ვალებში ჩაძირული მინისტრის პორტრეტი

rtykkjhg44

ნამდვილად იოლი არაა, იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი იმ მთავრობაში, რომლის მეთაურსაც სჯერა, რომ სოფლის მეურნეობა ეკონომიკის წინსვლას უნდა დაეხმაროს _ დიდი როლი უნდა შეასრულოს ეკონომიკის წინსვლის საქმეში. დიახ, ძნელია იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი იქ, სადაც გაზვიადებული წარმოდგენა აქვთ ამ სოფლის მეურნეობაზე, სადაც სჯერათ, რომ სოფლის მეურნეობის აყვავება ააყვავებს ქვეყანას. სჯერა არა მარტო მთავრობის დღევანდელ ხელმძღვანელ ღარიბაშვილს, არამედ მის წინამორბედ ივანიშვილსაც და სჯერა, თქვენ წარმოიდგინეთ ხალხსაც. არც უფასო ფულის შემპირებელ ივანიშვილსა და არც ამ უფასო ფულს მომლოდინე ხალხს არაფერს ეუბნება ციფრები. ანდა, მათ, ალბათ, ციფრებიც ნიცშე ჰგონიათ და ეკამათებიან.

ეს მთავრობა მოთქმით გოდებს დაცლილ მთასა და სოფლებზე, ვერ გაურკვევია, რომ ურბანიზაცია ქვეყნის განვითარების თანამდევია და ტრაგედია ის კი არ არის, რომ ადამიანი მცირემიწიანი სოფლიდან მიდის და უკეთეს ცხოვრებას იწყობს ქალაქად, არამედ ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მიჯაჭვული რჩება მიწას, რომელიც, უბრალოდ, საკმარისი არაა ღირსეული ცხოვრებისთვის.

ამ მთავრობამ დღემდე ვერ შეიგნო, რომ არც ერთი განვითარებული ქვეყნის ეკონომიკა არ დგას სოფლის მეურნეობაზე. იმ ქვეყნებისაც კი, სადაც სოფლის მეურნეობა მართლაც განვითარებულია. ამერიკის მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი მხოლოდ 1,2%-ია, ბრიტანეთში _ 0,7%, გერმანიაში _ 0,9%, საფრანგეთში _ 1,7%. საქართველოში კი _ თითქმის 10%-ია და ეს ხელისუფლება ამაყობს კიდეც მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილის ზრდით. რა ფასად და რა სუბსიდირებად უჯდება ეს ქვეყნის ბიუჯეტს, ამას, ცხადია, არავინ კითხულობს…

ამერიკაში, აგრარულ სექტორში, სულ 1 მილიონი კაცია დასაქმებული, ეს 1 მილიონი საერთო დასაქმებულთა მხოლოდ 0,7%-ია. ბრიტანეთში 0,4 მილიონია ამ დარგში დასაქმებული და ეს საერთო დასაქმებულთა 1,4%-ია, საფრანგეთსა და გერმანიაშიც თითო მილიონი კაცია ამ სფეროში დასაქმებული და გერმანიაში ისინი საერთო დასაქმებულთა 2,4%-ს, საფრანგეთში კი 3,8%-ს შეადგენენ. საქართველოში? _ მილიონამდე კაცია სოფლად დასაქმებული და ისინი დასაქმებულთა ნახევარზე მეტს _ 50%-ზე მეტს წარმოადგენენ. სოფლად ამდენი ხალხის დასაქმება, მხოლოდ მიწის ჩიჩქნა და კიტრის, სტაფილოსა და რუსეთში გასატანი მწვანილის მოყვანა რომ კაი ცხოვრების გარანტიას იძლეოდეს, სოფლის მეურნეობის წილის მშპ-ში სიდიდე რომ კაი ცხოვრების გარანტიას იძლეოდეს, ჩვენ ამერიკაზე ათჯერ კარგად უნდა ვცხოვრობდეთ და ათჯერ ძლიერი ეკონომიკა უნდა გვქონდეს.

მოკლედ, ძნელია იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი იმ ქვეყანაში, სადაც გაუკუღმართებული წარმოდგენა აქვთ სოფლის მეურნეობაზე და მის როლზე ქვეყნის ეკონომიკაში.

და მით უფრო ძნელია ეს, როცა თვითონ არასოდეს შეხება არ გქონია სოფელთან, არც ცხოვრებიდან გამომდინარე და არც პროფესიიდან გამომდინარე. აბა, როდის უნდა ჰქონოდა სოფელთან და მის მეურნეობასთან შეხება ოთარ დანელიას? ამერიკაში, როცა 16 წლის ბიჭი, იქ 1 წლით სასწავლად წავიდა ECA Academy-ში? თუ დიპლომატიურ აკადემიაში, აქ, თბილისში, სადაც 1996-2000 წლებში სწავლობდა? თუ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, სადაც ის 1997-2002 წლებში სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე? თუ მაშინ, როცა თავისუფალ უნივერსიტეტში გადიოდა საინფორმაციო ტექნოლოგიების ბიზნესადმინისტრირების კურსს? თუ იქ, იტალიაში, სადაც 2002-2005 წლებში ეუფლებოდა ინფორმაციის მართვას, კრიზისის მართვასა და ბიზნესის უწყვეტობას? თუ მაშინ, როცა გადიოდა აურაცხელ ტრენინგს პროექტის მენეჯმენტში, ფინანსურ მენეჯმენტში, ადამიანური რესურსების მართვაში და ა. შ? მავანი მეტყვის, რომ განათლება შესაშური მიუღია და სულ არაა აუცილებელი, ადამიანი დარგის წარმომადგენელი იყოს და კარგი მენეჯერიო. მენეჯერი, იქნებ, კარგიცაა, მაგრამ სად? რა სფეროში? თუ არც ესაა მნიშვნელოვანი? სად უნდა ჰქონოდა შეხება სოფელთან, ან მის მეურნეობასთან? Northrop Grumman-ში, სადაც დაიწყო მუშაობა? თუ გაეროს სადამკვირვებლო მისიაში, სადაც 2001-2004 წლებში EDP ასისტენტად მუშაობდა? თუ მაშინ, როცა გაეროს რეგიონული წარმომადგენელი იყო „გაეროს ოპერაციები კოტ დ’ივუარში“? თუ „ბანკ რესპუბლიკა _ ჯგუფი სოსიეტე ჟენერალში“? სადაც შიდა კონსულტანტობიდან დაიწყო და პროექტებისა და ბიზნესანალიზის დეპარტამენტის უფროსობამდე ავიდა? 2011-2013 წლებში „სილქნეტის“ დირექტორთა საბჭოს წევრია _ ხელმძღვანელობს მონიტორინგსა და სტანდარტიზაციას. სწორედ აქედან, „სილქნეტიდან“ იწყებს აფრენას ხელისუფლების ვერტიკალისკენ _ შსს-ში საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხდება, 2014 წლიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ორიოდე თვეში კი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხდება _ 2014 წლის 14 აპრილიდან. სამი თვეც არ გავა და თავად გახდება მინისტრი. აი, ამას ჰქვია, თავქუდმოგლეჯილმა ავირბინე ვერტიკალზეო.

კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი: მთავრობის საიტზე ყველა მინისტრს უწერია დაბადების თარიღი, ქალბატონებიც კი არ მალავენ ასაკს და აი, ჩვენ ოთარს კი დაბადების თარიღი არ უწერია, ბიოგრაფია პირდაპირ „სამუშაო გამოცდილებით“ იწყება…

მოკლედ, დღეს გვყავს სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელსაც არც განათლება აქვს სათანადო, არც სამუშაო გამოცდილება და არც გარეგნულად ჩამოჰგავს არც სოფლელს და არც მეურნეს. არადა, ამ ხელისუფლებას რომ ჰკითხო, სოფლის მეურნეობა მათი ხელისუფლების პრიორიტეტია… არც ის იყო კარგი, სააკაშვილს რომ კვეზერელი ესვა მინისტრად, რომელიც ისტორიაში ერთი ფრაზით დარჩა „მამალი ძროხა“, მაგრამ ის ხელისუფლება თავს არც დებდა, რომ სოფლის მეურნეობის აყვავებით აპირებდა ამ ქვეყნის აყვავებას. ესენი თავს დებენ და რა შედეგსაც დებენ, იმასაც ხედავთ. იმდენიც ვერ გაურკვევიათ, რომ ქართულში დანერგე მხოლოდ სიახლეზე, ნოვაციაზე ითქმის და არავითარ შემთხვევაში ხეზე, ბუჩქზე და სტაფილოზე! არადა, მათ გამოაცხვეს პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც ორიენტირებულია ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობების შექმნის ხელშეწყობაზე. ხეს რგავენ, არ ნერგავენ და თუ მაინცდამაინც რგვაზე უნდოდათ აქცენტის გაკეთება, „დარგე მომავალი“ უნდა დაერქმიათ. მეტყვით ახლა, ეს რა ქართულია, მომავალს ვინ რგავსო? მასე, ბატონო, მომავალს არც ნერგავენ, ნოვაციას ნერგავენ. დარგვით ხეს რგავენ, რომელიც მომავალში მოგცემს ნაყოფს და ხის დარგვით მომავალს „რგავ“, ასე ვთქვათ, ბერწი ქართულით რომ ვთქვათ, „ჩუჩუტ“ „ფიგურალნად“.

გამოხტება ვინმე „მეჩტებისგან“ კვლავაც ამჩატებული და მეტყვის, რომ „დანერგე მომავალი“ ლიცენცია პოეტიკაა. თქვენმა სტაფილოს ბადრიჯანობამ, აი! მაშინ მითხარით, რომ ეს ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრი გალაკტიონია და გვიმალავს.

გალაკტიონობისა და პოეტური გემოვნებისა რა მოგახსენოთ და მადა კი ნამდვილად კარგი აქვს: აგერ ბატონო, „აიფონ 5“ რომ გაუფუჭდა, გაქანდა და ხელად „აიფონ 6“ „მისცა“ 1739 ლარად. თან მარტივად, გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებით, არც ტენდერი, არც გენდერი. კი, ბატონო, გამარტივებული შესყიდვა დასაშვებია, კანონიერია, მაგრამ რაღა მაინცდამაინც „აიფონ 6“? ატყდა სკანდალი, თავისიანებმავე გააკრიტიკეს და თურქეთში ვიზიტად მყოფმა ხმაც მოგვაწვდინა, _ კაი, ჰო, რა იყო, ჩემი ჯიბიდან დავფარე უკვე ეგ თანხაო:

„მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კონკრეტული პარამეტრის ტელეფონის შეძენა განპირობებული იყო სამსახურებრივი საჭიროებით და განხორციელდა კანონის სრული დაცვით, ამას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. აღნიშნული ტელეფონის საფასური უკვე დაფარულია ჩემი პირადი ანგარიშიდან, ვინაიდან თითოეული მოქალაქის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

აი, თურმე რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი და ჩვენი სოფლის მეურნეობა განუვითარებელი? მინისტრს არ ჰქონდა „აიფონ 6“! აი, ამიტომ იყო, რომ ის საწყალი კვეზერელი დედალ-მამალ ძროხას ვერ არჩევდა, იმიტომ რომ არ ჰქონდა „აიფონ 6“! არადა, აი, ზუსტად ეს ყოფილა საჭირო განვითარებისთვის, განა მრეწველობის, განა კულტურის, განა ტურიზმის, _ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის! ისე საჭირო, როგორც პირველი ქვის იარაღი შორეულ ქვის ხანაში!

ეს იყო ოქტომბერში და როცა მერე ქვეყანა თავზე წამოემხოთ, ქამრების შემოჭერაზე დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ არც ხელფასებს იმცირებენ, არც შტატებს ამიცირებენ _ მიუხედავად იმისა, რომ ჩინოვნიკური აპარატი არნახულად გაბერეს, ისე გაბერეს, რომ ბრეხტის არ იყოს, ჩინოვნიკები ლამისაა ქუჩაში დასხდნენ. გაუგებარი გახდა, რაღას გულისხმობდნენ ქამრების შემოჭერაში და აი, მაშინ მოიღო ხმა ოთარმა და თქუა:

„რაც შეეხება ქამრების შემოჭერას, ბუნებრივია, ეს გავრცელდება სატელეკომუნიკაციო ხარჯებზე, საწვავზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე, თუ არ არის გამოუვალი მდგომარეობა, ბუნებრივია, ავეჯზე, ადმინისტრაციაზეც, ზოგადად, ხარჯთდაზოგვის ნაწილში, სადაც ამის საშუალება იქნება“.

და რანაირად იქნება საშუალება? „აიფონ 6-„ის გარეშე როგორ წახვალთ სათოხნად?

მას ძალიან უყვარს რაღაცების „უხერხულობის“ გრიფით „გაპრავება“. ასე მაგალითად, როცა თავდაცვის სამინისტრომ ყოვლად სამარცხვინო კი არა, ყოვლად თახსირი განცხადება გააკეთა უკრაინაში ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი დანელიამ „უხერხულ გაუგებრობად“ „გააპრავა“-მოგვასაღა: „ეს იყო გაუგებრობა, აშკარად. მით უმეტეს, ვეყრდნობით რა ბოლოს გაკეთებულ განცხადებას, რომ საბოლოო ვარიანტი არ იყო მინისტრთან შეთანხმებული. შესაბამისად, როგორც ჩანს, ეს იყო უხერხული გაუგებრობა“.

თუ ვარიანტი მინისტრთან შეთანხმებული არ იყო და ისე გამოქვეყნდა ვებგვერდზე, ეს უხერხული გაუგებრობაა, თუ დომხალია თავდაცვის სამინისტროში? ვინ სად რას დებს რომ ვერ გაურკვევიათ? თუ ამათ საიტი სათამაშო ჰგონიათ? მაგრამ არ უნდა გაგიკვირდეს მისგან ასეთი განცხადება, როცა საკუთარ სამინისტროს გვერდზე უარესები ხდება _ მინისტრობიდან ხსნიან ხოლმე და მის ადგილზე ხადურს ნიშნავენ. და თან ეს ზუსტად იმ დღეს ხდება. ხდება და დანელიას უწყება ვიშვიშს ტეხს, _ ჩვენს საიტზე კიბერშეტევა მოხდაო. თავდაცვის სამინისტროს გვერდზე მინისტრთან „შეუთანხმებლად“ დებენ განცხადებას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გვერდზე მინისტრს ხსნიან და ხადურს ნიშნავენ _ აგანგალა-განგალაა…

უტიფარი განცხადებების კეთებისა და თვალებში ნაცრის შემოყრის თვალსაზრით, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს არც დანელია ჩამორჩება. აგერ, ბატონო, როცა ლარი გაფუქსავატდა და ფასებმა ზრდა დაიწყო, დანელია გამობრძანდა და დაგვამშვიდა, _ რა მოხდაო, საახალწლოდ ფასების ზრდა ჩვეულებრივი, ტრადიციული მოვლენააო, თან დოლარი, პრაქტიკულად, ყველგან მყარდება მსოფლიოში და იმპორტირებულ პროდუქტზე შესაბამისად გაიზრდება ფასებიო. რა ქნას, რა იცოდა, რომ გამოხდებოდა ხანი და მისი „ხაზეინი“ ივანიშვილი ყველა უბედურებას, რაც ლარს სჭირს, ქადაგიძეს გადააბრალებდა და არა დოლარის მსოფლიოში გამყარებას…

ნეტა, ახლა რას ბრძანებს ვაჟბატონი მინისტრი, როცა ახალმა წელმა ჩაიარა, აგერ გაზაფხულიც მოვიდა და ფასებმა არათუ უკან არ დაიწია, იმ საახალწლო ფასებს ბევრად გადაასწრო? ესეც ტრადიციაა თუ ამ უნიათო ხელისუფლების ნოვაციაა?

თებერვალში გამოვიდა და ქარაფშუტულად დაგვაიმედა, პურის ფასი არ გაიზრდება, რას ლაპარაკობთო. და მერე როცა „იფქლმა“ პური გააძვირა და თითქმის ყველა კომპანია თუ პატარა საცხობი აჰყვა და იმათაც გააძვირეს, გამოვიდა და „იფქლზე“ ალაპარაკდა მხოლობით რიცხვში, _ არ მესმის, რატომ გააძვირა „იფქლმა“ პური, ვერანაირ ლოგიკურ გამართლებას ვერ ვხედავო, მათ პირობა დადეს, რომ არ გააძვირებენო და ა. შ. და იქვე წუწუნს მიჰყო ხელი, რა ვქნათ, კერძო ბიზნესის საქმიანობაში ვერ ჩავერევითო. დიახ, ვერ ჩაერევი და რომ ვერ ჩაერევი, რაღას გაიკრიფე ენად და გვაიმედებდი, რომ პურის ფასი არ აიწევდა? არც გაზის გაძვირება იმოქმედებდა და არც არაფერი? რა, ახლა გაიგე, რომ ყველა პურის საცხობი კერძოა? აქამდე გეგონა, რომ სახელმწიფო პურის ქარხნები გქონდა? ან მარტო „იფქლს“ რომ გაიძახი, ერთხელ შეხვედი რომელიმე მაღაზიაში და იკითხე ფასები? სხვა ქარხნების პურებს რა ფასი ადევს იცი? თუ თავად „იფქლს“ მიირთმევ და გგონია, რომ ყველა „იფქლს“ ჭამს? თქვენს ხელში რომ ხალხს იფქლი ღვარძლად გვექცა, თუ ხვდები მაგდენს?

მის გაკეთებულ განცხადებებზე, მისი უწყების მიერ გასულ ზაფხულს გაკეთებული განცხადება გამახსენდა: „სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია ფერმერებსა და გლეხებს აფრთხილებს, რაციონალურად გამოიყენონ სარწყავი წყალი, რადგან გვალვის გამო რესურსები შეზღუდულია“.

წყლის რესურსები დაზოგეთო. ამ გაფრთხილება-შეგონებამ ის ამბავი გამახსენა, რომელიც ქართულ საბჭოთა პრესაში მოხდა, თუ არ ვცდები, „სახალხო განათლებაში“, მაშინ იყო ხოლმე ასეთი ლოზუნგები „დავზოგოთ წყლის რესურსები“, ჰოდა, სწორედ ეს მოწოდება ამშვენებდა საახალწლო ნომრის პირველ გვერდს _ ვეებერთლა შრიფტით. გაზეთი ზედ ახალი წლის ღამეს ეწყობოდა და შეჭიკჭიკებულ კორექტორს გაეპარა შეცდომა _ „წ“ დააკლდა და „დავზოგოთ წყლის რესურსები“ _ „წ“-ს გარეშე რა უხამს სახესაც მიიღებდა, მე მგონი, ხვდებით და სწორედ ასეთი უხამსი ლოზუნგით დამშვენებული გაზეთი მიიღეს საბჭოთა პედაგოგებმა 1-ლ იანვარს… ეს ანეკდოტი რა შუაშია? ამ ხელისუფლების სტილია ანეკდოტების მოყოლა და წყალთანაც კავშირშია _ ამბობენ, რომ მინისტრ დანელიას წყალი აქვს შეყენებული იმ ბრძენ კაცს, რომელსაც უყვარს ანეკდოტების მოყოლა, ამბობენ, რომ ამ ბოლო დროს დიდად არ ეპიტნავება მინისტრი დანელია… თუმცა დანელიას მუშაობით კმაყოფილია პრემიერი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი დგას და გვამცნობს: „თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფლის მეურნეობაში გადადგმულმა ნაბიჯებმა წარმატებულ შედეგებამდე მიგვიყვანა“.

ღარიბაშვილი აჩხრიალებს ციფრებს, ჰყვება რაღაც მითიურ ახალაგახსნილ 86 საწარმოზე, დაფინანსებულ 105 საწარმოზე, 800 ათას ფერმერზე და ვერ ვხვდები, რომელ ფერმერებზე ლაპარაკობს? ფერმას რომ თამაშობენ „ფეისბუკში“?

მოკლედ, დანელია შეიძლება ჩამოაცოცონ ვერტიკალიდან. კარიერა, თორემ ულუკმაპუროდ ნამდვილად არ დარჩება. ქონება აქვს, თქვენ კი არა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც შეშურდება.

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე აქვს 162 კვადრატულ მეტრიანი ბინა, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე _ 99 კვ.მ. ბინა, იქვე 16-კვ.მ-იანი ავტოფარეხი. დეკლარაციაში ორჯერ წერია ერთი და იგივე ფართის _ 265 კვ.მ-იანი საცხოვრებელი სახლი, ერთი როგორც „საცხოვრებელი სახლი“, მეორე „საცხოვრებელი სახლი მშენებარე“, ორში ერთია, ან დანელიამ დეკლარაციის შევსება არ იცის და მშენებარე სახლი _ ორჯერ შეიტანა დეკლარაციაში, ან _ შინდისში ერთი და იგივე ფართის ორი სახლი აქვს _ ერთი დასრულებული, ერთი მშენებარე. იქვე შინდისში აქვს 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ასევე თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს 35 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. ასევე ჰყავს Suzuki Grand Vitara (2007).

2014 წლის დეკლარაციის მიხედვით 4 შპს-ს პარტნიორია: „Smart House“ , „ Mega Construction“, „Sky Motors“, „mega domestik“.  ამ შპს-ებიდან შემოსავალი არ მიუღია, სამაგიეროდ მიიღო შსს-დან 81 070 ლარი, „სილქნეტიდან“ _ 24 375 ლარი, აქედან ირკვევა ისიც, რომ თურმე, ნუ იტყვით და, რაღაც ეტაპზე (რაც ბიოგრაფიაში არ წერია) შპს „დეტის“ გენდირექტორიც ყოფილა და მიუღია 5250 ლარი.

კი აქვს კარგი ქონება, მაგრამ უსამსახუროდ დარჩენა ნამდვილად არ წაადგება. ვალებშია ჩაფლული. ბანკ „რესპუბლიკიდან“ აღებული აქვს: 10-წლიანი, 61 ათას დოლარიანი იპოთეკური სესხი, რომელიც, როგორც ჩანს, 2014 წელს გადაფარა _ გადაიხადა 65 009 დოლარი, მაგრამ იმავე 2014 წელს აიღო ისევ იპოთეკური სესხი, ამჯერად 200 ათას დოლარიანი და 15-წლიანი, რომელსაც ვადა 2029 წელს გაუვა. როგორც ჩანს, დანელიას ღრმად სწამს თავისი ლიდერის და იმისაც, რომ 2030 წლამდე ხელისუფლებაში იქნებიან. ე. ი. ამ ახალი სესხით კიდევ ერთი იპოთეკური სესხი გადაფარა 9 ათას დოლარიანი, რადგან გასავალში მითითებული აქვს 8888 დოლარი. ამის გარდა, ბანკ „რესპუბლიკიდან“ მას გამოტანილი აქვს 20 ათას ლარიანი სამომხმარებლო სესხი. ეს მხოლოდ „რესპუბლიკიდან“ აღებული სესხები იყო, ამას ემატება საქართველოს ბანკისგან აღებული სესხები. ორი სამომხმარებლო სესხი აქვს, ერთი 4500-ლარიანი, მეორე 10-ათასლარიანი, და ერთიც 8-ათასიანი საკრედიტო ბარათი. მოკლედ, ვალებშია ჩაფლული და ეს თუ მართლა მოხსნა ბიძინამ, ესეც და ამის ვალებიც ჩვენი სადარდებელი გახდება, მე მგონი…

 

 

                                                                                                რეზო შატაკიშვილი