საქართველოში ქონების გადანაწილების კრიმინალურ-კლანური ომი დაიწყო?!

daaxlis

რამდენიმე ნომრის წინ „ქრონიკა+“ ფულის გათეთრების მანკიერ სისტემაზე წერდა. ჩემმა რესპონდენტმა, „სამართლისა და ბიზნესის საკონსულტანციო კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი რურუამ, მაშინ გაშიფრა სქემა, თუ როგორ ათეთრებენ ფულს გარკვეული კლანები მსხვილი ტენდერების საშუალებით და როგორ იძენენ ამ გზით უზარმაზარ ქონებასა, თუ კლანურ კეთილდღეობას. ამ კეთილდღეობას კი, როგორც ჩანს, დროდადრო საფრთხე ემუქრება _ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ქონების ხელახალი გადანაწილებისთვის ბრძოლაში უწევს ხოლმე ჩაბმა. ასეთი დაპირისპირებები, ძირითადად, მაშინ იწყება, როცა ხელისუფლებაში ახალი ძალა მოდის, რომელიც, პოლიტიკური ძალაუფლების ხელში აღებასთან ერთად ცდილობს, ის ნაკადებიც გააკონტროლოს, საიდანაც ხსენებული კლანები იკვებებიან. ეს კი ძალიან მტკივნეული პროცესია _ დიდ ფულში ვნებებიც დიდია. ფინანსური კლანების ჩანაცვლების სურვილს ყოველთვის მსხვერპლი და სისხლი მოსდევს ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, გიორგი რურუა „ქრონკა+“-თან საუბრისას სწორედ ასე მიიჩნევს და ამბობს, რომ ამჟამად სწორედ კლანური დაპირისპირების პერიოდი დადგა საქართველოში.

 

გიორგი რურუა:

_ სამწუხაროა, მაგრამ ქვეყანაში დაიწყო ქონების ხელახალი გადანაწილების ახალი კრიმინალური ეპოქა. თქვენი გაზეთის ერთ-ერთ წინა ნომერში დაბეჭდილ სტატიას, რაც ეხმაურება რამდენიმე დღის წინათ მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას _ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის ლიკვიდაციის ფაქტს ვგულისხმობ! წინა ინტერვიუში ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკისა და ბიზნესის გადაჯაჭვულობაზე. ასეთი ტიპის ურთიერთკავშირის შედეგი არის ყოველთვის მხოლოდ ერთი: სახელისუფლებო ცვლილებების დროს გაჩენილი ინტერესთა კონფლიქტი და პარტნიორის ჩამოშორების სურვილი ბიზნესწილებიდან. ზემოაღნიშნულის საფუძველზე ღიად ვაცხადებ, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ქვეყანაში დეკლარირებულ მაფიასთან, რა დროსაც რთულია თავისუფალი მეწარმეობა. საქმე ის არის, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან გარკვეული დროის შემდეგ ხდება ხოლმე გარიგების პროცესი გარკვეულ ფინანსურ დაჯგუფებებთან, რის შემდეგაც ამ დაჯგუფებებში ახალ სახეებს სვამენ, ანუ წილს იღებენ, სამაგიეროდ ხელშეუხებლობას მოიპოვებენ კლანის წევრები, რომლებმაც თავიანთი ფინანსები კრიმინალური გზით დააგროვეს.

_ არადა, ამ მანკიერი სისტემის მოშლის დაპირებით მოდის ყოველთვის ახალი ხელისუფლება.

_ სამწუხაროდ, ასეა. დღეისთვის ყველაზე აქტუალურ თემას შევეხოთ: განხილვის ობიექტი _ ბესო ხარძიანზე განხორციელებული ვენდეტა და მისი ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი, გიორგი უდესიანი.

ნახეთ, ვინ არის გია უდესიანი? _ ეს გახლავთ მისი კომპანიებისა და ბიზნესწილების ჩამონათვალი, რომელიც საკმაოდ ვრცელია, მაგრამ მაპატიოს მკითხველმა და სრულად მოგაწვდით, რადგან ასე უფრო ადვილი იქნება გავარკვიოთ, თუ რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე.

_ ყურადღებით გისმენთ…

 

 გიორგი უდესიანი. წილები და კომპანიები:

შპს „სლაიდი“ _ ვაკის რ-ნი, გაბაშვილის #5, 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი უდესიანი;

შპს „მუზარადი“ _ გლდანის რ-ნი, მშვიდობის #105ა, 50% _ გიორგი უდესიანი, 50% _ ლინგიროზ ჭელიძე;

შპს „ჯეონიქს“ _ პეკინის #41, 25% _ გიორგი უდესიანი, 25% _ ამანოლა ალინეჟადი, ირანი, 25% _ მოჰამად ბაყერ ქერმანი, ირანი, 5% _ ალი რაფიი, ირანი, 10% _ ამირჰოსეინ ალინეჟად, ირანი, 10% _ მოჰამადრება ქერმანი, ირანი;

შპს „Elif  Vato Motor Corporation_  თამარაშვილის #13, 16% _ გიორგი უდესიანი, 16% _ დავით კაკაბაძე, 16% _ აკიფ სადიგბადე, აზერბაიჯანი, 2% _ ემილ ალიევი, აზერბაიჯანი, 50% _ სეიმერ მახირ მამედოვი, აზერბაიჯანი;

შპს „ორჯეო გრუპ“ _ საბურთალო, პეკინის #41, 33% _ მოჰამად ბაყერ ქერმანი, ირანი, 34% _ ამანოლა ალინეჟადი, ირანი, 33% _ გიორგი უდესიანი;

შპს „Public Financial Union“ _ ზაჰესი, მშვიდობის #105, 34% _ აკიფ სადიგბადე, აზერბაიჯანი, 33% _ გიორგი უდესიანი, 33% _ დავით კაკაბაძე, რუსეთი;

შპს „ჯორჯიან იუნაითიდ კომპან“ – თამარაშვილის #13, 100% _ გიორგი უდესიანი;

შპს „ავტოჰაუსი რუსთავი 2011“ _ გლდანის რაიონი, ზაჰესი, მშვიდობის #105, 50% _ გიორგი უდესიანი, 50% _ დავით ხამაშურიძე;

ოფიციალურად წილი გაასხვისა „ტრეიფორს ჰოლდინგ პანამაზე“;

შპს „უნუმეხ პოვერ სისტემ გეორგია“ _ თამარაშვილის #13, 19% _ მაკა ძაძამია, 51% _ გიორგი უდესიანი, 30% _ ჰაშეშ თეიმურბადე ხოიე, დიდი ბრიტანეთი;

შპს „საფირან თრეველ გეორგია“ – თამარაშვილის #13, 35% _ გიორგი უდესიანი, 15% _ აკიფ სადიგბადე, აზერბაიჯანი, 50% _ ალი პოლატ, თურქეთი;

შპს „კუს ტბა კალა“ _ ვაკის რაიონი, კუს ტბა, 7% _ ვახტანგ კიკაბიძე, 9% _ გიორგი უდესიანი, 15% _ ოლგა ხიხლოვსკა, 11% _ მარინა მგალობლიშვილი, 10% _ ზაზა გუგავა, 5% _ „arwensToun menejment limited“, სეიშელის კუნძულები, 43% _ საზოგადოება „უოლმილ სერვისი“, პანამა.

_ შთამბეჭდავია!

_ გეთანხმებით! ერთი ადამიანისთვის მეტისმეტად ბევრია. ამ საკითხს უფრო დაწვრილებით ქვემოთ დავუბრუნდეთ. მანამდე მინდა, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ბესო ხარძიანის საქმეზე: იმის გამო, რომ ამ საქმეზე ხელთ არ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები და ფაქტები მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ, შევეცდები, რომ დავალაგო საჯაროდ ცნობილი ფაქტები და ცნობები ჭეშმარიტი ანალიზისთვის. საქმე ეხება კუს ტბის შპს „კუს ტბა კალას“ _ ვაკის რაიონი. „კუს ტბის“ ტერიტორიის ბიზნესწილების საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ყურადღება უნდა მიექცეს ზემოთ მოტანილ შემდეგ ორ მეწილეს: 5%-იან „arwensToun menejment limited“, სეიშელის კუნძულებს და 43%-იან _ საზოგადოება „უოლმილ სერვისს“, პანამა.

სეიშელის კუნძულები და პანამა ყველასთვის კარგად ცნობილი ოფშორული ზონაა, საიდანაც არ ჟონავს ინფორმაცია, ხოლო ბოსი რჩება ინკოგნიტოდ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ოლიგარქიული მმართვის სისტემას ბიზნესში, რათა მაფია და მაფიოზური კლანი დარჩეს შეუმჩნეველი. მაფიის ბოსი კომპანიას არეგისტრირებს მსგავსი ტიპის რომელიმე კუნძულზე, რომ თვითონ არ გამოჩნდეს, იძენს პოტენციურ პარტნიორებს, ვისი მეშვეობითაც აკონტროლებს თავის ბიზნესს, აკონტროლებს ასევე ბიზნესპარტნიორებს, შემდეგ საქმეში რთავს მეტ-ნაკლებად ცნობილ ადამიანებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან ხელისუფლების შტოებთან თუ საზოგადოების გარკვეულ ფენებთან. ამ მეთოდით მაფიის ბოსი „აპრავებს“ ნებისმიერ ბიზნესს სახელმწიფოში, ქმნის მონოპოლიას, მონოპოლიურ გარემოს, სადაც ცხვირის შეყოფაც კი მათი ნებისგან დამოუკიდებლად ნებისმიერს ძვირი უჯდება, რადგან ამ დროს იქმნება საშიშროება მაფიოზური ჯგუფის დაშლისა და ბიზნესწილების დაკარგვისა _ რისი პირდაპირი მსხვერპლიც გახდა ბესო ხარძიანი. თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ერთ დეტალს _ გია უდესიანი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს „კუს ტბა კალას“ ბიზნესში ფლობს არცთუ ისე დიდ წილს. მისი წილი შედგება 9%-ისგან, ხოლო 43%-ს ფლობს საზოგადოება „უოლმილ სერვისი“, პანამა,

ეს ორი რომ შევკრიბოთ, უდრის 57%-ს, ანუ მმართვის სადავეების უპირობოდ ფლობა ერთი კონკრეტული ადამიანის ხელშია! ამ შემთხვევაში 43%-იანი წილის მფლობელის _ საზოგადოება „უოლმილ სერვისის“ _ პანამის, ზურგს უკან მდგომი პიროვნების.

_ რომლის ვინაობასაც, ალბათ, ვერასოდეს გავიგებთ!

_ სამაგიეროდ, ამ სქემის განხილვის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, ვინ არის გია უდესიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ცნობილი იყო, როგორც ზონდერ ჯგუფების ხელმძღვანელი და „ნაცების“ დამხმარე სამაშველო ძალა, რომლის ბიჭების ჩართვა ხდებოდა მასობრივი გამოსვლების დროს მიტინგების დასაშლელად და საზოგადოების დასარბევად. შეუძლებელია იყო უნიჭიერესი ბიზნესმენი, დაკავებული იყო ამხელა საქმიანობით და ამავდროულად იყო ზონდერმეთაური და აქციების დამრბევი. აქ სხვა გარემოებასთან გვაქვს საქმე: სინამდვილეში, გია უდესიანი, რომელსაც მოსხმული აქვს ბიზნესმენის მანტია, არის პაიკი, რომელიც ემსახურება დიდ ინტერესებს, კლანის გაძლიერებას, შავი საქმეების ორგანიზებასა და დავალებების გაცემას დაბალ დონეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ გია უდესიანი არ მართავს, არამედ იმართება მაღალი დონიდან. იგი იღებს შეკვეთას, რაც შემდგომში სრულდება დაბალ დონეზე.

_ სწორედ ზედა ფენა რჩება უხილავი. კონკრეტულ სახეებს ვგულისხმობ, თორემ ზედა ფენაში ვინც მოღვაწეობს, ყველამ კარგად იცის.

_ მეტსაც გეტყვით: რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელებში  საინფორმაციო წყაროს მეშვეობით გავრცელდა გრძელი სია, სადაც ჩამოთვლილი იყო ყველა ის პირი, ვისაც აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი. ჩემდა გასაოცრად, რაც საკუთარი თვალით ვნახე, სიაში ეწერა გია უდესიანი, რომელმაც ძალიან დიდი ეჭვი გამიჩინა. რისთვის სჭირდებოდა გია უდესიანს ივანიშვილისგან დაფინანსება, ან საერთოდ რა საერთო აქვს გია უდესიანსა და ივანიშვილს? ბევრი შეკითხვა არსებობს. სხვათა შორის, ყველაფრის გარკვევაა შესაძლებელი, თუკი ამის ნება იქნება. ვისგან იღებს შეკვეთას გია უდესიანი, ამას მთავარი პროკურატურა ძალიან ადვილად გაარკვევს, თუ მას დაიბარებენ საგამოძიებო ორგანოები და აღნიშნულის თაობაზე გამოჰკითხავენ. მით უმეტეს, ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებითაც ახსენეს. უდანაშაულობის პრეზუმპციის გათვალისწინებით ჩვენგან იმის თქმა _ არის თუ არა ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეში გარეული _ არასწორია. თუმცა იურისტის გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ იგი გახლავთ ამ საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიბარონ სამართალდამცველ ორგანოებში.

_ ფიქრობთ, რომ უდესიანი შეიძლება უკავშირდებოდეს ხარძიანის საქმეს?

_ ჩემი ვარაუდით, ბესო ხარძიანს ჰქონდა ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის გეგმაზე, რადგანაც მას ერთ-ერთ საეთერო გადაცემაში შემთხვევით არ უხსენებია, რომ სიცილიური კოზა ნოსტრა მონაგონი იქნებოდა საქართველოში. არსებობს ალბათობის მაღალი ხარისხი, რომ მან მიიღო სიგნალი, ანუ მუქარა, რომ თუ იგი არ გაჩერდებოდა და არ დაივიწყებდა ბიზნესწილებს, მას ემუქრებოდა ლიკვიდაცია. გონივრული ეჭვის საფუძველზე, აღნიშნული სიგნალი მიუვიდოდა გია უდესიანისგან გაფრთხილების სახით, რაც ხარძიანმა ბოლომდე არ გაამხილა. ეს მეტყველებს ქვეყნის თავზე შეკრებილ ავბედით ღრუბელზე, რომელიც კრიმინალურ-სინდიკატური წარღვნით ემუქრება ყველას, თუკი დროზე არ გამოერკვნენ საღათას ძილიდან და საქმეს არ მიხედეს!!! არც ერთი მკვლელობა არ არის გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი. ეს სიგნალია კრიმინალებისთვის, რომ მომავალშიც შეუძლიათ დაუსჯელად პარპაში. ყველაზე მძიმე არის ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში დაცული არავინაა, ხოლო `სუსის~ სამსახური გასულია მომსახურების ზონიდან. შედეგი სახეზეა _ მონოპოლიური ბიზნესიდან პირდაპირი წესით ადამიანის ლიკვიდაციაზე გადასვლა.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მკვლელობის ხაზი მიდის ოლიგარქიულ კლანამდე, რა დროსაც ყველაფერი კონტროლდება ერთი ადამიანის ხელით, _ პოლიტიკა, ბიზნესი, საზოგადო მოღვაწეობა და ა. შ. ვიმეორებ, ეს მხოლოდ ვარაუდია. თუკი ეს კაცი არ მართავს პოლიტიკას და, ზოგადად, პროცესებს, მაშინ თვითონ ხელისუფლებამ უნდა დაგვიმტკიცოს, რომ კლანებთან არანაირი საერთო არ აქვს. ეს კი მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი _ იმ საქმეების დაუყოვნებელი გახსნით, რაც ამ კლანების ბობოქრობას უკავშირდება. სამწუხაროდ, ასეთი რამ არ ჩანს, ამიტომაც ვარაუდი, რომ კლანების მფარველები ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში უნდა ვეძებოთ, სულაც არ არის ლოგიკას მოკლებული.

 

                                                                                                დავით დევიძე