მოითხოვს თუ არა მოსკოვი გიუმრისთან დამაკავშირებელი დერეფნის გახსნას?!

sheqmn

 

სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთმა შეიძლება კავკასიაში თავისი ზეწოლა გააძლიეროს. პირველ რიგში საქართველოზეა საუბარი. ელოდებიან, რომ მოსკოვი საქართველოსგან გიუმრისთან დამაკავშირებელი დერეფნის გახსნას მოითხოვს.

ამ დერეფნის არსებობას რუსეთისთვის დღეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს: მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი პირდაპირი კავშირი სომხეთთან, აქედან კი ირანი ერთი ხელის გაწვდენაზეა. სწორედ ირანამდე მიღწევაა დღეს რუსეთის სტრატეგიული ამოცანა და ამ ამოცანის განხორციელების მცდელობას შეიძლება საქართველოში და მთლიანად რეგიონში საბრძოლო მოქმედებების განახლებაც კი მოჰყვეს. საქმე ის არის, რომ დასავლეთმა და ირანმა რუსეთის სურვილების საწინააღმდეგოდ, მოახერხეს და გამონახეს საერთო ენა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ შორის მიღწეული მოლაპარაკების საფუძველზე ირანს ურანის გამდიდრებაზე მუშაობა, ასევე მარაგების მოპოვება გარკვეული ვადით შეეზღუდება. აღარ იმუშავებს, ფაქტობრივად, არც ერთი ატომური ობიექტი, ხოლო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის თქმით, ირანი ასევე დასთანხმდა, 15 წლით შეაჩეროს ურანის გამამდიდრებელი მიწისქვეშა ქარხნის _ „ფორდოუს“ მუშაობა. ერთი შეხედვით, თითქოსდა მორიგი ნიუსია და მეტი არაფერი, მაგრამ სწორედ ის ნიუსია, რამაც, წესით და რიგით, რეგიონში ჯერ რუსეთის გაღიზიანება, მერე კი გააქტიურება უნდა გამოიწვიოს. რადგან ეს ნიშნავს, რომ, მოსკოვის სურვილის მიუხედავად, ბოლოს და ბოლოს, ირანმა და „ექვსეულის“ ლიდერებმა თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს და აქედან გამომდინარე ამერიკასა და ევროპას გარკვეული პერიოდი აღარ ექნება იმის შიში, რომ თეირანმა შეიძლება ბირთვული ბომბი დაამზადოს, სამაგიეროდ კი, საბოლოო ხელშეკრულების მიხედვით, ევროკავშირი და აშშ დასთანხმდნენ, კაბალური ეკონომიკური სანქციები მოუხსნან ირანს, როგორც კი ის, თავის მხრივ,  შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას დაიწყებს.

„მივაღწიეთ შეთანხმებას, რაც ძალიან კარგია ირანისთვის და მზად ვართ საბოლოო ხელშეკრულების დრაფტის მოსამზადებლად“, _ აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი. მოკლედ, ლოზანაში რვადღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად მიღებული ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება პირველი სერიოზული ნაბიჯია იმ საბოლოო შეთანხმებისკენ, რომლის მიღწევას ირანი და „ექვსეული“ ივნისის ბოლოსთვის ვარაუდობენ. ასე რომ, დასავლეთი წინასწარ ზეიმობს, _ გამდიდრებული ურანი ხომ ბირთვული იარაღის დამზადებისთვის გამოიყენება, რის თავიდან არიდებასაც ეს შეთანხმება ემსახურება. ნაკლებად გამდიდრებულ ურანს ატომური ელექტროსადგურები იყენებენ. ირანი ყოველთვის ირწმუნებოდა, რომ მათი ატომური სადგურები მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის მიღებას ემსახურებოდა და არა ატომური იარაღის დამზადებას. სხვათა შორის, ეს შეთანხმება წარმოუდგენელი ემოციურობით აღნიშნეს თვითონ ირანშიც. თეირანი ზეიმობს, ხალხი ქუჩებში ცეკვავს და ტკბილეულს არიგებს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ასახულია ირანელი ქალების მსვლელობა შეძახილებით: „მადლობა, როუჰანი!“ ივნისამდე კი არც ისე შორია და ეჭვი არავის ეპარება, რომ საბოლოო ხელშეკრულების დადებას ვერაფერი დააბრკოლებს. მეორე მხრივ, სწორედ ივნისამდე აქვს მოსკოვს ვადა, რომ ეს მოლაპარაკება არ შედგეს. პირველ რიგში მსგავსი სურვილების შესრულება დიპლომატიური გზით ხდება ხოლმე, ანუ რუსეთი ყველანაირად შეეცდება, ირანს ხელმოწერა გადაათქმევინოს. დიპლომატიური მოლაპარაკება კი გაცილებით ნაყოფიერია მაშინ, როცა მოლაპარაკება ძალის დემონსტრირებისა და იარაღის ჟღარუნის ფონზე მიმდინარეობს. ამიტომ აქვს რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა საქართველოზე დერეფნის გაჭრას და სომხეთის გავლით ირანამდე მიღწევას.

ალბათ, ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო იმისათვის, თუ რისი ეშინია რუსეთს. ენერგომატარებლებზე ფასების დაგდებამ დიდი დარტყმა მიაყენა მის ეკონომიკას, ამას ახლა ირანის ენერგომატარებლებიც თუ დაემატა, რომელიც გაიაფების პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს, ეს კიდევ ერთი ლურსმნის მიჭედების ტოლფასი იქნება რუსეთისთვის განკუთვნილ კუბოზე. ყველა ამ არგუმენტიდან გამომდინარე, ივნისამდე საქართველოში მდგომარეობის გამწვავებას უნდა ველოდოთ. ასეთია არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი ექსპერტების ვარაუდიც. ცხადია, საქართველო ნებაყოფლობით არ მისცემს დერეფანს რუსეთს, რომელიც შეეცდება, ეს დერეფანი ძალის გამოყენებით შექმნას. ამიტომ დასავლეთის მთავარი ამოცანა დღეს საქართველოს გვერდში დგომაა, _ ეს სიტყვები ცნობილ პოლიტოლოგს ზბიგნევ ბჟეზინსკის ეკუთვნის, რომელმაც ეს განცხადება ბრიუსელში, მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე გააკეთა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში უკრაინისა და საქართველოს მდგომარეობაზე საუბარს საკმაოდ დიდი დრო დაუთმო: „ამ კონფლიქტების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი იქნება გამბედავი, ერთიანი და იმოქმედებს ზუსტად ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთის გარშემო არსებულ სიტუაციაში“. მოგეხსენებათ, როცა დასავლეთმა მოინდომა და ფინეთს სამხედრო მხარდაჭერა გამოუცხადა, სტალინის საბჭოთა კავშირმაც კი ვერ შეძლო ამ პატარა ქვეყნის გადაყლაპვა. იგივეს გამეორებას ითხოვს ბჟეზინსკი დღეს და აგრძელებს აზრს, რომ უკრაინა და საქართველო კიდევ უფრო უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირსა და ნატოს, ამასთან ერთად კი სისტემატურად უნდა მოხდეს რუსეთის სრული კომპრომეტირება და მან უკან უნდა დაიხიოს. სხვათა შორის, ბჟეზინსკიმ ხაზი გაუსვა, რომ თუ საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივა, დასავლეთი მოიპოვებს უპირატესობას, მაგრამ მისი შედეგები იქნება ძალიან სერიოზული. ამერიკელმა პოლიტოლოგმა იდეაც წამოაყენა, რომ მსგავსი კოფლიქტები, უმჯობესია, გაიყინოს.

თუმცა ასე არ ფიქრობენ ამერიკაში. აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში კონფლიქტების გაყინვა, პირველ რიგში, რუსეთის ინტერესებში შედის, ეს კი უკვე ვაშინგტონის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამიტომაც ბარაკ ობამას გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას არა მარტო ლეტალური იარაღით დაეხმარებიან, არამედ საჭიროების შემთხვევაში კონფლიქტში ამერიკელი სამხედროებიც ჩაერთვებიან როგორც უკრაინაში, ასევე მოლდოვასა და საქართველოში. ამის გაკეთების სამართლებრივ საფუძველს ამერიკის შეერთებულ შტატებს აძლევს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავის სტრატეგიულ მოკავშირეებად გამოცხადება. ერთი სიტყვით, ამერიკა, ევროპისაგან განსხვავებით, შეუვალია და რუსეთთან საქმის გარკვევის ბოლომდე მიყვანას მოითხოვს. ასეთივე განწყობაა რუსეთის მეზობელ პოსტსაბჭოურ ქვეყნებშიც. რამდენიმე დღის წინათ საინტერესო განცხადება გააკეთა ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, კაუნასში სამხედრო სასწავლებლის კურსანტებთან შეხვედრის დროს, რომ ლიტვა და ბალტიის სხვა ქვეყნები მზად უნდა იყვნენ თავდაცვისთვის და არ უნდა ელოდონ ნატოსა და სხვა სახელმწიფოებისგან დახმარებას: „დღეს თავისუფლების შენარჩუნება კიდევ ერთხელ რეალურ პრობლემას წარმოადგენს და აძლიერებს ჩვენს ერთობას და სურვილს ვემსახუროთ, ლიტვას“, _ უთხრა მომავალ ოფიცრებს  პრეზიდენტმა და არც ის დამალა, რომ თუ ბალტიის ქვეყნები არ იქნებიან მზად საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად, მათ არავინ დაეხმარება(!!!).

„ჩვენ არ შეგვიძლია, მაგალითად, გერმანელებს ვუთხრათ, მოვიდნენ და დაიცვან ლიტვა და ლატვია, თუ ჩვენი ხალხი არ იქნება მზად საკუთარი ქვეყნის დასაცავად“, _ აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ. ასეთი განწყობაა დღეს ბალტიისპირეთში. ისე, არც ჩვენ გვაწყენდა მსგავსი დამოკიდებულება მოვლენებისა და რეალობების მიმართ. დროა მივხვდეთ, რომ საკუთარი მომავლის შესაქმნელად ჩვენ თვითონვე უნდა ვინებოთ და თავი შევიწუხოთ. მოცემულ სიტუაციაში ეს არმიის გაძლერებაზე აქცენტების გადატანას ნიშნავს. დიახ, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო, ბოლო პერიოდში, ბალტიის ქვეყნებშიც კი, არსებულ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ. ლიტვის მთავრობამ თავდაცვის გაძლიერებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და გაიზარდა თავდაცვის ბიუჯეტი. შეგახსენებთ, საუბარია ნატოს წევრ ქვეყნებზე. ჩვენ კი წევრებიც არ ვართ და, აქედან გამომდინარე, არც იმის ფუფუნება გვაქვს, მარტო ფრანსუა ოლანდისა, თუ ანგელა მერკელის იმედად ვიყოთ და ჩვენ კი არაფერი გავაკეთოთ. არადა, ის სიტუაციაა, როცა უმოქმედობა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. იგივე ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი, პოლონურ გამოცემა „გაზეტა პრავნასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყურადღებას ამახვილებს რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობის პრობლემებზე, განსაკუთრებით კი რუსეთის როლზე უკრაინის კრიზისში და მოსკოვის პერსპექტიულ გეგმებზე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მიმართ. იგი ამტკიცებს, რომ თუკი დასავლეთი უკრაინას მიატოვებს და მას რუსეთს მიუგდებს, ამ ომში მიღწეული წარმატება ვლადიმირ პუტინს ძალიან იოლ გამარჯვებად მოეჩვენება და ახალ სიმაღლეებზე გასვლას მოინდომებს. ამიტომ რუსეთმა შეიძლება ომი დაიწყოს მოლდოვას, საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების შემდეგ უკვე პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ჯერი დადგება _ რუსეთის არმია იქაც შეიჭრება. ერთი სიტყვით, არის იმის ნიშნები, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება, ამიტომაც ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის შეშფოთება რუსეთის შესაძლო თავდასხმის გამო სრულიად მართებულია. ერთი სიტყვით, რთული სიტუაციაა. „ქრონიკა+“ არაერთხელ წერდა, რა შედის პუტინის გეგმებში. ექსპერტთა აზრით, თანამედროვე რუსეთმა შეიძლება გაიმეოროს საბჭოთა კავშირის წითელი არმიის მიერ 1940 წელს განხორციელებული სცენარი ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაციის თაობაზე, რომლის შედეგადაც სამივე რესპუბლიკაში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა. რიგის, ვილნიუსისა და ტალინის დაპყრობის შემდეგ რუსეთმა შეიძლება პოლონეთზე შეტევა დაიწყოს. თავისთავად ცხადია, რუსეთი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი ურჩ საქართველოსა და უკრაინას „მოუგვარებს“ საქმეს. როგორც ჩანს, მოსკოვი უკიდურესი ზომების მიღებასაც არ მოერიდება. მაგალითად, ყირიმის ანექსიის წლისთავის ზეიმის დროს მოსკოვში გამართულ მრავალრიცხოვან მიტინგზე, რომელშიც ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობდა, გაისმა ასეთი ხმები: „შემდეგი ფინეთი და პოლონეთია!“ რასაკვირველია, ამ წამოძახილებიდან გადაჭარბებული დასკვნები არ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ისტორიიდან ხომ ცნობილია, რომ ორივე ქვეყანა რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა, და რა იცი, როგორ გაეზრდება რუსეთს მადა, თუკი უკრაინა და საქართველო უპრობლემოდ მოინელა? დიახ, წარსულის რეალობაა, რომ ადრე ბალტიისპირეთიც რუსული პროვინცია იყო და პოლონეთიც რუსი ადამიანის მეხსიერებაში ჯერ კიდევ მყარად არის შემორჩენილი. ჰოდა, თუკი საქართველო და უკრაინა დააჩოქა, ამის მერე, ალბათ, რუსებს მადა გაეხსნებათ. სხვანაირად რომ ვთქვა, დასავლეთისთვის აუცილებელია, საქართველო-უკრაინის ჩაყლაპვა არ დაუშვან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო ლუკმა შეიძლება თვითონ აღმოჩნდეს. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ამერიკაში გაცილებით უკეთ ესმით, ვიდრე ევროპაში. ამიტომაც აცხადებს ობამას ადმინისტრაცია, რომ რუსეთთან მიმართებით ბოლომდე შეუვალი იქნება და უკან არასოდეს დაიხევს. სწორედ ვაშინგტონის მხარდაჭერით სამხედრო პოტენციალის გაძლიერების სამუშაოები მიმდინარეობს ამჯერად პოლონეთშიც. სადაც კეთდება შესაბამისი განცხადებები, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ თავისი არმია უნდა გააძლიეროს და შეიარაღებული ძალების მოდერნიზება განახორციელოს. ამ საქმეში პოლონეთს უპირატესად მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, მას ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება. სხვათა შორის,  პოლონეთი თავისი სამხედრო პოტენციალით და მრავალრიცხოვანი მოსახლეობით სრულიად განსხვავდება ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან, რომლებიც სუსტნი არიან და სანამ დახმარებას მიიღებენ, აგრესიისგან თავის დაცვა არ შეუძლიათ. ასე რომ, ყველაფერი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. აღმოსავლეთ ევროპისა და, ზოგადად, მთელი მსოფლიოს მომავალი ბედი უკრაინის მოვლენებზეა დამოკიდებული _ გაუძლებს თუ არა კიევი მოსკოვის ზეწოლას? დადებითი პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი დასავლეთი უკრაინის არმიას ძლიერი და თანამედროვე იარაღით დაეხმარება. ამავე დროს, მართალია, უკრაინის ნატოში მიღების საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია, მეტიც, როგორც უკვე მიიჩნევენ, ნატოში უკრაინის მიღება შეიძლება მავნეც კი იყოს და, პრინციპში, არც არის საჭირო. თუკი საქართველოსა და უკრაინის პარტნიორი ამერიკა იქნება, ნატოში შესვლაზე ვენების გადაჭრა აღარც კი ღირს. გეოგრაფიულ რუკაზე არიან საკმაოდ ძლიერი ქვეყნები, რომლებიც ნატოს ალიანსის გარეშე არსებობენ და არც არანაირი პრობლემა აქვთ.

წინ საინტერესო და რთული პროცესები გველის. ივნისის დადგომამდე, იმედია, ნებისმიერი სახის ზეწოლას გავუძლებთ და რუსეთს მორიგი სამხედრო ავანტიურის განხორციელების საშუალებას არ მივცემთ. ჩვენი კოზირი ამ საქმეში ამერიკელი პარტნიორების გულწრფელი მხარდაჭერაა. ახლა მთავარია, ჩვენმა ხელისუფლებამაც გადადგას ადეკვატური ნაბიჯები და ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებაზე თვითონაც იზრუნოს.

 

                                                                                   დავით დევიძე