ინტერვიუ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს!!!

1

ჩემთვის ბოროტი მითი პანკისზე ერთი წლის წინ დაიმსხვრა.

პანკისის ხეობაში ლაფანყურის სპეცოპერაციიდან ერთი წლის თავზე ჩავედი. ყველა დაღუპული ქისტის ოჯახში ვიყავი. მართალია დაგვიანებით, მაგრამ სპეცოპერაციაზე საზოგადოებამ „ქრონიკა+“-ში ბევრი სკანდალური დეტალი შეიტყო. ქისტები დეტალურად მომიყვნენ, როგორ ევაჭრებოდა მათ ცხედრებით გლდანის ციხეში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გია ლორთქიფანიძე და რატომ გახდნენ ისინი იძულებულნი, სპეცოპერაციისას დაღუპულები გვიან ღამით, ჩუმად დაეკრძალათ. ეს ჯერ კიდევ ის დრო იყო, როცა იქაურებს ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიების იმედი ჰქონდათ და სამართლიანობის აღდგენას ელოდნენ. მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში „ქრონიკა+“-ში მადლობის სათქმელად პანკისელი ქისტები მოვიდნენ. მათ  ექსკლუზიურად გადმოგვცეს ის ფოტოები, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ჩუმად ინახავდნენ. ფოტოებზე ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპულთა ცხედრები იყო აღბეჭდილი. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ ქისტები ნაცემები იყვნენ. ამ და სხვა დეტალებზე დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ, „ქრონიკა+“-ში ვრცლად ისაუბრა.

პანკისში ყველამ იცის უჩა ნანუაშვილის სახელი, ასევე ძალიან ემადლიერებიან გელა მთივლიშვილს, რომელმაც პირველმა გამოიტანა ხეობიდან სპეცოპერაციის დროს ობიექტური ინფორმაცია.

ამჯერად პანკისის ხეობაში კონკრეტული მისიით მივდივარ _ სოფელ ომალოში ის ოჯახი უნდა მოვინახულო, რომელმაც პირველმა გაბედა გია ლორთქიფანიძის, „ბოროტას“ სამფლობელოში, „ქართული ოცნების“ შტაბის საკუთარ სახლში გახსნა. რამზან კუშტაშვილის ოჯახი მაშინაც სამართლიანობის აღდგენას ითხოვდა და ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგაც სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ამჯერად კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან _ მათ მიერ პირში ნათქვამმა სიმართლემ პრემიერი ღარიბაშვილი ისე გააღიზიანა, მერი მარგოშვილი სამსახურიდან დაითხოვეს.

წვიმიანი და ნისლიანი დღეა.

დუისში ხალხი კანტიკუნტად დადის, უცხოებს ეჭვის თვალით გვათვალიერებენ _ აქ ყველა ერთმანეთს იცნობს.  ხეობაში უცხო მანქანის გამოჩენა ყურადღებას იპყრობს. მანქანაში მეგზურს ვისვამთ და სოფელ ომალოში მივდივართ. ომალო ვეფხია მარგოშვილის მშობლიური სოფელია. მარგოშვილი ვეფხიას დედის გვარი ყოფილა, სინამდვილეში ჩოფანაშვილი იყოო, _ გვეუბნება მეგზური.

ომალოში პატარა სახლთან ვჩერდებით.

ოჯახის დიასახლისი კარში გვხვდება, _ გუშინ „რეაქციაში“ გიყურეთ, რას ვიფიქრებდი, დღეს თუ ჩემს ოჯახში მოხვიდოდითო, _ მეუბნება. სახლში დიდი სვანური ღუმელი ანთია, სასიამოვნოდ თბილა. საუბარიც საყვედურებით იწყება, მასპინძლები წყენას ვერ მალავენ, ვერც პრემიერის სიმამრზე და ვერც თავად პრემიერ ღარიბაშვილზე: „ოცნების“ წევრები და აქტივისტები აღარ ახსოვს ღარიბაშვილს, „ნაციონალებს“ ჩაეხუტნენ და მათთან სახლში წვეულებებსაც მართავენო.

ელზა მარგოშვილი:

_ ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი იცით, რა არის? სამართლიანობისთვის ვიბრძოდი, მინდოდა ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვლილიყო, „ნაციონალების“ დროს სამართალი ვერ ვიპოვე, სამი ტყვია აქვს ამ ბავშვს მოხვედრილი. მის ისტორიას რომ გადახედოთ, გაკვირვებული დარჩებით.

_ ვინ ესროლა სამი ტყვია და რა დროს?

_ თანასოფლელმა, სააკაშვილის მეგობარმა, „საფეჩე“ სამი ხის კუნძის გულისთვის. ეს ჩვენიაო, შეაგინა, დათომაც დაუბრუნა პასუხი, იმან კიდევ თავის ძმას უთხრა. მისი ძმა იარაღით მოვიდა, სააკაშვილის ძმაკაცია, ჩაუსაფრდა და ჩემს შვილს სამი ტყვია ესროლა, გულ-მკერდის არეში აქვს გავლილი ტყვია. არავის ეგონა, დათო ცოცხალი თუ გადარჩებოდა, ერთი „სუტკაც“ არ მჯდარა ციხეში. კიევში მიშა სტუდენტობის დროს ქისტებმა შეინახეს, ერთი მათგანი კარლო მუხაური იყო. მიშამ დაუფასა და მშობლიურ რაიონში „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახადა. აბა, მაშინ სამართალს როგორ ვიპოვიდი? გია და დათო ლორთქიფანიძეები შიშის ზარს სცემდნენ პანკისის ხეობას.

ოღონდ, სამართლიანობა აღმდგარიყო, მეტი არაფერი მინდოდა. ამ ხეობაში „ნაციონალების“ ეშინოდა ყველას, ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას. „ქართული ოცნება“ რომ დაარსდა, გვიან ღამით მოვიდნენ ჩვენთან სოფელში. ვიღაცას უთქვამს, მაგათი ბალღი დაჭრეს, ეგენი არიან „ნაცების“ წინააღმდეგიო. ოჯახის სამივე წევრი პარტიაში შევედით. ამ ჩემს ქოხში გავხსენი საარჩევნო შტაბი, მთელი პანკისის ხეობა ფეხზე დავაყენეთ, გვიან ღამით სახლში ჩუმად ვიკრიბებოდით. გეფიცებით, ღამე უშიშროება მოაყენებდა მანქანას, გვეშინოდა, ოჯახში ან იარაღი არ შემოგვიგდონ, ან ნარკოტიკებიო. მთელი ღამე ჩემი მეუღლე გვდარაჯობდა, დღე იძინებდა. მთელი პანკისის ხეობა ფეხზე დავაყენეთ, ხალხისთვის გავაკეთე ყველაფერი. თელავში მიტინგი რომ იყო, ჩემი შვილი სცენაზე ავიდა და ნაბადი აჩუქა ბიძინა ივანიშვილს. მანანა ბერიკაშვილს ცრემლები ჰქონდა თვალებზე, მანანა კობახიძე როგორ გველაპარაკა. ვიღას ვახსოვართ? ოღონდ სამართლიანობა ყოფილიყო, ლალისყურიდან მოყოლებული, ვარდისუბნამდე ფეხით მოვიარეთ მთელი ხეობა. ჭერზე მქონდა ექვს მეტრზე „ქართული ოცნების“ დროშა. დუისიდან რომ გამოიხედავდი, ჩანდა. უშიშროება მოვიდა, ჩამოხსენითო. არ ჩამოვხსენით! ისე მიხაროდა, „ოცნება“ რომ მოდიოდა!!! დამთავრდება არჩევნები და ციხეში ამოგალპობთ მთელ ოჯახსო! _ მემუქრებოდნენ.

_ რა მოხდა იმ დღეს, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პანკისის ხეობაში ჩამოვიდა?

_ ღარიბაშვილის პანკისის ხეობაში ჩამოსვლა გვიან გავიგე და დუისში ჩავედი. ერთადერთი ქალი ვიყავი, იქ რომ შევაღწიე, რათა დავლაპარაკებოდი. წამოვიდნენ, გამექაჩნენ „ნაციონალები“, რომლებიც მერე „ოცნების“ ხალხი გახდა. მე ხომ ვიცოდი, ვინც იყვნენ? იქვე ვუთხარი, _ ჩვენ რომ მიტინგზე თბილისში მივდიოდით, დაბალგორაზე იყავით შეკრებილები, ფირზე გვიღებდით და უშიშროებაში მირბოდით,  „ოცნების“ მხარდამჭერები როდის მერე გახდით-მეთქი?! რასაც ვფიქრობდი,  ყველაფერი ვუთხარი ღარიბაშვილს. მერე ჩხუბი მოხდა, ამ ბიჭებმა, „ნაციონალებმა“ და „ოცნების“ მხარდამჭერებმა, ერთმანეთზე გაიწიეს, ძლივს გავაჩერეთ. პირდაპირ ვუთხარი ღარიბაშვილს, _ ბატონო ირაკლი, მძიმე მდგომარეობაა, არც სკამი მაინტერესებს, არც თანამდებობა, ამისთვის არ მიბრძოლია, ჩვენ გვინდა მშვიდობა და სამართლიანობა, მერე რა, რომ სხვა ერის ვართ, ჩვენ ხომ საქართველოში დავიბადეთ და გავიზარდეთ. აქაა ჩვენი სამშობლო. ჩემს შვილზე თავდამსხმელი დააკავეთ, სხვას არაფერს ვითხოვ-მეთქი. კაპიკი არ ამიღია „ოცნების“, მოზვერიც კი გავყიდე და ჩემი ფული დავხარჯე, უპირო გამოვედი, ხალხი ტყუილად ვამუშავე, ხალხი აღარ დამენდობა… ღარიბაშვილმა მის თანამშრომელს უთხრა: პირად კონტროლზე ავიყვან ამ ქალბატონის საქმეს, ნომერი ჩაიწერეთო. მაშინ ლექსო ჭიკაიძე იყო კახეთის სამხარეოს უფროსი. გავიდა ერთი კვირა. მივიდა ჩემი შვილი, დათო, მაგრამ ჭიკაიძემ გადაგვამისამართა თბილისში. ჩემმა შვილმა დაურეკა იმას, ვისი ნომერიც ღარიბაშვილმა  დაგვიტოვა. ცივი უარი, მივიღეთ, _ თქვენთვის არა გვცალიაო!!! დეპუტატთან დაწერილი განცხადება მივიტანე, _ ამდენი ვიწვალე, ამდენი ვიშრომე, სკამი, ფული და თანამდებობა ხომ არ მომითხოვია, ჩემი შვილი ვინც სასიკვდილოდ გაიმეტა, იმის დასჯას ვითხოვდი. კარლო მუხაურმა ესროლა ჩემს შვილს, ცამ და ქვეყანამ იცის. თავისუფლად დადიოდა იმიტომ, რომ მიშა სააკაშვილის ძმაკაცი იყო. ახლაც თავისუფლად დადის იმიტომ, რომ „ოცნებაში“ გადაბარგდა. ზვიადაურის კანცელარიაში ჩემი განცხადება დაიკარგა. უკვე ვიცოდი, რომ სამართალს ვერც ახლა ვიპოვიდი. ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება, ზვიადაურმა რა სიტყვებიც მითხრა, მუშტი დამიკრა მაგიდაზე: ქალო, რას გამიწყალე გულიო?! მე ვუთხარი, _ შენ ვინმე ქუჩის ქალში ხომ არ გეშლები-მეთქი?! და გამოვბრუნდი უკან. ამ ხალხისთვის მოვიკალით თავი? (ტირის)

როცა ირაკლი ღარიბაშვილი პანკისის ხეობაში ჩამოვიდა, მისი სიმამრის, თამაზაშვილის ძმაკაცი, ზაურ გუმაშვილი მასპინძლობდა. იცით, ეგ და მისი შვილი როგორი `ნაციონალები~ იყვნენ? გია ლორთქიფანიძის ძმაკაცები, აქციებზე რომ მივდიოდით, ზაურ გუმაშვილის შვილი ვიდეოზე გვიღებდა და გია ლორთქიფანიძესთან მიჰქონდა, _ ესენი „ოცნების“ მხარდამჭერები არიან, დაიჭირეთო. ამოვიდა ღარიბაშვილი პანკისში, საჩუქრები მიართვა გუმაშვილებს, ხალიჩა და ტელევიზორები, მერე სუფრაც მის სახლში გაიშალა. ის იყო, „ოცნების“ შტაბის წევრები რომ მივიდნენ და პასუხი მოსთხოვეს ღარიბაშვილს, _ გუმაშვილთან და ხანგოშვილთან რა გინდა, მაგათთან პურს როგორ ტეხავ, ხალხი დასაჭერად დაგვდევდაო. ჩვენს პროტესტს რა მოყვა? კლუბში ვმუშაობდი და სამსახურიდან გამომიშვეს (ისევ ტირის).

 

დათო მარგოშვილი:

_ ზაქარია ქუცნაშვილსაც ვუთხარი ჩემი გასაჭირი და ირაკლი გრძელივანიშვილსაც, მოდით, დავსხდეთ, ნებისმიერ ადგილას, ჟურნალისტების თანდასწრებით და გავარჩიოთ, ვინ მტყუანია და ვინ მართალი. ხალხი მოტყუებულია, დაჩაგრულია, პანკისში არაფერი კეთდება. სპეციალური პროგრამააო, სად წავიდა ის ფული? რა გაკეთდა? _ არც არაფერი! არის მიგდებული აქაურობა და კაცი არ გვაქცევს ყურადღებას. გამგებელი? გამგებელი კი არა, მეცხვარე იყო, გვეხვეწებოდა, პარტიის წევრად მაინც მიმიღეთო. დღეს გამგებლად ზის. შედით კლუბში და ნახეთ, რა ხდება, _ ნარკომანების ბუდედაა გადაქცეული, ბამბები და შპრიცები ყრია. „ოცნებაში“ სულ შვიდი კაცი იყო და სამი ჩემი ოჯახის წევრი. როგორ გადავრჩით ცოცხალი, არ ვიცი. ღარიბაშვილი რომ ჩამოვიდა, ირგვლივ სულ „ნაციონალები“ ჰყავდა: სკოლის დირექტორი გუმაშვილი, მისი ცოლი. მიტინგზე რომ მივდიოდით, ზაურ გუმაშვილის ბიჭი გვაგინებდა, გვლანძღავდა. „ოცნებამ“ რომ გაიმარჯვა, თამაზაშვილის ძმაკაცი გახდა, მანამდე სააკაშვილის ძმაკაცი იყო. ჩვენ ხომ ვიცოდით, ვინ ვინ იყო. რომ მივედით, მაშინვე ვუთხარი, _ თქვენ მაშინ „ნაციონალები“ არ იყავით-თქო? ერთმანეთზე გავიწიეთ, იმიტომაც მოხდა იქ ჩხუბი. ამის ღირსები ვიყავით, რომ ასე მოგვქცეოდნენ? გია ლორთქიფანიძის შიშით ცხვირს ვერ ჰყოფდა გარეთ ვერავინ. ხუთი კაცი ვიყავით სულ: ქინქლაძე, ზაქრო, ბიძინა ჭიჭკიშვილი, ნუკრი ღობიანაური… ზვიადაურის ხსენებაც არ იყო, ზვიადაური და კალაძე ივნისის ბოლოს ჩამოვიდნენ. ჩვენ ყველაფერი უკვე გაწესრიგებული გვქონდა. არჩევნები დღეს, მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ არჩევნები წააგეს, ზაურ გუმაშვილის შვილი საარჩევნო უბანზე შემოსვლას და ყუთის გატაცებას აპირებდა. საშუალება არ მივეცით. დღეს ეს მოძალადე ანტიტერორისტულ ცენტრში მუშაობს. ღარიბაშვილს პირადად ვუთხარი ყველაფერი, უხუცესებიც იქ ისხდნენ, _ ეს არის ჩემი მდგომარეობა, ხომ გაიმარჯვეთ, გამოიძიეთ ახლა ეს საქმე-მეთქი. გუმაშვილი თამაზაშვილის ძმაკაცია, ვინც მესროლა ის, კიდევ _ გუმაშვილის. ვინ გამოიძიებს ამ საქმეს? _ არც არავინ. ფარავენ ჩემს მტერს. თეა წულუკიანიც ვნახე, აქ რომ იყო, მასაც ვუთხარი, მაგრამ რა?!. იძულებული ვარ, იგივე გავაკეთო, რაც მან გამიკეთა. კანონი ჩემთვის იქნება? _ იყოს! რა პრობლემაა? ციხეშიც ჩავჯდები! ვერ შემაჩერებენ! სხვა მაინც არაფერი დამრჩენია…

 

ელზა მარგოშვილი:

_ გული მისკდება, როცა ჩემი შვილის მკვლელს ქუჩაში ვხედავ. „ნაციონალების“ დროს არ დაისაჯა, „ოცნების“ დროს არ დაისაჯა, სამართალი როგორ ვიპოვო?! ჩვენი ადათ-წესების მიხედვით სამართალი სხვანაირად დგება. ამ გზით რომ წავიდეთ, სისხლი უნდა დაიღვაროს, შვილები უნდა დავუხოცოთ, შვილები რა შუაში არიან? დამნაშავე დასაჯონ. დანაშაული მამამ ჩაიდინა. ერთი დახმარება მქონდა, ისიც წამართვეს, მერე სამსახურიდან გამომაგდეს, შვილი „ნაციონალების“ დროს დამიინვალიდეს, რა უნდა ვქნა?! ადათ-წესს რომ მივყვეთ, ბევრი სისხლი დაიღვრება. 55 წლის ქალი ვარ, ჩემი კუთხიდან სად წავიდე? საქართველოს შვილი ვარ, საქართველოს კანონით ვითხოვ დამნაშავის გასამართლებას. შეიძლება ამის მერეც უშიშროება მომიგზავნონ. ღარიბაშვილმა თქვა, პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმესო და მერე? ორი წელი გავიდა, ვის მოვაგონდით? ის გლეხი და გაჭირვებული მარტო არჩევნების დროს უნდა მოგაგონდეს? სხვა დროს არა? თუ გლეხი არ დაუჭერს მხარს, როგორ მოიგებს არჩევნებს? განა, მარტო სკამზე დაჯდომაა, გაჭირვებულებსაც მიხედონ. დღეს რა, პეტრე ცისკარიშვილი აქ არ ჩამოდის? დღეს აქ არიან, ხვალ იქ არიან. ათი წლის სიცოცხლე დამაკლდა, არჩევნებზე ყველა კომისიის წევრს თავზე ვადექი. არჩევნები რომ წაეგო „ოცნებას“, ლორთქიფანიძე დაგვხოცავდა. მოვიგეთ, კაცო! განა, რამეს ვთხოვ, ჩემი შვილის საკითხზე სამართლიანობის აღდგენას ვთხოვ, სხვას არაფერს. შვილი ინვალიდი დამრჩა, კაცოო!!!! მილიმეტრნახევრით ასცდა ტყვია გულს, სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, რა ვქნა? ვერ ვიპოვე სამართალი (ტირის), ინვესტორებიც გააქციეს. მივიდა პოლიცია, ახმეტიდან გამგებელი, ჩვენ თუ გადაგვიხდით ნახევარს, მერე ააშენეო. ის ინვესტორიც გაიქცა, პანკისის ხეობა არავის აინტერესებს, უპატრონოდაა მიგდებული აქაურობა. ამბავსაც კი არავინ კითხულობს.

 

რამზან ქუშტანაშვილი _ დათო მარგოშვილის მამა:

_ ეს მთავრობა ყურადღებას მაინც არ მაქცევს, სხვანაირად ვიპოვი სამართალს, სამი ესროლა ჩემს ბალღსა? სამ ტყვიას ვესვრი მის შვილსაც. მოკვდება _ მოკვდება, გადარჩება _ გადარჩება! სამართალი სად არის?! ჩვენი კანონი ხომ კარგად ვიცი? სამს ვესვრი! დამიჭერენ? _ დამიჭირონ! როგორც კი ხმას ამოიღებ, _ „ნაციონალებმა“ ეს გააკეთეს, ის გააკეთესო… განა, საწყალ ხალხს უყურებენ? ჩვენ სანამ ცოცხლები ვართ, შვილს კიდევ მივხედავთ, მაგრამ ცოცხლები რომ აღარ ვიქნებით, ვინ მიხედავს?

გულდამძიმებული ვტოვებთ მარგოშვილების ოჯახს _ ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად პანკისის ხეობაში „ქართული ოცნების“ შტაბი ჩამოაყალიბეს, ბოლომდე იბრძოდნენ გამარჯვებისთვის, სამართალი ვერ იპოვეს. 2012 წლის 10 დეკემბერს ხეობაში ჩასული მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ზაურ გუმაშვილისა და ჯაფარ ხანგოშვილის ორგანიზებით „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შეხვდა. სხვათა შორის, ამ შეხვედრისა და იქ მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტსივრციდან გაქრა, მხოლოდ უხუცესებთან მოწყობილი შეხვედრის ფრაგმენტი იძებნება. ირაკლი ღარიბაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიების ასევე პირად კონტროლზე აყვანასა და საქმის უსწრაფესად გამოძიებას ჰპირდება ქისტებს. სამწუხაროდ, ლაფანყურის სპეცოპერაცია ამ დრომდე გამოუძიებელია. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ გამოძიება არ დასრულდება. არ დასრულდება იმიტომაც, რომ სპეცოპერაციის ხელმძღვანელს, გია ლორთქიფანიძეს,  პრემიერის ცოლის მამიდაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი მფარველობს. ქისტებისთვის ღარიბაშვილი სიტყვის გამტეხი კაცია, მან მიცემული პირობა ვერ შეასრულა. ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული ასლან მარგოშვილის ბაბუამ ამ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრს უთხრა, _ სპეცოპერაცია დადგმული სპექტაკლი იყო, ჩვენმა ბიჭებმა ქართველებზე ხელი არ აღმართეს, ამიტომაც წავიდნენ საზღვრისკენო. ქისტებს პრემიერის იმედი აღარ აქვთ. იციან, რომ სამართლიანობის აღდგენას დააგვიანდება!!!

რამზან კუშტანაშვილის ოჯახს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის იმედიღა დარჩა, _ იქნებ, ხმა მივაწვდინოთ და ჩვენს გასაჭირს ბატონმა ბიძინამ ყურადღება მიაქციოსო!!!

ომალოში იმასაც გვეუბნებიან, რომ ქვის ქარხანა, რომლის გახსნაზეც ირაკლი ღარიბაშვილი იაფი აგროკრედიტის ფარგლებში საუბრობს, მისი სიმამრის მეგობრის, ზაურ გუმაშვილის საკუთრებაა და თამაზ თამაზაშვილიც ქარხნის არაოფიციალური მოწილეა. ტერიტორია, სადაც ქვა მოიპოვება, მის მფლობელს იძულებით დაათმობინეს, მაგრამ თამაზაშვილის შიშით ხმის ამოღებას ვერ ბედავსო (ინფორმაციის გადამოწმებას ვერ ვასწრებთ. ამ და სხვა თემებს, მათ შორის, პანკისის ხეობაში იმ პერიოდის მოვლენებს, როცა კახეთის სამხარეო სამმართველოს პრემიერის სიმამრი ხელმძღვანელობდა, „ქრონიკა+“ უახლოეს ნომრებში აუცილებლად დაუბრუნდება, ალექსანდროვიჩის გულშემატკივრებს კი ვურჩევთ _ ჩვენი წყაროების გაშიფვრას ამაოდ ცდილობთ. ყველა ინფორმაცია უკვე მოპოვებული გვაქვს და დამატებითი წყაროების ძებნას, მათ შორის, პანკისის ხეობაში, აღარ  ვაპირებთ).

ომალოდან ჯოყოლოში ვბრუნდებით. ჯოყოლოში ერთადერთი ქრისტიანული ტაძარი გამოკეტილია. ტაძრის გასაღები იქვე, მეზობლად ინახება. ტაძარი მოქმედი არ არის, მაგრამ სანთლის ანთება ყველა ქრისტიანს შეუძლია. იქვე ახლოს მეჩეთი დგას _ ასეთი ქვეყანაა საქართველო!!!

რაკი სოფელ ჯოყოლოში მოვხვდით, „ქრონიკა+“-ის სტაჟიან რესპონდენტს, ჯოყოლა აჭიშვილს ვეხმიანებით. ისიც სახლში გვეპატიჟება, _ პური გავტეხოთ და თან ვისაუბროთო.

ჯოყოლა უფლებადამცველია, თან დიპლომიანი იურისტი, აქტიურად ებრძვის უკანონობას. ექომაგება ქისტებს და „ქრონიკა+“-ს ამჯერადაც სკანდალურ ფაქტებს აწვდის.

ჯოყოლა აჭიშვილი:

_ მამიდაჩემი იყო ძალიან მძიმედ, წამლების ჩამოსატანად წავედი ახმეტაში, იქ გავიგე, რომ ქისტები იყვნენ დაკავებული. ომალოს გამგებელი და მისი ძმა გავარკვიე, რა მოხდა _ სანამ ახმეტაში „ქართული ოცნება“ შემოვიდოდა, გია ლორთქიფანიძის კლანს ახმეტა ხელში ჰყავდა. მოქმედი პოლიციელია სოსო უძილაური, მთვრალი იჯდა საჭესთან. ომალოელი ალხანიშვილების მანქანას დაარტყა, თან ძმები სასტიკად სცემეს. 2012 წელია. ეს ხდება ახმეტის პოლიციის წინ. ჭიჭიაშვილმა საკუთარ თავზე აიღო, საჭესთან მე ვიჯექიო, სოსო უძილაური რომ არ დასჯილიყო (ეს ის ჭიჭიაშვილია, რომელმაც ჟურნალისტები სცემა სატყეოზე ვიდეომასალის გადაღებისას). მაშინ ალხანაშვილმა უთხრა, _ მე ამას არ გაპატიებო! განცხადებაც დაწერეს პოლიციაში, მაგრამ რეაგირება ნული. ორი წლის მერე ალხანაშვილები და ჭიჭიაშვილი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, ძველი მტრობა გაიხსენეს, იჩხუბეს. დაკავებულების ამბავი გავარკვიე და მანქანისკენ წავედი. პოლიციიდან 30 მეტრში შვიდი კაცი დამესხა თავს, სოსო უძილაური ფანჯრიდან იყურებოდა, იმან მომიქსია ხალხი, ამის მერე, სასტიკად ნაცემი, ახმეტის პოლიციამ თელავის საავადმყოფოში გადამიყვანა. როცა პანკისში ჩემი ცემის ამბავი გაიგეს, მთელი ხეობა ფეხზე დადგა. 2014 წლის 10 ნოემბერია, სპეცრაზმი ჩამოვიდა, გზებიც გადაკეტეს. ჩემთან ჩამოსულები პოლიციამ გამოაცილა, თელაველ პოლიციელს უნდა გამოეცილებინა, მაგრამ საბურავები დახვდა მანქანაზე დაშვებული. მატანში ჩვენს მანქანებს სამმა მანქანამ გზა გადაუკეტა და მოხდა ჩხუბი, სადაც ერთი კაცი დაიჭრა, ოთხი კაცი დააკავეს, ორი ქისტი და ორიც ქართველი. ეს პროვოკაცია მოაწყო დუისის ქვეგანყოფილების უფროსმა, ბადურა ფილაშვილმა, რომელიც „ნაციონალი“ იყო ადრეც და ახლაც „ნაციონალია“. დაკავებული მუთოშვილები „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ. ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე ყუთის დამტვრევას აპირებდნენ „ნაციონალები“, ერთი მუთოშვილი ბოლომდე თავზე ადგა საარჩევნო ყუთს, მოკვლას უპირებდნენ. მეორე ძმა ზვიადაურის ძმაკაცია. ახმეტაში დღესაც „ნაციონალები“ აკონტროლებენ პოლიციას, არც ქისტებმა იციან, ვინ დაარტყა დანა დაზარალებულს. ჩხუბი რომ დამთავრდა, ქისტებმა დანები ეგრევე პოლიციას ჩააბარეს. მუთოშვილები დუისის ქვეგანყოფილების უფროსს არ მოუდიოდა თვალში. საქმე ისეა შეკერილი, ახმეტელებს იქით დაესხნენ თითქოს თავს ქისტები. რეალურად, ახმეტაში გია ლორთქიფანიძის კლანია. ჭიჭიაშვილის ძმა მუშაობდა, კახეთის სამხარეოში, ახლა ახმეტაში გადმოიყვანეს, პროვოკაციას პროვოკაციაზე აწყობენ. დღე არ გავა, რომელიმე ქისტი არ დააჯარიმონ. ღარიბაშვილი რომ ჩამოვიდა პანკისის ხეობაში, „ნაციონალების“ ოჯახში იქეიფა, იმ სუფრაზე ერთი „ქართული ოცნების“ წევრს ვერ ნახავდი. თამაზაშვილის ძმაკაცია და იმიტომაც მივიდა იმ ოჯახში, ასე შეიძლება? ზვიადაური რომ ამოვიდოდა მომხრეებთან ერთად, გუმაშვილის შვილი კამერით დასდევდა, ვინ იდგა მის გვერდით. მუთოშვილების ერთი ნათესავი კიდევ, ლამის, საცემრად გაიწია ძმებზე, „ნაციონალებს“ ხმას რატომ არ აძლევთო? „ოცნების“ ასეთი მხარდამჭერები, იმის მაგიერ, რომ ასლარიანი ჯარიმით გამოეშვათ, ორი წელი ჩასვეს ციხეში. ამას სპეციალურად აკეთებენ ჩანერგილი „ნაციონალები“. „ქართული ოცნება“ პანკისის ხეობაში არჩევნებს ვეღარ მოიგებს.!!!

არჩევნები „ოცნებას“ რომ არ მოეგო, ჩვენ საქართველოდან უნდა წავსულიყავით. არ იყო იოლი იმ დროს გია ლორთქიფანიძესთან დაპირისპირება. პანკისის ხეობას დღეს ყოფილი „ნაციონალები“ აკონტროლებენ, არაფერი შეცვლილა!!! ჯოყოლოს რესტორანი პეტრე ცისკარიშვილისთვის ჩაკეტილი იყო, მერე ზვიადაურმა იქეიფა. განა, თავად არ იცის, რა ხდებოდა აქ? ბევრი კი იწვალა ზვიადაურმა ამ ორ ბიჭზე, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

_ სხვა დაკავებულ ქისტებზე რას მეტყვი?

_ იუსუფ ლაკაევი ამ ხელისუფლების დროს დააკავეს. აფხაზეთში აბრალებენ რუსი „ფეესბეს“ გენერლის მკვლელობას, რომელიც საქართველოს ქონებას უკანონოდ ასხვისებდა. გადმოვიდა საქართველოში და დააკავეს. რუსეთი მის გადაცემას ითხოვს. თუ მან აფხაზეთში ჩაიდინა დანაშაული, მაშინ საქართველოში უნდა გასამართლდეს, თუ რუსეთს გადასცემენ, მაშინ უნდა აღიარონ, რომ აფხაზეთი რუსეთის კუთვნილი ტერიტორიაა, მაგრამ ამათ სულ ფეხებზე ჰკიდიათ. მე ეგეთი მთავრობა არ მინახავს!!! 16 წელი მისცეს. ბათუმში პოლიცია მისულა მის დასაკავებლად. ამას ეგონა, რომ რუსები არიან. ფორმა არ ეცვათ, ისროლა და პოლიციელიც დაიჭრა. 16 წელი მისცეს. გლდანის ციხეში „ადინოჩკაში“ ჰყავთ, სახლში არ არეკინებენ. ლაკაევი ვისთანაც იყო ჩასული ბათუმში, თემურ ბახუნტარიძეს და ფირუზ წულუკიძეს, რახან  სახლში მიიღეს, 4-4 წელი მიუსაჯეს. წულუკიძე ევროპის ჩემპიონია. მსოფლიო ჩემპიონატზე რელიგიის გამო არ გაუშვეს, სარწმუნოების შეცვლა და წვერის გაპარსვა მოსთხოვეს. დაკავებისას ორივე სასტიკად სცემეს და აწამეს. სახელები და გვარები იციან, ვინც აწამა, ცოლისა და შვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. მიქაელ ქადიევი და მისი ბიძაშვილიც ტყუილად დაიჭირეს, იმიტომ, რომ რუსეთს უნდა ასე, პუტინის წინააღმდეგ აქციებს ეგ აფინანსებდა. ლტოლვილთა სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ქადიევმა არ დაასახელა ის პირები, რომლებიც მასთან ერთად პუტინის საწინააღმდეგო აქციებს აფინანსებდნენ. ვერ გავიგე, ეს „ფეესბეა“ თუ ლტოლვილთა სამინისტრო? მეორე მოტივად კი დაასახელეს რუსეთის მთავარი პროკურორის მოადგილის თავდებობა. ის პირობას დებდა, რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში მიქაელ ქადიევს არ აწამებდნენ. სოზარ სუბარი წერს, რელიგიის გამო ჩრდილოეთ კავკასიაში არავის დევნიანო. ყოფილი სახალხო დამცველი რომ ამას დაწერს. მგონი, პროცესზე „ფეესბეს“ ტექსტი გამოაგზავნეს. სააპელაციო სასამართლომ ლტოლვილთა სამინისტროს დადგენილება გააუქმა. ველოდებით, რა გზას დაადგება ახლა სოზარ სუბარი. ამის წინა სასამართლო სხდომაზე ქადიევმა თქვა, _ უდანაშაულო კაცს იარაღი ჩამიდეს, ციხეში გამიშვეს, მაგრამ რომ დავინახე, ჩემს მხარდასაჭერად აქციები იმართებოდა და ამ აქციებზე ქართველები იდგნენ, შოკში ჩავვარდიო. ქართველები ყველაზე მაგარი ადამიანები არიანო!!!

მედროვეები ჰყავს ამ საქართველოს. უყურეთ ახლა, 2016 წელს არჩევნები რომ ჩატარდება, ისევ ჩვენი საწვალებელი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს. დღეს რომ „ქართულ ოცნებაში“ არიან, ისინი გამარჯვებულ პარტიაში გადავლენ. ამათ ნამუსი არ აქვთ, მაგრამ მთავრობაში რომ მოდიან, არც იმათ აქვთ ნამუსი, ყოფილ მტერს რომ ხელს ართმევენ. გუმაშვილის ოჯახში შედის და ქეიფობს, საჩუქრებს უგზავნის. ზვიადაურის თანდასწრებით ვთქვი კიდეც, _ შიხიაშვილებითაა სავსე პანკისის ხეობა, პოლიციაში ეგენი არიან, გამგეობაში ეგენი არიან, არაფერი შეცვლილა. რომ დაიაროთ პანკისის ხეობა, ყოფილი „ქართული ოცნების“ წევრები დაიფანტნენ, „ნაციონალები“ არიან ყველგან. საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯოყოლოში 1200 კაციდან 400 კაცი მივიდა. უხუცესთა საბჭო ჰყავთ, სულ ათი კაცი, მინისტრები ჩამოდიან, ამ ათ კაცს ხვდებიან, პრეზიდენტის მრჩეველი ჩამოვიდა _ ამათ შეხვდა. ნაცემი ვიდექი დუისის ცენტრში, პოლიციის შენობასთან აქციას ვმართავდი, პრეზიდენტის მრჩეველმა ისე აიარა, მანქანაც კი არ გააჩერა, არ უკითხავს საერთოდ, რა ხდებაო. სკოლაში მივიდა და უხუცესთა საბჭოს შეხვდა. სპორტის მინისტრი ჩამოვიდა. გელა მირეკავს, მთივლიშვილი, _ სად ხართ? მინისტრია აქო. პარასკევი იყო, მეჩეთიდან გამოვედით, ჩავედით და უკვე წასული დამხვდა. ვეუბნები, _ ვის შეხვდა-მეთქი? _ სკოლის მასწავლებლებს, ბაღის მასწავლებლებს, გამგეობის თანამშრომლებსო. თუ მინისტრი ჩამოდის მოსახლეობასთან შესახვედრად, მასწავლებლებს კი არა, ხალხს უნდა შეხვდეს, რა უჭირს და რა ულხინს. ასეთი რამ აქ არ ხდება, მარტო უშიშროება მუშაობს, ტურისტებსაც კი დასდევენ, ჩვენთვის სამართალი არ არსებობს!!!

 

P.S.  ეს ის შემთხვევაა, როცა საგანგებოდ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ერთგული ადამიანების ფასი არ იცის. პანკისის ხეობაში ვანო მერაბიშვილის მოადგილის, გია ლორთქიფანიძის, „ბოროტას“ საუფლოში, რამზან კუშტანაშვილის ოჯახმა საკუთარი სიცოცხლის ფასად  დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. ისინი არ ითხოვენ ფულს, არ ითხოვენ სამსახურს, არ ითხოვენ სამედიცინო დახმარებას, ისინი ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას და მათი შვილის მკვლელის დასჯას!!!

მათ თქვენი იმედი აქვთ!!!

ისინი თქვენს რეაგირებას ელოდებიან!!!

 

                                                                                                            ელისო კილაძე