ზურაბ ჟვანიას მეუღლეს ხმაურიანი სასამართლო ელის!

s34rfgty

2004 წლის 6 მაისს, ე. წ. „აჭარული რევოლუციის“ დღეებში, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ასლან აბაშიძის უნიკალური ბიბლიოთეკა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მონა-მორჩილი, ჟურნალისტი ირინე გოგოსაშვილი, საქართველოში დაბრუნებისთანავე, ე.ი. 2005 წლის მაისიდან, იკვლევდა დაკარგული ბიბლიოთეკის ასავალ-დასავალს, სანუგეშო ინფორმაცია მაინც ვერ მოვიპოვე, თუმცა 2006 წლის გაზაფხულზე მაშინდელმა აჭარის შს მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა (დღეს უკვე აჭარის „სუსის“ უფროსმა), განმიცხადა, რომ ასლან აბაშიძის ბიბლიოთეკა დაკარგული არ არის და იგი უზენაესი საბჭოს სხვენშია ატანილი, სადაც ნაწილი წიგნებისა მცირედ დაზიანდა, რადგან წყალი ჟონავდაო…

საქართველოში დაბრუნებისთანავე და მედიაჰოლდინგ „ალიაში“ მუშაობის დაწყებისთანავე შევუდექი ასლან აბაშიძის უნიკალური ბიბლიოთეკის მოძიებას და რადგან თავად ასლან აბაშიძეს ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი, რომ მისმა დამ, ნარგიზ აბაშიძემ, თხოვნით მიმართა ნინო ბურჯანაძეს, ასლანის ბიბლიოთეკაში საქართველოს ისტორიის უნიკალური დოკუმენტებიც იყო შენახული და დაგვიბრუნეთო, ნინო ბურჯანაძეს ნარგიზ აბაშიძისთვის უპასუხია, _ გადავხედავთ და დავაბრუნებთო!!!

გადის წლები, კვალს კი ვერსად მივაგენი, არადა, ასლან აბაშიძის ბიბლიოთეკაში, გარდა მისი გვარის პირადი არქივისა და თურქეთის რესპუბლიკიდან გურამ შარაძის მიერ ჩამოტანილი უნიკალური ასლებისა, რომელიც საქართველოს ისტორიას ეხებოდა, ბიბლიოთეკაში ასლან აბაშიძეს აგრეთვე დაცული ჰქონდა რამდენიმე უნიკალური გამოცემა შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსნისა“.

ადრეც ვწერდი და ახლაც ვიმეორებ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციაში ასლან აბაშიძეს ვახტანგ VI-ის დროინდელი „ვეფხისტყაოსნით“ დაწყებული, საბჭოთა დროს და მოგვიანებითაც გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ათეული ეგზემპლარი ჰქონდა.

აჭარის უზენაეს საბჭოში დაცული ბიბლიოთეკიდან ასლან აბაშიძის უნიკალური „ვეფხისტყაოსნების“ წაღება მხოლოდ მას შეეძლო, ვინც იცოდა, რომ ამ ბიბლიოთეკაში ეს შესანიშნავი კოლექცია მართლაც არსებობდა, ანდა იმას, ვინც იმ პერიოდში უკვე „ვეფხისტყაოსნის“ შეგროვებით იყო დაკავებული, ანუ დამწყები კოლექციონერი გახლდათ…

დაახლოებით სამი კვირის წინ, ასლან აბაშიძესთან ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას, ბატონმა ასლანმა მკითხა, _ ხომ არაფერი გაგიგია იმ ბიბლიოთეკის შესახებ, რომელიც დაიტაცესო?!. ჩემი პასუხის შემდეგ ბატონი ასლანი იხსენებს ასეთ ისტორიას:

„რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე აჭარაში შემოვარდებოდნენ, ჩემთან ზურაბ ჟვანია იყო ჩამოსული გარკვეულ საკითხებზე. საერთოდაც, ჟვანიასთან უფრო ადვილად შეიძლებოდა ურთიერთობა, ვიდრე დანარჩენებთან, სხვებთან დალაპარაკება საერთოდაც შეუძლებელი იყო. ამიტომ სადილის შემდეგ ბიბლიოთეკაში ჩავედით, სადაც ყავა მივირთვით, ვაჩვენე ჩემი „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია და მაშინ ბატონმა ზურაბმა ერთ-ერთ გამოცემაზე მითხრა, _ ჩემი ცოლის ბაბუაც აგროვებდა წიგნებს, კოლექციონერი იყო და საინტერესოა, აი, ეს ძველი გამოცემა ნეტავ, თუ აქვთ კოლექციაშიო?!. ჟვანიამ მითხრა – იქნებ, „ვეფხისტყაოსნის“ ეს გამოცემა მათხოვოთ, ნინოს (ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე –ი.გ.) ვანახვებ და შემდეგ მალევე დაგიბრუნებთო… უარს ხომ არ ვეტყოდი და, რასაკვირველია, ვათხოვე! ამის შემდეგ ბევრჯერ ჩამოვიდა, შევახსენე კიდეც, ნეტავ, ის წიგნი წამოგეღო-მეთქი, მაგრამ უხერხულად რომ გრძნობდა თავს, მე თვითონ აღარ ვაგრძელებდი საუბარს და ვუთხარი კიდეც, _ ბატონო ზურაბ, სიამოვნებით გაჩუქებდით „ვეფხისტყაოსნის“ ამ გამოცემას, მაგრამ ის წიგნი ჩემთვის იმდენად ძვირფასია, რამდენადაც ჩემი ოჯახის რელიკვიას წარმოადგენს და ბაბუის, მემედ აბაშიძის ნაქონია-მეთქი… _ უი, აუცილებლად შემდეგ ჩამოსვლაზე ჩამოგიტანთო, _ მითხრა. ამის შემდეგ გადის დრო და 2004 წლის 6 მაისის წინა დღეებში, მე თვითონ არ გამხსენებია, კვლავ შემეხსენებინა ზურაბ ჟვანიასთვის წიგნის დაბრუნების ამბავი და ისე წამოვედი საქართველოდან, დღემდე არ ვიცი, აპირებს თუ არა მისი ოჯახი წიგნის დაბრუნებას?!.“

როგორც კი ასლან აბაშიძემ ეს ისტორია მიამბო, მეორე დღესვე დავურეკე აწ გარდაცვლილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმას, გოგლა ჟვანიას, ტელეფონზე (568-76-14-65) და ვთხოვე შეხვედრა. ბატონი გოგლა დამთანხმდა და მეორე დღეს სოლოლაკში, ამაღლების ქუჩის დასაწყისში, ერთმანეთს შევხვდით კიდეც. საერთოდაც, ბატონმა ასლან აბაშიძემ იმთავითვე მთხოვა, რომ წიგნის დაბრუნების ეტაპები უხმაუროდ გამევლო, არ გამეჟღერებინა პრესაში, რადგან ჟვანიების ოჯახს დღეს ეს არაფერში წაადგება, მათ უზარმაზარი ტრავმა მიადგათ და თუ შეიძლება, შეხვდი, უჩუმრად გამოართვი წიგნი და შენთან შეინახეო!..

მართლაც, მეორე დღეს მე და ბატონი გოგლა შევხვდით ერთმანეთს, ვისაუბრეთ, გადავეცი მას ბატონი ასლანის დანაბარები, რომ წიგნი უხმაუროდ დაბრუნებულიყო. გავცვალეთ კოორდინატები და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მეორე დღეს ბატონი გოგლა ჟვანია მირეკავს, _ ქალბატონო ირინა, მართლაც მოვძებნეთ წიგნი, რომლის წარმომავლობაც არ ვიცით, ანუ საიდან გაჩნდა ეს წიგნი ჩვენთან, მაგრამ მეტი სიზუსტისათვის, იქნებ, ასლან აბაშიძის საკუთრებაში არსებული „ვეფხისტყაოსნის“ გამოშვების თარიღი გვითხრათ, რათა ჩვენ მიერ ნაპოვნ წიგნთან შედარება გავაკეთოთო? ბატონ გოგლას შევპირდი, რომ იმავე საღამოს დავუკავშირდებოდი ასლან აბაშიძეს და ვკითხავდი წიგნის გამოცემის თარიღს. სამწუხაროდ, ასლან აბაშიძეს წიგნის გამოცემის თარიღი არ ახსოვდა და როგორც კი ეს ინფორმაცია მივიღე, ბატონ გოგლა ჟვანიას მაშინვე გადავეცი. ისიც ვუთხარი, _ ბატონო გოგლა, ხომ შეუძლებელია, თქვენს სახლში აღმოჩენილიყო ისეთი პიროვნების წიგნი, რომლის ვინაობაც არ გეცოდინებოდათ და რომლის პატრონსაც ამდენი ხანი არ მოუკითხავს საკუთარი ნივთი? მოგვეცით ეს წიგნი, ბატონ ასლანს ვანახვებთ და თუ ის „ვეფხისტყაოსანი“ არ აღმოჩნდება მისი კოლექციის ნაწილი, ასლან აბაშიძე ის კაცი არ არის, სხვისი საკუთრება მიითვისოს-მეთქი!..

ამის შემდეგ ბატონი გოგლა მეუბნება, _ იცით, რა, მართალია, ჩვენ არ ვიცით, ვისია ეს წიგნი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი და უნიკალური გამოცემა, რადგან ამგვარი გამოცემები ძალიან ბევრ კოლექციონერს აქვსო. რაზეც ვუპასუხე, _ ასლან აბაშიძისთვის ამ წიგნს იმდენად აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც ბაბუამისის დანატოვარი რელიკვიაა-მეთქი.

გადის დღეები… კვლავ ვურეკავ ზურაბ ჟვანიას ძმას, გოგლა ჟვანიას და ვეუბნები, _ ბატონო გოგლა, იმ წიგნს როდის გადმომცემთ და ერთმანეთს სად შევხვდეთ-მეთქი? მეუბნება, _ არ არის პრობლემა, ახლა ერევანში მივდივარ (ეს იყო გასული კვირის პარასკევი თუ შაბათი, _ ი. გ.), ოთხშაბათს თბილისში ვიქნები, მაქსიმუმ ხუთშაბათს 5 საათამდე შეგხვდებით და გადმოგცემთო… იმ დღეებში მოსკოვში ერთი ჩემი ახლობელი მიდიოდა და რადგან ასლან აბაშიძემ პრესის გარკვეული გამოცემების გაგზავნა მთხოვა, ვიფიქრე, მოდი, ვიდრე ბატონი გოგლა ერევანშია, ქალბატონ ნინო ქადაგიძეს დავურეკავ და ის გადმომცემს წიგნს, რომელსაც გაზეთებთან ერთად მოსკოვში გავაგზავნი-მეთქი. დავრეკე ნინო ქადაგიძე-ჟვანიასთან (577-53-03-33) და ვეუბნები, _ ქალბატონო ნინო, ბატონმა გოგლამ მითხრა, რომ თქვენს სახლში მართლაც აღმოჩენილა „ვეფხისტყაოსნის“ ერთი წიგნი, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით, ანუ თქვენი კოლექციის საკუთრება არ არის და არც ის იცით, საიდან გაჩნდა იგი თქვენს სახლში… ალბათ, ბატონმა გოგლამ გადმოგცათ, რომ ასლან აბაშიძემ ბატონ ზურაბს ათხოვა „ვეფხისტყაოსნის“ წიგნი, რომელიც მემედ აბაშიძის საკუთრება იყო და მისი ოჯახისთვის ის რელიკვიას წარმოადგენს. იქნებ, მოგაკითხოთ და გადმომცეთ?.. ამ შეთავაზებაზე ნინო ქადაგიძემ მიპასუხა, _ მე არც ასლან აბაშიძე მაინტერესებს, არც მემედ აბაშიძე და არც მათი ნაქონი „ვეფხისტყაოსანი“, წიგნი სოფელშია და როცა მომიხერხდება მისვლა, წამოვიღებ და გადმოგცემთ, არაფერში მჭირდებაო. _ ქალბატონო ნინო, ის სოფელი შორს არის? იქნებ, მოგაკითხოთ და მომცეთ, _ მივუგე მე… ჩემს შეთავაზებაზე ქალბატონი ნინო განერვიულდა და მითხრა, _ არავითარ შემთხვევაში, არ მჭირდება თქვენი მოკითხვა, როცა მოვიცლი, მაშინ წავალო…

_ კი მაგრამ, ეს სოფელი შორს არის? _ არ მოვეშვი მე…

_ სოფელ დიღომში და იქ მისასვლელი დრო ახლა არ მაქვს. ჩამოვა ჩემი მაზლი და გამოგიგზავნით…

გამითიშა ტელეფონი და შემდეგ უკვე, მრავალჯერ ცდის მიუხედავად, იგი ჩემს ზარებს აღარ პასუხობს და…. ამ საუბრის შემდეგ კვლავ გადავურეკე გოგლა ჟვანიას და ვუთხარი, _ როგორც ვატყობ, ამ ქალთან საუბარს აზრი არ აქვს, ძალიან ცუდად მელაპარაკა და დაგელოდებით, როცა ჩამოხვალთ, შევხვდეთ და ეს საქმე დავამთავროთ-მეთქი… ბატონი გოგლა დამთანხმდა და ასე მოვიდა გასული კვირის ხუთშაბათიც…

ინტუიციით ვგრძნობდი, ნინო ქადაგიძე-ჟვანია ასლან აბაშიძის ოჯახის რელიკვიას, მემედ აბაშიძის ხელში გავლილ „ვეფხისტყაოსანს“, უკან არ დააბრუნებდა, მაგრამ ჩემი და ბატონი გოგლას შეხვედრა ხომ მაინც უნდა შემდგარიყო?!. როგორ, კაცმა სიტყვა მითხრა, წიგნი ვიპოვეთ და გადმოგცემთო და როგორ ვიფიქრებდი იმას, რომ სიტყვა დაირღვეოდა?!.

მოკლედ, გასული კვირის ხუთშაბათს ვურეკავ გოგლა ჟვანიას, _ ჩამობრძანდით-მეთქი? მან მიპასუხა, რომ უკვე საქართველოშია და უმოკლეს ხანში გამაგებინებს, სად შევხვდებოდით ერთმანეთს. გადის რამდენიმე საათი, მირეკავს გოგლა ჟვანია და მეუბნება, _ დიღომში გადავაბრუნეთ ყველაფერი, მაგრამ ის წიგნი ვერ ვიპოვეთ!.. ახლა დედაჩემის სახლში ვნახავთ, იქაც აქვთ წიგნები და დაგირეკავთო… გადის კიდევ რამდენიმე საათი, ბატონი გოგლა მირეკავს, რომ არც ქალბატონი რიმას სახლში მოიძებნა ასლან აბაშიძის წიგნი და ჩემს შეკითხვაზე, _ როგორ, თქვენ ხომ მითხარით, წიგნი იპოვეთ, რომელიც არ იცით, საიდან მოხვდა თქვენს ოჯახში-მეთქი?.. პასუხი ასეთი მივიღე, _ ნუ, რა ვქნათ, არ არის!..

ახლა, იმის თქმა, რომ წიგნის არდაბრუნებაში გოგლა ჟვანიას რამე წვლილი აქვს, ტყუილი იქნება, რადგან ამ ადამიანმა პატიოსნად, შესაშურად ოპერატიულად, პირველივე დღეებში მითხრა, რომ მათ ოჯახში მართლაც ნახეს „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც საიდან მოხვდა ოჯახის კოლექციაში, არ იცოდნენ! ამის შემდეგ გოგლა ჟვანიამ ასევე პატიოსნად მითხრა, რომ სომხეთიდან დაბრუნების შემდეგ წიგნს გადმომცემდა, რომელსაც ასლან აბაშიძეს ვაჩვენებდი და თუკი აღნიშნული „ვეფხისტყაოსანი“ ასლან აბაშიძის საკუთრება არ აღმოჩნდებოდა, ჩემივე ხელით ჩამოვუტანდი თბილისში და მათ ოჯახს დავუბრუნებდი. ამიტომ გოგლა ჟვანიასა და ჩემს ურთიერთობაში იმთავითვე ადამიანური, პატიოსანი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩემი დაუდევრობით ნინო ქადაგიძესთან საუბარი „მარგუნა უფალმა“, აღმოჩნდა, რომ ეს ქალი არათუ წიგნის დაბრუნებას არ აპირებდა, არამედ მაზლიც აიძულა ტყუილი ეთქვა და მისი პირით გადმოეცა – წიგნი ვერ ვიპოვეთო!!!

მოკლედ, ნინო ქადაგიძე-ჟვანია ასლან აბაშიძის ოჯახის რელიკვიის, მემედ აბაშიძის ნაქონი „ვეფხისტყაოსნის“ დაბრუნებას არ აპირებს! აქვე ვსვამ კითხვას, _ წიგნის დასაბრუნებლად ასლან აბაშიძის ოჯახმა რა გზას უნდა მიმართოს? მინდა, საზოგადოებას ვაუწყო, რომ მთელ რიგ საკითხებში ასლან აბაშიძის ნდობით აღჭურვილი პირი ვარ (ნოტარიულად დამტკიცებულია) და გამოსავალს ამ საქმეში იქ ვხედავ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ქვრივს, ნინო ქადაგიძეს, სასამართლოში დაველოდო და მისგან მთელ რიგ შეკითხვებზე პასუხი იქ მოვისმინო!!!

ღმერთია მოწამე, არ მინდოდა, ეს ნაბიჯი გადამედგა, მაგრამ ამ მტაცებელმა ქალმა სხვა გზები არ დატოვა და ის, რომ მართლაც მტაცებელია, იქაც გამოჩნდა, როდესაც მისი მეუღლის გვამი ჯერ გაციებულიც კი არ იყო, დაცვის უფროსს კახა ძაძამიას კაბინეტის გასაღები გამოართვა, კანცელარიაში შევარდა და გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის კაბინეტიდან იმ ღამესვე რაღაც ნივთები წამოიღო…

მეორე: თუკი ქალბატონი ქადაგიძე ყოველთვის ასე ტყუის, ანუ ჩემს შემთხვევაში ჯერ მითხრა, _ ის წიგნი სოფელ დიღმის სახლში მაქვს შენახული, იქ როდის მოვხვდები, არ ვიცი, არც ასლან აბაშიძე მაინტერესებს და არც მისი წიგნი მინდა, მოვიცლი და წამოვიღებთო… (და ეს სიტყვები გაღიზიანებულმა) წარმოთქვა… ისევ კითხვას ვსვამ, _ როდის ტყუოდა იგი, მაშინ, როცა ასლან აბაშიძის საკუთრება „ვეფხისტყაოსანი“ დიღმის სახლში ედო, თუ მაშინ, როცა გოგლა ჟვანიას პირით შემომითვალა, წიგნი ვერ ვიპოვეთო?!.

ლოგიკურად ასეთი შეკითხვაც მიჩნდება და ვფიქრობ, რომ ამ შეკითხვის დასმის უფლება როგორც ბევრს, ისე მეც მაქვს, _ თუკი ქალბატონი ქადაგიძე დღეგამოშვებით სხვადასხვა ტყუილ-მართალს ამბობს, მაშინ მე, რიგითმა მოკვდავმა და, იმავდროულად, ჟურნალისტმა ირინე გოგოსაშვილმა, რატომ უნდა ვიწამო ქადაგიძისეული სიმართლე მისი მეუღლის ბურუსით მოცული გარდაცვალების შესახებ?!. თუკი ქადაგიძე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ სხვა კომენტარებს აკეთებდა და დღეს კი აბსოლუტურად რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, როგორ გავიგო, სად ტყუის და სად ამბობს მართალს?!.

აქვე დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ბატონ გოგლა ჟვანიას იმ უხერხულობისთვის, რომელიც, ჩემი აზრით, მას რძალთან ჰქონდა და ვუთხარი კიდეც, _ ბატონო გოგლა, მიიღეთ ჩემგან ორმაგი სამძიმარი ძმის გარდაცვალების გამო და მეორე, ამისთანა რძლის გამო-მეთქი!.. ადამიანურად შემეცოდა გოგლა ჟვანია, რადგან მისი დუმილი ყურმილში და, ალბათ, სიწითლეც (ტელეფონის საუბრისას არ ჩანს) მრავლისმეტყველი იყო…

ამ დღეებში მე, ჟურნალისტი ირინე გოგოსაშვილი, როგორც ასლან აბაშიძის ნდობით აღჭურვილი პირი აუცილებლად მივმართავ სასამართლოს, რათა ამ გზით დაუბრუნოს ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ ასლან აბაშიძის ოჯახს თავის დროზე ასლან აბაშიძის მიერ ზურაბ ჟვანიასთვის ნათხოვარი მემედ აბაშიძის „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა!.. რა ვქნა, ბატონებო, სამართალმა პური უნდა ჭამოს და პურს სამართალს, დიდი ალბათობით, სამართლიანი სასამართლო აჭმევს!..

რაც შეეხება ასლან აბაშიძის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციას, რომელიც აჭარის უზენაესი საბჭოდან უკვალოდ გაქრა, მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ვინც იცოდა იქ ამ კოლექციის არსებობა, ის წაიღებდა!.. აკი ვთქვი – ასლან აბაშიძეს ერთი ცუდი ჩვევა ჰქონდა, მტერი და მოყვარე მიჰყავდა უზენაესი საბჭოს იმ ნაწილში, სადაც მისი ბიბლიოთეკა იყო განთავსებული-თქო? 2004 წლის 6 მაისის, ე. წ. აჭარული რევოლუციის დროს, უზენაესი საბჭოს იმ ნაწილში, სადაც ბიბლიოთეკა იყო განთავსებული, მომიტინგეები და შემთხვევითი ადამიანები ვერ მოხვდებოდნენ, ამიტომ გამოვთქვამ ეჭვს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური კოლექცია წაიღო იმან, ვინც უკვე ფლობდა და აგროვებდა ამ გამოცემებს!!!

ცნობილია, რომ ნინო ქადაგიძე-ჟვანიას ბაბუა, შალვა გურაბანიძე, რომელიც ამ ოციოდე წლის წინათ გარდაიცვალა, კოლექციონერი გახლდათ და ეს კოლექცია მემკვიდრეობით ერგო ნინო ქადაგიძე-ჟვანიას. ახლა ვერ დავასახელებ, მაგრამ მომდევნო ნომერში ნინო ჟვანიას ბიბლიოთეკის იმ ნაწილის განხილვას შევუდგები, რომელშიც „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციაა დაცული. ცნობილია, რომ ზურაბ ჟვანია მეუღლის სიყვარულით თუ უნიკალური წიგნებისადმი ინტერესით თავადაც დაინტერესდა და ბატონი შალვა გურაბანიძის ბიბლიოთეკას რამდენიმე წიგნი თავადაც შეჰმატა! ასე რომ, თუკი ნინო ქადაგიძე-ჟვანია დროულად არ დააბრუნებს ასლან აბაშიძის ბაბუის, მემედ აბაშიძის ნაქონ „ვეფხისტყაოსანს“, მე, როგორც ჟურნალისტს, ამ მხრივ ძალიან საინტერესო ჟურნალისტური გამოძიება მელოდება წინ და რაც უკვე ვიცი, იმას „ქრონიკა+“-ის შემდეგ ნომერში მოგახსენებთ…

 

                                                                                            ირინე გოგოსაშვილი