„სამართალი მოქმედებს მათთვის, ვისაც აქვს ფული, ან ჰყავს პატრონი „ქართულ ოცნებაში!“

ragc4456

ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ „ნაციონალების“ დროინდელი შერჩევითი სამართალი კვლავ გრძელდება. თუ ადამიანს ფული აქვს, კაცი რომ მოკლას, შეუძლია, გარეთ ისეირნოს, მაგრამ თუ არც მატერიალურად არის ძლიერი და არც მფარველი ჰყავს, 40 ლიტრი საწვავის ქურდობისთვისაც ციხის გზას გაუყენებენო.

„ქრონიკა+“-ს მამუკა ნოზაძე ესაუბრება:

_ ადამიანებს შორის თანასწორობა ახლაც ისევეა „დაცული“, როგორც „ნაციონალების“ დროს, ანუ ისევ მდიდრების სამართალი მოქმედებს _ ვისაც აქვს ფული, ან ჰყავს პატრონი, მართლმსაჯულება და სამართალი მისთვის ხელმისაწვდომია. XXI საუკუნეში, თანამედროვე კონსტიტუციისა და კანონის წინაშე, ყველა თანასწორი უნდა იყოს.

_ ამჟამინდელი სამართალი ასეთია, _ „მდიდრებს თავისუფლება, ღარიბებს ციხე“?

_ კონკრეტულ ფაქტებს დაგისახელებთ: დიმიტრი გიკაშვილი ქარელის რაიონის ერთ-ერთი სოფელში ცხოვრობს. მან ჩაიდინა გარკვეული გადაცდომა და ახლა 40 ლიტრი დიზელის საწვავის მოპარვაში ადანაშაულებენ. მისი სოციალურ-ეკონიმიკური მდგომარეობა უმძიმესია, ჰყავს ორი მცირეწლოვანი ბავშვი. სეტყვამ ოჯახის მოსავალი აბსოლუტურად გაანაგურა. ისინი არიან სოციალურად დაუცველების სიაში და შიმშილით კვდებიან. ამის გამო მამამისმა, არჩილ გიკაშვილმა, თვითმკვლელობაც სცადა. ამასთან დაკავშირებით პოლიციაში შესაბამისი ცნობები დევს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება დაეხმაროს გაჭირვებულ ოჯახს, პროკურატურა 3 ათას ლარს სთხოვს. თუ გადაიხდიან ამ თანხას, გაუფორმებენ საპროცესო შეთანხმებას, სხვა შემთხვევაში კი მას პატიმრობა ემუქრება. ე. ი. თუ ადამიანი ფულს მიიტანს, ის უკეთესი გახდება? „ნაციონალური“ მოძრაობის დროს, როცა ერთ-ერთმა პიროვნებამ მობილური ტელეფონი მოიპარა, მას შეუფარდეს 100 ათასი ლარი გირაო. მაშინ ითქვა, რომ ეს იყო არათანაზომიერი, არაპროპორციული მიდგომა, მაგრამ ახლაც იგივე გრძელდება. ამ ოჯახის პირობები და შესაბამისი მტკიცებულებები წარვადგინეთ პროკურატურაში და მოვითხოვეთ, მის მიმართ კანონის შესაბამისი შეღავათი განხორციელებულიყო, მაგრამ ვერაფერი შევასმინე. დაზარალებულს აქვს ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება, რომ მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია იმ პირის მიმართ, რომლის საქმეც იხილება სასამართლოში. მიუხედავად ამისა, პროკურატურა აზრს არ იცვლის. სისხლის სამართლის პრინციპი არის არა მხოლოდ ის, რომ რაც შეიძლება მკაცრად დაისაჯოს ადამიანი, არამედ ისიც, რომ ადამიანის მიმართ დაცული იყოს კანონიერება და გამოიყენონ პროპორციული, კანონის შესაბამისი სასჯელი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებდნენ ბიუჯეტის საპროცესო გარიგებებით გამდიდრებაში. დღესაც ასე გრძელდება. 3 ათასი ლარი ამ ოჯახისთვის არის 3 მილიარდი. მათ ყოველდღიურ სარჩო- საბადებელს მეზობლები აწვდიან, შიმშილით რომ არ დაიღუპონ. ის ამ ფულს ვერ მიიტანს. პროკურატურას ელემენტარული ინტელექტი არ გააჩნია. ასეთ ადამიანს თუ დააპატიმრებენ, ამით რას მოიგებს სახელმწიფო? მკვლელები, კონტრაბანდისტები, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში მსჯავრდადებულები თუ ფულს გადაიხდიან, ან მფარველი გამოუჩნდებათ, მათ მიმართ სახელმწიფო ლოიალურია!

_ ფულიანსა და გავლენიან ბრალდებულებს ზოგჯერ სახელმწიფოსთვის რაც მოპარული აქვთ, იმაზე ნაკლებსაც კი ატანინებენ!  

_ მოვითხოვე, რომ ამ ადამიანის მიმართ განრიდების ინსტიტუტი ამოქმედებულიყო. ჯარიმის გარეშე შეწყვეტილიყო მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე, რადგან ეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის გათვალისწინებული, მაგრამ პროკურატურას ამის გაკეთება არ უნდა. ეს ინსტიტუტი იმიტომ ამოქმედდა, რომ პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, ციხეში არ წავიდეს, მის მიმართ არ იყოს გამოყენებული ნასამართლეობის ინსტიტუტი და განხორციელდეს შეღავათი. ადამიანი როცა პირველად არის სამართალში მიცემული, სახელმწიფო მის მიმართ უნდა იყოს ჰუმანური და ჰქონდეს ადეკვატური მიდგომა დანაშაულის მიმართ. მაგრამ ეს კანონი მკვდარია მხოლოდ ჩვეულებრივ მოკვდავთათვის, რომელთაც არ ჰყავთ პატრონი „ქართულ ოცნებაში“, ან არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა. არაერთხელ მივმართე ამ საქმის პროკურორ კობა ნოზაძეს, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიმიღია. ადგილებზე პროკურორები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას და ეს სისტემა კვლავ ცენტრალიზებულად იმართება _ ბადაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები იღებენ ყველა გადაწყვეტილებას. „ნაციონალების“ დროს პროკურატურა მოქმედებდა შერჩევითობის პრინციპით და სწორედ ამის გამო მოვიდა არჩევნებით „ოცნება“ ხელისუფლებაში, მაგრამ ახლაც იგივე გრძელდება და თუ არაფერი შეიცვლება, ამათი ბოლოც ეს იქნება.

_ ამ ერთი საქმის გამოსასწორებლად იბრძვით, თუ უსამართლო სისტემა გინდათ დაანგრიოთ და შეცვალოთ?

_ როცა ეს წერილი დაიბეჭდება, მერე მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ტელევიზიებს. ადამიანს, რომელსაც ფული არ აქვს, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოება გვერდით დაუდგეს, მის მცირეწლოვან შვილებს მიაწოდოს ლუკმა და ეს ადამიანი დაასაქმოს, ფულის მოტანას ავალდებულებენ. ქვეყანა ასეთი ფორმით წარმატებებს ვერ მიაღწევს. ჟურნალისტების, ადვოკატებისა და საზოგადოების უპირველესი მოვალეობაა, რომ ასეთ ფაქტებზე ხმა ავიმაღოთ. დღეს თუ დიმიტრი გიკაშვილი ისჯება უფულობის გამო, ხვალ სხვას დასჯიან. ამ საქმეში ფიგურირებს მეორე პიროვნებაც, რომელმაც ფული გადაიხადა. პროკურორები ამბობენ, ამან რომ გადაიხადა, გიკაშვილმაც უნდა გადაიხადოსო.

_ ციხის დანიშნულება ხომ ის არის, რომ ადამიანმა დანაშაული გააცნობიეროს, დასჯამ დადებითი შედეგი გამოიღოს, დაფიქრდეს და მეორედ აღარ გაიმეოროს. განსასჯელებთან ფსიქოლოგი არ მუშაობს? არავინ კითხულობს, რამ მიიყვანა ეს ადამიანი დანაშაულამდე, რატომ მოიპარა 40 ლიტრი საწვავი? იქნებ, უნდოდა, ამ ფულით ავადმყოფი შვილისთვის წამალი ეყიდა და სხვა გზა არ ჰქონდა?

_ კომუნისტების დროს კანონში გაცილებით ბევრი გარემოება იყო გათვალისწინებული _ პირის სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რამ განაპირობა დანაშაული და ა. შ. გიკაშვილს ოჯახში უკიდურესი გაჭირვება რომ არ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, საწვავსაც არ მოიპარავდა. სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელის პრინციპი ის არის, რომ კანონის რესოციალიზაცია მოხდეს და ადამიანმა უნდა შეიგნოს მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე. ის, რომ ადამიანი აუცილებლად უნდა წავიდეს ციხეში, არ არის კანონის მთავარი მოთხოვნა. სასჯელი უნდა იყოს პროპორციული. როგორ შეიძლება, ერთნაირად მკაცრი სასჯელი განხორციელდეს 40 ლიტრი საწვავის, ან პურისა და კარაქის მომპარავის მიმართ, რომელსაც შია და უფრო მძიმე დამნაშავეების მიმართაც? მაგალითად, როგორიც არის პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, იარაღის, ნარკოტიკის ჩადებება და ისინი არ ისჯებოდნენ? ისეთივე დამნაშავეები არიან მოსამართლეები, რომლებიც ვადებს არღვევენ, ადამიანების მიმართ გამოაქვთ უკანონო განაჩენები, სახელმწიფო კი მათ მიმართ ლოიალურია.

_ სახელმწიფოს უმუშევართა რიცხვის გაზრდით ხალხი მიჰყავს სოციალურად დაუცველთა კატეგორიამდე და უკიდურეს გაჭირვებამდე. მათ უნებურად უბიძგებს დანაშაულისკენ და მერე სთხოვს არარსებულ ფულს ბიუჯეტის შესავსებად. ციხეებს იმ ადამიანებით ავსებს, რომელთაც ფული არ აქვთ. ასეა?

_ ასეთ გაუბედურებულ ადამიანებს 20 ლარის ნაცვლად სთხოვენ 50 ლარს, 40 ლარის ნაცვლად _ 3 ათასს და ა. შ. თავად უწყობენ ხელს მათ გაუბედურებას და მერე თუ რამე კიდევ აბადიათ, ამ ფორმით აცლიან და ბიუჯეტში ატანინებენ. მამას ორ შვილს რომ დააცილებ და ციხეში გამოუკეტავ, მის შვილებს რა ელით, ეს სახელმწიფოს არ უნდა ადარდებდეს?

_ თქვენი აზრით, რატომ აზროვნებს და მსჯელობს პროკურატურა არასახელმწიფოებრივად?

_ ამჟამად გვაქვს ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა, როცა პროკურატურა არის უკონტროლო მდგომარეობაში. „მეოცნებე“ ხელისუფლებასა და „ნაციონალებს“ შორის სხვაობას ვერ ვხედავ. პროტესტის მიუხედავად, პროკურატურაში 90% იგივე პროკურორები არიან და ეს ადამიანები ვერ შეიცვლებიან. გუშინ ემსახურებოდნენ „ნაცმოძრაობას“, დღეს _ „ოცნებას“, ხვალ _ ვინც მოვა იმას და ა. შ. ამის გამო სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის არიან საშიშნი, რადგან სამართლისა და კანონის პრინციპით არ მოქმედებენ.

_ პოლიციელების გადამეტებებზე რა უნდა გეთქვათ?

_ ახლახან გორში ივანე ლელუაშვილი დააპატიმრეს, რომელსაც სახლიც კი არ ჰქონდა და ცდილობდა, მანქანაში შემძვრალიყო და იქ დაეძინა. ქალაქში პოლიცია ღამეც პატრულირებს და ეს ადამიანი მათ დააპატიმრეს, შეუთითხნეს სისხლის სამართლის საქმე. მას არავინ ჰყავს ამქვეყნად და გაუბედურებულ კაცს დააბრალეს ქურდობა. ადვოკატიც არ ჰყავს. ფული რომ გადაიხადოს, ხვალვე გამოუშვებენ გარეთ და სისხლის სამართლის საქმესაც არ აღძრავენ, მაგრამ ახლა ყველანაირად ჩაგრავენ. ასე იყო მონათმფლობელობის დროს და მე მგონი, იმ დროში ვბრურდებით. დემოკრატიის, სამართლიანი სახელმწიფოს ეპოქაში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს.

რაც შეეხება პოლიციელებს: გორში ცხოვრობს კუკური ნოზაძე, რომელსაც პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერება და ხელყუმბარა ჩაუდო. პოლიციელებმა დაწერეს პატაკი, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს ეს პიროვნება ფლობდა ნარკოტიკულ ნივთიერებას, იარაღს და მოძრაობდა საჩხერე-ხაშურის მიმართულებით. საჩხერიდან გორი ჩიკაგოს მანძილით არ არის დაშორებული. თუ უკვე მოძრაობდა, ის მალევე ჩავიდოდა დანიშნულების ადგილზე. ამ პატაკის მერე დაიკითხნენ პოლიციელები და ერთი საათში წავიდნენ დასაპატიმრებლად. საჩხერიდან ხაშურამდე გადაადგილებისთვის ერთი საათი არ იყო საჭირო. სინამდვილეში პოლიციამ ეს ადამიანი დააკავა, ხელყუმბარა ჩაუდო და მიიყვანა პოლიციაში. ნოზაძემ ათასობით განცხადება დაწერა პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახელზე. ითხოვდა ექსპერტიზას, რომლითაც დადასტურდებოდა თითის ანაბეჭდები და დნმ, თუ მართლაც მისი იყო ხელყუმბარა. ექსპერტიზა საქართველოში დაბალ დონეზეა! თუმცა ის არც არავის გახსენებია _ ორი პოლიციელის მონაყოლზე დააკავეს კაცი. არ ჩაუბარებიათ ჩხრეკის, დაკავების ოქმები და ამის შემდეგ მას მაინც ემუქრება თავისუფლების ხანგრძლივი ვადით შეზღუდვა. არც ერთი ადამიანი არ არის დაზღვეული, რომ თუ პოლიციამ მოინდომა, მათ მიმართც შეთითხნიან საქმეს.

თენგო ერისთავის გახმაურებული საქმე, ალბათ, ყველას გახსოვთ. მას თავდებად დაუდგა ვაკის ინტელიგენცია, მაგრამ რა ქნას ამჯერად კუკური ნოზაძემ, რომელიც გორელია? რა გააკეთოს ლილუაშვილმა, რომელსაც ნათესავი და პატრონი არ ჰყავს? მათზე რატომ უნდა გადატყდეს ჯოხი? ციხეებში, ძირიდადად, საწყალი ადამიანები არიან გამოკეტილი.

„ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასამართლო უკვე დამოუკიდებელია. არა, ბატონებო, სასამართლო ახლაც მიკერძოებულია. გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკური და ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ თუ ვისწრაფით თანამედროვე დასავლური ცივილიზაციისკენ და გვინდა სამართლიანობა, პრეზიდენტიც და რიგითი ლელუაშვილიც კანონის წინაშე უნდა იყვნენ თანასწორუფლებიანები.

 

                                                                                             ნელი ვარდიაშვილი