გენერლის მარნის ამბები – რას ვერ იყოფენ „რუბენიჩი“ და „ალექსანდროვიჩი?!“

uff56g

ჩემიანი და შენიანი ჩვენში ყველაზე გავრცელებული ცნებაა, მაგრამ, აი, ჩვენიანით და სხვისიანით რომ იწყება და ბოლოს კი ის ჩვენიანიც შუაზე იყოფა, დაახლოებით ეს ამბავია იქ, საიდანაც მზე ამოდის…

კახეთში მიეჩვივნენ იმ აზრს, რომ მზე არათუ აღმოსავლეთიდან, არამედ დედოფლისწყაროდან ამოდის და როგორც წითელწყაროელი ბიჭები ხუმრობენ, საქართველოში მზე დედოფლისწყაროდან ამოდის, ჭორვილაში კი _ ჩადის…

ეს ისე, ქიზიყური ფრთიანი ფრაზაა და მეტი არაფერი…

ისტორიულად ცნობილი დედოფლისწყარო, რომელიც იმთავითვე ფულის საშოვნელ კერად იყო მონათლული, დღეს ერთ პატარა სათავადოს დაემსგავსა. იმ რაიონში თავადი სულ ორია და ეს კეთილშობილური ტიტულიც პატივად ერგოდ ქვეეყნის მთავარ პირს _ პრემიერსა და, ბუნებრივია, მის სიმამრს.

ასე რომ, დღეიდან ჩვენი მზეც დედოფლისწყაროდან ამოვა და ჩვენც ყოველ კვირა დედოფლისწყაროში ვიმოგზაურებთ, _ მე მოვისმენ და თქვენ მოგიყვებით, თუ რას ამბობენ გალიაში დამწყვდეული ჩიტები და რა ხდება იქ, სადაც არ ახსოვთ, რომ ქვეყანა დედოფლისწყაროდან კი არა, აღმოსავლეთიდან იწყება.

მაშ, ასე! დავიწყეთ:

რაიონში ამბობენ, რომ თამაზას დიდებული მარანი აქვს და ამ დიდებულში უდიდებულესი საქმეებიც წყდება. როგორც ქიზიყში გვიხსნიან, _ მიმიქარავს პარლამენტი, ჯო, რასაც თამაზას მარანი წყვეტს, მაი პარლამენტი იმას 10 წელი რომ იმსჯელონ, მაინც ვერ გადაწყვეტსო!

ხოდა, ჩვენც თამაზას მარნის ამბებით დავიწყებთ

ამბავი #1

ზემო მაჩხაანის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ბენაშვილია. ისევე როგორც სხვა დეპუტატების ბედიც, ბენაშვილის დეპუტატობაც ამ ზაფხულს მარანში გადაწყდა. თუ მარნის საქმეებით ვიმსჯელებთ, მივხვდებით, რომ ყველა სოფელსა და ყველა ქალაქს თითო ასეთი „თამაზას მარანი“ რომ ჰქონდეს, ამ სახელმწიფოში აღარც არჩევნები იქნებოდა საჭირო და აღარც დემოკრატია, ყველაფერი თავისთავად დალაგდებოდა და ქვეყანაშიც „მარნის პოლიტიკას“ არავინ განიკითხავდა.

ეს ამბავი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ჯერ მაჩხაანს მივაკითხოთ…

ზემო მაჩხაანი კი ის სოფელია, რომლისთვისაც გასულ წელს სახელმწიფო სუბსიიდიდან თითქმის ნახევარი მილიონი ლარი გაიხარჯა, რათა სოფელს წყალი ჰქონოდა, მაგრამ წყალი კი არა, ახლა წყლის მისამართსაც ძლივს იხსენებენ მაჩხაანელები.

ფული ფულად გაქრა, დაპირებული წყალი კი ჰაერში აორთქლდა… თუმცა სოფლის დეპუტატი მხოლოდ იმაზე აჯაზებს, რაზეც მარანში ეტყვიან, დანარჩენი სხვა საკითხი არამნიშვნელოვანი და მეათეხარისხოვანია!

მოკლედ, ჩვენი დედოფლისწყაროელები გვიყვებიან, რომ საკრებულოს დეპუტატი, ალექსანდრე ბენაშვილი, თამაზ თამაზაშვილს „გაუტიპებია“ და, არც მეტი, არც ნაკლები, მარანში უთქვამს, მექანიზაციის ცენტრის უფროსად ვნიშნავო.

აბა, სიმამართა შორის პირველ სიმამრს ვინ გაუბედავდა საკუთარ მამულში შეპასუხებას? თქვა და მორჩა! ასე გახდა ბენაშვილი მექანიზაციის ცენტრის „ნაჩალნიკი“.

ასეა თუ ისე, სიმამრის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, ბენაშვილი, თავის დროზე, ცენტრის უფროსი გახდა და დაიწყო სახელმწიფო ხარჯზე ცხოვრება, რომელიც, თურმე, ძალიან საამურია.

რა არის მექანიზაციის ცენტრი, ანუ რას საქმიანობს შპს „მექანიზატორი?“

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურება, გაქირავება;

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა და რეალიზაცია;

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა (ფერმერთა) ინფორმაციით უზრუნველყოფა;

კონსულტაციების გაწევა და ტრენინგების ჩატარება;

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე მომსახურება (რემონტი, მარაგი ნაწილებით უზრუნველყოფა).

მაგრამ დედოფლისწყაროსაც აქვს თავისებური თავისებურებები.

ამ რაიონში, რატომღაც, სიმამრის კადრს ყოველთვის გვერდს უმაგრებს სიძის კიდევ ერთი დანიშნული კადრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ასე კონტროლდება სიტუაცია ცენტრიდან!

მექანიზაციის ცენტრში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა, რომელსაც ქიზიყელები, ნიშნად პატივისცემისა, მამის სახელით მიმართავენ და „რუბენიჩს“ ეძახიან, მეორე კაცად თავისი დის სიძე _ გელა ნასრაშვილი დანიშნა.

ამბობენ, შემოდგომაზე დაგროვილმა დავალიანებებმა მილიონს მიაღწიაო, შემოდგომას როცა ხალხი რიგში იდგა ტექნიკის მისაღებად, მაშინ სიძე-სიმამრის გარემოცვას აგროტექნიკა მითვისებული ჰქონდა და თავის მოსავალს აბინავებდა. ღმერთმა შეარგოთ ქერიც, ქატოც და ხორბალიც, თუმცა ტექნიკისთვის გადასახდელი თანხა დღემდე გადაუხდელია, სახელმწიფო ზარალს ითვლის, მაგრამ ზარალი არასად ჩანს!

ბენაშვილმაც და ნასრაშვილმაც, ბუნებრივია, სოფლის ტექნიკა გამოიყენეს და შესაბამისად ერიცხებოდათ.

პრემიერის სიძის ვალი ცხრა ათას ლარს შეადგენდა, რაზედაც ბენაშვილმა ნასრაშვილს უთხრა, რომ თანხა უნდა გადაეხადა. „ტარიელოვიჩის“ სიძეს პასუხი არ დაუყოვნებია:

_ როგორც თქვენსას ფარავთ, ჩემიც ისე დაფარეთო!..

და ასე დაიწყო ამ ერთობ უწყინარ ადგილზე არდავიწყება…

ჩხუბი იმ ზომამდე მივიდა, რომ საქმეში მძახლები ჩაერთნენ. ვალის გასტუმრება არც ერთ მხარეს არ სურდა, თუმცა ერთმანეთს მაინც ბრალდებებს სდებდნენ…

ორჯერ მომხდარი მძიმე დაპირისპირების შემდეგ საქმეში ჩაერთო, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი და დედოფლისწყაროში ჩავიდა. სესიაშვილის კრიზისმენეჯერის შესაძლებლობებმა იქ ვერ გაჭრა და უკან დაბრუნდა, ჩხუბი კი იმ ფაზაში გადაიზარდა, რომ ამ საკითხზე მთელი დედოფლისწყარო ალაპარაკდა.

ცნობისთვის: სიმამრის კლანს „ბენაანებს“ ეძახიან, ხოლო ღარიბაშვილის მიმდევრებს _ „ბარგანაანებს“.

„ბენაანებსა“ და „ბარგანაანებს“ შორის დაპირისპირება ვერც თამაზაშვილმა და ვერც სესიაშვილმა მოაგვარა, გადამწყვეტ მომენტში თავად პრემიერის ჩართვა გახდა საჭირო.

„ბაგრანაანებმა“ გაიმარჯვეს!

პრემიერმა ალექსანდრე ბენაშვილს შეუთვალა, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, რაზედაც სიმამრი გაწყრა, მაგრამ გაბრაზებულმა სიძემ  ბენაშვილის განთავისუფლება არ იკმარა და მექანიზაციის დედოფლისწყაროს სერვისცენტრს „რევიზიაც“ გაუგზავნა, რაც იმით დამთავრდა, რომ პრემიერის „ბაგრანაანები“ გადარჩნენ, ხოლო სიმამრის „ბენაანებს“ კი ვალების დაბრუნება მოსთხოვეს!

მართალია, ბოლო დროს რაიონში ღიად დაიწყო სიძე-სიმამრის დაპირისპირებაზე საუბარი, თუმცა მათი დაპირისპირება 2012 წლის ბოლოსვე შესამჩნევი გახდა, როცა რაიონის გამგებლად სიძემ სიმამრს ცოლისძმა, ნუგზარ პაპიაშვილი არ დაუნიშნა თანამდებობაზე, სამაგიეროდ ცოლის კლასელის, ირაკლი შიოლაშვილის დანიშნვა გადაწყვიტა.

ირაკლი შიოლაშვილი _ პრემიერის რჩეული

2012 წლის შემოდგომის შემდეგ „ნაცებისგან“ ბორკილაყრილმა ქართველებმა „ოცნებებში“ გაინავარდეს, იფრინეს, ინარნარეს…

ოცნებებს გრავიტაციამ სძლია…

…თურმე დედამიწა ისევ ტრიალებს, ზამთარში თოვს, ზაფხულში ცხელა, მზე კი…

მზე ჩვენთან დედოფლისწყაროდან ამოდის… ზოგი ამბობს, ამოდისო, ზოგი _ ჩამოდისო, ზოგიც _ ფეხით დადისო…

ვიდრე დედოფლისწყაროს გამგებელი გახდებოდა, განათლებით იურისტ-ეკონომისტი ირაკლი შიოლაშვილი „საზიზღარი ნაციონალების“ დროს (სიცრუეში რომ გვაცხოვრებდნენ და ბიზნესს რომ არეკეტებდნენ) ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა…

„მადა ჭამაში მოდისო“…

როდესაც მისი გაგუბერნატორება ყველაზე ცნობილი ქართველი სიმამრის ოჯახს დაუკავშირეს, შეიცხადა, _ მე წარმატებული დედოფლისწყაროელი ვარო (ამ ბოლო დროს დედოფლისწყარო ხომ წარმატებების ეპიცენტრია)…

ჩამოვიდა თუ ამოვიდა თელავში, საახალწლოდ ისეთი ბრიფინგი „დაარტყა“, უცებ გამოიყვანა კახეთი და სრულიად საქართველო ნაბახუსევიდან _ „ნაციონალები“ (ყოფილი გუბერნატორი და მისი მოადგილე) საჯაროდ ამხილა!

„ამას სიკვდილი, იმას _ ჩამოხრჩობა!“

„ამას სიკვდილი, იმას _ ჩამოხრჩობა!“

„ამას სიკვდილი, იმას _ ჩამოხრჩობა!“

უცხო მხარეში გამოშვებულმა „სამ კნიაზმა“ თავი მარტო დაიგულა თუ არა, პატრონი და მფარველი დაავიწყდა… შეთავსებით ყველა თვითმმართველობაში დაიწყო „მუშაობა“, ყველას „მოთვინიერება“ მოუნდა და ამბიციებმაც ყელში წაუჭირა…

„ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის“ _ ახლად გამომცხვარი „პატარა კახი“ ძალაუფლებამ გარყვნა…

ხიბლში ჩავარდნილმა გუბერნატორმა ძილში ისიც კი წარმოიდგინა, რომ დიდი ირაკლი შიოლაშვილი იყო და რა ვიცი, რა ვიცი, ამბობენ, რეგიონის პატრიარქიც ჰგონია თავიო.

პატრიარქობისა რა მოგახსენოთ, თუმცა საახალწოდ და საშობაოდ ჯერ ორსული გოგო გაუშვა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან, ხოლო მერე მარტოხელა დედა დატოვა ღია ცის ქვეშ!!! არც უარუყვია, მეტ-ნაკლებად აღიარა, რომ გამგებლების მრჩეველია. მაგალითად, თელავის გამგებელმა ისიც კი თქვა, ხარს დავკლავ, ეგ რომ წავა და დამასვენებსო!

ამბავს შორს თუ არ გავყვებით, საინტერესო ისაა, რომ თავად სიმამრია გაბრაზებული შიოლაშვილის გმირობებზე, რადგან გუბერნატორს არც სიმამრთა შორის პირველი სიმამრი ახსოვს და არც _ სიმამრის მარნის საძმო-საძმაკაცო.

გუბერნატორს კი მარტო პრემიერი აინტერესებს!

P.S. გუბერნატორობამდე გამგებლად მოსული შიოლაშვილი, 2012 წლის არჩევნების ჩათვლით, ქვემო ქედის კოორდინატორი იყო და საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხელფასსაც იღებდა, საწვავის ხარჯსაც და ხმებსაც აგროვებდა. ასე რომ, დედოფლისწყაროში ალექსანდრე თამაზაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი რომ ვერ მოიპოვა, ამაში დღევანდელი გუბერნატორის წვლილიც დევს. სოფელ ქვემო ქედში კი კარგად ახსოვთ, შიოლაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებისთვის მუშობდა, ხოლო ნუგზარ პაპიაშვილი „ოცნების“ ხმებს აგროვებდა. დღეს პრემიერის რჩეული გუბერნატორია, ხოლო სიმამრის მარჯვენა ხელი და უახლოესი ნათესავი _ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

როგორც ჩემი რამდენიმე წყარო მეუბნება, დედოფლისწყაროში არც ისეა საქმე, როგორც ჩანს.

ასე რომ, ისე არა წვიმს, როგორც ქუხს, ამ რანგის მძახლების გაბუტვა, საჯაროდ დამდურება, ცოტა არ იყოს, უცნურია.

P.P.S. ორი თვის წინ საფრანგეთში იყო წასული ტარიელ ღარიბაშვილი, უკან დაბრუნებულმა „რუბენიჩმა“ თავისიანებს უთხრა, რომ მესამე შვილიშვილი პარიზში უნდა დაიბადოს და ნუნუკაც და ბავშვებიც იქით წავლენ საცხოვრებლად, რადგან მალე ირაკლიც ევროპაში გადაბარგდებაო.

 

                                                                                  მაკა მოსიაშვილი