რა კავშირი აქვს დავით საგანელიძეს „სუს“-თან?

zadr456

ბოლნისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, მალხაზ ერაძე, „ქრონიკა+“-თან სკანდალურ განცხადებებს აკეთებს და იმ ფაქტებს ასაჯაროებს, თუ როგორ მოხვდნენ ადგილობრივ ხელისუფლებაში „ოცნების“ წარმომადგენლების მაგივრად „ნაციონალები“. ამ ყველაფერში საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით საგანელიძეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თუ მას ხელისუფლებიდან არ მოიშორებენ, საქართველოს საქმე ცუდად დამთავრდება.

რა მოხდა ბოლნისის საკრებულოში? რა კავშირი ჰქონდა დავით საგანელიძეს სუსის ადგილობრივ უფროსთან და რა არ აპატია საკრებულოს თავმჯდომარეს?

„ქრონიკა+“-ის მკითხველი ამას რესპონდენტების მონაყოლიდან შეიტყობს:

მალხაზ ერაძე:

_ ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ოდნავ ნამუსი თუ მაინც შერჩენიათ, აუცილებლად გამცემენ პასუხს, თუმცა წინასწარ გეტყვით, რომ მხოლოდ სიმართლეს ვამბობ. თუ საჭირო გახდა, ამ ყველაფერს შესაბამის სამსახურებთან დოკუმენტურად დავამტკიცებ. ყველაფერი 2012 წლის ზაფხულში დაიწყო: ჩემთან მოვიდა „ქართული ოცნების“ ბოლნისის შტაბის უფროსი და პარტიის რამდენიმე წევრი. მთხოვეს, ერთად გვებრძოლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლაზე. იმ დროს ბოლნისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი. 6 წლის მანძილზე, ძირითადად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვაკრიტიკებდი, ამიტომ არ გამაკარეს არც თანამდებობას და არც ხელფასს. ისედაც ვიბრძოდი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და რადგან ეს წინადადება შემომთავაზეს, ბევრი აღარ მიფიქრია, მეორე დღესვე შევუერთდი „ქართულ ოცნებას“. შტაბში ენთუზიაზმი იყო, მაგრამ ხალხის სიმცირეს განვიცდიდით. ხალხს შტაბში მოსვლის ეშინოდა, იქვე ვიდეოკამერები ჰქონდათ დამონტაჟებული და შემსვლელ-გამომსვლელს აკვირდებოდნენ. მიუხედევად ამისა, ჩემს მომხრეებთან ერთად საგრძნობლად გავაძლიერეთ „ქართული ოცნების“ რიგები. პარტიაში იმატა ქართული თუ არაქართული მოსახლეობის რიცხვმა და გაწევრიანების მსურველებმა. 42 სოფლიდან 19-ის კოორდინატორი ვიყავი, მოსახლეობას ყოველდღიურად ვხვდებოდი. ვმუშაობდი როგორც პარტიის ხმებზე, ასევე ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატზე, დარეჯან ჩხეტიანზე, ორგანიზებას ვუკეთებდი მისი და მოსახლეობის შეხვედრას. ამ პერიოდში უამრავი შემოთავაზება მქონდა სხვადასხვა მხრიდან, რომ დამეტოვებინა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ დავხმარებოდი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მუდამ პატიოსნად ვცხოვრობდი, ეს სიმუხთლე არ ვიკადრე! 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რადგან ბოლნისის საკრებულოს დეპუტატი ვიყავი, რამდენიმე წევრთან ერთად შევქმენი ფრაქცია „ქართული ოცნება“. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ პირადი განცხადებით დატოვა თანამდებობა. საკრებულოს წევრებმა, რომლებიც პანტაპუნტით ტოვებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს, წარმადგინეს საკრებულოს თავმჯდომარედ, რასაც მოჰყვა ჩემი ამ თანამდებობაზე არჩევა. ეს ყველაფერი ადგილობრივი ძალებით გავაკეთეთ და თბილისიდან არავინ დაგვხმარებია. 15 იანვარს, ბოლნისის საკრებულოს თანხმობით, მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე დამტკიცდა „ქართული ოცნების“ შტაბიდან რეკომენდებული პიროვნება, ლევან ფალავანდიშვილი. მას მანამდე შევხვდი და რამდენიმედღიანი ნაცნობობა მქონდა. ბოლნისში დაბადებული და გაზრდილი კაცი ვარ, ძალიან დიდი ნაცნობობა მაქვს როგორც ქართულ, ასევე არაქართულ მოსახლეობასთან, ამიტომ გამგებელს ვთხოვდი, რომ კადრების შერჩევის დროს გაეთვალისწინებინა როგორც ჩემი, ასევე სხვა ბოლნისელი „ქართული ოცნების“ წევრების აზრი, რათა ისევ არ დაენიშნათ ზონდერები და სხვა ოდიოზური ხალხი სხვადასხვა თანამდებობაზე. ამისა და სხვა ბევრი მიზეზის გამო ჩვენ შორის წარმოიშვა გარკვეული უთანხმოება.

_ კონკრეტულად?

_ ლევან ფალავანდიშვილს ვუთხარი, თანამდებობებზე ხალხი დამსახურებისა და ცოდნის მიხედვით შეგვერჩია. ამ კაცთან ჩემი ერთ-ერთი უთანხმოება აზერბაიჯანულ სოფელ დარბაზის რწმუნებულიც იყო. იცით, როგორი ზონდერი გახლდათ? _ ჩვენ რომ ხალხთან შეხვედრებზე მივდიოდით, უკან წამოვიდოდით თუ არა, მხოლოდ თავში არ ურტყამდა ხალხს, ყველაფერს ცდილობდა, რომ შეევიწროებინა და შეეშინებინა. ეს ადამიანი თავისი ნებით წავიდა და უკან მოაბრუნა! ვეუბნები, _ ეს კაცი საერთო პრინციპებს ებრძოდა, ზონდერია, ამ ხალხზე ყველანაირად ძალადობდა და ასეთი ხალხის დანიშვა არ შეიძლება-მეთქი. მერე მოინდომა რეორგანიზაციის ჩატარება და საიდან დაიწყო, იცით? _ ქვემოდან! უნდა მოეხსნა 200-300 ლარზე მომუშავე თანამშრომლები, მარტო ეს შემოსავალი რომ ჰონდათ, ხოლო 4-5 თანაშემწე რომ ჰყავდა და მაგდენივე მოადგილე, რომლებიც ენის მიტანისა და დეზინფომაციის გავრცელების გარდა არაფერს აკეთებდნენ, უნდა დაეტოვებინა! წინასწარ ვუთხარი, _ ნუ შემოხვალ საკრებულოზე ამ წინადადებით-მეთქი, მაგრამ მაინც შემოიტანა და არ დავუკმაყოფილეთ. არ მახსოვს დღე, როცა ჩემს კართან ხალხი არ ყოფილიყო, მუდმივად მქონდა მიღება, იმას კი კვირაში ერთხელ ჰქონდა შეხვედრების დღე და მაშინაც არ მიდიოდა! მერე დაიწყო სოფლის პროგრამები, უნდოდა, რომ თვითონ ყოფილიყო კომისიის თავმჯდომარე. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანმა ჩემი რჩევები არ გაითვალისწინა, თან ბოლნისელებმა მთხოვეს, ყველას იცნობ და იქნებ, თითო განმცხადებელს თითო წინადადება მაინც დაგვიკმაყოფილოო, სპეციალურად შევქმენი კომისია, ხალხს პრეტენზიები რომ არ ჰქონოდა, ყველა სამსახურის წარმომადგენელი შევიყვანე კომისიაში, ვისაც შეხება ჰქონდა. ყველა კმაყოფილი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, გამგეობის წინ ბირჟაზეც ვერავის ნახავდით, ყველა დასაქმდა. კომისია რომ არ შემექმნა, ან თავმჯდომარეობა სხვისთვის ჩამებარებინა, ღმერთმა უწყის, რა იქნებოდა! ვინაიდან ლევან ფალავანდიშვილის წინააღმდეგ, როგორც მოსახლეობის, ასევე მუნიციპალიტეტის თანამშრომლების რიგებში იზრდებოდა უთანხმოება, გადავწყვიტე, მისი თანამდებობიდან გადაყენება და კონკურსის გამოცხადება გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე. ჩვენი ასეთი ურთიერთობის შესახებ `ქართული ოცნების~ ცენტრალურ შტაბში იცოდნენ, თუმცა არანაირ ზომებს არ იღებდნენ, ყოველ შეხვედრაზე მეუბნებოდნენ, რომ გამგებელი გადადგებოდა.

დავით საგანელიძესთან მინდოდა შეხვედრა, რომ გამეგო, ასეთი არაადეკვატური ადამიანი რატომ გამოაგზავნეს? მთელი ბოლნისი მასზე იცინოდა, ზედმეტი სახელებიც კი შეარქვეს. „ქართული ოცნებისა“ და „სუსის“ ცენტრალური თუ ადგილობრივი თანამდებობის პირები დროს შეგნებულად აჭიანურებდნენ და ცდილობდნენ ჩემ წინააღმდეგ საკრებულოს დეპუტატების გადაბირებას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ მზაკვრული გეგმის სულის ჩამდგმელი იყო დავით საგანელიძე, რომლის მითითებითაც ხორციელდებოდა ყველა ეს გეგმა. ამ საქმეში აქტიურები იყვნენ ქვემო ქართლის სუსის უფროსი ვანო ბეგაშვილი და ბოლნისის სუსის უფროსი გელა ელისაშვილი. მათი დავალებითა და უშუალოდ მათი მონაწილეობით ხდებოდა საკრებულოს დეპუტატებზე ზეწოლა, მათ და მათი ოჯახების წევრებს აშინებდნენ და აპატიმრებდნენ, ძირითადად, ამას აკეთებდნენ ღამის 3-4 საათზე. საკრებულოს დეპუტატები დილაობით მეუბნებოდნენ, რომ ამ ზეწოლას ვეღარ გაუძლებდნენ. ჩემს მეგობართან ერთად, რომელიც `ქართული ოცნების~ წევრი იყო, ჩამოვედი პარტიის ცენტრალურ შტაბში, მინდოდა საგანელიძეს შევხვედროდი. არ შეგვხვდა და ვიღაც ახალგაზრდა გამოგვიგზავნა, რომელთანაც საქმის დეტალებზე ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. საგანელიძის მზაკვრული გეგმა თითქმის უკვე მზად იყო, უნდა შეერჩიათ მთავარი შემსრულებელი, მონახვაც არ გაუჭირდათ, საკრებულოს რიგებიდან ჯონი ხეცურიანი შეარჩიეს, რომელიც დიდი ხანია, თანამშრომლობს სპეცსამსახურებთან. მას დაავალეს ჩემს იმპიჩმენტზე განცხადების გაკეთება, რომელიც, რასაკვირველია, პირნათლად შეასრულა, თუმცა გაუჭირდა, რადგან რიგი დეპუტატების ისევ „დამუშავება“ იყო საჭირო. აქ ისევ ჩაერია საგანელიძე თავის ზონდერი დამქაშებით და სუსის დახმარებით 4 აზერბაიჯანელი დეპუტატი ჩაიყვანეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში. აქ მათ საგანელიძე პირადად შეხვდა და უთხრა, რომ ულაპარაკოდ უნდა მოეწერათ ხელი ჩემს იმპიჩმენტზე. თუ ასე არ მოიქცეოდნენ, მაშინ მათზე და მათი ოჯახის წევრებზე სუსი „იზრუნებდა“. შეხვედრის დამთავრებისთანავე ამ დეპუტატებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ძალიან ეშინოდათ და წნეხს ვეღარ უძლებდნენ. მყავს ერთი ახლობელი, რომელიც საგანელიძეს კარგად იცნობს და რადგან მე ვერ შევხვდი, მას ვთხოვე, _ ჰკითხე, რას მერჩის-მეთქი? მითხრა, _ საგანელიძემ დაიფიცა, ამ საქმეში არ ვურევივარ და საკრებულოს დეპუტატები იტყუებიანო. დავეჭვდი, ვიფიქრე, ეს ოთხივე დეპუტატი აზერბაიჯანელია, იქნებ, შეეშალათ და ნამდვილად არაფერ შუაშია-მეთქი საგანელიძე. ამიტომ, ვიყიდე გაზეთი, სადაც ბევრ სხვა ფოტოსთან ერთად საგანელიძის ფოტოც იყო დაბეჭდილი. ჩემი შეხვედრა დეპუტატებთან მარნეულში, ერთ მიყრუებულ ქუჩაზე შედგა, რადგან ეშინოდათ, ბოლნისში არავის დაენახათ. ვაჩვენე გაზეთი და სურათებში საგანელიძის ამოცნობა ვთხოვე, ოთხივემ სწორად დაადო ხელი. ერთმა ისიც კი თქვა, რომ შემხვდა, ზუსტად ეს `საროჩკა~ ეცვა, რაც ამ სურათშიო. საგანელიძე რომ ფლიდი და მატყუარაა, კარგა ხანია ვიცოდი, მაგრამ საკუთარ მეგობარსაც თუ მოატყუებდა, ამას რა სახელი ჰქვია, უკვე არ ვიცი!

გამგებელი უკვე განთავისუფლებული მყავდა, დაგვიბარეს „ოცნების“ შტაბში. საგანელიძემ ხელი მიქნია, _ როგორ გაბედე ჩემი გამოგზავნილი კაცის განთავისუფლება, საკუთარი ხელით დაგიშლით საკრებულოსო! იმ შეხვედრას ესწრებოდნენ: ეკა ბესელია, ირინა იმერლიშვილი, ელისო ჩაფიძე, გუგული მაღრაძე, ალი ბაბაევი და კიდევ ბევრი სხვა ადამიანი. შეიძლება ისინი საქმის კურსში არ იყვნენ, რაზე იყო საუბარი, მაგრამ საგანელიძე რომ საშინელებებს მეუბნებოდა, იმას კი ხვდებოდნენ! ხმა არ ამოუღიათ, საგანელიძეს ვერაფერი გაუბედეს! შემდეგ საგანელიძემ ჩვენი საკრებულოს დეპუტატებს უთხრა, _ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, ერაძე გადააყენეთ, მიიღეთ ნებისმიერი გადაწყვეტილება და ჩვენ „გავაპრავებთო“! დღესაც საკრებულოს ბეჭედი მე მაქვს!

_ როგორ, არ მოითხოვეს? ან რისთვის გჭირდებოდათ?

_ მომთხოვეს კი არა, პოლიციის შენობაში 8 საათი გამაჩერეს, მოვიდა პროკურორი, სამხარეო პოლიციის უფროსი და ბეჭედს მთხოვდნენ. ბოლოს ვუთხარი, არ მოგცემთ-მეთქი. ოქმი შეადგინეს, ვითომ დაიკარგა და ახლა დუბლიკატი აქვთ გაკეთებული. ვისთვის მიმეცა? ადამიანისთვის, რომელიც უკანონოდ აირჩიეს?! მილიონიანი გადარიცხვა სადღაც რომ გაეკეთებინა, მალხაზ ერაძე დღეს სად იქნებოდა?!

_ დავუბრუნდეთ ისევ იმპიჩმენტის საკითხს…

_ ჩემი გადაყენების საკითხზე მთელი ბოლნისი გამოთქვამდა პრეტენზიას, თუმცა მის მიერ დაშანტაჟებული და შეშინებული 13 დეპუტატი ჩაიკეტა მეოთხე სართულზე და სხვა დეპუტატების გარეშე მოაწყვეს ჩემი იმპიჩმენტი. ე. წ. სხდომა ჩაატარა ჩემმა მოადგილემ რუსულ-აზერბაიჯანულ ენებზე, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. გამოიყენეს ყალბი ბეჭედი. როგორც გითხარით, ორიგინალი ამჟამადაც მე მაქვს! ეს ყველაფერი პირდაპირ იმართებოდა საგანელიძისგან! თუ გაბედავს და პასუხს გამცემს, მერე ბოლომდე ამოვაყირავებ! მუნიციპალიტეტი პარალიზებული იყო და აუცილებელი გახლდათ გამგებლის განთავისუფლება. ჩემს იმპიჩმენტზე ვინც ხელი მოაწერა, შემოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, მოვიცილოთ ეს კაცი აქედანო, მაგრამ საგანელიძემ სუსის მეშვეობით სწორედ ეს ხალხი ამიმხედრა. ჯონი ხეცურიანი რომ ზურგში დანას მირტყამდა, კი არ მალავდა, პირდაპირ მეუბნებოდა, _ ამას ვაკეთებ, მაგრამ მაიძულებენ, რადგან დიდი ვალდებულება მაქვს „ნაციონალების“ წინაშეო. ეს საერთო სქემა იყო „ნაციონალებისა“ და „ოცნებაში“ ჩანერგილების, ეს არის სწორედ ჩვენი უბედურება, რომ `ოცნებაში~ დღესაცაა 3-4 ადამიანი, იმ ჩანერგილებს რომ პატრონობს! როცა ჩემი იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს, ხალხი ცდილობდა, ოთახის კარი შეემტვრია, სადაც საგანელიძის დეპუტატები იმყოფებოდნენ, თუმცა წინასწარ, დაახლოებით, 200 პოლიციელი იყო მობილიზებული და ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ეს ამბავი სასამართლოში გავასაჩივრე, მაგრამ ამაოდ. მოსამართლეს განჩინების შინაარსს ბოლნისის სუსის უფროსი კარნახობდა! ჩემი იმპიჩმენტის განცხადებაზე 8 ხელმოწერიდან რამდენიმე გაყალბებული იყო. ჩემმა ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა, რომ კალიგრაფიული ექსპერტიზა დაენიშნათ, თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა. ერთი კვირის შემდეგ, როდესაც მე გადამირჩიეს, საკრებულოში ჩატარდა რიგგარეშე სხდომა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს საგანელიძე-ბეგაშვილის კადრი, „ნაცმოძრაობის“ ყოფილი მეხოტბე, ჯონი ხეცურიანი, რომელიც ამჟამად ქრთამის აღების ფაქტზეა მხილებული და გლდანის ციხეში იმყოფება. არ ვიცი და არც მაინტერესებს, ნამდვილად აიღო თუ არა ქრთამი, მაგრამ ეს კი ნათელია, რომ ამ ადამიანს შეასრულებინეს ყველა ბინძური საქმე, თავისი საქციელით შეაძულეს ბოლნისის მოსახლეობას, შემდეგ კი აღარ უპატრონეს! საინტერესოა, სად არიან საგანელიძე და ბეგაშვილი, რატომ არ პატრონობენ?! ჩემ მიერ გადაყენებული გამგებელი სამსახურში დააბრუნეს, სხვადასხვა მიმართულებით გადაარიცხინეს დიდი რაოდენობის თანხა და დანიშვნიდან მესამე დღეს გადააყენეს!

ყველაზე საწყენი ის არის, რომ „ქართული ოცნების“ გვერდით ვინც იბრძოდა, ყველა იგნორირებულია! ადმინისტრაციულ შენობაში „ქართული ოცნების“ მხოლოდ 2 წევრი მუშაობს, დანარჩენი თანამშრომლები სულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ზონდერჯგუფების წარმომადგენლები არიან. ეს ის ხალხია, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ რომ ვიყავით, დაგვცინოდა! ეს ის ხალხია, ბიძინა ივანიშვილი რომ ჩამობრძანდა ბოლნისში, საზოგადოებას ნებას არ აძლევდა, შეკრებაზე მისულიყო და აშინებდა! ეს ის ხალხია, ღმერთმა ნუ ქნას და, „ნაციონალების“ მოსვლის შემთხვევაში, ისევ მაღალ თანამდებობებზე აღმოჩნდება! ასეთი ყოფა მათ სისხლში აქვთ და მათ პარპაშს ხელს უწყობენ, ალბათ, ანგარებით, ჩემ მიერ ჩამოთვლილი ადამიანები „ქართული ოცნებიდან“! თუ ვინმე დაინტერესდება, თქვენი გაზეთის მეშვეობით, კონკრეტულად, გვარითა და სახელით შემიძლია დავასახელო ყველა _ ვინ რას აკეთებდა 3-4 წლის წინათ, რა აქვს ჩადენილი და რა სიბინძურე აქვს გაკეთებული `ნაციონალების~ დროს! საგანელიძის, ბეგაშვილისა და ელისაშვილისნაირი ადამიანები არიან სამშობლოს მტრები! იმიტომ არა, რომ მე ასე გამიკეთეს, ეს ხალხი თუ არ მოშორდა, ქვეყანა ჩამოიშლება! დღეს რომ გაიაროთ ბოლნისის სოფლებში, ნახავთ, როგორი ნიჰილიზმია! ერთ-ერთი აზერბაიჯანული სოფლის რწმუნებულმა მითხრა, _ ახლა რომ არჩევნები ჩატარდეს, `ქართული ოცნება~ 4%-ს ვერ აიღებს, ისეთი მდგომარეობააო. ეს ნამდვილად არ მიხარია, ღმერთმა დაიფაროს, ისევ „ნაციონალები“ მოვიდნენ სათავეში!

გურამ ნავერიანი _ ბოლნისის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი:

_ 2012 წლის არჩევნებზე ქართულ მოსახლეობაში პირწმინდად მოვიგეთ. კაზრეთი კობა ნაყოფიას ჯიბეში ედო, ისეთი წნეხის ქვეშ ვიყავით. 3 კვირა რჩებოდა არჩევნებამდე, რომ კაზრეთში ოფისი გაიხსნა, მანამდე ვერ შევძელით, ხალხი ისე დააშინეს. 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 5-დან 3 სოფელში წააგო „ქართულმა ოცნებამ“ და იცით, რატომ? _ ამ ჩანერგილების გამო, ესენი ხალხს არ უნდა! დაგვიბრუნდნენ „ნაციონალებიო“ და ხალხი აღარ მივიდა, აღარ მისცეს ხმა არჩევნებზე, საშინელი ნიჰილიზმია! 2014 წელს „ქართულმა ოცნებამ“ კაზრეთში არჩევნები წააგო, რადგან ძველი „ნაციონალი“ მოაბრუნეს შტაბის ხელმძღვანელად, სოფელ რატევანში და ტანძიაში იგივე განმეორდა! დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მოიგეს და ეს ხალხი იცით, ვინ არის? _ „ქართული ოცნებიდან“ გაგდებული წევრები! ამისათვის „ნაციონალები“ თავს მოკვეთენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას. „ოცნებიდან“ რეაგირება არ ყოფილა და ის ადამიანები, რომლებმაც კანდიდატების სია გააკეთეს, დაწინაურდნენ! ვინ იყო ჩვენი დღევანდელი გამგებელი, გოგიტა მეშველიანი? ნახეთ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გადაღებული ვიდეოები, სულ კობა ნაყოფიას გვერდით დგას, თან მისი მოლარე იყო, ეგ არიგებდა ფულებს წინასაარჩევნოდ! მე ისევ „ქართული ოცნების“ წევრი ვარ, არ გავსულვარ პარტიიდან და არც გავალ, უკაცრავად ამ სიტყვაზე, მაგრამ ვიბრძოლებ ამ მაიმუნების წინააღმდეგ! ზედამხედველობის სამსახურის უფროსად ვმუშაობდი და იმიტომ გამათავისუფლეს, რომ „ქართული ოცნების“ წევრი ვიყავი, ეს არის ერთადერთი მიზეზი, თორემ ბორკილებით გამაქანებდნენ, რამე კომპრომატი რომ ჰქონოდათ! დარეჯან ჩხეტიანის სიაში იყო არჩევნების დროსო! ეს მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან 2-3 კვირის შემდეგ. სოფლის რწმუნებულები თავიანთი სურვილით წავიდნენ თანამდებობებიდან, შეეშინდათ, ახალმა ხელისუფლებამ წარსული არ ამოგვიქექოსო და საგანელიძის გამოგზავნილმა ფალავანდიშვილმა, დაახლოებით, ერთ თვეში ისევ ისინი მოაბრუნა უკან! დამიჯერეთ, ჩვენი ქვეყნის საქმე ძალიან ცუდად არის!

 

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა დავით საგანელიძის პრესსამსახურს, თუმცა მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

                                                                                               თამარ ბატიაშვილი