გარემოს დაცვის მინისტრის ტკივილები და იაღლიშები

azet

ამ ხელისუფლებას, სხვა „სიკეთეებთან“ ერთად, ერთი ზნეც სჭირს, უეცრად ისეთს ვისმეს აღაზევებს სახელისუფლებო ვერტიკალზე, არათუ „გუგლი“ არ ცნობს და არ იგუგლება, იალბუზზე რომ ეშმაკები სხედან, იმათაც არაფერი უწყიან მათზე.

სწორედ ასეთი კაცი იცავს დღეს ჩვენს გარემოს. დიახ, ბატონო, გარემოს დაცვის მინისტრზე მოგახსენებთ.

კი, ახლა რაც უკვე ორი მინისტრის პოსტი აირტყა ალაგ-ალაგ მშვიდობაში, უკვე იგუგლება კიდეც, ისიც, ძირითადად, სამინისტროს გავრცელებული ნიუსებით და მწირი ბიოგრაფიით, რომელიც მთავრობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს საიტებზეა განთავსებული. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო და ახლა კი გარემოს დაცვის მინისტრია, მისი აქტივობაც ნულს ქვემოთაა და არც მედიით ჩანს. ასე განსაჯეთ, ზოგიერთ მედიასაშუალებას, (მაგალითად,news.ge -ს) წელს, 5 თებერვალს, ის ისევ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ეგონა, „ტაბულის“ საიტზე კი, ძიებას რომ აძლევ, მასზე მხოლოდ ერთ ნიუსს აგდებს, ისიც იმ ნიუსს, რომელიც იტყობინება, რომ დავით ნარმანიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ელგუჯა ხოკრიშვილი შეცვლის. ეს ამბავი კი შარშან მოხდა _ როცა დაბურულ ტყედ ქცევას ჰპირდებოდა „ნორაევიჩი“ დედათბილისს.

ბატონმა ღარიბაშვილმა მაშინ წარგვიდგინა კიდეც დიდის ამბით და ტრაბახით, რომ ხოკრიშვილი არის  ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ბიზნესისა და ეკონომიკის მაგისტრი. ისე გაერთო ტრაბახში ბატონი პრემიერი, „დაავიწყდა“, _ დოქტორის ხარისხი გულისხმობს, რომ იმ პირს მანამდე მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი. ისევე იგულისხმება როგორც ის, რომ ბატონ ხოკრიშვილს ოდესღაც ბაკალავრის ხარისხიც აქვს მიღებული და ისიც ეკონომიკაში. სამაგიეროდ, ბატონ პრემიერს არ დავიწყნია „ებლატავა“ იმით, რომ ყველა ეს ხარისხი და, საერთოდ, განათლება, ბატონ ხოკრიშვილს მიღებული აქვს გერმანიაში, პოტსდამის უნივერსიტეტში. ღარიბაშვილს არც ის დავიწყნია, რომ ხოკრიშვილი იყო სხვადასხვა პროექტის მმართველიც, არც ის, რომ კანადაშიც მუშაობდა და არც ის, რომ აქვს სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილება.

ერთი შეხედვით, ბატონ პრემიერს ტყუილი არც არაფერი უთქვამს, მაგრამ იმ კანადაში, კერძოდ ვანკუვერში, ხოკრიშვილი ერთი წელიც არ მუშაობდა (2010-2011 წლებში) პროგრამებისა და განათლების განვითარების პროფესიონალთა ჯგუფის კონსულტანტად. თან არ გაინტერესებთ, რა რეჟიმში? იმავე 2010-2011 წლებში ხოკრიშვილი პროექტის მმართველიც იყო ბერლინის უნივერსიტეტში, ექსპერტიც „GOPA კონსალტინგში“, და 2011 წელს იყო ექსპერტი აქ, ჩვენთანაც, ფონდ „ღია საზოგადოება _ საქართველოში“. რაც შეეხება პედაგოგიურ გამოცდილებას, როგორც საიტებზე განთავსებულ ბიოგრაფიებშია ასახული, იგი მხოლოდ 2012 წელს იყო ლექტორი ილიაუნში. ანუ ერთი წელიც არ უმუშავია პედაგოგად და ამას ეძახის ბატონი ღარიბაშვილი პედაგოგიურ გამოცდილებას? ან კანადაში მოღვაწეობას იმას ეძახის ადამიანი, პარალელურად ბერლინში და თბილისში რომ მუშაობს?

რაკი ხოკრიშვილის განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას შევეხეთ, ბარემ ეს საკითხი აქვე ამოვწუროთ. მთავრობის საიტზე და სამინისტროს საიტზე განთავსებული ბიოგრაფიის თანახმად, 1973 წელს დაბადებულმა ხოკრიშვილმა ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი პოტსდამის უნივერსიტეტში 2002 წელს მიიღო, ანუ 29 წლის ასაკში. ე. ი. მან პოტსდამის უნივერსიტეტს განათლების მისაღებად მიაშურა 1998 წელს 25 წლისამ. ბიოგრაფიაში არ ჩანს, აქვს თუ არა მას მანამდე განათლება მიღებული საქართველოში, ან სადმე? ამდენად, ძნელი გასარკვევია, რას აკეთებდა ასე სწავლა-განათლებას მოწყურებული კაცი 25 წლამდე? რასთან გვაქვს საქმე, რომელიმე ისეთი ქართული უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, რომლის დასახელება ახლა ერცხვინება, თუ ლომონოსოვთან გვაქვს საქმე, რომელიც გვიან ასაკში დაეწაფა განათლებას? მიდი და გაიგე. მისი ბიოგრაფია დუმს ამის თაობაზე. სამაგიეროდ, ბიოგრაფიიდან ირკვევა ის, რომ იგი 1999 წლიდან 2003 წლამდე იყო ასისტენტ-მკვლევარი პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრაზე. დიახ, ამით იწყება მისი სამუშაო გამოცდილება. რა გამოდის? _ 26 წლისამ დაიწყო მუშაობა? კი მაგრამ, მანამდე რას აკეთებდა? 25-26 წლამდე რომ არც არსად სწავლობდა და არც არსად მუშაობდა? ეძინა დათვივით? 2004 წელს უკვე მაგისტრის ხარისხი მიიღო ბიზნესსა და ეკონომიკაში. 2004 წლიდან პროექტის მმართველად დაუწყია მუშაობა პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრაზე და უმუშავია 2010 წლამდე. 2006 წელს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს ექსპერტიც ყოფილა. 2008 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო. განათლება მართლაც არაა ურიგო და დასავლეთშია მიღებული, მაგრამ მარტო ეს დასავლეთში მიღებული განათლება რომ არც პროგრესულობისა და არც არაფრის გარანტიას არ იძლევა, სხვა თუ არაფერი, თეა წულუკიანიდან გამომდინარეც ჩანს. დავუბრუნდეთ ხოკრიშვილის სამუშაო გამოცდილებას: 2010-2011 წლებში, როგორც უკვე ვთქვით, პროექტის მმართველი იყო ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, ექსპერტი აქ „ფონდ ღია საზოგადოება _ საქართველოში“ და ექსპერტი იქ, გერმანიაში _ „GOPA კონსალტინგში“, და კონსულტანტი იქ, ღარიბაშვილის „ნაყვარება“ კანადაში.

2012 წელს ის არის ილიაუნის ლექტორი, „ღია საზოგადოების“ ექსპერტი და 2012 წელსვე ხდება  კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის (CIESR) გამგეობის თავმჯდომარე… სწორედ ამ ინსტიტუტის ხსენებით იხსნება გორდიას კვანძი და ფარდა ეხდება ხოკრიშვილის ვარსკვლავის ბიძინა ივანიშვილის ცის კაბადონზე ამოელვარების საიდუმლოს.

საქმე ის გახლავთ, რომ ეს ინსტიტუტი 2008 წელს დააფუძნეს და 2009 წელს რეგისტრაციაში გაატარეს… ბატონმა დავით ნარმანიამ და ბატონმა ხოკრიშვილმა… ცხადია, კიდევ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად. 2009 წლის იანვრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ამ ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ სწორედ ნარმანია, 2012 წელს კი გამეგობის თავჯდომარე ხოკრიშვილი იყო. იგი დღემდე რჩება ამ ინსტიტუტის გამგეობის წევრად. თუ ხოკრიშვილისა და ნარმანიას ბიოგრაფიებს კარგად და პარალელურ რეჟიმში გადავხედავთ, იმასაც აღმოვაჩენთ, საიდან დაიწყო მათი მეგობრობა _ პოტსდამის უნივერსიტეტიდან, სადაც ნორაევიჩი სტაჟირებას გადიოდა, ხალხურად რომ ვთქვათ, ნარმანია ჩა-მოტარებით იყო, ხოკრიშვილი კი ჩა-დგმით.

2012 წლიდან ნარმანია ხელისუფლებაში წინაურდება _ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ხდება და თან მიჰყავს თავისი ძმობილი ხოკრიშვილი _ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად. შეგახსენებთ, რომ ამ ფონდის კოორდინებას სწორედ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

შემდეგ ზემოთ გადაწყვიტეს დაწინაურება მისისა აღმატებულებისა _ დავით ნორას ძისა და, თავის მხრივ, დავით ნორას ძემ გადაწყვიტა დაეწინაურებინა ძმადნაფიცი თვისი _ ხოკრიშვილი და სწორედ მან გაუწია რეკომენდაცია, ამჯერად უკვე მის შემცვლელად მინისტრის პოსტზე ხოკრიშვილს. თუმცა, როგორც მედია წერდა, ბატონ ხოკრიშვილს უწინ თავად ღარიბაშვილთან ჰქონია ტკბილი და მურაბა ურთიერთობა. მოკლედ, ასე თუ ისე, იგი გახდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ეს ამბავი 2014 წლის 14 აპრილიდან დაიწყო და ივლისში დასრულდა, ანუ სამი თვეც არ გასტანა. ესეც კიდევ მორიგი სენი არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლებისა, არამედ ქართული ხელისუფლებების, რომელსაც კი მოვესწარით. ასე იყო შევარდნაძის დროსაც, ასე იყო სააკაშვილის დროსაც, გაუთავებელი „კარუსელები“, რამდენიმეთვიანი მინისტრობა, მინისტრის ერთი პორტფელის ხელიდან გამოგლეჯა და სხვა პორტფელის შეჩეჩება, ასე იყო ადრეც, მაგრამ ახლა მთლად რეკორდებს ხსნიან. ხოკრიშვილი ზუსტად სამი თვე ბრძანდებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი! თუმცა ამ სამ თვეში ბევრი რამ მოასწრო, საქმე თუ არა, მაამებლობა მაინც. ასე მაგალითად, ღარიბაშვილთან ერთად ნატანები-შრომა-ურეკის 18-კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ერთმაც ბლომად „იბლატავა“ ამ გზის რეაბილიტაციით, მეორემაც, არც ერთს უთქვამს, მაინცდამაინც რატომ მოიგიჟიანეს თავი ამ გზის რეაბილიტაციაზე, მაგრამ რაც არ უნდა მალონ, რეალურ მიზეზს ვერ დამალავენ. ყველამ კარგად უწყის მათი ბატონის ინტერესები ურეკსა და ნატანებში… ამ პროექტის განხორციელება კი 2012-ის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო, ანუ მოვიდნენ თუ არა… ცოტა არ იყოს, სამარცხვინოა, შენს ბატონს რომ გზას უგებ ბიუჯეტის ხარჯზე და დამშეულ ხალხს რომ აყვედრი!!! აი, იმ ხალხს, რომელსაც შენ გარეშეც, მიშას ხელშიც, ყელში ჰქონდა ამოსული ასფალტის ჭამა… მაგრამ დახეთ ამათ უტიფრობას? სწორედ იქ, იმ გზის რეაბილიტაციაზე გამოვარდა ღარიბაშვილი, მოიღერა ყელი და დასჭექა, _ უგზოობა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდესო: „ძალიან მერიდება, რომ დღეს ისეთ ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ, როგორიც გზის მშენებლობაა. მე მირჩევნია, თქვენთვის მეხარებინა, რომ დღეს 5 საწარმო გავხსენით, თუმცა ამის დროც მალე მოვა. მძიმე მემკვიდრეობა გვერგო. თითქმის ყველა რაიონში პრობლემებია“, _ ამბობდა ღარიბაშვილი და ხოკრიშვილი თავს უკანტურებდა.

ღარიბაშვილის უტიფრობის კოეფიციენტის დადგენა მკითხველისთვის მიმინდია, აგრეთვე ხოკრიშვილისთვისაც, რომელმაც თავი გამოიდო და აამა იმ ბრძენ კაცს. იცით, როგორ? ვითომ საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა და იქვე თავისი ნაკეთები წინა ხელისუფლების ნაკეთებს შეადარა. არ გაინტერესებთ, რომელი წლის მაჩვენებელს? _ 2012 წლისას, როცა თვითონ მობრძანდნენ ხელისუფლებაში წლის ბოლოს. 2013 და 2014 წლების მონაცემები შეადარეს არა 2010, ან 2011 წელს, არამედ 2012 წლის ბოლო 2-3 თვეს მათ უნიათო ხელში. მათი მოტანილი და დაზღნერთებული ციფრები კი, ეჭვი მაქვს, ისეთივე სანდოა, როგორც იზორიას სტატისტიკა, _ კრიმინალის კლებას რომ გვაუწყებდა. ან რომელ წარმატებაზე და ტემპზე გველაპარაკება, როცა ამ სამინისტრომ ზუსტად იმ 2013-2014 წლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ჩააგდო? მეტისმეტად უტიფარი უნდა იყო, რომ სააკაშვილს ყველა-ყველა და ტემპში გაეჯიბრო.

იმ სამთვიანი მინისტრობისას მოასწრო და დაგვპირდა, რომ 2 წელიწადში ახალი მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გვექნებოდა. არც იმის თქმა დაივიწყეს, სხვადასხვა პარტია მეტროსადგურის მშენებლობას პოლიტიკურ ჭრილში იყენებს და აცხადებს, რომ პროექტი შეჩერებულია, ეს ასე არაა, აგერ ტენდერს ვაცხადებთ და 2 წელიწადში ახალ სადგურს ჩაგახუტებთო. ერთი წელი გავიდა, ერთიც გავა და ვნახავთ, რა ახალი მეტროც გვექნება…

იმ სამთვიანი მინისტრობისას რა მოასწრო? ბევრი ფრენა, ისიც „ჩერეზ“ ბერლინი. ამის შესახებ ამბავი მერე გასკდა, როცა „კარუსელი დაატრიალეს“ და გარემოს მინისტრად გადასვეს. გადასვეს, მაგრამ ირმა ნადირაშვილმა არ მოასვენა, გაუბაზრა, რომ ეს ჩვენი ხოკრიშვილი, როცა კი აფრინდება, მუდამ ბერლინის გავლით მიფრინავს. მაშინაც კი, როცა თბილისიდან პირდაპირი რეისები მიდის იმ ქალაქებსა თუ ქვეყნებში. პირდაპირ რეისზე უარის თქმა და ბერლინის გავლით ფრენა რომ რეისს აძვირებს, ამას ყველა ხვდება და სწორედ ამიტომაც გვაღელვებს ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს, თორემ ისემც უქნია, დილა-საღამოს ბერლინში აფრენილა და პეკინში დაფრენილა. ის, რომ ბერლინის გავლით დაფრინავს, თავადაც ვერ უარყო, _ თურმე, ნუ იტყვით და: „ბერლინში იმიტომ მივდივარ, რომ იქ ვცხოვრობდი, იქ არის ჩემი ოჯახი და ყველა მივლინებაში, სადაც მე ვიყავი, სადაც ბერლინი არის ჩართული, ის თანხა არის ჩემი ჯიბიდან გადახდილი. ეს არის საჯარო ინფორმაცია, შემიძლია დეტალურად მოგაწოდოთ“.

გახდა გარემოს დაცვის მინისტრი და წინამორბედმა, თანამდებობიდან მოხსნილმა მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ, ბრძანა, _ მე მჯერა, ბატონ გუჯას ისევე ეტკინება ეს სფერო, როგორც მე მტკიოდაო. თუ რამეა, გათვითცნობიერებაში დავეხმარებიო, _ წაჰკბინა წინამორბედმა ხოკრიშვილს. არცთუ უსაფუძვლოდ _ ხოკრიშვილს გარემოს დაცვასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ, ალბათ, მისმა ძმაკაცმა ნარმანიამ სხვაზე ადრე გაუმხილა, თბილისში რუსული კამპანიის გადმოკოპირებას და მილიონი ხის დარგვას აპირებდა. მოკლედ, თანამდებობაზე დანიშნეს კაცი, რომელსაც გარემოს დაცვასთან არანაირი შეხება არ აქვს _ არც განათლებით, არც სამუშაო გამოცდილებით. ბიძინამ ისე ქნა, რომ თავისი ზოოპარკის შეფი გვანატრებინა გარემოს დაცვის მინისტრად. ხათუნამ, _ ბატონ გუჯას ისევე ეტკინება ეს სფერო, როგორც მე მტკიოდაო და როგორ ეტკინა ხოკრიშვილს გარემოს დაცვა, ეს მალევე გამოჩნდა. მხარი აუბა პრემიერ ღარიბაშვილის ახალ ინიციატივას ნაგავთან დაკავშირებით და სექტემბერშივე დააანონსეს ახალი კამპანიის დაწყება: „ნუ დატოვებ ნარჩენებს, იზრუნე გარემოზე“. სადღაც ნოემბერში უკვე კლიპიც გვანახვეს, სადაც ცნობილი სახეებიც მონაწილეობდნენ. კამპანიის სლოგანი იყო: „ნაგვის გადაყრა მარტივია“, „ნაგვის ჩაყრა მარტივია“, დაანონსდა ახალი კანონმდებლობაც, ჯარიმების დაწესებაც და ბოლოს რა გაირკვა? _ რომ არც ჯარიმები ყოფილა ახალი და ეს კლიპებიც პლაგიატი იყო. დიახ, ბატონო, ჯარიმები ნაგვის დაყრაზე 2006 წლიდან ყოფილა შემოღებული, თან 200-ლარიანი, 2010 წელს ეს ჯარიმა 50 ლარამდე ჩამოუყვანიათ და დაუმატებიათ მანქანიდან ნაგვის გადმოყრაზე ჯარიმაც. სწორედ იმ ხანად გამოვიდა კლიპი თავად გოგა ხაჩიძის მონაწილეობით, სადაც სხვა არაერთი ცნობილი სახე მონაწილეობდა და იმ კლიპის სლოგანი იყო: „ნაგვის ჩაყრას ვირტუოზობა არ სჭირდება“. მოკლედ, მაშინ იყო „ნაგვის ჩაყრას ვირტუოზობა არ სჭირდება“, ახლა არის: „ნაგავის გადაყრა მარტივია“, „ნაგვის ჩაყრა ადვილია“…

ეს გასწავლეს პოტსდამის უნივერსიტეტში, ბატონო მინისტრო? გეთქვათ და მაგას ხომ გოგა ხაჩიძეც გასწავლიდა შინიდან გაუსვლელად?

თუმცა განათლების ბუღალტერ მინისტრ  სანიკიძეზე მეტი ნამდვილად იცის… მაგალითად, ის რომ, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის, თუმცა ძალიან დაიბნა და აბრაკადაბრა პასუხი გასცა სხვა კითხვაზე. „17 მაისის“ კითხვაზე, _ წარმოუდგენია თუ არა ორი ქალისა და ორი კაცის ერთობა ოჯახად, ასე უპასუხა: „რატომ უნდა წარმოვიდგინო? სანამ მე არ მეხება, შემიძლია წარმოვიდგინო“. როგორც დიდი ილია იტყოდა, აგანგალა განგალა. ჯერ თქვა, რატომ უნდა წარმოვიდგინოო, მერე სანამ მე არ მეხება, შემიძლია წარმოვიდგინოო. მიდი და წარმოიდგინე, შეუძლია თუ არა წარმოიდგინოს…

საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართულთან ცოტა მწყრალადაა. აგერ, ბატონო, ათონელზე რომ რეზიდენციას აშენებდნენ და ბოლოს რომ მარგველამ წიხლი უკრა, იმ შენობის თაობაზე ასეთი რამ ბრძანა: „თავიდან, უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, დაგეგმილი იყო, რომ პრეზიდენტი უნდა განთავსებულიყო“.

ქართულ ენაში „განთავსდა“, „განთავსებული“, „განთავსებულიყო“ რაიმე ოფისზე, შტაბზე, სკოლაზე, მოკლედ, დაწესებულებაზე ითქმის, ანუ უსულო საგნებზე და არავითარ შემთხვევაში _ ადამიანზე. ნუ, ახლა თუ ხოკრიშვილი მაამებლობის იმ ფაზაშია, რომ ივანიშვილისგან გარიყულ მარგველაშვილს ადამიანადაც აღარ მიიჩნევს, არ ვიცი… ან რაც მამამ _ ჩერმენმა პოტსდამში წაიღო, ქართული აღარ ეკერკება… მამას რომ ჩერმენი ჰქვია, ეს დეკლარაციიდან ხდება ცნობილი. დეკლარაცია ორჯერ აქვს შევსებულ-ჩაბარებული, 2013 წელს და 2014 წელს. ისევე როგორც მის ბიოგრაფიაში, აქაც კარგი დომხალია. თავად განსაჯეთ, 2013 წლის 16 ოქტომბერს ჩაბარებულ დეკლარაციაში დაკავებულ თანამდებობად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი უწერია. არადა, იგი ამ პოსტზე 2014 წლის 15 აპრილს დაინიშნა. რა იცოდა, 6 თვით ადრე რომ მინისტრი გახდებოდა? ელგუჯაა თუ ნოსტრადამუსი? რასთან გვაქვს საქმე? გვიან ჩააბარა დეკლარაცია, როცა უკვე მინისტრი იყო და ძველი რიცხვით გაუტარეს?

აღნიშნული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ჰყავს მამა ჩერმენი, შვილი დანიელი, მეუღლე ეკა შარაშიძე. მის სახელზე არანაირი ქონება არაა, უძრავ ქონებას ფლობს მხოლოდ მამამისი ჩერმენი _ თბილისში, ლეჩხუმის 4-ში 120 კვ.მ მიწას და 85 კვ.მ სახლს. ელგუჯას ქონება არ გააჩნია, არადა, წინა წელს, ანუ 2012 წელს, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტიდან 95 ათასი ლარი მიუღია შემოსავლად. რატომღაც, არ უთითებს 2012 წლის ბოლოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებულ შემოსავალს, არც ილიაუნიდან მიღებულ შემოსავალს, სადაც ის ლექციებს კითხულობდა. როგორც ჩანს, ეს დეკლარაცია მას, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორს, ჰქონდა ჩაბარებული. ფაქტია _ ან ის მიჰქარავს მწარედ, ან დეკლარაციების ბიურო, ან ორივე ერთად. 2014 წელს, უკვე როგორც გარემოს დაცვის მინისტრი, ისე აბარებს დეკლარაციას, მონაცემები თითქმის იგივეა, იცვლება მხოლოდ წლიური შემოსავალი: თუ 2012 წელს ექსპერტობით 95 ათასი იშოვა, 2013 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 96 ათასი შეუვიდა. მუნიციპალური განვითარების რა მოგახსენოთ, მაგრამ წელიწადში 96 ათასი, ანუ თვეში 8 ათასი _ კაი გვარიანი „ინდივიდუალური განვითარებაა“…

 

                                                                                                რეზო შატაკიშვილი