„ბათუმის ციხეში პატიმრებს ხელბორკილებით აბამენ!“

mindaa345

ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია ბათუმის N3 დაწესებულებაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი თევზაძე, „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, რომ ბათუმის საპყრობილიდან პატიმართა წერილებს ხშირად იღებს, რომლებშიც იქ არსებულ გაუსაძლის ვითარებაზე წერია. უფლებადამცველი ამ წერილებს რეაგირებისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს უგზავნის და იქიდანაც იღებს შესაბამის პასუხებს, თუმცა აცხადებს, რომ მხოლოდ მიწერ-მოწერა საქმეს არ შველის და ეს პრობლემა სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.

„ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ პატიმარ კახა მეცხვარიშვილის განცხადება-საჩივარს, რომელიც სასჯელს იხდის ბათუმის საპყრობილეში:

„2014 წლის 5 ნოემბერს რუსთავის N17 დაწესებულების დირექტორმა, გიორგი ელიზბარაშვილმა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ეტაპირება გამიკეთა დახურული ტიპის ბათუმის N3 დაწესებულებაში. პირად საქმეში არანაირი საყვედური არ მიწერია. მივმართე სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რომ აეხსნათ, რა მიზეზით გადმომიყვანეს N3 დაწესებულებაში? წერილობით პასუხად მივიღე, რომ გადაყვანილი ვარ ჩემივე უსაფრთხოების მიზნით, რაც არის ჩემი ადამიანობის შელახვა, შეურაცხყოფა. მით უმეტეს, როცა  N17 დაწესებულების დირექტორი, გიორგი ელიზბარაშვილი, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული და ამჟამად გლდანის დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

ახლა მოგახსენებთ ბათუმის  N3 დაწესებულებაში დღესდღეობით არსებულ მდგომარეობაზე: ყველაფერს აკეთებენ, რომ მოგვათავსონ სამარტოო საკნებში. გვემუქრებიან, რომ აქ  N17 დაწესებულებაზე უარესი პირობებია და საჩივრების წერასაც აზრი არ აქვს. სამარტოო საკნებში პატიმრებს აბამენ ხელბორკილებით, სადაც ფანჯარაც კი არ იღება. ძალიან ბევრჯერ გამითიშეს ტელეფონი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არ მიმეწვდინა ხმა, თუ რა გაუსაძლისი მდგომარეობაა ბათუმის N3 დაწესებულებაში. წამლებს დაგვიანებით არიგებენ, მედპერსონალი ძალიან უყურადღებოა. დაავადებული ვარ ჩ ჰეპატიტით და ქრონიკული პროსტატიტით. გაუსაძლისი ტკივილები მაქვს ხერხემლის, თავისა და ფეხების არეში, ეს ტრავმები თანამშრომლებმა მომაყენეს ძველი რეჟიმის დროს. ამას ადასტურებს ჩემი იარები თავის არეშიც. ამ გაუსაძლისი პირობებიდან გამომდინარე, მივიყენე თვითდაზიანებები და შემდეგ მივმართე უკიდურეს ზომას _ შიმშილობას, როდესაც ოჯახის ექიმმა, თამილამ მოაწერა ხელი, რომ სრულიად ჯანმრთელი ვიყავი. შემიყვანეს N118 მოშიმშილეთა საკანში, სადაც აუტანელი პირობები და გაუსაძლისი სიცივე დამხვდა. 5 დღის შემდეგ სიცივისაგან დამეწყო სახსრებისა და ხერხემლის ტკივილი, რომელიც ახალი ნამკურნალევი მქონდა და პროსტატიტი გადავიდა ქრონიკულში. მე-7 დღეს ამიწია სიცხემ, რის გამოც შევწყვიტე შიმშილობა. ოჯახის ექიმმა თამილამ, შიმშილობის შემდეგ, სოციალური განყოფილების თანამშრომელთან, ზაზა ბუკიასთან დაადასტურა, რომ არაფერი მჭირდა. ამ ამბიდან 15 წუთში საკანში დავუძახე ციხის მორიგე ექიმ ლაშას, რომლის გვარი არ ვიცი. გამსინჯა და სიცხე მქონდა 39, რომელიც დაფიქსირებულია. ოჯახის ექიმი თამილა სხვა პატიმრებთანაც ამბობს, რომ მე ყურადღებას არ მომაქცევს. ხმამაღლა აცხადებს, მადლობელი იყოს, „კარცერში“ რომ არ ჩავსვიო და აგრძელებს ისეთივე მეთოდით მუშაობას, როგორც ძველი რეჟიმის დროს. აგრეთვე, მედპერსონალის ზოგიერთი თანამშრომელიც გამოირჩევა აგრესიით, ექიმთან 5-6 თანამშრომელი თავზე გვადგას, როცა კაბინეტში აყენია სათვალთვალო კამერა. თვეებია, მივმართავთ აჭარის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მედეა ვასაძეს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ არის. ეს გაუსაძლისი პირობები თავისი თვალით ნახა აჭარაში სახალხო დამცველმა, გიორგი ჩარკვიანმა, მაგრამ უარესი ხდება იმიტომ, რომ N3 დაწესებულება უპატრონოდაა. თითქმის 4 თვეა, მივმართავ სოციალური სამსახურის უფროს რამაზს, რომ მჭირდება პირადობის მოწმობა, მაგრამ ჩემ მიმართ აგრესიას 2012 წლიდან იჩენს და დღემდე ირონიით მესაუბრება. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ნდობით აღჭურვილი პირები, რომ უფრო ვრცლად მივცე ჩვენება, ხმამღლა ვთქვა სახელები და გვარები N3 დაწესებულებაში მომუშავე პირებისა, რომლებიც დღესდღეობით აგრესიით გამოირჩევიან. გთხოვთ, მოახდინოთ რეაგირება და მიიღოთ სათანადო ზომები“.

ბათუმის საპყრობილეში არსებულ მდგომარეობაზე, „ქრონიკა+“ გიორგი თევზაძეს ესაუბრა:

_ ბათუმის N3 დაწესებულებიდან შემოსული პატიმრების განცხადებები, რომლებიც ყვებიან, დაწესებულებაში არსებულ პირობებზე, მაშინვე გადავუგზავნეთ სასჯელაღსრულების სამინისტროს და მოვითხოვეთ დროული რეაგირება. რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მივიღეთ პასუხები, რომ ამ საკითხს იკვლევენ. ფაქტია, N3 დაწესებულებაში რაღაც ხდება, ამდენი წერილი სხვადასხვა პატიმრისგან გარკვეულ საფუძვლიან ეჭვს ბადებს, თუ რასთან გვაქვს საქმე! იმედს ვიტოვებ, ამას სისტემური ხასიათი არ აქვს, რადგან სხვა დაწესებულებებში არ არის ასეთი მიდგომები, თუმცა იქიდანაც შემოდის ინფორმაციები, გარკვეული შენიშვნები აქვთ ოჯახის წევრებსა თუ პატიმრებს. საპატიმროებში ისეთი მძიმე სიტუაცია აღარ არის, როგორიც ადრე იყო, მაგრამ განსაკუთრებული მდგომარეობაა ბათუმის დაწესებულებაში.

N3 დაწესებულებიდან ახლა მივიღე პატიმარ კახა მეცხვარიშვილის წერილი, რომელიც გაუსაძლის მდგომარეობას აღწერს. განცხადებაში მოყვანილი ფაქტები შესაბამის რეაგირებას საჭიროებს, მარტო წერილების მოწერა და გამოხმაურებები არაფერს ნიშნავს! ერთი მხრივ კარგია, რომ სამინისტრო და შესაბამისი სტრუქტურები ყურადღებას იჩენენ და სწავლობენ გარედან შესულ განცხადებებს. მეტსაც გეტყვით, ეს საკითხები განიხილება შეხვედრის რეჟიმშიც. დღეს, მაგალითად, შეკრებაა იუსტიციის სამინისტროში არსებულ ჯგუფთან, რომელიც მუშაობს პენიტენციური სისტემის რეფორმაზე. საუბარია კანონმდებლობის დახვეწაზე, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც სამინისტროსთან პირდაპირ კოორდინაციაში უნდა გადაწყდეს. იმედია, ეს ფორმატიც შემუშავდება, მალე განხორციელდება და მოგვეცემა საშუალება, არა წერილობითი ურთიერთობა გვქონდეს სამინისტროსთან, არამედ სხვა აქტიურ რეჟიმში გადავიდეთ. ერთ დაწესებულებაში თუ არის პრობლემა, ეს შეიძლება მეტასტაზივით სხვასაც გადაედოს, სასჯელაღსრულების სისტემა ძალიან მგრძნობიარე ორგანიზმია და აქ მეტი ყურადღებაა საჭირო, რადგან ადამიანის ბედთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები იქ ცხოვრობენ, ფაქტობრივად, არსებობენ, მაგრამ ისინიც ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და იქიდან გაბოროტებულები არ უნდა გამოვიდნენ! მთავარი როლი სახელმწიფომ უნდა ითამაშოს!

თუ ეს ხელისუფლება აღიარებს, რომ წინა ხელისუფლების დროს უკანონო საქმეებს „კერავდნენ“, ანუ სასამართლო, ფაქტობრივად, არ იყო; თუ ციხეებში აწამებდნენ და ამას ვაღიარებთ, ამ ხალხს უნდა მიეცეს რაღაც საშუალება, რომ არ იტანჯებოდნენ! როგორც იქნა, შეიქმნა დეპარტამენტი, ყოველ შემთხვევაში, სურვილი გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენის პროცესს. მაშინ ამ პატიმრების საკითხსაც უნდა მიეხედოს, მაგრამ აქ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე _ სასამართლოს რა მექანიზმი უნდა დაუპირისპირო, რომ ეს შეცვალო?! ამ კომისიამ შეიძლება შეითავსოს სარეკომენდაციო ფუნქცია, რომ შეისწავლოს საქმე და მიმართოს სასამართლოს, ეს საპროცესო კოდექსშიც გვიწერია, რომ ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს და პროკურატურას. ყოველ შემთხვევაში, რაღაც მექანიზმი უნდა შემუშავდეს. კომისიის შექმნა ძალიან კარგია, არ აქვს მნიშვნელობა, რას დაარქმევ, მთავარია, რომ იფუნქციონიროს. ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინ უნდა იყოს ამ კომისიაში. გაცხადდა, რომ უნდა იყოს 20 პროკურორი. ეს ძალიან კარგია, თუმცა ვფიქრობ, რომ იმდენად ბევრი საქმე იქნება, ეს 20 პროკურორი ცოტაა. ვინ უნდა იყვნენ ეს პროკურორები?! ისევ ის ხალხი, ვინც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში მუშაობდა? კოლეგიური მიდგომები ხომ არ დაფიქსირდება? ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, საქართველოს ხელისუფლებამ და პროკურატურამ მოიწვიოს უცხოელი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. თუ თანხებს ყოფენ ბიუჯეტიდან სკამებისთვის, რბილი ავეჯისთვის, მანქანებისთვის, ეს უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის ბედთან გვაქვს საქმე! ის კითხვის ნიშნები, რაც საზოგადოების მხრიდან შეიძლება დაისვას, უნდა მოიხსნას! დარწმუნებული ვარ, ის ხალხი, რომლებსაც არავითარი შეხება არ ჰქონიათ ამ სისტემასთან, ნამდვილად შეისწავლიან ამ საქმეებს და დასკვნის სახით სრულ სურათს დადებენ!

„ქრონიკა+”-სთან კომენტარი არ გააკეთა სასჯელაღსრულების წარმომადგენელმა.

 

თამარ ბატიაშვილი