ირმა ინაშვილი: „მოსალოდნელია 3-4 მკვლელობა, შეიძლება ერთ-ერთი „ნაცმოძრაობის“ ცნობილი სახეც იყოს!“

3

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი, ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ჩვენს ქვეყანაში მომხდარ მკვლელობებს ორგანიზებული ტერაქტების კვალიფიკაცია მიანიჭონ და დაუყოვნებლივ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პარტია დაუმორჩილებლობის რადიკალურ მეთოდებს მიმართავს.

სად და ვინ გეგმავს საქართველოში მომხდარ მკვლელობებს? რა სახით უნდა გასამართლდნენ ყოფილი ხელისუფლების ლიდერები? გაგრძელდება თუ არა მკვლელობათა სერიალი?

„ქრონიკა+“-ს ირმა ინაშვილი ესაუბრა:

_ ახალი ხელისუფლების მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯა იყო. ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ იმიტომ მისცა ხმა, რომ უნდოდა, ქვეყანაში ძირეულად შეცვლილიყო პოლიტიკური ვითარება. ამ ძირეულ ცვლილებებში ქართველი საზოგადოება ვგულისხმობდით იმას, რომ ნებისმიერი რანგის დამნაშავე უნდა დაისაჯოს და აგოს პასუხი, დაწყებული ყოფილი პრეზიდენტიდან, დამთავრებული მოქმედი პარლამენტის წევრებით, თუ მათ დანაშაული ჩაიდინეს. მიხეილ სააკაშვილს, მინიმუმ, ოთხი ბრალი წაუყენეს და როგორც ვიცი, სხვა ბრალსაც წაუყენებენ უახლოეს ხანში, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ცნობილ ლიდერებსაც წაუყენეს ბრალი ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე. მე არ ვერჩი და არ ვებრძვი „ნაცმოძრაობის“ რიგით წევრებს, იდეურ ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ უჭერდნენ მხარს. მათთან მთავარი შეკითხვა და პრეტენზია ის მაქვს, რატომ არ ემიჯნებიან ბოროტებას?! არ მოვუწოდებ არავის, რომ `ნაციონალური მოძრაობის~ რიგით წევრებს აგებინონ პასუხი და დააპატიმრონ. აქ საუბარია ამ პარტიის ლიდერების პასუხისმგებლობაზე, რომლებმაც 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში შექმნეს პოლიტიკური ტერორი, უამრავი ადამიანი ქუჩაში მოკლეს, ასობით ადამიანს ქონება წაართვეს, მშვიდობიანი მიტინგები და აქციები უმოწყალოდ დაარბიეს! ამ დანაშულებების გამო არ უნდა აგონ პასუხი? რა ვნახეთ? „ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო სხვადასხვა ტიპის ფორმულების გამოგდება. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, უნდა გავმკლავებოდით ფორმულებს, რომელიც მოგვახვიეს მიხეილ სააკაშვილის ლობისტურმა კომპანიებმა, მაგრამ არანაირად არ იმოქმედა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლეთში, არ იმოქმედა თვითონ ხელისუფლების სხვადასხვა შტომ, აეხსნათ და დაემტკიცებინათ ევროპისთვის, ამერიკისთვის, რომ საქართველოში არ ხდება პოლიტიკური რეპრესიები, არამედ საქართველო აპატიმრებს და ასამართლებს მხოლოდ დანაშაულში ბრალდებულ და მხილებულ პირებს! ეს არ განმარტეს და სააკაშვილის ლობისტურ კომპანიებს პირდაპირ დანებდა საქართველოს ხელისუფლება. მათ მოუგეს საინფორმაციო ომი და ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტროს ეძინა, მიხეილ სააკაშვილი არაჩვეულებრივად ითეთრებდა თავს დასავლეთში. გახსოვთ, პირველი პერიოდი, თითქოს გაერიდა ყველაფერს, გაჩუმდა, ამ დროს აქტიურად მუშაობდნენ მისი ლობისტები ამერიკასა თუ ევროპაში, შემდეგ კი ისევ გამოვიდა არენაზე. დღეს სააკაშვილს კონკრეტულად ლობირებს მაკკეინის ხაზი და მკაფიოდ მინდა ვთქვა, არავითარ შემთხვევაში შეერთებული შტატების ხელისუფლება! შეერთებული შტატები საქართველოში ლობირებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა პოლიტიკოსს და არა კერძოდ რომელიმეს, როგორც ეს პრეზენტირებული იყო ხოლმე სააკაშვილის მხრიდან. მაკკეინის ხაზი მხარს უჭერს, ათეთრებს და ეხმარება პოლიტიკურ არენაზე დასარჩენად „ნაციონალებს“, დღეს ამ ხაზს უკრაინაში კარტბლანში მისცეს, ამიტომაც სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები იკავებენ ხელისუფლებაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, ძებნილების დიდი ნაწილი იქ არის თანამდებობებზე თავმოყრილი. ამ ყველაფერში ვადანაშულებ ხელისუფლებას, რომელიც აქტიური უნდა ყოფილიყო, დაეცვა ქართველი საზოგადოება, რომელსაც უნდა დაეწყო კონკრეტული საქმეების გამოძიება, ჩამოეღო თაროდან და ხალხს ენახა, რომ სამართალი 2-3 კაცისთვის კი არ აღდგა, არამედ მასობრივი სახე მიიღო! 52 000 საჩივარია შემოტანილიო, _ დღეს თავს იწონებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. თავმოსაწონებელი კი არა, სირცხვილია, რადგან ამ 52 000 საქმიდან 52 არ გამოიძიეს და არ დაასრულეს! ვფიქრობ, ბესო ხარძიანი და იური ვაზაგაშვილი მარტო იმ კონკრეტულმა მკვლელმა არ მოკლა, ორივე დღევანდელმა ხელისუფლებამ მოკლა მანამდე, ვიდრე ეს აქტი ფიზიკურად განხორციელდებოდა! მოკლეს მაშინ, როცა ხარძიანს სიცოცხლეშივე არ აღირსეს კუთვნილი ქონების დაბრუნება, მოკლეს ვაზაგაშვილი მაშინ, როცა სიცოცხლეშივე არ აღირსეს მის შვილთან დაკავშირებით სამართლიანობის აღდგენა! უნდა დაველოდოთ, კიდევ რამდენ კაცს მოკლავენ, რამდენს მოუწყობენ ტერაქტს, ასე გავჩუმდეთ და ხმა არ ამოვიღოთ?

_ თქვენ რა რეცეპტი გაქვთ?

_ მივმართავთ ხელისუფლებას: უნდა შეიკრიბოს სპეცსამსახურები, პირდაპირი დავალება უნდა მიეცეთ, რომ იმოქმედონ ისე, როგორც ისრაელი მოქმედებდა თავის დროზე, როცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოუცხადეს ბრძოლა ნაცისტებს. „მოსადის“ წარმომადგენლები მათ სხვადასხვა ქვეყანაში აპატიმრებდნენ, ჩამოჰყავდათ იერუსალიმში და ასამართლებდნენ. ხდება ხოლმე, ზოგიერთი სახელმწიფო სამართლებრივად ვერ ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი, ან პრემიერი დამნაშავეა, ასევე ვერ აკავებს კონკრეტულ ტერორისტებს. ასეთ დროს იკრიბება, ერთი მხრივ, უშიშროების საბჭო, მეორე მხრივ, სპეცსამსახურები და ხელისუფლების პირველი პირები აძლევენ დავალებას, იმოქმედონ სპეცსამსახურებისთვის აპრობირებული მეთოდით. პირველ რიგში, ვგულისხმობ ისრაელის გამოცდილებას და ამის  გაზიარებას ვთავაზობ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. 1972 წელს მიუნხენში ტერაქტი მოხდა, მაშინ ტერორისტები თავს დაესხნენ ისრაელის ოლიმპიურ ნაკრებს და მთელი გამოძიება გადავიდა გერმანელების მხარეს. გერმანიის მთავრობა ისრაელს უფლებას არ აძლევდა, გამოეძიებინათ ეს საქმე და დაეპატიმრებინათ ტერორისტები. გერმანიის სპეცსამსახურებმა ძალიან ცუდად იმუშავეს, არ დააკავეს ტერორისტები. როცა ისრაელის ხელისუფლებას იმედი ამოეწურა, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გოლდა მეირმა კაბინეტში დაიბარა „მოსადის“ ხელმძღვანელი და ასეთი რამ უთხრა: სამართალი უნდა ვიპოვოთ ჩვენივე ძალებით და ისრაელი ყველგან მისწვდება ტერორისტებს! გამოაცხადეს ბრძოლა, მთელ მსოფლიოში აიყვანეს ეს ტერორისტები, სამაგალითოდ დასაჯეს და აგებინეს პასუხი. ჩემი აზრით, ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა დაიცვა სახელმწიფო და შენი ხალხი, მაგრამ ამას სჭირდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება. სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში არ გვეღირსა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება. არ ვგულისხმობ ეროვნულ მოძრაობას, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ზურაბ ჭავჭავაძეს… ესენი იყვნენ ჩვენი ერის საუკეთესო შვილები და ამიტომაც დასრულდა ტრაგიკულად ბევრი მათგანის ცხოვრება. ახლანდელი და წინა ხელისუფლებები არ იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნენი, თორემ რაც დღეს ხდება, ამასთან გამკლავება შესაძლებელია! ვიმეორებ: „მოსადის“ წარმომადგენლები „ნაცისტებს“ არგენტინაში აკავებდნენ, აძინებდნენ, ჩამოჰყავდათ იერუსალიმის სასამართლოში და იქ იღვიძებდნენ დაკავებული დამნაშავეები. ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას: დღეს ტექნოლოგიები უფრო დაიხვეწა, სამყარო წინ წავიდა, XXI საუკუნეა, არსებობს ეს მეთოდოლოგია, შეგიძლიათ მიმართოთ, მაგრამ თუ თავი და შინაგანი ძალები არ გაქვთ, ესეც თქვით და მაშინ ჩვენი გუნდი გააკეთებს ამას! თქვენ უნდა თქვათ, რომ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და თქვენ უნდა დაგვავალოთ ჩვენ, ყურებით ჩამოვათრიოთ სააკაშვილიც და ადეიშვილიც! ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია! თუ გონივრულ ვადებში ხელისუფლება არ გვაჩვენებს, რომ ამ მიმართულებით დაიწყო ნაბიჯების გადადგმა, დაუმორჩილებლობის ყველაზე რადიკალურ ზომებს მივმართავთ _ როგორც თავის დროზე ოპოზიციამ რუსთაველი გადაკეტა, ჩვენც ასე მოვიქცევით! დავდგამთ კარვებს და დიდი ხნის მანძილზე არ დავიშლებით!

_ ამბობთ, რომ საქართველოში მომხდარი მკვლელობები უკრაინაში იგეგმება, რის საფუძველზე აცხადებთ?

_ აგიხსნით, რატომ ვამბობ: სააკაშვილისა და ადეიშვილის კიევის ბუდეა-მეთქი დასაშლელი. იქიდან იგეგმება ეს მკვლელობები და ტერაქტები. როცა ვამბობ, რომ ამ ტერორიზმს უნდა გამოუცხადო ბრძოლა ისე, როგორც გოლდა მეირმა, ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ საქართველოში ორგანიზებული ტერორიზმი სახეზე გვაქვს! ტერორიზმის კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება! შესაბამისად, დემოკრატიულ სამყაროს გაცილებით ადვილად ავუხსნით, რატომ მივმართავთ ამა თუ იმ გზას! იმ გზას, რომელიც, თავის დროზე, ისრაელმა გამოიყენა! ტერორიზმთან ბრძოლაში ჩვენი მოკავშირე იქნება ამერიკის შეერთებული შტატებიც, ევროპაც და საერთოდ, ცივილიზებული სამყარო, მაგრამ ეს დასავლეთს ხელისუფლებამ უნდა აუხსნას! ასე უნდა იყოს პრეზენტირებული დასავლეთში ჩვენი ბრძოლა ტერორიზმისა და სააკაშვილ-ადეიშვილის დაჯგუფების წინააღმდეგ! გარწმუნებთ, რომ ამ ბრძოლას მოვიგებთ დასავლეთშიც და ჩვენს ქვეყანაშიც ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ! როცა ვამბობ, რომ ტერორიზმის ბუდე არის კიევში, პირველ რიგში, ვგულისხმობ ჩემს მაგალითს. იცით, რომ დავიკითხე ერთ-ერთ სამართალდამცველ სტრუქტურაში ჩემზე მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით. გრიფით „საიდუმლო“ ადევს ამ საქმეს და, სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება, ყველა დეტალზე ვისაუბრო, მაგრამ გეტყვით, რომ უშუალოდ სააკაშვილისგან მოდის ეს დავალება ჩემთან მიმართებით! აქედან გამომდინარე, შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ სხვა შემთხვევებშიც პირდაპირი დავალება სააკაშვილისა და ადეიშვილის დაჯგუფებიდან მოდის, რომელმაც საქართველო ხომ დააზიანა 9 წლის განმავლობაში, ახლა უკრაინას შლის რუსეთის ფედერაციის ინტერესების სასარგებლოდ! მერე გამოდიან და რუსეთის აგენტებს სხვებს ეძახიან. ამიტომ საჭიროა, ნებისყოფა და სულისკვეთება აჩვენოს ხელისუფლებამ აქაც და ცივილიზებულ სამყაროსაც, მაგრამ ამ ხელისუფლებაში ვხედავ როგორც ცოდნის, ისე სულისკვეთების დეფიციტს და ასე წინ ვერ წავალთ! დასაკარგი არც ადამიანები გვყავს და არც დრო გვაქვს! ამ ტერორიზმის მიზანი ის არის, რომ საზოგადოება პანიკაში ჩააგდოს, დააწვინოს ყველა მებრძოლი ადამიანი, გააჩუმოს. გაიხედეთ გარშემო, ასეთი ადამიანების რიცხვი მართლა მცირდება, ვინც ხმას იღებს და ამბობს, რომ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები და ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა დამკვიდრდეს. იმას ხომ არ შევეგუებით, რომ ყველა სათითაოდ მოკლან, უნდა დავუპირისპირდეთ როგორც ტერორიზმსა და ტერორისტებს, ისე დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც საერთოდ არაფერი გააკეთა ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების დასაცავად!

_ რამდენიმე მოსალოდნელი მკვლელობაც დააანონსეთ…

_ საერთოდ, როცა ტერაქტები ხდება, ამას სერიალის სახე აქვს და არ მთავრდება ერთი ან ორი მკვლელობით. ეს ლოგიკურად გრძელდება, შესაბამისად, სხვადასხვა წყაროდან მოწოდებული ინფორმაციის ანალიზით ვაცხადებ, რომ კიდევ 3-4 მკვლელობაა მოსალოდნელი, თუ ამას სახელმწიფო არ შეაჩერებს და არ აღკვეთს. ჩემი ინფორმაციით, ეს არ იქნება „ნაცმოძრაობასთან“ დაპირისპირებულ ადამიანთა კატეგორია. შეიძლება ერთ-ერთი იყოს „ნაცმოძრაობის“ ცნობილი სახე, გამოძიებასაც რომ კვალი დაუბნიონ და საზოგადოებაც შეცდომაში შეიყვანონ, მაგრამ როცა ეს განცხადება გავაკეთე, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსალოდნელია 3-4 კაცის მკვლელობა-მეთქი, დააკვირდით, მეორე დღესვე იყო მუქარა ჩვენი გუნდის ერთ-ერთ წევრზე, ემზარ კვიციანზე, რომელსაც პირდაპირ გაქრობით დაემუქრა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული სნაიპერი, ერთ-ერთი სამხედრო პირი. ეს ყველაფერი ჯაჭვშია სააკაშვილ-ადეიშვილის კრიმინალურ დაჯგუფებასთან, მათ ზრახვებთან და  მიზნებთან. დღეს, რეალურად, „ნაცმოძრაობას“, საქართველოს მასშტაბით, პარტია ეშლება, უამრავი ადამიანი ტოვებს და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო „ნაცმოძრაობის“ რიგით წევრებს, _ მე, ირმა ინაშვილი და ჩემი გუნდი, თქვენ არ გერჩით, რიგით წევრებთან მხოლოდ ის პრეტენზია გვაქვს, რომ უნდა გაემიჯნოთ ამ ბოროტებას, ნუ ჩაყვებით საფლავში სააკაშვილს და მის გუნდს! რაც შეეხება სააკაშვილის ზრახვებს, მას ამ დაშლილი პარტიის ფონზე პირდაპირ აწყობს ქვეყანაში ტერაქტების ორგანიზება, ქაოსისა და პანიკის თესა. თუ ჩვენ ღირსეული სახელმწიფო ვართ, თუ ხელისუფლება, დაზვერვა, კონტრდაზვერვა, ან სხვა სპეცსამსახურები გვყავს, ირმა ინაშვილის ტელეფონს კი არ უნდა უსმენდნენ და შიფრავდნენ, საჯაროდ ვლაპარაკობ იმას, რასაც ტელეფონით ვსაუბრობ, იმათ უსმინონ, ვინც მოსასმენია და ის ხალხი ჩამოათრიონ საქართველოში!

 

                                                                                                       თამარ ბატიაშვილი