რატომ ითხოვდა ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის რეზიდენციასთან აქციის გადადებას?

imirot99

„ქრონიკა+“-ში სკანდალური ჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც „სახალხო კრების“ წევრი, ლაშა ამირეჯიბი, დეტალურად ყვებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ. ამირეჯიბის განმარტებით პრემიერის სიმამრმა მას პოლიტპატიმრების „იაჩეიკების“ შესაქმნელად 20 ათასი ლარი გადასცა.

„ქრონიკა+“ ორგანიზაცია „პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარეს, ნანა კაკაბაძეს დაუკავშირდა. ნანა კაკაბაძე იყო პოლიტპატიმრების გაერთიანებისა და პირველი დიდი შეკრების ორგანიზატორი. სწორედ მის ოფისში დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა „აღადგინე სამართლიანობა“. მათ შეკრიბეს და საქართველოს პარლამენტს გაუგზავნეს მასალები იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა სხვა ქვეყნებში რეჟიმის გასამართლება, რა სქემით დაბრუნდა წართმეული ქონებები და როგორ შეიქმნა ზარალის ასანაზღაურებლად სპეციალური ფონდები.

რატომ არ დაიწყო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა? რატომ დაიშალა პოლიტპატიმართა გაერთიანება? ამ სხვა თემებზე „ქრონიკა+“-ს ნანა კაკაბაძე ესაუბრება:

_ ნანა, თქვენ იყავით ადამიანი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა პარლამენტში პოლიტპატიმრების საკითხის განხილვაში. თქვენი მისამართით ისმოდა ბრალდებები, რომ ამ პროცესში გქონდათ მატერიალური დაინტერესებაც, თქვენს ოფისში გაჩნდა პირველი ერთობაც.

_ მინდა დავიწყო იქიდან, რომ ნამდვილად ვიყავი პარლამენტში პოლიტპატიმრების საკითხის განხილვაში ჩართული. ვფიქრობდი, რომ ეს თემა სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან უნდა მომხდარიყო მტკიცებულებების შეგროვება 9-წლიანი რეჟიმის გასასამართლებლად, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდა და დღეს ვაანალიზებ იმას, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს, _ ვნანობ, რომ საერთოდ ვიყავი ამ პროცესში ჩართული. მაშინვე აგორდა შავი პიარი. ბუნებრივია, ეს იმ პოლიტიკური ძალისგან მოდიოდა, რომელიც რეჟიმის გასამართლების პერსპექტივამ ძალიან შეაშინა, დღევანდელმა ხელისუფლებამ კი არაფერი გააკეთა იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც მათ მხარში ედგნენ, არც ერთხელ არ გაკეთებულა განმარტება, რომ პოლიტპატიმრების თემაზე მუშაობდა 17-კაციანი კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებდა იმ პოლიტიკური პარტიების განაცხადების მიხედვით, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მათი პარტიის წევრები იყვნენ რეპრესირებულები.

_ პარლამენტის სიაში მოხვდნენ ჯაშუშობაზე გასამართლებული პირები. „ნაციონალური მოძრაობა“ ხშირად ახსენებს შკრილნიკოვის გვარს. როგორ მოხვდნენ სიაში ეს ადამიანები – რომელიმე პოლიტიკური ძალის ინიციატივით, თუ ეს იყო თქვენი რეკომენდაცია?

_ იყო პოლიტიკური საქმეები: ყინწვისი, მუხროვანი, „კოჭოია“, „ენვერი“, მაგრამ როდესაც ვსვამდით საკითხს, რომ საქმეებს მოხსნოდა გრიფი, მომხდარიყო მათი სამართლებრივი გადახედვა, ხელისუფლების პასუხი იყო, _ მოსამართლეები არიან იგივენი, ჯერ შეიცვალოს სასამართლოებიო. კარგით, მივიღეთ ეს არგუმენტი, მაგრამ გრიფის მოხსნას რად უნდოდა სასამართლო? საქმეში მონაწილე პირები თანახმანი იყვნენ გრიფის მოხსნაზე, მაგრამ ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა.

_ ვერც ფოტოგრაფებმა მიაღწიეს იმას, რომ მათ საქმეს გრიფი მოეხსნას.

_ ფოტოგრაფების საქმეზე გახმაურებული საქმე არ ვიცი! ვერც აქ მოხერხდა გრიფის მოხსნა, რაღაც იმალება ამის უკან. ხელისუფლება ამას არ აკეთებს.

_ დავკონკრეტდები: „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა მინისტრის სიმამრიც. ამ შეხვედრაზე გადაწყდა პოლიტპატიმრების სხვადასხვა ჯგუფის „იაჩეიკების“ შექმნის საკითხი. მეორე მხრიდან, ამ დრომდე, არავის უარუყვია აღნიშნული შეხვედრის ფაქტი.

_ მოდით, ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმპციას, ნუ გამოვიტანთ ვერდიქტებს, უბრალოდ, მივყვეთ მოვლენების განვითარებას: მე არ ვიცი, ვის რა გადაუხადეს, ვინ რა აიღო, ამას აბსოლუტურად არ ვეხები. რა დროსაა გაკეთებული ეს ჩანაწერი? _ ეს ჩანაწერია გაკეთებულია სწორედ იმ დროს, როცა სპორტის სასახლეში მზადდება პოლიტპატიმრების ღონისძიება  „სამართლიანობა უნდა აღდგეს, რეჟიმი უნდა გასამართლდეს“! ამ დროისთვის საჯარო ბიბლიოთეკასთან უკვე ჩატარებულია პოლიტპატიმრების აქცია, რომელიც, სხვათა შორის, სპონტანურად დაიგეგმა და ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ ნახა ამ ადამიანების მუხტი და ძალა. პირველად, სააკაშვილის მოღვაწეობის მანძილზე, პრეზიდენტმა ვერ შეძლო პიარაქციის ჩატარება. ეს იყო დრო, როდესაც მართლაც უნდა დაწყებულიყო სამართლიანობის აღდგენა, მოლოდინიც იყო საზოგადოებაში და ხელისუფლებას ჰქონდა ნდობის მაღალი მანდატი. 8 თებერვალს სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, არავისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ, თუ ვინმე დაისაჯა, დაისაჯა ის მოქალაქე, რომელმაც ჩიორა თაქთაქიშვილს მუშტი ჩაარტყა. ამ აქციის მერე გაჩნდა იდეა პოლიტპატიმრების გაერთიანების შესახებ და დავიწყეთ კიდეც მზადება დიდი შეკრებისთვის, რომელიც დავგეგმეთ 14 აპრილისთვის. უამრავი ადამიანი იყო ჩართული, სამზადისის პიკზე დავინახე, რომ ნელ-ნელა დაიწყო განხეთქილება და ამ საქმეში ჩართული იყო სწორედ ხელისუფლება. ჯერ მეგონა, რომ მეჩვენებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ჩართული ჩვენ წინააღმდეგ კამპანიაში, ეს უფრო გასაგები იქნებოდა. მე ვთხოვე პოლიტპატიმრების წარმომადგენლებს, _ მიდით, დაელაპარაკეთ ხელისუფლებას-მეთქი. მაშინ, მოგეხსენებათ, თამაზ თამაზაშვილს რა როლი ჰქონდა ხელისუფლების მართვაში, ახლა არ ვიცი, რა როლი აქვს, მაგრამ მაშინ გადამწყვეტი როლი ჰქონდა. მიდით, დაელაპარაკეთ, აუხსენით, რომ მტრები არ ვართ, თვითონაც პოლიტპატიმარია, დაზარალებულია, მაშინ მისი სიძე, ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, გაარკვიეთ, ხელის შეშლა საიდან მომდინარეობს. პოლიტპატიმრებსა და თამაზაშვილს შორის შეხვედრა შედგა. კონკრეტულად არ დავასახელებ იმ პოლიტპატიმრების გვარებს, რომლებიც მასთან შეხვედრაზე წავიდნენ. გადაწყდა, რომ მე უნდა შევხვედროდი ირაკლი ღარიბაშვილს, უნდა დავლაპარაკებოდი ამ თემაზე.

_ დავაზუსტოთ: პოლიტპატიმრებისა და თამაზ თამაზაშვილის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თქვენ, ამ პროცესის ორგანიზატორი, უნდა შეხვედროდით შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. შედგა თუ არა ეს შეხვედრა?

_ დიახ, შედგა და არაერთგზის.

_ რამდენჯერ შედგა?

_ რამდენჯერმე, თუ სწორად მახსოვს, ოთხჯერ.

პირველი შეხვედრის შინაარსს გეტყვით: გახსოვთ, მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილს საპროტესტო აქცია დააანონსა.

_ მახსოვს ახალი ეროვნული მოძრაობის დასაწყისი ვანო მერაბიშვილის პოსტულატის მიხედვით.

_ ირაკლი ღარიბაშვილმა მითხრა: ჩვენ კი გვესმის და მოგვწონს, როგორ არის ჩართული ეს ხალხი სამზადისში, როგორი მუხტია (როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებდა ამ პროცესს), მაგრამ `ნაციონალურმა მოძრაობამ~ შეიძლება ეს გამოიყენოს პროვოკაციების მოსაწყობად, შემოგზავნონ ჯგუფები, რომლებიც 19 აპრილის აქციას დაარბევს. ამას წინ უძღვის 8 თებერვალი, რომელიც ხელისუფლებას დაბრალდაო.

_ ნანა, დაბრალდა რას ნიშნავს? 8 თებერვალს მე პირადად მყავს ბიბლიოთეკასთან ნანახი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საკუთარი ავტომანქანიდან აკონტროლებდა ამ პროცესს.

_ აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი მოვიდა ამ პროცესის გასაჩერებლად, მოვიდა იმისათვის, რომ იცოდა, პოლიტპატიმრები აპირებდნენ ავლაბრის რეზიდენციაში წასვლას. ჩვენ ვაპირებდით აქციის გამართვას პრეზიდენტის რეზიდენციასთან, რომ სააკაშვილი იქაც არ შეგვეშვა. ღარიბაშვილმა სთხოვა იქ შეკრებილებს, როგორმე გააკეთეთ ისე, რომ სააკაშვილი რეზიდენციაში შეუშვათ და იქ აქცია არ ჩაატაროთო. ამას ძალიან განიცდიდა და ნერვიულობდა. მაშინ ვუთხარი პოლიტპატიმრებს, _ რაკი მტრებად აღგვიქვამენ, მის თხოვნას ანგარიში გავუწიოთ და სხვა ფორმატით შევიკრიბოთ-მეთქი.

_ დავუბრუნდეთ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის ფაქტს, რა შედეგით დასრულდა პირველი შეხვედრა?

_ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ხელისუფლება ხისტია, სუსტია, რომ ამ აქციას გამოიყენებენ პროვოკაციისთვის, თუმცა ამ გადასახედიდან რომ ვაანალიზებ, ეს ყველაფერი იყო ტყუილი და ამისთვის არ იყო ეს თხოვნა-შემოთავაზება. მე მართლა მეგონა, რომ ჩვენი შეკრება ხელისუფლების ინტერესებში უნდა ყოფილიყო, ვუთხარი კიდეც, _ თქვენ ამ მოთხოვნით მოხვედით ხელისუფლებაში, ხალხს რას ეუბნებით-მეთქი? ვერ შევძელი მისი დარწმუნება, არც თანხმობა მითქვამს და არც უარი. აზრი ორგანიზაციის წევრებისთვის უნდა მეკითხა, პოლიტპატიმრების აზრი ორად გაიყო, ნაწილი ამბობდა, რომ არ დავუჯეროთო, მეორე ნაწილი ამბობდა, რომ პროვოკაციები იქნებაო. საბოლოო ჯამში, მინისტრის თხოვნას გავუწიეთ ანგარიში და შეკრების თარიღი გადავიტანეთ 21 აპრილს. მე გავუგზავნე მესიჯი ღარიბაშვილს, ამას მოჰყვა ზარი, _ არაო, არც 21 აპრილს გვაწყობსო. მინისტრის პოზიციამ სულ დამაბნია _ რატომ არ უნდოდა ხელისუფლებას ამ დაზარალებული ადამიანების დახურულ სივრცეში შეკრება? ეს რომ ყოფილიყო მსვლელობა, მიტინგი-აქცია, შეშფოთებას კიდევ გავიგებდი. ვეუბნები, რომ მაშინ ჩვენ ამას გადავიტანთ სტადიონზე, ეზოც იტევს ხალხს და აქცია დახურულ სივრცეში გაიმართება-მეთქი. _ არაო, არც სტადიონზეო. აქ უკვე გამიჩნდა ძალიან სერიოზული ეჭვი, _ 14 აპრილის გადადებაც არ იყო შემოთავაზება იმისათვის, რომ ჩვენ მიმართ პროვოკაციები იგეგმებოდა, თუმცა მე მაშინ ეს ვერ გავარკვიე. მერე დაიწყო სერიოზული მუშაობა პოლიტპატიმრებზე, რამაც  უკვე ასახვა ჰპოვა მათ აქტიურობაზე ოფისში. ჩვენგან დასახელდა მესამე თარიღი _ 26 მაისი და ისევ მინიშნავენ შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროში.

_ ისევ ღარიბაშვილს შეხვდით?

_ მეორე შეხვედრა ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო კაბინეტში და მას ღარიბაშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილიც ესწრებოდა. ამჯერად უკვე არგუმენტი იყო ის, რომ 26 მაისს ხელისუფლება აპირებდა დამოუკიდებლობის თარიღის აღნიშვნას. შევთავაზეთ კიდევ ერთი თარიღი და ისევ წინააღმდეგობა, _ მაგ დროს პოლიციის დღე უნდა აღვნიშნოთო. წარმოიდგინეთ, ოთხჯერ მოტყუებული საზოგადოება. ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტპატიმრების გადაბირება. აღმოჩნდა, რომ ამასობაში პოლიტპატიმრები სხვადასხვა მიმართულებით დაიქსაქსნენ _ იშლებოდა ეს ჯგუფები, იქმნებოდა, ტყუვდებოდა ეს ხალხი, მერე უკან ბრუნდებოდა, ვიგებდით, რომ იყო ფუჭი დაპირებები ხელისუფლების მხრიდან და ა. შ. იმავე დღეებში გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა, ამჯერად გიორგი ზედელაშვილის მონაწილეობით.

უკვე პირადად მე გამიჩნდა ეჭვი იმისა, რომ ეს ხელისუფლება არ არის მოსული რეალურად სამართლიანობის აღსადგენად. ღონისძიება მაინც ჩატარდა! _ მიუხედავად ოთხჯერ გადადებული თარიღისა და ხელისუფლების მცდელობისა, სპორტის სასახლე მაინც გაივსო. მოულოდნელად, შეკრების დროს, გამოირთო დარბაზში ვენტილაცია და ხალხის მასამ თავი მოიყარა ქვემოთ, რადგან ზემოთ იარუსებზე სუნთქვა შეუძლებელი გახდა. ამას მოჰყვა გარკვეული ქაოსი. იმავე ღამეს 11018 ადამიანი დარეგისტრირდა ღონისძიებაზე. ხელმოწერები გადავუგზავნეთ საქართველოს პარლამენტს მოთხოვნით: სამართლიანობა უნდა აღდგეს, რეჟიმი უნდა გასამართლდეს! ჩვენ ვთარგმნეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, როგორ მოხდა იქ წართმეული ქონებების დაბრუნება, რეჟიმის გასამართლება და ასევე გავუგზავნეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ უშედეგოდ. გვითხრეს, _ რა დროს სამართლიანობის აღდგენაა, დასავლეთი ჩვენგან მოითხოვს კოჰაბიტაციას, გააჩერეთ ეს ლოზუნგებიო. ის, რომ ხალხს მოლოდინი გაუცრუვდა, ამაზე არავინ ფიქრობდა. თქვეს, რომ დასავლეთი ამას ვერ გაგვიგებს. რეალურად, ეს ჰგავდა ქონების გადანაწილების პროცესს და სხვადასხვა გარიგებას, არადა, წინასაარჩევნოდ სულ სხვა რიტორიკა ჰქონდა ოპოზიციაში მყოფ „ქართულ ოცნებას“. ბოლოს ისიც კი თქვეს, _ ჩვენ ციხეები გავხსენით და პატიმრები გამოვუშვითო. ციხის კადრების ხარჯზე მოვიდნენ ხელისუფლებაში და ციხეებიც არ უნდა გაეხსნათ?! ეს რატომ უნდა დაეყვედრებინათ?

_ ბოლო პერიოდის განმავლობაში მაინც შეიქმნა რაღაც აგრესიული ჯგუფები.

_ ეს იყო პირველი ხელისუფლება, რომელიც ავირჩიე, რომლის იმედიც მქონდა და მომატყუა. მინდა გითხრათ, რომ „ნაციონალებზე“ არანაკლებ ხელისუფლებამ დაიწყო ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლა, შექმნა ორგანიზაციები, როგორც ჩვენი ალტერნატივა რომლის გააქტიურებასაც შეუწყო ხელი,. გაუგებარი იყო, რატომ დასჭირდათ უისტორიო, უწარსულო, არანაირი ბექგრაუნდის მქონე ორგანიზაციების დაფუძნება? ხელისუფლებამ შექმნა მართვადი ჯგუფები, თითქოსდა „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგოდ, რეალურად კი ეს შექმნა თავის გასაძლიერებლად. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ წინა ხელისუფლების დროს რეალურად დაზარალებული ადამიანების მართვა შეუძლებელი იქნებოდა, ისინი ხელისუფლების დუდუკზე არ იცეკვებდნენ. ადამიანმა, რომელმაც ზიანი მიიღო, კონკრეტული პასუხი აინტერესებს და არა ის, სად მივარდეს და სად პიარაქცია მოაწყოს. ეს ადამიანები ამ ხელისუფლებას არ აწყობდა, აწყობდა მართვადი ძალები. რეალურად დაზარალებული ადამიანები დარჩნენ აბსოლუტურად მოტყუებულები. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ გვარს, რომლის უფლებაც აღდგა ამ ხელისუფლების პირობებში. ყველაზე მტკივნეული მაინც წამების მსხვერპლთა საქმეები იყო. ჩვენი მხრიდან 2000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ჩვენება, პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობაზე. ეს საქმეები არა მარტო თაროებზე შემოიდო, არამედ მათ ურეკავდნენ და აშანტაჟებდნენ. ბევრმა მათგანმა საერთოდ დატოვა საქართველო და ქვეყნიდან გადაიხვეწა, ბევრი ადამიანი ხმის ამოღებას საერთოდ არ ფიქრობს. მათ დაინახეს, რომ ხელისუფლებამ ისინი მოატყუა. ბაჩო ახალაია წიწაკისა და ვაშლის გათლაზე გაასამართლეს. დასავლეთი გაიძახის, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა. რა დაუმტკიცეს? რა უთხრეს, რომ ეს ჩაიდინეო? რაზე მიუსაჯეს? ამბობენ, დასავლეთი არის მიკერძოებულიო, რეალურად კი ყველაზე მიკერძოებული აღმოჩნდა ჩვენი ხელისუფლება, რომელმაც არ გამოიძია და არ დადო ის მტკიცებულებები, რაც საჭირო გახლდათ რეჟიმის გასამართლებისთვის. ჯერ კიდევ მაშინ, როცა სოზარ სუბარი იყო სასჯელაღსრულების მინისტრი, მე მქონდა მასთან შეთავაზება _ სანამ წამების მსხვერპლნი ციხეში სხედან (პატიმრების 5%-ზე მეტი მაინც იყო ინვალიდი), მოვთხოვოთ პარლამენტს, ბიუჯეტში შეიტანოს პატიმრებისთვის ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. დავდოთ მტკიცებულებები, არსებობს კი ევროპაში ქვეყანა, სადაც ადამიანები ასეთი ჯანმრთელობის მდგომარეობით გადიან თავისუფლებაზე? დათო უსუფაშვილსაც მივმართე, ეკა ბესელიასაც გავუგზავნე წერილი, სოზარსაც ვთხოვე, მაგრამ რა?! არც ექსპერტიზები, არც ჩვენებებზე რეაგირება, არც მტკიცებულებები და ბოლოს ბაჩო ახალაია გაასამართლეს ვაშლის გათლაზე და წიწაკის სროლაზე. მერე უკვირთ, რატომ თქვა დასავლეთმა, რომ ეს იყო პოლიტიკური საქმეები. ავიღოთ ვანო მერაბიშვილი, თქვენ ბადრი პატარკაციშვილის შტაბის წევრი იყავით; გახსოვთ, 7 ნოემბრის აქციის დარბევის დღეს რას ყვიროდნენ პოლიციელები? _ ბადრის რააა? დედის ტყ…ააა. მარტო იმ აქციისთვის, რომ პოლიტიზებული იყო პოლიცია, მარტო ის კადრები იყო საკმარისი ვანო მერაბიშვილისა და რეჟიმის გასასამართლებლად. იცით, ეს ხელისუფლება როგორ ინარჩუნებს პოზიციებს? _ ხალხს ეუბნებიან, რომ `ნაციონალური მოძრაობა~ დაბრუნდება ხელისუფლებაში.

_ ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელი მთავრობისთვის მაშველი რგოლია?

_ რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი შემაკავებელი ბერკეტი, მეტი სხვა ბერკეტი ხალხში არ არსებობს, ეს არის ტყუილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. დღევანდელ ხელისუფლებას კი უნდა შევხედოთ ისე, როგორც ყველა სხვა ხელისუფლებას, გავარკვიოთ, რა იდგა ამ გარიგებების უკან. დღეს ხელისუფლებას ხალხის ნდობის მანდატი აღარ აქვს, წართმეული ქონებები გადანაწილებულია, უნისონში მუშაობენ. ხალხმა იცის, რომ ესენი თანამდებობებზე არიან, ხალხმა იცის, რომ საერთო ბიზნესები აქვთ, ძალიან კარგად იციან, რაც ხდება, ეს არის უნისონი, ყველა ისეთ ადგილებში, სადაც ბიზნესია, სახელისუფლებო ბერკეტია, ყველგან მართვადი პროცესია, ქონებაწართმეული ადამიანები არიან მოტყუებულები, თუ ვინმეს რამე დაუბრუნდა და თუ ვინმემ გაიმარჯვა, ყველა არის ბმაში ხელისუფლების ინტერესებთან, ისე უბრალოდ არავის არაფერი არ დაბრუნებია. რიგით მოქალაქეს რეჟიმის შემსუბუქება არ უგრძნია, ეს არის ამ ხელისუფლების კრახი.

_ ისევ ცალკეული ჯგუფების გააქტიურებას უნდა დავუბრუნდეთ _ გაიმართა ფილმების ორგანიზებული ჩვენება, რა დგას ამ პროცესის უკან, ხელისუფლების ფინანსები?

_ თქვენ გულისხმობთ გია სალუქვაძეს, რომელიც ამ ჩვენების ორგანიზატორი იყო. გია სალუქვაძე დიდი ხანია, არ მინახავს.

_ თუმცა ის პირველი დღიდან იყო თქვენი ორგანიზაციის წევრი.

_ ის იყო ჩვენთან სპორტის სასახლის აქციის მომზადების პირველ ეტაპზე, მას მერე ის ჩვენთან არ ყოფილა.

_ იყო თუ არა გია სალუქვაძე იმ პოლიტპატიმართა შორის, რომლებიც შეხვდნენ თამაზ თამაზაშვილს?

_ კი იყო, მაგრამ დღეს გიას ვინ უჭერს მხარს, ეს ჩემთვის უცნობია. ღმერთმა ხელი მოუმართოს და კარგი საქმეები აკეთებინოს. მან აბსოლუტურად გაწყვიტა ურთიერთობა პოლიტპატიმართა უმრავლესობასთან. მე არც კი ვიცი პოლიტპატიმარი, რომელსაც მასთან აქვს ურთიერთობა, გარდა მიხეილ ცილიკიშვილისა. ის არის სხვა ორგანიზაციაში და მისი მხარდაჭერის შესახებ არაფერი ვიცი.

_ ახალგაზრდულ მოძრაობაზეც გავრცელდა ეს _ ზოგი წავიდა ბიზნესში, ზოგი სახელმწიფო სამსახურში, დარჩა მარგინალური ჯგუფები, რომლებიც, ძირითადად, მივარდნებით არიან დაკავებული.

_ თქვენ მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ პოლიტპატიმართა ჯგუფები. მე ამას არ დავიჯერებდი იმიტომ, რომ ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, მაგრამ გარდა პოლიტპატიმრებისა ჩანს, რომ სხვა ჯგუფები იქმნება იგივე ინტერესებისთვის. ადამიანები, რომლებსაც არც ასაკი აქვთ ისეთი, რომ რეჟიმს ებრძოდნენ, უცებ, ხელისუფლების მოსვლის გარიჟრაჟზე, გამობრწყინდნენ, გაპიარდნენ, დაფინანსდნენ. არავინ იცის, ამ ადამიანებს რა ინტერესები აქვთ. თუ მათ უფლებების დარღვევები აწუხებდათ, აქამდე სად იყვნენ, რატომ დუმდნენ?

_ სადღობელაშვილი საერთოდ საფრანგეთში ცხოვრობდა.

_ ნუ, ახლა ჩამოსულა და ახლა შეაწუხა ამ პრობლემამ. რა იციან იმის შესახებ, რა ხდებოდა იმ ცხრა წლის განმავლობაში? „კავკასიაზე“ ახალგაზრდა გოგონა იხილავდა „საიას“ მუშაობის პრინციპებს. ძალიან მაინტერესებს, ამ გოგონამ რა იცის, რაში იყო „საია“ აქტიური ან პასიური? როდესაც არაფერი იცი, რატომ გამოდიხარ? ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი, რეალური ინფორმაციის მქონე, რეალურად დაჩაგრული ადამიანების ერთობის, ძალის არსებობისა, რადგან ეს ძალა საშიშია ამ ხელისუფლებისთვის, ვინაიდან იგი არ იქნება მართული. ეს ხალხი ამ ხელისუფლებასაც მოსთხოვს იმას, რასაც წინა ხელისუფლებას სთხოვდა:

იყავი სამართლიანი, იყავი კანონმორჩილი. ეტყობა, ასეთი რამ არც ამ ხელისუფლების ინტერესებში შედის!!!

 

                                                                                           ელისო კილაძე