სკანდალში გახვეული რუსთავის მერიის ჩინოსნები და პროკურატურის დაგვიანებული სამართალი

darchnen445

2010 წლის 27 სექტემბერს წინასწარი გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, ქ. რუსთავის მერიის ცალკეული თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილით (სისხლის სამართლის საქმე 074108205). სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა გამომძიებელი ირაკლი ჟვანია. სისხლის სამართლის საქმე შეეხებოდა ქ. რუსთავის მერიის თანამდებობის პირთა არამართლზომიერ მოქმედებას.

2011 წლის 3 თებერვალს, გადაუდებელ შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობის საბაბით, მთავარმა პროკურატურამ შპს „გზატკეცილი+“-დან ამოიღო 2007-2010 წლების საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელსაც საფუძვლად დაედო ორგანიზაციის მიერ ქ. რუსთავის მერიის ჩატარებულ ტენდერებში გამარჯვების მოტივი.

2011 წლის 19 თებერვალს მოწმის სახით დაიკითხა საზოგადოების მთავარი ბუღალტერი ცისანა დოლიძე, აღნიშნული მოწმისგან პროკურორმა მანუჩარ ქაჯაიამ ვერ მიიღო სასურველი ჩვენება, რის გამოც გამოძიებამ მოძებნა შპს „გზატკეცილი+“-ის ყოფილი დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ კავილაძე, რომელზეც 2009 წელს საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა იყო 170844.53 ლარი და საბუღალტრო დოკუმენტაციაზე ხელმოწერას თანხის მიღების შესახებ აფიქსირებდა თავად კავილიძე.

2011 წლის 22 თებერვალს კავილიძემ მოწმის სახით დაკითხვის ჩვენებაში მიუთითა, რომ თანხის მიღების დამადასტურებელ საბუღალტრო დოკუმენტაციაში ნამდვილად მისი ხელმოწერაა, მაგრამ აღნიშნული თანხა წაიღო უშუალოდ დირექტორმა ზურაბ ფანჯავიძემ.

2011 წლის 23 თებერვალს კვლავ დაკითხეს საზოგადოების ბუღალტერი ცისანა დოლიძე, რომელზეც უშუალო ზეწოლა განახორციელა პროკურორმა მანუჩარ ქაჯაიამ, ზეწოლა გამოიხატებოდა შეურაცხყოფაში, ყვირილში, მუქარაში, პიროვნული ღირსების დამცირებაში. პროკურორი ახსენებდა ცისანა დოლიძეს, თუ როგორ უყვარდა მას დისშვილები და რომ მათ შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდებოდათ. ცისანა დოლიძეს დაკითხვის დროს შემოუყვანეს მოწმე კავილაძე, რომელსაც საქმის მასალების მიხედვით 2011 წლის 23 თებერვალს რაიმე საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. ცისანა დოლიძეს ზეწოლისა და დაკავების მუქარის ქვეშ მიაცემინეს ჩვენება, რომელიც განსხვავდება მისი პირველი ჩვენებიდან, სადაც მიუთითა, რომ კავილაძეზე რიცხული თანხა წაიღო დირექტორმა ფანჯავიძემ.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ცისანა დოლიძისგან მსგავსი ჩვენების მიღება გამოძიებას სჭირდებოდა ბრალისთვის ფორმალური საფუძვლის შესაქმნელად. სრულიად გაუგებარია, კომპანიის 100% ზურაბ ფანჯავიძეს რისთვის დასჭირდებოდა საქვეანგარიშო თანხების სხვა პირზე გადაწერა, როდესაც თავად მას კანონი არ უკრძალავდა საქვეანგარიშოდ თანხის გატანას? აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კომპანიაში, სადაც გამოძიების ვერსიით თითქოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზება („ფულის გათეთრება“) ხდებოდა, გამოძიებას არ ჩაუტარებია არანაირი ფინანსურ-საბუღალტრო შემოწმება, რაც მსგავსი საქმეების გამოძიების ძირითად საგამოძიებო მოქმედებას წარმოადგენს. გამოძიებას არც დაუშვია ის ვარაუდი, რომ გარდა ამ ეპიზოდისა, შესაძლებელი იყო კომპანიაში სხვა ფინანსური დარღვევებიც ყოფილიყო. ესეც მიუთითებს, რომ პროკურატურა დაინტერესებული იყო ფანჯავიძის მიმართ თუნდაც ფორმალური და ზედაპირული ბრალის წაყენებით, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა მაშინდელი სასამართლოს პირობებში პირის დასაპატიმრებლად.

ცისანა დოლიძის დაკითხვის შემდეგ, იმავე დღეს, 2011 წლის 23 თებერვალს, 23:00 სთ-ზე დააკავეს ზურაბ ფანჯავიძე სსკ-ის 194-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საფუძვლით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 11 წლამდე.

დაკავების შემდეგ ზურაბ ფანჯავიძე 10 დღის განმავლობაში ამყოფეს ე. წ. კარანტინში, ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მიზნით განზრახ შეუქმნეს პიროვნების ღირსების დამამცირებელი, უაღრესად მძიმე პირობები.

მოცემულ საქმეში ყურადღება მისაქცევია შემდეგი გარემოებების მიმართ:

1. ძიება მიმდინარეობდა ქ. რუსთავის მერიის თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ და დღემდე არანაირი შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არსებობს მათ მიმართ;

2. დირექტორი ზურაბ ფანჯავიძე დააკავეს არა მერიის ან ტენდერებთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საფუძვლით, რომელიც არანაირ კავშირში არ გახლავთ სისხლის სამართლის საქმესთან და იმ თანხების „უკანონო ლეგალიზებასთან“, რომელიც ისედაც წარმოადგენდა საზოგადოების კუთვნილებას და რომლის განკარგვის უფლებასაც კანონი მესაკუთრეს არ უკრძალავდა, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ფანჯავიძეს ბრალში წარდგენილ თანხის განკარგვასთან შემხებლობა არ გააჩნია.

2011 წლის მარტიდან შპს „გზატკეცილი+“-ში გამოჩნდა რუსთავში მცხოვრები ჭაბუკი ნოზაძე, რომელიც, მისივე განმარტებით, წარმოადგენდა გუბერნატორ დავით კირკიტაძესთან დაახლოებულ პირს და განაცხადა, რომ იგი დაეხმარებოდა ზურაბ ფანჯავიძის ციხიდან გამოყვანაში.

2011 წლის ივნისში მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ფანჯავიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეუცვალა გირაოთი 1 000 000 ლარის ოდენობით. აქედან 650 000 ლარი უნდა გადაგვეხადა წინასწარ, ხოლო დანარჩენი 2012 წლის დეკემბერში.

აბსურდული ბრალდების მიუხედავად სამართლიანობის აღდგენის არანაირი საშუალება არ არსებობდა, რის გამოც ორგანიზაციის ქონება დაიტვირთა ბანკის სასარგებლოდ და გადახდილ იქნა 650 000 ლარი გირაოს სახით.

ზურაბ ფანჯავიძის გამოსვლის შემდეგ ჭაბუკი ნოზაძე ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ გუბერნატორ დავით კირკიტაძის დახმარებით გამოიყვანა ციხიდან ზურაბ ფანჯავიძე. მან ჩამოაცილა ორგანიზაციის მმართველობას ზურაბ ფანჯავიძე, ხოლო თავად არაფორმალურ მმართველს წარმოადგენდა. 2011 წლის შემოდგომიდან იგი ოფიციალურად დაინიშნა დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და თავისი შეხედულებით განკარგავდა ორგანიზაციის თანხებს. მათ შორის 170 000 ლარამდე თანხა, ყოველგვარი საბუღალტრო დოკუმენტაციის გარეშე გამოიყენა დ. კირკიტაძის ძმის კუთვნილ ავტობაზრობაზე (შპს „ავტოჰაუსი“) ბეტონის სამუშაოების საწარმოებლად, მაშინ როდესაც შპს „გზატკეცილი+“-ს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ამ სამუშაოსთან. ასევე მან ყოველგვარი საბუღალტრო დოკუმენტაციის გარეშე 60 000 ლარი წაიღო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელზეც, როგორც თვითონ აღნიშნა, შენატანი გააკეთა არაოფიციალურად, დოკუმენტაციის შედგენის გარეშე და სხვა თანხები, რომლებზეც მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.

2012 წლის იანვრის დასაწყისში ჭაბუკი ნოზაძემ ზურაბ ფანჯავიძეს მოსთხოვა წილის გაფორმება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მას საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდებოდა, რის შედეგადაც ნოზაძემ, ზეწოლის გზით, 2012 წლის 12 იანვარს მიიღო საზოგადოების პარტნიორის 25%-იანი წილი, რაზედაც შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება ჭაბუკი ნოზაძის ახლობელ ნოტარიუს გინტურთან და ნასყიდობის თანხად განისაზღვრა 609 185 ლარი, რომელიც ჭაბუკი ნოზაძემ თითქოს გადაიხადა, ხოლო საპროცესო შეთანხმება ზურაბ ფანჯავიძესთან გაფორმდა 2012 წლის 20 იანვარს. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჭაბუკი ნოზაძე მისცეს პასუხისგებაში და დააკავეს კომპანიის კუთვინილი თანხის მითვისებისა და წილის დაუფლების ფაქტზე, თუმცა სრულიად დაუმსახურებლად ჯერ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეუცვალეს გირაოთი, შემდეგ კი თითქოს დავით კირკიტაძეზე თანამშრომლობის საბაბით დაჰპირდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების გარეშე, რაც არსებითად ეწინააღმდეგება სამართალწარმოების არსებულ პრაქტიკას. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროკურატურა ცდილობს აიძულოს დაზარალებული მხარე, რომ უპრეტენზიოდ შეეგუოს ნოზაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების ფაქტს და ამ რეალობის გათვალისწინებით ურჩევს ზურაბ ფანჯავიძეს, რომ მოლაპარაკება აწარმოოს ჭაბუკი ნოზაძის ადვოკატ გიორგი უსუფაშვილთან. მისივე განმარტებით მისი ეს აქტიურობა მიმართულია იმისთვის, რომ საქმეზე არ დადგეს გამამართლებელი განაჩენი, თუმცა მსგავსი საშიშროება სამართლებრივი თვალსაზრისით საქმეს არ ემუქრება.

დღევანდელი პროკურატურა ასეთი უკანონო მოქმედებით გვიკარგავს იმის იმედს, რომ სამართლიანობა როდესმე აღდგება ზურაბ ფანჯავიძისა და კომპანია „გზატკეცილი+“-ის მიმართ.

 

მარიამ ბალანჩივაძე