რატომ წაართვეს სოფელ ავრანლოს მოსახლეობას პრეზიდენტის საჩუქარი?!

amito456

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს მოსახლეობა იმ მიწების დაკანონებას ითხოვს, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჩუქა, შემდეგ კი დარეგისტრირების უფლება აღარ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე მოსახლეობის ნაწილმა სასამართლოს მიმართა და პირველ ინსტანციაში მიწის საკუთრებაში დარეგისტრირების უფლება მიიღო, ხელის შემშლელი ახლა ეკონომიკის სამინისტრო აღმოჩნდა და მოსამართლის გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტაციაში გაასაჩივრა.

ავრანლოელების ადვოკატი, თეიმურაზ მაისურაძე, „ქრონიკა+“-სთან აცხადებს: სახელმწიფოს ექსპრეზიდენტის საჩუქარი იმიტომ აღარ ემეტება, რომ ფულის გაკეთება უნდა. ამ ტერიტორიაზე „ბიპის“ პროექტი ხორციელდება და მათთვის ამ მიწების სარფიან ფასად მიყიდვას აპირებენ.

თეიმურაზ მაისურაძე:

_ 2010, 2011 და 2012 წლებში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით სოფელ ავრანლოს მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე საჩუქრად გადაეცა. მიწები ზოგს დაუკანონეს, მაგრამ მე ვის უფლებებსაც ვიცავ, ამათ _ არა. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ „ბიპის“ პროექტი სადაც ხორციელდება, ეს მიწები იმის მომიჯნავეა, ამიტომ სურთ, წაართვან, მერე გაყიდონ და ფული გააკეთონ! თითოეულ ოჯახს, დაახლოებით, ერთი ჰა მიწა გადაეცა, რასაც ხელს აწერს საკუთრების უფლების აღიარების წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ჩამურლიევი. დღემდე ეს ადამიანია ამ კომისიის თავმჯდომარე. როცა საკუთრების უფლებების მოწმობები გაიცა, საკრებულომ შესთავაზა, რომ ამ მიწის ნაკვეთებზე აზომვით ნახაზებს თვითონ გააკეთებდა ის ადმინისტრაციული ორგანო, ვინც მიწები გადასცა. ამის საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიწის ამზომველთა ასოციაციას მიმართა, პროცესი ცოტა გაჭიანურდა. ამ დროს ეკონომიკის სამინისტრომ მიწის ნაკვეთები თავის სახელზე აღრიცხა, როგორც სახელმწიფო საკუთრება. გარკვეულმა პიროვნებებმა, რომელთა აზომვითი ნახაზებიც ადრე დამზადდა, მოასწრეს და საკუთრებაში დაარეგისტრირეს. მაგალითად, ერთ-ერთ პიროვნებას სარეგისტრაციო წარმოება დაწყებული აქვს წალკის სარეგისტრაციო სამსახურში და განცხადება წარადგინა 2011 წლის 28 სექტემბერს, საკუთრების უფლების მოწმობა გაცემულია 26 იანვარს, ოქტომბერში კი სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. ეს ხალხი ამ მიწების მესაკუთრეა, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთრების უფლებების მოწმობები გაცემულია და არ არის მოთხოვნა გაუქმების შესახებ, გადაფარვა აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან, მითითებულია კოდი და გადაწყვეტილებაშიც ანალოგიური წერია, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციის განსაზღვრის ზედდება. კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო მონაცემების მიხედვით, წარმოდგენილი ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში“. ეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრები არის ზუსტად ის მიწის ნაკვეთი, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად და მითითებულია უფლების დამდგენ დოკუმენტად. არსებობს წერილი, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა საჯარო რეესტრს, _ ეს მიწის ნაკვეთი, რომელიც გასცა პრეზიდენტმა, აღრიცხეთ როგორც სახელმწიფო საკუთრებაო. რამდენიმე ადამიანმა საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა, მაგრამ ძალაში დარჩა და სასამართლოსთვის იმ ეტაპზე აღარ მიუმართავთ.

_ ახალი ხელისუფლების პირობებში რატომ გაუჭირდათ მიწის საკუთრებაში დარეგისტრირება?

_ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პარლამენტში მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს, _ გთხოვთ, გამოათავისუფლოთ მიწის ნაკვეთებიო, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება ამ საკითხში იყო ურყევი და უარს აცხადებდნენ. ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, რადგან დისკრეციული უფლებამოსილება ჰქონდა პრეზიდენტის უმაღლესი ხელისუფლების ორგანოს ბრძანებას და, საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების გარეშე, ამის გაკეთება უფლებამოსილების გადამეტებაა, სისხლის სამართლის დანაშაულით განსაზღვრული კანონმდებლობის დარღვევა, ასევე ადმინისტრაციული დანაშაული. მაშინ პრეზიდენტის ბრძანებულება უნდა გაუქმებულიყო. ეს ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, მაგრამ დღესაც არაფერი შეცვლილა! როცა ეს საქმე ჩვენამდე მოვიდა, ახალი ხელისუფლება იყო მოსული. დავიმედდით, ვიფიქრეთ, რომ საქმეს გავიტანდით. გვეგონა, ეკონომიკის სამინისტრო ჩვენი ოფიციალური მიმართვის საფუძველზე საკითხს კომისიის სხდომაზე გაიტანდა და გადაწყვეტილებას ხალხის სასარგებლოდ გამოიტანდა. გვინდოდა, რომ კომისიის მუშაობაში ჩავრთულიყავით და გვემსჯელა, რატომ იბლოკება მიწების გამოთავისუფლება. როცა ადმინისტრაციული სამართალწარმოება დავიწყეთ, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრად ახალი დანიშნული იყო. ამ ხალხს, სანამ სააკაშვილი მიწებს გადასცემდა, ეს ადგილები თვითნებურად ჰქონდა დაკავებული და სათიბად იყენებდა. როგორც თვითონ გადაინაწილეს, მერე იმის მიხედვით მისცეს. ახლა ამ მიწების მოხვნა უნდათ, რომ სოფლის მეურნეობის კულტურები დათესონ და მოსავალი მიიღონ. უკიდურესად გაჭირვებული ხალხია, არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ. ეკონომიკის სამინისტრო ეუბნება, _ მოხანით, ვინ გიშლითო?! რას ჰქვია, ვინ გიშლის?! დაამუშაონ მიწა, მოსავალი მოიყვანონ, მერე მოვიდეს მიწის მესაკუთრე და გამოაგდოს ნაკვეთიდან?! ასე როგორ შეიძლება, ეს რა პოზიციია?! ეს სასამართლო სხდომის ოქმშიც არის დაფიქსირებული. როგორ მოვხნა, როცა ჩემი არ არის?! მომეცი და ისევ წამართვი, არ მიკანონებ! თან ამ ხალხს ინფორმაცია აქვს, რომ „ბიპის“ სურს მიწების ყიდვა!

როცა წერილი შევიტანეთ ეკონომიკის სამინისტროში, ეს მიწები ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოზე იყო უკვე გადაცემული, ამიტომ ჩვენი წერილი ქვემდებარეობით გადაეცა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, მაგრამ ამ საკითხის კომისიის სხდომაზე გატანა დიდი ხნის მანძილზე, რატომღაც, ვერ ხერხდებოდა. ძალიან რომ შევაწუხეთ, ეს საკითხი რუსთავის რეგიონულ სამსახურს გადასცეს, რომელიც ერთ-ერთ თანამშრომელს, რამაზ სუბელიანს დაეწერა. მასთან ერთადაც წავედით ავრანლოში, ადგილობრივ გამგეობაშიც ძალიან დაგვეხმარნენ გამიჯვნის პრობლემების მოგვარებაში გადაფარვებთან დაკავშირებით. სუბელიანმა მერე საჯარო რეესტრს მიმართა, საიდანაც პასუხი მიიღო, რომ რეგისტრაციას ხელს უშლის ეკონომიკის სამინისტროს წერილი და მასზე სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვა, _ თუკი საკადასტრო კოდებზე გაუქმდება სახელმწიფო რეგისტრაცია, მიწები ხალხზე დარეგისტრირდება საკუთრების უფლებითო. წერილები გამოიგზავნა ქონების მართვის სააგენტოში. ფაქტობრივად, ამ პერიოდისთვის საკითხი მომზადებული იყო კომისიაზე გასატანად, მაგრამ ძალიან გააჭიანურეს. ასე გაიყვანეს დრო… ყელში რომ ამოგვივიდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიჩივლეთ. ერთ-ერთი პიროვნების, რევაზ ანთაძის საქმე, რაღაც ტექნიკური პრობლმების გამო ცალკე დარჩა, მისი სარჩელი ცალკე შევიტანეთ და გაერთიანება მოვითხოვეთ. უარი გვითხრეს და გადააგზავნეს თეთრი წყაროში, ვინაიდან წალკას არ აქვს სასამართლო. ეს საქმე მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილს დაეწერა, რომელიც გულისხმიერებით მიუდგა საკითხს და საქმე კარგად შეისწავლა. სანამ თბილისში სასამართლო სხდომა დაინიშნა, თეთრი წყაროში საქმე დასრულდა. სპარტაკ პავლიაშვილმა თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მიწა ეკონომიკის სამინისტროზეა დარეგისტრირებული თუ არა, ეს მაინც ნიშნავს, რომ სახელმწიფოსია, ამიტომ ამ ხალხს მიწა საკუთრებაში უნდა დაურეგისტრირდეთო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქონების მართვის სააგენტოს მიმართ არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საჯარო რეესტრის წალკის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, რეგისტრაციაში გაატაროს უძრავი ნივთი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საკუთრების უფლებების მოწმობებით ამ პიროვნებაზე.

თეთრი წყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება ანთაძის მიმართ არ გაუსაჩივრებია არც ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს და არც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ამის მერე სასწრაფოდ გამოვიხმეთ საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიიდან და შევიტანეთ თეთრიწ ყაროში, რადგან საკითხისადმი საქალაქო სასამართლოს მიდგომა არ მოგვეწონა. სხვა ადამიანების სარჩელებიც დაემატა და 17 გახდა. ბატონი სპარტაკი საქალაქო სასამართლოში გახლდათ მივლინებული და საქმე დაეწერა სოფო გაგნიძეს. ეს მოსამართლეც გულისხმიერებით მოეკიდა საქმეს და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ახლა სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ შედის კანონიერ ძალაში, რადგან ეკონომიკის სამინისტრომ ჩვენი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო საჩივარი ჯერ არ მიგვიღია. საინტერესოა, რას ასაჩივრებენ, როცა ჩვენი მოთხოვნა ეკონომიკის სამინისტროს მიმართ არ დაკმაყოფილდა?! შესაძლებელია, სააპელაციო სასამართლომ განსახილველად არც კი მიიღოს ეს საჩივარი, მაგრამ ამ ყველაფერს ხომ დრო უნდა?! სასამართლომ განმარტა, რომ მიწა იქნება თუ არა რეგისტრირებული სახელმწიფოზე, იგი არის სახელმწიფოს საკუთრება! ამას ვინმე უარყოფს? ეკონომიკის სამინისტროს სინდისი რომ ჰქონდეს, დაგვეთანხმებოდა, არც კი მოვიდოდა პროცესზე და არ შეგვეწინააღმდეგებოდა! პრეზიდენტის საჩუქარი რომ გაიცა, ვინც მოასწრო საჯარო რეესტრში აღრიცხვაზე შეტანა, დარეგისტრირდა, ამათ ვერ მოასწრეს. შეხედეთ, როგორ ილახება ადამიანის უფლებები! საქმე მოსწრებაზეა?! პრეზიდენტის ბრძანებულების განხორციელებაზეა საუბარი! სასამართლოს მეშვეობით ეს განვახორციელეთ და ახლა ეკონომიკის სამინისტრო ხელს როგორ გვიშლის? სასამართლოს გადაწყვეტილებას როცა ასაჩივრებდა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, ხელი როგორ არ უკანკალებდა?! წარმოუდგენელია, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმოს, მერე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, მოვა მეორე გაზაფხულიც და ამ ხალხმა მიწა ვერ უნდა მოხნას? ეს არის ეკონომიკის სამინისტროს სამართალი?! ამისთვის მოხდა ხელისუფლების ცვლილება და ამისთვისაა ეკონომიკის სამინისტრო, რომ ადამიანები ასე გააწვალოს? გასაგებია, რომ ეს არის უწყების დამოკიდებულება, მაგრამ საინტერესოა, კონკრეტულად, ვის მოუვიდა თავში გადაწყვეტილების გასაჩივრება?!

„ქრონიკა+“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა:

_ გაცნობებთ, რომ 2015 წლის 15 იანვარს, თეთრი წყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკის რაიონის სოფელ ავრანლოს მოსახლეობის (16 პირი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ეკონომიკის სამინისტროს მიმართვებისა და წერილების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე, ხოლო საჯარო რეესტრს დაევალა, რეგისტრაციაში გაატაროს წალკის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ სააპელაციო წესით. რაც შეეხება, სამინისტროს პოზიციას, გაცნობებთ, რომ სამინისტრო იმოქმედებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

თამარ ბატიაშვილი