ვისი დავალებით ქსოვს შხამიანი ჭორების აბლაბუდას „საქართველოს რესპუბლიკა“?

5

„საქართველოს რესპუბლიკა“, ანუ გაზეთი „კომუნისტი“ რომ გამოდიოდა, მხოლოდ ორიოდე კვირის წინ შევიტყვე _ როცა ერთმა ძველმა ნაცნობმა სრულიად (არა)საიდუმლოდ გამანდო, _ პრემიერის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა, ასპარეზზე ისევ გამოიყვანა მისი ძველი ჯილა, „სახალხო კრების“ წევრი, ლაშა ამირეჯიბი, რომელიც „სუსის“ რიგების გაწმენდას ითხოვს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, _ არასწორ ინფორმაციებს გაწვდიანო. სიმართლე გითხრათ, გამეცინა, _ შინაგან საქმეთა სამინისტროდან არასასურველი პირების მოშორებისა და მათი დისკრედიტაციის ნაცნობი სქემა, ჩემდა სამწუხაროდ, ლაშა ამირეჯიბს, არასოდეს გაუპროტესტებია. რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ შორის, თანამდებობებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერების დანიშვნა, ის მუდმივად იმ პირებს ებრძოდა, რომლებიც უწყებაში თამაზაშვილის გავლენებს უშლიდნენ ხელს. ამირეჯიბის პროტესტი განახლდა მას შემდეგ, რაც „სუსის“ უფროსად ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, „ქართუს“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მირიან მჭედლიშვილი დაინიშნა. როგორც ჩანს, „მოდულში“ ბევრი რამ ხდებოდა ისეთი, რაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილის ყურამდე მივიდეს და თადარიგიც დაჭერილია _ „სუსი“ არასწორ ინფორმაციებს გაწვდით, ბატონო ბიძინაო!!! პრემიერის სიმამრს „გაიშნიკური“ მეთოდები დიდი ხანია, დაუძველდა. იმასაც ტყუილად ფიქრობს, რომ ბატონი ივანიშვილი ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს ეყრდნობა, მაგრამ ფაქტია, რომ პრემიერის ახლო გარემოცვას ასევე ნერვებს უშლის ყველა მედიასაშუალება, რომელიც ბედავს და წერს ე. წ. კახელების კლანზე, მათ შორის, უპირველესად, ნერვებს უშლის „ქრონიკა+“, რადგან სწორედ ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს მოჰყვა ბოლოდროინდელი საკადრო გადაადგილებები და სახელისუფლებო წმენდა, სიმამრისა და ცოლის მამიდაშვილის გავლენების შესუსტება და მათი ბიზნესწილების გამომზეურება.

„საერთო გაზეთში“ ლადო ბედუკაძის ტყუილების სერიას ამჯერად „საქართველოს რესპუბლიკა“ შეეხიდა. ჩემ წინააღმდეგ მიმართული ბინძური  პასკვილის ავტორის სახელი და გვარი _ ნათელა მაღალთაძე _ არც მე და არც ფართო აუდიტორიას არაფერს ეუბნება. ლეგენდა იგივეა _ რედაქციას ეწვია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი, რომელიც ჩვენი გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებულ მასალას: „პრემიერისა და მისი ცოლის ნათესავების ნაციონალური ოცნება“, აღუშფოთებია. ჰო, რედაქციის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, აღშფოთებული სტუმარი ელისო კილაძესთან ღია დაპირისპირებას მორიდებია. რა საინტერესოა, რატომ? ყველა ლოგიკით, პირი, რომელიც „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული მასალით განაწყენდება, ჯერ ჩვენთან რეკავს რედაქციაში. ჩვენი ორწლიანი მუშაობის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ ჩვენს პუბლიკაციაზე გამოხმაურება ჩვენსავე გაზეთში არ დაგვებეჭდოს. ამ შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა, _ აღშფოთებული მკითხველი „ქრონიკა+“-ის რედაქციის ნაცვლად „საქართველოს რესპუბლიკას“ ეწვია (მომიტევეთ, მაგრამ სხვა რეიტინგული გამოცემები არ გაახსენდა და „საქართველოს რესპუბლიკის“ მისამართი იპოვა? უნდა დავიჯერო?), მაგრამ… აქ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე:

მე, „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, ჩემს „კერძო“ გაზეთში (მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“ რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც  ყოფილი „კომუნისტის“ მემკვიდრეებს შეიძლება არ ესმოდეთ, ისინი ხომ პარტიის ორგანოში მუშაობას არიან მიჩვეულები და პარტიის დირექტივების გარეშე ცხოვრება უჭირთ), ჩემი სახელით და გვარით, ღიად, საჯაროდ ვწერ _ ვამხელ ხელისუფლებას, პრემიერს, მისი ცოლის ნათესავებსა და ყველა იმ პირს, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე ცდილობს ხელის მოთბობას. განა, რა პრობლემაა ჩემთან ღიად დაპირისპირება? ვის და რატომ ეშინია?!! მაგრამ პრობლემაა იმიტომ, რომ ბუნებაში არც ნათელა მაღალთაძე არსებობს და არც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული აღშფოთებული პირი. არსებობს მხოლოდ პრემიერის სიმამრი, რომელიც პირადადაა დაინტერესებული „ქრონიკა+“-ის რედაქციის დისკრედიტაციით. ცხელი თავები პრემიერის ცოლის გარემოცვიდან გეგმებს აწყობენ _ მათ ზუსტად იციან, რომ გაზეთის რედაქტორი არათუ „ნაციონალური მოძრაობიდან“ იღებს ფულს, არამედ არც მათ მიერ შემოთავაზებულ ფულს დახარბდა, ამიტომ პროვოკაციის მოწყობას  გაზეთის რომელიმე ჟურნალისტის ფულის აღების ფაქტზე ვიდეოგადაღებით ცდილობენ. ბოდვები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადახდილ ათასებზე ჩვენი გაზეთის ყველა ნომერში ცამტვერდება, ჩვენ წარმატებით ვაქვეყნებთ მამხილებელ მასალებს „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნებზე, მათ შორის, ჩემს შესაძლო დამფინანსებელზე, ლაურა ღაჭავაზე (იხ. თემურ შაშიაშვილის ინტერვიუ) და ერეკლე კოდუაზეც (იხ. შალვა ხაჭაპურიძის ინტერვიუ), გივი თარგამაძეზეც (იხ. ლეონარდო დევდარიანის ინტერვიუ) და ა. შ. დავიჯერო, „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქტორს, ალეკო ასლანიშვილს, „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთი გულუბრყვილო ჰგონია, რომ თან ფულს მიხდის და თან ამდენ უფლებას მაძლევს? „ქრონიკა+“-ის ექსკლუზივი იყო 15 ნოემბრის აქციების წინ ფოთის პორტის გაფიცვის გეგმის გასაჯაროება და ამ თემაზე „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებისა და გაფიცვის ორგანიზატორების მიმოწერის გამოქვეყნება (ეტყობა, ესეც „ნაცების“ დავალებით გავაკეთეთ), მაგრამ მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო, _ განა, რა გადაგიხადეს ასეთი, რომ მსგავსი ბინძური მასალის გამოქვეყნება დათანხმდით?

ახლა მივყვეთ თანმიმდევრობით ინკოგნიტო რესპონდენტის ნააზრევს:

უნდა გითხრათ, რომ ხმები ჩვენი მოსასმენი აპარატურის არსებობაზე გადაჭარბებულია. დავიჯერო, მართლა გგონიათ, რომ რედაქციაში მოსასმენი აპარატურა მაქვს დამონტაჟებული და პრემიერის კანცელარიაში გამართულ თათბირებს ვუსმენ? „საქართველოს რესპუბლიკის“ ინკოგნიტო რესპონდენტი ამბობს, რომ „ხელისუფლებამ ვერ მოასწრო „ნაციონალების“ გაშვება, კილაძემ არ იცის ის, რაც მე ვიცი _ ბევრმა ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერმა „ოცნებასთან“ ითანამშრომლა, საჭირო და აუცილებელ ინფორმაციას აწვდიდა მათ“ (ციტატის დასასრული). ძალიან უცნაური არგუმენტია _ თუ „ოცნებასთან“ ითანამშრომლა, აგენტი გამოდის, აგენტის დანიშვნა მინისტრის ან მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე არ შეიძლება, სწორედ ამას ვამტკიცებ მე და სხვას არაფერს.

ინკოგნიტო სტუმარი განსაკუთრებით აღშფოთებულა „ქრონიკა+“-ში ძმები ჩხენკელების ხსენებით: „არც ერთი ჩხენკელი მოცემულ მომენტში თანამდებობაზე არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისინი ხელისუფლებაში იყვნენ იმის გამო, რომ მათ სერიოზული ინფორმაციები ჰქონდათ ტენდერებთან დაკავშირებით. იქ ისეთი ჩახლართული ამბები ხდებოდა, თავს და ბოლოს ვერავინ გაარჩევდა, რომ არა ჩხენკელები, რომლებიც ამ საქმეში გაწაფულები იყვნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე ხსნიდნენ თანხას, რომ ვერავინ იგებდა და ურიცხავდნენ ადეიშვილს. ეს კარტები ამათ გაშალეს და გაშიფრეს, რა როგორ ხდებოდა“, _ წერს აღშფოთებული რესპონდენტი. აბა, სხვა მე რა მიწერია აღნიშნულ სტატიაში? ჩხენკელები ნამდვილად იყვნენ ადეიშვილის ახლო გარემოცვის წევრები, ხელს უწყობდნენ დანაშაულებრივ რეჟიმს, მონაწილეობდნენ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების სქემაში, ერთი ძმა ადეიშვილიდან ჯანყარაშვილთან გადაბარგდა და შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე გახდა (მგონი, აგენტისთვის მსგავსი მაღალი თანამდებობის შეთავაზების პირველი პრეცედენტია); მოგვიანებით ერთმა ძმამ კანცელარიაში, რეგიონების მართვაში გადაინაცვლა, მეორემ პრემიერის ეკონომიკური მრჩევლის პოსტი დაიჭირა. თანამშრომლობა და ინფორმაციის მიწოდება გამოძიებისთვის და პროკურატურისთვის ვიცი მე, ის კი რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, გარიგებაა, გარიგება ნაციონალური რეჟიმის ფრაგმენტებთან, ეს კი არც ქართველი ხალხის გეგმებში შედიოდა, და მით უფრო, _ არც ბიძინა ივანიშვილის. გარიგება პრემიერის ცოლის ნათესავების ნაციონალური ოცნება აღმოჩნდა!!!

ის, რომ არც ერთი ჩხენკელი დღეს თანამდებობაზე აღარ მუშაობს, ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა და არა პრემიერ ღარიბაშვილის.

წყალმომარაგების კომპანიაზეც ამახვილებს გაკვრით ყურადღებას ინკოგნიტო რესპონდენტი _ სხვათა შორის, ეს ისტორია კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე ორი პირია დაკავებული, მათ შორის, ბუღალტერიც, რომელიც, მისივე ადვოკატის განცხადებით, გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს და რისიც სწორედ ასე ეშინია ზვიად ჯანყარაშვილს. რაც შეეხება „ნაცებთან“ ურთიერთობას, „ნაცებით რომ სავსე ყოფილა პროკურატურა და ელისო კილაძე იმათ საქმეს აკეთებს“, პროკურატურა სწორედ ახლაა ქმედითი, გარკვეული აქტიური ნაბიჯები უკვე გადადგმულია, „ნაცების“ საქმე კი ის იყო, რომ წყალმომარაგების კომპანიაში დირექტორის თანამდებობაზე, ორივე შემთხვევაში, ზვიად ჯანყარაშვილის რეკომენდაციით ვანო მერაბიშვილის კადრი დაინიშნა. ტენდერებზე კიდევ მესმის და ნეტა, წყალზე რა ინფორმაციას აწვდიდნენ ხელისუფლებას ეს პირები?

ინკოგნიტო რესპონდენტმა არ იცის, რატომ ჩამოაშორეს თანამდებობას ზვიად ჯანყარაშვილი, რომელმაც, თურმე, ამდენი კარგი საქმე გაუკეთა პარტიას. რაკი არ იცის, შევახსენებთ _ პირველად ზვიად ჯანყარაშვილი თანამდებობას ჩამოაშორეს იმ დღესვე, როცა „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა „ჯოენის“ კლინიკაში მომხდარი ინციდენტი. ზვიად ჯანყარაშვილი კლინიკაში მივარდა და სხვა პაციენტის გაგდებასა და კლინიკაში თამაზაშვილის მიღებას ითხოვდა. მან აგინა მორიგე ექიმს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ჯანყარაშვილმა შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის პოსტი დატოვა. მეორედ ზვიად ჯანყარაშვილი თანამდებობას ჩამოაშორეს ასევე „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული მასალების გამო, რომელიც მის ბიზნესწილებსა და თანამდებობებზე მისივე ბიზნესპარტნიორების დანიშვნას ეხებოდა. მასალების გასაჯაროების მერე ჯანყარაშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის პოსტიდან წავიდა. თანამდებობიდან გადადგა შს მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი სამყურაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კოპაძე და ყველა ის პირი, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული პრემიერის ცოლის მამიდაშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის სახელთან. ესეც „ქრონიკა+“-ის „ჭორების აბლაბუდა“, რომელსაც უსწრაფესი რეაგირება მოჰყვა.

რაკი „საქართველოს რესპუბლიკის“ ინკოგნიტო რესპონდენტს არ სჯერა, რომ დავით შავლიაშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე ნამდვილად ზვიად ჯანყარაშვილის ბიზნესპარტნიორი იყო, კიდევ ერთხელ გამოვაქვეყნებთ დოკუმენტურ მტკიცებულებას _ საჯარო რეესტრის ამონაწერებს, სადაც ცხადად ჩანს, რა ბიზნესწილებს ფლობდნენ და რომელ კომპანიაში დავით შავლიაშვილი და ზვიად ჯანყარაშვილი. რაც შეეხება დანარჩენ მინისტრებს, ჩემ მიერ გიორგი ზედელაშვილის, ოთარ დანელიას, მინდია ჯანელიძის, თამარ ბერუჩაშვილის, გიორგი მღებრიშვილის შესახებ ფაქტები, რომლებიც ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მათ თანამდებობებს, მოტანილია ამავე სამინისტროების ოფიციალურ საიტებზე გამოქვეყნებული მინისტრების ბიოგრაფიიდან და თუ ბიოგრაფიის შეხსენება სისხლის სამართლის დანაშაულია, მაშინ აღნიშნულმა მინისტრებმა მართლაც თავად გადაწყვიტონ, როგორ და რა ფორმით მაგებინებენ პასუხს. რაც შეეხება სტატიის ინკოგნიტო რესპონდენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციიდან მოხმობილ ციტატას, დავაზუსტებ, რომ ეს ორი წლის წინანდელი ამბავია _ „ქრონიკა+“ სისტემატურად წერდა მაშინდელი გენპროკურორის მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილისა და პრემიერის მრჩევლის, გია ხუხაშვილის შესახებ. ცხადია, ბატონი ივანიშვილი, რომელსაც იმ დროისთვის ვერც კი წარმოედგინა, რომ მისივე თანაგუნდელები ღალატობდნენ, ჩვენს კრიტიკას კრიტიკით პასუხობდა, მაგრამ გავიდა დრო, მან სიტუაცია გააანალიზა და დღეს არც ლაშა ნაცვლიშვილია ივანიშვილის ორბიტაზე და არც _ გია ხუხაშვილი. მკაფიოდ და ხაზგასმით მინდა ვთქვა: სწორედ ყოფილი პრემიერია დღეს მედიის ყველაზე აქტიური მოკავშირე, რადგან გამოქვეყნებულ მასალებს მისი მხრიდან უსწრაფესი რეაგირება მოჰყვება. ამის დასტურად ბოლო ფაქტიც კმარა. „ასავალ-დასავალსა“ და „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული მასალების მერე ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩარევით, სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობას საძოვრები დაუბრუნდა. თუ მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილის ციტირებაა საჭირო, გაცილებით უკეთ გამოიყურება ფრაგმენტები მისი ინტერვიუდან, სადაც ის პრემიერის ნათესავებზე და ძმებ ჩხენკელებზე საუბრობს.

დაბოლოს, ამ ინკოგნიტო სტატიის ყველაზე დრამატული მომენტი _ იქნებ, ინკოგნიტო რესპონდენტი დაკონკრეტდეს, თამაზაშვილის მიმართ რა გრძნობაზე საუბრობს _ სიყვარულზე და სიძულვილზე (ჩემი ტელეფონის დეტალური ამონაწერი მარტივად ადასტურებს, ვინ ვის ურეკავდა). ასევე არ იქნებოდა ურიგო, „საქართველოს რესპუბლიკის“ რომელიმე წარმომადგენელს ცალი თვალით მაინც შეეხედა კახი კალაძის „პროგრესბანკში“, სადაც თამაზაშვილი უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, მის სამუშაო კაბინეტს მეორე სართულზე სხვათა შორის, მისაღები საერთოდ არ აქვს.  მაინცდამაინც სახლში შევარდნაზე თუ მიდგება საქმე, არც იმ სუფრის გახსენება იქნება უდროო, რომელიც პრემიერის სიმამრმა კახეთში „მეგობარი“ ჟურნალისტებისთვის გადაიხადა. იქნებ, ისიც გაგერკვიათ, რა მოხდა კახეთში ისეთი, რომ სტუმრად მყოფი ორი სასულიერო პირი იძულებული გახდა, ამდგარიყო და სუფრა მიეტოვებინა. „მეგობარი“ ჟურნალისტების ვინაობა, ცხადია, ვიცი, მაგრამ კოლეგიალობიდან გამომდინარე სახელებსა და გვარებს არ ვწერ.

ჰოდა, ბოლოს, მარტივი შეკითხვა _ ვისი დავალებით ქსოვს „საქართველოს რესპუბლიკა“ ჭორების აბლაბუდას?

პასუხი: პრემიერის სიმამრის!

P.S. ჩემი ფოტო მაინც შეგეცვალათ. (For.ge-ს და „საქართველოს რესპუბლიკას“ ორივე სტატიაზე ერთი და იგივე ფოტო უდევს)

 

                                                                                            ელისო კილაძე