„იმდენი იძახეს – შედი „ბუტკაშიო,“ ხალხს მთავრობამ შეასწრო და ქვეყანა ახლა „ბუტკიდან“ იმართება!“

2

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ქვეყანაში გამეფებულ „სიკვდილის შიშსა“ და ჩადენილ მკვლელობებს ხელისუფლებას აბრალებს და ამბობს, სახელმწიფოსთვის დროულად რომ დაებრუნებინათ უკანონოდ გასხვისებული სტრატეგიული ობიექტები, ხარძიანიც ცოცხალი იქნებოდა და უდესიანიც სიმშვიდეს არ დაკარგავდაო.

„ქრონიკა+“-ს შალვა ნათელაშვილი ესაუბრება:

_ ქვეყანა, რომელსაც მართავენ კრიმინალი მილიონერები, ავტომატურად, ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთზე, ხდება სიცილია. ჩვენი ქვეყანა ახლა არის ნეოსიცილია, რადგან ხელისუფლების სათავეში ლიდერად გვყავს მაფიოზი, კრიმინალი, ოლიგარქი, რომელმაც მილიონები იშოვა არა ოჯახური მემკვიდრეობით, ბიზნესით, კანონით დადგენილი საშუალებებით, არამედ 90-იანი, არეული წლების ფონზე, როცა მილიონები და ქონება რჩებოდა მას, ვინც დაასწრებდა და მოკლავდა მიწინააღმდეგეს. როცა მთავრობა დემოკრატიულია, საზოგადოებაც დემოკრატიულია, მთავრობა თუ ინტელექტუალურია, საზოგადოებაც ინტელექტუალურია, როცა ის რეფორმატორია, რეფორმა იგრძნობა თითოეულ ოჯახში. გარჩევები, ქილერები და ქონების გადანაწილება არის ჩვეულებრივი მოვლენა, თუნდაც ეს არ უნდოდეს ვითომ გაკეთილშობილებულ კრიმინალს, რომელიც ერთ დროს ამავეს სჩადიოდა.

_ ხარძიანის სიკვდილის მერე სამოქალაქო საზოგადოება პანიკამ მოიცვა. აცხადებენ, რომ ქალაქში მკვლელია და ეს მკვლელობები კიევში იგეგმება. ისინი ამ მკვლელობებს „ნაციონალებს“ უკავშირებენ და არა ივანიშვილის გუნდს. თქვენი საუბარი, ალბათ, ამ საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება, არა?!

_ ეს არის ძველი ისტორია. ხრუშჩოვის პერიოდში, თუკი რამე ცუდი ხდებოდა, უკავშირებდნენ სტალინს და მას აბრალებდნენ; ბრეჟნევის დროს კანონიერების დარღვევას და კორუფციას ხრუშჩოვის სუბიექტივიზმსა და ვოლუნტარიზმს აბრალებდნენ; შევარდნაძე რომ მოვიდა, დაიჭირა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი მექრთამეობისთვის, მაგრამ თუ მანამდე ამ ინსტიტუტში მოწყობა ღირდა 10 ათასი მანეთი, მერე გახდა 25 ათასი; როცა „მხედრიონი“ იყო, თავისთავად მას ბრალდებოდა ქვეყნის დაქცევა და როცა აღარ იყო, შევარდნაძის მაფიის გაკეთებულ საქმეებს ისევ „მხედრიონს“ აბრალებდნენ; სააკაშვილი რომ მოვიდა, ყველაფერი ბრალდებოდა შევარდნაძის კორუმპირებულ რეჟიმს, არადა თვითონ სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე იყვნენ მისი მოადგილეები. მათაც გააგრძელეს ეს მშვენიერი ტრადიცია და ყველაფერს აბრალებდნენ წინამორბედს, საიდანაც თავად ამოიზარდნენ. ახლა ყველაფერი სააკაშვილს ბრალდება. ეს არის წესი, რომელიც არ დაურღვევია არც ერთ ხელისუფლებას. რას ჰქვია, სხვისკენ გაიშვირო ხელი? ხელისუფალი, პროკურატურა შენ ხარ, პოლიცია, ოპერტიული სამსახური, პრესსამსახური შენია. „ნაციონალების“ ჩადენილი თუ არის ეს ნაშაულებრივი ფაქტები, მაჩვენე მტკიცებულებები და დამნაშავე. თუ ეს ყველაფერი მადაგასკარშია დაგეგმილი, ეგეც გამომიცხადე და დამიმტკიცე. არ შეიძლება, მკითხავებისა და ვერსიების ხელისუფლება გელაპარაკებოდეს მაშინ, როცა ჩვენ თვალწინ თამაშდება ახალი ქართული ვენდეტა.

_ შეუძლებლად რატომ მიიჩნევთ, `ნაცები~ ახლაც რომ აკეთებდნენ იმას, რასაც 9 წელი სჩადიოდნენ?!

_ მე გეტყვით, ვის შეიძლება აწყობდეს ასეთი პროცესები თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. მერე ვილაპარაკოთ, ვინ შეიძლება აკეთებდეს ასეთ რამეს: ჩემი აზრით, ეს აწყობს ივანიშვილს. ეს მკვლელობები მართლაც დამთრგუნველი მოვლენაა საზოგადოებისთვის და მათ აფიქრებინებს, რომ სააკაშვილის რეჟიმს ისევ ეს ხელისუფლება სჯობია. მთავრობას საფრთხობელა იმიტომ სჭირდება, ხელისუფლებაში სხვა ვინმე რომ არ მოვიდეს. მნიშვნელობა არ აქვს, ამ საფრთხობელას ვისი სახე ექნება, მთავარია ის იყოს. სააკაშვილსაც სჭირდებოდა საფრთხობელა, როცა ჩვენ დაგვარქვა უშიშროების აგენტები და დაგვდევდა დასაჭერად, ახლა კი ამათ სჭირდებათ მსგავსი რამ, მაგრამ ეს მანკიერი, დანაშაულებრივი სტილი უნდა დამთავრდეს. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. ივანიშვილის რეჟიმის დამთავრება იცით, რას ნიშნავს? _ „მხედრიონის“, შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმების დასრულებას, რადგან სამივეს ფინანსური მამა, არც მეტი არც ნაკლები, იყო, მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი. ამას ვაცხადებ ისტორიისათვის და საზოგადოების გასაგონად! თუ უნდა, ივანიშვილმა სასამართლოში ახლავე მიჩივლოს. ყველა უბედურების სათავე, ავთვისებიანი სიმსივნე, უკანასკნელი 22 წლის მანძილზე, სამოქალაქო ომიდან დაწყებული, ის არის. სანამ მისი სასახლე დგას სოლოლაკის თავზე, ნარიყალაზე, მანამდე საქართველოს განვითარება და წინსვლა არ უწერია. ამიტომ ჩვენ ამ სასახლის ეპოქა უნდა დავამთავროთ.

_ ხარძიანის ოჯახმა მკვლელობაში ხელი დაადო უდესიანს. ყველამ ვიცოდით, რომ ის იყო „ნაციონალი“, თუმცა ახლა ამბობენ, რომ „ოცნებას“ შეეკრა. თუ დამნაშავე უდესიანია, მაშინ რა გამოდის, ვინ მოკლა ხარძიანი?!

_ რეალურად, ეს მკვლელობები შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის რეჟიმების ჩადენილია. ჩვენი 20-წლიანი ბრძოლის მიუხედავად, დაუშვეს სტრატეგიული სიმდიდრეების გაყიდვა კერძო საკუთრებებად. დაუშვებელია ლისის ტბა, კუს ტბა, ვაკის პარკი, კავკასიონის მთავრი ქედი, თავფარავნის ტბა, ტაბაწყური ეკუთვნოდეს ივანიშვილს, ვარდიაშვილს, ნათელაშვილს, პეტრიაშვილსა და პავლიაშვილს. გაყიდეს სტრატეგიული სიმდიდრე და ის მყიდველებიც ამ ცოდვის შედეგებს იმკიან. ეს გადანაწილება როდის დამთავრდება, არავინ იცის. ამიტომაც არის, რომ სტრატეგიული სიმდიდრე არ შეიძლება, სახელმწიფომ გაუშვას ხელიდან და ადამიანებს ერთმანეთი ახოცინოს. ახლა მიმდინარეობს სტრატეგიული სიმდიდრეების ხელახალი გადანაწილების პროცესი, რაც არ დამთავრდება. კიდევ რომ მოვა ახალი მთავრობა, ის მოიყვანს თავის ინტერესჯგუფებს, ისინი შეედავებიან არსებულ მფლობელებს, თუ ვერ მიიღებენ სასარგებლო შედეგს, მერე კვლავ ჩაუსაფრდებიან და ა. შ. სტრატეგიული სიმდიდრეები და ობიექტები არ იყიდება არც ამერიკაში და არც შრი-ლანკაში. აბა, ერთი, ვინემ იყიდოს ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი, რაც არ უნდა მილიარდები ჰქონდეს. მიუვარდებიან ამერიკელები და მისცემენ მის ქონებას ცეცხლს. აბა, ვინმემ იყიდოს ჰაიტ პარკი ლონდონში, „ბრითიშ ეარვეისი“, ავიაკომპანია, რომელიც ავსებს ბრიტანეთის ბიუჯეტს, „ლუფთჰანზა“, რომელიც გერმანიის ბიუჯეტის ბურჯია. ასეთი რაღაცები არ იყიდება. სანამ ჩვენთან მსგავსი ობიექტები გაიყიდება, მკვლელობებიც არ დასრულდება.

კუს ტბაზე კერძო ფირმამ შეიძლება რესტორანი ააშენოს, ფიტნესკლუბი გააკეთოს, ბიზნესი აწარმოოს, მაგრამ ეს სულ სხვა რამეა. საერთო ეროვნული სივრცე არ უნდა გამოცხადდეს კერძო საკუთრებად და სადაც ეს ხდება, იქ ყოველთვის სავალალოდ მთავრდება.

_ თქვენ ხშირად აცხადებთ ხოლმე, ხელისუფლებაში რომ მოვალ, უკანონოდ მითვისებულ ქინებას ყველას დავაბრუნებინებო და სტრატეგიულ ობიექტებს გულისხმობთ?

_ დიახ, როცა „ლეიბორისტები“ მოვალთ ხელისუფლებაში, მაშინვე  დავუბრუნებთ სახელმწიფოს ასეთ სტრატეგიულ ობიექტებს. ასევე ვგულისხმობ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც წაართვეს გლეხებს და ცხვირწინ გაუყიდეს უცხოელებზე. ასევე ვგულისხმობ გასხვისებულ ტბებს. ახლახან ტაბაწყურის ტბა უყიდია ვიღაცას, ლიცენზია აუღია და არ უშვებს არავის. პალიასტომის ტბა შეიძლება იყოს გაყიდული? იქაც ლიცენზიები აქვთ დარიგებული, გადასახადებს სთხოვენ ადამიანებს და თითოეულ დაჭერილ თევზს უთვლიან. ბაზალეთის ტბასაც ყიდდა 1995 წელს მაშინდელი გუბერნატორის ოჯახი, მაგრამ ამ პროცესს აღვუდექი და მხოლოდ ნაწილი გაიყიდა. დანარჩენი დავურიგეთ ხალხს. მერე ჩვენი დარიგებული გაყიდა ხალხმა გაჭირვების გამო.

ოქროს საბადო, რომელიც ასევე გაყიდულია, სამ საქართველოს შეინახავდა. მისი გაყიდვა არის შენი ქვეყნისთვის დანის ჩაცემა. შევარდნაძის დროს შემოვიდა ავსტრალიური ფირმა, მაგრამ ეს იყო თვალის ასახვევად. მას მოჰყვნენ რუსები და ახლა ივანიშვილისაა, ოღონდ სხვის სახელზე გაფორმებული. ვისზეც გააფორმა, ის ბიზნესმენი არ არის. გაასხვისეს ფერო, ჭიათურის მარგანეცი, ტყეები, ჭალები, სათიბები, ვენახები, ტბები, მდინარეები, გაყიდეს საზღვაო სანაოსნო, რომელიც კოლხური და ქართული ნაოსნობის სახე იყო მთელი მსოფლიოსთვის. უზარმაზარი ფინანსური შემოსავალი შემოჰქონდა ბიუჯეტში და ბოლომდე ისიც არ იციან, აქედან ვის რა მიჰყიდეს. ეს ყველაფერი უნდა დაბრუნდეს სახელმწიფო საკუთრებაში. სხვა შემთხვევაში, რაც უნდა კარგი მთავრობა მოვიდეს, ბიუჯეტის, პენსიების, ხელფასების გაზრდა, ცხოვრების დონის გამოსწორება, ანაბრების დაბრუნების დაწყება ვერ მოხერხდება. მხოლოდ ამით შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ დღეს ის არის ბეჟუაშვილების, ივანიშვილების, უდესიანების, ადეიშვილების ხელში და რაც მთავარია, ეს არის ერთი მაფია. ეს ადამიანები ჯერ იყვნენ სააკაშვილთან, მერე გადავიდნენ ივანიშვილთან, თუმცა მუდმივად მილიონერთა ერთი პარტიაა. მათი პარტიაც და სამშობლოც არის მხოლოდ სტრატეგიული სიმდიდრეები. ამ ადამიანებს პრობლემა მუდმივად ექნებათ, რადგან ხომ გაგიგონიათ, „რაც არ გერგება, არ შეგერგებაო“. არც მე და არც სხვას არ შეერგება ის სიმდიდრე, რომელიც ხალხისაა. როგორც გავიგე, ზესტაფონის ფეროს მფლობელი არის ვიღაც „რიჟა“, ხისთავიანი, ყოფილი მხედრიონელი, რომელიც დაუპირისპირდა უგულავას, თუმცა მანამდე უგულავასთან ეძინა, უფრო ადრე კი ეძინა შევარდნაძესთან და „მხედრიონთან“. ასევე ფეროს მოწილეა ვიღაც კოკაია, არშემდგარი ფეხბურთელი. ავტოგოლების ერთი ავტორი მთავრობაში გვყავს და მეორე _ ფეროს მფლობელია. მე რომ მოვალ ხელისუფლებაში, გინდა ბოლშევიზმი დაუძახონ და გინდა _ ფაშიზმი, ორივეს წავართმევ ფეროს და გამოვაცხადებ სახელმწიფო საკუთრებად. ეს მოხდება ჩვენი მოსვლიდან 24 საათში ისე, რომ ერთმანეთის დახოცვას ვერ მოასწრებენ. როგორ შეიძლება, ენერგეტიკა XXI საუკუნეში კერძო საკუთრება იყოს?! 18 ჰესი მარტო კალაძეს აქვს საკუთრად და, ამავდროულად, ენერგეტიკის მინისტრიც არის. ასეთი რამ წარმოუდგენელია, რადგან ეს გახლავთ ინტერესთა კონფლიქტი, კორუფციული ინტერესი. ეს თავისთავად იწვევს მკვლელობებს. აბა, რატომ იყო სიცილიაში, ასევე 30-იან წელებში ამერიკაში იმდენი მკვლელობა და უბედურება? ყველა ეს უკავშირდებოდა ქონების გადანაწილებას, რისი თანმდევი მოვლენაც გახლავთ სისხლიანი დანაშაული. მით უფრო, რომ ამათაც მიტაცებული აქვთ ყველაფერი ავტომატით და როკფელერებივით მათ შთამომავლობას არ შეუქმნია.

_ ხარძიანის მკვლელობის მერე ბევრი ადამიანი ღიად აცხადებს, რომ მასაც მოკლავენ და მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ასე განაცხადეს ჯონი გიგიანმა და ლევან მამალაძემ. ზოგი ვერ ამბობს, მაგრამ შესაბამის ზომებს უკვე იღებს, რომ სიცოცხლე გადაირჩინოს _ სახლთან ამონტაჟებენ სათვალთვალო კამერებს და ა. შ. თუმცა ხელისუფლება მაინც ამტკიცებს, რომ კრიმინალი „თავს კარგად გრძნობს“ და საშიში არაფერია. ამ პარადოქსზე რას იტყვით?

_ რადგან ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი, უნდა, რომ ადამიანების ზომბირება მოახდინოს. საფრთხე იქამდე იქნება, სანამ ქონებების საკითხი სამართლიანად არ დალაგდება. არ შეიძლება, 95 პროცენტის ლუკმას სჭამდეს 5 პროცენტი და 95 უყურებდეს პირდაღებული.

არანაირი პოლიტიკური სიმპათიები ლევან მამალაძის მიმართ არ მაქვს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მამალაძე ებრძოდა სააკაშვილ-ჟვანია-ბურჯანაძეს, როცა მთელი მოქკავშირი გაუწვა და მათ მხარეზე გადავიდა. შევარდნაძეს ერთადერთმა მამალაძემ უერთგულა. ადამიანურად მე მის საქციელს ვაფასებ. მიმაჩნია, რომ ის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს და აქ უნდა იცხოვროს.

_ მამალაძეს მიწების გაყიდვას ედავებიან და ამის გამო არ უნდა გასამართლდეს?

_ ესენი რომ ყიდიან მიწებს, ისე რომელი მამალაძე ყიდდა? რომელი მიწა გაყიდა მამალაძემ, ესეც არ ვიცი. გვითხრან კონკრეტულად, სად და რამდენად გაასხვისა მან მიწები. მამალაძე იყო შევარდნაძის ერთგული ჩინოვნიკი. ეს არის და ეს. მე მისი გაყიდული მიწა არ ვიცი. ივანიშვილის გაყიდულ სავარგულებს კი დაგისახელებთ იმდენს, რომ გაზეთის ფურცლები არ გეყოფათ. „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიიდან დავიწყებ და გადავალ პანორამა თბილისზე, ნარიყალაზე, საირმის წყალსაცავის ტერიტორიაზე, რომელიც შეისყიდა და გაყიდა თურქებზე, ეს სია შემიძლია კიდევ გავაგრძელო. აქლემის ქურდი ნემსის ქურდს უნდა იჭერდეს?! ამიტომაც მიმაჩნია, რომ მამალაძის საქმე იყო პოლიტიკურად შეკერილი.

ყველამ ერთად უნდა მივხედოთ ქვეყანას, მილიონერებმა უნდა იცოდნენ თავიანთი ადგილი და მოსცილდნენ პოლიტიკას, გააძლიერონ ბიუჯეტში შენატანები. მოვიდნენ ხელისუფლებაში არამილიონერები და დაიწყონ ისეთი კანონების მიღება, რომელიც ერთ მილიონერს კი არ გაამდიდრებს და მეორეს გააღატაკებს, თანაბრად შეუწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში. სანამ მილიონერები არ დათმობენ, რაც არ ეკუთვნით ქვეყნის ეკონომიკაში, მათ პრობლემები სულ ექნებათ.

ეტყობა, კარგად არ იცით, ვინ არის უდესიანი. 2006 წლის დეკემბერში, უგულავას დავალებით, ზონდერებთან ერთად, იგი შევარდა თბილისის საკრებულოში, სადაც ჩვენც ვიყავით და სცემეს ხალხი. ამის შემდეგ დამთავრდა თბილისის საკრებულოც. მან საკრებულო დაასამარა, რადგან მანამდე იქ იყო სიცოცხლე და მუშა პროცესი _ ტელერეპორტაჟები, სხდომები, განხილვები, იმართებოდა კამათი. მერე კი ისე დატერორდნენ, სხდომები საღამოს ტარდებოდა ყოველგვარი გაშუქების გარეშე. ხომ შეეძლოთ, უდესიანისთვის ამაზე აღეძრათ საქმე და დაებარებინათ დაკითხვაზე?! ისიც არ ჩავარდებოდა უხერხულ მდგომარეობაში, თუ ის არ ჩაუდენია, რასაც ახლა აბრალებენ. უდესიანი პასუხს აგებდა იმაზე, რაც მართლა ჩაიდინა. აი, ამ ხელისუფლების ბრალი რა არის. ასე იმიტომ გააკეთეს, რომ უდესიანი მივიდა და მიუტანა მისატანი. „ნაცები“ მართლები არიან, როცა ამბობენ, უდესიანი ახლა არის „ქოცებთან“ შეკრულიო. შევარდნაძის დროსაც ასე მოხდა, მასთან შეკრული ყველა ბიზნესმენი გადაეკრა „ნაციონალებს“. „მოქკავშირის“, „ნაცებისა“ და ივანიშვილის დაღუპულია საქართველო. ეს არის ისეთი ისტორიულ-პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც დაუსჯელი არ დარჩება.

კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიჭირს პროგნოზის გაკეთება. ვერ გეტყვით ახლა, გახსნიან თუ არა ამ მკვლელობებს ისე, როგორც საჭიროა. კენედის მკვლელობის საქმე დღემდე გაუხსნელია და არავინ იცის, ვინ იყო ორგანიზატორი. შემსრულებელიც კი საეჭვოა. მთავარი მაინც ის არის, რომ მკვლელობებისთვის ხელსაყრელი გარემო პოლიტიკოსებმა არ შევქმნათ. ეს არის ჩვენი ამოცანა. როცა ამის თავიდან ასაცილებლად არაფერი კეთდება, მერე მოსდევს თანმდევი ძალადობა. სავსებით რეალურია იმის შიში, რომ მკვლელობები გაგრძელდება.

ხელისუფლებას დროულად რომ დაებრუნებინა სახელმწიფოსთვის  სტრატეგიული ობიექტები, ხარძიანიც გადარჩებოდა, უდესიანიც და ბევრი სხვაც. ამიტომ ვამბობ, ხარძიანის მკვლელობაში უპირველესი წვლილი სახელმწიფომ შეიტანა.

_ ახლაც ხომ შეუძლია ამის გაკეთება?

_ ახლა უკვე გვიანია და ის ვერაფერს ვეღარ გააკეთებს, გაკოტრების სტადიასაც კი გასცდა. რაც ახლა მათ შეუძლიათ გააკეთონ, ეს არის საარჩევნო რეფორმა, სამართლიანი არჩევნებისთვის ბაზისის მომზადება და ხელისუფლებიდან წასვლა. ივანიშვილის ადგილზე მე აღარ მივიღებდი მონაწილეობას მომავალ არჩევნებში და არც რომელიმე ბლოკს არ დავუჭერდი მხარს ასეთი კრახისა და ფინალის შემდეგ.

ხელისუფლება რომ აცხადებს, თითქოს კრიმინალმა იკლო, დანაშაული იხსნება და ა. შ., ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი ცხოვრობს „ბუტკაში“. ნათქვამი რომ არის, ქალო შედი „ბუტკაშიო“, ქალის მაგივრად ეს ხელისუფლებაა იმ „ბუტკაში“ შესული.

 

                                                                                                 ნელი ვარდიაშვილი