილება უნდა გავიზიაროთ იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც ეს გზა გაიარეს და დღემდე წარმატებით მოვიდნენ.

ავიღოთ, მაგალითად, ჩვენი მეზობელი თურქეთის მაგალითები. ჩადით და ნახეთ იქაური საწარმოები, ადგილზე დაათვალიერეთ. თურქეთი ცნობილია იმით, რომ თუ ევროპაში რამე ბრენდი არსებობს, მწარმოებლებს პროცესი თურქეთში გადმოაქვთ. იქ შედარებით იაფი მუშახელია, მაგრამ ვერსად, ვერც ერთ ქარხანაში ვერ ნახავთ რამე უწესრიგობას! ვენტილაცია უმაღლეს დონეზეა მოწესრიგებული, დისციპლინა, სისუფთავე, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებები! შრომის კოდექსი გაცილებით მკაცრია, ვიდრე ეს ჩვენთანაა. ამას ბიზესი სულაც არ შეუშინებია და ბიზნესმენებს სულაც არ უფიქრიათ, რომ ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ. ამაზე აპელირება არის სისულელე და სიცრუა, მეტი არაფერი.

უფრო ცუდი, თუ ეს მიზანდასახულად ხდება, რადგან ამას იქამდე მივყავართ, რომ ბიზნესებში თვითონ მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ეს მთავრობის წარმომადგენლები, უბრალოდ, თავიანთ ბიზნესებს ლობირებენ იმით, რომ საზოგადოების ყურებს აჩვევენ, რომ აი, თუ ჩვენ ახლა შრომით სფეროში რამეს გავამკაცრებთ, ამით ბიზნესი დაფრთხებაო. საკუთარ თავს გულისხმობენ, არ სურთ, საკუთარ ბიზნესებს ზედმეტი ხარჯი ჰქონდეს.

მაგალითად, ხარჯს რაც შეეხება _ უსაფრთხოების დოკუმენტაციით, აუცილებელია, საწარმოებში იყოს ცეცხლმაქრები. ეს ცეცხლმაქრები ფული ღირს და რატომ იყიდოს, როცა შეიძლება, რომ არ შეიძინოს? ამიტომ სიცრუე და მიზანდასახული თაღლითობაა, რომ თურმე რეგულაცია ბიზნესს დააფრთხობს.

შრომის ინსპექცია არსებობს ყველა ქვეყანაში და არ არსებობს საქართველოში, თუ მეზობელ სომხეთს არ ჩავთვლით.

_ ამ სამსახურმა და, საერთოდ, შრომის ინსპექციამ რა პრობლემები უნდა დაარეგულიროს, რა თანამედროვე მოთხოვნებს უნდა უპასუხოს, მათ შორის, კონკრეტულად თქვენს სფეროში?

_ ახლანდელ სამსახურს არ ექნება სანქცირების, დაჯარიმების უფლება, ეს არის მონიტორინგის ორგანო, რომელიც საწარმოებს შეამოწმებს. პროგრამა ითვალისწინებს, რომ თვითონ აარჩევენ ორმოცდაათ ქარხანას და მას შეამოწმებენ, მერე დადებენ დასკვნას. ალბათ, ხვდებით, ისეთ ქარხანას შეარჩევენ, რომელიც ნამდვილად არ იქნება ქვანახშირის მომპოვებელი საწარმო, მეტალურგიული ქარხანა და მისთანები. სამაგიეროდ, იქნება ფარმაცევტული, შოკოლადის და მსგავსი ქარხანა, სადაც ნაკლებია საფრთხეები და რისკები. მერე გამოაცხობენ დასკვნას, სადაც დაწერენ: ამ პროგრამის ფარგლებში დეპარტამენტმა შეამოწმა რაღაც ობიექტები და აღმოჩნდა, რომ ყველგან სისუფთავეა და პროცესი მაქსიმალურად შეესაბამება სტანდარტებს. უბრალოდ, ეს იქნება მოჩვენებითი საქმიანობა, რომ გარკვეული კონტროლი მიმდინარეობს.

მაგალითად, ეკონომიკის სამინისტროში ახლა არის ძველი შრომის ინსპექციის ნარჩენი ორგანო (ადრე სამშენებლო-ტექნიკური ინსპექცია ერქვა) და ახლა ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია ჰქვია, რომელსაც შეზღუდული უფლებები აქვს, ყველაფრის შემოწმების უფლება არ აქვს. ეს ხდება მომატებული საფრთხის ობიექტებში და იქაც ყველაფრის გაკონტროლება არ შეუძლია.

ჩვენმა ტექნიკურმა ინსპექტორებმა კანონებში, დოკუმენტაციაში იპოვეს დათქმები, რის მიხედვითაც ავდექით და მოთხოვნები დავაყენეთ. მას შემდეგ, რაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექცია უარს აცხადებდა, რომ პროფკავშირის შრომის ტექნიკურ ინსპექციას ქარხანაში ამწემექანიზმები შეემოწმებინა, ავდექით და ამ ორგანოს მივმართეთ.  მიმართვიანობის შემდეგ ვალდებულია, შევიდეს და შეამოწმოს დაწესებულება. მართლაც, შევიდა, შეამოწმა და ამწემექანიზმებზე სტანდარტებთან 160 შეუსაბამობა აღმოაჩინა. უფრო სწორად, 160 არსებითი შეუსაბამობა და 4 კრიტიკული უწესრიგობა, რომელიც სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი.

წარმოიდგინეთ, ასეთივე მდგომარეობა იქნება აბსოლუტურად ყველა საწარმოში. ამ მდგომარეობას პოტენციისგან დაცლილი რაღაც სტრუქტურა კი არ სჭირდება, პირიქით, სახელმწიფო ინსპექცია, რომელიც თავის საქმეში შეუვალი და ისეთი პროფესიონალებით დაკომპლექტებული იქნება, რომ რაც შეიძლება ქმედითი კონტროლი განახორციელოს საწარმოებზე.

მეორეც, გარდა შრომის ტექნიკური საკითხებისა, საფრთხეებისა და რისკებისა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის, არსებობს მეორე მომენტი _ ეს არის შრომის პირობები. მაგალითად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებული არ აქვს შრომის საერთაშორისო ორანიზაციის 176-ე კონვენცია. ის გვირაბებსა და მაღაროებზე დამსაქმებლებისთვის აწესებს ვალდებულებებს შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი მთავრობა აგერ უკვე მერამდენე წელია, თავს იკავებს ამ კონვენციის რატიფიცირებისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო _ ბიზნესს შეეშინდება და გაიქცევაო. არ ვიცი, ეს რა ტიპის დამოკიდებულებაა, მაგრამ ნახეთ, სადამდე დაიყვანეს ჩვენი სტანდარტი?! რეალურად მომატებულ სიკვდილიანობაზე, დასახიჩრებაზე ვსაუბრობთ. რატომ არ უნდა იყოს კარგ მდგომრეობაში ის ოთახები, შენობები, რომელშიც მაღაროელს მუშაობა უწევს? რატომ უნდა იყოს ჩამოტყავებული კედელი, რატომ არ უნდა ჰქონდეს გარემონტების ვალდებულება დამსაქმებელს? რატომ უნდა მიწევდეს ბინძურ გარემოში მუშაობა, სადაც უარყოფითი ემოციებით იტვირთები? მთელ შენ სამუშაო დროს 400 მეტრის მიწისქვეშ სიღრმეზე ატარებ და იქიდან რომ ამოდიხარ, უკეთესი პირობები არც მიწის ზემოთ გხვდება!

მაგალითად, ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაციულ კორპუსში, უბრალოდ, შეგეცოდებათ მეშახტეები, ისეთ გაუსაძლის მდგომარეობაშია ეს შენობა! სადაც იცვლიან, ბანაობენ, სადილობენ _ საშინელი პირობებია.

_ ამ ფონის გათვალისწინებით, რა ეტაპზე ელით ნორმალური ფუნქციის მქონე შრომის სახელმწიფო ინსპექციის ამოქმედებას?

_ ვფიქრობ, ამ საკითხის გადაწყვეტა საზოგადოების ბრძოლაზე არის დამოკიდებული. თუ ჩვენ, საზოგადოებამ, დასაქმებულმა პირებმა არ ვიბრძოლეთ ამისთვის, ძნელი იქნება ნებისმიერი რამის მიღწევა, რაც შრომას უკავშირდება. დამსაქმებლის ინტერესია, რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს და ნაკლები დანახარჯი ჰქონდეს, თუნდაც, აუცილებელი. ასევე, დიდი ბრძოლა გვმართებს, რომ ჩვენი კუთვნილი უფლებები არ წაგვართვან, რადგან ეს პროცესი უკვე დაწყებულია _ ადამიანებს უკვე ართმევენ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და საშუალებებს. დამსაქმებლები ცდილობენ, რომ დასაქმებულებს წაართვან კოლექტიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობის უფლება, პროფკავშირის წევრობის უფლება, გაფიცვის უფლება და ა. შ.

ამიტომ ძალიან დიდი ბრძოლის გადატანა და სოლიდარობის გამოხატვა მოგვიწევს კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისთვის. სხვანაირად გამოსავალს ვერ ვხედავ.

 

                                                                                     გელა მამულაშვილი