რას სთავაზობს პრემიერის სახელით მეწარმეებს თანაშემწე სავალან მირზოევი?!

xar45

ადვოკატი მამუკა ტივიშვილი „ქრონიკა+“-თან სკანდალურ ინფორმაციას ამხელს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სავალან მირზოევი, რომელიც ეკონომიკურ საკითხებს კურირებს, საკუთარი ინიციატივით არაქართველი მეწარმეების ჯგუფს უკავშირდება და ირაკლი ღარიბაშვილის სახელით ტენდერებთან თუ სასამართლო დავებთან დაკავშირებულ მხარდაჭერას სთავაზობს.

პრემიერის „ნაციონალი“ თანაშემწე, სავალან მირზოევი, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციულ სიაში 126-ე ადგილს იკავებდა. როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების პერიოდში იგი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობდა ქვემო ქართლში. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, 27 წლის გარდაბნელი მირზოევი პრემიერის აპარატში, ჯერ კიდევ, ბიძინა ივანიშვილის დროს „რესპუბლიკელების“, კონკრეტულად კი პაატა ზაქარეიშვილის რეკომენდაციით მოხვდა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებში პრემიერის თანაშემწედ დაინიშნა. „ოცნების“ გუნდში გადაბარგებული მირზოევი თავის მშობლიურ კუთხეში საზოგადოების აქტიური ნაწილის განხილვის მთავარ თემად იქცა. როგორ „მოერგო“ ძველი გუნდის წარმომადგენელი ახალს? _ ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალის ჟურნალისტის ამ კითხვას მირზოევმა ასე უპასუხა: „პარტიული არასოდეს ვყოფილვარ, ჩემთვის მისაღებია ახალი გუნდის პოლიტიკა და მზად ვარ, ამ გუნდთან ერთად ვიმუშაო“. სავალან მირზოევის სახელმა და გვარმა ქართულ მედიაში სკანდალურად 2014 წლის დასაწყისშიც გაიჟღერა, როდესაც ნარკოტიკების რეალიზაციის გამო მირზოევის ნათესავი გაჩიანში დააკავეს, რასაც პოლიციის უფროსი გელა გაბათაშვილი შეეწირა. ჩანს, მირზოევმა ახდენილი „ნაციონალური ოცნების“ მეშვეობით სკამი კარგად გაიმყარა და ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას არაქართველი მეწარმეებისთვის სხვადასხვა „სერვისის“ შეთავაზებით შეეცადა.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება მამუკა ტივიშვილი _ ადვოკატი:

_ არაქართველი მეწარმეების ჯგუფმა კონსულტაციისთვის მომმართა, რომელმაც მომაწოდა ინფორმაცია ერთ-ერთ პიროვნებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია პრემიერ-მინისტრის მრჩეველზე ეკონომიკურ საკითხებში, სავალან მირზოევზე, რომელიც ამ მეწარმეებთან ურთიერთობას ახორციელებს. როგორც მითხრეს, მირზოევის ინიციატივით ხორციელდება სატელეფონო ზარები და გარკვეულ მხარდაჭერას სთავაზობს მათ. ეუბნება, რომ მოქმედებს პრემიერის სახელით და მისგან აქვს სრული მხარდაჭერა, შეუძლია დახმარება გაუწიოს ტენდერებთან თუ სასამართლო დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩემთან, როგორც ადვოკატთან, კონსულტაციისთვის ამ კუთხით მოვიდნენ, _ რამდენად შესაძლებელია ასეთი კომპეტენცია ჰქონდეს პიროვნებას და იყოს სანდო? სანდოობის შესახებ კითხვები გაჩნდა იმიტომ, რომ იგი „ნაციონალების“ აქტივისტი და, თავისი აქტიურობიდან გამომდინარე, ცოტა უცნაურად ეჩვენებათ მისი პრემიერის აპარატში მუშაობა. „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიებში სავალან მირზოევი 126-ე ნომრად ჩასვეს. შემთხვევით ამ სიაში ვერავინ მოხვდებოდა. თუ პარლამენტში გავიდოდა 126 კაცი, ესეც გახდებოდა დეპუტატი. როგორც წყაროების მიერ მოწვდილი ინფორმაციიდან ჩანს, მირზოევი მუდმივად იყო „ნაციონალების“ აქტივისტი. არსებობს ფოტო და ვიდეომასალა, სადაც მისი სააგიტაციო საქმიანობა აშკარად ჩანს, სხვადასხვა შეხვედრასა და კონფერენციებზე მუდმივად ფიქსირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალი თანამდებობის პირებთან, ეს კი აჩენს საკმაოდ ლეგიტიმურ კითხვებს, _ რამდენად შეიძლება ასეთი პიროვნების ნდობა? როგორ აღმოჩნდა იგი მაღალ თანამდებობაზე? მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია ასეთი სამართლებრივი მხარდაჭერის მიღება? ამ ინფორმაციებმა ეს ხალხი დააბნია. როგორც იურისტი, მიმაჩნია, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე უნდა გაარკვიონ კომპეტენტურმა უწყებებმა. ჩვენ ვერ გავცდებით ჩვენს კომპეტენციას, ეს არის მხოლოდ წყაროები და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელსაც შესწავლა სჭირდება.

_ აპირებთ მიმართოთ პრემიერის ადმინისტრაციას?

_ ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს არის დამატებითი გამოკვლევის საგანი. მეწარმეთა ამ ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლებელია, სამართალდამცველი ორგანოები დაინტერესდნენ, რადგან მირზოევის აქტიურობა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

_ რა ნიშნით არჩევს მეწარმეებს?

_ ჩანს, აზერბაიჯანულენოვან მეწარმეთა გარკვეულ წრეს იცნობს, მირზოევი ეროვნებით აზერბაიჯანელია და ამიტომ. შესაძლებელია, საკომუნიკაციოდ გარკვეული საშუამავლო წყაროებიც ჰყავდეს, კონტაქტზე რომ გავიდეს. საკითხი შესწავლის საგანია. სამართალდამცველებმა უნდა გადაამოწმონ, ახორციელებდა თუ არა ზარებს მეწარმეებთან, მარტივი დასადგენია. ეს ინფორმაცია ამ უწყებებისთვის ხელმისაწვდომია. რაც შეეხება მის შეთავაზებებს, რომ მოაგებინებს ტენდერებს და სასამართლო დავებში დაეხმარება, თუ დადასტურდა, უფლებამოსილების გადამეტებაა. ტენდერებში ასეთი ფორმით ჩარევა გამორიცხულია, კანონსაწინააღმდეგოა და მით უმეტეს, სასამართლო დავებში ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, _ ხომ არ არის ჩანერგილი ხალხი ამ მთავრობაში? ხომ არ ემსახურება საბოტაჟის ნიშნებს? ეს საკითხი მართლა გამოსაკვლევია! ჩვენ ვერ დავადგენთ ვერც ერთს, მტკიცებულებები არ გაგვაჩნია, გვყავს წყაროები, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია გარკვეული ინფორმაციების დადგენა. „ნაციონალების“ სიაში რომ არის ჩასმული, ეს ჩვენთვის უკვე ინფორმაციაა, ისიც ინფორმაციაა, რომ ეს ადამიანი პრემიერის აპარატში მოხვდა და აბსოლუტურად შესაძლებელია, პრემიერმაც კი არ იცოდეს ამის თაობაზე! გადამოწმების შემთხვევაში, ვფიქრობ, რეაგირება უნდა მოხდეს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება მართლა საბოტაჟის ნიშნები იყოს, ემსახურებოდეს სხვა მიზნებს და არა საინვესტიციო გარემოს რეალურ გაძლიერებას! რაც შეეხება წყაროებს, გასაგები მიზეზების გამო, მეწარმეებმა თავი შეიკავეს თავიანთი ვინაობის დასახელებისგან, იმიტომ რომ საქართველოში საკმაოდ ცუდი გამოცდილებებია შემდგომში დევნისა და შევიწროებისა. აბსოლუტურად გასაგებია, როცა ეს ხალხი თავს იკავებს ზედმეტი გამოჩენისგან. ვინც მე მომმართეს, საკმაოდ სოლიდური მეწარმეები და მსხვილი სამრეწველო კომპანიების წარმომადგნელები არიან. ნიშანდობლივია ისიც, რომ მომმართეს სხვადასხვა მეწარმეებმა, რომლებიც ერთმანეთთან კავშირში არ არიან. შესაძლებელია, მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტი იყოს, ამაზე ინფორმაცია არ გაგვაჩნია. სატელეფონო საუბრები შეიძლება ამ მეწარმეების იდენტიფიკაციის გარეშეც გადამოწმდეს. ეს კაცი გასულ წლებში „ნაციონალების“ აქტივისტი რომ იყო და დღეს ამ თანამდებობაზეა, გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს! სულ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური გუნდიდან ეკონომიკურ საკითხებზე მრჩეველი იყოს პრემიერის აპარატში, ესეც საკმაოდ ბევრ კითხვებს ბადებს! აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, არასახარბიელო საინვესტიციო გარემოში რომ გვიწევს ცხოვრება! ეს დამატებითი შესწავლის საგანია, რომლის კომპეტენცია აქვს შესაბამის ორგანოებს, ჩვენ კი არ გაგვაჩნია! მეწარმეები დაბნეულები არიან, აღარ იციან, ვის ენდონ და ვის _ არა!..

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის დაუკავშირდა პრემიერის პრესსამსახურს. მათი განცხადებით, კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან ფაქტები არ გააჩნიათ. ამ საკითხზე ინფორმაციის მიღება ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით გვირჩიეს, საიდანაც პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

 

თამარ ბატიაშვილი