კობა ნაყოფია: „ჩემი მიზანია, ჰოლივუდელებს „ვეფხისტყაოსანი“ გადავაღებინო!“

ginger

ჩემი დღევანდელი რესპონდენტი კობა ნაყოფიაა _ ცნობილი ბიზნესმენი და პარლამენტის წევრი. ის პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, თუმცა ბევრი `ნაციონალისგან~ განსხვავებით ზედმეტად პოლიტიზებული არ არის _ მშვიდად და აუღელვებლად საუბრობს სხვადასხვა თემაზე. ლარის კურსი, ქართული ეკონომიკის პრობლემური საკითხები, შერონ სტოუნის ჩამოსვლა საქართველოში, „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციის პროექტი, თუ შალვა ნათელაშვილის მიერ აღმოჩენილი 800 მილიონი დოლარი ამ თემებში შედის…

„ქრონიკა+“-ს კობა ნაყოფია ესაუბრება:

_ პარლამენტის წევრი ვარ, სადაც, რა თქმა უნდა, ბიზნესიდან მოვედი, მაგრამ დღეს გახლავართ დეპუტატი და სწორედ ამ პოზიციიდან ვისაუბრებ. რაც შეეხება ეკონომიკას, ფაქტია, რომ იგი დღეს პრობლემებს განიცდის საქართველოში, რაც, პირველ რიგში, გამოწვეულია სავალუტო კრიზისით. სხვა საკითხია, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული კრიზისი. ის, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება, ბევრის აზრით, განპირობებულია საგარეო ფაქტორებით. აქ ლოგიკა არის: რა თქმა უნდა, საგარეო ფაქტორები, გარკვეულწილად, ახდენს ზეგავლენას, მაგრამ მხოლოდ ეს არ განაპირობებს შექმნილ სიტუაციას.

_ რა წილად ახდენს ზეგავლენას საგარეო ფაქტორები?

_ ბუნებრივია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ცალკე ვერ იარსებებს.  დახურული ეკონომიკა ჩვენ არასოდეს გვქონია და იგი ჩართულია გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში. ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან ჩვენი მეზობლები და რეგიონის ქვეყნები: თურქეთი, ევროკავშირი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და, რა თქმა უნდა, უკრაინა. ახლა ვნახოთ, რა მდგომარეობაა ამ ქვეყნებში: იმ სანქციების გამო, რაც დაუწესდა რუსეთს, კარგად ვხედავთ, რა პროცესებიც განვითარდა იქ. რუსეთის ეკონომიკა ჩამოკიდებულია ნავთობისა და გაზის ფასებზე, ხოლო ამ პროდუქტებზე ფასის ვარდნამ გამოიწვია ის, რომ ჩამოიშალა რუსული რუბლი. როგორც ვიცი, დღეისთვის ერთი დოლარის ღირებულება 60 რუბლს აღემატება, რაც დამეთანხმებით, ალბათ, რომ რუბლის ფაქტობრივ გაუფასურებაზე მეტყველებს. რაც შეეხება უკრაინას, აქ ეროვნული ვალუტის ჩამოშლა ძალიან კარგად ვიცით, რომ გამოიწვია საომარმა მოქმედებებმა უკრაინის ტერიტორიაზე. ამ მიზეზის გამო უკრაინის გრივნის გაუფასურებამ გადააჭარბა 250 პროცენტს. ცხრა გრივნა ღირდა ერთი დოლარი, დღეს ერთ დოლარად შეიძენთ 23-24 გრივნას. მსგავსი პროცესები განიცადა აზერბაიჯანმაც, იქაც მოხდა ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ისევე როგორც სომხეთში, სადაც კიდევ სხვა ფაქტორებმაც იმუშავა: ვინაიდან სომხეთის ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე, რომლის რყევა რეზონანსულად გავრცელდა სომხეთის ეკონომიკაზეც, რასაც მოჰყვა სომხური დრამის ვარდნა. მოკლედ, ეს ყველაფერი ობიექტური ფაქტორებია, რამაც იმოქმედა ჩვენს ლარზე და კურსის ვარდნის შეჩერება, ალბათ, ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ, ჩემი აზრით, სხვა მნიშვნელოვანმა ფაქტორებმაც იმუშავა ლარის გაუფასურებაზე და სწორი პოზიციის შემთხვევაში, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ლარზე დარტყმის შენელება სავსებით შესაძლებელი იყო.

_ თქვენ ხართ უმცირესობის წარმომადგენელი. თქვენი თანამოაზრეები ამბობენ, რომ ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია ხელისუფლების უნიათობამ. სააკაშვილი რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, ეს სიტუაცია არ იქნებოდა?

_ მე ყოველივეს გამოუცდელობას უფრო მივაწერდი. ომის პერიოდში, როდესაც ღია აგრესიას აწარმოებდა რუსეთი საქართველოში და მსოფლიოში მძვინვარებდა _ როგორც დღეს ექსპერტები აფასებენ _ ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისი, მაშინ ლარმა გაუძლო. რაღაც პატარა და დროებითი რყევები იყო, თუ გახსოვთ, მაგრამ ლარის კურსი მალევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დასტაბილურდა. ეს გამოიწვია იმ სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელსაც ახორციელებდა მაშინდელი ხელისუფლება _ იქ იყო მეტი ლიბერალიზაცია, მეტი სიმარტივე, სერვისების ხელმისაწვდომობა. მიუხედავად ომისა და საყოველთაო კრიზისისა, მაშინდელმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება არ შემცირებულიყო. ეს ხდებოდა ინვესტიციების სახით, ტურისტების შემოდინების ზრდის სახით და ა. შ. ფაქტია, რომ მაშინ რამდენიმე ასეული ათასიდან რამდენიმე მილიონამდე გაიზარდა ტურისტების რაოდენობა საქართველოში.

_ რაზეც ამბობენ, რომ გაბერილი მაჩვენებელია.

_ არ არის გაბერილი. ეს ხომ დასტურდება საზღვრის გადაკვეთის ფაქტებით, სასტუმროების დატვირთვითა და სხვა მაჩვენებლებით? მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის რყევები გარკვეულწილად კი არის გამოწვეული საგარეო ეკონომიკური ფაქტორებით, მაგრამ, ამასთანავე, რა თქმა უნდა, დიდწილად გამოწვეულია ასევე იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც ახორციელებს დღეს ქვეყნის ხელისუფლება. ჩემი აზრით, ასეთ სიტუაციაში ყველაზე ეფექტური იქნებოდა, მაქსიმალურად შეგვეწყო ხელი ინვესტორებისთვის. მარტივად რომ ვთქვა, ჩვენ ყველას უნდა დავუმტკიცოთ ჩვენთან ბიზნესის კეთების აუცილებლობა და ავუხსნათ ინვესტორებს, თუ  რატომ უნდა შემოვიდეს საქართველოში და რატომ არ უნდა წავიდეს სხვა ქვეყანაში. აქ უნდა იყოს კარგი და მოქნილი საგადასახადო სისტემა, გადასახადების დაბალი ტარიფი, აქ უნდა იყოს გამარტივებული ბიზნესის კეთება, რეგისტრირება და ა. შ. მოკლედ, საქართველო ყველანაირად მიმზიდველი უნდა იყოს ინვესტორებისთვის.

_ დღეს არ არის გამარტივებული ბიზნესის კეთება?

_ როგორ არ არის, არის, მაგრამ გარკვეული პრობლემებიც გახლავთ. მაგალითად, როდესაც შრომის კანონმდებლობის გადახედვა დაიწყეს არჩევნების შემდგომ პერიოდში, კიდევ კარგი, რომ ის შრომის კოდექსი არ მიიღეს, რაც იგეგმებოდა, იმიტომ რომ ბიზნესის ბევრმა წარმომადგენელმა ხმა აიმაღლა და იბრძოლა, არ მიეღოთ. არადა, მიღება ნიშნავდა ძველ შრომით კოდექსში დაბრუნებას, როდესაც დამსაქმებელი ელემენტარულად თავის თანამშრომელს ვერ გაუშვებდა სამსახურიდან. მოკლედ, გადავრჩით, მაგრამ ის შესწორებები, რაც შევიდა ახალ შრომის კოდექსში, მაინც რეგულაცია და გამკაცრებაა. ნებისმიერი ახალი რეგულაცია და გამკაცრება კი მტკივნეულად აღიქმება ბიზნესისა და ინვესტორის მხრიდან. მეორეც _ ახლა საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ უნდა შეიქმნას შრომის ინსპექცია. ჩემი აზრით, ესეც შემაფერხებელი ფაქტორი იქნება ბიზნესისთვის. დამსაქმებლის კიდევ ერთი მაკონტროლებლის გამოჩენა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, თუნდაც იმ მხრივ, რომ ამ სტრუქტურაში შესაძლოა გაჩნდეს კორუფცია. ინსპექტირება კი არა, პირიქით, ჩვენ დღეს უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფოს როლი მაქსიმალურად შემცირდეს და შეიზღუდოს. ამის ხარჯზე მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს ბიზნესს. ამ დროს კი ვქმნით შრომის ინსპექციას. სამწუხაროდ, ეს საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ დგას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბოლოს მაინც ამ იდეაზე უარს იტყვიან და ეს პროექტი არ განხორციელდება. საქართველო არის ძალიან ახალგაზრდა სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძალიან პატარა ეკონომიკა. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის ძალიან მცირე და ამიტომ ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ ჩვენი ეკონომიკა დავაწიოთ ცივილიზებული ქვეყნების ეკონომიკებს. ამისათვის რეგულაციების დაწესება კი არა, პირიქით ბიზნესის გამარტივება არის საჭირო, რაც პირდაპირ უდრის მეტი ბიზნესმენისა და ინვესტორის შემოსვლას საქართველოში. მოკლედ, რომ გითხრათ სათქმელი, უნდა შეიქმნას იმაზე უკეთესი პირობები, ვიდრე არის სხვაგან. ეს გახლავთ წარმატებისთვის საჭირო ფორმულა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინვესტორი წავა იქ, სადაც უკეთეს პირობებს შესთავაზებენ. სხვანაირად არც მოხდება, თუ შენ უმკაცრეს სავიზო და შრომით რეგულაციებს შემოიტან, დამატებით აქციზებს შემოიტან, ეს ყველაფერი, ცხადია, გაართულებს ბიზნესის წარმოებას.

_ აქციზზე გამახსენდა, უცხოელები ლუდის დასალევად აქ ჩამოდიოდნენ, ახლა ისე გაძვირდა, საერთოდ შეუძლებელია ყიდვა.

_ დიახ, რა თქმა უნდა, ლუდის ტურებიც იყო საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავსი რეგულაციები ყოველთვის იძლევა უკუეფექტს და წარმოადგენს ინვესტიციების შემაფერხებელ ფაქტორს. ისევ ლარის კურსს რომ დავუბრუნდეთ, დღეს ძალიან ბევრი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ, თურმე, ეროვნულმა ბანკმა არ განახორციელა დროული ინტერვენციები, თორემ შეიძლებოდა კურსის შეკავებაო. დღეს ხომ განხორციელდა, მაგრამ მცოცავად მაინც უახლოვდება ლარის კურსი იმ ნიშნულს, რომელიც ასახავს ქვეყანაში არესებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, ანუ ამ ინტერვენციას მე შევადარებდი სიტუაციას, ადამიანი რომ იყოს დაჭრილი, შენ კი სისხლის გადასხმა დაუწყო ისე, რომ ჭრილობა არ დაუმუშაო. მაინც სისხლისგან დაიცლბა, ხომ ასეა? ლარის შემთხვევაშიც ეს იძლევა ძალიან მოკლევადიან ეფექტს, გრძელვადიან პერიოდში კი აუცილებლად მივა კრახამდე. არადა, ამ გრძელვადიან პერიოდში განკურნების რეცეპტები არსებობს და სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება.

_ მაინც, რა რეცეპტებია?

_ ქვეყანაში უნდა იყოს პოლიტიკური სტაბილურობა, უნდა იყოს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, გადასახადების სიმცირე და ა. შ. მე, მაგალითად, დაახლოებით ერთი წლის წინათ გამოვედი მოგების გადასახადების გაუქმების ინიციატივით. აუცილებლად საჭიროა ასევე ექსპორტის გაზრდა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. პირველ რიგში, საჭიროა გაიზარდოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, თუ რას გვაძლევს ევროპული ბაზარი. რატომღაც, დღეს ბევრს მიაჩნია, რომ ჩვენთვის ყველაზე მიმზიდველი და წარმატებული არის რუსეთის ბაზარი, რომელიც ბევრად პატარაა, ვიდრე ჩვენ გვგონია. მთლიანი შიდა პროდუქტი რუსეთში ერთ სულ მოსახლეზე არის 20 ათასი დოლარი. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი იყო რუბლის გაუფასურებამდე და ამ დროს ჰყავთ 140 მილიონი მოსახლე. ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მსგავსი მაჩვენებელი, დაახლოებით, 50 ათას ევროს შეადგენს ერთ სულ მოსახლეზე და საუბარია ნახევარ მილიარდ მცხოვრებზე. მოკლედ, შედარებაც კი არ შეიძლება, ისეთი სხვაობაა ციფრებში ევროკავშირის სასარგებლოდ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმირებულობა, დარწმუნება და რეკლამა ჩვენი მეწარმეებისთვის, რათა გადაეწყონ იმ სტანდარტებზე, რომელიც აკმაყოფილებს ევროპულ ბაზარს. თავის მხრივ, სახელმწიფოსგან უნდა იყოს ხელშეწყობა, რომ დივერსიფიცირებულ იქნეს ეს ბაზრები და მეტი პროდუქცია გავიდეს საქართველოდან ამ მიმართულებით. ეს პროცესი, თავის დროზე, დაწყებული იყო, მაგრამ ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების შემდეგ უკეთესი შედეგების მიღება შეიძლებოდა.

_ დიახ, ეს, ალბათ, ყველაზე საჩქაროდ გასაკეთებელი საქმეა, რაც უფრო მალე მივებმებით ევროპის ბაზარს, მით უკეთესი.

_ თავის დროზე, ობამა-სააკაშვილს შორის მოხდა შეთანხმება ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმების დაწყების თაობაზე საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ხელშესახები წინსვლა არ გვაქვს. პირადად ჩემთვის უცნობია, რა ეტაპზეა და როდის შეიძლება განხორციელდეს. არადა, მისი ამოქმედება თვალუწვდენელ სიმაღლეებზე აგვიყვანდა. ამერიკის მოსახლეობა რამდენიმე ასეული მილიონია და პირველი ეკონომიკა აქვთ მსოფლიოში. პრაქტიკულად, მსოფლიო ეკონომიკის მეოთხედი არის კონცენტრირებული ამ ერთ ქვეყანაში. ცხადია, ასეთ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაძლევს საოცარ შესაძლებლობებს, რაც გამოყენებული არ არის. ეგ კი არა, არც ის ვიცით, თუ რა ბედი ეწია ამ შეთანხმებას და განხორციელდება თუ არა მომავალში. ამ დროს ასეთ რამეზე ოცნებობს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა.

_ რას შეიძლება დავაწეროთ „წარმოებულია საქართველოში“, რომელიც შეიძლება ამერიკელებს მოვაწონოთ?

_ ყველაფერს!.. ამას უკვე ბიზნესი გადაწყვეტს. ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. დავუშვათ, იგივე ჩინელი ბიზნესმენი, რომელსაც არ აქვს საშუალება, ამერიკის ბაზარზე შეიტანოს თავისი პროდუქცია, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე იცის, რა არის მოთხოვნადი ამ ბაზარზე, გადმოიტანს თავის ამწყობ საწარმოს საქართველოში, სადაც დასაქმდებიან ჩვენი მოქალაქეები და მათ მიერ ნაწარმოები პროდუქცია დაუბრკოლებლივ შევა ამერიკის ბაზარზე. მე ჩინელი, როგორც მაგალითი, ისე მოვიყვანე, თორემ არა მარტო ჩინელი მეწარმეები ჩამოვლენ. სხვა ქვეყნის ინვესტორებიც მოგვაწყდებიან, რომლებსაც თავისი ქვეყნიდან ვერ გააქვთ ამერიკაში პროდუქცია, სამაგიეროდ, კარგად იცნობენ, რა სჭირდებათ მათ. რა თქმა უნდა, ამასობაში ქართული ბიზნესიც ამოძრავდება ამ მიმართულებით და ჩვენი ბიზნესმენებიც დაიწყებენ შესწავლას, თუ რა არის მორგებული იმ ბაზარზე.

_ რა უშლის ხელს დღეს ამის გაკეთებას?

_ ამას სჭირდება თავის დროზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე აქტიური მუშაობის გაგრძელება და ბოლომდე მიყვანა. ხელისუფლების როლიც სწორედ ეს არის. შეთანხმება სამი წელია, მიღწეულია და ამ ხნის განმავლობაში მე პირადად არ ვიცი, თუ რა კონკრეტული შემაფერხებელი ფაქტორები შეიქმნა, თუმცა, ჩემი აზრით, სერიოზული პროგრესი უნდა გვქონოდა.

_ თქვენ გინდათ თქვათ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ეს ბაზარი ამოქმედებული იქნებოდა?

_ ყოველ შემთხვევაში, სადმე ბოლოსკენ ვიქნებოდით გასულები. საერთოდ, ასეთი ხელშეკრულების ამოქმედებასა და განხორციელებას რამდენიმე წელი სჭირდება. ასე რომ, ხელისუფლებას აქვს შანსი, ამერიკასთან ეს ხელშეკრულება წარმატებით დააგვირგვინოს.

რამდენიმე წინადადებით ტურიზმის თემას მინდა დავუბრუნდეთ:  ტურისტების რაოდენობა ბოლო პერიოდში მცირდება, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს სფერო გახლავთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ასეთ დროს სავიზო რეგულაციების გამკაცრება, რა თქმა უნდა, მოგვცემდა ასეთ ეფექტს, რაც მივიღეთ _ ტურისტების ნაკადის შემცირებას ვგულისხმობ. ახლა თითქოს მიხვდნენ შეცდომას და აპირებენ, რომ სავიზო რეჟიმი შეარბილონ. მე პირადად ვეთანხმები იმ აზრს, რომ დავუბრუნდეთ იმ პირვანდელს, რაც იყო. ის არ გახლდათ ცუდი, ხოლო რაც კარგია, ის უნდა შევინარჩუნოთ, თუ უკეთესის გაკეთება შეგვიძლია, უკეთესი გავაკეთოთ. ჩემი აზრით, კარგი ის იყო, რომ რამდენიმე მილიონი შემოდიოდა. ამის გარდა, ზემოთ მოგების გადასახადი რომ ვახსენე, საქართველოს ბიზნესასოციაციის სამეურვეო საბჭოს წევრთა შეხვედრა გაიმართა ეკონომიკის მინისტრთან, ბატონ კვირიკაშვილთან, სადაც გამოვედი ინიციატივით და ყველა კოლეგამ მხარი დამიჭირა მოგების გადასახადის გაუქმების შესახებ. ძალიან ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ეს პროცესი დასაჩქარებელია და მიხარია, რომ ეკონომიკის მინისტრმაც თქვა, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობსო. ეს არ არის მარტივი პროცესი, პირიქით, რთული პროცესია. თავიდან შეიძლება გარკვეული პრობლემებიც კი შეიქმნას, თუმცა არსებობს ამ პრობლემების მოწესრიგების მექანიზმები, რომელიც უკვე მოგონილია. ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო. ეს პროექტი ძალიან წარმატებულად განახორციელა ესტონეთმა, რამაც ამ ქვეყანაში საინვესტიციო აქტიურობის ზრდა განაპირობა და მაგარი ეფექტიც მიიღეს. ჩვენც ვისწავლოთ ესტონეთიდან, ამაში ცუდი არაფერია.

_ თქვენ ხართ ლაზიკის პროექტის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. შეიძლება, არც ეს იყო ცუდი პროექტი _ როცა ახალი ქალაქი შენდება, ამას რა სჯობია, მაგრამ ზოგიერთს სააკაშვილის აშენებული არც ქალაქი უნდოდა და არც _ სოფელი. სინამდვილეში, რას ნიშნავდა ლაზიკის აშენება?

_ საქართველოში ძალიან ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. ძველი თბილისის აღდგენის პროექტი, მცხეთის, სიღნაღისა და ქუთაისის აღდგენის პროექტი. ბათუმზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ბევრი რაიონული ცენტრი, რომელიც ჩაბნელებული და გაპარტახებული იყო, განათდა და მწყობრში ჩადგა. ბევრი გზა გაკეთდა და ა. შ., მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ყველაფრის გვირგვინი იქნებოდა ახალი ქალაქი, რომელიც ძალიან სჭირდება საქართველოს. ლაზიკას ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს იმიტომ, რომ აფხაზეთიდან ვარ წარმოშობით და ლაზიკიდან ჩემი სახლი თხუთმეტიოდე კილომეტრითაა დაშორებული. რაც შეეხება პროექტის მნიშვნელობას, პირველია ის, რომ საქართველოში გაჩნდებოდა ახალი ქალაქი, რომელიც, ძალიან სწრაფად უნდა გამხდარიყო რამდენიმე ასეული ათასი მცხოვრების ქალაქი. რატომ უნდა იყოს ყველაფერი კონცენტრირებული მხოლოდ თბილისში, ან სხვა დიდ ქალაქებში? ლაზიკა მიმზიდველი იქნებოდა იმითაც, რომ, პირველ რიგში, იქნებოდა საპორტო ქალაქი, გარდა ამისა, იქ იარსებებდა განსაკუთრებული რეჟიმი, როგორც ეკონომიკური, ისე სამართლებრივი. იქ შემოგვქონდა ასეთი რამ: ბიზნესები ძალიან ხშირად აფორმებენ ერთმანეთთან ისეთ ხელშეკრულებას, სადაც გამოიყენება ბრიტანული საარბიტრაჟო სასამართლო. ამ შემთხვევაში იქნებოდა ლაზიკის სასამართლო, სადაც იმოქმედებდა ბრიტანული საარბიტრაჟო სასამართლოს პრინციპები. ბიზნესისთვის ეს იქნებოდა ძალიან მაგარი. გარდა ამისა, იგეგმებოდა, რომ უნდა ყოფილიყო ერთგვარი ობშორული ზონა თავისი რეგულაციებით. ეს იქნებოდა მიმზიდველი იმათთვის, ვისაც უნდოდა გაეკეთებინა ბიზნესი ძალიან მარტივ საგადასახადო პირობებში და მარტივ იურისდიქციაში. ასევე ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ბევრი წარმატებული თანამემამულე გვყავს რუსეთსა თუ ევროპაში, ამ დროს კი გვავიწყდება, რომ ძალიან ბევრი ქართველი _ ლაზი ცხოვრობს თურქეთის ტერიტორიაზე. მათთვის ლაზიკა იქნებოდა მიზიდულობის ცენტრი. სხვათა შორის, დღეს ძალიან ბევრი წარმატებული ქართველი არის თურქეთში. მათ შორის უმდიდრესი ადამიანებიც ბლომად არიან. ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ და ვიცი მათი განწყობა ამ თემასთან დაკავშირებით. ისინი ლაზიკის პროექტის მიმართ აღფრთოვანებულები იყვნენ და დიდი ინტერესი ჰქონდათ, რადგან ყველაფერთან ერთად განცდაც გაუჩნდათ ისტორიული სამშობლოს მიმართ. ლაზიკა იქნებოდა საზღვარი განვითარებასა და განუვითარებლობას შორის. რა თქმა უნდა, განუვითარებელი ნაწილი ყოველთვის მიილტვის განვითარებულისკენ, ანუ ლაზიკას ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა, რაც უზრუნველყოფდა მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ასევე პოლიტიკურ წარმატებას.

_ ბატონო კობა, თქვენ გეკუთვნით „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციის პროექტის იდეაც. რა ეტაპზეა დღეს ეს საქმე?

_ ერთხელ უკვე ვიყავი ფილმის ინდუსტრიაში, „აგვისტოს ხუთ დღეს“ ვგულისხმობ, რომლის გადაღებით მთავარი მიზანი მიღწეულია და ბევრმა ადამიანმა მთელ მსოფლიოში ნახა და სხვა თვალით შეხედა იმ პერიოდის მოვლენებს. ცხადია, როდესაც რაღაც პროექტის გაკეთებას დაიწყებ და ჩანაფიქრი კარგად გამოგივა, აგრძელებ ახალ პროექტზე ფიქრს. მართლა მქონდა ასეთი იდეა „ვეფხისტყაოსნის“ ფილმად გადაღების შესახებ და თუ გარკვეული გარემოებები ხელს შემიწყობს, აუცილებლად გავაკეთებ! ეს წარმოუდგენლად მაგარი პროექტია და მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი ისტორიული ფილმი ვერ დაუდგება გვერდში. თუ მოხერხდა პოემის გადატანა ეკრანზე იმ მასშტაბებით, რა მასშტაბებითაც მე წარმომიდგენია, ეს იქნება მართლაც კინოშედევრი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ცნობადობისთვის, საქართველოს როგორც არა მხოლოდ ტურისტული, არამედ დიდი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის იქნებოდა ძალიან მაგარი პროექტი და იმედს ვიტოვებ, რომ სამომავლოდ განვახორციელებ.

_ ისე, მართლა მაგარი ფილმი გამოვიდოდა.

_ კი, ელემენტარულად, წარმოიდგინეთ ქაჯეთის აღების სცენა დიდ ეკრანზე და ჰოლივუდურად შესრულებული. რა თქმა უნდა, ქართული სულით.

_ ჰოლივუდზე გამახსენდა, თქვენზე ამბობენ, შერონ სტოუნის ჩამოყვანა დიდი თანხა დაუჯდაო.

_ კი, ჭორები არ მაკლია. მაგალითად, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ სადღაც 800 მილიონი მქონია. შალვასგან არ მწყინს ასეთი რაღაცა, უბრალოდ, თხოვნა მაქვს, იქნებ, ისიც იცოდეს, სად არის ეს 800 მილიონი? გამოვიყენებდი _ „ვეფხისტყაოსნის“ გადაღებას, ლაზიკის მშენებლობასა და სხვა პროექტებს მოვახმარდი. რაც შეეხება შერონ სტოუნს, რომელიც ჩვენი ფილმის პრეზენტაციაზე იყო ჩამოსული, მას ველაპარაკე იმის თაობაზე, რომ თურმე მე 20 ათასი ლარი გადამიხდია, მის გვერდში რომ ვმჯდარიყავი. ამაზე ძალიან დიდხანს და გულიანად იცინა. შერონ სტოუნი არაჩვეულებრივი ადამიანია. სხვათა შორის, უაღრესად განათლებული და ძალიან საინტერესო პიროვნებაა.

_ ფლირტი თუ გქონდათ, განათლებული კია, მაგრამ სექსსიმბოლოა მაინც.

_ არა, არანაირი (იცინის).

_ ვიცი, რომ ამ კითხვაზე გულწრფელ პასუხს არ გამცემთ, ცოლშვილიანი კაცი ხართ, მაგრამ მასეთი ქალი ყველა კაცის ოცნებაა და ძნელი იქნებოდა, გაარშიყებისგან თავის შეკავება.

_ არა, არანაირი ფლირტი, პირიქით, ჩვენ ვახშამი გვქონდა ოჯახთან ერთად, გავაცანი ჩემი ოჯახის წევრები. ჩვენ იმიტომ ვთხოვეთ ფილმის პრეზენტაციაზე დასწრება, რომ ამით გვინდოდა, ფილმის პოპულარობა უფრო აგვემაღლებინა. ყველა ის შეხვედრა, რომელიც მან გამართა, იყო მისივე სურვილით. მოითხოვა პრეზიდენტთან შეხვედრა და ეს შეხვედრა შედგა; ასევე მოითხოვა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან შეხვედრაც და ძალიან გამიკვირდა, როცა მითხრა, იყო თუ არა შესაძლებელი ასეთი ვიზიტი უწმინდესთან? საერთოდ, ის კარგად იყო ინფორმირებული საქართველოს შესახებ. არადა, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, ის იმყოფებოდა რუსეთში და იქ ძალიან ბევრი საზიზღრობა უთხრეს ჩვენზე, _ რომ საქართველოში ჩასვლა უსაფრთხო არ არის და იქ ადამიანებს ცოცხლად ჭამენ. როცა საქართველოში ჩამოვიდა, დარწმუნდა, რომ ეს იყო ცივილიზებული ქვეყანა, სადაც ცხოვრობს არაჩვეულებრივი ხალხი და სწორედ ხალხით იყო გაოცებული.

_ ბოლო კითხვაც და აღარ შეგაწყენთ: მედიას ინტერვიუებით არ ანებივრებთ, ფაქტობრივად, არც კი ჩანხართ, რატომ?

_ ასეთი აქტიურობით არასოდეს გამოვირჩეოდი. ყველა ადამიანს აქვს თავისი ადგილი და უნდა აკეთოს ის, რაც უფრო კარგად იცის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში ვარ და ჩემი მოღვაწეობის ძირითადი საგანი წარმოადგენს კანონშემოქმედებასა და საპარლამენტო საქმიანობას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ პარლამენტში ბიზნესიდან მოვედი და ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებაზე ვფიქრობ. ეს ჩვენს ქვეყანას გამოადგება. უცხოეთში კარგი კავშირები მაქვს და ბევრი საინტერესო ადამიანის ჩამოყვანა მინდა საქართველოში. ვგულისხმობ არა მხოლოდ ხელოვან ადამიანებს, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ძალიან ბევრს ვიცნობ, ყოველთვის ვეზიდებოდი და კიდევ ბევრს ჩამოვიყვან საქართველოში, რაც ჩვენს ეკონომიკას წინ წასწევს. სწორედ ეს უნდა იყოს ყველა ჩვენგანის მიზანი. ახლა რომ ეკონომიკურად უფრო ძლიერი სახელმწიფო ვიყოთ, დღეს სრულიად სხვა თემებზე ვისაუბრებდით, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვიხილავდით, რომლებზეც საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა იმედს ვიტოვებ, ეს დროც მალე დადგება და საქართველო აუცილებლად განაგრძობს განვითარებასა და დიდ წარმატებებსაც მიაღწევს.

 

                                                                                                                      დავით დევიძე