რატომ აპროტესტებენ მშენებლობას ონიაშვილის #14-ში?

et64ii

ონიაშვილის ქუჩა #14-ის მცხოვრებნი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, მშენებლობის ნებართვა უკანონოდ გაიცა, რაშიც გარკვეული დაინტერესება იკვეთება. მეზობლები უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფამდე მშენებლობის შეჩერებასა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ.

„ქრონიკა+“ ამ პრობლემაზე ონიაშვილის ქუჩის მცხოვრებს, ყოფილ პარლამენტარსა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, ნუგზარ პარუნაშვილს ესაუბრება:

_ საბურთალოზე, ონიაშვილის 14 ნომერში, უკანონოდ გაცემული სამშენებლო ნებართვითა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შენდება. სადღეისოდ შენობის კარკასი და ნაწილობრივ კედლები უკვე დასრულებულია.

ამ მიწის ნაკვეთზე, თავის დროზე, ზონალურმა საბჭომ, ირაკლი აბესაძის თავმჯდომარეობით, მოქალაქე თ. მურვანიძეს უარი უთხრა ქალაქმშენებლობითი პარამეტრების (განაშენიანების კ1 და კ2 კოეფიციენტები) მომატებაზე, რადგან ონიაშვილის ქუჩა დაბალსართულიანი (ორსართულიანი) სახლებით განაშენიანებული საცხოვრებელი ზონაა (სცხზ-2), სადაც საკრებულოს გადაწყვეტილებით (ნომერი 4-13; 27.03.09) დაუშვებელია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა…

მაგრამ ამავე კომისიამ (იგივე თავმჯდომარე და შემადგენლობა), იმავე ნაკვეთზე (ონიაშვილის 14), სადაც არც ერთი პარამეტრი არ შეცვლილა, აზერბაიჯანის მოქალაქეს, აბდულ აბდულაევს, მოუმატა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები კ1=0,6 და კ2=3,4 (სცხზ-3-ს კი ეკუთვნის კ1=0,5 და რ2=1,5).

_ საპირისპირო გადაწყვეტილება რა მოტივით მიიღეს?

_ მოქალაქე თ. მურვანიძის შემთხვევაში, საბჭოს სხდომის ოქმში მითითებულია, რა მიზეზით არ შეიძლებოდა პარამეტრების მომატება, ხოლო აბდულაევის შემთხვევაში ოქმში არც ერთი სიტყვა არ წერია, რა განსაკუთრებული მიზეზით მიენიჭა მაღალი კოეფიციენტი, როგორც ამას მოითხოვს საკრებულოს გადაწყვეტილება ნომერი 4-3 (27.03.09), მუხლი 24.პ1ა.

ასეთი განსაკუთრებული მიზეზის მტკიცებულებები მერიამ დღემდე ვერ წარმოგვიდგინა (ვერც სასამართლოში, სადაც სარჩელი შევიტანეთ).

_ რა რეაგირება მოჰყვა ამ გადაწყვეტილებას?

_ ახალი მთავრობის პირობებში თბილისის მერიის აუდიტის სამსახურმა შეისწავლა აღნიშნული საკითხი და გადაუგზავნა პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის, რადგან საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მე-4 მუხლი), ანუ შერჩევითი სამართალია.

და მთავარი საკითხი _ საკრებულოს გადაწყვეტილებას იმ ობიექტების დანართი აქვს, რომელზედაც შეიძლება კოეფიციენტების მომატება. ამ დანართში (სცხზ-3), რომელსაც ონიაშვილის 14 მიეკუთვნება, მრავალსართულიანი ბინები მითითებული არ არის, ანუ კოეფიციენტის გაზრდა დაუშვებელია.

მშენებლობის ნებართვაც უკანონოდ გაიცა, რადგან მე-4 კლასის ნაგებობებისთვის (ონიაშვილის ქუჩის მშენებლობა ამ კლასს ეკუთვნის), რომელიც მაღალი რისკის ფაქტორით ხასიათდება, მშენებლობის ნებართვა გაიცემა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული, ანდა ტექნოლოგიური სქემის, სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე (მთავრობის დადგენილება ნომერი 57; 24.03.09; მუხლი 76 პ-2); ხოლო ამავე დადგენილების მუხლი 33 პ-3-ით და მუხლი 39 პ-2-ით საჭიროა, ყველა დოკუმენტი ერთად იქნას წარმოდგენილი, რადგან მშენებლობის ნებართვა გამარტივებული წესით გაიცა. არც ერთი მუხლი არ შესრულებულა. სიმართლე რომ არ გაგვეგო, მერიამ მხოლოდ 8 თვის მერე მოგვცა ყველა საჭირო დოკუმენტი. ამ ხნის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ სამშენებლო პროექტი არ იძებნებაო!

_ რა ხარვეზები აქვს პროექტს?

_ პროექტი გაკეთებულია უამრავი ხარვეზით, მათ შორის: არ არის გათვალისწინებული პანდუსი _ მუხლი 13.პ-3 (მთავრობის დადგენილების ნომერი 57; 24.03.09); პროექტით მოცემულია 8 ავტოსადგომი, რეალურად არის 16 ბინა, ანუ კანონით საჭირო იყო 16 ავტოსადგომი; არ არის დაცული სახანძრო ნორმები; არასწორადაა განსაზღვრული შენობის სიმაღლე.

კონსტრუქციული პროექტით კედლებში, ყოველ 60 სმ-ში, უნდა მოეწყოს არმატურის ბადე, რომელიც არ გაკეთებულა, რის გამოც მიმდინარე წლის 8 იანვარს ჩამოინგრა კედლები და დაეყარა მომიჯნავე სახლებს (ერთი კედელი ჩამოინგრა პატრულის თვალწინ და დაგვაზიანა; ღვთის წყალობით, უმსხვერპლოდ).

ამ მშენებლობით დაიბზარა ჩვენი სახლები (## 12,13,14), მიიღო დეფორმაცია, არ იკეტება კარები და ფანჯრები; ხოლო იანვარში, კედლების ჩამონგრევის მერე, ონიაშვილის 12-ში დამატებითი ბზარები გაჩნდა.

კანონით დამკვეთს მომიჯნავე შენობების მდგრადობაზე დაკვირვებები უნდა ეწარმოებინა, გაემაგრებინათ საძირკველი, დაეყენებინათ მანიშნები (რაზეც საექსპერტო დასკვნაშიც წერია), მაგრამ ეს არ გააკეთეს, რაც გვაფიქრებინებს, რომ მიზანმიმართულად მოგვაყენეს ზარალი.

ვერ მივაღწიეთ იმას, რომ შუა ქუჩაში გამოტანილი ღობე შეიტანონ იქ, სადაც პროექტითაა გათვალისწინებული, ანუ წითელ ხაზამდე. ზოგიერთ მშენებლობაზე, ასეთ შემთხვევაში, ალბათ, ბევრჯერ დააჯარიმებდნენ. ტროტუარს და ქუჩის ნაწილს იყენებენ მასალების საწყობად, ხოლო მონტაჟი შუა ქუჩიდან მომდინარეობს, იკეტება მოძრაობა.

_ მერიაში ამ პრობლემაზე ვის მიმართეთ?

_ 7 თვის განმავლობაში, ცხელი ხაზით, უამრავჯერ მივმართეთ ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს, რომ ირღვეოდა ჩვენი უფლებები, არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები (დამცავი ბადეები გააკეთეს კედლების ჩამონგრევის მერე, ისიც რამდენიმე ადგილას).

11 მარტს, როცა მოსამართლე საქმის გასაცნობად მოვიდა, მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ბლოკი კინაღამ მოსამართლის მძღოლს მოხვდა თავში, მაგრამ რეაგირება ნულის ტოლი იყო.

საბურთალოს ზედამხედველობის სამსახურში, უფროს ლადო ჯამბურიძის ხელმძღვანელობით, მუშობენ ძველი თანამშრომლები, რომლებიც მოქმედებენ ძველი ინერციით და ეჭვი გვაქვს, რომ ისინი მთავრობის საბოტაჟს ეწევიან. იძულებული ვხდებოდით, ყველა დარღვევაზე (ჩვენს ეზოებში ცვიოდა სამშენებლო მასალები, დღე და ღამე მუშაობდნენ, კეტავდნენ გზას) გამოგვეძახებინა პატრული. მხოლოდ 8 იანვრის შემთხვევის შემდეგ იძულებული გახდნენ, შეეჩერებინათ მშენებლობა, მაგრამ ისე, რომ არ აღმოუფხვრიათ ხარვეზები, კვლავ განაახლეს მშენებლობა.

კედლები კვლავ გათვალისწინებული ბადეების გარეშე ააშენეს, რითაც საშიშროება უფრო გაზარდეს. დანარჩენ კედლებზე მიამაგრეს პატარა ლითონის ფურცლები, რაც ვერ შეაჩერებს კედლების გადმოვარდნას და ორბალიანი მიწისძვრის შემთხვევაშიც კი კედლები ჩამოინგრევა _ ორივე მეზობლის სახლებს ნანგრევებში დამარხავს.

მერია და ზედამხედველობა ყურადღებას არ გვაქცევენ, პირიქით, ხელს უწყობენ, რომ მშენებლობა მალე დამთავრდეს _ შეილესოს სახლი, დარღვევები დაიმალოს და ფაქტის წინაშე დაგვაყენონ. გვეუბნებიან, სახლს ხომ ვერ დავანგრევინებთო? როცა ამ პროექტის უკანონობაზე მერიას მივმართეთ, მშენებლობა დაწყებულიც არ იყო.

უკანონოდ მომატებულ კოეფიციენტს ასევე კანონდარღვევით კიდევ დაუმატეს ერთი (გამოსაკვლევია რატომ?), თითქოს არასრული სართული, მაგრამ საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეს სრული სართულია.

პროექტთან დაკავშირებით საჩივარი შევიტანეთ მერიაში (ნომერი 12/143221086-1; 18.11.2014წ.) და დღემდე პასუხი არ მიგვიღია. ჩვენი აზრით, სპეციალურად აგვიანებენ, რომ დრო გაიწელოს _ სასამართლოს სხდომამდე ვერ მოვახერხოთ გასაჩივრება (სხდომა 2 აპრილისთვის არის დანიშნული) და მშენებლობაც დაამთავრონ. მომატებული კოეფიციენტის მოსაკრებლის ჩარიცხვის ვადაა 20.05.2015წ.

მერიაში ვეუბნები, _ მომეცით პასუხი, რომ მართალი ხარ და მე მტყუანი-მეთქი! ამასაც ვერ მაძლევენ, _ მაგრად გაჭედილში ვართ და რა ვქნათო? _ მპასუხობენ. ოცი დღე აქვთ პასუხის გასაცემად და თვეები გავიდა. ახლა არქიტექტურაში რაღაც შეკითხვა უნდა გავუგზავნოთო. მოკლედ, რა ქნან, არ იციან. თუ ერთი სართული დამატებით მიეცი, მაშინ ადექი და ეს დააკანონე, ამაში მთავრობას ხომ ფული ერგება? ყოველ დამატებულ სართულზე ხომ ფულს იძლევიან? ამიტომ ეს უკვე აშკარად გარიგებას ნიშნავს. ან რატომ ჩუქნი, რა ინტერესია? ჯერ ხომ ისედაც უკანონოდაა, მერე კიდევ სართულებს უმატებ?

გადაღუნული ლურსმნის გამო მოსახლეობას აწიოკებენ და ამათ არაფერს ეუბნებიან.

_ რას ითხოვთ?

_ შეჩერდეს მშენებლობა, ჩატარდეს პროექტისა და მშენებლობის კომპლექსური ექსპერტიზა და ასევე ექსპერტიზა, თუ რამდენად შეესაბამება ონიაშვილის 14-ის მშენებლობა არსებულ განაშენიანებას?

თბილისის მერია ყურადღებას არ გვაქცევს. არც არის საქმით დაინტერესებული. იკვეთება ტენდენციურობა, ირღვევა ჩვენი უფლებები. შევხვდით თითქმის ყველა სამსახურის უფროსს _ ქალბატონ ხატისკაცს, ქალბატონ ღოღობერიძეს, ბატონ ნიჟარაძეს, ბოლოს და ბოლოს, მერს, დავით ნარმანიას, მაგრამ უშდეგოდ. გვეუბნებიან, შევისწავლითო _ დღემდე სწავლობენ, მშენებლობა კი მთავრდება.

მერიისგან მოვითხოვთ, რომ პროექტი და აღნიშნული მშენებლობა განაშენიანების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდეს კანონის გათვალისწინებით.

გაჩერდეს მშენებლობა, სანამ დაცული არ იქნება ელემენტარული ნორმები, აშენდეს კედლები არმირებული ბადეებით, რათა ავიცილოთ ფატალური შედეგი.

მივმართეთ სახალხო დამცველსაც, რადგან წაგვართვეს უფლება, გვეცხოვრა დაბალი ინტენსიობის დასახლების ზონაში _ ქალაქგეგმარებითი პროექტის შეცვლა საჯაროდ ხდება, პარამეტრებს კი ისე მოუმატეს, ჩვენთვის არაფერი უკითხავთ.

წინა მთავრობა მათ ყველანაირად ხელს უწყობდა. ვიფიქრეთ, ახლა მაინც გვეშველებაო და არაფერი გაუკეთებიათ. პირიქით, ესენიც ხელს უწყობენ, რომ უკანონო საქმე ბოლომდე მიიყვანონ. სხვაგან თუ დარღვევების გამო ობიექტს აჯარიმებენ მაინც, აქ ვერ მოვიყვანეთ. თუ გარიგებული არ ხარ ამ მშენებლებთან, მაშინ მოდი, და დააჯარიმე მაინც.

ნგრევისას ჩვენი მეზობელი სახლები რომ ზანზარებდა, პატრული გამოვიძახეთ, რეალობა დააფიქსირა. მერე დავურეკე ლადო ჯამბურიძეს, საბურთალოს ზედამხედველობის წარმომადგენელს, _ მოდით, შეაჩერეთ-მეთქი! _ მე რა ვქნა, შენი გულისთვის იარაღით ხომ არ დავადგებიო? ამის გამო შენობები დაიბზარა. უპატრონოდ ვართ და სამართალი ვერ ვიპოვეთ!

ამიტომ ვითხოვთ მოყენებული ზიანის ანაზღაურებას, რაც ამ უკანონო მშენებლობით მოგვადგა.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ნათია თაბაგარი, დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი: „აღნიშნულ მშენებლობაზე ნებართვა 2014 წლის 30 მაისს გაიცა. რაც შეეხება მოსახლეობის თხოვნას, როგორც გავარკვიე, მიმართავენ მერიას, რომ არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვა გააუქმოს. არქიტექტურის სამსახურს არ შეუძლია ნებართვის გაუქმება, ის ნებართვის გამცემი ორგანოა. თუ დარღვევები არსებობს, მშენებლობაზე ნებართვა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა უნდა გააუქმოს“.

მოკლედ, ზედამხედველობის სამსახურმა აღნიშნული მშენებლები უკვე ორჯერ დააჯარიმა _ ერთხელ უსაფრთხოების ზომების დაუცველობისთვის და შემდეგ ეს პრობლემა აღმოიფხვრა. ასევე, დაჯარიმდა მშენებელი კომპანია, რადგან პროექტის განხორციელება ხარვეზით მიმდინარეობდა: არ იყო ზუსტად ისეთი, რომელზედაც თავდაპირველი ნებართვა გაიცა. შესაბამისად, მათ ეს ჯარიმა გადაიხადეს, რამაც 4 ათასი შეადგინა.

ამჟამად არქიტექტურის სამსახურში შემოტანილი საქმე პროცესშია. მიმდინარეობს მსჯელობა არსებული ხარვეზის აღმოფხვრაზე. მშენებლობის გაგრძელებაზე ნებართვა ჯერ არ გაცემულა, პროცესი მიმდინარეობს.

 

                                                                                           გელა მამულაშვილი