პრემიერის გედის სიმღერა

bila3245

„თქვენ ხართ ჟურნალისტი _ თქვენ ყველაფრის უფლება არ გაქვთ“, _ ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტს, რუსუდან მამასახლისს უთხრა. პრემიერი ჟურნალისტის მიერ შიდა ქართლის გუბერნატორზე დასმულმა შეკითხვამ ისე გააღიზიანა, რომ ბოდიშის მოხდა და მისთვის საქმიანობის აკრძალვაც კი მოითხოვა. მერე რა, რომ არც ბოდიშის მოხდას და არც ჟურნალისტის საქმიანობის აკრძალვას ქართულ საკანონმდებლო სივრცეში არც ერთი კანონი არ ითვალისწინებს? აქ მთავარი პრემიერის სურვილია და არა კანონი. „თრიალეთის“ ჟურნალისტის კითხვამ ირაკლი ღარიბაშვილს ურთიერთპატივისცემა გაახსენა, _ თუ თქვენ მოითხოვთ, რომ ჩვენ, მთავრობამ, პატივი უნდა გცეთ, მაშინ კეთილი ინებეთ და გაუმართლებლად ნუ გვაკრიტიკებთო. კრიტიკის გახსენებაზე „შპარგალკას“ ჩახედა და „მე გამახსენდა კიდევ ერთი ბრალდება, აბსურდებს იგონებენ ჩემ წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, რომ თითქოს… ჩვენ ახლა ვიმყოფებით სასტუმროში, რომელიც ეკუთვნის ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელიც რამდენიმე თვის წინ დააჯარიმეს დიდი თანხით და შემდეგ დააბრალეს, ჩემი ოჯახის წევრებს, თითქოს მას გამოსძალეს 75 მილიონი. დღეს რომელია ასეთი გიჟი საქართველოში, რომელიც ამას გაბედავს, ვინც არ უნდა იყოს? მე, უბრალოდ, მაქვს გაცხადებული, ჩემი შვილი რომ იყოს, თუ კანონს დაარღვევს, უნდა იყოს პასუხისმგებელი! უნდა რცხვენოდეთ, ვინც ამ ბინძურ კამპანიას გეგმავს ადამიანების წინააღმდეგ. თუ არის ამის ფაქტები, მაშინ უნდა გაბედონ და წარმოადგინონ ფაქტები, თუ ფაქტები არა აქვთ, მაშინ შეწყვიტონ ეს ბინძური კამპანია. გამგებმა კარგად გაიგოს (ციტატის დასასრული)“.

მაშინ, როცა ნათესავები „პრავებში“ ჰყავდა, პრემიერი ღარიბაშვილი ღადაობდა, _ ცოლის ნათესავები ნათესავები არ არიანო. „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული მასალა, რომელიც პრემიერმა ისე გაიხსენა, რომ ჩვენი ხსენება ვერ გაბედა, სწორედ ცოლის ნათესავებს _ პარლამენტის დეპუტატს, ალექსანდრე თამაზაშვილსა და ცოლის მამიდაშვილს, ზვიად ჯანყარაშვილს ეხებოდა, რომლებიც ცდილობდნენ, ბიზნესმენ თემურ უგულავასთვის დარიცხული 150 მილიონის სანაცვლოდ 75 მილიონში მოეგვარებინათ საქმე. რაც შეეხება ფაქტებს, ჩვენ ვწერდით, რომ თემურ უგულავამ ამ შეხვედრის ჩანაწერი სწორედ ყოფილ პრემიერს გაუგზავნა რამდენიმე ადამიანის ხელით.

პრემიერის ურთიერთპატივისცემაზე გამახსენდა: სიბინძურე არის სწორედ ის, რასაც პრემიერის ოჯახის წევრები „ქრონიკა+“-ისა და პირადად ჩემ წინააღმდეგ ეწევიან _ მთელი ზაფხულის განმავლობაში ლადო ბედუკაძე ამაზრზენ კამპანიას ეწეოდა „საერთო გაზეთის“ ფურცლებზე; პრემიერის ოჯახის პირადი „პიარშიკი“, ნინო ჯღარკავა სოციალური ქსელის მეშვეობით; მოგვიანებით, არენაზე შემოიყვანეს ამირან მესხელის გავლენის აგენტები ქეთევან ზარნაძე და დარეჯან მეფარიშვილი; „საქართველოს რესპუბლიკაში“ ანონიმ ავტორს ანონიმ ჟურნალისტთან ერთად ისიც კი დააწერინეს, რომ თამაზაშვილს შინ ვუვარდებოდი, მისაღებიდან ვერ მიცილებდა და მის მიმართ, თურმე, გრძნობა მქონდა, ხოლო პრემიერის ცოლისძმამ, ოჯახის წევრებთან _ შვილთან და ძმასთან ერთად _ პირადად დამდო ბრალი ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებაში.

ბატონო პრემიერო, კარგია, რომ ჩვენს გაზეთს კითხულობთ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა დაინახოთ ის ბინძური კამპანია, რასაც თქვენი ოჯახის წევრები ჩემი მისამართით ეწევიან. მგონი, ფაქტებსა და ბოდვებს შორის განსხვავებას ჯერ კიდევ ამჩნევთ.

ზოგადად, „ქრონიკა+“-ის გახსენებამ პრემიერი წყობიდან ისე გამოიყვანა, ჟურნალისტ ირინა გოგოსაშვილის შეკითხვებს ბოლომდე არც მოუსმინა და ვერც გაიაზრა. ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ კარგია, როცა ერთ ლარად გადაცემულ მიწაზე 45 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, რასაც პრემიერის მხრიდან სრულიად უადგილო აგრესია მოჰყვა. ირინა გოგოსაშვილი იძულებული გახდა მისთვის საჯაროდ აეხსნა, რომ ამ შემთხვევაში ის სწორედ პრემიერის მხარეს იყო. რაც შეეხება ჩვენს შეკითხვებს, ისინი ეხებოდა აჭარაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის ბიზნესმენისთვის წართმეული სახლის ერთ ლარად გადაცემას; ავიოკომპანია „აჭარას“, რომელიც ასევე სიმბოლურ ფასად გადაეცა „აირზენას“ და მოძრაობას, რომელიც აჭარაში ავტონომიის გაუქმების მოთხოვნით იწყება. ამ კითხვების მოსმენის მერე, იმედია, პრემიერის ყველაზე აქტიური მომხრეებიც კი (თუ ასეთები მას კიდევ შემორჩა) ვერ დაგვაბრალებენ, რომ რაიმე ბმა გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. სამწუხაროდ, შეკითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. მეტიც _ პრესკონფერენცია მოულოდნელად ისე დასრულდა, რომ „ასავალ-დასავალს“, „ალიასა“ და სხვა გაზეთებს შეკითხვების დასმამ აღარ მოუწიათ.

რაც შეეხება ფაქტებს _ ჩვენ, ცხადია, ხელახლა აღარ მოვყვებით იმის შესახებ, რასაც ამდენი თვის განმავლობაში ვწერდით პრემიერის ოჯახის წევრებზე. ამჯერად `ქრონიკა+~-ის წყარო ახალ ფაქტებზე გვესაუბრება:

პრემიერის ცოლის მამიდაშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის და _ ნატო ჯანყარაშვილი _ 2012 წლიდან მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტში;

დეპარტამენტის დირექტორი _ ვაჟა ფანჩულიძე _ ზვიად ჯანყარაშვილის ხელდასხმული პირია და ადეიშვილის დროს ქალაქის პროკურატურაში მუშაობდა;

ლევან სპანდერაშვილი _ ნატო ჯანყარაშვილის ქმარი, ზვიად ჯანყარაშვილის სიძე _ მუშაობს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში _ იქ, სადაც თავმჯდომარის მოადგილის პოსტს ამ დრომდე იკავებს ჩხენკელების უმცროსი ძმა ლაშა (მკითხველს შევახსნებთ, რომ ძმები ჩხენკელები ასევე ზურაბ ადეიშვილის ფრთას წარმოადგენდნენ წინა ხელისუფლებაში: უფროსი ძმა მონაწილეობდა „ქართუს“ გაკოტრების სქემაში და 15000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა სასამართლომ);

ეთერ ჯიყაშვილი _ ზვიად ჯანყარაშვილის ნათესავი _ მუშაობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში უფროსის მოადგილედ;

ჯონი ჯოხარიძე _ ზვიად ჯანყარაშვილის მეგობარი _ მუშაობდა სიღნაღის რაიონის პოლიციის განყოფილების უფროსად, რამდენიმე თვის წინ დაინიშნა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსად; (მინისტრი მღებრიშვილი ასევე ფინანსური პოლიციის კადრია)

ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით შავლიაშვილის სიმამრი, არის აფხაზეთის პროკურორი იოსავა;

თამაზ თამაზაშვილის და _ თამარ თამაზაშვილი _ დედოფლისწყაროს რაიონში კულტურის სამსახურის უფროსია, ხოლო მისი ქმარი _ ვასილ აბულაშვილი, ადგილობრივი ენერგოკომპანიის დირექტორი;

გავლენებს ამ დრომდე ინარჩუნებენ ძმები ჩხენკელები;

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე შარტავა აკაკი ჩხენკელის კლასელია, ისევე როგორც ჩხენკელების კადრია 2013-1014 წლებში მათ მიერ დანიშნულია ყველა დეპარტამენტის უფროსი.

ეს სია გაცილებით დიდია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კვალიფიციურ კადრებს პრემიერის სანთელი მხოლოდ ოჯახის წევრებს შორის ეძებს.

რაკი პრემიერმა პრესკონფერენციაზე ფაქტები მოითხოვა, „ქრონიკა+“ არ დაზარდება და მას კიდევ ერთ ფაქტს მიაწვდის, რომელიც მისდამი დაქვემდებარებულ უწყებაში, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში, ხდება.

აღნიშნული ტენდერის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ტენდერების გვერდზე არ იძებნება, სამაგიეროდ ინტერნეტში იძებნება ნიუსი, რომ 2014 წლის 8 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი სამტრედია-გრიგოლეთის ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. ოფიციალური ინფორმაციით გზა უკრაინულ კომპანია „ალტკომს“ უნდა აეშენებინა, სამუშაოების ღირებულება 153 მილიონი ლარი იყო, სამშენებლო სამუშაოებზე კი ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდებოდა.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საგზაო მშენებლობა საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით „ალტკომის“ ფილიალი საქართველოში, 2014 წლის 16 იანვარს დარეგისტრირდა. კომპანიის ოფიციალური მისამართია სამტრედია, რესპუბლიკის ქ. #8. „ალტკომის“ დირექტორია უკრაინელი ალექსანდრე ვალუიკინი.

კიდევ ერთი ოფიციალური ინფორმაცია აღნიშნული ტენდერისა და კომპანია „ალტკომის“ შესახებ „ქრონიკა+“-მა საავტომობილო გზების დეპარტამენტის საიტზე იპოვა. ამ ინფორმაციის თანახმად, სამტრედია-გრიგოლეთის სამშენებლო მონაკვეთის სიგრძეა 57 კმ., დონორი არის ევროპის საერთაშორისო ბანკი (EIB), გზის მშნებლობა ოთხ ლოტად განხორციელდება, პირველი ლოტის _ 11,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები 2013 წელს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში 2014 წელს შევა. აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება ახალი მიმართულების 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა.

პროექტით გათვალისწინებულია 26 მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მოწყობა, 8 სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, მათ შორის, 3 ხიდი და 1 რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი-ესტაკადა. სამშენებლო პერიოდი _ 30 თვე. „ალტკომი“ უკარაინული საფინანსო ინდუსტრიული ჯგუფია, რომლის შვილობილმა კომპანია „საგზაო მშენებლობა ალტკომმა“ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე გამოცხადებული 153 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის მარტში უნდა დაწყებულიყო. აგვისტოში მედიაში ჩნდება ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში უკრაინული კომპანია „ალტკომის“ ტექნიკის ტრანსპორტირება შეფერხდა. კომპანიის წამომადგენლის, ანტონ კრამენკოს განცხადებით, მათი ტექნიკის დიდი ნაწილი (საავტომობილო პარკი, სპეციალური დანიშნულების ტექნიკა, ლაბორატორიული დანადგარები და ა. შ.) დონეცკში დარჩა, სადაც კომპანიაა ბაზირებული. სხვათა შორის, „ალტკომის“ წარმომადგენლებმა ანაკლიაში გამართულ ბიზნესფორუმზე განაცხადეს, რომ განმუხურში 100 ჰა ფართობზე იტალიურ-ესპანური სტილის სასტუმროების კვარტლის პროექტზეც მუშაობენ, ხოლო ივლისის ბოლოს ბალნეოლოგიური კურორტის კონცეფციის წარდგენასაც გეგმავენ.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, რეალურად, „ალტკომს“ სამშენებლო ტექნიკა და ავტომანქანების პარკი დონეცკში კი არ დარჩა, თურქმენეთში ჰყავს გადასროლილი, სადაც ასევე მოგებული ტენდერის დასრულებას ცდილობს. რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალს, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან კომპანიამ 43 მილიონი ლარი ავანსად მიიღო, თანხა კონვერტირებული და საქართველოდან გატანილია, ზემოთ დასახელებულ მონაკვეთზე კი სამშენებლო სამუშაოები არც დაწყებულა!!!

„ქრონიკა+“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ნოდარ ჯავახიშვილთან ცდილობდა, მაგრამ როგორც ჯავახიშვილმა „ქრონიკა+“-ს განუცხადა, ის ჟურნალისტებთან გაბუტულია და მედიასთან ურთიერთობაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული.

P.S. „ქრონიკა+“ იმედს იტოვებს, რომ პრემიერ-მინისტრი სტატიაში მოყვანილი კონკრეტული ფაქტით დაინტერესედება და მასზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

 

                                                                                                          ელისო კილაძე